Friday 19 December 2008

რუსეთ ამერიკის დაპირისპირება

რუსეთ ამერიკის დაპირისპირება

(მიმდინარე კავკასიური საჭადრაკო დაფა)


სიტუაცია დღეს კავკასიაში ძალიან მართლაც დაძაბულია. რუსებსა და ამერიკელებს შორის მიმდინარეობს უკვე ხილული დაპირისპირება. პრაქტიკულად აღარ ერიდებიან ერთმანეთს. ანუ უახლოეს ხანებში მოხდება ძირითიადი სვლების განხორციელება პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე. ეს მოსალოდნელიც იყო. შეიძლება ითქვას, რომ ეს არ დაუწყია რუსეთს, ვგულისხმობ 2003წ. რევოლუციას. ამ სვლების განხორციელება ამერიკელებმა დაიწყეს. არ ვიცი რამდენად გამართლდება გამოთქმა: "თეთრები იწყებენ და იგებენ". აგვისტოში ამ საჭადრაკო დაფაზე დაიწყო რუსების შეტევა, რომელიც შუა გზაში შეჩერდა და დასასრულამდე ვერ მივიდა. რუსებს რომ შეძლებოდათ მისი დასრულება, საჭადრაკო პარტიაც დასრულდებოდა. ანუ დასრულებული ჯერ არაფერი არ არის. დასავლეთმა პრაქტიკულად ერთიანი ფრონტით შეძლო რუსული შეტევის შეჩერება აგვისტოში და ამაში ევროპელებმაც მიიღს მონაწილეობა, მაგრამ მერე ეს შეტევა შენელდა. ანუ ტემპი, რაც რუსებმა შესთავაზეს დასავლეთს არ გაგრძელდა. რუსებიც პრაქტიკულად შუა გზაზე გაიყინენ და სწორედ ეს არის იმის საფუძველი ვიფიქროთ, რომ რუსებს ტემპის აჩქარება აწყობდათ. მათ ეს ტემპი დღესაც აწყობთ, ამიტომ ისინი გარკვეულ მანევრებს ატარებენ, რუსული გამოთქმისა არ იყოს " ვაინა ხუ-------------, გლავნიე მანიოვრი". შესაბამისად ეს მანევრებია, რომელიც წარმოშობს იმ ლოგიკას, რომ რუსებს სურთ დაწყებული პარტიის დასრულება და ამაში გასაკვირი არაფერია. ამიტომ მძაფრად ისმის შეკითხვა, იქნება თუ არა კიდევ ომი. დღემდე ამერიკის პოზიცია აგვისტოს განხორციელებულ შტურმზე თავდაცვით ხასიათს ატარებდა, თუმცა უკვე გამოიკვეთა ნიშნები, რომ ამერიკა აპირებს შეტევაზე გადასვლას, მხოლოდ 4 თვის შემდეგ.
ამ 4 თვეში ეკონომიკური კრიზისი მსოფლიოში და მითუმეტეს რუსეთში გაძლიერდა. შესაბამისად რუსეთში ის აქტიურ ფაზაში შედის და ეს წარმოშობს შიდა განხეთქილებას რუსულ პოლიტ ელიტაში. აგვისტოს "გამარჯვებით" გამოწვეული პრ-ის საწვავიც ილევა და ის ვერ იმუშავებს ისე, როგორც ომის დასასრულს მუშაობდა. ასევე ძნელია კრიზისის აქტიურ ფაზაში შესვლის შემდეგ დაიქოქოს ახალი პრ-ი, რომელსაც რუსული საზოგადოება აყვება, ისე, როგორც ეს აგვისტოში მოხდა. მითუმეტეს, რომ აშშ გადადის შეტევაზე. აქ ვგულისხმობ სამხედრო ხელშეკრულების გაფორმების, პროცესის დაწყებას რომელიც ძალიან აქტიური ნაბიჯი იქნება ამერიკის მხრიდან. ვფიქრობ, ამ ხელშეკრულების გაფორმებით ამერიკა ახორციელებს გეგმა ბ-ს. გეგმა ა. იყო საქართველოს და უკრაინის ნატოში მიღება, რომლის დროში გადაწევა მოხდა, მაგრამ საკმაოდ საიდუმლო ინტერპრეტაციით.
სამხედრო ხელშეკრულების გაფორმება ეს არის ახალი რუსეთ-საქართველო0ს ომის დაწყების განეიტრალებისკენ გადადგმული ნაბიჯი და საკმაოდ შედეგიანიც შეიძლება გამოდგეს. თუმცა გამორიცხული არ არის ამ ხელშეკრულების გაფორმებამდე რუსებმა სერიოზული პროვოკაციები მოაწყონ და ისევ ავღმოჩნდეთ იძულებითი აუცილებლობის პირობებში, სადაც არჩევანი აღარ არის.

