Wednesday 28 December 2011

საქართველოს ნატოში ინტეგრაცია და შესაძლო გეოპოლიტიკური ძვრები

2011წ. ნოემბერში, რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ 2008წ. აგვისტოს ომით და რუსეთის მიერ საქართველოში შემოჭრით, რუსეთმა ნატოს გაფართოება შეაჩერა. ეს რომ არ მომხდარიყო ეხლა განსხვავებული გეოპოლიტიკა იქნებოდა და რამდენიმე ქვეყანა ნატოს წევრი იქნებოდა. აღნიშნულ განცხადებაზე ბევრი აზრი გამოითქვა, მაგრამ მე პირადად არ შემხვედრია იმის ანალიზი, თუ რა მოხდებოდა და რას გულისხმობდა ბატონი მედვედევი გეოპოლიტიკური რეალობის შეცვლაში, ან როგორ შეიცვლებოდა ეს გეოპოლიტიკა და როგორ დალაგდებოდა სიტუაცია.

სწორედ ეს საკითხი მინდა განვიხილო წინამდებარე წერილში. ვისაუბროდ იმაზე, თუ რა პოლიტიკურ და ეკონომიკურ ძვრებს გამოიწვევს ნატოს გაფართოება რეგიონში, ასევე საქართველოს ნატოში შესვლა რუსული პოლიტიკისათვის რა საფრთხეს წარმოადგენს. ამის გაანალიზების შედეგად შესაძლოა უფრო გარკვეული და გასაგები იყოს მედვედევის განცხადება, თუ რას გულისხმობდა ის თავის განცხადებაში. ასევე გაცილებით გასაგები გახდება 2008წ. აგვისტოს ომი, რომელიც ისევ დიდი კამათის და ინტერპრეტირების საგანია დღესაც.
რუსეთის პრეზიდენტის გულწრფელ განცხადება მოიცავს სხვადასხვა ასპექტებს. ეს მოიცავს, როგორც ეკონომიკურ, ასევე პოლიტიკურ ასპექტებს. ვფიქრობ საინტერესო იქნება თითოეულის განხილვა ცალცალკე და შემდეგ ერთიანი დასკვნის გაკეთება. დავიწყოთ პოლიტიკური ასპექტით.

საქართველოს ნატოში გაწევრიანება, სრულიად შეცვლის გეოპოლიტიკურ ვითარებას კავკასიის რეგიონში. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთი, რომელიც ერთადერთ გეოპოლიტიკურ მოთამაშედ მოაზრებს თავს კავკასიაში, პრაქტიკულად თავისსწორ გეოპოლიტიკურ სუბიექტს, საქართველოს (რომელიც იქნება ნატოს წარმომადგენელი რეგიონში) მიიღებს. ეს გამოიწვევს, რუსეთის გეოპოლიტიკური როლის შესუსტებას და იმ ბერკეტების განეიტრალებას, რომლითაც ცდილობს ის კავკასიაში სიტუაციის დაჭერას და თავისი პოლიტიკის გატარებას. რა არის ეს ბერკეტები?
შავ ზღვაზე თითქმის ერთპიროვნული კონტროლი.
ოკუპირებულ ტერიტორიები და იქ განთავსებული (აფხაზეთი,ცხინვალის რეგიონი) ბაზები.
ამიერკავკასიის ქვეყნების და განსაკუთრებით სომხეთის სტრატეგიული ურთიერთობები რუსეთთან.
დროში ამიერკავკასიის ქვეყნების აზერბაიჯანი, სომხეთის კონფლიქტი ყარაბაღში.
რაც შეეხება შავ ზღვაზე რუსეთის დომინირებულ არსებობას, საქართველოს ნატოში შესვლა პრაქტიკულად მოშლის 1938წ. მონტროს ხელშეკრულებით დადგენილ რეგულაციებს. საერთაშორისო საზღვაო სამართლით ამ საკითხის დაყენება საქართველოს თავისუფლად შეუძლია. ახალი რეალობა, რაც იქნება საქართველოს ნატოში გაწევრიანება, ნათელს გახდის, რომ მონტროს ხელშეკრულების რეგულაციამ თავისი თავი ამოწურა. შავ ზღვაზე გაჩნდება კიდევ ერთი ნატოს წევრი სახელმწიფო, რომელსაც სრული უფლება ექნება მოითხოვოს ვთქვათ, ნატოს საზღვაო ბაზის განთავსება თავის აკვატორიაში.

