Friday 3 December 2010

საქართველო მსოფლიო გეოპოლიტიკურ ბრუნვაში

გუშინ 2010წ. 2 დეკემბერს ეუთოს სამიტი დასრულდა.მთელი ნოემბრის თვე საინტერესო და დაძაბული იყო გეოპოლიტიკურად. ასევე უმნიშვნელოვანესი იყო ჩვენი გეოპოლიტიკური ურთიერთობებისთვის. ვფიქრობ ასეთი წინგადადგმული ნაბიჯები არ გვქონია ჩვენს უახლეს ისტორიაში. აქ ერთგვარი შესუნთქვაა საჭირო. კონკრეტული და პრაქტიკული შედეგები არ სჩანს, გვეტყვიან და აბსოლუტურად მართლები იქნებიან. მაშ რა არის და სად არის წარმატბები? ამის ახსნა საკმაოდ რთულია. ძნელია ისაუბრო ამ პოლიტიკის ვერბალურ ნაწილზე, ენათა მიმართებებზე და ვინმე მიახვედრო, რომ ყველაფერი წესრიგშია, რომ პროცესი მიდის, რომ დადებითი ტენდენციები სჩანს, რომ არ ვართ მარტო...

არა,არ ჯერავს, მოსაბეზრებელია ერთი და იგივე ტექსტები, ისევ აღშფოთება, შეშფოთება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მემილიონედ გამეორება. რთულია ამის ახსნა უბრალო მოქალაქისთვის, ასევე ლტოლვილისთვის, რომელიც წლებია ელოდება პრაქტიკულ შედეგებს.თითქოს ეს პოლიტიკა რაღაც ირაციონალურია. იმდენად დაიხვეწა თანამედროვე დიპლომატიის ტექსტი, რომ ის პრაქტიკულად არაფერს ამბობს ახალს, ხელშესახებს. ყველაფერი საშინლად ერთფეროვანია. არ სჩანს არავითარი ემოცია. თითქოს მთელი სამყარო ფ. კაფკას რუტინულ "პროცესში" მონაწილეობს, სადაც არც ვექილის სიტყვაა, არც მოსამართლის, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი შედგება, ყველაფრის მოლოდინი არსებობს, მიუხედავად რუტინისა, უემოციობისა და სიცარიელისა. ყველაფერი არსებობს ამ რუტინაში.

ასეთია თანამედროვე პოლიტიკური ტექსტი, თანამედროვე დიპლომატიური ენა, რომელიც მხოლოდ ჟესტებით საუბრობს. ენა, რომელიც არაფერს ამბობს გასაგონს. ენა, რომელიც მოიცავს ისეთ ნარატივს, რომლის მოყოლაც არ შეიძლება. ეს არის დეკონსტრუირებული ენა, რომელსაც მხოლოდ გრამატიკა ინახავს ენად. სხვა არანაირი თვისება აღარ გააჩნია. ენა რომელიც არ საუბრობს, მხოლოდ ჟესტურ კომუნიკაციას მოიცავს.

ეს გვაქვს ბაზისად, რომ ვისაუბროთ დღევანდელ ჩვენს პოლიტიკურ სიტუაციაზე, გეოპოლიტიკურ ჩართულობაზე, რუსეთთან ჩვენს კონფლიქტზე და მსოფლიოს დამოკიდებულებაზე ამ საკითხთან.

რა შეიძლება მოვყვეთ, რა შეიძლება დავინახოთ, გავიგონოთ ამ ყველაფრიდან. ახალი არაფერი. მთელი დასავლეთი ცდილობს, როგორმე რუსეთი ასაუბრონ თავიანთ ენაზე, როგორმე მოახდინონ საკუთარი ენის ინტეგრაცია რუსულ პოლიტიკაში. ჯერჯერობით წარუმატებლად, ამიტომ ეს ყველაფერი კიდევ გაგრძელდება. ისევ რუტინულად, ისევ დაჟინებით.მთელი დასავლეთი ცდილობს მოახდინოს რუსული ენის დეკონსტრუირება და ახალ ენად ჩამოყალიბება. რუსეთი ჯიუტობს, თუმცა ხვდება სავარაუდოდ, რომ მაინც მოუწევს ლექსიკონის გარეშე მსოფლიოსთან საუბარი.

მიუხედავად ამ რუტინისა, მიუხედავად ამ რიტორიკული ომისა, რომელიც უკვე 2 წელია დასავლეთსა და რუსეთს შორის მიმდინარეობს, შესაძლებელია სტრიქონებს შორის უფერო მელნით დაწერილი ტექსტის ამოკითხვა. ნოემბრის გეოპოლიტიკური ტექსტი საქართველოს შესახებ შემდეგია:

ლისაბონის ნატოს სამიტი:

1. ნატოს სამიტზე მივიღეთ კარტბლანში გეოპოლიტიკურ ჩართულობაზე, რაც ჩვენი დამოუკიდებლობის ქვაკუთხედია.
2. ნატოს სამიტზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ნატო აღმოსავლეთით გაფართოვდება და ეს უკვე არ დარჩა მხოლოდ ბუდაპეშტის სამიტის დონეზე, არამედ კონცეფციაში ჩაიწერა.
3. რუსეთი ნატოს კონცეფციაში ამ ბლოკის მტერი აღარაა.
4.საქართველოს ნატოში ინტეგრაცია მოხდება მიუხედავად იმისა, ამის სურვილი ექნება თუ არა უკრაინას.
5.ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და აღიარებს, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია.
6.რუსეთსა და ნატოს შორის ურთიერთობების მოწესრიგება საქართველოს ხარჯზე არ მოხდება. ანუ საქართველო არანაირ ინტერესებში არ მონაწილეობს.
7. ამ ექვსივე პუნქტის შეკრული წრე, არის ის, რომ საქართველომ ამ ყველაფრით მიიღო უსაფრთხოების უპრეცენდენტო გარანტიები. ამის გასააზრებლად 1,2,4,5,6 პუნქტები მეტყველებს.

ეს არის ნატოს ლისაბონის ისტორიული სამიტის საკითხები. ეს არის სწორედ ის რუტინა, რაზედაც ვსაუბრობდით. ეს არის ის ტენდენციები რაც შემდეგში ქმედებების სახით განიხილება. ამ თითოეული პუნქტის უკან მთელი პროცესები იგულისხმება, რომელსაც არ შევეხებით, ვინაიდან ამ სამიტზე დადასტურდა, რომ მიმდინარეობს რიტორიკული ომი რუსეთსა და დასავლეთს შორის. მიუხედავად იმ ურთიერთობების აღდგენისა ესენი ერთ ენაზე ვერ საუბრობენ, კომუნიკაციის შესახებ შესაძლოა ვთქვათ, რომ არსებობს ამ კომუნიკაციის შედგომის ტენდენცია ჯერჯერობით, ვინაიდან რუსეთი ისევ თავის საბჭოთა ნარატივს ბუტბუტებს.

არანაკლებ საინტერესო იყო სააკაშვილის გამოსვლა ევროპარლამენტში. არ შეიძლება ამ საკითხის განხილვა მხოლოდ იმ კუთხით, რომ სააკაშვილმა ცალმხრივი უარი თქვა და აიღო ვალდებულება ძალის გამოუყენებლობის შესახებ. ეს საკითხი აუცილებლად უნდა იყოს განხილული მთლიან კონტექსტში. კერძოდ, ლისაბონის სამიტამდე საფრანგეთში ერთმანეთს შეხვდნენ დიმიტრი მედვედევი,ნიკოლა სარკოზი და გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი. ამ შეხვედრის შემაჯამებელ ბრიფინგზე, სარკოზიმ მედვედევს მოუწოდა შეესრულებინა 2008წ. ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და კონფლიქტის ზონებში ევროკავშირის დამკვირვებლები შეეშვა, თავის მხრივ საქართველოს ურჩია, არ იქნებოდა ცუდი, თუ საქართველო აიღებდა ვალდებულებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ. ვფიქრობ სარკოზის ამ განცხადებაზე სააკაშვილის პასუხი ევროპარლამენტში იმის ტენდენციაა, რომ არსებობს ერთი ენა საქართველოსა და ევროკავშრის შორის, რომლითაც ისინი რუსეთს ესაუბრებიან. ანუ ამით მინდა ვთქვა, რომ ეს არის შეთანხმებული, (არა ვერბალურ დონეზე)პროცესი, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ რუსებს მარტო არ ვესაუბრებით. ასეთი ჩართულობის შემთხვევაში 2008წ. ომს გადავრჩებოდით. სამწუხაროდ, მაშინ ეს არ იყო.

1. იქმნება ამ კონფლიქტების მოაზრების საერთო სურათი.
2.საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა ხდება საერთაშორისო საკითხი და ერთერთი პრიორიტეტი.
3. საქართველო თანდათან ახდენს ამ კონფლიქტების ევროპის უსაფრთხოების საკითხებში ინტეგრაციას.

სწორედ ამის გაგრძელება იყო ეუთოს სამიტი ასტანაში, რომელმაც ასევე დაადასტურა ის საკითხები, რომელიც ლისაბონში და ევროპარლამენტში დაისვა. ევროპა არ ეგუება რუსულ ენას. დასავლეთი უარს ეუბნება რუსულ დისკურსს. შესაძლოა გვითხრან, ეს ხომ მანამდეც იყო. არა, მანამდე იყო შანსი, რომ რუსეთს მოეხდინა ამ ყველაფრის ინტეგრაცია, რომელიც მან ვერ მოახერხა. ინტეგრაციის შემთხვევაში სიტუაცია რადიკალურად შეიცვლებოდა. დღეს რუსეთი საქართველოს საკითხში იზოლაციაშია, მარტოა. არავინ იზიარებს მის ნაბიჯებს და მისწრაფებებს. მას ამ საკითხში მხარს არავინ უჭერს. ეს ტენდენცია თავისთავად ნიშნავს იმას, რომ რუსეთს ძალიან გაუჭირდება საკუთარი გეოპოლიტიკური მიზნების განხორციელება. ეს ჩვენთვის გამოსავალია.

ბოლოს მინდა ვთქვა, რომ ჯერ მიუხედავად იმისა, რომ ვერ გავცდით რიტორიკულ ომს, ეს ომი რუსეთთან გადასატანია. ჩვენ ამ ომში მარტო ვიყავით. ეხლა ამ ომს ჩვენთან ერთად მთელი ცივილიზებული სამყარო აწარმოებს. ამ ომის წარმატებით დასრულებასთანაა დაკავშირებული ჩვენი სახელმწიფოს მომავალი. შესაძლოა ეხლა ეს ცარიელი სიტყვებია, მაგრამ სიტყვის გარეშე არაფერი არსებობს. ამ ყველაფრის უკან უზარმაზარი სამუშაოა ჩასატარებელი.