ომის დაწყების და საკითხის დახურვის ცდუნება რამდენად დიდი აღმოჩნდება რუსეთის პოლიტ იშტებლიშმენტისათვის ეს ნამდვილად პროგნოზს არ ექვემდებარება. თუმცა, ვფიქრობ ეს ნაბიჯი რუსეთისთვის დიდი რისკის შემცველი იქნება. ასევე ვფიქრობ, ეს რისკები აისახება კრემლის შიდა დაპირისპირებაზე, რომელიც გარდაუალია. ყავლი გაუვიდა რუსული კრიზისის ამერიკისთვის და საქართველოსთვის გადაბრალების პრ-ს, რომელმაც 4 თვემდე იმუშავა. ფაქტია, რომ რეალურად ეს მდგომარეობა უნდა დაბრალდეს იმ კლანს, რომელმაც გაყო თავი ამ ყველაფერში. ესეც სერიოზული ნიშანია იმისათვის, რომ ომის საშიშროების განეიტრალება მოხდეს, უშუალოდ ერთერთი კლანის მიერ, უფრო ალბათ მედვედევის კლანის მიერ. ვინაიდან ვფიქრობ, პუტინ მედვედევის კლანებს შორის ამაზე აზრთა ერთობა ვერ იქნება. კარგად ჩანს, რომ მედვედევი ცდილობს დასავლეთის მხარდაჭერის მოპოვებას, პუტინის წინააღდეგ და პრაქტიკულად ეს უკვე დაწყებულია. დასავლეთის სიმპატიები მედვედევის მხარეს იხრება, შესაბამისად ახალი ომის გაჩაღება პრაქტიკულად მედვედევის ამ გეგმებს ჩაშლის და მთავარი საკითხი პუტინის განეიტრალება, ჩიხში მოექცევა. არადა მედვედევისთვის და მისი კლანისთვის ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, მითუმეტეს პუტინის განეიტრალების შესანიშნავი პირობებია რუსეთში ეკონომიკური კრიზისის სახით, რომელიც რეალურად პრემიერის პასუხისმგებლობას გამოიწვევს. ეს საკითხი გააქტიურდება. დუმა უკვე ითხოვს პუტინის მისვლას პარლამენტში და განმარტებების მიცემას ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე. პუტინი ჯერჯერობით თავს იკავებს.
ეს საკითხები პირდაპირ ემთხვევა ამერიკის გააქტიურებას საქართველოში და ზოგადად მის კავკასიური პოლიტიკაში. შესაბამისად ომის განეიტრალებაც ამ საკითხებთანაა მიბმული და შეიძლება ითქვას ომის დაწყება არ დაწყების პროცენტული მაჩვენებლები: დაწყება 30% არ დაწყება 70% მდე დავუშვებდი. ვფიქრობ ის 4 თვე, სიტუაციების მომწიფებას დაეთმო და მთავარი შეტევა რუსეთზე გაზაფხულიდან დაიწყება. გაზაფხული ამ ყველაფრისათვის იდიალური დროა.
