Wednesday 24 March 2010

დუგინის ფორმულები პრაქტიკულ გადაწყვეტაში. საქართველოს შიდა პოლიტიკური სპექტრი

ალბათ გვახსოვს ჩვენი წერილი "დუგინის ინტერვიუს კონტენტანალიზი და საქართველოს შიდა პოლიტიკა". ბოლო აბზაცში დავწერეთ, რომ "რუსულმა გეგმამ საქართველოს 2 პოლიტიკურ ბანაკად დაყოფის შესახებ უკვე სტარტი აიღო." სტარტიც აიღო და უკვე ძალაშიც შევიდა. ჩამოყალიბდა "ეროვნული საბჭო", რომელშიც "ალიანსის" და "ეროვნული ფორუმის" გარდა ყველა შევიდა, ვგულისხმობ არასაპარლამენტო ოპოზიციას. დუგინის მაშინდელ ინტერვიუშიც სწორედ ამაზე იყო მინიშნება, რომ აუცილებელია საქართველოში 2 პოლიტიკური ბანაკის არსებობა. ხელისუფლება და ოპოზიცია. თუ დავაკვირდებით შიდა პოლიტიკურ სიტუაციას დავინახავთ შემდეგ განლაგებას. რუსული გემა პროქართული ძალის, რომელიც= პრორუსულს ჩამოყალიბება პრაქტიკულად დასრულდა.
შეიქმნა "ეროვნული საბჭო", რომელსაც ნოღაიდელი მეთაურობს. თავად რიტორიკული განლაგება არის შემდეგი. თუ დავუკვირდებით ქართულ პრესაში გამოქვეყნებულ მასალებს შევამჩნევთ, რომ "რესპუბლიკელები" ხელისუფლებასთან იგივდება. ვფიქრობ სპეციალურად, ვინაიდან დღეს "ალიანსში" განაწილებულ პოლიტიკურ განლაგებაში პოლიტიკურ სიტუაციას სწორედ "რესპუბლიკელები" ქმნიან. შესაბამისად "ეროვნული საბჭოს" მიზანი, რომელიც = რუსეთის მიზანს, რომ საქართველოში პოლიტიკურ სივრცეში მხოლოდ ხელისუფლება და პროქართული=პრორუსულს ოპოზიცია დარჩეს ძალაშია და მთავარი გეგმა სწორედ ამ მიმართულებით უნდა განვითარდეს.
ისევ მუშაობს ირაკლი ალასანიას მერყევი ხასიათი, რომელიც შეიძლება მომავალში გამოადგეს "ეროვნულ საბჭოს" და ამით ალიანსი საბოლოოდ დაანგრიოს, რაც მათი მიზანია და უფრო ეს რესპუბლიკელებს ეხებათ, რისი მცდელობაც იყო 2010წ. თებერვალში. მაშინ რესპუბლიკელებმა შეძლეს ერთობის შენარჩუნება. წინა თვეში (თებერვალში), სწორედ რესპუბლიკელებზე ხდებოდა დღევანდელი "ეროვნული საბჭოს" მიერ შეტევა. თუ ისინი შეძლებდნენ ალასანიას გადაბირებას. ალიანსი დაიშლებოდა, ხოლო ალასანია დღეს "ეროვნულ საბჭოში" იქნებოდა. ეს ვერ შეძლეს. მთავარი შერტევა ეხლაც რესპუბლიკელებზე მიდის. გავშიფროთ ეს შიდა დინებები.
ფაქტია, რომ "ეროვნულ საბჭოს" აბსოლუტურად არ აინტერესებს არჩევნები. მათ არჩევნების შემდეგი პერიოდი აინტერესებთ. დავაკვირდეთ მათ რიტორიკას: "ეროვნული საბჭო" არის ერთადერთი პროქართული ძალა, რომელიც =პრორუსულს. ის არის ნამდვილი ოპოზიცია. ოპოზიცია არ არის ალიანსიც, ვინაიდან რესპუბლიკელები ხელისუფლებისაა. არ არსებობს სხვა ოპოზიცია, არც საპარლამენტო და შესაბამისად არც ალიანსი. არამედ არსებობს ერთიანი ოპოზიცია, "ეროვნული საბჭო", რომელიც არის ოპოზიციურად განწყობილი ქართველი ხალხის ინტერესებს გამომხატველი. ანუ ხელისუფლებას უპირისპირდება ქართველი ხალხი ამ ოპოზიციის მეშვეობით. აი საბოლოო სურათი, რისი ჩამოყალიბებაც "ეროვნულ საბჭოს" სურს. აქ არ მოიაზრება არც საპარლამენტო ოპოზიცია, არც არასაპარლამენტო "ალიანსი". ესენი უნდა ამოვარდნენ პოლიტიკური ბრუნვიდან. შესაბმისი გარემოებებიც იქმნება, რათა ალიანსს არ ჰქონდეს არანაირი გამოსავალი.
რა გარემოება შეიქმნება არჩევნების შემდეგ, რომელიც ალიანსს ამოაგდებს პოლიტიკური ბრუნვიდან?
1. არჩევნები გაყალბდა
2. ქართველი ხალხი აღელვებულია
3. საპროტესტო აქციები იწყება
4. ხდება პროვოკაციები
აქ მხოლოდ "ეროვნული საბჭო" იფიგურირებს.
რა რჩებათ ალიანსს ამ გარემოებაში. თუ ალიანსი აპროტესტებს არჩევნების შედეგებს, ამ შემთხვევაში ის იძულებული ხდება მივიდეს "ეროვნულ საბჭოსთან". შესაბამისად ყველაფერი მიმდინარეობს "ეროვნული საბჭოს" გეგმით და ალიანსი ამ შემთხვევაში არის ძალიან ცუდ სიტუაციაში. მთელი არჩევნებამდელი სიტუაციები ხდება აბსურდი და სასაცილო, რითაც მაინც ხდება ალიანსის დისკრედიტაცია. ის მაინც მიდის "ეროვნულ საბჭოსთან" და უერთდება საპროტესტო მუხტს, რომელიც აბსოლუტურად არის რუსული გეგმა, ვინაიდან არ აინტერესებს "ეროვნულ საბჭოს " არჩევნების შედეგები. არც ის, რომ მათ ნებისმიერ კანდიდატს, ვინც არ უნდა დააყენონ კანდიდატად არჩევნებში გამარჯვების არანაირი შანსი არა აქვთ. ისეთსაც შეარჩევენ, რომელსაც შანსი არ უნდა ჰქონდეს, მარტივი მიზეზით, არ აინტერესებთ.
იმ შემთხვევაში, თუ ალიანსი აკეთებს განცხადებას და ცნობს არჩევნების შედეგებს, რიტორიკა რომელიც დაიწყო, რომ რესპუბლიკელები და ხელისუფლება ერთია შედის ძალაში და ამითაც ხდება მათი დისკრედიტაცია და ამოგდება პოლიტიკური ბრუნვიდან. გავიხსენოთ ერთი მაგალითი, რომელიც 2008წ. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მოხდა. რესპუბლიკურმა პარტიამ, კერძოდ მისმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა აღიარა საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება. თუმცა იმის გამო, რომ ეს არ იყო "ჯამრთელი" ნაბიჯი, ის მაინც შეუერთდა საპროტესტო გამოსვლებს, რომელიც აბსოლუტურად ალოგიკური იყო.
ამის შემდეგაც რესპუბლიკური პარტია, მოგვიანებით ალიანსი ნინო ბურჯანაძის მიერ განხორციელებულ საპროტესტო აქციებზეც იმყოფებოდა 2009წ. 9 აპრილს. სწორედ გამოუვალი სიტუაციის და წინა წლებში დაშვებული შეცდომების გამო. ნინო ბურჯანაძე ვინც არის ყველა მშვენივრად ვხედავთ, მაშ რა უნდოდა რესპუბლიკელებს ან 2008წ. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ან 2009წ. აპრილის აქციებზე? ან დღევანდელი მათი პოზიცია "ეროვნულ საბჭოზე" შეუერთებლობა რას ნიშნავს? რა ალტერნატივის წინაშე დგანან? ერთადერთი, ან უნდა მივიდნენ "ეროვნულ საბჭოსთან" არჩევნების შემდეგ, ან სრული დისკრედიტირება უნდა განიცადონ, რაც "ეროვნული საბჭოს" იგივე რუსეთის გეგმაა, ვინაიდან პოლიტიკურ არენაზე, აქტიურ როლში დარჩეს ხელისუფლება და ოპოზიცია, რომელიც="ეროვნულ საბჭოს", რომელიც =ქართველ ხალხს, რომელიც=პროქართულ ძალას და =პრორუსულს.
აქ არ რჩება სხვა პოლიტიკური ძალის ადგილი. ალიანსის რიტორიკა განწირულია ყველა მიმართულებით. რაზედაც ზემოთ ვისაუბრეთ. რას იზამს ალიანსი, თუ ის დარჩა ცოცხალი ზაფხულში, ვთქვათ ხელისუფლების რევოლუციის გზით დამხობის შემდეგ? მათი სლოგანი ხელისუფლება არჩევნებით უნდა შეიცვალოს ძალაში დარჩება? მე პირადად ეჭვი მეპარება. გარდა ამისა უნდა დავამატოთ, რომ ალიანსი მეორე პარალელურ აქციებს ვერ დაიწყებს ხელისუფლების წინააღმდეგ, ვინაიდან ძალიან სასაცილო სიტუაციაში აღმოჩნდებიან.
ძალიან საგულისხმოა "ეროვნული ფორუმის" პოზიციაც. ისინი არჩევენებში მონაწილეობას არ იღებენ, არც "ეროვნულ საბჭოში" შევიდნენ, თუმცა აშკარაა მათი დაპირისპირება. რამდენიმნე დღის წინ, ირაკლი მელაშვილმა მთელი "ეროვნული საბჭოს" ლიდერები მშვენივრად გამოლანძღა. ვფიქრობ "ეროვნული ფორუმი" თავის შენახვის გზას დაადგა, თუმცა ეს სრულიადაც არ აინტერესებს "ეროვნულ საბჭოს". მთავარია აქტიურ პოლიტიკაში არ იყვნენ. აქტიორ პოლიტიკაში ამ შემთხვევაში ვგულისხმობ არჩევნებს, პოსტარჩევნებისეულ პერიოდს. რუსეთის მთავარი გეგმა არის შემდეგი, ქართველი ხალხი დაუპირისპირდეს ხელისუფლებას, რომელსაც წარმოადგენს "ეროვნული საბჭო". ანუ "ეროვნული საბჭოს" უკან დგას ქართველი ხალხი. უნდა შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ ქართველი ხალხი, რომელიც დგას "ეროვნულ საბჭოსთან", რომელიც რუსული გეგმით მუშაობს უპირისპირდება ხელისუფლებას. სხვა ძალა აქ რომ იყოს არ შეიძლება. ვინ უნდა დაამხოს ხელისუფლება? ქართველმა ხალხმა როგორც ეს 1991–92წწ. მოხდა, მაგრამ ეხლა მასშტაბები და სიტუაციები აბსოლუტურად განსხვავებულია, ისევე როგორც 1921წ. მაშინაც ქართველი ხალხი აუბუნტდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებას. მაშინ კომიტეტი შეიქმნა, "ეხლა ეროვნული საბჭო" შეიქმნა. მერე ნაციონალ უკლონისტებიც იყვნენ, მაგრამ რაღა დროს, 70 წელი იმპერიაში გვამყოფეს თავიდან. მემგონი ეხლა არ უნდა იყოს გაუგებარი 2008წ. პუტინის ფრაზა: "რაც ვერ გააკეთა რუსულმა არმიამ, ამას ქართველი ხალხი გააკეთებს". შეკითხვა მკითხველს, გასაგებია ამ ფრაზის მნიშვნელობა ეხლა?
შეიძლება ითქვას ამ კონტექსტში დუგინის ინტერვიუ იდიალური იყო. აბსოლუტურად ყველა ფორმულა, რომელიც ამ ინტერვიუში დუგინმა გადმოგვცა შეიძლება ითქვას ერთიერთში ხდება რეალობაში.
ალ. დუგინი; „რუსეთს აწყობს ის პოლიტიკოსი, რომელიც, პირველ რიგში, ქართული ინტერესებით იხელმძღვანელებს.“ არის ასეთი "ეროვნული საბჭო".
ძალიან საინტერესოა ამ შემთხვევაში ბურჯანაძის ფაქტორი. ფაქტი ერთია, რომ ბურჯანაძე და ნოღაიდელი, რუსეთისთვის ორი სხვადასხვა ფაქტორია. თუ ნოღაიდელის შემთხვევაში, რუსულ სპეცსამსახურებს გაცილებით მეტი სამუშაოს ჩატარება მოუწევთ, მისი შეზღუდული უნარების გამო, ბურჯანაძის შემთხვევაში ეს ასე არ არის. ამიტომ ბურჯანაძე სხვა წონითი კატეგორიაა. მას შეუძლია თავისით ბევრი ისეთი საკითხი მოაგვაროს, რაც რუსების აქტიურ ჩარევას არ საჭიროებს. ანუ მას აქვს შესაძლებლობა საკუთარი კავშირებით გაცილებით ბევრი საკითხის თავის თავზე აღება. ანუ ბურჯანაძე რუსების გეგმაში სულ სხვა ვერსიაა, ანუ მეორე ვერსიაა. ამწუთში ამუშავებული არის ნოღაიდელი, თუმცა ბურჯანაძემ როსბალტთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ის პროქართული ძალაა. ანუ ხაზი ამ ორი ვერსიის აბსოლუტურად ერთია. ბურჯანაძე ამ ეტაპზე უფრო ჩრდილშია, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სარეზერვო, მაგრამ მძიმე არტილერიაა მომავალში შექმნილ მოცემულობაში. ამაზე სხვა დროს ვისაუბრებთ.
მთავარი არის შემდეგი:
„ალექსანდრ დუგინი: რუსეთს პროამერიკული პოლიტიკოსი არ აწყობს. რუსეთს აწყობს ის პოლიტიკოსი, რომელიც, პირველ რიგში, ქართული ინტერესებით იხელმძღვანელებს.“
გაგრძელება იქნება.

ირაკლი მარგველაშვილი
24.03.2010წ.