03.10.2010წ.
ირაკლი მარგველაშვილი

Thursday 18 November 2010

ბეწვის ხიდი და გეოპოლიტიკური მორევი

ვფიქრობ, არ გაკეთებულა ანალიზი 2008წ. აგვისტოს ომმა რა ახალი რეალობის წინაშე დააყენა საქართველო. ამ შემთხვევაში მხოლოდ ჩვენზე ვერ ვისაუბრებთ, ვინაიდან ამით ხელში რამდენიმე ნაწილად დახეულ სურათს დავიკავებთ, სადაც მთლიანი სურათის დანახვა შეუძლებელი იქნება. გავხდით ამ ომით გეოპოლიტიკური ბრუნვის სრულუფლებიანი წევრები? ჩვენ ამ ომით დავფიქსირდით მსოფლიო გეოპოლიტიკურ რუკაზე? აი შეკითხვები, რომელიც დარწმუნებული ვარ ქართულ საზოგადოებაში მრავალწახნაგოვან პასუხს მოიცავს, მაგრამ ჩემი აზრით ამ შემთხვევაში მთავარია განვსაზღვროთ ანალიზის გკუთხე. საიდან შეიძლება მივუდგთ ამ საკითხებს, სრულყოფილი რომ გახდეს ანალიზი. აუცილებელია მოვახდინოთ ტექსტის ყველა მხრიდან წაკითხვა. ვფიქრობ ამ ტექსტს 3 მხარე აქვს დასავლეთი (აშშ, ევროკავშირი), საქართველო და რუსეთი. იმისათვის, რომ ანალიზი სრულყოფილი გამოვიდეს აუცილებელია სამივე მხრიდან ვიმსჯელოთ.
დავიწყოთ რუსეთით. რა რეალობა იდგა რუსეთისათვის 2008წ. რას ფიქრობს რუსული პოლიტიკური ელიტა. რა არის მისი დისკურსი? ამ შემთხვევაში დისკურსი კანონზომიერებაა, რომელიც რუსეთის ინტერესებს მწყობრად გადმოგვცემს. მისი ნაბიჯების ლოგიკურობას, მოვლენების კავშირს, ამ მოვლენების ერთმანეთთან ურთიერთობას და გადაბმის წესებს გვიყვება. ამიტომ ვფიქრობთ, სწორედ ასეთი ანალიზი ნამდვილ სურათს დაგვანახებს. ეს ტექსტი იმ ინფორმაციის შედეგად იქმნება, რომელიც გვაქვს მოცემულობაში. სწორედ ამ ინფორმაციებით იქმნება ტექსტი. ეს ინფორმაციები გვაძლევენ ამბის ტექსტად ქცევის საშუალებას. თუ ჩვენ შევძლებთ ეს ინფორმაციები ტექსტად მოვქსოვოთ, მაშინ ერთიან ტექსტს და სურათს შევქმნით. ამის გარეშე ცალკე აღებული ინფორმაციული ნაგლეჯები მხოლოდ სამყაროსეული მარცხია და გაუგებრობა, სადაც ვერ მოვიაზრებთ მთელი ამ რეალობის სიკეთეს.
რა იყო რუსული პოლიტიკა კავკასიაში ზოგადად? მითებული ინფორმაციით ეს კავკასიის დამორჩილება და საკუთარი გავლენის ქვეშ მოქცევაა. მეთოდი ძალადობა, ომი, კავკასიური თემის დანაწევრება, რომ როგორმე არ მოხდეს კონსოლიდაცია კავკასიელ ხალხებსა და ერებს შორის, ხელოვნური კონფლიქტები, მათი ჯერ დაკონსერვება შემდეგ მარადიულად ბერკეტებად გამოყენება ძალადობის ნიშნით და შანტაჟის ნიშნით. ეს რაც შეეხება შიდა ველს. გარე გეოპოლიტიკურ ველზე 2008 წ. რუსეთი ცდილობს დააფიქსიროს, „მე მინდა“, „მე ვარსებობ კვლავ“. ის იგონებს მითებს, რომ მას არ უსმენენ, მას ანგარიშს არ უწევენ, ის შეურაცხყოფილია. ბოლო „წვეთი“ კოსოვოა. კოსოვოს აღიარებამ რუსეთს მისცა საბაბი, რომ მას მექანიზმი ქმედებაში მოეყვანა. ის უნდა დაფიქსირებულიყო მთელი თავისი პრეტენზიით.
ამისთვის ის რამდენიმე წელი ემზადებოდა. მეორე მითია ნატოს აღმოსავლეთით გაფართოება. საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანება მისი გაღიზიანების უმაღლესი გამოვლინებაა. ამიტომ რუსეთმა გადამჭრელი ზომები უნდა მიიღოს. იმ კონკრეტულ მოცემულობაში, ეს არის ომი საქართველოსთან. საქართველოსთან ომი, კოსოვოს საკითხის პასუხად და ნატოში საქართველოს გაწევრიანების თემის პასუხად, რომელმაც გააკეთა დათქმა, რომ საქართველო და უკრაინა აუცილებლად გახდებიან ნატოს წევრები. ეს ჩანაწერი კომუნიკეში, არის რუსეთისთვის, რუბიკონის ნაპირზე დგომა, რომელიც უნდა გადალახოს. მისი სურვილი იყო მოეხდინა ამ თემის (საქართველოს და უკრაინის ნატოში შესვლა) საერთოდ დახურვა. უკრაინის საკითხის დახურვა მან მოგვიანებით შეძლო. რუსეთისათვის თემის დახურვა აუცილებელია, ვინაიდან ის ჯერ ტექსტია, მაგრამ თუ მოვიდა ქმედებაში, რისი ალბათობაც საკმად მაღალია, რუსეთისთვის ეს კატასტროფის ტოლფასია. ამიტომ მომავალ ქმედებას უნდა დაუპირისპირდეს ქმედება ეხლა. ეს რუსული პოლიტიკაა. პროცესი არ უნდა შეჩერდეს, პროცესი უნდა დასრულდეს და თემა დაიხუროს. რუსეთმა 2008წ. აპრილის დასაწყისში შეძლო საქართველოს ნატოში გაწევრიანების ქმედების შეჩერება, მაგრამ თემის დახურვაზე სასტიკი უარი სწორედ ამ ჩანაწერით მიიღო. საკმაოდ ნათელი მაგალითი შეგვიძლია ამის დასადასტურებლად მოვიტანოთ. უკრაინა, სადაც ხელისუფლების ცვლილებით მოხდა ნატოს თემის დახურვა.
რუსეთმა გადაწყვიტა მოეყვანა მექანიზმი ქმედებაში. ამის გადადება არ შეიძლებოდა, ვინაიდან უფრო საშიში იქნებოდა 2008წ. დეკემბრის ნატოს სამიტი, სადაც მისი მიერ საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანების დროებით შეჩერებული ქმედება შესაძლო იყო დიდი ალბათობით მწვავედ ამუშავებულიყო. ამიტომ დრო ძალიან მცირე იყო. გარდა ნატოს თემისა, საქართველო ცდილობდა როგორმე მოეხდინა ტერიტორიული კონფლიქტების მსოფლიო გეოპოლიტიკურ ბრუნვაში ინტეგრაცია. რასაც რუსეთი ეწინააღმდეგებოდა. როგორც მოვლენების განვითარება გვიჩვენებს, ეს დაკონსერვებული კონფლიქტები იყო ის ბერკეტი, რომელიც რუსეთს უნდა გამოეყენებინა გეოპოლიტიკურ მაგიდაზე ხელის დასარტყმელად. საქართველო ცდილობდა ამ კონფლიქტების გალღობას და როგორმე რუსული სივრციდან გამოყვანას სამშვიდობოების ჩანაცვლების გზით. თითქოს ყინული დაიძრა, აფხაზეთში ხავიერ სოლანა და გერმანიის საგარეო საქამეთა მინისტრი შტაინმაიერი ჩამოვიდნენ, რამაც საქართველოს იმედები გაუჩინა, მაგრამ რუსებისთვის ცხადი გახდა, რომ დრო ძალიან მცირე იყო. ის კუთხეში მოქცეული აღმოჩნდა. მას უნდა ემოქმედა, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი განეიტრალება მოხერხდებოდა, იმ შემთხვევაში თუ საქართველო შეძლებდა ევროკავშირის კონფლიქტის ზონებით დაინტერესებას და სამშვიდობოების ჩანაცვლებას. ევროკავშირი პროცესს აჭიანურებდა. საქართველოს ეჩქარებოდა. რუსეთსაც ეჩქარებოდა.
რუსეთისათვის საქართველო–ნატოს თემა უნდა დახურულიყო. სწორედ კონფლიქტურ ზონებში სიტუაციის დაძაბვით. რა იყო ამისთვის საჭირო? საქართველოს ჩათრევა ომში და ხელისუფლების ცვლილება. ლავროვის მიერ კონდოლიზა რაისისათვის ნათქვამი: საქართველოს ხელისუფლება უნდა წავიდეს, არის ის ლოგიკური რგოლი, რომლის გარშემოც მთელი რუსული ქმდება 2008წ. მოქმედებდა. სწორედ ეს გამჟღავნებული ფრაზა გახდა გასაღები მთელი ამ სიტუაციის, რომელმაც მოახდინა საკმაოდ დიდი და ძირეული ცვლილება მსოფლიო გეოპოლიტიკაში. შექმნა ახალი რეალობა, ახალი ეპოქა, მსოფლიო გეოპოლიტიკაში. ომისთვის მზადებაც დაიწყო. ომიც მოხდა. შედეგი, რუსეთმა ნატო–საქართველოს თემა ვერ დახურა. რუსეთი აღმოჩნდა ახალ რეალობაში, რომელსაც ცდილობს გაუმკლავდეს. რა მიიღო რუსეთმა აგვისტოს ომის შემდეგ? საგარეო ველზე: ახალი გეოპოლიტიკური რეალობა, რომ მისი ინტერესები პოსტსაბჭოთა სივრცეში მისი დომინანტური როლის აღიარების შესახებ მიუღებელია მსოფლიო თანამეგობრობისთვის. მიღო ორი ოკუპირებული ტერიტორია, მაგრამ ვერ მიიღო ამ რეალობის ინტეგრაცია მსოფლიო თანამეგობრობაში. სამაგიეროდ მიიღო ევროპული დასკვნა, ტალიავინის დასკვნის სახით, რომელსაც შესაძლოა ვუწოდოთ „ახალი გეოპოლიტიკური რეალობის სამაგიდო წიგნი“, სადაც შავით თეთრზე წერია, რომ ცხინვლის რეგიონი და აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოები ვერ გახდებიან. მე არ ვიცი, ამ დასკვნაში ქართველობა ამ გენიალურ ჩანაწერს რატომ არ კითხულობს. რუსეთის მთავარი გეგმა ვერ შესრულდა. მან ვერ დახურა ნატო–საქართველოს თემა, მაგრამ მიიღო აქტიურ გეოპოლიტიკურ ბრუნვაში ჩართული საქართველო. ასევე მიიღო ახალი რეალობა, რომელიც მის ინტერესს არ ითვალისწინებს, მაგრამ რუსეთმა ამ ომით შეძლო აემაღლებინა სტატუსი და 2008წ. ცხინვალის აღების და 1945. ბერლინის აღების გეოპოლიტიკური მნიშვნელობა თითქმის ერთიდაიგივეა, პროცესში, მაგრამ არა გეოპოლიტიკური დივიდენდების მიღების შედეგებში. ეს უკვე სამყაროს შეთავაზებულ მარცხის ლოგიკაში პირდაპირ ჯდება.
საინტერესოა დასავლეთის დისკურსის ანალიზი. დასავლეთში მოვიაზრებთ ევროკაშირის და ამერიკის თანამეგობრობას, ზოგადად ნატოს ბლოკს. დასავლეთი სწორხაზოვანი იყო დაწყებული 90-იანი წლებიდან ვიდრე 2008წ. თებერვლამდე გეოპოლიტიკური საკითხების გადაწყვეტისას. ასევე სწორხაზოვანი იყო, როდესაც კოსოვოს აღიარება მოახდინა. თუმცა პირველი შეყოვნება, პირველი ასე ვთქვათ დათმობა რუსეთის მიმართ 2008წ. აპრილში ნატოს სამიტზე გააკეთა, როდესაც არ მისცა საქართველოს და უკრაინას ნატოში გაწევრანების ინდივიდუალური გეგმა-მაპი.
დასავლეთმა შეაჩერა სწორხაზოვანი პროცესი, მაგრამ დროში, დროის დენადობაში ისევ გააგრძელა 90-იანი წლების პრაქტიკა. მიიღო ჩანაწერი, სადაც განაცხადა, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. ანუ ეს ნიშნავდა, რომ ნატოს გაფართოება აღმოსავლეთით გაგრძელდება დროში, რამაც რუსეთი მოქმედებაში მოიყვანა. ამაზე ზემოთ ვისაუბრეთ. როგორია დასავლეთის პოზიცია ამ დროს. ის არანაირ ბერკეტს არ იყენებს, რომ როგორმე მოახდინოს რუსეთის შეჩერება. რა არის ამის მიზეზი? ამის მიზეზი შესაძლოა 2 რამ იყოს. პირველი ის, რომ დასავლეთი საქართველოს ხელისუფლებას აგრძნობინებს, მისთვის საქართველო მნიშვნელოვანია, როგორც ტრანზიტული ქვეყანა, მაგრამ საქართველოს ტერიტორიული პრობლემები მისთვის არ არის საინტერესო და არ აპირებს ჩაერიოს მის გადაწყვეტაში. შესაბამისად არ აპირებს მოახდინოს რუსეთზე პოლიტკური ზეწოლა. მეორე შესაძლოა იყოს ის, რომ დასავლეთმა რუსულ ქართული დაპირისპირების პროცესი მიუშვა თვითდინებაზე და თავად მხოლოდ განცხადებებით შემოიფარგლა. კერძოდ საქართველოს ხელსიფლებას აფრთხილებდა, რომ როგორმე ომი აეცილებინა თავიდან, თუმცა ამისათვის პრაქტიკულად არაფერი მოიმოქმედა. მეორე, აკეთებდა რუსეთის წინააღმდეგ განცხადებებს, თუმცა არ იყენებდა არავითარ ბერკეტებს ამ განცხადებების სიმწვავისთვის, რაც რუსეთს მაშინ შეაჩერებდა და ხელს ააღებინებდა თავის გეგმაზე. დასავლეთს შეეძლო თუნდაც ევროკავშირის ეგიდით იმ სამასი დამკვირებლის შემოყვანა საქართველოში, რომლებიც შემოიყვანეს 2008წ. სექტემბერში.
ჩემი პირადი დამოკიდებულება პირველი ვერსიისაკენ იხრება. დასავლეთმა წაუყრუა საქართველოს ტერიტორიულ კონფლიქტებს და აგრძნობინა საქართველოს ხელსუფლებას, რომ არ აპირებდა თავი გამოედო. მაშინ, როდესაც რუსეთისთვის კონფლიქტური ზონები იყო ათწლეულების წინ შექმნილი ბერკეტი, რომელიც იმუშავებდა რუსეთის იმპერიის გადარჩენისათვის, ხოლო საქართველოსთვის ეს არის სასიცოცხლო მნიშვნელოვანი თემა, რომლის გარეშეც ძნელია წარმოიდგინო ქვეყანა. სადაც არის ასიათასობით გაუბედურებული და ეთნოწმენდაში მოყოლილი ხალხი. ათიათასობით დაღუპული ადამიანი და ოკუპირებული მთელი ქვეყნის ტერიტორიის 20%. საუბარი იმაზე, რომ ეს ტერიტორიები როგორი მნიშვნელოვანია საქართველოსთვის ვფიქრობ ზედმეტია.
მივადექით საქართველოს დისკურსს მთელს ამ პროცესში, რომელმაც ვფიქრობ უნდა გააღოს ის დაგმანული დილეგი, სადაც მთელი ამ პროცესის ნიშნებია შენახული.
რა იყო საქართველოს მთავარი ამოცანა. საქართველო 2008წ. აგვისტოს ომამდე დიდი ხნით ადრე ცდილობდა იმ მაგიდაზე, სადაც საქართველოს სეპარატისტებს რუსეთი უმშვენებდა მხარს, მის საპირწონეთ საქართველოს დასავლეთი დაესვა გვერდით. სხვა ვარიანტი არ არსებობდა. თუმცა დასავლეთი როგორც ვთქვი ამ მაგიდაზე დაჯდომას არ აპირებდა. ძნელია რაიმე კონკრეტული მიზეზი დავასახელოთ, თუ რატომ არ აკეთებდა ამას. საქართველოს სხვა გამოსავალი შექმნილ სიტუაციაში არ ჰქონდა. მისი ძალა, მისი გავლენა და შესაძლებლობები ვერაფრით გაუთანაბრდებოდა რუსეთის ძალას და გავლენას. ამიტომ საქართველო ამ საკითხში მარტო იყო. აუცილებელი იყო მომხდარიყო ისე, რომ საქართველოს როგორმე მოეხერხებინა და ეს კონფლიქტები არამარტო გაელღო, არამედ ის საერთაშორისო გეოპოლიტიკის საგნად ექცია. ან მეორე იყო, რომ საქართველოს მოეხდინა ამ კონფლიქტების იგნორირება, რასაც მას დასავლეთის პოზიცია აგრძნობინებდა.
საქართველო ნამდვილად დადგა არჩევანის წინაშე. ეს მართლაც სერიოზული არჩევანი იყო. უნდა მონახულიყო ოქროს შუალედი შექმნილ სიტუაციაში. ერთის მხრივ დიდი იყო რუსეთის ზეწოლა საქართველოზე. მეორეს მხრივ არ იყო დასავლეთის ქმედითი დახმარება, რომ როგორმე მომხდარიყო რუსეთის ზეწოლის განეიტრალება. დასავლეთის მიერ იყო გაფრთხილება საქართველოსი, რომ როგორმე არ აყოლოდნენ პროვოკაციებს და არ ჩათრეულიყვნენ ომში. რას ნიშნავს დასავლეთის ეს პოზიცია? დასავლეთმა იცოდა და აფასებდა, რომ რუსეთი პროვოკაციებზე მიდიოდა? რომ რუსეთს სურდა ომის დაწყება? თუ ეს ასე იყო, მიუხედავად ამისა, დასავლეთი არაფერს აკეთებდა და დროს აჭიანურებდა, იმის მაგივრად ,რომ რუსეთის განეიტრალება მოეხდინა. როგორც ზემოთ ვთქვი, საქართველოს ეჩქარებოდა, ვინაიდან ის იდგა საფრთხის წინაშე, რომ რუსეთი ომისთვის ემზადებოდა. ეჩქარებოდა რუსეთს, რომ მოესწრო და დაესრულებიან ის საპრობლემო თემები, რომელიც მის პრეტენზიებს წინ ეღობებოდა.
საქართველოს წინაშე იდგა საფრთხე დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის დაკარგვის. უკეთესად რომ ჩამოვაყალიბოთ და დავწვრილმანდეთ, საქართველომ აირჩია დასავლეთთან ინტეგრაცია და ნატოსთან ინტეგრაცია, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის ერთგვარი უსაფრთხოების სიტემა შეექმნა. ამას არ ეთანხმებოდა რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესი და ის სასტიკი წინააღმდეგი იყო საქართველოს ნატოში ინეგრაციის. აქ უკვე ორი აზრი არ არის, რომ რუსეთის ეს ინტერესი პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენდა საქართველოს დამოუკიდებლობის წინაშე. 2008წ. აგვისტოში ამოცანა არ იდგა, რომ ტერიტორიული მთლიანობა აღგვედგინა. აქ ამოცანა საქართველოს დამოუკიდებლობის და სახელმწიფოებრიობის დაცვაზე იდგა. სახელმწიფოებრიობის დაცვაზე და საფრთხეზეა მინიშნება სწორედ ლავროვის და რაისის დიალოგში, სადაც ლავროვი რაისს ეუბნება რომ საქართველოს ხელისუფლება უნდა წავიდეს. ამაზე მიანიშნებდა პუტინის "დამაშნიე ზაგატოვკებიც" და ლავროვის მუქარებიც, რომ რუსეთი ნებისმიერ ფასად არ დაუშვებს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას. ასევე მედვედევის ფრაზა, რომ საქართველო რუსეთისთვის სასისცოხლოდ მნიშვნელოვანი ტერიტორიაა. ამ ტექსტების ელემენტარული ანალიზი მიუთითებს იმაზე, რომ საფრთხე სწორედ საქართველოს სახელმწიფოებრიობას და დამოუკიდებლობას ემუქრებოდა, ვინაიდან ჩვენი დამოუკიდებლობის დაცვის გარანტიებს სწორედ დასავლეთთან ინტეგრაციით ვფიქრობდით და ვარჩევდით, რაც სწორი იყო.
ამიტომ საქართველოს წინაშე სწორედ სახელმწიფოებრიობის გადარჩენა იდგა და მით უფრო ნიშანდობლივია ის ფაქტიც, რომ ეს სახელმწიფოებრიობა ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას მოიცავს. როგორც ვთქვით, დასავლეთის პასიური პოზიცია მიუღებელი იყო საქართველოსთვის. დრო მცირე იყო. იმ შემთხვევაში, თუ საქართველო მარტო დარჩებოდა რუსეთის წინაშე, მას თავი უნდა დაეცვა, მაგრამ ეს თავდაცვა სხვა რამესაც გულისხმობდა, საქართველოს იძულებითი აუცილებელ რეაქციას უნდა მოეხდინა დასავლეთის ჩართვა პროცესებში უფრო აქტიურად. ჩვენი აზრით, ეს ის ქმედება იყო, რომელიც საქართველოს ბოლო ნაბიჯად უნდა შევაფასოდ. ამის იქით წასვლა შეუძლებელი იყო. ან უნდა შეცვლილიყო მთლიანად გეოპოლიტიკური დისკურსი დასავლეთის და რუსეთის ურთიერთობაში, ან საქართველო რჩებოდა დაუცველი რუსეთის აგრესიის პირისპირ, ისე რომ შანსი აღარ არსებობდა ამ სახელმწიფოებრიობის დაცვის. ამიტომ ოქროს შუალედი იმ არჩევანში იყო, რომ საქართველოს გადაედგა ეს ბოლო ნაბიჯი, რომელიც მოახდენდა არამარტო ომს საქართველოს ტერიტორიაზე, არამედ დიდ ინტერესთა კონფლიქტს ჩვენს ტერიტორიაზე და სწორედ ამ ინტერესთა კონფლიქტში უნდა მომხდარიყო საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოებრიობის გადარჩენა. მიუხედავად იმისა, რომ ეს დიდი რისკი იყო, ვფიქრობ სხვა გამოსავალი არ არსებობდა. ამიტომ რუბიკონი სწორედ ამ რისკის ფასად გადაილახა და გაამართლა.
ამ ომში ყველა მხარეს თავისი დივიდენდები და ასევე მარცხი ერგო. რუსეთს დივიდენდის სახით მისი პოზიციების მსოფლიო გეოპოლიტიკურ პრეტენზიად თქმის საშუალება მიეცა. თუმცა ამის ლეგალიზაციის პრობლემა აქვს და ალბათობა ისეთია ვერც მოახდენს. სხვა შემთხვევაში მისი სტრუქტურის სახელმწიფოსთვის ცუდი პრტეცენდენტი გაითამაშა ამ ანკლავების (აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის) ცნობით. რიტორიკულ მარაგშიც უჭირთ უკვე და დროში კიდევ უფრო გაუჭირდებათ. რაც იმას გულისხმობს, რომ ჟამიდან ჟამზე საკმაოდ არამომგებიან სიტუაციაში აღმოჩნდებიან. ასევე რუსეთმა მიიღო აგრესორის სტატუსი, რაც ასევე მის გეოპოლიტიკურ ინტერესებს ძალიან უარყოფითად ურტყამს.
ევროპასაც თავისი დივიდენდი აქვს. ის რეალურად შეეჯახა იმ პრეტენზიებს, რომელიც რუსეთმა დააყენა ამ ომით. შესაბამისად მისი უსაფრთხოების მოდერნიზების და გეოპოლიტიკური მნიშვნელოვანების საკითხმა წინა პლანზე წამოიწია. ის გააქტიურდა. გააქტიურდა იმდენად, რომ რუსეთის საკითხის გადაწყვეტა დღის წესრიგში დადგა მთელი სრულყოფილებით.
საქართველოსაც თავისი დივიდენდები და მარცხები აქვს. მან მოახდინა დაეწყო, (სპეციალურად ვამბობთ ამ სიტყვას) გეოპოლიტიკურ ბრუნვაში ჩართულობა საკმაოდ ინტენსიურად. შესაბამისად მისი უსაფრთხოება ევროპის უსაფრთხოებას მიება. ასევე ტერიტორიული მთლიანობის პოლიტიკური გარანტიებიც მიიღო. იურიდიული მდგომარეობაც მომგებიანი აქვს. თუმცა მატერიალურად დაკარგა 20% ტერიტორიების, მიიღო 30,000 დევნილი დამატებით, და სერიოზული მატერიალური პრობლემები. ყველაფერი შეფასების საკითხია. ამას ჩვენი თაობა ვერ შეაფასებს. მითუმეტეს მაშინ, როდესაც პროცესი მხოლოდ დაიწყო. დარწმუნებული ვარ, რომ ამ მთლიანი პროცესის ჯერ მხოლოდ დაწყების მოწმე გავხდით. ამ პროცესს თავისი კულმინაცია და თავისი დასასრული ექნება, რომელიც საქართველოს გარეშე ვეღარ ჩაივლის. ეს უკვე პატარა საქმე არ არის, იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ჩვენს ქვეყანას როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს ისე მოვიაზრებთ.

ირაკლი მარგველაშვილი
04.11.2010წ.

Tuesday 5 October 2010

დამოუკიდებელი საქართველოს ახალი როლი და ახალი ენა

საინტერესოა რა ხარისხისაა დღეს საქართველოს დამოუკიდებლობა. ამ ხარისხის განსაზღვრაში რა დისკურსს ვიყენებთ. როგორია ჩვენი რიტორიკა და მენტალური მიმართება ამ საკითხისადმი. როგორ წარმოგვიდგენია დამოუკიდებელი საქართველოს მომავალი და ცხოვრების სტილი, როგორც შეგნით ქვეყანაში, ასევე მისი მიმართებები საგარეო ურთიერთობებში. ეს არის საკითხები, რომლებიც ბევრი კამათის და განსჯის საგანია.



წერილის დაწერა გადამაწყვეტინა ერთმა მარტივმა საკითხმა. ვფიქრობ შექმნილი დისკურსიდან არ იკვეთება ჯანსაღი და სწორი დამოკიდებულება ზემოთჩამოთვლილი საკითხების მიმართ. ვფიქრობ არ არის გაცნობიერებული ის როლი და ენა, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს არსებობის, მისი მომავლისთვის შეიძლება გამოდგეს. ჩვენთვის ჯერ გაუცნობიერებელია საქართველოს დამოუკიდებლობის ხარისხი. არ გვაქვს ჩამოყალიბებული მენტალური თავსებადობა დამოუკიდებელი საქართველოს როლისა და ენისათვის. ჩვენ დღეს ვერ ვსაუბრობთ დამოუკიდებელი საქართველოს მომავლის და როლის დისკურსში. შესაბამისად ძალიან დიდია შეცდომების, არასწორი ინტერპრეტაციების და განსაზღვრებების როლი.



საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი ქმნის მენტალურ შეუთავსებლობას საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობასა და მის მომავალთან. ეს გახდა მიზეზი, დაგვეშვა უამრავი შეცდომა, როგორც ლოგიკური, ასევე მენტალური დამოუკიდებელი საქართველოს 20 წლიან უახლეს ისტორიაში. შესაბამისად ვერ ვახდენთ მოვლენების სწორ ინტერპრეტაციას, ჩვენს შესაძლებლობებს წინ ასწრებს ჩვენი სურვილები. ვითხოვთ და ვაყალიბებთ სხვა რეალობას და ვანხორციელებთ სხვა ქმედებებს. ეს ყველაფერი არანაირად არ უკავშირდება ერთმანეთს. აბსოლუტურად დაცილებულია დროსა და სივრცეში.



რა არის საქართველოს ახალი როლი და ახალი ენა. რა ენაზე უნდა ისაუბროს დამოუკიდებელმა საქართველომ. როგორ უნდა მოხდეს საქართველოს ახალ თვისობრივ გეოპოლიტიკურ როლში ჩვენი მომავლის წარმოდგენა. ეს ის საკითხებია, რომელთა გაცნობიერების გარეშე ვიქნებით ისეთსავე აბურდულობაში აზროვნების მხრივ, როგორშიც ვართ დღეს. ჩვენში არეულია იმპერიული ინსტიქტები და დამოუკიდებელი საქართველოს გეოპოლიტიკურ-მოკავშირეობრივი საკითხები ერთმანეთში. ვერ წარმოგვიდგენია, თუ შესაძლებელია არსებობდეს დიდ სახელმწიფოებთან გეოპოლიტიკური მოკავშირეობა. უკან გვითრევს ის საშინელი წარსული, რომელმაც შექმნა ძალიან ბევრი პარადიგმა.



ეს პარადიგმები დღესაც თავს გვახსენებს. ამის გამო საკმაოდ ძნელად ხდება დამოუკიდებელი საქართველოს ახალი როლის და ახლი ენის ათვისება/განცნობიერება. სწორედ ამის გამო ხდება, რომ 2008წ. აგვსტოს ომამდე აბსოლუტურად გაუგებარი იყო საქართველოს ახალ თვისობრივ როლში წარმოდგენა. შესაბამისად ვერ იქნა გაცნობიერებული აგვისტოს ომის შინაარსი. რატომღაც სულ ვფიქრობდით, რომ ჩვენ ვინმემ უნდა მოგვიაროს. ვერ მოვახერხეთ პატრონის პარადიგმის მსხვრევა ჩვენს მენტალობაში. ეს ყველგან იჩენს თავს. ყველა მოვლენა, რომელიც 21 საუკუნეში მოხდა, სწორედ ამ მოვლის და პატრონის ძიების პარადიგმაში მიმდინარეობს.



სწორედ აქ იკარგება დამოუკიდებელი საქართველოს ახალი როლის და ახალი ენის გაცნობიერება. ვერ ვახერხებთ სწორედ მსგავსი პარადიგმების არსებობის გამო ჩვენს ცნობიერებაში. რა არის მათავარი პარადიგმა, რომელიც საქართველოს მენტალურ შეუთავსებლოვბას წარმოშობს დამოუკიდებელ საქართველოსთან? საქართველოს 200 წლიანი ყოფნა იმპერიაში საკმარისი გახდა იმისათვის, რომ თაობებს შეესისხლხორცებია იმპერიის იდეოლოგია. იმპერია ყოველთვის კლავს თავისუფლებას დაპყრობილ ქვეყანაში. კლავს ამ თავისუფლების წყურვილს და არაერთი მაგალითია ჩვენს ისტორიაში, თუ როგორ გაუსწორდა რუსეთის იმპერია ჩვენს თავისუფლების გამოვლინებას. მისი იდეოლოგია ეფუძნება ერთ პროცნციპს. არ შეიქმნას დამოუკიდებელი სახელმწიფო. მოხდეს ადამიანის დაპირისპირება და მტრობა დამოუკიდბელ სახელმწიფოსთან.



ასეთი ადამიანის გამოყვანა არის იმპერიის მთავარი დანიშნულება და კიდევაც გამოიყვანეს „ჰომო სოვიეტიკუსის“ ტიპის ადამიანი, რომელიც დამოუკიდებელი სახელმწიფოს მტერია. აქ პირდაპირი მნიშვნელობითაც შეგვიძლია ვისაუბროთ და გადატანითი მნიშვნელობითაც. ჩვენმა 20 წლიანმა უახლესმა ისტორიამ დაგვანახა, რომ ქართველი „ჰომო სოვიეტიკუსი“ სახელმწიფოს მტერია. ის ანგრევს პირველ სახელმწიფოს ცეცხლითა და მახვილით. მას არ სურს სახელმწიფო, თუმცა სურვილების დონეზე სურს ევროპული ტიპის სახელმწიფო, რომელშიც მთელი ის ნაგავი, რაც „ჰომო სოვიეტიკუსის“ ცხოვრების წესშია უკუგდებულია და უარია ნათქვამი.





გასათვალისწინებელია ისიც, რომ საქართველოს იმპერიიდან გამოსვლა გაცილებით მტკივნეულია რუსეთისთვის, ვიდრე ნებისმიერი სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის, ვინაიდან საქართველოს გამოსვლა იმპერიიდან მნიშვნელოვნად არყევს იმპერიის გეოპოლიტიკურ სივრცეს. აქ გარდა ტერიტორიისა, მთელი რეგიონის პრობლემატიკა მოჰყვება იმპერიიდან ჩვენს გასვლას. ამიტომ ამის შესაჩერებლად იმპერიას უხდება მძლევრი და ჩვენთვის ძალიან მტკივნეული ბერკეტების გამოყენება. გამოიყენა კიდევაც.