რუსეთს ექნება მაქსიმუმი მცდელობა, როგორმე მოახერხოს მიენიჭოს იურიდიული სტატუსი აფხაზეთში და ცხინვალში. სწორედ ამიტომ არის აფხაზური ინიციატივა წინა პლანზე ჭუბურხინჯის შეხვედრების აღდგენის შესახებ, სადაც რუსეთიც მიიღებს მონაწილეობას და ამით ის, რაღაცნაირად გადალახავს, შეაგუებს დასავლეთს მის არსებობას ამ რეგიონში, ანუ მოახერხებს აგვისტომდელი ფრომატის დეფაქტო გაგრძელებას. რუსეთს ამის პრობლემა აქვს, თან დიდი პრობლემა. ის იმყოფება საოკუპაციო სტატუსში და არავინ იჯერებს იმას, რომ აფხაზეთთან და ცხინვალთან ხელშეკრულებები გააფორმა. ეს ხელშეკრულებები საერთაშორისო ურთიერთობებში ნულის ტოლია. ეს არის საკუთარი იურიდიული სივრცე, რომელსაც არავინ იზიარებს. ეს არის ასევე სარკოზი მედვედევის შეთანხმების პარალელური იურიდიული სივრცე, რომელმაც ვერ ჩაანაცვლა ძირითადი 6 პუნქტიანი შეთანხმების სამართლებრივი სივრცე.
რუსეთის ეს მცდელობები ჯდება იმ 70%-იან ომის არ დაწყების ალბათობაში. რუსეთი ვერ აწესრიგებს იურიდიულ მხარეს და შეიძლება ითქვას კბილებით უჭირავს სიტუაცია. ის ძალიან არაკომფორტულ მდგომარეობაშია. შეიძლება თქვან ეს არაფერს ნიშნავსო, მაგრამ იურისპრუდენცია დიპლომატიური გამარჯვების მოსაპოვებლად პირველი ბერკეტია. რაც რუსეთს საქართველოში აღარ გააჩნია. არადა აგვისტომდე სიტუაციების დაბრუნება იურიდიულ პლანში ნიშნავს სამშვიდობო ფორმატს, რუსების გარეშე, რუსეთს გამოცხადებულს ოკუპანტად და კონფლიქტის მხარედ. ეს რუსეთმა იცის. ის ამის საწინააღდეგოდ ყველაფერს გააკეთებს, თუმცა ნებისმიერი ახალი იურისპრუდენციული სივრცე, რომელსაც რუსეთი მოინდომებს, რომ შექმნას ამ ტერიტორიებზე იქნება ისეთივე საოკუპაციო სტატუსის შემადგენელი ნაწილი, რომელიც დღეს არის. ამდენად რუსეთის მცდელობები, ამ შემთხვევაში არის მანევრები შეძლოს, როგორმე გადალახოს საოკუპაციო სივრცე, რომელსაც ვერ ახერხებს. ამიტომ ომის რიტორიკა, რომელიც ისმის რუსეთიდან არის შანტაჟი და მისი განხორციელების 30 %-იანი ალბათობა შეიძლება დავუშვათ მხოლოდ. ომის დაწუების შემთხვევაშიც კი, არავინ იცის, რუსეთი, რამდენად შეძლებს აგვისტოს გეგმის განხორციელებას. ესეც დიდი ალბათობის ქვეშაა და აშშ ამას არ დაუშვებს. გეგმის დასრულების შემთხვევაში საქართველოს ის ხელისუფლება, რომელიც რუსეთის მიერ იქნება კონტროლირებადი მოექცევა დასავლეთის მხრიდან იზოლაციაში და პრაქტიკულად საქართველოს როგორც ქვეყანას დაეკარგება ყოველგვარი შანსი განვითარების.

