Sunday 30 January 2022

რუსეთის იმპერიის დასასრული

 





ძალიან ბევრი მსჯელობაა უკრაინის საკითხზე. დაიწყებს რუსეთი ომს, არ დაიწყებს ომს, რას იზამს დასავლეთი, როგორ მიეხმარება, რა იარაღს აწვდის უკრაინას და ასე შემდეგ. ეს არის მსჯელობა წარმოშობილ საკითხზე, მოცემულობაზე, რომლის წინაშეც დაგვაყენა რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრებთან თავმოყრილმა სამხედრო ძალამ. ამაზე საუბარი და მსჯელობა რა თქმა უნდა ლეგიტიმურია და შესაბამისად საფრთხეც არსებობს, მაგრამ ჩემთვის საინტერესოა თავად რუსეთის იმპერიის, როგორც კლასიკური იმპერიის (კლასიკური იმპერია, რომელიც იერთებს და იპყრობს სხვა სახელმწიფოების ტერიტორიებს) შინაარსის შესაძლებლობა თანამედროვე სამყაროში. რამდენად არსებობს მისი კიდევ ერთხელ მოდერნიზაციის შესაძლებლობა? რუსეთის პირველმა იმპერიამ 2 საუკუნე იარსება. მეორე ბოლშევიკურმა იმპერიამ კიდევ 70 წელი. ორივე იმპერია კლასიკური ხასიათის იყო, რაც მოიცავდა გარშემომყოფი ქვეყნების შეერთებას, ანექსიას და ოკუპაციას. ორივე შემთხვევაში რუსეთი ახერხებდა საკითხის დაწყებას, განვითარებას და დასრულებას. დღეს ვითარება სხვაგვარია. რუსეთის ოკუპაციები შემოიფარგლება მხოლოდ ნაწილობრივი ტერიტორიების ოკუპაციაში, როგორიცაა აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი, დნესტრისპირეთი მოლდოვაში, დონეცკის და ლუგანსის რეგიონები უკრაინაში და ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია.
რამდენად არსებობს დღეს კლასიკური იმპერიის შექმნის შესაძლებლობა? ეს არის საინტერესო საკითხი. მეორე მსოფლიო ომის შემდგომი გეოპოლიტიკური წესრიგი დასრულებულია. ის დასრულდა სსრკ დაშლით. ვ. პუტინმა მას უწოდა მე-20 საუკუნის გეოპოლიტიკური კატასტროფა. სინამდვილეში ეს იყო გეოპოლიტიკური და ისტორიული ლოგიკა, იმიტომ რომ არ უნდა ეარსება ქვეყანას, რომელიც აკეთებდა იარაღს და ტალონებით აწვდიდა თავის მოსახლეობას პირველადი მოხმარების პროდუქტებს, არ გააჩნდა ადამიანიის უფლებების ელემენტარული დაცვა, არ გააჩნდა სამართალი და არ გააჩნდა პოლიტიკური კონკურენცია შიდა პოლიტიკურ ველზე. ასევე არ შეეძლო შეეთავაზებინა მისი გავლენის და ანექსიის ქვეშ მყოფი ქვეყნებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიები. არ შეეძლო ამ კონკურენციაში ჩართვა, რომლის გარეშეც არ არსებობს თანამედროვე მსოფლიო. მითუმეტეს დღეს. თუ რუსეთს გაეთიშება თანამედროვე ტექნოლოგიები, ინტერნეტი, მსოფლიო პროგრამული უზრუნველყოფები, გუგლი, აპლი, მაკროსოფტი, საბანკო სისტემა.... რა დარჩება ან რუსეთის ეკონომიკიდან, ან მისი პოლიტიკური ამბიციებიდან? ... შეუძლია მას შექმნას ალტერნატივა? იყოს სუვერენული? ან რას თავაზობს დაპყრობილ ქვეყნებს ამის სანაცვლოდ? ვერც ვერაფერს და ამის არც რესურსი გააჩნია, არც ინტელექტუალურ ტექნოლოგიური შესაძლებლობა.
როგორც კი გაჩნდა პოლიტიკური კონკურენციის შესაძლებლობა საბჭოთა კავშირმა დაიწყო ჩამოშლა და მას აღარ გააჩნდა შინაარსი, რომ შენარჩუნებულიყო. საბჭოთა კავშირის თავს არავინ დასხმია და არ დაუშლია. ის დაიშალა იმით, რომ გამოეცალა შიდა სიტუაციის შენარჩუნების შინაარსი და ასევე საგარეო გეოპოლიტიკური შინაარსი. ამიტომ არანაირ კატასტროფას ადგილი არ ჰქონია. ადგილი ჰქონდა ისტორიულ ლოგიკას, რომლითაც ეს იმპერია ვეღარ შენარჩუნდებოდა. ანუ აღარ არსებობდა ენა, რომელზედაც ეს იმპერია დაამყარებდა კომუნიკაციას დანარჩენ მსოფლიოსთან.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,ვ. პ უტინს აქვს მესამე მცდელობა აღადგინოს რუსეთის იმპერია, იგივე ფორმით, როგორც ეს წინა საუკუნის 20-იან წლებში მოახდინეს ბოლშევიკებმა, დაპყრობით, ანექსიით. რამდენად არსებობს ამ ახალი იმპერიის შექმნის ენა? შესაძლებელია ახალ იმპერიას გააჩნდეს შესაძლებლობა მან გააგრძელოს ცხოვრება როგორც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა კავშირმა გააგრძელა? რამდენადაა ეს სინამდვილე? დღეს რა აქვს ხელთ პუტინს, რომ განახორციელოს ეს იდეა? მაგალითად რა კომპონენტებია ზემოთ ნახსენები ოკუპირებული ტერიტორიები სხვადასხვა ქვეყნებში? რამდენადაა ესენი მთლიანად ამ ქვეყნების დაპყრობის და ახალ რუსეთის იმპერიაში მოქცევის ბერკეტები?