ჯაჭვური რეაქციით ეს გადაედება რუსეთის მიერ 20 წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული ბერკეტების, (საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია) განეიტრალებას და ხელს შეუწყობს დეოკუპაციის პროცესს, რომელიც უნდა განხორციელდეს ოკუპაციის აბსურდად ქცევით.
საქართველოს ნატოში ინტეგრაცია პრაქტიკულად აბსურდად აქცევს რუსეთის მიერ ამ ტერიტორიების ოკუპაციის მიზანშეწონილობას. გეოპოლიტიკური რეალიების შეცვლაა ერთადერთი საშუალება, რომ მოხდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ინტეგრაციის პროცესის დაწყება საქართველოს შემადგენლობაში. ასეთი გეოპოლიტიკური ცვლილება შესაძლოა იყოს მხოლოდ საქართველოს ნატოში ინტეგრაცია, რაც რუსეთის დომინირებულ გეოპოლიტიკას შეცვლის რეგიონში. შესაბამისად ის ბერკეტები, რომელიც რუსეთმა 2008წ. გამოიყენა ამ ტერიტორიების სრული ოკუპაციით, აზრს კარგავს, აბსურდი ხდება. სწორედ ამის შემდეგ ჩნდება საშუალება რომ დავიწყოთ ინტეგრაციული პროცესები აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან.

გეოპოლიტიკური რეალიების შეცვლის გარეშე, რუსეთთან ვერც ურთიერთობის დალაგება მოხერხდება და ვერც ოკუპირებულ ტერიტორიებთან რეალური ინტეგრაციული პროცესი. ეს იქნება კვლავ თავის მოტყუება, რაც 11 წლის მანძილზე გრძელდებოდა 2003 წლამდე ე. შევარდნაძის დროს. სწორედ ამ გეოპოლიტიკური რეალობის შეცვლას გულისხმობდა რუსეთის პრეზიდენტი თავის განცხადებაში.

აქვე უნდა ავღნიშნო, რომ რუსეთის სამართლებრივი რეჟიმი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძალიან მყიფეა, ვინაიდან არაღიარების პოლიტიკამ და ოკუპირებული ტერიტორიების სამართლებრივმა ინტეგრაციამ საერთაშორისო ორგანიზაციებში რუსეთის შანსები, რომ როგორმე მოახდენა ამ ტერიტორიების საერთაშორისო აღიარება პრაქტიკულად ნულს გაუტოლა. საქართველოს ნატოში ინტეგრაცია კი, სრულიად აბსურდად აქცევს რუსეთის 2008წ. ოკუპაციას, ისევე როგორც ერთ დროს აბსურდად იქცა სსრკ-ს მიერ ავღანეთის და აღმოსავლეთ ევროპის ოკუპაცია. ესეც გეოპოლიტიკური რეალიების შეცვლის შედეგად განხორციელდა 80-იანი წლების ბოლოს და 90 იანი წლების დასაწყისში.

საქართველოს ნატოში ინტეგრაცია ბიძგს მისცემს ამიერკავკასიის ქვეყნებს, სომხეთს და აზერბაიჯანს უფრო მჭიდრო ინტეგრაცია დაიწყონ ნატოსთან შემდგომში მათი სრული გაწევრიანებით ბლოკში. ასევე გაანეიტრალონ რუსეთის ფაქტორი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით და შუამავლად გაცილებით ობიექტური მხარეები ჩართონ, რაც ამ კონფლიქტის დასრულებას საბოლოოდ შეძლებს, რომელიც რუსეთმა მოახვია თავს ორივე მხარეს, ისარგებლეს რა ამ ქვეყნების პოლიტიკური უმწიფარობით 90-იან წლებში. ჯაჭვური რეაქციით უნდა გაძლიერდეს ამ ქვეყნების დაახლოება და შემდეგ სრული ინტეგრაცია ევროკავშირთან. რაც რუსეთის გეოპოლიტიკის სრული კრახი გახდება კავკასიაში. აი ამას ებრძოდა რუსეთის ფედერაცია 2008წ. აგვისტოში. ამასვე გულისხმობდა ბატონი მედვედევი როდესაც ამბობდა რომ არა ომი, გეოპოლიტიკური რეალობები შეიცვლებოდაო და ეს რუსეთისთვის ძალიან ცუდი იქნებოდაო.