აქ უკვე ერთმანეთს ეჯახება „ჰომო სოვიეტიკუსის“ და დამოუკიდებელი სახელმწიფოს ენათა დისკურსები. პირველი ამბობს: ღირდა ეს ყველაფერი? ნანგრევები თავზე დაგვაცვივდა ჩვენ. შეხედეთ სხვა რესპუბლიკებს, ისინი სულ თავისუფლად გავიდნენ, მაგრამ რომელმა რესპუბლიკამ სცადა ჩვენსავეთ და ბალტიისპირეთივით გასვლა რუსეთის იმპერიიდან? ყაზახეთს რომ ეცადა ნატოში შესვლა, როგორ ფიქრობთ რუსეთი ამას მისალმებოდა? უკრაინამ რომ სცადა მიესალმა?



მაგალითად აგვისტოს ომი მინდა მოვიტანო და ამის ფონზე მოვახდინოთ ჩვენი თვალსაზრისის განვითარება.2008 აგვისტოს ომი უნდა გახდეს გარდამტეხი მომენტი, რომ გავაცნობიეროთ საქართველოს ახალი გეოპოლიტიკური თვისობრიობა. აგვისტოს ომამდე ეს გაცნობიერებული არ იყო. ჩვენ ვიბრძოდით, ვცდილობდით... მაგრამ საზოგადოებისთვის ეს იყო დახშული კარები. რა გვინდოდა? ნატოში შესვლა, ტერიტორიების დაბრუნება... მაგრამ არ ვიცოდით რა როლს ვასრულებდით, რას წარმოვადგენდით, როგორი იყო ჩვენი დამოუკიდებლობის ხარისხი და რა ნიშის დაკავებას ვცდილობდით.



ამ შემთხვევაში, საინტერესოა ევროპელი ექსპერტების მოსაზრებები, რომ რუსეთს ძალიან დიდ რისკად უფასებენ აფხაზეთის და ცხინვალის ცნობას. მართლაც საკმაო რისკია და შესაძლოა ეს რისკი ახლო მომავალში დადგეს. ამ რისკის შეფასებით, ჩვენ შეგვიძლია გავიგოთ საქართველოს დამოუკიდებლობის ხარისხი, როგორც რუსეთის იმპერიიდან დანახული, ასევე ჩვენგან გასაცნობიერებელი. სწორედ აგვისტოს ომმა გამოაჩინა, რომ თურმე ჩვენი ამ მოქმედებებით საკმაოდ სერიოზულ დისბალანსს ვუქმნიდით რუსეთის იმპერიას. ეს სწორედ გეოპოლიტიკური დისბალანსი იყო მისთვის და მისი მიზნებისათვის. ამ გეოპოლიტიკური დისბალანსმა გადააწყვეტინა რუსეთს საქართველოსთან ომი, რომელიც შესაძლოა ითქვას საკმაო რისკების შემცველი იყო. ყოველ შემთხვევაში დღევანდელი იურიდიული და პოლიტიკური გადასახედიდან ეს რისკები თვალშისაცემია და ნამდვილად არსებობს. გადაწყვეტილი მართლაც არაფერია. რუსეთმა ვერ მოახერხა მოეხდინა თავისი ქმედების ლეგიტიმაცია, ვერც პოლიტიკურ და ვერც იურიდიულ დონეზე. ეს მისი დივიდენდები არ არის.



რუსეთს აქვს დივიდენდებიც ამ ქმედებებში, რომელიც მისი როლის გაზრდაში გამოიხატება. მისი აზრის გათვალისწინებაში გამოიხატება, თუმცა ყველამ იცის და არ ახალია, რომ ზოგადად რუსეთმა ამ ყველაფერს მიაღწია უპასუხისმგებლო თამაშით. მისი მხრიდან უპასუხისმგებლობაა ატომური პოტენციალის დივერსიფიკაცია ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა ჩრდილო კორეა და ირანი, ასევე გაზის საკითხით შანტაჟი. ამის შემდეგ რუსეთი შესაძლოა წავიდეს განსაკუთრებით სახიფათო თამაშებზე და მსოფლიო დააყენოს ფაქტის წინაშე. მსგავსი ქმედებები სწორედ იმის გამოხატულებაა, რომ რუსეთი დღეს საკმაოდ სუსტია. მას არ შეუძლია ყავდეს მოკავშირეები. მას არ შეუძლია მოახდინოს თავისი გეოპოლიტიკური მიზნების მოკავშირეებთან კორელაციაში განთავსება. ის მოკლებულია ამ შესაძლებლობებს და მთელი თავისი პოლიტიკა აგებული აქვს სწორედ მსგავს უპასუხისმგებლობებზე. უპასუხისმგებლობად უნდა ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ რუსეთს აქვს კანონი, რომლის ტანახმადაც მას შეუძლია მოახდინოს ატომური ბომბის პრევენციული დარტყმა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაზე. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს აბსოლუტურად წამგებიანი თამაშია.



ამ ბინძურ თამაშებში, რომელსაც რუსეთი აწარმოებს ისეთმა პატარა ქვეყანამ, როგორც საქართველოა სერიოზული დისბალანსი შეიტანა რუსული გეოპოლიტიკის მიზნებში. ამ დროს თავად ქართულ საზოგადოებას არ ჰქონდა გაცნობიერებული ეს ყოველივე. აქ იკვეთება საქართველოს ახალი როლი. ჩვენ რუსეთს სწორედ გეოპოლიტიკურ მიზნებში შევეწინააღმდეგეთ. ალბათ რამდენიმე ათწლეულის წინ ძნელი წარმოსადგენი იქნებოდა თუ კავკასიაში დამოუკიდებელი საქართველოს და რუსეთის იმპერიის გეოპოლიტიკური შეუთავსებლობა იარსებებდა. სწორედ ეს არის გასაცნობიერებელი. სწორედ ეს არის დამოუკიდებელი საქართველოს ახალი როლი მსოფლიო გეოპოლიტიკურ განლაგებაში.



თუ იმპერია საკმაო რისკს წევს ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებებში, ეს ნიშავს იმას, რომ ჩვენი დამოუკიდებლობის ხარისხი მაღალია და იმპერიას უღირს ამის საწინააღმდეგიოდ საკმაოდ დიდი ფასი გადაიხადოს, საკმაოდ დიდი რისკი დააყენოს, რომელმაც შესაძლოა ერთ მშვენიერ დღეს ააფეთქოს კიდევაც კავკასიაში.ეს არის ის ახალი ენა, რომელზედაც ახალგაზრდა ქართულმა სახელმწიფომ უნდა ისაუბროს. ამ შემთხვევაში ქართულ მენტალობაში უნდა განადგურდეს იმპერიის ბაცილა, რომელიც დამოუკიდებლი სახელმწიფოს მტერია. ეს დიდი, სერიოზული და სამკვდრო სასიცოცხლო პროცესია თუ გვინდა ნამდვილად იარსებოს დამოუკიდბელმა სახელმწიფომ. მოგვიწევს დიდი ტკივილის, დიდი გაჭირვების გადატანა, თუმცა ნაბიჯნაბიჯ უნდა შევძლოთ დავძლიოთ ეს სირთულეები თუ გვინდა რომ დავამტკიცოთ ერის სიცოცხლისუნარიანობა. ამისათვის ჩვენ უნდა ვისაუბროთ დამოუკიდბელი სახელმწიფოს ენაზე და გავითავისოთ მისი ახალი როლი, რომელიც მისივე სიცოცხლისუნარიანობის დადასტურებაცაა. ეს არის წითელი ზოლი, რომელიც არ უნდა გადაილახოს.



ირაკლი მარგველაშვილი 05.10.2010წ.

Tuesday 22 June 2010

განმარტებები საქართველოს გეოპოლიტიკურ სტრატეგიაზე

ნაწილი მეორე

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდე, რომელიც ოფიციალურად 1991წ. 12 დეკემბერს განხორციელდა, რუსეთი გახდა საბჭოთა იმპერიის სამართალმემკვიდრე. შესაბამისად მან ჩაიბარა ის სამსახურები და სახელმწიფოებრივი ინსტიტუტები, რომელიც იმპერიას 70 წელი ემსახურებოდა და ინარჩუნებდა მას. ახალი იმპერიის პირველი შეტევა სწორედ საქართველოზე განხორციელდა. 1991წ. 22 დეკემბერს დაიწყო სახელმწიფო გადატრიალება. როგორც წინა წერილში ავღნიშნეთ, საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ განსაკუთრებული საფრთხე შეუქმნა იმპერიის არსებობას. რამდენიმე ღონისძიება, რომელიც მაშინდელმა ხელისუფლებამ გაატარა განსაკუთრებით საშიში იყო კრემლისთვის.
1. ჩრდილო კავკასიაში, კერძოდ ჩეჩნეთში მოახდინა ჯოხარ დუდაევის მხარდაჭერა და ხელისუფლებაში მოსვლა.
2. აფხაზეთში მოახდინა სიტუაციის კონტროლი და არჩევნების ჩატარება.
3. საბჭოთა ჯარებს 1991წ. მიანიჭა საოკუპაციო სტატუსი, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აბსოლუტურად კარგავდა დამოუკიდებელი საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის ლეგიტიმაციას, რაზედაც პირველ წერილში ვისაუბრეთ.
აღნიშნული ქმედებები მართლაც სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა იმპერიის არსებობას. განსაკუთრებუილი დაძაბულობა საბჭოთა იმპერიაში სწორედ კავკასიაში იყო. მაშინდელი მსოფლიო გეოპოლიტიკური კონიუნქტურის გამო, ბალტიისპირეთის ქვეყნები საბჭოთა კავშირიდან მისი იურიდიულად დაშლის გაფორმებამდე გავიდნენ. 1991წ. აგვისტო-სექტემბერში მსოფლიო წამყვანმა ქვეყნებმა დაიწყეს ამ 3 რესპუბლიკის ლატვია, ლიტვა, ესტონეთის იურიდიული ცნობა. საქართველო ამ ფაზაში არ მოჰყვა. ეს მაშინდელი მსოფლიო ლიდერების გადაწყვეტილება იყო, რამაც საქართველოში რუსეთს მისცა საშუალება გაეაქტიურებინა მეხუთე კოლონა და მოემზადებინა სახელმწიფო გადატრიალება. პრაქტიკულად მაშინდელმა მსოფლიო ლიდერებმა რუსეთს მწვანე შუქი აუნთეს კავკასიაში და კერძოდ საქართველოში, რომ განეხორციელებინა თავისი მზაკვრული და იმპერიული გეგმები, მოეხდინა ქვეყნის სრულ ანარქიაში ჩაგდება და შესაბამისი გარანტიების შექმნა, მომავალში მთელი ქვეყნის მის გავლენის სფეროში მოსაქცევად.
რუსეთმა ეს მოახერხა. მოახდინა საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება და 3 წლის განმავლობაში ქვეყანა ომის ქარცეცხლში გაახვია. ქვეყანაში პრაქტიკულად მოიშალა ყველა კომუნიკაცია, მოხდა ბანდიტური რაზმების თარეში, გაიძარცვა და განადგურდა მოსახლეობა. მოეწყო ეგზეკუციები სამეგრელოში. ხოლო ამ ყველაფრის გვირგვინი იყო ომი აფხაზეთში მაშინ, როდესაც ერთი წლის წინ საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ მოახერხა აფხაზეთის საქართველოს კონსტიტუციურ სივრცეში შენარჩუნება ყოველგვარი ომის გარეშე და იქ არჩევნების ჩატარება. ეს ქმედება სრულიად ცინიკურად იქნა დაწუნებული პუტჩისტური ხელისუფლების მიერ და კანონს აპარტეიდული ეწოდა, თითქოს ამ კანონმა მოახდინა საომარი მოქმედებების გააქტიურება და სრულიად უაზრო პოლიტიკის წარმოება აფხაზეთში.
რა იყო ეს ყველაფერი რუსეთისთვის. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთი ფინანსურად და ეკონომიკურად იმდენად დაძაბუნებული იყო, რომ საკმაოდ დიდი საფრთხე იყო იმპერიის დაშლის. შესაბამისად რუსეთმა მოიკრიბა იმისი ძალები, რომ მოეხდინა კავკასიაში, რომელიც ყველაზე ფეთქებად რეგიონს წარმოადგენდა სიტუაციის თავის სასარგებლოდ დალაგება და თუნდაც ამ სიტუაციიების საბოლოოდ მომავალში გადადება საბოლოო დასაკუთრებისთვის და თავის გავლენაში მოსაქცევად.
ამიტომ ყველაზე სარგებლიანი რუსეთისთვის იყო რეგიონალური კონფლიქტების წარმოება, რომლის სასათბურე პირობები საბჭოთა იმპერიამ სწორედ საქართველოში შექმნა. სამი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახით. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქში კონფლიქტური სიტუაციის შექმნა ჯერ კიდევ 1989წ. დაიწყო. „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მეოცე მოწვევის სახალხო დეპუტატთა საბჭოს XII საგანგებო სესიამ მიიღო გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთის სტატუსის ამაღლების შესახებ“, 1989 წლის 10 ნოემბერს.
ეს იყო პირველი პროვოკაციული ქმედება, რომელითაც დაიწყო სეპარატისტული მოძრაობა ცხინვალის რეგიონში. ეს მოძრაობა გაგრძელდა და 1990წ. 20 სექტემბერს მირეს გადაწყვეტილება „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მეოცე მოწვევის სახალხო დეპუტატთა მეთოთხმეტე სესიაზე სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად გარდაქმნის შესახებ.“ ანალოგიური კონფლიქტური სიტუაციები შეიქმნა აფხაზეთში. პირველი დაპირისპირება 1989წ. 16-17 ივნისს მოხდა. სადაც 19 ადამიანი დაიღუპა. 1991წ. ზაფხულში საარჩევნო კანონის მიღების შემდეგ აფხაზეთის უზენაესი საბჭო, რომელსაც არ ჰქონდა საშუალება მიეღო ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილება უამრავ იურიდიულ პროვოკაციებს აწყობდა სიტუაციის დასაძაბად, მაგრამ საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების მიერ სწრაფად ხდებოდა რეაგირება ამ პროვოკაციებზე და ავტომატურ რეჟიმში უქმდებოდა ყველა ასეთი გადაწყვეტილება.
თუმცა ამ ყველაფრით რუსეთის იმპერიის ზოგადი ტენდენციის შემჩნევა, რომ მოეხდინა საქართველოში ტერიტორიული პრობლემების შექმნა აშკარა იყო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეს გეზი რუსეთის ახალმა იმპერიამ გააგრძელა. 1992წ. 24 ივნისს რუსეთმა შეძლო, საქართველოში უმძიმესი ვითარების ფონზე მოეხდინა საქართველოსთვის თავს მოეხვია საკუთარი სამშვიდობო ძალების შემოყვანა ცხივალის რეგიონში და აღნიშნული კონფლიქტის გაყინვა წლების განმავლობაში. ანალოგიური სიტუაცია შექმნა აფხაზეთში. 1993წ. 27 სექტემბერს ყველა შეთანხმების დარღვევის ფონზე მოახდინა სოხუმის აღება და ქართული მოსახლების ეთნიკური წმენდა აფხაზეთიდან. 1994წ. აგვისტოში საქართველოს, აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის გაფორმდა შეთანხმება, სადაც რუსეთის სამშვიდობო ძალები სნგ-ს მანდატით აფხაზეთში განთავსდა. ამ ყველაფრით რუსეთმა დროში შეძლო საკუთარი გართულებული შიდა პრობლემების ფონზე მოეხდინა კავკასიაში სიტუაციის სტაბილიზება თავის სასარგებლოდ და საბოლოოდ საკითხს გადაწყვეტილების მისაღებად დროის მოგება, როდესაც ამის საშუალება მიეცემოდა.
1. რუსეთმა სამშვიდობოები განათავსა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში.
2. მოახდინა ამ ტერიტორიებზე სამხედრო ძალების კონცენტრაცია და აფხაზეთიდან ქართველების ეთნოწმენდა, რომ იქ არ მომხდარიყო რაიმე შიდა პრობლემის ესკალაცია საქართველოს ხელისუფლების მიერ.
3. მოახდინა საქართველოს შეყვანა სნგ-ში.
4. მოახდინა სომხეთისა დაზერბაიჯანს შორის ტერიტორიული კონფლიქტი ყარაბახში და ამით საკმაო დრო მოიგო საკითხის მომავალში გადადების კუთხით.
სამხრეთ კავკასიაში საკუთარი ინტერესების გამყარების შემდეგ, რუსეთმა დაიწყო ჩრდილო კავკასიაში კერძოდ ჩეჩნეთზე, რომელმაც 1991წ. დამოუკიდებლობა გამოაცხადა, სამხედრო ოპერაციისთვის მზადება. ჩეჩნეთის პირველი ომი 1994-1996 წლებში მიმდინარეობდა. 1996წ. რუსეთის ფედერაციასა და ჩეჩნეთის რესპუბლიკას შორის გაფორმდა ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება და ჩეჩნეთის რესპუბლიკა ფაქტობრივად დამოუკიდებელი გახდა. რუსეთმა შესაძლოა ითქვას ვერ დაძლია ჩეჩნეთის წინააღმდეგობა ამ წლებში. საკითხი ამ შემთხვევაშიც მომავალში გადასაწყვეტად გადაიდო. რუსეთის ფინანსური და ეკონომიკური მდგომარეობა საკმაოდ ცუდი იყო. ამიტომ დროის მოგებას მისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მთავარი იყო ის, რომ რუსეთმა მოახერხა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევა. რუსეთმა მოახერხა საქართველოსა და ჩრდილო კავკასიაში არსებული წინააღმდეგობის კავშირის გაწყვეტა. პრაქტიკულად მოახერხა ამ რეგიონის საკუთარი გავლენის სფეროში დატოვება. მაშინ, როდესაც საქართველოს ეროვნული ხელისუფლება ცდილობდა იმპერიის წინააღმდეგ ფრონტი გაეშალა მთელს კავკასიაში. საქართველოში სამხედრო გადატრიალების შემდეგ, საქართველომ პრაქტიკულად რუსეთს ყველა სტრატეგიული ინტერესი დაუთმო.
საქართველოს პირველი პრეზიდენტის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს მომავალი ორიენტირებული იყო მთელს კავკასიაში რუსეთის წინააღმდეგობის ფრონტის გაშლაზე. ამის შედეგად მოხდებოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უკეთესი დაცვა, ფრონტის ხაზის საქართველოდან გადატანა, თავად იმპერიის ტერიტორიაზე, რომელსაც რუსეთი ვერ გაუძლებდა, როგორც ეს 1994-1996წწ. რუსეთ- ჩეჩნეთის ომის დროს მოხდა. თუ ამ მოძრაობაში ჩერთვებოდა ჩრდილოკავკასიის სხვა რესპუბლიკებიც, რუსეთი ომსაც ვერ შეძლებდა კავკასიაში. ეს შესაძლებელი იყო იმ შემთხვევაში, თუ საქართველო მოახერხებდა სტაბილიზაციას და განვითარებას და პარალელურად სერიოზულ კავშირებს დაამყარებდა ჩრდილოკავკასიის წინააღმდეგობის მოძრაობებთან. რუსეთმა სწორედ ამას შეუშალა ხელი და დაწყებული 1991წ. 22 დეკემბრიდან პირვერიგში საქართველოზე მიიტანა მთავარი იერიში. დაქუცმაცებულ, სისხლში ნაბანავებ ქვეყანას არანაირი რესურსი არ დაუტოვა საკუთარი პოლიტიკის წარმოების.
რუსეთის სტრატეგიული გადაწყვეტილება 90-იან წლებში სწორედ საქართველოს დაშლა იყო, ვინაიდან ერთიანი საქართველო, რუსეთს პრაქტიკულად ისეთ სერიოზულ ფრონტს (ვგულისხმობთ პოლიტიკურ ფრონტს) გაუხსნიდა მთელს კავკასიაში, რომ იმ პერიოდის რუსეთს არანაირი რესურსი არ გააჩნდა ამ ყველაფერს შეწინააღმდეგებოდა. რუსეთმა შეასრულა მთავარი მიზანი, მოახდინა კავკასიის ერთიანი ფრონტის გახლეჩა, დანაწევრება და შემდეგ თითოეულ დაცალკავებულ ფრონტზე საკუთარი კონტროლის აღდგენა. ასე მოხდა 1999წ. როდესაც ჩეჩნეთში პუტინმა ახალი ომი წამოიწყო და პრაქტიკულად იქ რამზან კადიროვის გაპრეზიდენტებით საკითხი გარკვეულწილად მოაგვარა და გადაწყვიტა. სწორედ ამის შემდეგ რუსეთმა უკვე დაიწყო საკუთარი გეოპოლიტკური გავლენის აღდგენა მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეზე. ერთიანი კავკასიური ფრონტის დაშლით, რაც რუსეთმა განახორციელა 90-იან წლებში, მას საშუალება მისცა რთული სიტუაციიდან გამოსვლის შემდეგ კვლავ დაეწყო საკუთარი იმპერიული მიზნების განხორციელება. ჩრდილო კავკასიაში სიტუაციის მეტნაკლებად დარეგულირებით, ვგულისხმობთ არასახელმწიფოებრივ წინააღმდეგობას, რომლის მსგავსი იყო ჯოჰარ დუდაევის ჩეჩნეთი. რუსეთმა დაიწყო საქართველოს, რომელმაც მოახდინა ტრანსეროვნული ენერგო პროექტებით საკუთარი გეოპოლიტიკური სივრცის შექმნა და დასავლურ სტრუქტურებში, კერძოდ ნატოში ინეგრაციის პროცესი მის საწინააღმდეგოდ საკმაოდ გაბედული ნაბიჯების გადადგმა. რუსეთმა შეძლო სრული ფრონტის გადმოტანა საქართველოს ტერიტორიაზე, რასაც 2008წ, აგვისტოს ომი მოჰყვა.
რუსეთის ეს ქმედებები გამოწვეული იყო სწორედ 90-იან წლებში განხორციელებული ქმედებებით, კავკასიის ერთიანი ფრონტის დაშლით, დანაწევრებით და საქართველოსთვის იმ სერიოზული ზურგის მოსპობით, რასაც კავკასია ჰქვია, რომელიც ისტორიულად ჩვენს ზურგს წარმოადგენდა. მათ მიერ 90-იან წლებში განხორციელებულმა ქმედებებმა საქართველოში რუსეთს საშუალება მისცა, ეფიქრა კავკასიის კვლავ დამორჩილებაზე. საქართველოში სამხედრო გადატრიალების, შემდეგ ტერიტორიული კონფლიქტების წარმოებით, საკუთარი სამხედრო ნაწილების ჩაყენებით ამ კონფლიქტურ რეგიონებში რუსეთმა მოიგო დრო, რომელიც საბოლოოდ ერთიანი კავკასიური პოლიტიკის დასარღვევად გამოიყენა და შექმნა საკუთარი გეოპოლიტიკური გავლენის გაფართოების ბაზისი. მარტო დარჩენილი საქართველო, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ დასავლური კურსი აირჩია, კვლავ გახდა რუსეთის აგრესიის მსხვერპლი, რაც იყო შედეგი იმისი, რომ საქართველომ უმძიმესი შეცდომები დაუშვა ამ 20 წლის განმავლობაში. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ელემენტარულად არ იქნა მოაზრებული, თუ როგორ უნდა ეცხოვრა დამოუკიდებელ საქართველოს. როგორ უნდა ებრძოლა იმპერიის წინააღმდეგ. შესაბამისად რუსეთმა მოეხდინა საქართველოს მარტო დატოვება, რამაც ეხლა 15 წლის შემდეგ უმძიმეს მდგომარეობაში ჩაგვაგდო და პრაქტიკულად მარტონი აღმოვჩნდით უკვე გაძლიერებული და ამოსუნთქული იმპერიის წინაშე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბრძოლა უნდა შევწყვიტოთ, ან იმპერიამ დაგვამარცხა საბოლოოდ. პირიქით დღეს გვიწევს 10 ჯერ მეტი ძალისხმევა, რომელიც არ დაგვჭირდებოდა თავიდან ფატალური შეცდომები რომ არ დაგვეშვა. თუმცა ერთი რამეა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ის შეცდომები, რომელიც 90-ან წლებში დავუშვით გამოვასწოროთ და შევქმნათ ზურგი, რომელიც იმპერიას უსერიოზულეს პრობლემებს შეუქმნის. ეს დღეს გაცილებით რთულია, ვიდრე 90-იან წლებში საკმაოდ სუსტი იმპერიის დროს იყო შესაძლებელი, თუმცა შესაძლებელია. ამიტომ თუ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საქართველო წარმოადგენდეს გეოპოლიტიკურ ერთეულს, აუცილებლად გვესაჭიროება იმ შეცდომების აღმოფხვრა, რომელიც დავუშვით. საკითხი საკმაოდ დიდია და ბევრიც შეიძლება დაიწეროს, ამიტომ აღნიშნულ საკითხებზე ჩვენი წერილები მომავალშიც გაგრძელდება.