Friday 19 March 2010

განმარტებები საქართველოს გეოპოლიტიკურ სტრატეგიაზე (ნაწილი პირველი)

ბევრი დაიწერა და ალბათ კიდევ ბევრი დაიწერება საქართველოს გეოპოლიტიკურ სტრატეგიაზე. ჩვენს მომავალზე, როგორ უნდა იარსებოს დამოუკიდებელმა საქართველომ. არსებობს რეალობები და არსებობს რეალობის შექმნა. ამ შემთხვევაში, როგორი ძნელიც არ უნდა იყოს, ქართულმა სახელმწიფომ უნდა შექმნას ახალი რეალობა. ვცადეც კიდევაც, რასაც ქვემოთ მოგახსენებთ.
აღნიშნული წერილის დაწერა შეუძლებელია, თუ არ დავბრუნდით უკან და მთლიანად არ გავიაზრეთ ჩვენს მიერ გავლილი ისტორია, უახლესი 20 წლის მანძილზე. არ გავაცნობირეთ ის შეცდომები, რომელიც დავუშვით. ჩვენს ადრინდელ წერილში „ისტორიული თამაშის ლოგიკა“ შევეცადეთ გლობალურად მოგვეაზრებია ქართული სახელმწიფოს ისტორიული ბედი და ის ფუნქციონალური დატვირთვა, რამაც ისტორიის ქარტეხილებს გამოგვატარა. ისევ ვსარგებლობთ იმ სენტენციით, რომ „ისტორია მეორდება მარად იგივეში.“ ჩვენი ფუნქციონალური არსებობა მსოფლიო ისტორიაში სწორედ იმით გამოიხატება, რომ საქართველო ისტორიულად დატვირთული იყო საგარეო აქტიურობის ფუნქციით რაც აძლევდა მას სიცოცხლისუნარიანობას. ამის გარეშე საქართველო ვერ გადარჩებოდა.
რუსეთის იმპერიაში ყოფნა საქართველოს ძალიან ძვირად დაუჯდა. რუსეთი არ ჰგავს იმ აღმოსავლურ პრიმიტიულ იმპერიებს, რომლებიც საქართველოს ებრძოდნენ. ეს სულ სხვა იმპერიული ფენომენია, თავისი დახვეწილი ბოროტებით, თავისი მსოფლიო გავლენით, თავისი ინსტიტუტებით. ეს ყოფილი მსოფლიო ზესახელმწიფოა. ამიტომ მისი გავლენიდან გამოსვლა ყველაზე ძნელ ბრძოლად შეიშლება შეფასდეს მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე. რუსულმა იმპერიამ პრაქტიკულად მოიცვა მთელი საქართველოს და კავკასიის ტერიტორია, ადმინისტრაცია და შექმნა მძლავრი იდეოლოგიური ბაზისი, რათა არ მომხდარიყო მისი დემონტაჟი. ყველა ქმედება, რომელსაც იმპერია ახორციელებდა მიმართული იყო არამარტო ჩვენი ტერიტორიის დაკავებაში, არამედ ცხოვრების წესის, ადმინისტრაციული წესის შეცვლისკენ.
ყველა იმპერია, რომელიც საქართველოში შემოვიდა ამას არ ცდილობდა. ცდილობდნენ რელიგიის შეცვლას, ცდილობდნენ მოსახლეობის განადგურებას, ჩვენს ტერიტორიებზე უცხოტომელების ჩამოსახლებას, მაგრამ არავის უცდია შეეცვალა ადმინისტრაციული მოწყობის წესი. ეს მე-19 საუკუნეში რუსეთის იმპერიამ განახორციელა. მთლიანად შეცვალეს ადმინისტრაციული ცხოვრების წესი, გააუქმეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია და რაც მთავარია გახდნენ ჩვენი „მეზობლები“, ანუ დაიპყრეს ჩრდილოკავკასია და საქართველო მოსწყვიტეს თავის ბუნებრივ ზურგს.
თუ ღრმად დავაკვირდებით ეს საკმაოდ გამიზნული ნაბიჯი იყო. ერთის მხრივ საქართველო რუსეთის იმპერიის მიერ მოაზრებული იქნა როგორც კავკასიის ცენტრი. ეს მე-19 საუკუნეშიც ასე იყო. შესაბამისად იმპერიის მიერსაქარტველოს ანექსიის შემდეგ დაიწყო უკვე ცენტრის-საქართველოს გარშემო არსებული ტერიტორიების და ქვეყნების შემომტკიცება. ეს შეხებოდა როგორც ჩრდილო კავკასიას, სადაც იმპერიას თითქმის 50 წელი დასჭირდა დასამორჩილებლად, ასევე ამიერკავკასიას. ერევნის სახანო სწორედ საქართველოს ანექსიის შემდეგ დაიპყრეს 1826წ. თუ საკითხს შევხედავთ მარტივად, შეიძლება ითქვას ეს ბუნებრივი მოვლენა იყო. თუმცა ასე მარტივად ამ საკითხის ანალიზი ძალიან პრიმიტიულ სიტუაციას მოგვცემს და მართალიც არ იქნება.
რუსული იმპერიული ლოგიკა იმთავითვე გამორიცხავდა დაპყრობილი კავკასიის ერთ თემაში გაერთიანებას. ანუ თუ დაპყრობილია მთლიანად კავკასია, მაშინ განთავისუფლების შემთხვევაში უნდა განთავისუფლდეს მთლიანად კავკასია. ეს აუცილებლად უნდა გამორიცხულიყო. იმ შემთხვევაშიც კი, თუ დადგებოდა მომავალში საკითხი იმპერიიდან კავკასიის განთავისუფლების, აუცილებლად უნდა ყოფილიყო უზრუნველყოფილი მთლიანი კავკასიის თემის განთავისუფლების გახლეჩვა-დანაწევრება. ამის ნათელი მაგალითი არის ის უკანასკნელი 20 წელი, რომელმაც ჩვენს თვალწინ გაიარა. ასევე წინა საუკუნის 20 იანი წლები, როდესაც საქართველოს დამოუკიდებლობა 1918-21 წლებში აბსოლუტურად კენტად მიმდინარეობდა და შედეგიც შესაბამისი დადგა. საქართველო სულ რაღაც 3 წელიწადში ანექსირებულ იქნა.
შესაბამისად აუცილებელია გათვალისწინებული იქნეს ეს შეცდომები. გადავხედოთ ჩვენს უახლეს ისტორიას. რა მდგომარეობა გვაქვს ამ მხრივ.
1990წ. 28 ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვებული ზვიად გამსახურდიას ბლოკი „მგვალი მაგიდა თავისუფალი საქართველო“ ხელისუფლებაში მოვიდა. მიზანი ერთი იყო, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვება. იმპერიის მძლავრი წინააღმდეგობა ერ კიდე არჩევნებადე დაიწყო. კერძოდ 1990წ. 20 სექტემბერს „სამხრეთ ოსეთის ავტონომიურმა ოლქმა“ გამაცხადა საქართველოს შემადგენლობიდან ფაქტობრივი გასვლა. ანუ ამუშავდა იმპერიული ნაღმები. 1990წ. 12 დეკებერს, საქართველოს უზენაესმა საბჭომ ოლქი გააუქმა, მაგრამ ბუნებრივია შეიქმნა დაძბულობის კერა.
1991წ. მარტში ჩეჩნეთში ხელისუფლებაში მოვიდა ჯოჰარ დუდაევი, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობას თანაუგრძნობდა. ასევე აზერბაიჯანშიც ხელისუფლებაში მოვიდა ეროვნული ძალები აბულფაზ ელჩიბეის მეთაურობით. თუ დეტალებში არ ჩავრღმავდებით 1991წ. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ზვიად გამსახურდიამ პრაქტიკულად არამარტო საქართველოს დამოუკიდებლობა, არამედ მთელი კავკასიის დამოუკიდებლობის მოწოდება გააკეთა. შესაბამისი მუშაობაც დაიწყო.
სწორედ აქ იკვეთება ნეგატიურად საქართველოს და რუსეთის იმპერიის გზები. როგორც კი საქართველოს მიერ თავისუფლების თემა გახდა არამარტო საქართველოს, არამედ კავკასიის თავისუფლება, რომელიც ჩვენი დამოუკიდებლობის უზრუნველყფა უნდა გამხდარყო, მაშინვე დაიწყო რუსეთის იმპერიიის მიერ კონტრ ზომების მიღება. ძალიან ნიშანდობლივი 1991წ. ზაფხულის ბოლოს ანდრეი სახაროვის მეუღლის ელენე ბონერის განცხადება: „მიხედეთ გამსახურდიას, თორემ კავკასიას დაკარგავთ.“
რუსეთის იმპერიაში დაიწყო აქტიური ქმედება ამ იდეის არამარტო გახლეჩის, არამედ სრული განადგურებისათვის, რომელიც წლების განმავლობაში განხორციელდა და 2008წ. აგვისტომდე მოგვიყვანა.
1991-1992 წლების მოვლენები და საქართველოს კანონიერი ხელისუფლების დამხობა ამ გეგმის ნაწილი იყო. შემდეგ აფხაზეთში, სამაჩაბლოში განვითარებული მოვენებიც ამ გეგმის ნაწილი იყო. თუ კარგად დავაკვირდებით მოვლენების მდინარებას, ნათლად შევხედავთ, რომ საკითხი არც ისე მარტივად იდგა. გამსახურდიას მცდელობები, როგორმე არ დაეშვა საქართველოს ტერიტორიული დაყოფაბ განეიტრალებული იქნა მისი დამხობით. რუსეთის იმპერიამ ჯერ კიდევ 1991წ. ზაფხულში სცადა აფხაზეთში სიტუაციის ესკალაცია. თუმცა გამსახურდიას და მთლიანად მმართველი გუნდის საკმაოდ გონივრული გადაწყვეტილების გამო აფხაზეთში ომის მაგივრად არჩევნები ჩატარდა და აფხაზეთი მთლიანად მოექცა საქართველოს კონსტიტუციურ და სამართლებრივ ველში. ვფიქრობ ეს სერიოზული გამარჯვება იყო რუსეთის იმპერიის ქმედებებზე. თუმცა უკვე 1991წ. შეტევა რუსეთმა მიიტანა არა ტერიტორიებზე, არამედ უშუალოდ საქართველოს კანონიერ ხელისუფლებაზე. 1991წ. ოქტომბერში საქართველოს უზენაესმა საბჭომ რუსეთის იმპერიის ჯარებს მიანიჭა საოკუპაციო სტატუსი. შეიძლება ითქვას, რომ რომ ეს იყო ყველაზე დიდი დარტყმა რუსეთის იმპერიაზე, რომელიც განხორციელდა საქართველოს მხრიდან. შევეცდები ავხსნა რატომ. როგორც მოგვეხსენება რუსეთის ფედერაციას იურიდიულად თავისი ჯარები საქართველოში არ ჰყავდა. საქართველოში დისლოცირებული იყო საბჭოთა კავშირის სამხედრო ბაზები.
შესაბამისად საბჭოთა კავშირის იურიდიული ლიკვიდაციის შემდეგ საბჭოთა ბაზებს არანაირი სამართლებრივი და კანონიერი საფუძველი საქართველოში ყოფნის აღარ ჰქონდათ. 1991წ.12 დეკემბერს საბჭოთა კავშირის იურიდიული ლიკვიდაციის შემდეგ, მის სამართალმემკვიდრე რუსეთის ფედერაციას ერთადერთი რაც დარჩებოდა ეს იყო ამ საოკუპაციო ჯარების საქართველოდან გაყვანა, ვინაიდან არანაირი სამართლებრივი ბერკეტი სხვა დამოუკიდებელ სახელმწიფოში ჯარების ყოფნის, გარდა ამ სახელმწიფოს სურვილისა და შესაბამისი ხელშეკრულებისა არ არსებოდა. ასევე არ არსებობდა რაიმე სამართლებრივი მექანიზმი, რომ საბჭოთა ბაზები, რომელიც რუსულ ბაზებად გადაკეთდა იურიდიულად (1991წ. 12 დეკემბრის სსრკ-ს ლიკვიდაციის შემდეგ) დარჩენილიყო საქართველოში, ვინაიდან საქართველო იურიდიულად 1918წ. დამოუკიდებელი საქართველოს სამართალმემკვიდრე იყო და არა საბჭოთა საქართველოსი. თუმცა არც საბჭოთა საქართველოს ჰქონდა რაიმე ხელშეკრულება გაფორმებული ამ ბაზების ყოფნისა საქართველოში. ამაზე არავის უზრუნია. თუმცა ამ შემთხვევაში ამას რაიმე გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს.
დღის წესრიგში რჩებოდა რუსული ბაზების საქართველოდან გასვლა, ასევე საქართველოს და კავკასიის თავისუფლების თემის ერთიანობა საკმაოდ საინტერესო პოლიტიკური კონფიგურაციით. ჩეჩნეთის რესპუბლიკის წინააღმდეგობის მოძრაობით და ასევე სხვას ჩრდილოკავკასიური
ეს რეალობა შეუმჩნეველი რათქმაუნდა ვერ დარჩებოდა და ფორსირებულად დაწყო ამ გეგმის ჩაშლა. 1991-1992წ.მოვლენები სწორედ ამ გეგმის ჩაშლას ითვალისწინებდა. ასეც მოხდა. ვფიქრობ საინტერესოა გავაანალიზოთ აფხაზეთის კონფლიქტის წარმოშობა პოლიტიკურ, სამართლებრივ, ისტორიულ პლანში.