გარდა პოლიტიკური ასპექტისა, საქართველოს ნატოში ინტეგრაცია გამოიწვევს საკმაოდ უკუეფქტს რუსეთის ეკონომიკური სიტუაციისათვის. გაცილებით თამამი გახდება ევროკავშირი ალტერნატიული ენერგომომარაგების კუთხით და კასპიის ენერგო რესურსების ათვისების შესაძლებლობებით. რამაც შესაძლოა გამოიწვიოს პოსტსაბჭოთა შუა აზიაში (თურქმენეთი, ყზბეკეთი, ყაზახეთი) ნავთობისა და გაზის ექსპორტის მიმართულების (რომელიც ამჟამად საკმაოდ იაფად რუსეთის გავლით გადის ევროპაში) შეცვლა ტრანსკავკასიური მიმართულებით და შესაბამისად ევროპული სახელმწიფოებიდან გაცილებით დიდი თანხების მიღება, ხოლო ევროპაში კი გაზზე რუსული მონოპოლიური ფასის დაწევა და კონკურენციის გაჩენა, რაც რუსეთის ინტერესებზე, რომლის ბიუჯეტის ძირითადი შევსების წყარო გაზის და ნავთობის რეალიზაციაა ძალიან ცუდად იმოქმედებს.

კავკასიაში გავლენის დაკარგვა გარკვეულწილად აამაღლებს პოსტსაბჭოთა შუააზიის ქვეყნების დამოუკიდებლობის ხარისხს, რაც რუსეთის ინტერესებში ნადვილად არ შედის, ვინაიდან რუსეთს, დღემდე საკმაო გავლენა აქვს ამ ქვეყნებზე. თავის მხრივ დროში ეს გამოიწვევს რუსეთის ეკონომიკური (გაზისა და ნავთობის რეალიზაციის) ინფრასტრუქტურის ძირეულ ცვლილებას და დიდ დანახარჯებს. რუსეთის ეკონომიკისთვის და ზოგადად ქვეყნის არსებობისათვის კი ეს კატასტროფის ტოლფასი იქნება.

იმ პატარა განცხადებაში, რომელიც პრეზიდენტმა მედვედევმა გააჟღერა, ჩატეულია ძალიან დიდი კონტექსტი. ხოლო საქართველოს საკითხი და საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაცია მოიცავს ძალიან დიდ თემებს. შესაბამისად რუსეთის გაბედულება, დაეწყო 2008წ. აგვისტოს აგრესია სრულიად გასაგებ ლოგიკურ ჩარჩოში ჯდება.
რაც შეეხება რუსეთთან სიტუაციის დალაგებას, რომელიც დღეს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში მოდაშიც კი შემოვიდა, მოიცავს მთელი ამ საკითხების, რაზედაც ზემოთ ვისაუბრეთ გადაწყობას და გადალაგებას. არ მგონია დღეს ბუნებაში არსებობდეს ისეთი პოლიტიკოსი, რომელიც რუსეთს ამ ყოველივეს ნებით გააკეთებინებს. ამიტომ დროა დასრულდეს პოლიტიკური სპეკულაციები ამ თემებზე და უფრო რეალურ პოლიტიკურ საკითხებზე წარიმართოს მსჯელობაც და სტრატეგიული სწორებაც, ვინაიდან საქართველოს შანსი, გახდეს საერთაშორისო გეოპოლიტიკის ქმედითი წევრი, სამწუხაროდ რუსეთთან საკმაოდ მტკივნეულ წერტილშია გადაკვეთილი.

ირაკლი მარგველაშვილი
27.12.2011წ.