ირაკლი მარგველაშვილი

19.12.08წ.

Friday 5 December 2008

საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი სკივრში ჩაიკეტა

ალბათ საინტერესოა რა მოხდა ნატოს სამიტზე. რა განხორციელდა, რა მივიღეთ, რა არ მივიღეთ, რა იჩალიჩეს ამ გაქნილმა ანგლოსაქსებმა და რა სიტუაციაში ვართ.

ერთმნიშვნელოვნად ვერაფერს ვიტყვი, ვინაიდან უბრალოდ ერთმნიშვნელოვანი სიტუაციაა არ არის. არამედ ძალიან ბუნდოვანია, რომელსაც ვეცდები რაღაც გასაღები მოვუძებნო. ისეთი რაღაც გააკეთეს მემგონი სხეფერმაც ვერ გაიგო. ცოტა დაბნეული მომეჩვენა პრესკონფერენციისას.

დავიწყოთ წინა დღეების განცხადებებით. ანუ ამ გადაწყვეტილების ნარატივი რა იყო.
სამიტამდე 4 დღით ადრე ვრცელდება რაისის განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ მაპი აუცილებელი არ არის ნატოში შესასვლელად. გადის ერთი დღე და ამბობს, რომ ეს ინგლისელების იდეაა და მას ამერიკაც ეთანხმება. თუმცა ამ იდეის შესახებ მილიბენდისგან არაფერი მოგვისმენია. რაისი ინგლისში ჩადის და ორივე ამ იდეას კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ საქართველო და უკრაინა უნდა გაწევრიანდეს ნატოში მაპის გარეშე. სახელდება სხვადასხვა ვერსიები, რომ არიან ქვეყნები, მაგ. პოლონეთი და ჩეხეთი რომლებიც მაპის გარეშე შევიდნენ ნატოში. ხოლო ბალტიისპირეთის ქვეყნები მაპით. რომ არსებობს სხვა გზებიც, რომელიც ნატოში მიდის მაპის გარეშე. ნუ ამ განცხადებებმა დაძაბა საზოგადოება და არამარტო ქართული, არამედ მთელი მსოფლიო. მანამდე მსგავსი რამ არ თქმულა. მილიბენდმა გაამწვავა ეს რიტორიკა იმით, რომ ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების იურიდიული აღსრულება მოითხოვა და საქართველოს და უკრაინის მიღება პირდაპირ ნატოში. გერმანია და საფრანგეთი აკეთებს განცხადებას, რომ მაპი აუცილებელია. სამიტზე დააგვიანა ამ ოთხი ქვეყნის წარმომადგენლებმა და ისინი გადიოდნენ კონსულტაციებს ამ საკითხებზე. საბოლოოდ მივიღეთ ძალიან ბურუსით მოცული გადაწყვეტილება. თუმცა ყველაზე საინტერესო ამ განცხადებებში იყო რაისის ფრაზა, რომ მაპის მინიჭება გახდა პოლიტიზირებული საკითხი, არადა ეს არის ტექნიკური ნაწილი ნატოში გასაწევრიანებლად. ეს იყო საკვანძო ფრაზა მთელ ამ განხადებებში. რატომ იყო საკვანძო ფრაზა, ამას კიდევ მივუბრუნდებით.

დაიწყო დისკუსიები. სხეფერის პირველი საჯარო გამოსვლიდან ვგებულობთ, რომ ნატოს წევრთა შეხედულებები ჩვენს და უკრაინის საკითხზე განსხვავებულია და ერთიანობა არ არსებობს. საბოლოოდ იღებენ გადაწყვეტილებას, რომ გააქტიურდება ნატო საქართველოს კომისია და მის ფარგლებში მოხდება ნატოსთვის ჩვენი მოზადება, ასევე უკრაინისაც. თუმცა სხეფერმა თქვა, რომ მეპის იდეა ისევ არსებობს. რას უნდა ნიშნავდეს ეს გადაწყვეტილება. რა შეფუთა ნატომ, რა შეინახა სკივრში. რა არის სკივრი თავად ამ თემატურობაში, რასაც ეს გადაწყვეტილება გვთავაზობს? რა მოხდა. პრაქტიკულად შეიქმნა გაურკვევლობა. შეიქმნა სიტუაცია, როდესაც ყველაფერი ნისლში გაეხვა. მაგრამ ფაქტია, რომ გაჩნდა ახალი სიბრტყე და მაპის ერთმნიშვნელოვანი გზა ნატოსკენ დამთავრდა, თუმცა კომუნიკეში მაპი არ ამოვარდნილა. შეიქმნა ახალი სიბრტყე , რომელმაც რაღაც ახალი რეალობა უნდა შექმნას.