აფხაზეთის ომი

შეიძლება ითქვას, რომ არსებობდა აფხაზეთის კონფლიქტის წარმოშობის როგორც სუბიექტური, ასევე ობიექტური მიზეზები. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ იმ წლებში ალბათ, ყველაზე საუკეთესო შესაძლებლობა იყო გადაგვეწყვიტა აღნიშნული საკითხი.
ეჭვგარეშეა, რომ ომის დაწყებას ჰქონდა იურიდიული წინაპირობა. სწორედ ეს იურიდიული წინაპირობა არის სერიოზული ეჭვის საფუძველი, რომ ომი ინსპირირებული იყო. ამ შემთხვევაში აუცილებელია განვიხილოთ ის სამართლებრივი მდგომარეობა, რომელიც შეიქმნა აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ. კერძოდ, 1992 წ. თებერვალში.
სამხედრო საბჭომ გააუქმა საქართველოს მაშინ მოქმედი 1978 წლის (შესწორებული) კონსტიტუციის და გამოაცხადა 1921წ. კონსტიტუციის აღდგენა, რაც შესაძლოა ითქვას აბსოლუტური იურიდიული ნონსესი იყო. ეს განახორციელა ე.წ. სამხედრო საბჭომ კიტოვანის, იოსელიანის და სიგუას შემადგენლობით. მიუხედავად იმისა, რომ ამ დეკლარაციაში აღნიშნული იყო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სტატუსი არსებული რეალობის გათვალისწინებით, ამ დოკუმენტს აკლდა ყოველგვარი სამართლებრივი ლეგიტიმაცია.
უნდა ავღნიშნო, რომ ზ. გამსახურდიას მიერ 1978წ. კონსტიტუციის ძალაში დატოვება განაპირობა მხოლოდ იმ გარემოებამ, რომ ამ კონსტიტუციაში აღნიშნული და გათვალისწინებული იყო საქართველოს ტერიტორიული მოწყობა. ახალი კონსტიტუციის მიღებით პრაქტიკულად მოხდებოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის იურიდიული დაშლა, ვინაიდან ურთულესი იქნებოდა ჩვენს ფედერალურ სუბიექტებთან ტერიტორიული საკითხების მოგვარება და ეს სიტუაციას დაძაბავდა. ამიტომ უმჯობესი იყო დარჩენილიყო ის სამართლებრივი სივრცე რასაც 1978წ. კონსტიტუცია მოიცავდა.
საქართველო იმის გარდა, რომ დარჩა კანონიერი ხელისუფლების გარეშე, დარჩა ძირითადი კანონის გარეშეც, სადაც დაფიქსირებული იყო საქართველოს ტერიტორიული მოწყობა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი. აღნიშნული ქმედებით შესანიშნავად ისარგებლა ვლ. არძინბას ხელისუფლებამ. 1992წ. 23 ივლისს გამოაცხადა 1925 წლის აფხაზეთის კონსტიტუციის ამოქმედება. საფუძველი იყო შემდეგი: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა 1921 წ. კონსტიტუციაში “საერთოდ არ იყო მითითებული (თუმცა მითითებული იყო 107-ე მუხლში, მაგრამ არ იყო განსაზღვრული იურიდიული სტატუსი). შესაბამისად „გაწყდა“ იურიდიული ურთიერთობა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და საქართველოს რესპუბლიკას შორის. 1978წ. კონსტიტუციის გაუქმებით შეიქმნა სამართლებრივი ვაკუუმი. ვინაიდან არ არსებობდა სხვა იურიდიული აქტი გარდა გაუქმებული კონსტიტუციისა, რომელიც მოაწერსრიგებდა საქართველოს ტერიტორიულ მოწყობას და ეს იურიდიულად სწორი მოსაზრებაა.
უნდა ვაღიაროთ, რომ ეს იყო იურიდიული შეცდომა საქართველოს მხრიდან და პრაქტიკულად ომის დასაწყისისათვის მზადება. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის გარემოება, რომ თავად სამხედრო საბჭოს დოკუმენტში იქნა გათვალისწინებული არსებული რეალობა (სტატუსი) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკასთან დაკავშირებით, კერძოდ, დეკლარაციაში არსებობდა დათქმა, რომ დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი რჩებოდა იგივე რაც განსაზღვრული იყო 1978წ. კონსტიტუციით. ისმის კითხვა რატომ გახდა საჭირო ეს ჩაწერილიყო სამხედრო საბჭოს 1992წ. თებერვლის დეკლარაციაში?
შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ დოკუმენტის მიღების შემდეგ მოვლენების განვითარებაზე დაახლოებით იყო ნაფიქრი, მაშინ რა საჭირო იყო ამ ყველაფრის გაკეთება და აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმისათვის კარტბლანშის მიცემა? მითუმეტეს, რომ 1921წ. კონსტიტუციის აღდგენით არ აღდგენილა ამ კონსტიტუციაში მითითებული სახელმწიფო სტრუქტურები და წყობა, მას არ მოჰყოლია სხვა სამართლებრივი შედეგები, გარდა აფხაზეთის სამართლებრივი პრობლემისა.
1992წ. 12 აგვისტოს აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ, კერძოდ ვლ. არძინბამ მიმართა საქართველოს სახელმწიფო საბჭოს, სადაც ის აღნიშნავდა, რომ 1921წ. კონსტიტუციის აღდგენით აფხაზეთსა და საქართველოს შორის შეიქმნა იურიდიული ვაკუუმი და საჭირო იყო ამ ორი სახელმწიფოს შორის ურთიერთობები მოწესრიგებულიყო სახელშეკრულებო საფუძველზე. რასაც ქართული მხარის მიერ პასუხი არ მოჰყოლია. უბრალოდ დაიწყო საომარი მოქმედებები, შემდეგი მიზეზით, უნდა დაგვეცვა რკინიგზა. შესაძლოა გვითხრან, რომ საქართველოს ტერიტორიაზე შეეძლოთ ქართულ შეიარაღებულ ძალებს გადაადგილებაო, რა თქმა უნდა, მაგრამ ნორმალურ სახელმწიფოში, სადაც არსებობს რეგულარული ჯარი და კანონიერი ხელისუფლება. 1992წ. 14 აგვისტოს როგორი სამხედრო ფორმირებები გვყავდა, ალბათ ამაზე კამათი არ ღირს და როგორ დაიცვეს ამ სამხედრო ფორმირებებმა აფხაზეთის ტერიტორიაზე რკინიგზა ესეც არაგვგონია საკამათო იყოს.
შესაძლოა შეგვეკამათონ და გვითხრან, არძინბას ხელისუფლების მხრიდან ეს თითიდან გამოწოვილი საკითხი იყო, რომლითაც ისარგებლა მოცემულ მომენტში. რა თქმა უნდა თითიდან გამოწოვილი იყო, მაგრამ ამ შემთხვევაში დგება მეორე საკითხი. რა ორგანო იყო სამხედრო საბჭო, რომელსაც შეეძლო თავისი 1992წ. თებერვლის დეკრეტით გაეუქმებინა საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია? რამდენად ჰქონდა ამ დეკრეტს იურიდიული ძალა? იმ შემთხვევაში თუ მივიჩნევთ, რომ არძინბას რეჟიმის მიერ არაკანონიერი იყო 1921წ. კონსტიტუციის აღდგენის შემთხვევაში საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის სამართლებრივი ვაკუუმის წარმოშობა.
აბსოლუტურად გაუგებარია 1992წ. სამხედრო საბჭოს თებერვლის დეკრეტის სამართლებრივი მნიშვნელობა. აღნიშნულმა დეკრეტმა პრაქტიკულად შექმნა იურიდიული მარცხი აფხაზეთთან მიმართებაში, რაც შემდგომში განვითარებული მოვლენების წინაპირობა იყო.
აფხაზეთის კონფლიქტის წარმოშობაში დიდი დაინტერესება რუსეთის მხარესაც ჰქონდა. შესაბამისად ადვილი სავარაუდო იყო, რომ თუ აფხაზეთის ტერიტორიაზე დაიწყებოდა საომარი მოქმედებები, რუსეთი კონფლიქტში ჩაურევლობის განცხადებების ფონზე აუცილებლად ჩაერეოდა ამ ომში, რაც განახორციელა კიდევაც. მეტიც ის ფაქტობრივადაც დაფიქსირდა ამ ომში, როგორც ჩრდილოეთ კავკასიის კონფედერაციის სახით, ასევე რეგულარული საზღვაო სამხედრო და საავიაციო ძალების სახით. აფხაზეთის ხელში ჩაგდებით რუსეთი დღესაც აკონტროლებს კავკასიის გეოპოლიტიკურ სივრცეს და ჩვენს შეცდომას დღესაც წარმატებით იყენებს.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ზ. გამსახურდიას მიერ აფხაზეთის საკითხის მოწესრიგებისათვის მიღებული იყო რიგი ღონისძიებები. კერძოდ 1991წ. ზაფხულში მიღებულ იქნა კომპრომისული კანონი აფხაზეთის უზენაესი საბჭოს არჩევნების შესახებ, რომელზედაც მუშაობდა ცნობილი იურისტი, დოქტორი ლევან ალექსიძე.
1991წ. საარჩევნო კანონით აფხაზებს არ ჰქონდათ საშუალება მიეღოთ საკონსტიტუციო გადაწყვეტილებები, ანუ ვერ აგროვებდნენ კვორუმს საკონსტიტუციო ცვლილებებისათვის. დაწყებული სამხედრო გადატრიალებიდან შეცდომები აფხაზეთის საკითხთან მიმართებაში გახშირდა. გარდა 1992წ. თებერვლის დეკლარაციისა, რომლითაც გაუქმდა საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია, 1992წ. 25 მაისიდან აფხაზეთის უმაღლესი საბჭო დატოვა ქართულმა დეპუტაციამ, რომლებიც 26 კაცის შემადგენლობით იყვნენ უმაღლეს საბჭოში. ეს სხდომა ბოლო სხდომა იყო, რომელსაც ქართველი დეპუტაცია დაესწრო. მოხდა აფხაზეთის კონფლიქტის ესკალაცია, როგორც იურიდიულად, ასევე ფაქტობრივად და მოხდა მხარეების (აფხაზები და ქართველები) პოზიციების რადიკალური პოლარიზაცია, რასაც მოჰყვა საქართველოს პოლიტიკური კოლაფსი. რატომ განხორციელდა ეს ქმედება დღემდე ბურუსითაა მოცული. რა პოლიტიკური შედეგი მოიტანა ქართული დეპუტაციის მიერ აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ბოიკოტმა გაუგებარია, მითუმეტეს რომ სწორედ ქართული დეპუტაციის მიერ უმაღლესი საბჭოს დატოვების შემდეგ მოახერხა არძინბამ საკონსტიტუციო გადაწყვეტილებების მიღება აღადგინა 1925წ. აფხაზეთის სს რესპუბლიკის კონსტიტუცია.
მოგვიანებით 1992წ. 6 იანვრიდან აღნიშნულ კანონს ეწოდა „აპარტეიდული“ კანონი, თუმცა აღნიშნული კანონით საქართველომ თავიდან აიცილა იმჟამად სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთის სეპარატისტულ რეჟიმთან. ანუ კონფლიქტი დროებით მოწესრიგდა. მითუმეტეს რომ 1989 წელს სახეზე გვქონდა შეიარაღებული დაპირისპირება, სადაც 17 საქართველოს მოქალაქე დაიღუპა, 11 ქართველი 5 აფხაზი და ერთი ბერძენი, ხოლო ოთხასამდე ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო.

ამიტომ ვფიქრობთ, რომ აუცილებელია შეცდომებს (ან იძულებას), რომელზეც ზემოთ ვსაუბრობდით მიეცეს პოლიტიკურ-სამართლებრივი შეფასება. ამ შემთხვევაში უნდა დადგინდეს, თუ ქართულმა მხარემ დაუშვა შეცდომა, რატომ და რა მიზეზით მოხდა ეს ყველაფერი? ასევე უნდა დადგინდეს თუ ქართული მხარის მიერ ეს იყო იძულებით გადადგმული ნაბიჯი, რა გარემოებები არსებობდა ამ ნაბიჯის გადადგმისათვის.
შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ საქართველოს იმჟამინდელი სახელმწიფო საბჭოს მიერ ყველა ნაბიჯი გადაიდგა ომისაკენ და მთელი 7-8 თვის განმავლობაში არავის ჰქონია სურვილი მომხდარიყო მოლაპარაკება, თუნდაც უშედეგო, მაგრამ არ მივსულიყავით ომამდე. ამის სურვილი ნაკლები იყო მაშინდელ სახელმწიფო საბჭოში.
სიტუაცია დაიძაბა როგორც თბილისში, ასევე აფხაზეთში ადგილობრივი ქართველი პოლიტიკური ფიგურების მიერ. მიზეზი ბევრი იყო. სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ საჭირო იყო დევნილი პრეზიდენტის მომხრე ძალების განეიტრალება, რასაც თბილისშიც და შემდეგ სამეგრელოშიც მოჰყვა ეგზეკუციები.
მაშინდელ ქართულ პოლიტიკურ ელიტაში ომისათვის მზადება რომ მიმდინარეობდა, და გამორიცხული რომ იყო კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება ეს შეიძლება დავინახოთ მოვლენების შემდეგ ქრონოლოგიაში: სამხედრო გადატრიალების შემდეგ თბილისში დევნილი პრეზიდენტის მხარდამჭერი მასობრივი მიტინგების დახვრეტა, სამეგრელოში დევნილი პრეზიდენტის მომხრეების მასობრივი განადგურება და ძარცვა, 1992წ. თებერვლის სამხედრო საბჭოს დეკლარაცია 1978წ. კონსტიტუციის გაუქმებაზე და 1921წ. კონსტიტუციის აღდგენა, სამხედრო საბჭოს ძალების გადაადგილება აფხაზეთში 1992წ. თებერვალ-მარტში დევნილი პრეზიდენტის მხარდამჭერების დასასჯელად, 1992წ. მარტი-აპრილის სადამსჯელო ღონისძიებები სამეგრელოში მეორედ, 1992წ. 25 მაისს ქართველი დეპუტაციის მიერ აფხაზეთის უზენაესი საბჭოს დატოვება, რომელიც მითითების გარეშე ვერ მოხდებოდა, 1992წ. 14 აგვისტოს სახელმწიფო საბჭოს შენაერთების გადაადგილება აფხაზეთში და ომის დაწყება, 1992წ. 15 აგვისტოს სახელმწიფო საბჭოს სხდომაზე შევარდნაძის გამოსვლა, სადაც ის ამბობს: როგორც ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, ჩვენ არაფერზე არ შევჩერდებით. ამიტომ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ მოვკვდეთ თავად, მაგრამ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც შესაძლოა იყოს ჩვენი სახელმწიფოს გაყოფის მიზეზი.
აი ეს არის ქრონოლოგია მოვლენებისა, რომლმაც აფხაზეთში ომამდე მიგვიყვანა. ამიტომ ამ საკითხებს უნდა მიეცეს პოლიტიკურ სამართლებრივი შეფასება.
ჩემი დღევანდელი წერილი მინდა დავასრულო ზვიად გამსახურდიას 1993წ. 20 ივლისის მიმართვით ქართველი ერისადმი, რომეიც ვფიქრობ ბევრ საკითხს ნათელს მოჰფენს.
”უკანასკნელ ხანებში სულ უფრო და უფრო ცხადი ხდება, რომ ე. შევარდნაძის დიპლომატიური თამაში აფხაზეთის პრობლემის გარშემო მიზნას ისახავს კაპიტულაციას აფხაზი სეპარატისტებისა და რუსეთის იმპერიალისტური ძალების წინაშე.

მზადდება ე.წ. “ცხინვალის ვარიანტი”, სამშვიდობო ძალების შემოყვანა კონფლიქტის ზონაში და სოხუმის ჩაბარება, რასაც დაჟინებით მოითხოვს შევარდნაძისაგან რუსული და აფხაზური მხარე.

ე. შევარდნაძე ბუნდოვნად საუბრობს აფხაზეთის რაღაც “დემილიტარიზაციაზე”, კონფლიქტის ზონიდან ყველა ჯარების გაყვანაზე, რაც არარეალურია და შესაძლოა გამოყენებულ იქნეს მტრის მიერ გადამწყვეტი სტრატეგიული უპირატესობის მოპოვებისათვის. ჯერ კიდევ ელცინ-შევარდნაძის შეხვედრისას დაიგეგმა სოხუმიდან მძიმე ტექნიკისა და არტილერიის გაყვანა, რაც ნიშნავს სოხუმის ჩაბარებას. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ბ.პასტუხოვის მიერ შემოთავაზებული ე.წ. “სამმხრივი ხელშეკრულების” გეგმაც სწორედ ამას ითვალისწინებს.

სოხუმიდან ქართული ჯარის გაყვანა ნიშნავს ქართველი მოსახლეობის გაყვანას, ვინაიდან შეიარაღებული ძალების 90 პროცენტს ადგილობრივი მოსახლეობა შეადგენს. სოხუმის ჩაბარებას მთელი აფხაზეთის ჩაბარება მოჰყვება, ხოლო ყოველივე ამას-ქართული მოსახლეობის არნახული გენოციდი და დეპორტაცია.