20.06.10

ირაკლი მარგველაშვილი

Thursday 17 June 2010

შიდა პოლიტიკა, წარსული და მომავალი

ამ წერილით გვსურს მოვახდინოთ საქართველოს შიდა პოლიტიკური ცხოვრების მიმოხილვა, ანალიზი და პერსპექტივები. ვფიქრობ საინტერესო იქნება გავაანალიზოთ 2009-2010წ. მოვლენები. შიდა პოლიტიკური სპექტრის მოძრაობები ამ პერიოდში. რუსეთის შიდა პოლიტიკაში ჩართულობის და საქართველოს წინააღმდეგ ახალი აგრესიის წარმოების მიზეზები.
2009წ. გაზაფხულის დასაწყისში საქართველოში შეინიშნებოდა ერთგვარი აღტკინება, რომ უნდა მომხდარიყო ხელისუფლების შეცვლა. მოლოდინი იმდენად დიდი იყო, რომ ეს განხორციელდებოდა, მან ოპოზიციური პოლიტიკური სპექტრის და ოპოზიციურად განწყობილი ექსპერტების შესაძლებლობებს, როგორც ინტელექტუალურს ასევე ფიზიკურს გადააჭარბა და შესაბამისად ამ მოძრაობამ სრული ფიასკო განიცადა. მინდა ვთქვა, რომ ამ მოძრაობაში ისეთი დომხალი სუფევდა, როგორც ინტელექტუალური, ასევე დაგეგმვითი ხაზით, რომ ამ პროცესის წარმატების დასრულების ალბათობა ძალიან მცირე იყო.
ინტელექტუალურ რესურში ვგულისხმობთ აბსოლუტურ იგნორირებას იმისა, თუ რის მიღწევას ცდილობდნენ, როგორ, რა საშუალებებით და ამ ცვლილების განხორციელების შემთხვევაში ქვეყნის მომავალს რა პერსპექტივა ჰქონდა. ელემენტარული პოლიტიკური ცოდნაა საჭირო იმისათვის, რომ განვსაზღვროთ, ასეთ ჭრელ ოპოზიციურ მოძრაობაში, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა 2009წ. გაზაფხულის აქციებში ქვეყნის, სახელმწიფოს, მისი მომავლის და პერსპექტივის ადგილი სად იყო არავინ იცოდა. ან რა ემუქრებოდა სახელმწიფოს ამ ყველაფრის განხორციელების შემთხვევაში. სად იქნებოდა პოლიტიკური ამბიციების ადგილი და რა მიჯნა აღიმართებოდა ამ ამბიციებსა და სახელმწიფოს შემდგომი განვითარების პერსპექტივას შორის. ამას ნამდვილად დავარქმევ ინტელექტუალური რესურსის ნაკლებობას, რაც მეტყველებს იმაზე, რომ საქართველოში პარტიები თავისი პოლიტიკური ცხოვრებით არ არსებობენ. მათი ქმედება უტოლდება ინერციულ, მიწყივ, არა დაფიქრებულ და ქვეყნის მომავალზე არაორიენტირებულ ქმედებას, რომელსაც პერსპექტივა არა აქვს რაც დადასტურდა კიდევაც.
ლოგიკაა ის, რომ ამ ინტელექტუალური რესურსის არ არსებობის, მომავალზე ორიენტაციის არქონის, მიწყივ და ინერციულ ქმედების დასრულება ხდება მარცხით. ამ შემთხვევაში სუბიექტივიზმი ისეთი ჭარბი ძალითაა წარმოდგენილი, რომ ობიექტური აღქმის უნარი, რომელიც აუცილებელია ქვეყნის მომავლის შესახედათ, მისი პროგნოზირებისათვის, აბსოლუტურად დაქვეითებულია. ამიტომ ლოგიკურია, რომ მსგავსი მოძრაობა დაიშლება და ვერასოდეს შეძლებს გაერთიანებას. სამწუხაროდ ამ პროცესს ვერ ვუწოდებ ჯანსაღ პროცესს, პოლიტიკური ცხოვრების დუღილს. ეს ელემენტარულ ამბიციებზე გათვლილი პროცესია, რომელსაც იმ შემთხვევაში, თუ მას დაუპირისპირდება ლოგიკური საპირწონე ძალა მარტივად მოახერხებს ასეთი მოძრაობის დაშლას, მთელი ამ მოძრაობის სადავეების ხელში ჩაგდებას და მის მიერ თამაშის საკუთარი სურვილით წარმართვის ალბათობა ძალიან მაღალია. ასეც მოხდა. ხელისუფლებამ საკმაოდ მარტივად შეძლო ასეთი მოძრაობის დაშლა- დანაწევრება და სხვათა შორის უნდა ვთქვა, რომ გარდა იმისა, ეს ლოგიკურიც იყო, კარგიც იყო, ვინაიდან არ შეიძლებოდა ასეთი მოძრაობისთვის რაიმეს დათმობა.
შესაძლოა ამ თეზაში შეგვეწინააღმდეგონ, როგორ ხელისუფლება კარგია? არა, ხელისუფლება კარგი კი არ არის, ან ვინმეს კი არ სჯობნის, არამედ ხელისუფლება არის ლოგიკური და ის, ვინც არის ლოგიკური მას შეუძლია პროცესებზე ზემოქმედება. ვისაც პროცესებზე ზემოქმედება შეუძლია ის უფრო ძლიერია. ეს ელემენტარული ლოგიკაა.
თუ განვავრცობთ ამ აზრს, მივალთ საკმაოდ საინტერესო სურათამდე. 2007წ. შემდეგ საქართველოს შიდა პოლიტიკური სივრცე ჩაიკეტა. ეს ხელისუფლების დამსახურება იყო. აქ უკვე დადგა საკითხი შემდეგნაირად: ვინ გაუძლებს. 2009წ. ვერცერთმა არასაპარლამენტო პოლიტიკურმა ძალამ ვერ გაუძლო ცდუნებას და მთლიან ამორფულ პროცესში მონაწილეობა მიიღო. ამ შემთხვევაშიც, როგორც 2007წ. ნოემბერში აბსოლუტურად, უცერემონიოდ, ურევიზიოთ მოხდა პროცესებში ჩართვა. პროცესებში, რომლის განვითარების, საბოლოო შედეგის დადგომის ალბათობა არცერთ პოლიტიკურ ძალას არ ჰქონდა გაცნობიერებული. აბსოლუტური დინების მიმართულებით ცურვა მიმდინარეობდა და სად გავიდოდა ეს მდინარე არავინ იცოდა.
შედეგებიც შესაბამისი დადგა. 2009წ. აპრილის აქციებმა პრაქტიკულად მოახდინა ამ ამორფული ერთობის დაშლა-დანაწევრება. შესაბამისად ჩაკეტილი შიდა პოლიტიკური სივრცე, რომლის მხოლოდ ჩრდილოეთის კარები იყო ღია თავის ლოგიკურ შედეგს მიაღწია. იმ დროს, როდესაც ორიენტაცია აღებული იყო მხოლოდ ხელისუფლების შესაცვლელად და მთელი ამ აქციების პათოსი ყველა პოლიტიკური ძალის მიმართული იყო ხელისუფლების საწინააღმდეგოდ, შესაძლო შედეგზე არავის ჰქონდა ნაფიქრი. აქციების შემდგომმა პროცესებმა ნათლად აჩვენა, რომ აქციების პათოსი სულაც არ შეეფერებოდა იმ სინამდვილეს, რაც მასში მონაწილე ბევრი პოლიტიკური ძალის შემდგომი ნაბიჯებით გამოჩნდა.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მთელი ამ აქციების რიტორიკა აგებული იყო და აბსოლუტურად იდენტური იყო რუსული რიტორიკის, რომელიც 2008წ. ომის შემდეგ ჩამოყალიბდა. ამ რიტორიკის ლოგიკური გაგრძელება იყო ის ნაბიჯები, რომელიც შემდეგ 2010წ. გადაიდგა. პოლიტიკურმა ძალებმა დაიწყეს იმ ჩრდილოეთის ღია კარებში გასვლა მოსკოვის მიმართულებით, რომელიც ჩაკეტილ შიდა პოლიტიკურ ველზე ღია დატოვეს. არ ვიტყვი, რომ რაიმე იყო არალოგიკური. ქმედებები, რიტორიკა და ლოგიკა ერთ კორელაციაში მოექცა და აბსოლუტურად ბუნებრივი იყო ეს ყოველივე.
2010წ. უკვე ნათელი გახდა, რომ იმ ოპოზიციის ნაწილი, რომელიც 2009წ. სხვა ოპოზიციურ გაერთიანებებთან ერთად იდგა ხელისუფლების წინააღმდეგ მოსკოვში გაემგზავრნენ. საიდანაც ჩამოიტანეს შეფუთული იდეა, რომ რუსეთთან დიალოგი აუცილებელია. სხვათა შორის უნდა აღინიშნოს, რომ ამ იდეას ბევრმა სხვა ოპოზიციურმა ძალამ დაუჭირა მხარი. ეს დროში სად მიიყვანს ამ ძალებს არ ვიცით, მაგრამ გამორიცხული არ არის, რომ იმ ღია კარებში სხვებიც გავიდნენ.
რა იყო ამ ყველაფრის მიზეზი. რატომ მოხდა, რომ საქართველო-რუსეთის ომის შემდეგ ოპოზიციამ გადაწყვიტა დადგომოდა იმ გზას, რომელიც თუნდაც ხელისუფლებაში მათი მოსვლის შემთხვევაში აბსოლუტურად უარყოფით შედეგებს გამოიწვევდა სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით. თუ საქართველოს ხელისუფლება მათ მიერ დადანაშაულებული იქნებოდა აგვისტოს ომის შედგებში, მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, რუსეთის მიერ მოხდებოდა გარკვეულწილად სწორედ ამ ომის შედეგების ლეგალიზაციის მოთხოვნის დაყენება. უბრალოდ არ მინდა დავიჯერო, რომ ამ აბსოლუტურად წაგებულ ნაბიჯზე წასვლა ღირდა ხელისუფლებაში მოსვლისათვის. როგორც ეტყობა ღირდა, ვინაიდან ოპოზიციის ნაწილის რუსეთის ლეგალურმა ვიზიტებმა ეს ყოველივე დაადასტურა. დაადასტურა იმ აქციების (2007-2009წწ.) შესაძლო წარმომავლობა, მაგრამ სულაც არ გამიკვირდება, რომ პოლიტიკური სპექტრის დიდ ნაწილს ამაზე წარმოდგენა არ ჰქონოდა.
ვერაფერს დავიჩემებთ. 2010წ. საარჩევნო წელია. არჩევნებამდე პოლიტიკური სუბიექტები მოსკოვში გაემგზავრენ. რუსეთის სურვილი იყო შემოსულიყო საქართველოს შიდა პოლიტიკაში არჩევნების წინ, რათა მოეხდინა საკუთარი შესაძლებლობების შეფასება და შემდგომი ნბიჯების უკეტ დაგეგმვა. ქართული ოპოზიციის ნაწილი ამაზე დათანხმდა, მაგრამ როგორ უნდა შეიფუთოს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ რუსეთში გამგზავრება, რუსეთთან კონტაქტი, რომელსაც პრეზიდენტი სააკაშვილი პოლიტიკურ გვამად ჰყავთ გამოცხადებული, ეს უცნობია და არც გამოსდით.
უნდა ითქვას, რომ რუსეთში წასული პოლიტიკური ლიდერების მთავარი ამოცანა არის საქართველოში მათი პოზიციების გაძლიერება რუსეთის დახმარებით და აქ არანაირი დემაგოგია, რომ მხოლოდ იმისთვის მიდან მოსკოვში რუსეთთან დიალოგი აწარმოონ არ გავა. მთელი მათი ნაბიჯები, რომელიც გადადგმულ იქნა იმისთვის, რომ ხელისუფლება შეეცვალათ ნებისმიერ ფასად, აბსოლუტურად ვერ გამორიცხავს ამ საქმეში რუსეთში დახმარებისთვის ჩასვლას. აქ ნებისმიერი საუბარი, ერთფეროვან ნაჭერზე ჭრელ საკერებელს დაემსგავსება.
რუსეთის დედაქალაქში ვიზიტები, თავად რუსეთის სურვილი შემოვიდეს საქართველოს შიდა პოლიტიკაში, არ არის საქართველოს სასარგებლოდ გადადგმული ნაბიჯი და ეს ელემენტარული ლოგიკაა. ქვეყანა, რომელმაც 2 წლის უკან მთელი საქართველო დაბომბა არ შეიძლება 2 წლის შემდეგ კეთილი სურვილები ამოძრავებდეს და ამის დაჯერება აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ნებისმიერ ლოგიკას. პირიქით, რუსეთის მიზანი საქართველოს საკუთარ გეოპოლიტიკურ ინტერესებში მოქცევაა, რაც არაერთხელ დადასტურდა და განსაკუთრებით აგვისტოს ომის შემდეგ, ხოლო ამ ყველაფრის ფონზე ოპოზიციური ნაწილის მოსკოვში ვიზიტები რას უნდა ემსახურებოდეს ვფიქრობ დიდი მიხვედრა ამას არ სჭირდება.
ხელისუფლების შეცვლის სურვილი იმდენად დიდია ოპოზიციური სპექტრში, რომ პრატიკულად ყველა ნაბიჯზე, ყველა შესაძლებლობაზე მიდიან. საკვირველია, მაგრამ მზად არიან რუსეთი შიდა პოლიტიკაში ჩართონ. 2009წ. აქციები ამის პროლოგი იყო, თუ უფრო წინ წავიწევით 2007 წლის მოვლენებიც ამის პროლოგია. ურევიზიო, გაუთვლელი, წინდაუხედავი პოლიტიკური მოძრაობა, რომელმაც მხოლოდ ერთი რამ გამოაჩინა. პოლიტიკური ინფანტილიზმი. სხვას ვერაფერს დავარქმევთ ამ მოძრაობას. იმ შემთხვევაში, როდესაც პოლიტიკურ პარტიას შეუძლია წავიდეს ნებისმიერ ნაბიჯზე, სადაც აბსოლუტურად არ არის მოაზრებული ქვეყნის მომავალი, ის შედეგები, რომელიც შესაძლოა მათ ნაბიჯებს მოჰყვეს, არ არის მოაზრებული სახელმწიფოს განვითარება, მისი მდგომარეობა და მაინც დგამ ამ ნაბიჯებს ეს არის პოლიტიკური ინფანტილიზმი ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე. ამ შემთხვევაში ნებისმიერ კეთილშობილურ ლოზუნგს დემოკრატია, ადამიანის უფლებები, საქართველოს მომავლის გადარჩენა.... მხოლოდ სიყალბეა და მეტი არაფერი.
საინტერესოა საქართველოს უახლესი ისტორიის პარალელი. ასეთი ინფანტილური, ასეთი დაუგეგმავი, 1992წ. გადატრიალების მომწყობნი არ ყოფილან. მათ იცოდნენ რას აკეთებდნენ, მათ იცოდნენ რომ ზვიად გამსახურდიას დამხობის შემდეგ აქ ედუარდ შევარდნაძე ჩამოვიდოდა და ასეც მოხდა. დღეს ეს არ არის. დღეს პრაქტიკულად ოპოზიცია ინფანტილიზმში ჩავარდნილი. მათ ბავშვურად უნდათ..... და მეტი არაფერი.
უნდა ავღნიშნო, რომ აბსოლუტურად არ არის მოაზრებული ოპოზიციური სპექტრის მიერ საქართველოს შიდა პოლიტიკის განვითარების მომავალი. ის ოპოზიციური სპექტრი, რომელსაც პრეტენზია ჰქონდა, რომ წარმოადგენდა დასავლური ღირებულებების მატარებელ ძალას საკმაოდ სუსტი აღმოჩნდა. მაშინ, როდესაც ოპოზიციის ერთმა ნაწილმა სრულიად დაუფარავად რუსეთის პოლიტიკურ ისტებლიშმენტთან კავშირები გააბა, იმის ნაცვლად, რომ მას წინ აღდგომოდნენ და მოეხდინათ შიდა პოლიტიკური ოპოზიციურ ფლანგზე სრული გამარჯვება და მასიმალურად შეეზღუდათ რუსეთთის ინტერესები ამ ფლანგზე, აბსოლუტრად ინფანტილურად მიუდგნენ საკითხს. მათთვის გაუაზრებელია ის საშიშროება, რომელსაც შექმნის პრორუსული ოპოზიციური სპექტრი საქართველოში. ამ შემთხვევაში სწორედ მათ მიერ იყო გადასადგმელი ქმედითი ნაბიჯები, რომ მომხდარიყო ამ ოპოზიციური სპექტრის შევიწროება.
მათ გაუაზრებელი აქვთ რუსული სქემა, რომელიც მდგომარეობს შემდეგში. მოახდინონ ნებისმიერი პროდასავლური ოპოზიციური ძალის დისკრედიტაცია და დამარცხება შიდა პოლიტიკურ პროცესებში. მოახდინონ საკუთარი ძალების მობილიზაცია და ხელისუფლების წინაშე დარჩნენ პირისპირ მხოლოდ ეს პრორუსული ოპოზიციური სპექტრი. რითაც შეიქმნება შემდეგი სურათი. ერთადერთი გავლენიანი ოპოზიციური ნაწილი, რუსული სქემით იქნება სწორედ პრორუსული ოპოზიცია. რომლის უკანაც დადგება ოპოზიციურად განწყობილი ელექტორატი, რომელიც მომავალ არჩევნებში გამარჯვების გარანტია იქნება სწორედ ამ ძალებისთვის. დასავლური ღირებულებების მატარებელი ოპოზიციური სპექტრის დასუსტება და დამარცხება სწორედ რუსეთს აწყობს. მათი გეგმაა, ჯერ ჩამოიცილონ პროდასავლური ოპოზიციური სპექტრი, შემდეგ მოახდინონ ხელისუფლების დამარცხება. ამის ვერგაცნობიერება არის სწორედ დიდი ინფანტილიზმი.
თუ დავაკვირდებით 2010წ. მაისის არჩევნებს, პრორუსული ოპოზიციური სპექტრის მხოლოდ ერთმა ნაწილმა მიიღო მასში მონაწილეობა ეს ნოღაიდელის „ეროვნული საბჭო“ იყო. ხოლო მეორე ნაწილმა ბურჯანაძის ფრთამ მასში მონაწილეობა არ მიიღო. ეს ერთგვარი ძალების მოსინჯვა იყო რუსული გეგმის მიხედვით. მათი მთავარი ამოცანა იქნება 2012 წლისათვის სრულად მოახერხონ პროდასავლური ოპოზიციური სპექტრის ნეიტრალიზება და არჩევენებზე დაუპირისპირდნენ ხელისუფლებას საკმაოდ ძლიერი ფრონტით. იმ შემთხვევაში თუ ოპოზიციის პროდასავლური ნაწილი ვერ აუღებს ალღოს ამ ახალ რეალობას საკმაოდ რთულ ვითარებაში აღმოჩნდება. რისი ნიშნებიც უახლოესი თვეების მანძილზე უფრო გამოჩნდება.
თუმცა არ იქნება გასაკვირი, როგორც 2007 და 2009 წლებში იმდენად დიდი იყოს ცდუნება ხელისუფლების ხელში ჩაგდების, სწორედ ამ პრორუსულ ძალებთან ერთად, ურევიზიოდ, ყოველგვარი დაფიქრების გარეშე და იმის იმედით, რომ ხელისუფლების გადაყენების შემთხვევაში ძვალს გადაუგდებენ ისევ მათთან დადგნენ, როგორც ეს წინა წლებში გააკეთეს. ჩვენ ხომ წინა წლებში პოლიტიკური ინფანტილიზმის დიდი გამოცდილება გვაქვს.
2010წ. მაისის ადგილობრივ არჩევნებში ნაჩვენები შედეგით პროდასავლური ტიპის პარტიებს შემდეგი მოქმედებების გაძლიერების და პრორუსული ოპოზიციური ძალების დამარცხების, შიდა პოლიტიკური ველიდან გაძევების მშვენიერი სტარტაპი მიეცათ. ამას ხელისუფლებამაც შეუწყო ხელი. თუმცა, იმ გასული წლების ინფანტილიზმის ფონზე, რამდენად გამოიყენებენ ამ მდგომარეობას ძნელი სათქმელია. ყოველ შემთხვევაში, ეხლახანს გაჟღერებული პოლიტიკური „ალიანსის“ დაშლა, სადაც ოთხი პარტია მოანწილეობდა ამის იმედს ნაკლებად ტოვებს.