ჩემი აზრით, რუსეთის პოლიტიკური და ოლიგარქიული ბიზნეს ელიტა ახალი საბჭოთა კავშირის შექმნის იდეით ქმნიან მითს, რათა გაიხანგძლივონ საკუთარი ფინანსური იმპერიის ხანგძლივობა. სხვა შემთხვევაში, არ არსებობს არანაირი შინაარსი ისინი არსებობდნენ ხელისუფლებაში და განკარგავდნენ რუსეთის უზარმაზარ ქონებას, ხოლო უკვე 20 წელია რუსეთის მოსახლეობა ცხოვრობდეს უკიდურეს გაჭირვებაში. რა თქმა უნდა ნამდვილია ტანკებიც, სამხედრო მოსამსახურეებიც, მუქარაც უკრაინის და საქართველოს მიმართ, მაგრამ არაა ნამდვილი ამ მუქარის განხორციელება, არაა ნამდვილი რუსეთის ახალი იმპერიის შექმნის შესაძლებლობა იმ ფორმით, როგორც ამ იმპერიამ იარსება მანამდე. არაა ნამდვილი ქვეყნების სრული ოკუპაცია და მათზე ფინანსური კონტროლის და ასევე ფინასური უზრუნველყოფის განხორციელება.
ნამდვილი და მაქსიმუმი შესაძლოა იყოს იქ სასურველი ხელისუფლებების დასმა, ტერიტორიების ოკუპაცია, მაგრამ ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად დროებითი და მყიფე. ეს ყველაფერი ემსახურება მითს დიდი რუსული იმპერიის აღდგენაზე, რომელიც პუტინს და მის გარემოცვას ჭირდება პოლიტიკურ ელიტად ყოფნისთვის და ხელისუფლების შენარჩუნებისთვის. ეს არის მითოლოგიური ხუხულა, რომელიც აუცილებლად დაინგრევა და ამ ნგრევას შესაძლოა უკვე მოყვეს თავად ფედერაციის რღვევა, ვინაიდან რუსეთი ვერ უზრუნველყოფს თავისივე რეგიონების ეკონომიკურ განვითარებას, რამაც დაშალა საბჭოთა კავშირი. ის შესაძლოა განხორციელდეს საკუთარ რეგიონებშიც.
რუსეთის იმპერიის დაშლა დაიწყო 1917 წლის თებერვლის რევოლუციით. მერე მოხდა მისი მოდერნიზება 70 წლით და გაგრძელდა დაშლა. ახალი მოდერნიზების რესურსი ნამდვილად არ გააჩნია თანამედროვე რუსეთს, განსაკუთრებით იმ ფორმით რა ფორმითაც ცდილობს ეს გააკეთოს. კლასიკური იმპერიის ენა იმდენად მკვდარი ენაა, რომ შეუძლებელია მისი აღდგენა. თუ ეს მეოცე საუკუნეში დასრულდა ბრიტანეთისთვის, საფრანგეთისთვის, გერმანიისთვის ის სრულდება რუსეთისთვისაც. შესაძლებლობას ასრულებს დისკურსის არ არსებობა, კონტექსტის არ არსებობა და ენის არ არსებობა. უკრაინის გარშემო შექმნილი ვითარება, საფრთხილო და საშიშია იმდენად, რამდენადაც ის გამოიწვევს ადამიანების დიდ მსხვერპლს, ლტოლვილების დიდ ნაკადს, ნგრევას. ეს დაანგრევს იმ მითს, რასაც პუტინი რუსეთში ამკვიდრებს, იმიტომ რომ პუტინი დღეს ვერ შექმნის კლასიკურ იმპერიას, ეს ისტორიის საკუთრებაა. კლასიკური იმპერიის ენა მოკვდა. რაც უფრო ადრე დაინგრევა რუსებისთვის ახალი სსრკს შექმნის მითი, მით უფრო ამოისუნთქებს რუსი ხალხი. სწორედ ეს მითია მათი საშინელი ცხოვრების მთავარი მიზეზი. უკრაინა იყო რუსეთის შექმნის დასაწყისი და იქნება რუსეთის იმპერიის დასასრულიც. მე ვფიქრობ, რომ რუსეთის საზოგადოება, ძალიან მალე გააცნობიერებს იმ აბსურდს, რა აბსურდშიც პუტინის რეჟიმი აცხოვრებს რუსეთს. იმაზე სწრაფად მოხდება ყველაფერი, ვიდრე შეიძლება წარმოვიდგინოთ. რუსეთის იმპერიის ლოგიკა აღარ არსებობს, არსებობს მხოლოდ მუქარა და ბლეფი. რაც უფრო ადრე გამჟღავნდება ეს, უკრაინის და დასავლეთის მეშვეობით, მით უფრო მალე დაინგრევა პუტინის მითოლოგია და პროპაგანდა ახალ დიდ რუსეთის იმპერიაზე. მთავარია ეს მოხდეს რუსეთის შიგნით. ტყუილი და ბლეფია, რომ რუსეთის უდაფრთხოებას აქვს პრობლემები ნატოს გაფართოებით. რაკეტები რუსებს უკრაინიდან თუ მიწვდება ვარშავიდანაც მიწვდება, უბრალოდ მას ამას არავინ ესვრის და არც აპირებს ესროლონ.

ირაკლი მარგველაშვილი

29.01.2022