მე მოვუწოდებ აფხაზეთის ტერიტორიაზე დისლოცირებულ ყველა ქართველ მებრძოლსა და მეთაურს, სრულიად საქართველოს მოსახლეობას: არ დაემორჩილოთ ე. შევარდნაძისა და მისი კომუნისტური ხუნტის ბრძანებებს, არ დათმოთ აფხაზეთის ძირძველი ქართული მიწის არც ერთი გოჯი, არ ჩაბააროთ მტერს უკვე მოპოვებული პოზიციები. აღადგინეთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, გახსოვდეთ, რომ საქართველოს რესპუბლიკის საზღვარი მდინარე ფსოუზე გადის!”
შემდეგ წერილში განვიხილავთ, რუსეთის 1993წ. შემდგომ ქმედებებს თუ როგორ ხდებოდა იმ მარყუჟის გაკეთება, რომელმაც 2008წ. აგვისტომდე მიგვიყვანა და დღევანდელი საშიშროების წინაშე დაგვაყენა.
ირაკლი მარგველაშვილი

18.03.2010წ.

Tuesday 16 March 2010

„წამიერია მაინც გაქცევა არსად, აშრიალდება ვარსკვლავიანი წვიმა“

გიორგი კორნაპელის ამ ბწკარედით, რომელიც ჩვენი წერილის სათაურად გამოვიყენეთ, მისი პოემიდან „ნარცისი“, ზუსტად ესადაგება იმ პროცესებს, რომელიც საქართველოში მიმდინარე წლის 13 მარტს გაკეთებული ტელეკომპანია „იმედის“ მოდელირებულმა ქრონიკამ შექმნა. თუ გიორგი კორნაპელის ამ ბწკარედს გავაგრძელებთ, სრულ სურათს მივიღებთ, რომელზეც მჯელობასაც ავაგებთ: „და აღარაა ყოფნა: არსად და არსად (ნიმფა კიოდა: ნამსხვრევი სარკე ცვივა) წამიერია მაინც გაქცევა არსად, აშრიალდება ვარსკვლავიანი წვიმა.“
დაიმსხვრა ყველა სარკე. „ქრონიკის“ მოდელირებულმა გადაცემამ დაამსხვრია ყველა სარკე, სადაც ვკეკლუცობდით და ვკოკეტობდით. დღეს განვითარებულ მოვლენები კი ამ სარკის ნამსხვრევებში ჩახედვის მცდელობაა ისევ, რასაც მავანნი ცდილობენ. სარკეში, სადაც არ სჩანს რეალობა, მხოლოდ რეალობის აჩრდილებს ვხედავთ. მითუმეტეს, დამსხვრეულ სარკეში, მითუმეტეს დანგრეულ მაყურებელთა დარბაზში, სადაც მშვიდად შევაბიჯეთ და მოვკალათდით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამ წარმოდგენის რეალური პერსონაჟები ვართ. მაყურებელთ დარბაზი და სცენა გაერთიანდა ერთ დიდ სცენად.
მესმის ყველაფერი, მესმის განწყობები, მესმის მაყურებელთა დარბაზში მყოფთა კომფორტულობა, მესმის ამ დარბაზში ყოფნით გაქცევის მცდელობაც, მაგრამ ისტორია რუსული იმპერიისა უნდა დასრულდეს საქართველოში და ჩვენ ვალდებულნი ვართ, ამ სპექტაკლში, რომელიც რუსულმა იმპერიამ დადგა საქართველოში 200 წელია და კომფორტულად მოგვათავსა მაყურებელთა დარბაზში, მონაწილეობა მივიღოთ. ჩვენ ძალიან ბევრჯერ, ამ 200 წლის მანძილზე, მხოლოდ ამ დარბაზში ვიყავით მოკალათებულნი, და ვუყურებდით იმპერიულ სპექტაკლს, გავრბოდით, მაგრამ საოცრებაა: „წამიერია მაინც გაქცევა არსად, აშრიალდება ვარსკვლავიანი წვიმა“-ც. ჩვენ, დარბაზში მყოფებმა, ვნახეთ ეს საშინელი ისტორიული სპექტაკლი. ჩვენ გვაიძულებდნენ ამ ყველაფრის ნახვას, მაგრამ დგება დრო, როდესაც მაყურებელთა დარბაზი უნდა დაინგრეს, რითაც გაქრება იმპერიული სცენა, სადაც უამრავი საშინელება გათამაშდა. იცით რატომ? ისევ გიორგი კორნაპელს მოვუსმინოთ: „შავი ხავერდით ღამე იფარავს სახეს და გაცურდება, გაქრება შავი გედით, ყველაფრის ნახვით ვერაფერი ვერ ნახე და ყვავილი ხარ ლაჟვარდიანი ბედით“. ასეა. ყვავილები ვართ ლაჯვარდიანი ბედით და ჩვენი ბედისწერა თავისუფალი საქართველოა. მართლაც წამიერია გაქცევა არსად...
ინგრევა ყველა მაყურებელთა დარბაზი. ინგრევა იმპერიის ისტორიულობა, რომელიც ამ თეატრის სცენაზე თამაშდება. ხოლო რეაქციები და სურვილები, ისევ კომფოტულად მოვკალათდეთ, ლოჟაში, პარტერსა თუ იარუსზე, აღარ გამოვა. ჩვენ მონაწილეები უნდა გავხდეთ ჩვენი არჩეული თავისუფლების, ჩვენი არჩეული დამოუკიდებლობის, რომელიც ერთად ავირჩიეთ 1991წ. 31 მარტს საერთო სახალხო რეფერენდუმზე. ამ დღიდან მოყოლებული, ჩვენ ხშირად გავიქეცით, მაგრამ წამიერად, ჩვენ ამ არჩევანს ვერ გავუძელით, ჩვენ ეს არჩევანი 1992წ. 6 იანვარს გვინდოდა აბოლებული თბილისის კვამლისთვის გაგვეყოლებინა, მაგრამ ეს არჩევანი არ მომხდარა საარჩევნო ურნებთან, ეს ჩვენს კოლექტიურ არაცნობიერში მომხდარი არჩევანია საუკუნეების განმავლობაში. ეს ჩვენი არჩევანია გადმოცემული გენეტიკურ კოდში, რომელიც უბრალოდ ფიქსირდება მარტივ სამართლებრივ ჩარჩოებში რეფერენდუმზე. ის მაყურებელთა დარბაზი, რომელიც ინგრევა, ის იმპერიული ისტორიულობა, რომელიც ამ დარბაზში თამაშდებოდა და ინგრევა, ამ არჩევანის შედეგია. აქ იმსხვრევა ყველა სარკე, აქ იმსხვრევა ყველა ილუზია, რომ ეს სხვამ გააკეთოს, ხოლო ჩვენ ისევ თბილ მაყურებელთა დარბაზებში დავრჩეთ, არ გამოვა. ტყუილი მცდელობაა. აქ ტექსტები უკვე ვიზუალურად არის დასანახი. ის, რაც ამ იმპერიულ სცენაზე გვანახეს ამ თეატრში, 2008წ. აგვისტოში, არ იყო სარკე, ეს რეალობა იყო.
რატომღაც მაინც ვცდილობდით გავქცეოდით ამ რეალობას. ისევ სარკე, ისევ თბილი დარბაზი, მაგრამ იმპერიულ სცენაზე გათამაშების საშინელი საფრთხე ისევ გვიახლოვდება. ჩვენ კვლავ მაყურებელთა დარბაზში გვინდა ვისხდეთ? ის სცენა სხვაგანაა? სხვაგან ხდება ეს ყველაფერი? აქ არ ხდება? 1921წ. კადრების ხილვისას, სადაც იმპერიულ სცენაზე კოჯორში დაცემული იუნკრების დალეწილ მკერდებზე წითელი დროშა აფრიალდა, პანიკამ რატომ არ შეგვიპყრო? იმიტომ, რომ ის უკვე გათამაშებული სცენაა? იმიტომ, რომ ის შავთეთრი კადრებია? არადა, ის ისეთივე ფერადი კადრებია, როგორც 2008წ. აგვისტო, ისევე როგორც 2010წ. 13 მარტის „ქრონიკის“ მოდელირებული გადაცემა, სადაც მხოლოდ სცენარი წაგვაკითხეს, რომელიც სცენაზე თუ გადავიდოდა, იმპერიულ სისხლიან ისტორიად მოაქცევდა სპექტაკლს.
მაშ რა ხდება? რა პარადოქსთან გვაქვს საქმე? როცა მუხათგვერდის სასაფლაოზე ჩვენი მკერდდალეწილი ბიჭების საძმო სასაფლაოა? სად გავრბივართ? რას გავურბივართ წამიერად? ლევ ტოლსტოის „ივან ილიჩის სიკვდილს“?
მაყურებელთა დარბაზში იმპერიის სცენაზე გათამაშებული სისხლიანი ისტორიები რატომ არაა პანიკის და შოკის მომგვრელი? ანუ ის იყო წარსულში? ჩვენ არ გვემუქრება? არა ბატონებო. მაყურებელთა დარბაზის იმპერიული სცენა უნდა დაინგრეს, რომ აღარასოდეს ვნახოთ ის სცენარი, ის სპექტაკლი, რომელიც ამ სცენარის მიხედვით კვლავ უნდა დაიდგას იმპერიის დამპალ სცენაზე. ეს სცენა დანგრევის პირასაა, ხოლო ჩვენ მაყურებელთა დარბაზში უნდათ გვამყოფონ.
მიკვირს, როგორ მარტივად, როგორ სასაცილოდ ცდილობენ ამ სცენარის მიფუჩეჩებას. როგორ გადააქვთ აქცენტები, რომ ქვეყანა შეაშინეს, ხალხი დაზაფრეს. რატომ? მარტივი ტრიუკია, იოლია, მარტივია ამ ყველაფრის გაკეთება. ოღონდ არ ვისაუბროთ სცენარზე, ოღონდ არ ვისაუბროთ იმ ტექსტზე, რომელიც დაიდო, რომლის გათამაშებასაც იმპერია ცდილობს თავის სცენაზე, სადაც მაყურებელთა დარბაზში ისევ ჩვენ დაგვსვამს. სადაც იქნება მხოლოდ მაყურებელთა ლოკალური ცრემლი ცუდი სპექტაკლის ნახვის შემდეგ. იქნება თვალცრემლიანი მაყურებლების მიერ დარბაზის დატოვება.
სწორედ ამიტომ ფუთავენ, ამიტომ მალავენ იმ სცენარს, იმ ტექსტს მავანნი. არავინ საუბრობს ამ სცენარზე, რაც „ქრონიკის“ მოდელირებულ გადაცემაში წაგვაკითხეს. აი ამიტომაა ეს გაქცევა არსად.
მიმდინარეობს საშინელი პროპაგანდა, ამ სცენარის მიფუჩეჩების. ცუდი დიასახლისივით უნდათ ეს ნაგავი ოთახის კუთხეში მიგავონ და თვალს მიაფარონ. ოღონდაც არავინ ისაუბროს ამ სიუჟეტზე, ამ სცენარზე. ამას რუსული საინფორმაციო მანქანაც ცდილობს, მაგრამ მაინც იყიდებიან. 15 მარტის ნოღაიდელის განცხადება ამას მიუთითებს, რომ მაინც წავლენ რუსეთში, მაინც გააგრძელებენ მოლაპარაკებას რუსებთან, რომ მაინც იმუშავებენ საქართველოს „საკეთილდღეოდ“. რას ნიშნვს ეს „მაინც“? რატომ „მაინც“? ანუ რა ხდება, მთავარია ეხლა ეს სცენარი სადმე შეჩურთონ და მაინც გააკეთონ?
აღარ დარჩა კულისებში არაფერი. სცენის კულისები დანგრეულია. სცენაც მალე დაინგრევა. რა იყო ეს კულისები? ეს არის პუტინთან შეხვედრის კონტექსტი. ეს არის პრიმაკოვთან, გრიზლოვთან შეხვედრების კონტექსტი. ეს არის როგოზინთან და პუტინთან ბურჯანაძის შეხვედრის კონტექსტი. ვინ იცის ეს რა კონტექსტია? რომელმა იცით ამ დახურულ კარს მიღმა ჩატარებული საუბრების კონტექსტი რა არის? ვინმემ მოუსმინა? ან თავად თქვა რომელიმემ? ნუთუ არავის აინტერესებს ამ საუბრის კულისები და კონტექსტი რა იყო. სადაა მისი დაფარული მხარე? საშიში ამ შემთხვევაში არაფერია? იმიტომ, რომ არ გვესმის და ვერ ვხედავთ? სადაა პანიკა, სადაა შიში, სადაა დაზაფრვა. რატომ არ ვიზაფრებით ამ კონტექსტით? რატომ არ გვიყვებიან და გვასმენინებენ ამ კონტექსტს, ამ ფარულ საუბრებს. გვიფრთხილდებიან არ დავიზაფროთ? ისინი „კეთილები“ არიან, იმიტომ რომ „გვიფრთხილდებიან“, აბა ასეთი „არაადამიანური“ მოპყრობა შეიძლება, როგორც „ქრონიკის“ მოდელირებული გადაცემა მოგვეპყრო? სწორედ ამიტომ, წაკითხული სცენარის დავიწყებას გვირჩევენ, როგორც ცუდი სიზმარის. აქცენტები ჩვენზე ზრუნვაა, როგორ შეგვაშინეს, გვეფერებიან, თავზე ხელს გვისვამენ. თან გვეუბნებიან, თქვენი ადგილი მაყურებელთა დარბაზშია.
ამ საუბრების შესახებ არავინ იცის. შთაბეჭდილება მრჩება, რომ რატომღაც არ აინტერესებთ. „ქრონიკის“ მოდელირებული გადაცემა ამ კონტექსტის საფუძვლებს, ამ სცენარის საფუძვლებს ააქტიურებს. ამიტომ დღეს გულდასმით ფუთავენ ამ შინაარსს. სულ სხვა კონტექსტით საუბრობენ ამ შინაარსზე. თუმცა დარწმუნებული ვარ, ტყუილი მცდელობაა. არსებობს ტექსტი, არსებობს სცენარი, არსებობენ აქტიორები. ეს ყველაფერი არსებობს. ტვინში არ არის იმის ადგილი, რომ ეს ამხელა სცენარი შემალონ. ავიწყდებათ ერთი რამ, ეს ყველაფერი, ეს სცენარები, ეს აქტიორები ვერ დაიმალებიან. სიტყვებში, ლოგიკებში მათი დამალვა ვერ მოხერხდება, ვინაიდან ამ გადაცემამ ნათლად დაადასტურა, რომ იმპერია შიშველია, ქართველი აქტიორებიც შიშვლები არიან და ისინი თავიანთმა ქმედებებმა გააშიშვლა. ეხლა მთელი ეს მცდელობები, რომ ეს სცენარი შეიფუთოს და აქტიორები არ გამოჩნდნენ, ან რუსეთის იმპერია სადმე შეჩურთონ, შავ ნაჭერზე ჭრელი საკერებლის დადებაა. ტყუილი მცდელობაა. არ უშველის ამ ამყრალებულ სიტუაციას და მთელი ეს ფუთფუთი საკუთარი სუნით შეწუხებული აქტიორების ფუთფუთია. პარფიუმერმა თავისი საუკეთესო სუნამო შექმნა, რომლის სურნელიც მხოლოდ აქტიორებს სცემთ და სწუხან ამის გამო.
გეგმა ჩაიშალა. ის ჩაიშალა ისე, რომ აქტორები და სცენარის ავტორები აზრზე ვერ მოვიდნენ. საიდუმლო გამჟღავნდა. კონტექსტი გაიშიფრა. რატომ ფიქრობდნენ და იმედოვნებდნენ, რომ მათ საიდუმლოს ვინმე შეინახავდა? დაფარული ტექსტი აღარ არსებობს. ის გადაურჩა ბოროტი ხორხეს ხახას. ყველა მისამართი ამ ბიბლიოთეკა-ლაბირინთში უკვე ცნობილია. მაყურებელთა დარბაზები კიდევ ინგრევა, არავინ მოისურვებს იქ შესვლას დიდი საშიშროების გამო. ცოტაც და მთელი რიტორიკული არსენალი დასრულდება და სხვა ეტაპზე გადავალთ. აი ამ ეტაპზე გადასვლას აუცილებლად ახალი წერილით გაცნობებთ.