გაგრძელება იქნება.

17.06.2010წ.

Tuesday 15 June 2010

რუსეთის მიერ საქართველოს იზოლაციის მცდელობა

ალბათ, საინტერესოა მიმოვიხილოთ საქართველოს წინააღმდეგ რუსული აგრესიის რამდენიმე ასპექტი, რომელიც მართალია საუბრის თემა გახდა, მაგრამ უფრო ნიშნის მოგების. 2008წ. აგვისტოს ომის შემდეგ, რუსეთი აღმოჩნდა რა, საკმაოდ არასახარბიელო მდგომარეობაში საერთაშორისო თანამეგობრობის მიმართ, გადაწყვიტა აგრესიის ტაქტიკა შეეცვალა. ტაქტიკა შეიცვალა და მაქსიმალური ძალისხმევა გაკეთდა იმ მიმართულებით, რომ მომხდარიყო საქართველოს იზოლაცია მსოფლიო თანამეგობრობის მიერ. ათვლის წერტილად ამ იზოლაციონისტური პოლიტიკის შეიძლება ჩავთვალოთ რუსეთის პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის განცხადება: „სააკაშვილი პოლიტიკური გვამია“. საქართველოს იზოლაციაში მოქცევის გეგმამ სწორედ ამ ფრაზიდან დაიწყო მოქმედებაში მოსვლა.
ამერიკის ადმინისტრაციის ცვლილებამ საკმაოდ დადებითად იმოქმედა ამ გეგმის განხორციელებაზე. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ხელისუფლება ვერ აღმოჩნდა მზად ახალ ადმინისტრაციასთან სათანამშრომლოდ. ვფიქრობ სუბიექტური მიზეზებით უნდა ავხსნათ. რესპუბლიკური პარტიის დამარცხებამ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ავტომატურად აქცია ეს პარტია ახალი ადმინისტრაციის ოპოზიციად. იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლების კავშირები ძირითადად მიმართული სწორედ რესპუბლიკური პარტიისკენ იყო, პრაქტიკულად საქართველოს ხელისუფლება, კიდევ ვიმეორებ სუბიექტური მომენტის გამო აღმოჩნდა ამერიკის ოპოზიციის ბანაკში. ანუ რესპუბლიკელებთან ერთად. ამით ისარგებლა სწორედ რუსეთმა და თავისი იზოლაცინისტური ფრონტი საქართველოს წინააღმდეგ მთელს ევროკავშირში გაშალა.
რუსეთის ამ ნაბიჯებს ასევე ხელი შეუწყო საქართველოს ხელისუფლების საკმაო პასიურმა პოლიტიკამ. ამერიკის ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ საქართველოს ხელისუფლება გარკვეულწილად დაბნეული აღმოჩნდა. ვფიქრობ კარგად არ იყო გაანალიზებული საქართველოს თვისობრივად ახალ გეოპოლიტიკურ თამაშში ყოფნა.
ამ პროცეში გამოჩნდა ხელისუფლების შებოჭილობა ახალ ადმინისტრაციასთან. მიუხედავად იმისა, რომ 2009წ. ზაფხულში ბარაქ ობამას ვიზიტისას მოსკოვში საქართველოს საკითხზე ამერიკის პოზიცია საკმაოდ მკაფიოდ გამოჩნდა, რომ ამერიკა საზღვრების ახალ გადანაწილებას არასოდეს ცნობდა, ასევე ჯო ბაიდენის ვიზიტმაც საქართველოში ეს საკითხი კიევ უფრო გამჭვირვალე გახდა, ხელისუფლება ვერ გრძნოდა თავს თავისუფლად. შებოჭილობა შეინიშნებოდა. ეს მოხდა იმის გამო, რომ ძველ ადმინისტრაციასთან საკმაოდ ახლო ურთიერთობების შემდეგ, როგორც ძველი ადმინისტრაცია აღმოჩნდა ოპოზიციაში ობამას ადმინისტრაციასთან, ამან გავლენა საქართველოს ხელისუფლებაზეც მოახდინა. თუმცა ეს ყოველივე დასრულდა 2010წ. აპრილში პრეზიდენტის ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში.
იმის გამო, რომ რუსეთს საკმაოდ მძლავრი ბერკეტები აქვს ევროკავშირში, რიგი ფსიქოლოგიური, სუბიექტური და ობიექტური ფაქტორების გამო, მოახერხა ამ იზოლაციის მოქმედებაში მოყვანა. რას ვგულისხმობთ ამ ფაქტორებში. ომის დღეებში და შემდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში, ალბათ გვახსოვს ევროკავშირის საკმაოდ მწვავე პოზიცია რუსული აგრესიის წინააღმდეგ. გვახსოვს ევროკავშირის სექტემბრის დადგენილება, რომელიც საკმაოდ მწვავე იყო რუსეთის მიმართ. ასევე ამერიკის ადმინისტრაციის ძალიან მწვავე განცხადებები, რომელიც კონდოლიზა რაისმა მარშალის ფონდში გამოსვლისას საკმაოდ დეტალურად გაახმოვანა.
რუსეთმა აამუშავა სამივე ფსიქოლოგიური, სუბიექტური და ობიექტური ფატორები, რათა მოეხდინა თავისი მიზნების განხორციელება. მისთვის იმ ეტაპისთვის მთავარი იყო მოეხდინა ევროპელი ლიდერების დაჯერება და ეს ასეც იყო, რომ სააკაშვილთან თავად არ საუბრობს. ასევე საკუთარი პირადი ურთიერთობების და ობიექტურად არსებული ბერკეტების დახმარებით მოახერხა მსოფლიო რიტორიკაში დაბრუნება. ამისთვის საკმაოდ ბევრი იმუშავეს. ასევე მოხდა იმ ფაქტორისპედალირება, რომ ევროპელ ლიდერებს სულაც არ აწყობდათ საქართველოს ხელისუფლებასთან საუბარი, წმინდა ფსიქოლოგიური მომენტის გამო. ეს მდგომარეობდა შემდეგში, პრაქტიკულად არანაირი გაგრძელება არ მოჰყვა 2008წ. ევროკავშირის რეზოლუციას რუსეთის წინააღმდეგ. სავარაუდოდ ამაში დასავლეთ (ძველი ევროპა) ევროპულმა ქვეყნებმა ყველაზე მეტი წვლილი შეიტანეს. შესაბამისად მათთვის საკმაოდ არაკომფორტული იქნებოდა საქართველოს პრეზიდენტის მიერ დასმული კითვები ამ პასიურობის შესახებ. აბსოლუტურად ადამიანურია ის, რომ მსგავსი კითხვების მოსმენა ძალიან არასასიამოვნოა, ხოლო თუ არსებობს საშუალება შეიფუთოს ამ კითხვების არდასმა რაიმე პოლიტიკური ინსინუაციით, სიამოვნებით მიმართავენ ამ ხერხს და ესეც ერთობ ადამიანურია.
საინტერესოა რატომ მოხდა ეს. დეკლარაციის დონეზე და სამწუხაროდ სწორედ დეკლარირებულად იქნა ეს ჩვენთვისაც მოწოდებული, ევროპა ვერ უღალატებს საკუთარ პრინციპებს. არ აღიარებს რუსეთის სტატუსკვოს კავკასიაში. არ აღიარებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და ეს პრინციპებია. მიუხედავად ამისა, ის არ აამოქმედებს ქმედით ნაბიჯებს, რაც გამოიხატება რუსეთის იძულებაში შეასრულოს საკუთარი ვალდებულებები, მანამდე სანამ მსოფლიო გეოპოლიტიკური კონიუნქტურა არ მისცემს მათ ამის საშუალებას. ცოტა ისტორიულ პარალელებს თუ მოვიშველიებთ უფრო ნათელი გახდება ჩვენი მსჯელობა.
1945წ. იალტის კონფერენციაზე საბოლოოდ განისაზღვრა ახალი მსოფლიო წესრიგის მაშინდელი გადანაწილება. გეოპოლიტიკურ მაგიდას მხოლოდ 2 სახელმწიფო მიუჯდა. რუსეთი, წარმოდგენილი საბჭოთა კავშრის სახით და ამერიკის შეერთებული შტატები. ევროპა ამ მაგიდასთან არ იჯდა. 90-იანი წლებიდან ამ მაგიდასთან მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატები დარჩა. ევროკავშირის შექმნა იყო სწორედ ის წერტილი, როდესაც ძველმა ევროპულმა გრანდებმა საფრანგეთი-გერმანია მოინდომეს ამ მაგიდასთან დაჯდომა, რა თქმა უნდა საკუთარ არიალზე. სწორედ რუსეთით დაიწყეს ევროპელებმა ამერიკის წინაშე მანიპულირება და ეს განსაკუთრებით 21 საუკუნის დასაწყისიდან გახდა თვალშისაცემი. შესაბამისად დასავლეთ ევროპასა და რუსეთს შორის ურთიერთობები საკმაოდ დათბა. ბევრი ფაქტორის გამო. ძირითადი იყო, სწორედ ევროპის სურვილი მოეხდინა რუსეთის მეშვეობით ამერიკასთან ურთიერთობების დალაგება გეოპოლიტიკურ ასპექტში, რაც გულისხმობდა დასავლეთ ევროპის გარკვეულწილად დამოუკიდებელი გეოპოლიტიკური თამაშის წარმოებას. რუსეთისთვის ეს იყო საკმაოდ მომხიბლავი იდეა და პრაქტიკულად ახალი შესაძლებლობა მოეხდინა მისი გეოპოლიტიკური მნიშვნელოვანების გაზრდა. პოსტსაბჭოთა გეოპოლიტიკური სივრცის აღდგენისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. მითუმეტეს, რომ რუსული პოლიტიკა ენერგომატარებლების მონოპოლიზებას ემსახურებოდა, რაც საკმაო ბერკეტი იყო მისი პრეტენზიების დაკმაყოფილებისა ევროპულ პოლიტიკაში ჩართულობის გზით. რუსეთისთვის ეს ფანჯრიდან გეოპოლიტიკურ ველზე სწრაფად გადაძრომის პოლიტიკა იყო და არის.
ვინაიდან რუსული გეოპოლიტიკა აუცილებლად მოიაზრებდა თავისთავში კავკასიაში ყოფნას, ხოლო საქართველო იყო ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამას ხელს უშლიდა, აბსოლუტურად ლოგიკური გახდა რუსეთის სურვილი მოეხდინა საკუთარი ინტერესების გატარება როგორც კავკასიაში ასევე საქართველოში. სწორედ ამის გამოძახილი იყო 2008წ. აგვისტოს ომი.
ევროპისთვის 2008წ. აგვისტოს ომი საკუთარი პრინციპების ხელყოფად შეფასდა, ვინაიდან მსგავსი პრეცენდენტის დაშვება სწორედ მომავალ ევროპის უსაფრთხოებაზე მოახდენს გავლენას, რისი დაშვებაც არ შეიძლება. თუმცა საქართველოს ამით მხოლოდ პოლიტიკურ სამართლებრივი სარგებელი ერგო და არა ფაქტობრივი. ქართული ტერიტორიები კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ.
ევროპა შემოიფარგლა სწორედ პოლიტიკურ სამართლებრივი საფუძვლებით. მატ პრატიკულად უარი თქვეს გაეტარებინათ ფაქტობრივი ღონისძიებები და ეიძულებინა რუსეთი მოეხდინა საკუთარი ვალდებულებების შესრულება.ეს შესაძლოა დავაბრალოთ იმ გეოპოლიტიკურ კონიუნქტურას, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ.
თვალში საცემია ის გარემოება, რომ რუსეთის ქმედებები საქართველოში 2008წ. მოფიქრებული და მოაზრებული კი იყო, მაგრამ საკმაოდ ნაჩქარევი ნაბიჯი იყო. დროის სიმცირემ რუსეთს არ მისცა საშუალება, რომ საქართველოს საკითხი საბოლოოდ გადაეწყვიტა, ანუ მოეხდინა საქართველოს ჩართულობა საკუთარ გეოპოლიტიკურ სივრცეში.
სწორედ ამიტომ იზოლაციის მცდელობის პროცესი ამის გამო დაიწყო. ეს იყო იმ პროცესის საპირწონე ქმედება, რომელიც რუსეთმა 2008წ. აგვისტოს ომით შექმნა, რასაც მხარი არ დაუჭირა მსოფლიო თანამეგობრობამ. რუსეთის ეს ნაბიჯები საკმაოდ ნაყოფიერ ნიადაგზე იყო მოფიქრებული. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის 2008წ. აგვისტოს ომს არც ევროკავშირი და არც აშშ არ ეთანხმებოდა და აბსოლუტურად განსხვავებული პოზიციები ჰქონდათ, რუსეთს გააჩნდა საკმაოდ სერიოზული ბერკეტები ევროპის წინააღმდეგ, რომ საქართველოს იზოლაცია მოეხდინა, სრულყოფილად თუ არა, ემუშავა მაინც ამ საკითხზე საკმაოდ ქმედითად.
რუსეთმა შეძლო ერთმანეთისთვის დროსა და სივრცეში დაემთხვია ისეთი საკითხები, რომელიც მას მისცემდა საშუალებას, მიუხედავად ევროკავშირთან და აშშ-თან საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე განსხვავებული პოზიციებისა, მაქსიმალურად მოეხდინა საკუთარი პრესტიჟის აღდგენა. გამოეყენებინა ამისთვის ენერგო მატარებლების ბერკეტები. სწორედ ამ ბერკეტების გამოყენებით, რუსეთმა შეძლო მიერო ევროკავშირის ლიდერი სახელმწიფოებისაგან უტყვი თანხმობა, რომ აგვისტოს ომი დაებრალებინათ საქართველოსთვის და დაევიწყებინათ. ეტაპობრივად ეს ნამდვილად მომგებიანი იყო რუსეთისთვის. მას სჭირდებოდა საქართველოს თემის დახურვა და არა პედალირება. სწორედ ამის გამო მოახდინეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საერთაშორისო ორგანიზაციების გაძევება. (ეუთო, გაერო). ასევე სასტიკად შეეწინააღმდეგნენ ევროკავშირის დამკვირვებლების შესვლას ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
საერთაშორისო ორგანიზაციების ოკუპირებულ ტერიტორიებზე ფუნქციონირება რუსეთს ამ საკითხის დახურვის საშუალებას არ მისცემდა. ამიტომ მათ ეს ბერკეტებიც გამოიყენეს. რაც შეეხება ევროკავშირს, მათ პრინციპში ეს ლოგიკა მიიღეს. მიიღეს იმის გამო, რომ სადღაც რუსეთის ფაქტორი მათ პრინციპებზე მეტი აღმოჩნდა. რუსეთის არ გაუწიეს წინააღმდეგობა რომ საკითხი არ დახურულიყო. რუსეთმა მოახერხა ისიც, რომ გეოპოლიტიკურ არენაზე საკმაოდ ქმედითი ნაბიჯები გადაედგა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი სხვა პრიორიტეტით, ირანის საკითხით ჩაენაცვლებინა. ამით საკმაოდ კომფორტული პირობა შეუქმნა ევროკავშირს საქართველოს გარკვეულწილად იზოლაციის კუთხით. რაც გულისხმობდა საქართველოს საკითხის დახურვას, საკითხის დროში გადადებას, დროის მოგებას.
ამ პროცესებს პარალელურად სდევდა რუსეთის ხელმძღვანელობის მცდელობა მოხდინა საქართველოს შიდა პოლიტიკურ ველზე შემოსვლა და ამ კუთხით საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის გაგრძელება. არ შეიძლება პროცესები ცალცალკე განვიხილოთ. ჩემის აზრით პროცესი განხილულ უნდა იქნეს ერთიანად. ვგულისხმობთ შემდეგს, რუსეთის მიერ საგარეო იზოლაციონიზმის პოლიტიკა სრულ თანხვედრაშია მის შემოსვლის მცდელობაზე საქართველოს შიდა პოლიტიკურ ველზე. აღნიშნული ქმედებით რუსეთი ცდილობს, საქართველოს იზოლაციის ფონზე მოახდინოს საქართველოში შიდა პოლიტიკურ ველზე გამარჯვება, რითაც პრაქტიკულად გადაწყვეტს საქართველოს საკითხს. მოაქცევს საქართველოს საკუთარ გეოპოლიტიკურ ველში და დაუქვემდებარებს თავის იმპერიულ პარადიგმას. პროექტი ძალიან ჰგავს უკრაინის ვარიანტს, სადაც რუსეთმა შეძლო მისი განხორციელება, მოიყვანა ქვეყნის სათავეში ის პოლიტიკური გუნდი, რომელიც მის მიმართ ძალიან ლოიალურად არის განწყობილი.
რუსეთის მცდელობას შემოსულიყო შიდა პოლიტიკურ ველზე მხარდამჭერები ქართულ ოპოზიციაში გამოუჩნდა. რამდენიმე პოლიტიკურმა პარტიამ და მისმა ხელმძღვანელმა მიიღეს რუსეთის შემოთავაზება. არის მცდელობა საქართველოში დამკვიდრდეს მოდური ლოზუნგები: „აუცილებელია რუსეთთან მოლაპარაკებები“, „ აუცილებელია რუსეთთან დიალოგი“... ამ ლოზუნგებს უკან ცდილობენ შეიფუთოს ის დისკურსი, რომელიც საქართველომ 1994წ. 2008 წლებში ე.წ. რუსეთთან დიალოგით გაიარა. მთელი ურთიერთობების გაფუჭება მხოლოდ რუსული ხელისუფლების მხრიდან ხდებოდა. ეკონომიკური ბლოკადა 2005-2006წწ. საზღვრების ჩაკეტვა, ქართველთა მასობრივი დეპორტაცია რუსეთიდან 2006-2007წწ. საჰაერო მიმოსვლის აკრძალვა. არცერთი ეს ქმედება საქართველოს მხრიდან არ მომხდარა.
აბსოლუტურად გასაგებია რუსული ქმედება იმ შემთხვევაში, თუ ის შიდა პოლიტიკურ ველზე გაიმარჯვებს. მთავარი ქმედითი საკითხი მისთვის ამ შემთხვევაში იქნება მთელი ამ აკრძალვების მოხსნა საოკუპაციო რეჟიმის მოხსნის სანაცვლოდ. ამ შემთხვევაში რუსეთი საბოლოოდ შეძლებს 2008წ. აგვისტოს ომის შედეგების ლეგალიზებას. ეს მათი საბოლოო შედეგი იქნება საქართველოსთან წარმოებულ ომში.
უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის მცდელობებმა შემოსულიყო შიდა პოლიტიკურ ველზე საკმაოდ ცუდად ჩაიარა. 2010წ. მაისში ადგილობრივ არჩევნებში მისმა სატელიტმა „ეროვნულმა საბჭომ“ 5% იანი ზღვარი ძლივს გადალახა. ამ შემთხვევაში საქართველოსთვის მთავარი იყო, რომ რუსეთის ნებისმიერი მცდელობა მოახდინოს თავისი ინტერესებს ლეგალიზება შიდა პოლიტიკურ ველში დამთავრდეს მარცხით. შეიქმნას საქართველოში სახელისუფლებო და ოპოზიციური ისეთი შიდა პოლიტიკური ველი, რომელიც არანაირ საფრთხეს არ შეუქმნის საქართველოს გეოპოლიტიკურ მდგომარეობას მომავალში, რომელიც არ მოახდენს რუსული ინეტერესების ლობირებას საქართველოში, ხოლო რუსული ინტერესების ლობისტური პოლიტიკური ძალების არსებობა იქმნება ისეთი უმცირესობაში, რომ მათ არსებობას საერთოდ დაეკარგება აზრი. ეს პროცესი მაისში წარმატებით განხორციელდა.
რუსეთის მცდელობა მოეხდინა საქართველოს იზოლაცია საგარეო პოლიტიკურ ველზე წარმატებულად ვერ ჩაითვლება, ვინაიდან რუსეთი ვერ იღებს იმ პოლიტიკურ დაპირებას, რომ საქართველო დაითმობა რომელიმე მისი გეოპოლიტიკური ინტერესის სანაცვლოდ, ხოლო შიდა პოლიტიკის მეშვეობით ამის განხორციელების შანსი პრაქტიკულად არ არსებობს.
დროში რუსეთის ამ მცდელობების მარცხი საკმაოდ მაღალია. ამ შემთხვევაში საქართველოს მხრიდან უნდა მოხდეს პედალირება იმ პრინციპებზე, რომელიც უმნიშვნელოვანესია დასავლური სამყაროსათვის და რაშიც საქართველოს დეკლარირების დონეზე უპირობო მხარდაჭერა აქვს. შესაბამისად ქვეყნის განვითარების და ჯიუტად, დაჟინებით სვლა საერთაშორისო თანამეგობრობაში სრულყოფილი ინტეგრაციისკენ არის ერთადერთი გარანტია მოახდინოს საქართველომ თავისი დამოუკიდებლობის და თავისუფლების განმტკიცება და რუსეთის იმპერიისგან თავის დაღწევა.
14.06.2010წ.
ირაკლი მარგველაშვილი