Monday 19 December 2011

ნატო საქართველოს ურთიერთობები 2008-2011წწ.
ამ წერილით, ვფიქრობთ გარკვეულწილად ნათელს მოვფენთ იმ დაფარულ დიპლომატიას, რაც დაიგეგმა 2008წ. დეკემბერში ნატოს სამიტზე. ასევე სურვილი გვაქვს შევამჩნიოთ პროგრესი, რომელიც საქართველო ნატოს ინტეგრაციის კუთხით მიმდინარეობდა ამ წლების განმავლობაში. გვსურს დასრულდეს რიტორიკა, რომ საქართველო ისე დაცილდა ნატოს, რომ იქ გაწევრიანების პერსპექტივამ ძალიან გადაიწია.... აღნიშნული განცხადების ავტორები საკმაოდ ცუდად ერკვევიან ამ საკითხებში. თემის ასე დაყენება იმ ინფორმაციების ფონზე, რაც 2008წ. გავრცელდა და მითუმეტეს დღეს ვრცელდება ვფიქრობ საკმაოდ არაადეკვატურია.
ამიტომ შევეცდებით საქართველო-ნატოს ურთიერთობის საკითხი განვიხილოთ 2008 წლის დეკემრიდან, რომელიც ვფიქრობ ახალი ეტაპის დასაწყისი იყო საქართველო ნატოს ურთიერთობაში. 2008წ. 2-3 დეკემბერს ნატოს საგარეო მინისტრების სამიტი ერთერთი ძალიან საინტერესო სამიტი იყო. მაშინ ბევრი რამ გადაწყდა საქართველოსთვის, თუმცა საზოგადოებისათვის არაფერი ყოფილა შემჩნეული და ახალი. 4 დეკემბერს ჩვენს მიერ დაიწერა სტატია „ნატო საქართველოს ურთიერთობა სკივრში ჩაიკეტა,“ რომელიც ბლოგზე განვათავსეთ.

http://joaoscorner.blogspot.com/2008/12/saqartvelo-nato3122008.html

თუ გავიხსენებთ იმ პერიოდის სიტუაციებს და მსოფლიო პრესას, საკმაოდ საინტერესო საკითხის მომსწრენი გავხდებით დღეს. მაშინდელ პრესაში, ბევრი საუბარი იყო, რომ საქართველოსთვის მოიფიქრეს ახალი გეგმა ნატოში გასაწევრიანებლად. არსებული მაპის საკითხი კი დაიხურა მისი პოლიტიზირების გამო. იმისათვის, რომ საკითხი უფრო თვალნათელი გახდეს იქნებ მაშინდელ პრესას გადავხედოთ.

http://www.kommersant.ru/doc/1088068
http://www.materik.ru/country/detail.php?ID=2308
http://lenta-itar-tass.ru/373000/373893.php
http://www.materik.ru/rubric/detail.php?ID=2261
http://www.materik.ru/rubric/detail.php?ID=2270
http://www.materik.ru/rubric/detail.php?DATE_ACTIVE_FROM=13.10.2011&ID=2273