ირაკლი მარგველაშვილი
16.03.10წ.

Thursday 11 March 2010

რუსული მიმდინარე გეგმა საქართველოს ანექსიაზე

საქართველოში მიმდინარე მოვლენების დაკვირვებისას თვალშისაცემია ის ძირითადი მიმართულებები, რაც რუსეთს დაგეგმილი აქვს საქართველოში განსახორიელებლად. წინამდებარე წერილში საუბარი გვექნება იმ წინაპირობებზე და გეგმებზე, რასაც სავარაუდოდ რუსეთი საქართველოში გეგმავს.
1. მე-5 კოლონის შექმნა
2. ხელისუფლების შეცვლა (მითი მიშა რუსეთის კაცია უკვე მითოსურ არქივშია, ასევე ვერ იმუშავა „ჩავშალოთ პუტინ სააკაშვილის ბინძური ალიანსი“-მოწოდებამ).
3. საქართველოს პოლიტიკური ორიენტაციის შეცვლა.
4. საქართველოს ნეიტრალიტეტი.
ფაქტია, რომ საქართველოში დაიწყო საკმაოდ მძლავრი მე-5 კოლონის ფორმირება. ანუ რუსეთი პრაქტიკულად საქართველოს შიდაპოლიტიკურ სივრცეში შემოვიდა და შესაძლოა ითქვას მმართველი პარტიის „ედინაია როსია“ ფილიალიც გააკეთა, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. ქართველი პოლიტიკოსების დიდი ნაწილი პირდაპირ კავშირზეა რუსეთის ხელისუფლებასთან, ხოლო სხვა ნაწილი ცდილობს ასევე დაამყაროს კავშირი რუსეთის მმართველ გუნდთან. რათქმაუნდა ჩვენთვის სიტყვიერად უცნობია საუბრის ტექსტი, თუ რაზე ესაუბრებიან პუტინს ქართველი პოლიტიკოსები, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ლოგიკური მსჯელობით დასკვნების გამოტანა.
რუსული და პოტენციური მე-5 კოლონის მსჯელობა აგებულია შემდეგ თემაზე: აცხადებენ, რომ იცავენ ქართველი ხალხის ინტერესებს, აწარმოებენ დიალოგს, საუბრობენ დიალოგის აუცილებლობაზე, საუბარი არ არის და ვერც იქნება ოკუპაციაზე და ეს იფუთება თითქოს და დიპლომატიური საბურველით, არ არის საუბარი დეოკუპაციაზე, არ არის საუბარი იმაზე როგორი ფურცლიდან იწყება დიალოგი რუსეთთან, სუფთა ფურცლიდან თუ დეოკუპაციის ფურცლიდან...
ეს მცირე შესავალი იმ პროცესისა, რომელიც ამჟამად სჩანს პოლიტიკურ სივრცეზე. თუმცა ამ მცირე რიტორიკული შესაძლებლობიდან ვეცდებით გავარკვიოთ, ზოგადად რას გულისხმობს რუსული გეგმა და რა მიზნებს ისახავს ის.
მიმდინარე ლოკალური გეგმა არის მე-5 კოლონის ჩამოყალიბება. ჩანასახი ამ კოლონის უკვე სჩანს. ასევე მზად არიან ამ რიგებს შეუერთდნენ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები. ჩვენი აზრით, ამ გეგმის გაჯღერება ევგენი პრიმაკოვის დაბადების დღეზე მოხდა. იქ ჩვენი „რჩეული ქართველებიც“ იყვნენ. შეიძლება ითქვას სიმღერა „თბილისოს“ ფონზე პუტინმა გააკეთა მთავარი გზავნილი, რომ შესაძლებელია საქართველოსთან ურთიერთობის აღდგენა და ისიც რომ ყველაფერი სხვაგვარად იყოს. ეს ამბავი თბილისშიც გაიგეს მშვენივრად. ანუ ამჯერად საკითხი დადგა ასე, პირდაპირი კონსულტაციები რუსეთის ხელისუფლებსთან, ვინაიდან თქვენ (ოპოზიცია) თავად ვერაფერი გააკეთეთ, უკვე ჩვენ ვიზრუნებთ თქვენს გასაკეთებელზე და დირექტივებსაც მოგცემთო. არც დაახანა პროცესმა. პირველი პირი, ვინც კავშირებს თბილისსა და მოსკოვს შორის არეგულირებს და აწესრიგებს, ვინც ამ ურთიერთობებსი დისპეჩერია ეს არის ევგენი პრომაკოვი. ძველ საბჭოთა კგბ-ს დამსახურებული კადრი, გენერალი და ერთერთი ნაცრისფერი კარდინალი რუსეთში. ეს ის პრომაკოვია, რომელმაც აფხაზეთის ჩაბარების გეგმა დაამუშავა, დაამუშავა დაგომისის ხელშეკრულების გეგმა, დაამუშავა აფხაზეთში სამშვიდობო ძალების განთავსების და პრაქტიკული ანექსიის გეგმა. მონაწილეობდა 2002წ. დაწყებული მცოცავი ანექსიის ე.წ. „ოკუპირებული ტერიტორიების პასპორტიზაციის “ გეგმაზე. ის ამჟამად ამუშავებს საქართველოს საბოლოო ანექსიის გეგმას, რომლის პროცესიც უკვე დაიწყო.
2008წ. სექტემბერში პუტინის მიერ გაჟღერებული მესიჯი „რაც ვერ გააკეთა რუსულმა არმიამ, ამას გააკეთებს ქართველი ხალხი“, იყო ნიშანი იმისა, რომ იწყებოდა გადამწყვეტი ბრძოლა მე-5 კოლონის ჩამოყალიბებისათვის, ასევე საქართველოს შოდა პოლიტიკურ ველზე დამკვიდრების პროცესი. ვფიქრობთ ამ პროცესს სათავეში სწორედ ევგენი პრომაკოვი ჩაუდგა. პირველი ეტაპი მოიცავდა ამ გეგმის ფარულ ნაწილს და გაცილებით კომფორტული იქნებოდა რუსეთისთვის. ამაში ვგულისხმობთ შემდეგს. 2009წ. აპრილის აქციები სწორდ ამ გეგმის ერთერთი შემადგენელი და კომფორტული ნაწილი იყო რუსეთისთვის. თუმცა ვერ განხორციელდა სუბიექტური და ობიექტური მიზეზების გამო.
2009წ. დეკემბერში პრიმაკოვის დაბადების დღეზე ქართული დელეგაციის ვიზიტს დაემთხვა იმ გეგმის გაჟღერება, რომელიც იქ მისულმა პუტინმა თქვა. ამით შესაძლოა ითქვას წითელი ლენტიც გაიჭრა და პროცესი ასე ვთქვათ ღიად დაიქოქა. პრიმაკოვს დაევალა მე-5 კოლონის ღიად შექმნა და კასტინგის მომზადება. პირველი საიდუმლო ვიზიტი მასთან სწორედ ზურაბ ნოღაიდელს ჰქონდა. საახალწლოდაც აპირებდა აქ ჩამოსვლას პლეხანოველი ევგენი, მაგრამ რატომღაც ეს საკითხი გადაიდო. დაიწყო მე-5 კოლონის ღიად ჩამოყალიბება. დასრულდა პუტინის 2008წ. მესიჯის პირველი ეტაპი. ის ჯოზეფ ბაიენის საქართველოში ვიზიტმა დაასრულა. ანუ დაფარული სივრციდან მეხუთე კოლონა უკვე აქტიურ ქმედებებზე გადავიდა. ვფიქრობ არის რამდენიმე რგოლი, რომელიც შემდგი პრინციპით არის აგებული. კანდიდატების შერჩევას და მასთან კავშირს ევგენი პრომაკოვი ხელმძღვანელობს. დაწყებული 2008 წლიდან, ანუ პუტინის განცხადებიდან. კანდიდატების დამუშავება ხდება დასავლეთში ან ამერიკაში, სადაც რუსული კგბ-ს რეზიდენტურის საკმაოდ სერიოზული წარმომადგენლობებია. ეს ჩვეულებრივი და აპრობირებული მეთოდია, რეზიდენტების სხვა ქვეყნებში შეხვედრის ორგანიზება. როდესაც ამას ვამბობთ, შესაძლოა მავანმა იფიქროს, საიდანო, ეხლავე მოგახსენებთ. მე-5 კოლონის ჩამოყალიბების ნიშნები შარშანვე გამოჩნდა. კარგად გავიხსენოთ ვენის კონფერენცია. იქ ჩასული ქართული დელეგაცია.... შემდეგ იგივე კონფერენცია სოჩაშიც. ჩვენი ოპოზიციური ლიდერების ხშირი ვიზიტები საზღვარგარეთ, დასავლეთში და ამერიკაში. სადაც ვფიქროთ რომ აპრობირებულ მეთოდს მიმართვდნენ, რომლის შედეგებიც მშვენივრად გამოჩნდა უკვე წელს. ზურაბ ნოღაიდელი პირდაპირ მოსკოვში წავიდა, ვინაიდან პუტინმა ღია თამაში დაუშვა, ბურჯანაძეც ასევე ამ ღია თამაშის მონაწილეა. აქვე მინდა ვთქვა, რომ ლავროვთან ვიზიტებიც არ არის მაინცდამაინც იოლი მისაღწევი. რომ არა სერიოზული კავშირები და წინასწარ მოსამზადებელი სამუშაოები დარწმუნებული ვარ ირაკლი ალასანიას შეხვედრაც ვერ მოხდებოდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან. პრ-თვალსაზრისით მშვენივრად შეიფუთა სიტუაცია. მიუნხენის კონფერენცია, იქ ირაკლი ალასანიას მიწვევა, რომელიც გერმანიაში რუსეთს ნამდვილად არ გაუჭირდებოდა და შემდეგ პოსტ ფაქტუმ მოწყობილი შეხვედრა. წინასწარ მოსამზადებელი სამუშაოების გარეშე მსგავსი შეხვედრები არ ეწყობა. ზოგადად მინდა ვთქვა, რომ იმას რასაც ეხლა ვამბობ, სპეცსამსახურების მიერ არარეზიდენტების დამუშავების მეთოდიკის სახელმძღვანელოების პირველსავე გვერდებზე წერია.
რათქმაუნდა ესეც ევგენი პრომაკოვის რგოლის გარეშე ვერ მოხერხდებოდა. არც პუტინია ის კაცი, რომ კადრები ძალიან სწრაფად შეარჩიოს და პრიმაკოვის კანდიდატურა მისი 2008წ. სექტემბრის მესიჯის გაჟღერებიდან უახლოესი დღეებიდან დაიწყებოდა. შესაბამისად ეს პოსტი პრიმაკოვისთვის მისი დაბადების დღის საჩუქარი არ იყო, ვინაიდან პრომაკოვმა, როგორც ძალიან გამოცდილმა ჩეკისტმა გულისამაჩუყებელ თავის დაბადების დღეზე მიიწვია მისთვის „საყვარელი ქართველები“, ისე, რომ არც უთხრა ამ უბედურებს პუტინი რომ მივიდიდა დაბადების დღეზე. შემდეგ პუტინი უეცრად მივიდა, მძიმე საქმეებიდან მოიცალა და ქართველებს მის დანახვაზე ელდა ეცათ. თუმცა არ დავიბენით, ჩვენც ნაზ ქართველურად თბილისო შევუსრულეთ. იყო ყვავილები ცრემლები და აპლოდისმენტები. ცრემლები ქართული დელეგაციის თვალებზე, პრიმაკოვის დაბერებული და გულჩვილი გულიც ამას როგორ გაუძლებდა და პუტნისაც აუჩუყდა გული და პრომაკოვს სთხოვა, რომ აბა შენ იცი ამ ხალხს კარგად მოუარეო.
ეს რუსული პრ-ია, რომელიც უნდა გადაყლაპოს ქართვლებმა. როგორ არ გადაყლაპავენ, განა ამ ცრემლებისგან თავის შეკავება შეიძლება? მომიტევეთ ეს მცირე რილიური გადახვევა, მაგრამ ეს ლირიკა რუსული პრ-იდანაა. იციან მათ ჩვენი გულჩვილობის ამბები. პრ-იც შესაბამისია. ქართვლებიც ცრემლებს ვერ შეიკავებენ.
ამ ყველაფრის უკან დგას წორედ რუსული გეგმა, რომელიც არის საქართველოს სრულყოფილი ანექსია. საგარეო კურსის შეცვლა, ხელისუფლების დამხობა, ნეიტრალური, იმპოტენტი, ტერიტორიებ ახეული საქართველოს მიღება საბოლოო ჯამში. ამაზე ღია განცხადებები უკვე კეთდება. მაგ. კობა დავითაშვილი, ზვიად ძიძიგური, ზურაბ ნოღაიდელი, ბურჯანაძე, 2009წ. გაზაფხულის აქციებზე მდგარი მთელი ოპზიციური სპექტრი არასოდეს აფიქსირებდა თავის საგარეო ორიენტირებს. მიტინგებზე საკმო ხშირად გაჟღერდა, რომ ამერიკა ჩვენი მტერია. რომ ნატოზე ჩაციკლულები არ არიან და უამრავი რომ....
ყველა მესიჯი ამ რუსული გეგმის თანდათან ცხადდება. დიალოგი რუსეთთან, კავშირები რუსეთთან, იმ რუსეთთან, რომელმაც 1801 წლიდან სისხლის მდინარეები ადინა საქართველოში. იმ რუსეთთან რომელმაც გაანადგურა ქართული ეკლესია, იმ რუსეთთან, რომელმაც გაანადგურა მთელი ქართველი ინტელიგენია მე-20 საუკუნის დასაწყისში და შემდეგაც. იმ რუსეთთან, რომელმაც 1921წ. 25 თებერვალი მოგვიწყო და ქართველი იუნკრების ძვლებზე შემდგარებმა აღმართეს წითელი დროშა თბილისის თავზე. იმ რუსეთთან, რომელმაც მოგვიწყო 1989წ. 9 აპრილი, რომელმაც მოგვიწყო 1991-92 წლები და გადაბუგა თბილისი, იმ რუსეთთან, რომელმაც სისხლში აბანავა მთელი საქართველო 1991-1993 წლებში, რომელმაც უზრუნველყო აფხაზეთის ანექსია და ეთნოწმენდა, იმ რუსეთთან, რომელმაც 2008წ, აგვისტოში დაბომბა და გაანადგურა მთელი საქართველო და 400 სამდე უმამაცესი ქართველი ვაჟკაცის სისხლით მორწო შიდა ქართლი. აი ასეთ რუსეთთან უნდა გვქონდეს კავშირები, ის გვიშველის, ის გადაგვარჩენს. აი ასეთ რუსეთთან არის გულჩვილი ცრემლები და აპლოდისმენტები, ასეთ რუსეთს ვუმღერით თბილისოს, ხოლო ის ამ თბილისოს ფონზე ადგენს ჩვენი ახალი ანექსიის გეგმას და ჩვენს თვალწინ მას ევგენი პრიმაკოვს ავალებს.
უახლოეს ხანებში მე-5 კოლონა დაიწყებს საქართველოს იმპოტენციის ნეიტრალიტეტის ქადაგებას (ამას ცალკე წერილს მივუძღვით), ამ იდეის პოპულარიზაციას. ის შექმნის მე-5 კოლონას, საკმაოდ მძლავრს, სერიოზულს. შეეცდება ხელისუფლების დამხობას. კიდევ მეტი ხალხი წავა შეხვედრაზე პრიმაკოვთან, შემდეგ ლავროვთან, შემდეგ პუტინთან. რუსეთმა უკვე ღია ომი გამოაცდხადა, ეს ომი მოიცავს როგორც შიდა დაპირისპირებას, ასევე ამ დაპირისპირებაში უშუალო ჩარევას. უახლოეს თვეებში ეს ყველაფერი რაზედაც ვსაუბრობდით, უფრო მეტად ამოვა წყლის ზედაპირზე.
გადამწყვეტი ბრძოლა დაიწყო, თუმცა ვფიქრობ, ეს საბოლოოდ დაასამარებს მე-5 კოლონას საქართველოში, ვინაიდან მათ არა აქვთ თემა, რომელზედაც შეიძლება ისაუბრონ. მათ არა აქვთ ისტორია, რომელზედაც შეიძლება დაეყრდნონ და შესთავაზონ ხალხს, არ გახსოვთ რუსეთმა ეს რომ გააკეთა? ვინაიდან ჩვენი მახსოვრობა ასეთს არ იცნობს. მათ არ ეყოფათ გრამატიკა იმ რიტორიკისთვის, რომელიც შეიძლება იყოს საუბრის თემა. ის ისეთივე დემაგოგია იქნება, როგორც ბურჯანაძის განცხადებები მოსკოვიდან, ვინაიდან თემა არ არსებობს. არ არსებობს რიტორიკის საწყისი. თუ არ არსებიობს სასაუბრო ენა, მაშინ არ არსებობს იდეაც. იდეის გარეშე რიტორიკას ძალა არა აქვს. შეუძლებელია რაიმე გამოვიდეს ამ მცდელობიდან. საფუძველი ამ თემის არ არსებობს. ამ თემის საფუძველი არის რუსული ტყუილი, რომელიც რუსეთის დამახასიათებელი თვისებაა. პუტინის დისკურსის საქართველოში განხორციელების მექანიზმი პრაქტიკულად არ არსებობს, ვინაიდან არ არსებობს ის სუფთა ფურცელი, რომელზედაც ის საუბრობს. ეს სუფთა ფურცელი ქართველთა სისხლითაა მორწყული.