Sunday 13 June 2010

„ქართლის ცხოვრება“ მარად იგივეში

ვკითხულობ „ქართლის ცხოვრების“ ქრონიკებს, უფრო წერილს, რომელიც ჟამთააღმწერელმა ჩვენს მომავალში გადმოაგზავნა. სავალდებულო საკითხავ წერილს დავარქმევ მას. წერილს, რომელიც სევდანარევია და ნაღველითაა სავსე. ვეძებ მასში ქართულ სახელმწიფოს, მაგრამ საუკუნეების ჯახაჯუხში ჩასრესილია ეს ინსტიტუციონალიზმი. მხოლოდ ერთხელ შევძელით შეგვექმნა სახელმწიფო, მთელი თავისი ინსტიტუტებით. მხოლოდ ერთხელ მოგვეცა საშუალება გვქონოდა ნამდვილი სახელმწიფო და ამ სახელმწიფომ მცირე დროის წყვეტით (რომელიც 1 საუკუნეს მოიცავს მონღოლების ყოფნა საქართველოში) თითქმის ჯამში 2 საუკუნეს გასტანა. მის შემდეგ ყველაფერი აირია. დაიშალა და მოიშალა სახელმწიფო ინსტიტუტები, მარადიული შუღლი, მტრობა და ორგულობა, მარადიული შემოსევები, ომები მიწყივი გამარჯვებები, მარცხები, მაგრამ არა სახელმწიფო, არამედ მხოლოდ ინერცია არსებობის შენარჩუნების. არც ეს იყო მარტივი, ესეც დიდი ბრძოლის, შინაგანი ენერგიის მობილიზების ხარჯზე ხდებოდა. ხდებოდა მარტვილობის და თავგანწირის ხარჯზე. აბა რა გვექნა... თავი ხომ უნდა გაგვეტანა. ამას ვკითხულობ წერილში - „ქართლის ცხოვრება“.
წერილი -„ქართლის ცხოვრება“ მოიცავს უამრავ სიუჟეტურ დროს, რომელიც გაგვივლია და იმდენად გავს ეს დრო ერთმანეთს, იმდენად საოცარია ამ დროის თანხვედრა სივრცეში, რომ განსხვავებას ძნელად შევხედავთ. ეს ერთი დიდი სიუჟეტური დროა, რომელიც ჩვენს საუკუნესაც მოიცავს. თითქოს არაფერი შეცვლილა, თითქოს 1000 წლის წინ ბნელ საკანში მჯდარი ჟამთააღმწერელი წერს დღევანდელ „ქართლის ცხოვრებას“. იწერება მარადიული ტექსტი და რომ არა ჩვენს მიერ დროის დაყოფა, განსხვავება ვერ იქნებოდა, რამეთუ მარადიული ტექსტი: „ნათესავი ქართველთა ორგულ ბუნება არს პირველადვე თვისთა უფალთა. რამეთუ რაჟამს განდიდნენ, გასუქდნენ, დიდება ჰპოონ და განტევება, იწყებენ საქმესა ბოროტსა, ვითარცა მოთხრობილია ძველი მატიანეი ქართლისა და საქმენი აწ ხილულნი“ (უცნობი ავტორი. „ცხოვრება მეფეთ მეფისა დავითისი“.) თვისობრივად ახალია დღესაც და დიდი მნიშვნელობა არა აქვს როდის დაიწერებოდა ეს ტექსტი. მიუხედავად იმისა, რომ ის გამოგზავნილია საუკუნეთა მიღმიდან, მაინც დღევანდელი ტექსტია. მაინც დღევანდელი სიუჟეტური დროის ნაწილია, რომელიც ვერ შეწყდება საუკუნეთა განმავლობაში.
ჩვენ გვიწევს ამ ნარატივის დღეს მოყოლა. ჩვენ ყოველდღიურად ვცხოვობთ ისტორიულ ნარატივებში და ვცდილობთ ამ ამბების განსხვავებული ამბავი მოვყვეთ, თუმცა ამის შესაძლებლობას მოკლებულნი ვართ. ამიტომ ვიწყებთ მოგზაურობას წარსულში, იმ ამბებში და ვაერთიანებთ ამ სიუჟეტურ დროს ერთ დროდ, რომლის გაყოფაც შესაძლოა მოვინდომოთ, მაგრამ ამ შემთხევაში ჩვენი შანსები ნულის ტოლია. ჩვენ არ გვძალუძს შევქმნათ ახალი ტესტი, ჩვენ ვცხოვრობთ ისტორიულ ნარატივში და ეს ყველაფერი ქმნის ჩვენს ახალ თვისობრიობას, რომელიც კარგად დავიწყებული ძველია. თავს ვიტყუებთ, არსებობს „წერილ არს“, სადაც დაწერილია ჩვენი საუკუნის ამბავი საუკუნეების მიღმა, ერთ ბნელ საკანში მჯდომარე ბერის მიერ, რომელიც წერდა მომავალ ტექსტებს, მომავალ ისტორიას, ვინაიდან მან იცოდა, რომ ისტორია მომავალია. ისტორია ერთი სიუჟეტური დროა, რომელშიც ყველაფერი ეტევა წარსულიც, აწმყოც და მომავალიც.
ჩევენ ეხლა ვკითხულობთ „ქართლის ცხოვრების“ ქრონიკების 21 საუკუნის ნაწილს, მის პირველ ათწლეულს. სადაც ბრძოლაა, დიდი ბრძოლა, სადაც მტერია, სადაც შიდა აშლილობაა, სადაც მცდელობაა შეიქმნას ქართული სახელმწიფო 21 საუკუნის შესატყვისი. მტერი დახვეწილია, ფორმებიც დახვეწილია ქართული სახელმწიფოს საწინააღმდეგოდ და მეფობს ლოგიკა დემაგოგიისა და ცინიზმის ზღვარზე. ეს 21 საუკუნის დაშვებული ლოგიკაა. ამ ლოგიკაში იბრძვის ქართული სახელმწიფო და იმკვიდრებს თავს. იმკვიდრებს ძნელად, ზიგზაებით, შიდა აშლილობებით უცნობი ავტორის მიერ მე-12 საუკუნეში გამოთქმული სევდითა და ნაღველით.
ქართული სახელმწიფო ებრძვის გარე მტერს, ებრძვის სახელმწიფოს დანგრევის მცდელობას. ხიდი ბეწვის, გავლა უზადოდ უნდა შესრულდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს პლანეტარული მხეცი, ანტიქრისტე კვლავ შთანთქავს ამ სახელმწიფოს ისტორიულ ბედიღბალს და გააგრძელებს იმ 200 წელს, რომელიც ამ სახელმწიფოს შექმნამდე არსებობდა. მანამდე, ვიდრე უმცროსი ძმა გველეშაპს მცირე დანით მუცელს გაუფატრავდა, ხოლო შუათანა ძმა გამწარებული, რომ გველეშაპმა უმცროსი ძმა ჩაყლაპა, ისარს ესროდა, კუდს მოაწყვეტდა და გველეშაპს უმცროსი ძმის მონელების საშუალებას არ მისცემდა. ხოლო უმცროსი ძმა დაელოდებოდა იმ დროს,როდესაც აზრზე მოვიდოდა, გველეშაპს მუცელს გაუფატრავდა პატარა დანით და მისი მუცლიდან გამოვიდოდა.
ეს ჩვენი სახელმწიფოს დაბადების სიმბოლო და არქეტიპია. ამ არქეტიპში დაიწერა მთელი „ქართლის ცხოვრება“ ბნელ კელიაში და არა ყალბ საკანში, სადაც უნდოდათ დაწერილიყო 21 საუკუნის „ქართლის ცხოვრება“. ამ საკანს ისე შეესიენ, როგორც ტურები მსხვერპლს მიესევიან. შეესიენ ახალგაზრდა ქართულ სახელმწიფოს, გულმოცემულები, ყოველგვარი სახელმწიფოებრივი ლოგიკისგან დაცლილნი. ბოლოს სალაპარაკო გამოილია, რიტორიკა დამთავრდა, დამთავრდა იმიტომ, რომ საკანი ყალბი იყო. კიდევ უამრავი საკანი იყო ყალბი, დაცლილი არა ადამიანებისგან, არამედ რიტორიკისგან, გულწრფელობისგან, სახელმწიფოებრივი ლოგიკიდან. ეს საკნები არ ჰგავდა იმ ბნელ კელიას, სადაც მშიერი ბერი სევდითა და ნაღველით სავსე „ქართლის ცხოვრებას“ წერდა, რომლის სახლიც და გვარიც არ შემოინახა დრო ჟამის განმრიგე ღმერთმა, ვინაიდან საჭიროც არ იყო, ან თავად არ დააწერა ტესტს თავისი სახელი და გვარი.
ქარული სახელმწიფო, ისევე როგორც იმ ბერის დროს, მტრისგან გარემოცული, შიგნით აფთრებით სავსე განაგრძობს ზიგზაგებით შეკითხვებზე პასუხის გაცემას. სვამს შეკითხვებს ამკვიდრებს თავის პასუხს, რომელიც მხოლოდ ერთია, მე ვარსებობ და მე უფლება მაქვს ვიარსებო. ამ პარადიგმაშია მთელი „ქართლის ცხოვრების“ მეტატექსტი. ეს სხვა ტესტია, ამ ტექსტში ცხოველმყოფობს ერის თვითდამკვიდრება, ერის თვითიდენტიფიკაცია და ამის შესაძლებლობა გვაქვს. მთავარია გავაცნობიეროთ ჩვენი პასუხისმგებლობა საკუთარი არჩევანის წინაშე. ვინმეს ჰგონია, რომ მარცხით გატენილ სამყაროში იოლად შეიძლება რამის მიღწევა. სამყაროში, რომლის ენაც დემაგოგიისა და ცინიზმის ზღვარზეა? სად არის აქ ჩვენი სიმართლის ადგილი. სად არის აქ ჩვენი ენის ადგილი, რა უნდა ვთქვათ, როგორ უნდა ვთქვათ, ვინ დაიჯერებს, მაგრამ უნდა ვთქვათ, ყოველთვის უნდა ვთქვათ, ხოლო ართქმა სიკვდილია. არსებობს დემაგოგიისა და ცინიზმის ზღვარი, რომელიც ახალი სიტყვებით, ახალი ენით ცდილობს თავი დაიმკვიდროს. თავისი მითოსი გაამართლოს, თავისი რიტორიკა შემოგვახვიოს თავს. ეს ახალი სიტყვებია, რომელსაც იძახიან და ცდილობენ ეს ცინიზმი შეფუთონ, ჩემი გავლენის სივრცე, ჩემი გეოპოლიტიკური სივრცე, მრავალპორალური სამყარო, ჩემი ინტერესები საქართველოს ტექსტში, ჩემთვის სასიცოცხლოთ მნიშვნელოვანი ტერიტორია...
აი ეს არის დემაგოგიისა და ცინიზმის ზღვარი. ამ ენაზე საუბარი ჩვენ არ გვინდა. ჩვენ სხვა ენაზე ვსაუბრობთ. ეს ენა ჩვენ არ გვესმის. ეს ენა უკვე დაინგრა, როგორც ბაბილონის გოდოლი. ამ ენის ლექსიკონიც არ გვჭირდება, მაგრამ არსებობენ შიდა აფთრები, რომლებიც მზად არიან ამ ენაზე ისაუბრონ. ისაუბრონ ყალბ საკანში. შეფუთონ და მიუახლოვონ ეს ყველაფერი „ქართლის ცხოვრების“ ენას.
ჩვენ ვეჯახებით უამრავ ლოგიკას, უამრავ ინტერესს. გავდივართ ბეწვის ხიდზე, ვაყალიბებთ ჩვენს ლოგიკას და ვუპირისპირებთ ამ ყველაფერს. ეს ურთულესია. ნემსის ყუნწში გაძრომა უფრო იოლია, ვიდრე ამ ზოგად ლოგიკაში შენი რიტორიკის ჩართვა. კიდევ უფრო რთულია ვინმემ ეს ხმა გაიგონოს. მაგრამ ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. სხვა გამოსავალი არ გვაქვს.
ვკითხულობთ “ქართლის ცხოვრებას“ გამოგზავნილს საუკუნეებიდან, მხოლოდ თანამედროვე ტექსტით. ისევ ვდგავართ საკუთარი სახელმწიფოს ჩამოყალიბებისა და იმპერიის წინაშე. უდახვეწილესი იმპერიისა მსოფლიო ისტორიაში. უამრავი განსაცდელი რომ შემოგვთავაზა მე-20 საუკუნის დასასრულსა და 21 საუკუნის დასაწყისში. ომიც შემოგვთავაზა, სასტიკი და დაუნდობელი. ტერიტორიებიც მიითვისა. ყველაფერს გაუძლებ, ყველაფერს აიტან, მაგრამ ამ იმპერიის ცინიზმი აუტანელია, ამ იმპერიის დემაგოგია ყველა დემაგოგიას აჭარბებს რაც დაწერილა “ქართლის ცხოვრების“ ქრონიკებში საუკუნეთა მანძილზე. მაგრამ მოესწრო და ამ იმპერიას დახვდა ქართული სახელმწიფო, საფუძველ ჩაყრილი. დრო უმცირესი იყო.
შეიცვალა ტაქტიკა, შეიცვალა მეთოდოლოგია. დაიწყო იმპერიამ შიდა პოლიტიკურ ველში შემოსვლა. ძნელი სათქმელია ეს შემოსვლა მისი ინსცენირებული იყო თუ არა, მაგრამ ქართული სახელმწიფო რომ ელოდებოდა ამას ეს უკვე ნათელია. დაშვებაც აქედან იყო, ვინაიდან შიდაპოლიტიკური ველი წინასწარ იქნა დანაღმული და ეს მთავარი ნაღმი ქართული სახელმწიფოს საფუძვლებია. საკმაოდ ახალგაზრდა, მაგრამ საკმაოდ მკვიდრად ნაგები.
აქ შემოსვლა ურთულესია. ყველაფერი გათვალისწინებულია. გათვალისწინებული და საკმაოდ საინტერესოდ მოფიქრებული. ზოგადად ძნელია მიხვდე დასაშვებობის ხარისხს. ვინაიდან ნებისმიერი დაშვება არის მარცხის ინსცენირება. თუმცა დაშვების გარეშე საკითხის გადაწყვეტა შეუძლებელია. შეუძლებელია მოხდეს საკითხების გააქტიურება, თუ არ იქნა გაკეთებული დაშვება. დიახ, დაშვებულია რუსეთის შიდაპოლიტიკურ ველზე შემოსვლა, რათა ამ ველზე აფეთქდეს იმპერიული ლოგიკა და იმპერიული რიტორიკა. ეს დაშვება სულაც არ არის ძალიან სახიფათო, ვინაიდან ეს ის მდინარეა, სადაც უკვე ვიყავით.
2010წ. გაზაფხული. იმპერიაში ემისრები ჩადიან და სინამდვილეში იმ მდინარეში შედიან სადაც უკვე იყვნენ. იმპერია ცდილობს მოახდინოს შიდაპოლიტიკური ველის სრული ოკუპაცია. როგორც ზემოთ ვთქვით ეს დაშვებულ იქნა ჩვენს მიერ. რატომ? იმიტომ, რომ იმპერიის მცდელობა, ლოგიკური თუ რიტორიკული უნდა აფეთქდეს და აფეთქდა კიდევაც მაისის ბოლოს. მწარედ აფეთქდა და უზარმაზარი სიმყრალე დააყენა ირგვლივ. ეს არის იმის წინაპირობა, რომ იმპერია საბოლოოდ წავიდეს შიდაპოლიტიკური ველიდან. მთავარია მცდელობა აქედან გააქტიურო, რომ შედეგი მიიღო.
სუსტია ქართული სახელმწიფოს უსაფრთხოების გარანტიები. ერთადერთი გარანტია არის ის, რომ რუსეთის იმპერია დადგეს ფაქტის წინაშე, ისეთი ფაქტის წინაშე, რომელსაც ის ვერ განახორციელებს. ეს არის მხოლოდ საგარეო აგრესიის შესაძლებლობის დაშვება. ყველა საცეცი, სხვა, რომელიც ეცდება საქართველოს სახელმწიფოს შერყევას უნდა მოიკვეთოს. დარჩეს მხოლოდ საგარეო აგრესიის შესაძლებლობა და ამ შემთხვევაში შექმნილია უსაფრთხოების ყველაზე ქმედითი გარანტია. იმპერია ღია აგრესიას ვერ აწარმოებს, ვინაიდან თუ იმპერატორი შიშველია და არანაირი ძონძი არ გააჩნია, რომ შემოახვიოს თავის სიმყრალეს, როგორც ეს გააკეთა 2008წ. აგვისტოში და ოსების დაცვის ძონძებით შეფუთა თავისი საგარეო აგრესია. დღეს ამის შესაძლებლობა აღარ არსებობს. დღეს მას არცერთი ასეთი ძონძი არ გააჩნია. შესაბამისად გაშიშვლებულია იმპერიული იდეა, რომელიც ვერანაირად დაუახლოვდება მოფლიო წესრიგის ლოგიკას და რიტორიკას.
ჩვენ იძულებულნი ვიყავით და ვართ იმ მცირე საგარეო უსაფრთხოებიდან, რომელიც არსებობს და რომელიც სულაც არაა აბსოლუტური გარანტია ჩვენი სახელმწიფოებრივი უსაფრთხოებისა, შევქმნათ სტრატეგია, რომელიც იმპერიული ლოგიკის და რიტორიკის სიშიშვლეში მდგომარეობს. ის, რომ დღეს შეუძლებელია ყველა რიტორიკის და ლოგიკის რღვევა და მსოფლიო პოლიტიკა ერთ ლოგიკაში მიმდინარეობს ფაქტია და იმპერიის სიშიშვლე მისი აგრესიის განეიტრალების უნიკალური მეთოდია.
ეს ჩვენი მეთოდია, ინდივიდუალური მეთოდი, რომელიც ჩვენმა სახელმწიფომ გამოიმუშავა. საქართველოს და იმპერიის ურთიერთობებში არ არსებობს ტექსტი რომელიც არ დაწერილა. არ არსებობს ლოგიკა რომელიც არ განხორციელებულა, არ არსებობს რიტორიკა, რომელიც არ თქმულა. დიახ, იმპერია უნდა გაშიშვლდეს. უნდა გაშიშვლდეს მისი ყველა ქმედება, მისი ყველა მისწრაფება, მისი ყველა მზაკვრული ჩანაფიქრი. მხოლოდ ასეა შესაძლებელი ქართული სახელმწიფო საბოლოოდ განთავისულდეს ამ სიმყრალისგან.
იმპერია ვერ დაწერს ახალ ტექსტს. ამის ალბათობა ნულია. ყველა ტექსტი დაწერილია, ეხლა მხოლოდ მისი გადაწერაა შესაძლებელი და ეს ტექსტი იმპერიამ კი არ დაწერა, არამედ „ქართლის ცხოვრებამ“ და იმ ბერმა ბნელ კელიაში საუკუნეების მიღმა, რომელსაც თავისი სახელი და გვარიც კი არ დაუწერია ამ ტექსტებზე. ისე გამოაგზავნა ჩვენს საუკუნეში და მისი წაკითხვაა მთავარი. ამ უდიდეს გამოცდილებათა ქრონიკაში, რომელსაც „ქართლის ცხოვრება“ ჰქვია, ყველა ის გამოცდილებაა შემონახული, რომელიც დღეს გვჭირდება. მთავარი მესიჯი ამ უდიდეს წერილში არის ქართული სახელმწიფოს შექმნა, მისი მყარი და მკვიდრი საფუძვლების ჩამოყალიბება, რომელიც ყველა საშუალებას მოგვცემს იმპერია დამარცხდეს ნებისმიერ ველზე სადაც ის მოინდომებს ომს.
ამას მოგვითხრობს დიდი წერილი „ქართლის ცხოვრება“, საუკუნეთა მიღმიდან გამოგზავნილი ტექსტი, რომელიც მარად საკითხავი და მარად იგივეშია.

ირაკლი მარგველაშვილი
11.06.2010წ.

Friday 23 April 2010

დუგინის ინტერვიუ და საქართველოს შიდაპოლიტიკური სპექტრის მესიჯები

მ/წ. 25 თებერვალს ინტერნეტ პორტალზე „ინტერპრესნიუსი“ გამოქვეყნდა ალ. დუგინის ინტერვიუ. შევეცდებით ამ ინტერვიუს ანალიზის ფორმით დამუშავებას და საქართველოს მომავალი შიდა პოლიტიკური მოძრაობის გეგმებს. ასევე ამ შიდაპოლიტიკაში რუსეთის ჩართულობას. ვფიქრობ გარდა ამ ინტერვიუს ანალიზისას, საინტერესო იქნება, ჩვენი პოლიტიკოსების რუსეთისთვის გაგზავნილი მესიჯების განხილვაც. რამდენად თანხვედრაშია ეს განცხადებები დუგინის მოსაზრებეთან. როგორია დუგინის ჩაწოდებული პასების პასუხები.