ძალიან აქტიური იყო საუბარი იმის შესახებ, რომ მაპი გახდა პოლიტიზირებული თემა, რომ არსებობს ნატოში ქვეყნების გაწევრიანების სხვა გზებიც. ამ თემებს ბევრი საუბარი მიეძღვნა და პრაქტიკულადაც განხორციელდა. იმის ნაცვლად, რომ საქართველოს მიეღო მაპი, საქართველოსთვის განისაზღვრა ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში ე.წ. „წლიური სამოქმედო გეგმის“ შესრულება. დღეს უკვე შიეძლება ვიმსჯელოთ იმ საკითხზე, რომ აღნიშნული გეგმის მშესრულება არის ერთგვარი განსხვავებული ფორმულა, რომლის მეშვეობითაც უნდა განხორციელდეს საქართველოს ინტეგრაცია ნატოში. სხვათა შორის მინდა გავიხსენო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ლავროვის სიტყვები, ომის შემდე: იმ შემთხვევაშიც კი 2008წ. აპრილში ბუქარესტში საქართველოსთვის მიეცათ „წევრობის სამოქმედო გეგმა“-მაპი, ეს ვერ დააბრკოლებდა რუსეთს განეხორციელებინა 2008წ. აგვისტოს ქმედებები. ანუ რუსეთის ქმედებები გაცილებით მაღლა იდგა, ვიდრე მაპი, რომელიც საქართველოს 2008წ. ომში ვერ დაიცავდა. ეს 2011 წელსაც დაადასტრურა რუსეთის პრეზიდენტმა, რომ 2008წ. საომარი მოქმედებები გამოწვეული იყო გეოპოლიტიკური რეალობებით და იმის გამო, რომ ეს რეალობები არ შეცვლილიყო.
რუსეთის ძალიან მტკივნეული რეაგირება გახდა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხზე იმის მთავარი წინაპირობა, რომ 2008წ. დეკემბერში საქართველოს ნატოსთან ინტეგრაციის საკითხის ერთგვარი განსხვავებული ფორმულა შეიქმნა. „გაწევრიანების სამოქმედო გეგმის“ (MAP) ნაცვლად საქართველო ასრულებს “წლიურ სამოქმედო გეგმას”, რომელიც მოიცავს საზოგადოების დემოკრატიზაციას, სიტყვის თავისუფლების უზრუნველყოფას, მედიის თავისუფლებას, დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას, გამჭვირვალე არჩევნებს და საარჩევნო კანონმდებლობას და სამხედრო რეფორმებს. შინაარსობრივი განსხვავება „გაწევრიანების გეგმასა“ და „წლიურ გეგმას“ შორის პრაქტიკულად არ არსებობს. შესაბამისად ეს თემა აბსოლუტურად დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა საქართველო-ნატოს კომისიის ფორმატში.
სავარაუდოდ უნდა დამდგარიყო ისეთი მომენტი, როდესაც ეს ყოველივე (2008წ. ნატოს სამიტის გადაწყვეტილება) მზის სინათლეს იხილავდა და გამჟღავნდებოდა, ასეც მოხდა. არის რამდენიმე საკითხი, რომელიც ამას ადასტურებს. 2011წ. 9 ნოემბერს თბილისში გამართულ ნატოს სხდომის შემდეგ ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდრეს ფონ რასმუსენმა განაცხადა, რომ საქართველო ძალიან ახლოსაა ნატოსთან, რომ აუცილებელია გაგრძელდეს რეფორმები და ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები, რაც შეუქცევადს გახდის საქართველოს ინტეგრაციას ნატოსთან. ამის შემდეგ საკმაოდ ნიშანდობლივი იყო ნატოს 2011წ. სამიტზე საქართველოს დასახელება იმ ასპირანტი (ნატოს წევრობის კანდიდატი ქვეყნები) ქვეყნების რიგში, რომელთაც მიღებული აქვთ „გაწევრიანების სამოქმედო გეგმა“ (MAP). ეს გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ 2008წ თუ ჩვენსავე ციტატას მოვიშველიებთ „მაპით პოლიტიკური სპეკულირების თემა გარკვეულწილად დაიხურა. საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი ჩაიკეტა სკივრში. თავად ეს სკივრი არის, ნატო-საქართველოს კომისია. საკითხის გასაიდუმლოება მოხდა. შესაბამისად ცნობილი მაპის სიბრტყე ჩანაცვლდა სხვა სიბრტყით და თემაც ბურუსით მოცული გახდა. ანუ ნატოს საკითხმა თემატურ დროში გადაინაცვლადა რას გვთავაზობს ერთ მშვენიერ დღეს ის სიუჟეტური დრო, რომელიც ამ სკივრის გახსნას მოჰყვება, რამდენიმე წელში გამოჩნდება“.
2011წ. სიუჟეტურ დროში უკვე ნათლად ჩანს, თუ რას გულისხმობდა ამ საკითხის დაფარვა 2008წ. შესაბამისად ვარაუდები, რომ საქართველოსთვის მოიფიქრეს ახალი გეგმა ნატოში მისაღებად გარკვეულწილად მართლდება. არსებობს იმის ნიშნებიც, რომ დაკვირვებულმა თვალმა თარიღიც კი გამოიცნოს, რომელსაც ამჯერად არ დავასახელებთ.
ვფიქრობ საინტერესო უნდა იყოს იმაზე მსჯელობაც, თუ რატომ შეიძლებოდა ყოფილიყო ეს საკითხი ასეთი დაფარული და დახურული. 2008წ. ომის შემდეგ ძალიან ძნელი გასარკვევი იყო და პრაქტიკულად არ იყო საშუალება ფართო მასები გარკვეულიყო თუ რა იყო ამხელა რუსული აგრესიის მიზანი. აქ საუბარი არ გვაქვს უბრალო საზოგადოებაზე. რჩებოდა შთაბეჭდილება, რომ არც საქართველოს პოლიტიკური სპექტრის დიდ ნაწილს ჰქონდა გაცნობიერებული ამ ომის ნამდვილი შინაარსი. არც ის, რომ ეს ომი სცდებოდა საქართველოს ტერიტორიების მიტაციების მცდელობას და გააჩნდა სხვა ასპექტები, რომელიც გამოწვეული იყო სწორედ გეოპოლიტიკური მოტივებით. ამის შესახებ ეხლა პრაქტიკულად ცნობილია, როდესაც ნატოში რუსეთის ელჩმა როგოზინმა პირდაპირ განაცხადა, რომ ამ ომის მიზანი იყო საქართველოს ნატოში ინტეგრაციის შეჩერება, რაც შემდეგ დაადასტურა თავად რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა, რომ 2008წ. ომის მიზანი იყო ნატოს გაფართოების ხელისშეშლა. 2011წ. გადასახედიდან საკითხები გაცილებით ნათელია. ასევე ნათელია ფონიც, რომელიც ნატოს გაფართოებას შეესაბამება. ვგულისხმობთ დასავლეთის ძალიან მწვავე განცხადებებს რუსეთის დუმის 2011 წლის 4 დეკემბრის არჩევნების თაობაზე. რუსეთის პოლიტიკური ისტებლიშმენტის საკმაოდ არაადეკვატურ რეაქციებს. მრჩება შთაბეჭდილება, რომ „ფურუნკული-რუსეთის იმპერიის აღდგენა მწიფდება“ დასასრულისკენ. აღნიშნულ საკითხებზე მსჯელობას კიდევ გავაგრძელებთ.
17.12.2011წ.