11.03.10 წ.
ირკლი მარგველაშვილი

Tuesday 9 March 2010

ნახევრად გახსნილი კარტი (ნაწილი მეორე)

http://azrebi.ge/index.php?m=734

მახსენდება, 17 წლის ვიყავი. 1991წ. 26 მაისს ზვიად გამსახურდია პრეზიდენტი რომ გახდა მისალოცად მივედით ახალგაზრდები. მივულოცეთ. მე ვუთხარი, საქართველომ გაიმარჯვა. მან რატომღაც ძალიან დანანებით გვითხრა: „ეჰ, შვილებო, თქვენ არ იცით რა არის სუკი“. მისი სიტყვები მაშინ ვერ გავიგე, მერეც მიკვირდა, მაგრამ ეხლა მე მივადექი დაგმანულ დილეგს.
ამ დილეგის გაღება, ან გაღების მცდელობა დიდი ვნებათაღელვის საგანია. იქმნება უამრავი კლიშე. იქმნება უამრავი მითი, რომელიც რუსეთის იმპერიამ შექმნა საუკუნეების განმავლობაში, რათა ქართული სახელმწიფოს იდეა ისე ჩაეგმანა ამ მითოსურ დილეგში, რომ მისი გაღება ვერასოდეს ყოფილიყო შესაძელებელი. ეს დღეს სხვა არაფერია თუ არა „მითი დღეს“. მითები გადადის რიტორიკაში. შემდეგ ის ლოგიკურად ერთიანდება. ერთიანდება პროტესტად. რომელიც ქართულ სახელმწიფოს ეწინააღმდეგება.
იმპერიამ შეძლო, რომ მისი ენა ისე შემოსულიყო ჩვენს ყოველდღიურობაში, სხვა რამისთვის მხოლოდ ლექსიკონი დაგვჭირვებოდა. იმპერიამ ამ მითოსურ დილეგში სწორედ ის ენა დაგმანა, რომელზედაც ქართულმა სახელმწიფომ უნდა ისაუბროს. ტყუილად არ ვხმარობ სიტყვას ქართული სახელმწიფო. რუსეთი არ ებრძვის ქართველ ხალხს, რუსეთი ქართულ სახელმწიფოს ებრძვის. ქართულ სახელმწიფოს, რომელიც ძალიან პატარაა, მიუხედავად ამისა საქართველოს სახელმწიფო რუსეთის კონკურენტია გეოპოლიტიკურ ველში. შეიძლება გავიკვირდეს, მაგრამ ეს უკვე ფაქტია. 2008წ. აგვისტოში ქართველებს არ ებრძოდნენ, არამედ ებრძოდნენ ქართულ სახელმწიფოს. ყველა ბრძოლა მხოლოდ ქართულ სახელმწიფოს წინააღმდეგაა მიმართული. ეს გეოპოლიტიკური ომი იყო.
სწორედ ქართული სახელმწიფოს იდეა, ენა იყო დილეგში გამომწყვდეული. სწორედ ქართული სახელმწიფოს მშენებლობა იქცა 2004 წლიდან რუსეთის მთავარ სამიზნედ. რუსეთმა იცის, თუ შეიქმნება ქართული სახელმწიფო, ის კარგავს კავკასიას, ის კარგავს პოსტსაბჭოთა შუა აზიას. პოსტსაბჭოთა სამხრეთს. ამიტომ არაფერი გასაკვირი არ არის. მე მხოლოდ ერთი რამ მიკვირს, ჩვენ რატომ არ გვსურს შევქმნათ ქართული სახელმწიფო? გვეშინია? ძნელია? თუ მოსეს გამოსვლის იგავში ვიმყოფებით? ამ მარადიულ ტექსტში? ნუთუ აუცილებელია ლექსიკონი ქართული სახელმწიფოს ენის შესასწავლად? ნუთუ არ შეიძლება ამ ენის გახსენება?
იმ შემთხვევაში, თუ გადაწყდებოდა ქართული სახელმწიფოს შექმნა, რომელიც 2004 წლამდე პრაქტიკულად არ არსებობდა, შესაბამისად გაიზრდებოდა რუსეთის იმპერიის მიზანსწრაფვა, მოეხდინა ამ სახელმწიფოს დემონტაჟი. იმპერიამ ყველაფერი გააკეთა, რათა არ მიეცა საშუალება შექმნილიყო ქართული სახელმწიფო. ქართული სახელმწიფოს შექმნის მცდელობა რუსეთმა ჯერ კიდევ 90-იან წლებში მოკლა საქართველოში. მათ დაანგრიეს პირველი რესპუბლიკა, ხოლო შემდეგ ტერიტორიებ ოკუპირებული, ეკონომიკა დანგრეული, სახელმწიფო სტრუქტურებ მოშლილი, სამოქალაქო ომის ცეცხლში გახვეული საქართველო სნგ-ში შეათრიეს. კოლექტიური თავდაცვის ხელშეკრულებაზე მიაერთიეს, იმ ხელშეკრულებაზე, რომლითაც ქვეყანა დაცული უნდა ყოფილიყო, მაგრამ ამ ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაცია მოახდინეს და იქ თავისი ჯარები ჩააყენეს, იურიდიული კამუფლაჟიც გაუკეთეს, სამშვიდობო ძალები დაარქვეს და გაყუჩდნენ.
მთავარი შეტევა 90-იან წლებშიც სწორედ ქართულ სახელმწიფოზე მიიტანეს. მისი შექმნის და ჩამოყალიბების ყოველგვარი მცდელობა მოკლეს. „ისტორია მეორედება მარად იგივეში“. საქართველო ინერციულად თავისი განვითარების ისტორიულ ლოგიკაში გამოსავალს ეძებდა. მოხერხდა კიდევაც საერთაშორისო ენერგოპროექტებში მისი ჩართვა, რუსული ბაზების გაყვანის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა 1998წ. სტამბულში, რომელის შესრულებასაც 9 წელი მოანდომეს რუსებმა, მაგრამ არანაირი რესურსი არ დატოვა იმპერიამ, რომ შექმნილიყო ქართული სახელმწიფო 90-იანი წლებიდან 2004 წლამდე. ეს იდეა კვლავ დილეგში დარჩა, ვინაიდან საქართველო გეოპოლიტიკურ ნაწილში სწორედ იმპერიის კონკურენტია, მისი გეოგრაფიული და გეოპოლიტიკური მდებარეობის გამო. თუ ჩვენ გადავწყვეტდით, რომ იმპერია მოგვეცილებინა, აუცილებელი იყო შექმნილიყო ქართული სახელმწიფო.
2004წ. სწორედ ეს დაიწყო. ეს სულ სხვა თამაშია. მივიწყევბული თამაში ქართველთა ცნობიერებაში, რომლისთვისაც ჯერ რუსეთის იმპერიამ და შემდეგ საბჭოთა იმპერიამ უზარმაზარი რესურსი ჩადო, რომ არასოდეს მოხდარიყო ქართული სახელმწიფოს იდეის რეალიზება. ამას იმპერია თვითმკვლელობად აფასებს. ამიტომ ის ყველა მექანიზმით ებრძვის ამ სახელმწიფოს შექმნას, ვინაიდან ძალიან კარგად იცის, რომ ქართული სახელმწიფო მას ჩაენაცვლება კავკასიაში და გააღებს იმ ჩაჭაობებულ, დაგმანულ დილეგს, რომელიც რუსული იმპერიის არსებობის საფუძველია.
კავკასია რუსული იმპერიის არსებობის ქვაკუთხედადაა მიჩნეული, შესაბამისად ქართული სახელმწიფო სწორედ ამ ქვაკუთხედს ანგრევს. ამის დაშვება არ შეიძლება. სწორედ ეს არის ის ბრძოლის ველი, სადაც ერთმანეთს რუსეთის იმპერია და ქართული სახელმწიფო შეეჯახა. რა დავარქვათ ამ ბრძოლის ველს, შიდა ქართლის ველი? აფხაზეთი? ნებისმიერი სახელი. ყველა სახელი პირობითია. ეს ნამდვილი ომია და როდესაც ქართველი ამ ომს ვერ აცნობიერებს, ის იმპერიულ მითოსურ ხავსს ეჭიდება, რომ შეიძლება საუბარი იმპერიასთან, რომ დიალოგი აუცილებელია, რომ.... ამ დროს გუშინდელი გავლილი დღეა ეს დიალოგი, გუშინდელი გავლილი დღეა სნგ, სამოქალაქო ომი, ტერიტორიების ოკუპაცია, ამ ყველაფერზე დიალოგი. ეს სწორედ ის მითებია და ის ილუზორული სამყაროა, რომელსაც წინა წერილში „შევარდნაძის ენა“ დავარქვით.
გადაწყვეტილება სახელმწიფოს მშენებლობის შესახებ მივიღეთ. იმპერიის მხრიდან უამრავი შანტაჟის, აბსოლუტურად გაურკვევლი დემარშების, ეკონომიკური ბლოკადის, სპეცსამსახურების შემოსევის ფონზე, ქართულმა სახელმწიფომ დაიწყო დილეგიდან ამოსვლა. ის ძნელად, მაგრამ უძლებდა ამ შემოტევებს. რამდენი დაფარული ტექსტია ამ გაძლებაში. რამდენი განცდა, რამდენი შიში, რამდენი გამწარება, რომელიც ღია ტექსტით არასოდეს ითქმება და დაიწერება. თუმცა იმპერია არ ისვენებდა. 2007წ. ნოემბერი, პირველი არნახული შერყევა სახელმწიფოსი. რუსულ კვალს ყველა უარყობს, მიუხედავად იმისა, რომ ნიშნები არსებობს, სერიოზული ფაქტობრივი ნიშნები არსებობს.
ქართული სახელმწიფოს შიდა ველი ჩაიკეტა. პრაქტიკულად შეუძლებელი გახდა ამ შიდა ველში ვინმეს შემოსვლა, მხოლოდ გასვლა გახდა შესაძლებელი, თუმცა, მხოლოდ ერთი მიმართულებით. ეს ჩრდილოეთია. სხვა ლოგიკა, სხვა რიტორიკა გარდა ჩრდილოეთის არ დარჩა. ყველა სხვა კარი ჩაიკეტა. ეს იძულებითი ნაბიჯი იყო, ვფიქრობ დასავლეთიდანაც თანხმობამოცემული. ვერ ვიტყვით, რომ სიტუაცია სახარბიელო იყო, ვინაიდან შიდა პოლიტიკური სივრცის ჩაკეტვა რევოლუციისათვის სასათბურე პირობებს ქმნის და ამ ყველაფერმა არც დაახანა. ქვეყანა დღემდე რევოლუციურ პერსპექტივაში ცხოვრობს. შეიძლება ითქვას ჩაკეტილი სივრცით, ხელისუფლება თავად ხდება მთავარი რევოლუციონერი, მაგრამ ეს ვაბანკი იყო. აუცილებელი იყო რისკი. სივრცის ჩაკეტვამ იმპერია ღია აგრესიაზე გადაიყვანა.
2008წ. აგვისტო გენერალური შეტევა ქართულ სახელმწიფოზე. თუმცა არ გაჭრა, არ გამოვიდა. მაგრამ დატოვეს საშინელი ცინიზმი, საშინელი თავმოყვარეობის შელახვა, დატოვეს ფრუსტრირებული ქართველი ხალხი. დატოვეს რუსული რიტორიკა, დატოვეს რუსული ლოგიკა, რომ საქართველო აგრესორია, რომელიც თავის ტერიტორიას იცავდა, რომ საქართველომ ომი დაიწყო, რომ ხელისუფლებამ ტერტიტორიები ჩააბარა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი როგორც პოლიტიკური, ასევე იურიდიული ნოსესია.
მაგალითი: როგორ შეიძლება, ქვეყანამ, რომელმაც ქართული ტერიტორიები დაიპყრო საქართველოს დააბრალოს აგრესორობა, ან ქართული ოპოზიციური რიტორიკიდან ამონარიდი, როგორ შეიძლება ქვეყანამ რომელმაც დაიპყრო შენი ტერიტორია ის ჩაბარებული იყოს, ან სად არსებობს ჩაბარების აქტი? როგორ ხდება ასეთი საოცრებები? როდესაც ქვეყანას კანონი აქვს მიღებული „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“? ქვეყანამ, რომელმაც მეორე პატარა სახელმწიფო დაბომბა, როგორ არის პოლიტიკურად მართალი? ქვეყანამ რომელმაც მოაწყო ეთნოწმენდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, როგორ არის ეს ქვეყანა ჰუმანური და არააგრესორი?და ასე შემდეგ, უამრავი პასაჟი.