ინტერვიუს დასაწყისში დუგინი აღნიშნავს:

ალ. დუგინი : “ვფიქრობ, რომ ახლა რუსეთი სერიოზულად შეუდგება იმ პოლიტიკოსთა ძიებას, რომლებიც მას აწყობს. რუსეთი ახლა საქართველოს მთელ პოლიტიკურ ელიტას განიხილავს. ასეთები სხვადასხვა ძალებია. ნოღაიდელზე, ალასანიაზე, ებრალიძესა და სხვებზე დამოკიდებული არ ვართ. ყველა ის პოლიტიკოსი, ვინც ამჟამად ამერიკის პოლიტიკიდან დისტანცირებულია, შესაძლოა კრემლისთვის სასურველი გახდეს”,

აღნიშნული ფრაზიდან იკვეთება შემდეგი რამ. რუსეთმა ახალი თამაში დაიწყო. დაიწყო საქართველოს შიდაპოლიტიკურ სივრცეზე გადმონაცვლება. დაწყებული აქვს ე.წ. კასტინგიც. თუმცა ვფიქრობ, რომ კასტინგი დასასრულს უახლოვდება. სწორედ ამას გულისხმობს ფრაზა: ალ. დუგინი: „ნოღაიდელზე, ალასანიაზე, ებრალიძესა და სხვებზე დამოკიდებული არ ვართ.“ რუსეთის მიერ საქართველოს შიდაპოლიტიკა დაყოფილია 2 სფეროდ, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია:

1. შიდაპოლიტიკური სივრცის ჩამოყალიბება, რაც გულისხმობს საქართველოში მხოლოდ 2 პოლიტიკური ორიენტაციის არსებობას და გამორიცხავს ალტერნატივას. ეს არის პროამერიკული ძალა, სადაც მოაზრებულია სააკაშვილი და ხელისუფლება. ხოლო მეორე ძალა ეს უნდა იყოს პროქართული ძალა რომელიც = პრორუსულს, რასაც თავად დუგინი მშვენივრად განმარტავს ქვემოთ.
2. პროქართული=პრორუსული ძალის ლიდერის ჩამოყალიბება, რომელიც ჯერჯერობით კასტინგშია.

მთავარია შეიქმნას ძალა, რომელიც არ იქნება ორიენტირებული ამერიკაზე. ანუ საქართველოს შიდაპოლიტიკურ სივრცეში უნდა დარჩეს 2 ძალა, პროამერიკული და არაპროამერიკული. ეს დუგინის, შესაბამისად რუსეთის სურვილია. არ უნდა მოხდეს პროამერიკული ძალის ალტერნატივის ჩამოყალიბება. ეს რუსულ გეგმაში არ შედის. ამის დასტურია დუგინის განმარტება, რას ნიშნავს პროქართული?

ალ. დუგინი; „ალექსანდრ დუგინი: რუსეთს პროამერიკული პოლიტიკოსი არ აწყობს. რუსეთს აწყობს ის პოლიტიკოსი, რომელიც, პირველ რიგში, ქართული ინტერესებით იხელმძღვანელებს.“

ანუ აქედან ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პროქარტული=პრორუსულს. შესაძლოა მცირე ალოგიკურობად მივიჩნიოთ ეს ყოველივე, მაგრამ საკითხი დგას სულ სხვაგვარად. ეს ყოველივე მომავალზეა გათვლილი. პროქართული ძალა, რომელიც საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტს ჩამოაყალიბებს მომავალში იქნება საქართველოს ნეიტრალიტეტი. ეს რუსეთის უმთავრეზი მიზანია.

ამის შემდეგ დუგინი განიხილავს და მაგალითად მოჰყავს უკრაინა. ამონარიდი ინტერვიუდან:

ალ. დუგინი: “თუმცა მიმაჩნია, რომ ამ საკითხის ასე სწრაფად გადაწყვეტა მოსალოდნელი არ არის. იანუკოვიჩის მაგალითზე რუსეთმა მომლოდინეს პოზიციაში ყოფნა ისწავლა და გარკვეული პერიოდის შემდეგ მიაღწია კიდეც თავისას, რადგან ანტირუს პოლიტიკოსებს სასურველი მიზნის მიღწევა არ ძალუძთ. მაგალითად, ავიღოთ იგივე იანუკოვიჩი - იგი რუსეთზე იყო ორიენტირებული და ახლა ისეთ მდგომარეობაშია, როდესაც რუსეთს გაზის ფასებთან დაკავშირებულ საკითხებზე, ყირიმის პრობლემების გადაჭრასთან დაკავშირებით მასზე ზეწოლის მოხდენა სერიოზულად არ შეუძლია და იძულებულია მის ჭკუაზე იაროს.“

2010წ. 21 აპრილს მედვედევსა და იანუკოვიჩს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის ძალითაც უკრაინა მიიღებს 30%-იან ფასდაკლებას ბუნებრივ აირზე. სანაცვლოდ რუსულ საზღვაო ბაზას სევასტოპოლში 25 წლით გაუხანგძლივდება ვადა. როგორც სჩანს, დუგინს არცთუ მცირე ინფორმაცია აქვს იმ კულუარულ ინფორმაციებზე, რომელიც რუსული პოლიტიკის კულუარებში მიმდინარეობს. შესაბამისად მისი ეს ინტერვიუ ამდენადაც საინტერესოა.

როდესაც ვსაუბრობთ პროქართულ ძალაზე, მაგალითად შეიძლება იანუკოვიჩი მოვიყვანოთ, რომელიც პროუკრაინული ძალად აღიქმებოდა არჩევნებამდე და აღიქმება ეხლაც. პირველი შედეგი დადგა, როდესაც იანუკოვიჩმა ნატოში ინტეგრაციაზე უარი განაცხადა. შემდეგ 25 წლით გაუხანგძლივა რუისეთის საზღვაო ბაზას ვადა. უახლოეს თვეებში უკრაინის ნეიტრალიტეტის იდეა ძალას მოიკრებს და ერთად ძმურ რუსეთთან ერთად თავის მყარ ფორმას მიიღებს. შესაბამისად სცენარი ურაინა-საქართველო ერთია, თუმცა არ გამოვრიცხავთ, რომ აქ შედარებით ფორსირებულად მოხდეს საკითხების გადაწყვეტა, ვინაიდან უკრაინის გარეშე დარჩენილ საქართველოს ბედს, ამერიკის შეერთებული შტატებმა შესაძლოა ორმაგი ყურადღება დაუთმოს და 2013 წლამდე არავინ იცის რა მოხდება. შესაძლოა ის სკივრიც გაიღოს, სადაც ნატოა შენახული და მერკელსაც ამოგლიჯონ ის გასაღები, რომელიც 2008წ. 3 აპრილს რუსებმა გადააყლაპეს. ამიტომ აქ ჭექა ქუხილი გამორიცხული არ არის.

ძალიან საინტერესოა დუგინისეული ქართველი პოლიტიკოსის კასტინგი.

ალ. დუგინი: “ფული აქ არაფერს წყვეტს, მას შეუძლია მხოლოდ ტექნიკური საკითხების გადაწყვეტაში დახმარების გაწევა. ერთი სიტყვით, ესაა ქართველი ნაციონალისტი, მაგრამ ისეთი, რომელიც ორ რამეს - რუსეთისა და ევროპის ინტერესებს გაითვალისწინებს და ემსახურება მას... არაფრის გამორიცხვა არ მსურს, შესაძლოა ალასანიაც იყოს. თუმცა ვიცი, რომ ევროპაზე უფრო იგი ამერიკაზეა ორიენტირებული.“

საკმაოდ საინტერესო ფენომენი შემოდის დუგინის მსჯელობაში: ქართველი ნაციონალისტი, რომელიც რუსეთის და ევროპის ინტერესს გაითვალისწინებს, ანუ რატომღაც დუგინი თვლის, რომ რუსეთის და ევროპის ინტერესი არის საერთო??? მოდით რამდენიმე ციტატა მოვიყვანოთ უკანასკნელ ხანებში გამოქვეყნებული ქართველი პოლიტიკოსების ინტერვიუებიდან.

“აღსანიშნავია ის, რომ მსოფლიო უსაფრთხოებაში განსაკუთრებული როლი უკავია რუსეთის ფედერაციას. საქართველოს, როგორც ქვეყანას, რომელიც ესწრაფვის გახდეს ევროპული სახლის წევრი, სხვა გამოსავალი არა აქვს, გარდა იმისა, რომ თავის საგარეო-პოლიტიკურ კურსში ეს რეალობა გაითვალისწინოს“

“საქართველო უნდა იქცეს საერთო თანხმობის და არა დაპირისპირების მიზეზად რუსეთსა და დასავლეთს შორის. ეს უნდა იყოს ჩვენი საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტი“

ვფიქრობ ალ. დუგინის და საქართველოდან გაგზავნილი ქვეტექსტები საკმაოდ ემთხვევა ერთმანეთს. უნდა ავღნიშნო, რომ დუგინის კონცეფციაში, საქართველო+ევროპა მოცემულია სწორედ რუსეთიდან ევროპისკენ მიმართულება, რასაც საქართველოშიც მოღვაწე პოლიტიკოსები ეთანხმებიან: „როდესაც ევროპა ამყარებს ბევრად მჭიდრო ურთიერთობას რუსეთის ფედერაციასთან, ჩვენ ჩვენი ინტერსებიდან გამომდინარე, რაღაცის გაკეთება უნდა მოვახერხოთ. თუკი შევძლებთ რუსეთთან ურთიერთობეის ნორმალიზებას, ბევრად უფრო გარანტირებულად შევძლებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვას“. ისმის კითხვა როგორ? საქართველოს „სხვა გამოსავალი არა აქვს, გარდა იმისა, რომ თავის საგარეო-პოლიტიკურ კურსში ეს რეალობა (რუსული გეოპოლიტიკა) გაითვალისწინოს“

ვფიქრობ საკმაოდ შთამბეჭდავი დამთხვევებია, მითუმეტეს თუ დუგინის ამ ინტერვიუს ქართველ პოლიტიკოსთა ე.წ. კასტინგის გეგმად მივიჩნევთ. გავაგრძელოთ.

ალ. დუგინი; „რუსეთს აწყობს ის პოლიტიკოსი, რომელიც, პირველ რიგში, ქართული ინტერესებით იხელმძღვანელებს.“

იანუკოვიჩიც ხომ უკრაინული ინტერესებით ხემძღვანელობს. ეს კიდევ ერთი მტკიცება, რომ პროქართული=პრორუსულს. ასევე კასტინგის დასასრულისკენ სვლაც შეინიშნება ინტერვიუში, ესეც ვნახოთ:

ალ. დუგინი: „თუ ჩვენ ასეთ პოლიტიკოსს დავინახავთ და ვხედავთ კიდეც, მათთან ვითანამშრომლებთ. ასეთები ძალიან ბევრია. იგივე ნოღაიდელი, პირადად ალასანიაც და სხვა ქართველი პოლიტიკოსი, რომლებსაც გარკვეულწილად შეუძლიათ რუსეთის პარტნიორები გახდნენ”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი.“

ანუ ჩვენი პოლიტიკოსების მესიჯები საკმაოდ საქმიანია, რათა მოხდეს მათი მონიშვნა რუსული პოლიტისტებლიშმენტის მიერ.

ანუ კასტინგში მონაწილეები დასახელებულია. კასტინგში მონაწილეობაზე თანხმობა მიღებულია და შესაბამისი მესიჯებიც გაგზავნილია, მაგ.

„თავიდანვე ძალიან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი და არ მომწონდა პირველი კავკასიური არხის შექმნა საეჭვო წარმოშობის დაფინანსებით.“

ან ეს: „თავდაუსხმელობის კიდევ ერთხელ დადასტურება აბსოლუტურად ლოგიკური და სწორი იქნებოდა.“ საინტერესოა ვისთან ვაფორმებდით თავდაუსხმელობის ხელშეკრულებას?

“ მე ვმუშაობდი დოკუმენტზე, რომელზეც ხელი უნდა მოგვეწერა აფხაზურ და ქართულ მხარეებს ეს იქნებოდა ორი მხარის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელიც სამართლებრივად, საერთაშორისო ნორმების თვალსაზრისით სტატუსს საფრთხისა და კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს.. ჩვენ ეს ნაბიჯი რომ გადაგვედგა 2005 წელს, როცა ეს დოკუმენტი მოვამზადეთ, ან თუნდაც 2008 წელს, როცა ამ დოკუმენტს დავუბრუნდით, ჩემი აზრით, მოგვცემდა შესაძლებლობას, თავიდან აგვეცილებინა სამხედრო კონფლიქტი რუსეთის ფედერაციასთან..“

მცირე ისტორიულ ექსკურს თუ გავაკეთებთ 1992-1993წ. აფხაზეთის ომის დროს სწორედ აფხაზებთან გავაფორმეთ თავდაუსხმელობის და ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება, რასაც მოჰყვა 1993წ. 27 სექტემბერს სოხუმის დაცემა. რატომ იგზავნება რუსეთში ასეთი მესიჯები? ალბათ ყველას გვახსოვს, რომ სწორედ რუსეთი ცდილობდა მოეხდინა ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე მოეწერა ხელი მსგავსი ხელშეკრულებისათვის, როგორც 2008წ. აგვისტოს ომამდე ასევე დღესაც იგივეს იმეორებს. ასეთი დამთხვევები შემთხვევითია? ანუ ასეთი ხელშეკრულებით რას ვაღიარებთ? რომ 2008წ. აგვისტოს ომი საქართველოს და რუსეთს შორის კი არ იყო არამედ ოსებს, აფხაზებს და ჩვენს შორის? ვფიქრობ ეს წმინდა რუსული პოზიციის გაზიარებაა, განსაკუთრებით ომის შემდგომი რიტორიკის. რუსული და ქართული ოპოზიციური რიტორიკები რომ სრულ თანხვედრაშია 2008წ. სექტემბრის შემდეგ, ეს ვფიქრობ არახალია. თუ დუგინის ინტერვიუს მივუბრუნდებით, რომელიც გაცილებით ადრეა პრესისათვის მიცემული, აბსოლუტურ ადეკვატურ მესიჯებს დავინახავთ ალასანიას აპრილის ინტერვიუებში, მითუმეტეს, რომ დუგინის ინტერვიუში შეიძლება ქართველი პოლიტიკოსის დახლოებითი არჩევანიც დავინახოთ.

აბა კარგად დავაკვირდეთ: ალ. დუგინი

1. „არაფრის გამორიცხვა არ მსურს, შესაძლოა ალასანიაც იყოს. თუმცა ვიცი, რომ ევროპაზე უფრო იგი ამერიკაზეა ორიენტირებული.“
2. „თუ ჩვენ ასეთ პოლიტიკოსს დავინახავთ და ვხედავთ კიდეც, მათთან ვითანამშრომლებთ. ასეთები ძალიან ბევრია. იგივე ნოღაიდელი, პირადად ალასანიაც და სხვა ქართველი პოლიტიკოსი“.

ეს ორი ფრაზა, აბსოლუტურ ენობრივ და ლოგიკურ კავშირშია. დუგინი ცდილობს არ ისაუბროს პირდაპირ, მაგრამ მას ასევე არ სურს გაურკვეველი დარჩეს ვინაა კასტინგში მონაწილეები და ვინ შეიძლება იყოს არჩეული, ანუ სავარაუდოდ მონიშნული ამ შერჩევის პროცესში.

განსაკუთრებით საინტერესოა შემდეგი ფრაზა:

ალ. დუგინი : “ერთადერთი, რაც ახლა მოსკოვმა ზუსტად იცის, ისაა, რომ საქართველოში ხისტი პრორუსული პოლიტიკა არ გამოვა. ახლა სხვა სიტუაციაა. მოსკოვს მშვენივრად ესმის, რომ საქმე მხოლოდ იმ პოლიტიკოსებთან უნდა დაიჭიროს, ვინც ქართული ინტერესებით მოქმედებს. დღეს რომ რომელიმე ქართველმა პოლიტიკოსმა თქვას, აფხაზეთსა და “სამხრეთ ოსეთს” ვაღიარებო, მისი საქმე წასულია. „

ეს უკვე იმ ძალაზეა საუბარი, რომელსაც მიიწვევენ მიუნხენში, რომლის ორგანიზება გერმანიაში რუსებისთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, მთავარია, რომ იქ უნდა გადაწყდეს ბევრი საკითხი და ლავროვიც ამისთვისაა იქ. უნდა გაჟღერდეს, რომ აუცილებელია რუსეთთან დიალოგი, თუმცა ის ძალა პროქართულია, რომელც =პრორუსულს ძალიან საინტერესო პასაჟია ამის დასადასტურებლად.

ქართული პოლიტსპექტრიდან გაგზავნილ მესიჯში: “აქედან გამომდინარე, მართლაც აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რომ დავიწყოთ მოლაპარაკება. მაგრამ ეს მოლაპარაკება უნდა ხდებოდეს ხელისუფლებებს შორის. ხალხის მანდატით აღჭურვილ ხელისუფლებების შორის და როცა ჩვენ ხელისუფლებაში მოვალთ, ამ მოლაპარაკებებს დავიწყებთ. უნდა ვაღიაროთ, რომ რუსეთთან ურთიერთობების აღდგენა იქნება გრძელვადიანი პროცესი. მაგრამ ჩვენ უნდა დავიწყოთ ეს პროცესი რაც შეიძლება სწრაფად.“

ალ. დუგინი: „შემიძლია გითხრათ, რომ რუსეთი მზადაა ითანამშრომლოს თუნდაც სააკაშვილის პოლიტიკისადმი მტრულად განწყობილ პოლიტიკოსებთან, რომლებიც მას ამ საკითხის გადაჭრას წაუყენებენ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ იგი მზადაა, მათ ამ საკითხში დაუთმოს”.

ანუ ყველაფერი მოსულა, მთავარია კარგად შეიფუთოს და ათვისებული იქნას ის რესურსი, რომელიც რუსეთს საქართველოში აქვს. ეს მოიცავს 2 მომენტს და აპირისპირებს ერთმანეთან სწორედ რესურსის ათვისებისთვის.

1. მაგ. ნოღაიდელი, ხისტი პრორუსული ძალა, უნდა მოხდეს მისი დისკრედიტაცია, ვინაიდან რუსებმა იციან, რომ ამის რესურსი ძალიან ცოტაა და პრაქტიკულად შეუძლებელია მისი რეაბილიტაცია.
2. ვთქვათ, ალასანია, რომელმაც უნდა აითვისოს სააკაშვილისადმი მტრულად განწყობილი ძალების და საზოგადოების რესურსი, და გახდეს კასტინგში გამარჯვებული. პრაქტიკულად ის აკმაყოფლებს რუსული კასტინგის ყველა მოთხოვნას, რომელიც დუგინმა ამ ინტერვიუში ჩამოაყალიბა.

საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება ალ. დუგინის 2010წ. 25 თებერვლის ინტერვიუ და საქართველოდან გახმოვანებული მესიჯები ერთმანეთს. ვფიქრობ ამ მესიჯებს შორის ქვეტექსტული კავშირის მოძებნა რთული არ უნდა იყოს. იმდენად პასუხგაცემულია დუგინის მესიჯები, რომ შემთხვევითი თანხვედრა ამ მოსაზრებებში ნამდვილად არ მიმაჩნია ლოგიკურად.

უკვე იწყება პროქართული ძალის ჩამოყალიბება. ყველა ცდილობს გახდეს ასეთი ძალა. ერთადერთი სივრცე, რომელიც ხელისუფლებამ დატოვა ქართული შიდა პოლიტიკისთვის არის ჩრდილოური სივრცე. სხვა სივრცე არ არსებობს. თუ ამ ფრაზას დავუკვირდებით სავარაუდო მოვლენების განვითარების ორიენტირებიც სჩანს. ვისი თამაშია ეს, ვინაა ამ თამაშის სუბიექტი? ვფიქრობ ძნელი გამოსაცნობი არ არის, რომ ამ თამაშის სუბიექტი რუსეთია, ხოლო მისი მიერ შეთავაზებულ როლზე თანხმობის მესიჯებიც გამოთქმულია.

ირაკლი მარგველაშვილი

22.04.10.

Wednesday 21 April 2010

ირაკლი ალასანიას ინტერვიუ გაზეთ „რეზონანსში“ – დიპლომატიური დისკურსი თუ დრამატული გაუგებრობა

რამდენიმე დღის წინ გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნდა „ალიანსის“ ერთერთი ლიდერის ირაკლი ალასანიას ინტერვიუ - “საქართველოსა და რუსეთს შორის უნდა გაჩნდეს საერთო თანხმობის საგნები და საერთო თანხმობის ინტერესი”. უკვე თავად სათაური, რომელიც ძირითადი ტექსტიდან არის გამოტანილი, უამრავ წინააღმდეგობას შეიცავს. ეს წინააღმდეგობები ძირითადად ამჟამინდელი რუსულ-ქართული ურთიერთობების კონტექსტიდან მომდინარეობს, რაც ამ წინადადებასთან აბსოლუტურად შეუთავსებელია. თავად ფრაზა საკმაოდ მომხიბვლელია და შეიძლება მავანმა იფიქროს, ეს რა კარგი რამ არის, როგორ შეიძლება ამას არ დაეთანხმო, და ბოლოს, ეს რა დახვეწილი ფრაზააო და ასე შემდეგ, მაგრამ თუ რუსულ-ქართულ ურთიერთობებს დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე განვიხილავთ, ეს ერთი შეხედვით მწყობრი და ლამაზი სენტენცია, უფრო სწორად, მისი საზრისი შეუბრალებლად აორთქლდება. უპირველეს ყოვლისა, შევეცადოთ გავარკვიოთ რუსეთის პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში.

