Friday 8 February 2013

რუსეთთან ურთიერთობების დალაგება ვერ შედგება





საქართველოში 2012წ. 1 ოქტომბერს მოსულმა ხელისუფლებამ კოალიციამ "ქართული ოცნება", ძალიან ამბიციური გეგმის შესახებ განაცხადა. მოახდინოს საქართველოს ინტეგრაცია ნატოში და პარალელურად დაარეგულიროს რუსეთთან ურთიერთობები, რომელსაც საქართველოს ოცი პროცენტი აქვს ოკუპირებული.
რა მოცემულობა გვაქვს დღეს და რატომ ვფიქრობთ, რომ ეს რიტორიკა არის ძალიან ამბიციური და ამვდროულად შეუსრულებელი? იმიტომ რომ საკითხი ეხება ორი ქვეყნის, საქართველოს და რუსეთის სტრატეგიულ მიმართულებებს. კერძოდ, 
1.      საქართველოსთვის სტრატეგიული საგარეო მიმართულებაა ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში  და შემდეგ ევროკავშირში ინტეგრაცია.
2.      საქართველოს სტრატეგიული მიმართულებაა ტერიტორიების დეოკუპაცია და იქედან რუსეთის ჯარების გაყვანა.
რაც შეეხება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს:
1.      რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება საქართველოს ნატოში ინტეგრაციას, განიხილავს მას საკუთარი უსაფრთხოების პრობლემად.
2.      რუსეთი განიხილავს საქართველოს და მთლიანად კავკასიას მისი გავლენის სფეროდ და ითხოვს ამის აღიარებას საერთაშორისო მოთამაშეების მიერ.
3.      მაქსიმალურად ცდილობს მოახდინოს  ე.წ. ახალი რეალობის, ანუ ოკუპირებული აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის "სახელმწიფოების" საერთაშორისო სამართალში ინტეგრაცია და საერთაშორისო აღიარება.
როდესაც სახეზეა მსგავსი სტრატეგიული შეუთანხმებლობა ორ სახელმწოფოს შორის, ყველა ლოგიკას მივყავართ იმ მიმართულებით, რომ შეთანხმება შესაძლოა მოხდეს მხოლოდ ერთ მხარის მიერ საკუთარი სტრატეგიულ ინტერესებზე  უარის თქმით. სხვა შემთხვევაში ვერც შეთანხმება და ვერც ურთიერთობის დალაგება რუსეთის ფედრაციასთან ვერ მოხდება. ვფიქრობ ნაწილობრივ უარის თქმა რაიმე ინტერესებზე არც საქართველოს შეუძლია, მას უკან დასახევი გზა არა აქვს  და  არც რუსეთი იქნება მოქნილი, რომ საქართველოს მიმართლებით რაიმე ნაბიჯი გადმოდგას, გარდა იმისა, რაც მისთვის მხოლოდ დასჯის მეთოდებს წარმოადგენდა, გაამარტივოს სავიზო რეჟიმი და მოხსნას ემბარგო საქართველოს პროდუქციაზე. თუ რატომ არ იქნება მოქნილი რუსეთი, ამაზე ქვემოთ ვისაუბრებთ.
            ვფიქრობთ, ძალიან უსუსურია იმის მტკიცება, რომ რუსეთთან აღვადგენთ სავაჭრო ურთიერთობებს და შემდეგ დავალაგებთ პოლიტიკურ ურთიერთობებს. ეს არის იმდენად ბავშვური, მიამიტური მსჯელობა, რომ კრიტიკასაც ვერ უძლებს. ვთქვათ ვერ მოვახერხეთ პოლიტიკური ურთიერთობების დალაგება და რუსეთმა შეწყვიტა ჩვენთან აღდგენილი ეკონომიკური ურთიერთობებიც და ისევ ემბარგო გამოაცხადა, ვინ არის ამ რისკების დამზღვევი? საქართველოს მთავრობა აიღებს ამ დაზღვევას თავის თავზე? ამაზე არავინ საუბრობს.
            რა გამოცდილება ან ჯადოსნური ჯოხი არსებობს ისეთი, რომელიც ამ ორი ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს ერთ ინტერესთა სივრცეში მოაქცევს? ეს ლეგიტიმური კითხვა დიდი ხანია ისმის საქართველოში, თუმცა კოალიციის ვერცერთმა წევრმა პრემიერ მინისტრის ჩათვლით ამაზე პასუხი ვერ გასცა. იმიტომ, რომ ამ შეკითხვაზე პასუხი არ არსებობს. ყველა გამოცდილება, რომელიც დაგროვებულია ამ ორ სახელმწიფოს შორის და ზოგადად ნატო რუსეთის ურთიერთობებში,  მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მსგავსი შეთანხმება ვერ შედგება.
            ამიტომ ისმის ლეგიტიმური შეკითხვა, მაშ რა ხდება, ამ ამბიციის უკან რა იმალება? ჩვენ ვეძებთ პასუხებს ამ შეკითხვებზე პოლიტიკოსთა განცხადებებში. საკმაოდ დასაფიქრებელი იყო საქართველოს პრემიერ მინისტრის მიერ ერევანში ვიზიტის დროს გაკეთებული განცხადებები: როგორც საქართველოს პრემიერ მინისტრმა ბ. ივანიშვილმა ბრძანა უახლოეს მომავალში ეს (საქართველოს-ხაზი ჩემია) პოლიტიკური კურსი არ შეიცვლება. ამას პრემიერმა დააყოლა, რომ ....."მაგრამ ცხოვრება წინ მიდის, პოზიციები იცვლება და ..". გარდა ამისა, მან ასევე განაცხადა, რომ სომხეთი არის მისაბაძი მაგალითი საქართველოსთვის, თუ როგორ უნდა დაარეგულიროს საქართველომ ურთიერთობები ნატოსთან და რუსეთთან.
            ჩნდება კითხვა, ამბიციურ გეგმაზე, რაც კოალიცია "ქართულმა ოცნებამ" წარმოადგინა - სასომხეთის სახელმწიფოს საგარეო მიმართულებების მსგავსი უნდა იყოს? კოალიციის გეგმა ამას გულისხმობდა? თუ ამას გულისხმობდა, მაშინ კოალიციის განცხადებები პროდასავლურ ორიენტაციაზე აბსოლუტურად შეუსაბამოა იმ რეალობასთან, რომელსაც ის აპირებს განახორციელოს.
            თუ გავითვალისწინებთ, რომ პოლიტიკაში საკმაოდ  დიდი დატვირთვა  აქვს სად კეთდება  განცხადება, რა სივრცეში კეთდება ის და ამ სივრცის კონტექსტი რამდენად შეესაბამება გაკეთებულ განცხადებას, ამ განცხადებაში სჩანს ის მთავარი ნიშანი, თუ რატომ გაკეთდა ეს განცხადებები სწორედ ამ და არა რომელიმე სხვა წერტილში.  ამ თვალსაზრისით საკმაოდ ნიშანდობლივია, რომ პრემიერ მინისტრმა ეს განცხადება სწორედ სომხეთის რესპუბლიკაში გააკეთა. რა ხდება ამ სივრცეში? სასომხეთის სახელმწიფო არის რუსეთის სტრატეგიული პარტნიორი, რომელიც ასევე არის სამხედრო ბლოკ ოდკბ-ს წევრი, სადაც ლეგალურად დგას რუსეთის ერთერთი უდიდესი ბაზა, ხოლო სასომხეთის სახელმწიფოს საზღვრებს იცავს რუსეთის სასაზღვრო  ჯარები.