ირაკლი მარგველაშვილი

Monday 12 December 2011

ოკუპირებული ტერიტორიები თუ ეთნოკონფლიქტები?!

ქართულ პოლიტიკურ რიტორიკაში ამ ბოლო დროს მწვავე კამათი მიმდინარეობს, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაგავშირებით. ძირითადად ეს კამათი ზოგად სამართლებრივ თემებზეა, კერძოდ იმაზე, უნდა იყოს თუ არა კონფლიქტის მხარე აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი. გარდა ამ თემისა არსებობს ისეთი პოზიციებიც, რომელიც უზრუნველყოფს ამ ანკლავების მხარედ წარმოჩენას არსებულ კონფლიქტში. 2008წ. ომის შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“. აღნიშნული კანონით განისაზღვრა ოკუპირებული ტერიტორიების სამართლებრივი რეჟიმი. საერთაშორისო ფორმატში შეიქმნა სამხრივი კომისია-ჟენევის ფორმატში. აღნიშნულ ფორმატში მონაწილეობს რუსეთი, საქართველო და დასავლეთის საერთაშორისო ორგანიზაციები. ქართული მხარის პოზიცია არის ის, რომ კონფლიქტის მონაწილე მხარე არის არა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი, არამე რუსეთი.
საკითხის ასე დაყენებას აქვს მთელი რიგი საფუძველი. კონფლიქტის ისტორია არა 1991 წლიდან, არამედ საქართველოს გასაბჭოებიდან უნდა ავითვსალოთ. ამ შემთხვევაში ყველაფერი წესრიგში ჩადგება.
1921წ. 21 მაისს შეიქმნა აფხაზეთის დამოუკიდებელი საბჭოთა რესპუბლიკა. 1922წ. მარტში სამაჩაბლოს ტერიტორიაზე შეიქმნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. იმთავითვე ცხადი იყო, რომ ორივე ეს რესპუბლიკა თავის შინაარსით და მომავლის პერსპექტივით შეიქმნა სწორედ იმისათვის, რომ იქ სეპარატიზმი გაღვივებულიყო მოცემულ დროსა და სივრცეში. უახლესი ისტორიული გამოცდილება სწორედ ამის დასტურს იძლევა. სწორედ ამ იტორიული წარსულისა და თანამედროვე რეალობების გათვალისწინებით მთელი ამ კონფლიქტის წახალისება და დაგეგმვა სწორედ რუსეთის იმპერიის ხელშეწყობით განხორციელდა და არ მგონია ეს თემა სადავო იყოს.
კონფლიქტების „დარეგულირების“ დროს 1992წ. 24 ივნისს და 1994წ. აგვისტოში რუსეთი მოგვევლინა სამშვიდობო ძალად მისსავე ინიცირებულ კონფლიქტებში. შესაბამისად აღნიშნული კონფლიქტების სამართლებრივ სტატუსად განისაზღვრა ეთნოკონფლიქტური ხასიათი. რუსეთისათვის ეს იდიალური მდგომარეობა იყო. აღნიშნულ ტერიტორიებზე ხორციელდებოდა ფაქტობრივი ოკუპაცია და ანექსია, სტატუსად ის სამშვიდობო მხარეს წარმოადგენდა, ხოლო საქართველო, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ეთნოკონფლიქტურ მხარეებს. სინამდვილეში კი ყველაფერი პირიქით იყო. რუსეთი ფაქტობრივი ოკუპანტი იყო.
2008წ. ომის შემდეგ, რუსეთმა თავის ქმედებით პრატიკულად დაასრულა სამშვიდობო მისია ამ კონფლიქტურ რეგიონებში. 2008წ. 26 აგვიტოს მოახდინა ამ კვაზი სახელმწიფოების დეიურე ცნობა, ჩაატარა ეთნოწმენდა შიდა ქართლში და მოახდინა ტერიტორიების იურიდიული და ფაქტობრივი (რაც ომამდეც ჰქონდა) ოკუპაცია. ანუ რუსეთმა სამშვიდობო მისიის სამართლებრივი რეჟიმი შეცვალა საოკუპაციო რეჟიმით, რასაც ქართულმა მხარემ უპასუხა შესაბამისი კანონით. კონფლიქტური რეგიონები, რაშიც რუსეთი 2008წ. ომამდე მოიაზრებდა ეთნოკონფლიქტებს და ასეც იყო შეფუთული საერთაშორისო საზოგადოებისათვის იქცა ოკუპირებულ ტერიტორიებად, ანუ მათ შეეცვალა სამართლებრივი რეჟიმი.