აქ უკვე უნდა მივუბრუნდეთ საკვანძო ფრაზებს, რომელმაც ამ გადაწყვეტილების მიღებამდე გაკეთდა და შეიძლება რაღაც გამოგვივიდეს. იმთავითვე უნდა შევთანხმდეთ, თუ ვინმეს ესმის დიპლომატიური განცხადებების ანი, ბანი, აპრიორია, რომ ყველა განცხადება, რომელიც გაკეთდა რაისის, მილიბენდის შტაინმაიერის, კუშნერის მხრიდან ცარიელი ადგილის შესავსებად არ გაკეთებულა. მათ დანიშნულება ჰქონდათ. დანიშნულება 4 დღის შემდეგ და შეიძლება 1 წლის შემდეგაც ჰქონდეთ. ანუ პირველი ფრაზა: "არსებობს სხვა გზები ნატოში შესასვლელად და მაპი არ არის აუცილებელი. ის ჩვენ არ გამოგვიყენებია ჩეხეთისა და პოლონეთის მიმართ" (რაისი, მილიბენდი). ფაქტია, რომ გაჩნდა სხვა გზა, სხვა სიბრტყე საკითხის გადაწყვეტის. კომისიის მუშაობის გაძლიერება, დახმარება, ეკონომიკური და სამხედრო მოდერნიზაცია და მომზადება ნატოში შესასვლელად, რომელსაც უკვე ეს კომისია შეასრულებს. ფორმალური თვალსაზრისით მაპი ტექნიკურად წევრობის სამოქმედო გეგმაა ნატოში გასაწევრიანებლად. ვიმეორებ ფორმალურად.

შემდეგი ფრაზა "მაპის მინიჭებამ საქართველოსთვის და უკრაინისთვის გახდა ძალიან პოლიტიზირებული". ეს საკვანძო ფრაზაა, ვინაიდან საკითხი თავად ტექნიკურია (მაპი) და მისი პოლიტიზირება არ არის მისაღები, ამიტომ ეს უნდა დასრულდეს. შესაბამისად საკითხი უნდა დაიხუროს, მაპის სიბრტყე უნდა დაიხუროს და საკითხი პოლიტიზირებული აღარ უნდა იყოს. მემგონი ეს ამას ნიშნავს. საკითხი მართლაც დაიხურა და გაჩნდა, როგორც ვთქვი ახალი სიბრტყე კომისიის მუშაობის გაძლიერება და პრაქტიკულად იგივე საკითხებით დატვირთვა რაც მაპს ახლავს. ნატოს წევრობისათვის მომზადება. არადა ღიად გაცხადდა, რომ ეს კომისია, წლიური გეგმით მოამზადებს საქართველოს ნატოში შესვლის საკითხს. თუმცა საკითხი ბოლომდე არ გაიხსნა და არ ითქვა, რაც მას ნათელს მოჰფენდა,არის თუ არა ამ კომისიაში მუშაობა მაპის ტოლფასი. პირიქით, სხეფერმა განაცხადა, რომ მაპი არ გამქრალა. ასეთი ზოგადი ფრაზა იქნა ნათქვამი. შეიძლება მივიჩნიოთ, რომ ეს საკითხი დარჩა საჯილდაო ქვად ორი პოზიციის შეჯერებისას, მაგრამ გადაწყვეტილად არც ის თქმულა, რომ მაპი აუცილებლად უნდა გავლილ იქნას. მინიშნება ზოგადი იყო.