მიუხედავად ამისა, მიუხედავად რუსული რიტორიკისა და ლოგიკისა ხელისუფლების ოპოზიციური ნაწილი რუსულ ლოგიკაშია 2008წ. შემდეგ. მთელი აქციების ჯაჭვი მხოლოდ ამ ლოგიკას ეფუძნება, ამ რიტორიკას ეფუძნება, მაგრამ არ დაგვავიწყდეს პოლიტიკური სივრცე ჩაკეტილია. მხოლოდ ერთი კარებია დარჩენილი ისიც ჩრდილოეთით და ეს ლოგიკა კრემლის კარებთან მივა. ეს ვინ იცის არ ვიცი, მაგრამ ეს ვიღაცამ იცის... ალბათ იმან, ვინც ეს პოლიტიკური სივრცე ჩაკეტა. სწორედ ამიტომ არის ამ წერილის სათაური „ნახევრად გახსნილი კარტი“, მისი პირველი და მეორე ნაწილიც მხოლოდ ამ ფორმულაში დარჩება.
ჩვენ ვერ ვისაუბრებთ ვინმეს აგენტობაზე და მოცემულ შემთხვევაში ამის არანაირი აუცილებლობა არ არის. სახელის დარქმევა ნამდვილად ვერ მოგვცემს შედეგს და არ ვეთანხმები აზრს, რომ ხალხს, ვინც ამ ლოგიკაში და რიტორიკაშია, თუნდაც იმათ, ვინც უკვე მიაკაკუნა კრემლის კარებთან, ან შემდეგ მიაკაკუნებს მოღალატეები ვუწოდო. მე სახელს ვერავის დავარქმევ, მაგრამ მე პროცესს მოვყვები.
აგვისტოს ომის შემდეგ ოპოზიციის და რუსეთის რიტორიკა ერთმანეთს რომ გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა ეს უხერხულობას სრულიადაც არ ქმნიდა. ამაზე მითითიება საკმაო გაღიზიანებას იწვევდა ოპოზიციურ ლიდერებში, ძირითადად გაღიზიანების სახით. თუმცა ამ რიტორიკის დესინქრონიზაციას ერთ ეტაპზე შეეცადნენ, მაგრამ საკმაოდ უშედეგოდ და ამ საქმეს შეეშვნენ. ეს იყო, „სააკაშვილი რუსეთის კაცია“. თუმცა როგორც მითმა ჩაილურის წყალი დალია, მცდელობა იყო რუსეთის რიტორიკის დესინქრონიზაციის, მაგრამ ძალიან უხერხემლო, ვინაიდან თამაში-„სივრცე ჩაკეტილია“ თავის ძირითად და ფინალურ ფაზაში შევიდა. ყველა კამუფლაჟი დამწვარია. რას ემსახურებოდა თავის დროზე ეს შეფუთვა? რუსული მიზანს სააკაშვილის გადაყენების. ნებისმიერი გზით, მნიშვნელობა არ ჰქონდა ამას.
ოპოზიცია შეეცადა თავისი და რუსული მოთხოვნების გამიჯვნას. იმთავითვე ცნობილი იყო, რომ არ არსებობდა გრამატიკა, რომელიც ამას შეძლებდა. შეიქმნა მითი “სააკაშვილი რუსეთის კაცია”, რომლითაც მოხდა თითქოსდა გამიჯვნა ქართულ და რუსულ ერთი და იგივე მოთხოვნებს შორის. გადადგეს სააკაშვილი. ძალიან მარტივია იმის გახსნა თუ რატომ განხორციელდა ეს მსჯელობა ამ დისკურსში. რეალურად რუსული და ქართული ოპოზიციის დისკურსი აბსოლუტურად ერთიდაიგივეა. თუმცა ერთი რამ გასარკვევია, რატომ იყო მთელი ოპოზიცია 2009წ. აპრილში ერთ გუნდად შეკრული? დღევანდელი ოპოზიციური ნაწილი, რომელიც თითქოსდა ამ დისკურსს „ემიჯნება“ დღეს, შარშან ხელისუფლების დამხობის შემთხვევაში გაემიჯნებოდა ამ დისკურსს? რაიყო შარშან მთელი ოპოზიციის ერთიანობა აქციებში? თუ მაშინ რუსული კვალი არ სჩანდა? რა იმალება ამ ყველაფრის უკან?
ამ ყველაფერს დავარქმევ „ლოგიკას მითში“. ეს იყო ძირითადი პარადიგმა, რაშიც ოპოზიცია თითქოსდა ემიჯნებოდა შარშან რუსულ პოლიტ ელიტას და დესინქრონიზაციას ახდენდა თავის მოთხოვნებსა და რუსულ მოთხოვნებს შორის. ამ დროს ძალიან მარტივია ყველაფერი. უბრალოდ გამოყენებულია მითი, ფორმა აზრის გარეშე, რომელიც ქმნიდა ილუზორულ დესინქრონიზაციას ამ მოთხოვნებში. ეს ვფიქრობ დღესაც ძალაშია, ვინაიდან რუსული თამაში, თუ ამას შეიძლება ეწოდოს ეს სიტყვა, ოპოზიციის ობიექტად ყოფნას განაპირობებს. მას ხელი შეეწყო კიდევაც, ვინაიდან სივრცე ჩაკეტეს და ერთადერთი საშუალება დარჩა მხოლოდ ის, რომ ღია კარებში გახვიდე, რომელიც მხოლოდ ჩრდილოეთში მიდის. ასეც მოხდა.
პირდაპირ ვიტყვი, მთელი ეს რევოლუციონერობა, რომელიც ჩაკეტილმა სივრცემ შექმნა არის რუსული თამაშის შემადგენელი ნაწილი. აქ უკვე აღარ იფუთება რუსული მიზანი, რუსული თამაში, რომელიც თამაშობს თავის თამაშს და მას ჰქვია საქართველოს სრული ოკუპაცია, სრული დამორჩილება და თავის გეოპოლიტიკურ ინტერესებთან დაკავშირება. ამ ყველაფერში რომელიც რუსული თამაშის მიერ არის შექმნილი, იმალება თავად რუსული აგრესია. საქართველოს სახელმწიფოს, როგორც იდეის, როგორც გეოპოლიტიკური ერთეულის ამოგდება გეოპოლიტიკური ბრუნვიდან.
რუსეთი ცდილობს მოახდინოს ამ იდეის გაქარწყლება. ეს რუსეთის მიზანია. ნეიტრალური, იმპოტენტი საქართველო. სწორედ ასე ხდება რუსული თამაში განხორციელება საქართველოში და ჩვენს ოპოზიციურ სპექტრი ამ რუსულ თამაშში აქტიური ობიექტების როლში გადავიდნენ. სწორედ რუსული თამაში თამაშობს თავის თამაშს. ის არის ამ ყველაფრის სუბიექტი, ხოლო ჩვენი ოპოზიციური პოლიტსპექტრი ამ თამაშის ობიექტები არიან, რომლებიც ვერ გვთავაზობენ საკუთარ თამაშს. ერთის მხრივ სივრცე ჩაკეტილია, მეორეს მხრივ პირდაპირ რუსულ თამაშში არიან.
ეს არის ქართული სახელმწიფოს დამხობის შეიძლება ითქვას აპრობირებული გზა. ეს რუსეთმა არაერთხელ გააკეთა. ამ წერილს დავასრულებ ზვიად გამსახურდიას 1991წ. 8 ოქტომბრის უზენაესი საბჭოს გამოსვლიდან ამონარიდით:
ზვიად გამსახურდია: გაფრთხილება
საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას გამოსვლიდან უზენაესი საბჭოს საგანგებო სესიაზე 1991 წლის 8 ოქტომბერს
”… მე მინდა ძალზე გულწრფელად საუბარი თქვენთან და ქართველ ერთად… ჩემი ეს გამოსვლა არ გეგონოთ ულტიმატუმი, ან რაღაც სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი ადამიანის განცხადება. ეს არის რეალობა, რასაც მე თქვენ ახლა მოგახსენებთ… მე მივცემ პირუთვნელ შეფასებას შექნილ სიტუაციას და იმ მოსალოდნელ შედეგებზე გესაუბრბით, რაც შეიძლება მოჰყვეს ყოველივე ამას, ვინაიდან გაცილებით მეტი ინფორმაცია მაქვს ყველაფერზე, ვიდრე ყოველ თქვენგანს…
სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით:
… ჩემი ამ პოსტიდან წასვლა გამოიწვევს საქართველოში სულ მცირე რამდენიმე ათეული პარალელური მთავრობის შექმნას და რამდენიმე ათეული პრეზიდენტის აღმოცენებას. უფრო მეტიც, გამოიწვევს საქართველოს ადგილზე რამდენიმე სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. აბსოლუტური გადაჭარბების გარეშე გეუბნებით, ფრჩხილებს არ ვხსნი, ყველანი მიხვდით, ყველამ დაძაბეთ გონება და განსაკუთრებით გთხოვთ, ბატონო ოპოზიციონერებო, თქვენ, რამეთუ არ იცით, რას ითხოვთ... ეს უახლოეს ხანში გამოიწვევს საქართველოს სახელმწიფო მთლიანობის სრულ დეზინტეგრაციას და დარღვევას, სრულ ანარქიას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და კერძოდ თბილისში და მე დაგიხატავთ თბილისს, თუ ეს ამბავი მოხდა. აი, ასეთ შემთხვევაში თბილისი გადაიქცევა რამდენიმე უბნად დანაწევრებულ ქალაქად, სადაც იქნება თითო შეიარაღებული ხელისუფლება-შეიარაღებული ბანდები და მათი ხელმძღვანელები. ყოველი უბანი იქნება თითო შეირაღებული ბანდის ხელში... მათ შორის ბრძოლა ძალაუფლებისათვის და ზეგავლენისათვის და იქნება მოსახლეობის არნახული ძარცვა, არნახული დარბევა. მოიშლება ყველაფერი: ელექტროენერგია, გაზები, კომუნიკაციები... საქართველოსაც გადაედება შემდეგ ეს ტენდენცია და საქართველოშიც დაიწყება ლიბანიზაცია... საქართველო გახდება მსხვერპლი ტოტალური ანარქიისა და საერთოდ, საქართველოს არსებობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ. აი, რა მოჰყვება ჩემს შესაძლო გადადგომას...
... ეს არ არის მუქარა... ეს არ არის გადაჭარბება და ეს არ არის ჩემი პიროვნების, ვთქვათ, თავზე მოხვევა თქვენთვის, ანდა სურვილი, რომ მაინც და მაინც მე დავრჩე ამ პოსტზე, ჩემო ბატონებო. ეს არის რეალობა და მე გთხოვთ, გაახილოთ თვალი და გაუმართოთ თვალი აი, ამ რეალობას...”
ნუ გაიგებს ამას მავანი ისე, რომ ხელისუფლების გაიდეალებას ვღაღადებდე, არა, მე მხოლოდ ქართული სახელმწიფოს გაიდეალებას ვახდენს ისტორიული თამაშის ლოგიკაში, სადაც რუსული ინტერესები ქართულს არასოდეს დაემთხვევა.
კარტი ისევ ნახევრად გახსნილი რჩება. კარტის მეორე ნაწილი ისევ დაფარულია, მანამდე, სანამ იარსებებს ორი ფერი ჩვენს ცნობიერებაში თეთრი და შავი.
08.03.2010წ.

ირკლი მარგველაშვილი

Monday 8 March 2010

ნახევრად გახსნილი კარტი (ნაწილი პირველი)