რუსეთი 2008 წლიდან დღემდე ცდილობს, არ აღიაროს ეს სამართლებრივი რეჟიმი და საერთაშორისო საზოგადოებას სთხოვს აღიარონ ე.წ. „ახალი რეალობა“. ამისთვის ის იყენებს რამდენიმე ბერკეტს. მისი სურვილია მოახდონოს ამ კვაზი სახელმწიფოების ჩართულობა საერთაშორისო სამართლებრივ სივრცეში, რათა კვლავ დააფიქსიროს, რომ კონფლიქტის მხარე რუსეთი და საქართველო კი არ არიან, არამედ აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი და საქართველო. შესაბამისად ამით აფიქსირებს, რომ ეს კონფლიქტები არის ეთნოკონფლიქტები საქართველოს შიგნით, ხოლო მისი როლი არის არა ოკუპაცია, არამედ მცირე ერების მხარდაჭერა მისი სახელმწიფოებად გამოცხადების გზით. აღნიშნული საკითხის დაფიქსირებას რუსეთი ცდილობს სხვა გზითაც. მისი რიტორიკა წლების განმავლობაში იყო, რომ საქართველოს აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან გაეფორმებინა თავდაუსხმელობის ხელშეკრულება. აღნიშნულ საკითხებს ის აყენებდა არამარტო ომის შემდეგ, არამედ ომამდეც. საქართველოს პოზიცია ამ მიმართულებით არის საკმაოდ ნათელი, რომ ვინაიდან რუსეთმა მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია, ასეთი ხელშეკრულება შესაძლოა გაფორმდეს მხოლოდ რუსეთთან. რაზედაც რუსეთი სასტიკი წინააღმდეგია. ამ ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში რუსეთი ფაქტობრივად და იურიდიულად დაადასტურებს, რომ ის არის მხარე და არა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი.
სწორედ ამის გამო, არის გაუგებარი, ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსის, მოსაზრება და დაჟინება, რომ ამ კონფლიქტში აფხაზეთს და ცხინვალის რეგიონს მიენიჭოს მხარის სტატუსი, ან გაფორმდეს მათთან თავდაუსხმელობის ხელშეკრულებები, რაც ასევე რუსეთის მოთხოვნაა. ორივე შემთხვევაში აფხაზეთი და ცხინვალი მიიღებს მხარის სტატუსს, ოკუპირებული ტერიტორიები მიიღებს კონფლიქტური რეგიონების სტატუსს, რაც გულისხმობს ეთნოკონფლიქტს საქართველოს შიგნით და პრაქტიკულად რუსეთის, როგორც ოკუპანტი ქვეყნის სტატუსის შეცვლას. ეს კიდევ საკმაო საფრთხეებს შეიცავს საქართველოს მიერ წარმოებული არაღიარების პოლიტიკისათვის. დღეს ხდება პირიქით. საერთაშორისო ორგანიზაციებში რუსეთი ფიქსირდება როგორც ოკუპანტი, ხოლო აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი როგორც ოკუპირებული ტერიტორიები.