1. 2008წ. 26 აგვისტოდან (ოკუპირებული რეგიონების აღიარების თარიღი) რუსეთი დაჟინებით ცდილობს ამ იდეის ინტერვენციას მსოფლიო თანამეგობრობის წინაშე.
2. რუსეთი საქართველოს აღიქვამს სტრატეგიულ მოწინააღმდეგედ კავკასიის რეგიონში, რასაც ყველა მის ხელთ არსებული საშუალებით ადასტურებს;
3. რუსეთი საქართველოს აღიქვამს თავის გავლენის სფეროდ და არ აღიარებს მის ინტერესებს რეგიონში.
4. დაწყებული 1991 წლიდან დღემდე რუსეთი საქართველოსთან არანაირ პარტნიორულ ურთიერთობების ჩამოყალიბებას არ ცდილობს;
5. იმ კონტექსტში, თუ საერთოდ არსებობს რუსეთი-საქართელოს დიალოგის შესაძლებლობა, რუსეთი ცდილობს საქართველოს შესთავაზოს დიალოგი სუფთა ფურცლიდან, ანუ 2008წ. აგვისტოდან, თან იმ პირობით, რომ ამ დიალოგის ბიძგი უნდა იყოს შექმნილი სტატუს კვოს აღიარება საქართველოს მხარის მიერ;
6. რუსეთისათვის პრეზიდენტ მედვედევის განმარტებით საქართველო არის „სასიცოცოხლოდ მნიშვნელოვანი ტერიტორია“ _ სწორედ ტერიტორია და არა ქვეყანა ან საერთაშორისო სუბიექტი.
7. რუსეთი ცდილობს აღადგინოს თავისი გავლენა ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეზე და ამას მიზანმიმართულად ახორციელებს. არცერთი ნიშანი იმისა, რომ რუსეთისთვის ამ გეგმას რაიმე ალტერნატივა გააჩნია, არ არსებობს. (ვლ. პუტინი „საბჭოთა კავშირის დაშლა იყო მე-20 საუკუნის გეოპოლიტიკური კატასტროფა“)
8. რუსეთი ღიად აცხადებს, რომ საქართველოს ნატოში შესვლას ნებისმიერი ხერხით შეეწინააღმდეგება (სერგეი ლავროვი. 2008წ. აპრილი)

ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ კონტექსტის, რომელსაც მოიცავს რუსული დისკურსი საქართველოსთან მიმართებაში. საინტერესოა ამ კონტექსტის ფონზე რას ნიშნავს ირაკლი ალასანიას განცხადება იმის შესახებ, რომ “საქართველოსა და რუსეთს შორის უნდა გაჩნდეს საერთო თანხმობის საგნები და საერთო თანხმობის ინტერესი”. ამ ფონზე სად მდებარეობს საერთო თანხმობის საგნები და საერთო თანხმობის ინტერესის ადგილი? ან რა საერთო ინტერესს და თანხმობას გულისხმობს ბ-ნი ალასანია? პასუხი დანარჩენ ტექსტშიც არ არის. ვერც იქნება, ვინაიდან საუბარია არაფერზე. განვაგრძოთ.

ირაკლი ალასანია თავის ინტერვიუში აცხადებს: “აღსანიშნავია ის, რომ მსოფლიო უსაფრთხოებაში განსაკუთრებული როლი უკავია რუსეთის ფედერაციას. საქართველოს, როგორც ქვეყანას, რომელიც ესწრაფვის გახდეს ევროპული სახლის წევრი, სხვა გამოსავალი არ აქვს, გარდა იმისა, რომ თავის საგარეო-პოლიტიკურ კურსში ეს რეალობა გაითვალისწინოს.”

საკმაოდ საინტერესოა, როგორ მოიაზრებს ბ-ნი ალასანია ზემოთმოყვანილს იმ მწარე რეალობის ფონზე, რომელიც დღეს ამ ორ ქვეყანას შორის არსებობს და რომელიც ჩვენ ზემოთ შევეცადეთ ჩამოგვეყალიბებინა? გასაგებია, რომ რუსეთს მსოფლიო უსაფრთხოებაში განსაკუთრებული როლი უკავია, მაგრამ რუსეთის უსაფრთხოება მსოფლიო უსაფრთხოების კონტექსტში ეფუძნება ერთ პრინციპს: შექმნას საკუთარი ტერიტორიული უსაფრთხოების ბუფერული ზონა სწორედ ყოფილი საბჭოთა კავშირის საზღვრებში არსებული სახელმწიფოების ხარჯზე და მათი გავლენის სფეროდ მსოფლიო თანამეგობრობის აღიარების ხარჯზე. ეს რეალობა აბსოლუტურ წინააღმდეგობაშია საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებთან, კერძოდ მის მისწრაფებებს შექმნას ეროვნული უსაფრთხოების გარანტიები ნატოში ინტეგრაციის გზით. ამ გადასახედიდან ბ-ნი ალასანიას ლოგიკა რუსეთთან საერთო ინტერესებსა და საგნებთან დაკავშირებით გაუგებარია.

ბატონი ალასანია არაფერს ამბობს იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება მოხდეს ამ ინტერესების თანხვედრა დროსა და სივრცეში. ავუყვეთ მონიშნულ აბზაცს ქვემოდან ზემოთ და საინტერესო სურათს მივიღებთ.

თუ ბ-ნ ალასანიას მნიშვნელოვნად მიაჩნია:

1. „ საქართველომ დაიწყოს ფიქრი ნორმალური ურთიერთობის დამყარებისთვის რუსეთის ფედერაციასთან”.
2. „როგორ შევქმნით რეგიონული უსაფრთხოების ისეთ მექანიზმებს, რომელიც საქართველოს თავისი ეროვნული ინტერესების დაცვაში ხელს შეუწყობს...“
3. „ საქართველოს სხვა გამოსავალი არ აქვს, გარდა იმისა, რომ თავის საგარეო-პოლიტიკურ კურსში ეს რეალობა გაითვალისწინოს.“
4. “ მსოფლიო უსაფრთხოებაში განსაკუთრებული როლი უკავია რუსეთის ფედერაციას.“

მაშინ როგორ აპირებს მოახერხოს ეს: „საქართველოს, როგორც ქვეყანას, რომელიც ესწრაფვის გახდეს ევროპული სახლის წევრი“.

როგორ ვხდებით ევროპული სახლის წევრები? რა შემთხვევაში და რა კონტექსტში თანხმდება რუსეთი საქართველო გახდეს ევროპული სახლის წევრი? თუ სხვა გამოსავალი არ გვაქვს გარდა იმისა, რომ ვაღიაროთ რუსეთის როლი და გავითვალისწინოთ ეს ჩვენს საგარეო კურსში? როგორ მოდის კორელაციაში ეს ყოველივეს საქართველოს ევროპულ სახლში ინტეგრაციასთან? თუ უნდა ვაღიაროთ რუსეთის განსაკუთრებული როლი მსოფლიო უსაფრთხოების კონტექსტში, როგორ შევქმნათ რეგიონალური უსაფრთხოების მექანიზმები ან როგორ დავამყაროთ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობა? მთელს ამ ფრაზაში საინტერესოა ლოგიკა რუსული იმპერიული კონტექსტის გათვალისწინებით მაშინ, როდესაც რუსეთი დღეს თავისი უსაფრთხოების კონცეფციიდან გამომდინარე:

1. ცდილობს შექმნას ბუფერული ზონა სსრკ-ს საზღვრებში, რომელიც მისი ტერიტორიის უსაფრთხოების დაცვაში მოიაზრება.
2. რუსეთი წინააღმდეგია ნატოს გაფართოების აღმოსავლეთისკენ.
3. რუსეთისათვის საქართველო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ტერიტორიაა, რასაც მოწმობს ოკუპირებული ტერიტორიები.

რა ლოგიკას ეფუძნება ბ-ნი ალასანიას საუბარი? სად არის ამ ყველაფერში ლოგიკა? რას გვთავაზობს? რუსული უსაფრთხოების სისტემაში ჩართვას? რუსეთის ტერიტორიულ უსაფრთხოებასთან, რომელიც გულისხმობს სსრკს საზღვრების აღდგენას და შემდეგ მის ლეგიტიმაციას მსოფლიო თანამეგობრობის მიერ? სად მიდის ამ შემთხვევაში საქართველოს რეგიონალური უსაფრთხოება ან როგორ ვხდებით ევროპული სახლის წევრები, რაც გულისხმობს როგორც ევროკავშირში, ასევე ნატოში ინტეგრაციას? ამ შეუსაბამობებიდან გამომდინარე, რა უნდა ვიფიქროთ, რისკენ მოგვიწოდებს ბ-ნი ალასანია? უკვე დასაწყისშივე წარმოიშვა უამრავი შეკითხვა, მაგრამ ვეჭვობ, ამ თემის შემდგომი გაშლა მათზე პასუხების ნაცვლად კიდევ უფრო მეტ წინააღმდეგობებს წარმოაჩენს.

ჩიხი ნამდვილია

ბატონი ალასანია ამბობს: “მიუხედავად დღეს შექმნილი ურთულესი ვითარებისა, რომელიც ერთი შეხედვით ჩიხურად გამოიყურება, მიმაჩნია, რომ არსებობს რესურსი, რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის დაიწყოს პოლიტიკური დიალოგი, რომელიც რეალურად დაიწყებს გზების ძიებას, როგორ გამოვიდეთ შექმნილი კრიზისული ვითარებიდან.”

დავუშვათ, სწორია მოსაზრება, რომ სიტუაცია რუსეთთან ჩიხურია მხოლოდ ერთი შეხედვით. ჩვენ მიერ ზემოთჩამოთვლილი რუსული დისკურსის და მისი გეოპოლიტიკური მისწრაფებების ფონზე ბუნებრივად ჩნდება შეკითხვა: რა საფუძველს ეყრდნობა ეს განცხადება? ხომ არ შეიცავს იგი დაფარულ აზრს, რომ საქართველოს დღევანდელმა საგარეო გეოპოლიტიკურმა კურსმა ქვეყანა ჩიხში შეიყვანა და მათი ხედვა, ვინც რუსეთთან ურთიერთობის იმ დოქტრინებს არ ეთანხმება, რომლებსაც აქ ბ-ნი ალასანია წარმოგვიდგენს, ვერ ამჩნევს, რომ ეს ჩიხი, ასე ვთქვათ, მცდარი გონების ჩიხია და მხოლოდ ერთეული, ფართო პოლიტიკური თვალსაწიერის ადამიანები ხედავენ ამ „ცრუ“ ჩიხიდან გამოსავალს? დავუშვათ, რომ ეს ასეა. სინამდვილეში ამ ურთიერთობების აღდგენის რა რესურსი არსებობს? ჩვენს მიერ ზემოთ გაშიფრული მოსაზრებებია რესურსი, რომ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობები დავამყაროთ? თუ ის „სუფთა ფურცელია“ რესურსი, რომელსაც რუსეთი დიალოგის დაწყების ათვლის წერტილად მიიჩნევს ჩვენს ურთიერთობებში? სად, რომელ მერიდიანზე ემთხვევა საქართველოს და რუსეთის უსაფრთხოების სტრატეგია ერთმანეთს? ვფიქრობ არსად და არანაირი შეხების წერტილები ამ სტრატეგიებს არა აქვს. მაშ რაზე ვსაუბრობთ, ისევ არაფერზე? რას ემსახურება ეს საუბარი, რა მინიშნებებია იქ, კონკრეტული რუსული იმპერიული კონტექსტიდან გამომდინარე? განვაგრძოთ.

დავუშვათ, ასევე სწორია მოსაზრება, რომელსაც ბატონი ალასანია მოცემულ ინტერვიუში გამოთქვამს: „დავიწყოთ აფხაზ და ოს ხალხთან ურთიერთობა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მისაღწევად, ამისთვის კი აუცილებელია რუსეთთანაც ნორმალური ურთიერთობების გზით სიარული“. იმ ვითარებაში, რომელიც დღეს არსებობს (სხვა რომ არაფერი რუსეთმა ოკუპირებული ტერიტორიები სამხედრო ბაზად აქცია), სად და როგორ დავიწყოთ დიალოგი ოს და აფხაზ ხალხთან? პრაქტიკულად როგორ უნდა განხორციელდეს იგი? ესაა საუბარი არაფერზე და არაფერი კონკრეტული. ამ შემთხვევაში ეს არ არის წმინდა ტექსტუალური ბუნდოვანება, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ჭეშმარიტების პროფანაცია- ძვირად თუ მოიძებნება ქართველი, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების საჭიროებას უარჰყოფს. არც ისეთი ქართველის პოვნაა ადვილი, რომელსაც ამ საქმეში რუსეთის როლის მნიშვნელობა არა აქვს შეგნებული. ყოველივე ამის გათვალისწინებით, თანხმობის ნიშნად თავსაც დაუქნევს ამ ფრაზის მთქმელს, მაგრამ ამ „ყველანი ერთ აზრზე ვართ-ს“ იქით საქმე არ მიდის და არც წავა, ვინაიდან არსებობს რუსული გეოპოლიტიკური კონტექსტი, რაზედაც ზემოთ ვისაუბრეთ, რომლისკენ ცნობიერი სწრაფვა საკუთარი ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებზე უარის თქმას ნიშნავს. მივყვეთ და ლოგიკურ დასასრულამდე უნდა მივიდეთ:

„ფრთხილი ოპტიმიზმი“ ??

“მივიჩნევ, რომ დღეს მთავარ თემებად შეიძლება წამოვწიოთ წინ სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული ურთიერთობების აღდგენა რუსეთთან და პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის სურვილიც და ჩვენ ყველაზე წინ ჩვენი ეროვნული ინტერესები უნდა დავაყენოთ. თავიდანვე გითხარით, რომ ფრთხილი ოპტიმიზმი გამიჩინა ჩემმა შეხვედრამ მიუნხენის კონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან.

„ქართველი ხალხი მზადაა რუსეთთან ურთიერთობისათვის და მიესალმება მას“. ბატონ ალასანიას არ დაუსახელებია რამდენი პროცენტია მზად ამისთვის, სამაგიეროდ ბატონმა ნოღაიდელმა დაასახელა. ამ ფონზე ბატონები ნოღაიდელი და ალასანია რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის შემკვეთად ქართველ ხალხს ასახელებენ. ამ ურთიერთობების აღდგენის საჭიროებაზე საუბრისას, არც ერთის მსჯელობაში არ ჩანს, რას გულისხმობენ კონკრეტულად. ზოგადად კი - რაც გენებოთ, ის კი არადა, ალასანიას და ლავროვს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების „მოწესრიგების“ რიგითობაც შეუდგენია. როგორც ინტერვიუდან ჩანს, ბატონი ალსანია მისულა დასკვნამდე, რომ „საქართველოს სხვა გამოსავალი არ აქვს, გარდა იმისა, რომ თავის საგარეო-პოლიტიკურ კურსში ეს (რუსული გეოპოლიტიკური ინტერესების) რეალობა გაითვალისწინოს.“ ვფიქრობ, საინტერესო საუბარი ყოფილა ბატონ ალასანიასა და ბატონ ლავროვს შორის. ისეთი საინტერესო, რომ ბ-ნ ალასანიას გამოუტანია დასკვნა, რომ თურმე საქართველომ რეგიონალური უსაფრთხოების გარანტიები რუსეთთან ერთად უნდა შექმნას, მეტიც, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ იმ რუსეთის ინტერესები ამ საკითხში, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები, ჩატარებული აქვს ნახევარი მილიონი ადამიანის ეთნოწმენდა... სხვა საკითხებიც უნდა ყოფილიყო ამ შეხვედრაზე განხილული, მაგალითად, ამ ურთიერთობების აღდგენის ხელისშემშლელი პირობები. ამაზეც საუბრობს ბატონი ალასანია, როდესაც საქართველოს იზოლაციას ახსენებს, თუმცა ამ საკითხს სხვა დროს შევეხებით.

რაც შეეხება „ფრთხილ ოპტიმიზმს“. მთელი ამ ინტერვიუდან ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველი ვერ შევამჩნიე. რატომღაც არ მაგონდება რუსეთის მიერ იმაზე საუბარი ან განცხადება, რომ რუსეთი რაიმე გზით უარს ამბობდეს თავის სტრატეგიულ ინტერესებზე კავკასიაში, ან რაიმე დათმობას აპირებდეს, არც იმის შესახებ გაუკეტებია მინიშნება, რომ შესაძლოა საქართველოსთან ურთიერთობების რაკურსში ამ უკანასკნელის სტრატეგიული უსაფრთხოების ინტერესები გაითვალისწინოს. არც ლავროვი-ალასანიას სავარაუდო საუბრიდან ჩანს მსგავსი მინიშნება. მაშ რა დასკვნები გამოიტანა აქედან ბატონმა ალასანიამ?

1. რომ რუსეთი ბირთვული სახელმწიფოა?
2. რომ „ საქართველოს სხვა გამოსავალი არ აქვს, გარდა იმისა, რომ თავის საგარეო-პოლიტიკურ კურსში ეს რეალობა გაითვალისწინოს?“
3. რომ “მსოფლიო უსაფრთხოებაში განსაკუთრებული როლი უკავია რუსეთის ფედერაციას?“
4. თუ ის, რომ „მთავარ თემებად შეიძლება წამოვწიოთ წინ სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული ურთიერთობების აღდგენა რუსეთთან და პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის სურვილიც და ჩვენ ყველაზე წინ ჩვენი ეროვნული ინტერესები უნდა დავაყენოთ.

რა აძლევს ბ-ნ ალასანიას თუნდაც ფრთხილი, მაგრამ ოპტიმიზმის საფუძველს მაშინ, როდესაც მთელს ამ მსჯელობაში ერთი სიტყვაც არ არის ნათქვამი იმის შესახებ, რომ რუსეთი აპირებს რაიმე ფორმით გაითვალისწინოს საქართველოს სტრატეგიული უსაფრთხოების ინტერესები? რბილად რომ ვთქვათ, საქმე გვაქვს გაუგებრობასთან. ვფიქრობ საინტერესოა ინტერვიუს შემდეგი ნაწილი:

“საქართველო უნდა იქცეს საერთო თანხმობის და არა დაპირისპირების მიზეზად რუსეთსა და დასავლეთს შორის. ეს უნდა იყოს ჩვენი საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტი და მე უკიდურესი სიფრთხილისკენ მოვუწოდებ შს მინისტრსაც და საქართველოს პრეზიდენტსაც, როცა საუბრობენ ჩრდილოეთ კავკასიაში არსებულ საფრთხეებზე. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს ინტერესებში შედის სტაბილური ჩრდილოეთი კავკასია. გამწვავების შემთხვევაში საქართველოც დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.”

ფაქტია, რომ დასავლეთი და რუსეთი თანხმდებიან იმაზე, რომ ვერ თანხმდებიან საქართველოს საკითხზე. ეს არის დასავლეთის და რუსეთის ამჟამინდელი ურთიერთობის საჯილდაო ქვაც და კონტექსტიც. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში უკან მხოლოდ ერთმა მხარემ უნდა დაიხიოს და ეს არის რუსეთი, ვინაიდან 2008წ. 7 აგვისტომდე არსებულ მდგომარეობაში დაბრუნების ვალდებულება რუსეთს აკისრია. რაც შეეხება ჩრდილო კავკასიას, ჩვენი მხრიდან იქ პრობლემა არ არის და ეს თავად ბატონი ალასანიას დამსახურებაცაა (მხედველობაში მაქვს მისი მონაწილეობა პანკისის ხეობის ანტიტერორისტულ ოპერაციაში), მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ზემოთმოყვანილი პასაჟი საკმაოდ საშიშ განცხადებას შეიცავს, რომელშიც იგი საქართელოს ხელისუფლებას ჩრდილო კავკასიის მიმართ ფრთხილი დამოკიდებულებებისაკენ მოუწოდებს. როგორც ცნობილია, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა პატრუშევმა მოსკოვში მომხდარ ტერორისტულ აქტებში საქართველოს კვალი არ გამორიცხა.

ვინ ვინ და ბატონმა ალასანიამ მშვენივრად იცის, რა ხდება პანკისში და წინა წლებში რგფორი არაპოპულარული, მაგრამ აუცილებელი ნაბიჯები გადადგა საქართველომ რუსეთისკენ. ამიტომ სიფრთხილე სწორედ რომ ამგვარი განცხადებების გაკეთების დროს გვმართებს, ვინაიდან რუსეთი, როგორც წესი, ასეთი განცხადებების სათავისოდ გამოყენების შესაძლებლობას ხელიდან არ უშვებს. რუსული საინფორმაციო მანქანა სრულიად მოურიდებლად მოახდენს ხოლმე მისი საკუთარი სურვილისამებრ ინტერპრეტირებას, რაც არაერთხელ გაუკეთებია.მიუნხენიდან ჩამოსვლის შემდეგ ბატონმა ალასანიამ რადიო „პალიტრაში“ გააკეთა განცხადება, რომ რუსეთს მხოლოდ დასავლელი პარტნიორების თანდასწრებით და მათთან ერთად უნდა ვესაუბროთ. ახლა კი, ამ ინტერვიუდან ირკვევა, რომ თურმე ჯერ რუსებთან უნდა დავალაგოთ ურთიერთობა, ხოლო შემდეგ დასავლელ პარტნიორებთან ერთად დავძლევთ წინააღმდეგობას. საინტერესოა, რამ გამოიწვია პრიორიტეტების ასეთი გადაჯგუფება. მოვიყვანოთ ციტატა მისი ინტერვიუდან:
“ბუნებრივია, ამასაც სჭირდება რუსეთის ფედერაციასთან ნორმალური ურთიერთობების აღდგენა და მათი წვლილის შეტანა საქართველოში მშვიდობისა და ოკუპირებული ტერიტორიებზე ქართველი მოსახლეობის უფლების აღდგენის კუთხით.”

ვფიქრობ, საკმარისზე მეტი არგუმენტია იმისათვის, რომ დავწმუნდეთ _ ბატონი ალასანიას მთავარი პრიორიტეტი რუსეთთან ურთიერთობების აღდგენაა, თუმცა როგორ, რა ფორმით, რის ხარჯზე, გაურკვეველია. ასევე ბუნდოვანია, როგორ გაუმჯობესდება ჩვენი იმიჯი მსოფლიოში რუსეთთან ურთიერთობების ალასანიასეული აღდგენით.

უნდა აღინიშნოს, რომ მთლიანად ინტერვიუ არის დიპლომატიური ენის პაროდირება, რომლითაც ბატონი ალასანია ცდილობს საკითხში გაურკვეველ მკითხველს რუსეთთან ჰარმონიული ურთიერთობების ბრჭყვიალა ქაღალდში შეფუთული საქართველოს მომავალი შესთავაზოს. ადამიანები ხშირად იჯერებენ იმას, რის იმიჯსაც იქმნიან/უქმნიან, პოლიტიკაში კი ამგვარი თამაში რბილად რომ ვთქვათ, საფრთხეს მოკლებული არ არის.

ირაკლი მარგველაშვილი

17.04.10წ.