            ასეთ სივრცეში გაკეთებული განცხადება, რომ  სასომხეთი საქართველოსთვის არის მაგალითი, ან  უახლოეს მომავალში ეს საქართველოს პოლიტიკური კურსი არ შეიცვლება ....."მაგრამ ცხოვრება წინ მიდის, პოზიციები იცვლება და ..". მთელი ამ განცხადებების კონტექსტი არ მეტყველებს იმაზე, რომ საქართველო საკუთარ სტრატეგიულ ინტერესებს სრულყოფილად დაიცავს რუსეთის წინაშე, რომლისთვისაც დიდი პრობლემაა საქართველოს საგარეო ორიენტაცია. პრემიერ მინისტრის განცხადება რას გულისხმობდა? ანუ საქართველო ნატოსთანაც და რუსეთთანაც კარგად ითანამშრომლებს და სომხეთის დარად საქართველო იქნება რუსეთის სტრატეგიული პარტნიორი. სხვა ლოგიკა ამ მთელს კონტექსტში არ არსებობს.
            ასეთი ქმედება ნამდვილად მოხდება საქართველოს სტრატეგიული ინეტერესების ხარჯზე, რომელ ინტერესებთან ძალიან სერიოზულად არის დაკავშირებული ჩვენი შიდა პრობლემატიკა ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით. საქართველოსთვის არ ყოფილა თვითმიზანი რუსეთთან ურთიერთობების გაფუჭება. საქართველომ არაერთხელ გამოუცხადა ნდობა რუსეთის სახელმწიფოს მხოლოდ უკანასკნელი 20 წლის მანძილზე, თუმცა ყველა შემთხვევაში მოტყუებული გამოვიდა. გავიხსენოთ ზოგიერთი მათგანი.
1.      1992წ. დაგომისის ხელშეკრულების გაფორმებით, რუსეთის სამშვიდობო ძალები ცხინვალის რეგიონში განთავსდნენ, თუმცა არანაირი სამშვიდობო მისია არ უწარმოებიათ და საბოლოოდ სრული ოკუპაცია გაუკეთეს ამ ტერიტორიას.
2.       1992 წ. სექტემბერში მოსკოვში ხელმოწერილი სამშვიდობო ხელშეკრულება აფხაზებთან და რუსეთთან, იმავე წლის 5 ოქტომბერს გაგრის აღებით დასრულდა.
3.      1993წ. ივლისში ხელმოწერილი ხელშეკრულება სოჩაში აფხაზეთის კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგებისთვის, 1993წ. 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით, აფხაზეთიდან 300 ათასი ქართველის ეთნოწმენდით დასრულდა.
4.      1994წ. მოსკოვის სამშვიდობო ხელშეკრულებით რუსეთი გახდა სამშვიდობო კონტიგენტი აფხაზეთში, თუმცა არაფერი კონფლიქტის მოსაგვარებლად არ გაკეთებულა, სრულიად იქნა წახალისებული სეპარატიზმი და საქართველომ საბოლოო ოკუპაცია მიიღო ყველაფერი ამის სანაცვლოდ.
5.      უამრავი შეთანხმება ე. შევარდნაძესთან, რომლებიც არ შესრულდა, ასევე უამრავი საერთაშორისო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთს ევალებოდა კონფლიქტების მოგვარება, რომელიც მის მიერ არ შესრულდა.
            ამიტომ ჩვენი საგარეო კურსი ამ გამოცდილებებით განისაზღვრა, რომლითაც ჩამოყალიბდა ჩვენი სტრატეგიული ინტერესები: საქართველოს ინტეგრაცია ნატოში და ევროკავშირში, არაღიარების პოლიტიკა,  რუსეთთან ურთიერთობა საერთაშორისო შუამავლების მეშვეობით.  ზემოთ  ჩამოთვლილ  შემთხვევებში, საქართველოს და რუსეთს უშუალო პირდაპირი ურთიერთობები ჰქონდათ, სადაც სასტიკად იქნა ჩვენი ინტერესები შელახული.