მოსაზრება თითქოს ამ კვაზი სახელმწიფოების მხარეებად აღიარება მათთან ურთიერთობების დალაგებას შეუწყობს ხელს არის ძალიან პოპულისტიური განცხადება, ვინაიდან რეალობა ბსოლუტურად სხვაგვარია. რუსეთმა 1993 წლიდან იზრუნა, რომ მომხდარიყო ეთნოწმენდით გამოდევნილ ადამიანებსა და დარჩენილ მოსახლეობას შორის სოციალური წყვეტა და გაუცხოება. არავინ დავობს იმაზე, რომ ადამიანური ურთიერთობები უნდა აღდგეს, მაგრამ დღეს ამის შესაძლებლობა ნულს უტოლდება, ვინაიდან სამართლებრივი რეჟიმი იმდენად განსხვავებულია, შეუძლებელია რაიმე ურთიერთობის აღდგენა რომელიმე მხარესთან. დღეს ჩვენ იძულებული ვართ მკაცრად დავიცვათ იურიდიული სივრცე, რათა მოხდეს საბოლოოდ დაფიქსირება იმისა, რომ ეს ტერიტორიები არის ოკუპირებული. ოკუპაციის შესუსტებისთანავე შესაძლებელია ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ ადასმიანებთან ურთიერთობის აღდგენა. დღეს კი ეს მხოლოდ პოპულისტური განხადებაა და მეტი არაფერი. ამ კვაზი სახელმწიფოების მხარეებად აღიარება მხოლოდ იმ შედეგს მოიტანს, რაც რუსეთს სჭირდება, რომ ეს ოკუპირებული ტერიტორიები კი არ იყოს, არამედ ეთნოკინფლიქტური რეგიონები საქართველოს შიგნით, თავად კი არაოკუპანტი.
გარდა მხარედ აღიარებისა უკვე საკმაოდ ხმამაღლა იქნა გაცხადებული მაგალითად ბატონი ირაკლი ალასანიას მიერ, რომ საქართველოს „კონფლიქტური რეგიონებით ნატოში არ მიიღებენ“.
დღევანდელი სამართლებრივი მდგომარეობით საქართველოს არ გააჩნია კონფლიქტური რეგიონები. არამედ ჩვენ გაგვაჩნია ოკუპირებული ტერიტორიები. შესაძლოა ბევრმა ვერ განასხვაოს აღნიშნული სტატუსი თუ რა მნიშვნელობა ენიჭება მას და შესაძლოა ზოგმა გააიგივოს. თუმცა ეს ასე არ არის. ბატონი ირაკლი ალასანიას ლოგიკას თუ მივყვებით საკმაოდ საინტერესო სურათს შევხედავთ. ის და მისი მოკავშირეები აცხადებენ:
1. აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი უნდა იქცეს მხარეებად ამ კონფლიქტში.
2. უნდა გაფორმდეს მათთან თავდაუსხმელობის ხელშეკრულება
ორივე ეს შემთხვევა მოიცავს საქართველოს ცხინვალსა და აფხაზეთთან ეთნოკონფლიქტის აღიარებას, რასაც რუსეთი 2008 წლის ომამდე ახორციელებდა და 2008 წლის ომის შემდეგ აქტიურად ითხოვს. თუ ეს განხორციელდება და ეს კვაზი სახელწიფოები მხარეებად იქცევიან საქართველოში დაფიქსირდება ეთნოკონფლიქტური რეგიონები, ხოლო ეთნოკონფლიქტებით ნატოში არავინ მიიღებს საქართველოს. რას შვებიან ქართველი პოლიტიკოსები? ცდილობენ ოკუპირებული ტერიტორიების სტატუსის შეცვლას ეთნოკონფლიქტური რეგიონებით? ჩემის აზრით ეთნოკონფლიქტურ რეგიონებად ამ კვაზი სახელმწიფოების აღიარება რუსეთის ცისფერი ოცნებაა. ის დაჟინებით ითხოვს ამ კონფლიქტების არა ოკუპაციად არამედ საქართველოს შიდა ეთნოკონფლიქტად მონათვლას. რაც შეეხება ოკუპირებულ ტერიტორიებს, ოკუპირებული ტერიტორიით ნატოში მიღებული სახელმწიფოს მაგალითი არსებობს, გერმანიის სახით.
სხვათა შორის ოკუპანტი ქვეყანაც არის ნატოში -თურქეთი.
ასე რომ ვფიქრობ პოლიტიკოსები ძალიან უნდა დაუკვირდნენ თავიან განცხადებებს რომელიც სხვადასხვა დროს ლოგიკურ ჯაჭვს ქმნიან და ისეთ ჯაჭვებსაც სერიოზულ ეჭვებს რომ დაბადებს. არ ვფიქრობ, რომ მტრის განცხადებების იდენტური განცხადებები რაიმე შედეგს მოიტანს.

ირაკლი მარგველაშვილი.
12.12.2011წ.