ვპასუხობ ვნებათაღელვას, რომელიც საქართველოს შიდაპოლიტიკურ ველში შეიქმნა. საზოგადოება დაბნეულია, გაურკვევლობაშია, თუმცა ვთვლი, რომ ამის საფუძველი არ არსებობს, ვგულისხმობ ობიექტურ საფუძველს. ყველაფრის ნიშნები ბოლო წლების განმავლობაში სახეზე იყო, ამიტომ გაურკვევლობა სუბიექტურია. რამეთუ, როდესაც არ გინდა არ შეხედავ, ან მეორე ვარიანტია, ვერ შეხედავ. არჩევანი მკითხველს ეკუთვნის.
მოვყვებით ამბავს, რომელიც შეიქმნა ამ უკანასკნელ წლებში, კერძოდ ვარდების რევოლუციის შემდეგ. მოვყვებით თამაშზე, რომელის ობიექტებიც ვართ, შევეხებით მნიშვნელოვან საკითხებს, რომელიც ამ ამბავ-თამაშში გაგვარკვევს, ვინაიდან მთლიან სურათს ვერ შევხედავთ, თუ მას დავანაწევრებთ. დღეს ვნებათაღელვაც სწორედ ამიტომ არის გამოწვეული, რომ ხელთ დანაწევრებული ტექსტი გვაქვს, არადა არც ისე რთულადაა საქმე, როგორც „გაურკვევლობას“ ჰგონია.
საქართველოში 2004 წლიდან სრულიად ახალი თამაში დაიწყო. თამაში, რომლის შესახებაც პრაქტიკულად წარმოდგენაც არ გვქონდა. 2004წ. ჩვენ პირველ კლასში ჩავირიცხეთ. ეს ის პირველი კლასია, რასაც სახელმწიფოს შექმნა ჰქვია. ჩვენ კომუნისტური დისკურსიდან სულ სხვა დისკურსში აღმოვჩნდით. დიახ, შევარდნაძის დისკურსი არაფრით განსხვავდებოდა იმ შევარდნაძის დისკურსისგან რომელიც 1986 წლამდე, მისი მოსკოვში გამგზავრებამდე არსებობდა საქართველოში 1972წლიდან 1986 წლამდე და შემდეგ 1992 წლიდან 2004 წლამდე, ჩვენ ერთი ენის, „შევარდნაძის ენის“ ველში გვიწევდა ცხოვრება. სხვა ენა ჩვენთვის უცნობი იყო. სწორედ ამ უცნობ ენას ავუმხედრდით 1991-1992წ. რომელსაც დავარქვით, „პროვინციული ფაშიზმი“.
ეს ენა კვებავდა ჩვენს საბჭოთა მენტალობას და მიუხედავად ჩვენი დამოუკიდებლობისა ჭიპლარით სწორედ ამ ენას ვიყავით მიბმული, რომელსაც „შევარდნაძის ენა“, ანუ საბჭოთა ენა ჰქვია. ჩვენ ამ ენას ვერ დავსცილდით, ამიტომ „შევარდნაძის ენა“ ის ენაა, რომელიც ყველაზე მშობლიურია, რომელ ენაზეც დავიწყეთ მეტყველება, სადაც არ არსებობდა სიტყვები, ქართული სახელმწიფო, სადაც არ არსებობდა სიტყვები საქართველოს გეოპოლიტიკა, სადაც არსებობდა ყალბი მცნებები, სამშვიდობო ძალები, კონფლიქტის ზონები, ერგნეთის ბაზრობა ძმობის გარანტი, და სადაც არსებობდა ბევრი რამ, რომელიც იყო ყალბი. სადაც არსებობდა ბანერი: „აფხაზეთი და სამაჩაბლო ჩვენი ტკივილია“.
დასრულდა ეს ენა, დასრულდა დიდი ეპოქა „შევარდნაძის ენის“. ეს 2004წ. მოხდა. ჩვენ უნდა გვეცხოვრა ახალ რეალობაში. ჩვენ ახალ თამაშში ჩავებით. ისტორიას ახალი ამბავი უნდა მოეყოლა. ეს სულ სხვა ამბავია, მსგავსი ამბავია, მაგრამ ბუნდოვნადაც არ გვახსოვს. ეს ამბავი, მხოლოდ საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოში წაგვიკითხავს 20 გვერდზე, სადაც არ არსებობდა არც ერთი მცირე პასაჟიც კი იმ წვრილმანებისა, იმ ტკივილებისა, რომელიც ასეთ ამბავს თან ზდევს.
წვრილ პასაჟებზე ვამბობდი სწორედ, რომელიც ისტორიაში არ სჩანს, მაგრამ ამ ისტორიას ქმნის და დღევანდელობისთვის აუცილებელია ყურადღება მიექცეს, თორემ მე-11-12 საუკუნის ძლევამოსილი საქართველო მხოლოდ ერთი წინადადებაა, ხოლო ამ წინადადების უკან მთელი წლებია, თავისი წვრილმანებებით, ადამიანების ტკივილებით, ადამიანების სიხარულით, ომში დაღუპული შვილების საფლავებზე დედების ტირილით...
ასე იქნება რუსეთის იმპერიიდან განთავისუფლების ბრძოლის ისტორია მე-20-21 საუკუნეში 100 წლის გადმოსახედიდან. მომავლიდან დანახული, რომელიც ისტორიის სახელმძღვანელოს 20 გვერდზე დაეტევა, მაგრამ ამ ტექსტში არ გამოჩნდება იმ 20-30 წლის წვრილმანი, რომელიც დღეს თითოეული ჩვენგანის ტკივილია, სიხარულია, წარმატებაა, ამ ბრძოლაში დაღუპული ქართველების დედების ტირილია საკუთარი შვილების საფლავებთან.
მაშ ასე, გადავშალოთ „ქართლის ცხოვრების ქრონიკების“ კიდევ ერთი გვერდი მომავალ ტექსტში, დავაფიქსიროთ ბევრი წვრილმანი, რომელიც ჩვენს თვალწინ მოხდა და ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს ტექსტი და წვრილმანი „ქართლის ცხოვრების ქრონიკების“ სტრიქონებს შორის დარჩება, როდესაც მას 100 წლის შემდეგ წაიკითხავენ. ამ წვრილმანს „ქართლის ცხოვრების“ ძირითადი ტექსტი ვერც შეინარჩუნებს და არც დაინარჩუნებს. ეს მცირე შესავალია ჩვენი ტექსტის, რომელიც დღევანდელ ისტორიულ წვრილმანებს შეეხება, თამაშს, რომელსაც ჰერმენევტიკული თამაში დავარქვით, ერთერთ ჩვენს წერილში.
ერთი მცირე ეტაპი რუსეთის იმპერიისგან განთავისუფლების გაზაზე. ასე შეიძლება დავარქვათ 2004-2010წ დასაწყისს.
სწორედ 2004წ. დაიწყო ის გადამწყვეტი გენერალური ბრძოლა იმპერიის წინააღმდეგ, რომელიც ასეთი ვნებათაღელვის საგანია დღეს. ვნებათაღელვა, მხოლოდ იმიტომ, რომ თავად ეს პროცესი დავანაწევრეთ, არ მივყევით და შესაბამისად დღეს გაურკვევლობაში და გაკვირვებაში ვართ. ვინ სჩანს ავანსცენაზე. ვარდების რევოლუციის ტრიუმვირატი: მიხეილ სააკაშვილი, ზურაბ ჟვანია, ნინო ბურჯანაძე. ხელისუფლებაც გადანაწილდა. პრეზიდენტი სააკაშვილი, პრემიერი ჟვანია, პარლამენტის თავმჯდომარე ბურჯანაძე. პირველი შეტევა აჭარა, ასლან აბაშიძე. ბრძოლა მოგებულია. პრაქტიკულად ერთერთი საბაღვაშო დაინგრა. იმპერიის საკმაოდ გავლენიანი საცეცი მოიჭრა. მეორე შეტევა, სამხედრო ბაზები, 2007წ. დეკემბერში ბაზები გავიდა. 2005წ. პრემიერი ჟვანია გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.
თამაში გაგრძელდა. მიუხედავად ამისა, რუსეთი ამ ისტორიის, ამ პროცესების სტრიქონებს შორის არსებობს. არსებობს ყველგან, თუმცა იმდენად ბუნდოვნად, იმდენად შეუმჩნევლად, რომ მისი დანახვა შეუძლებელია. არსებობს შიგნით ხელისუფლებაში, არსებობს გარეთ, ხელისუფლების ოპოზიციაში. სიტუაცია მწიფდება იმისთვის, რომ მოხდეს ამ იმპერიული ტექსტის სტრიქონებიდან ამოწევა. თუმცა ყველაფერი მაინც დაფარულია. ის არ აჩენს თავის თავს, მხოლოდ ეჭვები არსებობს. თამაშის სტრუქტურა ისეთია, რომ არ გამოჩნდეს. თუმცა ჩნდება შეფუთული პერსონაჟები ამ თამაშის. ერთერთია, საქართველოს ხელისუფლების მიერ რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენლების საქართველოდან ღია გაძევება. იწყება ამ ქმედების პოლიტიკური შეფასება პოლიტიკური ძალების მიერ, თუმცა არავინ ცდილობს წაიკითხოს ის ძირითადი სტრიქონშორისი ტექსტი, რომელიც ამ მესიჯშია.
ამ პროცესებს მოსდევს ბადრი პატარკაციშვილი. ვინ არის ის. ეს არის პიროვნება, რომელიც სარგებლობდა ზურაბ ჟვანიას ლობირებით. შესაბამისად სარგებლობდა ზურაბ ჟვანიას მიერ შექმნილი ფრანკეშტეინის ნინო ბურჯანაძის ლობირებით. მთავარია ხელისუფლების გახლეჩა. ამისთვის შესანიშნავი პერსონა ირაკლი ოქრუაშვილია, რომელსაც შეუძლია ხელისუფლების იქ გახლეჩვა, რომელიც სახელმწიფოს დაანგრევს. ეს ძალოვანი სტრუქტურებია. ირაკლი ოქრუაშვილი არის ის პიროვნება, რომელსაც ეს შეუძლია. თუმცა ხდება მისი ქირურგიული ჩარევით განეიტრალება. ის დაპატიმრებულია. რუსული თამაში საჭიროებს გადაწყობას. ეს მოკლე დროში შესაძლებელია. 2007წ. ნოემბერში იწყება საკმაოდ გაცვეთილი პროცესი, ვარდების რევოლუციის მაგვარი კალკი, საპროტესტო აქციები. თუმცა მისი ქირურგიული ჩარევით განეიტრალება ხდება და პოლიტიკური სივრცე სრულიად იკეტება. იკეტება მისი პირდაპირი გაგებით. იკეტება საინფორმაციო მანქანა ტელეკომპანია „იმედი“, რომელიც რუსული თამაშის შემადგენელი ნაწილია და მისი მძლავრი იარაღი.
სიტუაცია ბუნდოვანია. არავინ იცის რა ხდება. რატომ ჩაიკეტა პოლიტიკური სივრცე. რუსული თამაშის სტრიქონებს შორის ჩაწერილი ტექსტის გაშიფრვას ცდილობს ხელისუფლება. ქვეყნდება ჩანაწერები, როგორ საუბრობენ ქართველი პოლიტიკოსები რუსული სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან. არავინ იცის რა უნდა მოხდეს. შეკითხვებზე პასუხი არ არის. პოლიტიკური ძალები დაბნეულები არიან. ხელისუფლება ჩერდება. მხოლოდ ფაქტია დაფიქსირებული. ხისტი ფაქტი. სივრცე ჩაიკეტა. ჩაიკეტა, მაგრამ არავინ იცის რამდენი ხნით. საპრეზიდენტო არჩევნებში სააკაშვილი იმარჯვებს. საპროტესტო ტალღა იზრდება. დასავლეთი არჩევნებს აღიარებს. გაურკვევლობაც იმატებს. საზოგადოება თავისუფლებას ითხოვს. ბადრი პატარკაციშვილი გარდაიცვალა.
კიდევ უფრო დიდი გაურკვევლობა. საპარლამენტო არჩევენები, ხელისუფლება იმარჯვებს, საპროტესტო ტალღა იზრდება. სწორედ მაშინ ხდება პირველი მესიჯის გაჟღერება ოპოზიციის რიგებიდან ლევან გაჩეჩილაძე პირველად უპირისპირდება დასავლეთს, შემდეგ ერთერთი ლიდერი კობა დავითაშვილი ამერიკის საელჩოსთან ახდენს საპროტესტო აქციას. ყურადღებას არავინ აქცევს ამ ყველაფერს. თუმცა ისევ არსებობს რუსული ტექსტი სტრიქონებს შორის, რომელმაც თავისი არსებობა დაადასტურა 2008წ. 3 აპრილს, ბუდაპეშტის სამიტზე. საგარეო საქმეთა მინისტრის ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთი არ დაუშვებს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას და ნებისმიერი ძალით შეეწინააღმდეგბა ამ ყველაფერს. ამ მესიჯებს არავინ კითხულობს, არავის აინტერესებს, არც ხელისუფლების მესიჯები, უცხოური აგენტურის გაძევება, ქართველი პოლიტიკოსების ფარული ჩანაწერები რუსების სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან, ყველაფერი დადგმულია, ყველაფერი ილუზიაა, სადაა რუსეთი, ის არ არის.
შიდაპოლიტიკური სივრცე ჩაკეტილია ისევ. რუსეთს სხვა საშველი არა აქვს უნდა იომოს. სასწრაფოდ მოახდინოს საქართველოში შემოჭრა. ასეცმოხდა 2008წ. 7 აგვისტოს დაიწყო ღია ომი საქართველოს წინააღმდეგ. ფარული ტექსტის სინათლეზე ამოვიდა. მსოფლიოს უმაღლეს ტრიბუნაზე გაჟღერდა ეს ტექსტი, რომელიც ლავროვმა უთხრა კონდოლიზა რაისს: „სააკაშვილი უნდა წავიდეს“. დასკვნა აქედან ასე გამოვიდა, რუსები უკვე ღია ომით ცდილობენ საქართველოს ხელისუფლების დამხობას. ისევ არავის ახსენდება ერთ წლის წინანდელი პროცესები, მესიჯები, ან არ იხსენებენ. ამ ღია ტექსტსაც არავინ უჯერებს ოპოზიციურ სპექტრში. რატომ? რატომ ხდება ასე? განა ასეთი გაურკვეველია? უკვე აღარ. მიმდინარეობდა რუსული თამაში, რომლის ობიექტებიც ოპოზიციაა. ლოგიკაც შემდეგნაირად ვითარდება. 2008წ. 10 სექტემბერს დავით გამყრელიძე უკვე სააკაშვილის გადადგომას ითხოვს. თუმცა ესეც ლოგიკაში ჯდება. პუტინი აკეთებს განცხადებას, „ის რაც ვერ გააკეთა რუსულმა არმიამ, ანუ სააკაშვილის გადაგდება, მას გააკეთებს ქართველი ხალხი“. ეს მესიჯია, რომელიც 2008წ. და 2009წ. მთელ პოლიტიკურ პროცესს ექოსავეთ გაზდევს. ფონიც არსებობს. სააკაშვილმა ტერიტორიები ჩააბარა. სააკაშვილმა ომი დაიწყო, სააკაშვილი რუსეთის კაცია.
იქმნება მითები. რეალობა ასეთია, რუსეთმა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია მოახდინა. მთელი მსოფლიო აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მხარში უდგას საქართველოს. აძლევს მას ფინანსურ დახმარებას, მაგრამ საქართველოში ზემოთხსენებული რიტორიკა ძლიერდება. რა ხდება, პუტინის მესიჯი, რომ სააკაშვილის გადაგდება ქართველი ხალხი გააკეთებს არამარტო ექოა, არამედ ლოგიკა, ის ლოგიკა რომელიც 2007წ. დაიწყო და გრძელდება. 2009წ. გაზაფხულზე იწყება აქციები სააკაშვილის გადაყენების მოთხოვნით. პუტინის მესიჯის ზუსტ თანხვედრაში.
მთელი ოპოზიციის ლოგიკა გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ლავროვის და პუტინის ლოგიკას და რიტორიკას. სად მიდის ეს ლოგიკა? იქ, სადაც მივიდა დღეს, კრემლის კარებთან, თუმცა 2009წ. გაზაფხულზე ეს არავის ესმის. ყიდულობენ იარაღს, ხელისუფლება პრევენციებს ანხორციელებს. აქციების მთავარი შემოქმედი ნინო ბურჯანაძეა, მთელი ოპოზიცია მასთან დგას. რიტორიკა ერთიანი, ლოგიკა ერთიანი, რომელიც პუტინის ლოგიკას და რიტორიკას ზუსტად ემთხვევა. თუმცა ამას არავინ ყურადღებას არ აქცევს. ამ რიტორიკაში არ ჩანს ქართული სახელმწიფო, ეს არავის აინტერესებს. რუსული თამაშის ეს რაუნდიც სრულდება, თუმცა მხოლოდ რაუნდი. დღეს ახალი რაუნდი დაიწყო, ყველა ტექსტი ღიად გაიშიფრა. ეს ის ტექსტია, რომელიც 2007-2009 წლებში, მხოლოდ სტრიქონებს შორის არსებობდა. ბუნდოვანი იყო, მაგრამ დღეს უკვე ეს ტექსტი ყოველ ჩვენგანს წინ აქვს და მხოლოდ მისი წაკითხვაა საკმარისი.
შემდეგი ნაწილი, ამ ფაქტების ანალიზს მიეძღვნება.

გაგრძელება იქნება

2010წ. 7 მარტი.