            ამ ყველაფრის გათვალისწინებით, პრემიერ მინისტრის განცხადებები, რომ შესაძლოა უახლოეს მომავალში არა, მაგრამ დროში შეიცვალოს საქართველოს საგარეო მიმართულებები ნამდვილად არის შესაშფოთებელი, ვინაიდან ამ მიმართულებების შეცვლის შემთხვევაში მოხდება საქართველოს სტრატეგიული მიმართულებების შეცვლა. ეს კი პრაქტიკულად მოახდენს საქართველოს სახელმწიფოს რუსეთის გავლენის სივრცეში დაბრუნებას, როგორშიც იმყოფება სომხეთი, რომელიც იძულებული ხდება ხშირ შემთხვევაში დაჰყვეს მოსკოვის ნებას.             რუსეთმა 90-იანი წლებიდან დაიწყო საქართველოში კონფლიქტების ინსპირირება, რასაც მოჰყვა 2008წ. აგვისტოს ომი. რუსეთის მთელი მცდელობა ის იყო, რომ არ დაეშვა დამოუკიდებელი საქართველოს მიერ საკუთარი საგარეო პოლიტიკის წარმოება, საკუთარი სურვილით ინტეგრაცია დასავლეთთან. მისი ერთადერთი მიზანი იყო დაეტოვებინა საქართველო თავისი გავლენის სივრცეში. საქართველომ თავისი დამოუკიდებლობის დასაცავად დიდი მსხვერპლი გაიღო.
            რატომ ვერ იქნება რუსეთი მოქნილი, ანუ რატომ ვერ მოხდება რუსეთთან მოლაპარაკება და ე.წ. ურთიერთობების დალაგება. როგორც ზემოთ ვთქვით მთავარი წინააღმდეგობა ეს არიც ჩვენი სტრატეგიული ინტერესების მკვეთრი სხვაობა დროსა და სივრცეში. მეორე და უმნიშვნელოვანესი თუ რატომ ვერ მოხდება ურთიერთობების დალაგება და ამ ურთიერთობებში ჩვენი სტრატეგიული ინტერესების გათვალისწინება ეს არის რუსული იმპერიის მენტალური ხასიათი.
            რუსეთი არის "დერჟავა", რაც გულისხმობს ფლობას მხოლოდ მისთვის და მისკენ. შესაბამისად ეს გამორიცხავს რუსული პოლიტიკის მოქნილობას ჩვენნაირ მოსაზღვრე სახელმწიფოებთან. სწორედ მის მენტალობაში მკვეთრად არის განსაზღვრული, რანგი და რუსეთი არასოდეს ჩათვლის საქართველოს იმ რანგის ქვეყნად, რომელთანაც ის შესაძლოა იყოს მოქნილი. თუ დავაკვირდებით რუსეთის პოლიტიკის გამოცდილებას, ის პრაქტიკულად არასოდეს არის მოქნილი, ის ან იმარჯვებს და ფლობს, ან მარცხდება და მიდის. მაგალითად ის დამარცხა ავღანეთში, ცივ ომში, აღმოსავლეთ ევროპაში, ბალკანეთში, ახლო აღმოსავლეთში... ასევე ის უნდა დამარცხდეს საქართველოსთან და მოახდინოს დეოკუპაცია.
            როგორი რთული არ უნდა იყოს, საკითხი ასე დგას და მთელი გამოცდილება ამას გვეუბნება. მითუმეტეს რუსეთის მიერ 2008წ. ომის მშემდეგ გაცხადებული ე.წ. "ახალი რეალობა" მას არ აძლევს საშუალებას იყოს მოქნილი, ხოლო საქართველოს არ აძლევს საშუალებას შეეგუოს საკუთარი ტერიტორიების ოკუპაციას. ან რუსეთმა უნდა თქვას უარი ე.წ. "ახალ რეალობაზე", ან საქართველო შეეგუოს ოკუპაციას. ვფიქრობ ამ შემთხვევაში არ არსებობს ოქროს შუალედი. ვინაიდან არ არსებობს ოქროს შუალედი, ვფიქრობთ კოალიციის ამბიციური გეგმა დაალაგოს ურთიერთობები რუსეთთან და მოახდინოს ინტეგრაცია ნატოში განუხორციელებელია, რაც გულისხმობს იმას რომ რუსეთთან ამ მოცემულობაში ურთიერთობების დალაგება ვერ მოხდება.


ირაკლი მარგველაშვილი