დასკვნა აქედან რა მოხდა გუშინ. ჩემი აზრით, მაპით პოლიტიკური სპეკულირების თემა გარკვეულწილად დაიხურა. საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი ჩაიკეტა სკივრში. თავად ეს სკივრი არის, ნატო საქართველოს კომისია. საკითხის გასაიდუმლოება მოხდა. შესაბამისად ცნობილი მაპის სიბრტყე ჩანაცვლდა სხვა სიბრტყით და თემაც ბურუსით მოცული გახდა. ანუ ნატოს საკითხმა თემატურ დროში გადაინაცვლა და რას გვთავაზობს ერთ მშვენიერ დღეს ის სიუჟეტური დრო, რომელიც ამ სკივრის გახსნას მოჰყვება რამდენიმე წელში გამოჩნდება. თუ არ განმეორდა რუსული აგრესია და შავ ზღვაში მოუხშირეს მე-6 ფლოტის გემების ცურვამ.



კონკრეტულად ნატო საქართველოს კომისია იმუშავებს შემდეგ საკითხებზე:

ნატომ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს დამოუკიდებლობის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა საერთაშორისო სამართლისა და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესაბამისად.

ნატომ მოუწოდა რუსეთს:

ა) საქართველოს რეგიონების დამოუკიდებლობის ცნობა უკან წაიღოს;

ბ) შეასრულოს 6 პუნქტიანი შეთანხმება და მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები;

გ) საერთაშორისო დამკვირვებლებს მიეცეს მონიტორინგის სრულად განხორციელების საშუალება;

დ) კონსტრუქციულად მიიღოს მონაწილეობა ჟენევის მოლაპარაკებებში.

ნატომ დასვა მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების საკითხი:

1. თავდაცვა

ა) აგვისტოს კონფლიქტში დაშვებული შეცდომების დაფიქსირება და მათი გათვალისწინებით უსაფრთხოების კონცეფციის დამუშავება;

ბ) ჯარის მენეჯმენტის სისტემის გაუმჯობესება;

გ) თავდაცვის ბიუჯეტის გამჭვირვალობა და ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობა.


2. დემოკრატია

ა) არჩევნები;

ბ) მთავრობის საქმიანობის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება;

გ) მედიის თავისუფლება;

დ) კანონის უზენაესობა (სასამართლოს დამოუკიდებლობა).


ნატომ აიღო ვალდებულება მაქსიმალურად ჩაერთოს მოცემული რეფორმების გატარების პროცესში:

ა) MAP-ზე შემდგომი გადაწყვეტილების მიუხედავად - ნატო-საქართველოს კომისია შეიმუშავებს რეფორმების განხორციელების ეროვნულ პროგრამას;

ბ) თბილისში გაიხსნება ნატოს ოფისი მჭიდრო თანამშრომლობისათვის;

გ) რეფორმების მიმდინარეობის პროცესს ნატო უშუალოდ დააკვირდება და მიიღებს მასში აქტიურ მონაწილეობას.


ევროკავშირი

ამავე დღეს - 3 დეკემბერს - ევროკავშირმა დაამტკიცა აღმოსავლეთის პარტნიორობის გეგმა - რომელიც სხვა ქვეყნებთან ერთად - საქართველოსთვის ითვალისწინებს:

ეკონომიკური დახმარების გაწევას - დემოკრატიული რეფორმების ხელშეწყობას - სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას - სავიზო რეჟიმის გამარტივებასა - ენერგეტიკის სფეროში ინიციატივებს - საშუალო და მცირე მეწარმეობის წახალისებას და მრავალ სხვა მნიშვნელოვან საკითხს

ასე რომ მეგობრებო - მთავარია ახლა გონივრულად მოქმედება - ქვეყნის შიგნიდან გაძლიერება - თავდაცვის სისტემის - დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება.