Saturday 25 April 2009

საშიში ლოგიკა

სიტუაცია რომ ძალიან დაძაბულია, მემგონი ეს საკამათო არ არის. დღევანდელ მოცემულობაში ძალიან ბევრი ბუნდოვანი საკითხია, რომელზედაც პასუხები არა მაქვს.

კერძოდ, აგვისტოს ომს რუსეთის ხელისუფლება აბრალებს საქართველოს, მის ხელისუფლებას. იმაზე შევთანხმდეთ, რომ ხელისუფლება წარმოადგენს საქართველოს და საქართველო როგორც ასეთი ხელისუფლების გარეშე არ არსებობს. ეს სახელმწიფოს ელემენტარული გაგებაა. სახელმწიფო არ არსებობს ხელისუფლების გარეშე. შესაბამისას საქართველოს ხელისუფლება აგვისტოში წარმოადგენდა საქართველოს. ფართო გაგებით, როდესაც რუსეთის ხელისუფლება ომის დაწყებას აბრალებს სააკაშვილს, აბრალებს შესაბამისად საქართველოს. ეს არ შეიცვლება.

მე არ მეგულება ადამიანი, რომელიც ვერ აცნობიერებდეს, რომ არავითარი ტერიტორიული პრობლემები არ შეგვექმნებოდა, რომ არა რუსეთის ინტერესი. ეს კიდევ ზვიად გამსახურდიამ გააჟღერა ერთერთი უზენაესი საბჭოს სესიაზე, როდესაც საქართველომ უარი განაცხადა 1991წ. 17 მარტის სსრკ-ს შენარჩუნების რეფერენდუმში მონაწილეობაზე . უარის ქმის დროს მოხდა გორბაჩოვთან მისი საუბარი, სადაც გორბაჩოვი დაემუქრა მაშინდელ ხელისუფლებას, რომ თუ ის არ მიიღებდა მონაწილეობას რეფერენდუმში და არ მოაწერდა ხელს სამოკავშირეო ხელშეკრულებას "სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში" და აფხაზეთში შეექმნებოდა დიდი პრობლემები.

ეს ასეც განხორციელდა. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთში ომის დაწყების დროს გამსახურდია ხელისუფლებაში აღარ იყო (1992წ. 14 აგვისტო). რუსეთმა ეს მაინც გააკეთა. 1994წ. აგვისტოში სნგ-ს ჯარები, იგივე რუსეთის ჯარები აფხაზეთში ჩადგნენ.

2008წ. აგვისტოში რუსული აგრესია გაგრძელდა და პრაქტიკულად ამან მოიცვა მთელი საქართველოს ტერიტორია.

ძალიან საინტერესოდ განვითადა ამის შემდეგ მოვლენები. პრაქტიკულად სააკაშვილის ოპოზიციამ ომის დაწყება და მასში მარცხი დააბრალეს სააკაშვილს. ალბათ, ყველამ ვიცით, რომ რუსეთის ხელისუფლება ომის დაწყებას აბრალებს სააკაშვილს. რუსები დაუფარავად აცხადებენ, რომ სააკაშვილი, რომელმაც ომი დაიწყო უნდა წავიდეს, არ დაველაპარაკებით....

რატომღაც ოპოზიციის მოთხოვნები და რუსეთის მოთხოვნები გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ერთმანეთს. ამ საკითხში, ომის საკითხში. ისინიც დაუფარავად აბრალებენ ომის დაწყებას სააკაშვილს, ითხოვენ მის გადადგომას.

აქვე ვაცხადებ, რომ ოპოზიციას არ ვდებ ბრალს რუსეთთან კავშირში.

აქ საინტერესოა შემდეგი საკითხი. ვთქვათ ოპოზიციამ მოახერხა ამ დაპირისპირებაში სააკაშვილის დამარცხება და ის წავიდა ხელისუფლებიდან. ამის ალბათობა რათქმაუნდა არის. შესაბამისად რუსული ხელისუფლების და ქართული ოპოზიციის მოთხოვნები ორივე ერთად გაიმარჯვებს. ძალიან მაინტერესებს თუ ოპოზიცია დღეს ამბობს, რომ ომი დაიწყო საქართველომ, რომ ამ ომში დამნაშავეა საქართველო, რას ვუპირისპირებთ იგივე რუსულ მოთხოვნას, რომელიც გაიძახის, რომ ომი დაიწყო საქართველომ. ვთქვათ დავსაჯეთ ამისთვის სააკაშვილი, რასაც რუსული ხელისუფლება ითხოვს კიდევაც, ამის შემდეგ ხომ რჩება ეს ოკუპაციის პრობლემა. რას ვეუბნებით რუსებს, რომ ისინი მართლები იყვნენ ამ ომში? რომ სწორი ქმედებები განახორციელეს? რომ ისინი არ არიან ოკუპანტები? მაინტერესებს იურიდიული შედეგები ამ ყველაფრის შემდეგ. ხომ არ დაგვემართება ლოგიკის კატასტროფა?

აქ საუბარია, საქართველოს ბრალზე ომის და მისი შედეგის, ოკუპაციის დადგომაზე. ხომ არ ვუპრავებთ რუსებს აგვისტოში ჩადენილ ქმედებას? სახიფათო ლოგიკა ხომ არ არის ომი ჩვენ დავიწყეთ და დარწმუნებულნი იყავით, რომ სააკაშვილის ფაქტორი გადაიწყევს უკან. რუსები მთელის თავხედობით მოგვაწვებიან, რომ ომი სააკაშვილმა კი არა საქართველომ დაიწყო. იცით ეს რატომ მოხდება? ელემენტარულია შევარდნაძის დროს 1992-93 წლებში ეს ტერიტორიები რუსებმა დაიპყრეს. სააკაშვილის მოსვლის შემდეგ არ ყოფილა იმაზე საუბარი, რომ ეს შევარდნაძემ გააკეთა. საუბარი იყო იმაზე, რომ ტერიტორიები ოკუპირებულია.


ხომ არ მივყვებიოთ ძალიან სახიფათო ლოგიკას? ხომ არ დავასხამთ ამ ლოგიკით რუსეთის წისქვილზე წყალს და ხომ არ გავუპრავებთ (მაპატიეთ ამ სიტყვის ხმარებისთვის). მათ აგვისტოს ომის შედგებს? ეს საკითხი ძალიან მაფიქრებს. არაა მარტივი საკითხი. აბა კარგად დავფიქრდეთ. ვინაიდან არის ლოგიკა, რომელიც მტრის ლოგიკას ძალიან ემთხვევა და ამ ლოგიკაზე ჩვენი წამოკიდება არ იქნება რუსებისთვის ძალიან ძნელი.

ერთი რამ გაითვალისწინეთ კიდევ, სანამ რამეს დაწერდეთ. მცირე ისტორიული ექსკურსი.

როგორ მოხდა 1991წ. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. დააკვირდით მოვლენების განვითარებას. ზვიად გამსახურდიამ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება მთლიანად დააყრდნო 1918წ. 26 მაისი აქტს. რეფერენდუმი ჩატარდა კითხვით: "გსურთ თუ არა. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა 1918წ. 26 მაისის აქტის საფუძველზე?" ამით ხაზი გაესვა იმას, რომ 1921წ. 25 თებერვალს მოხდა საქართველოს ოკუპაცია. რომ რუსეთი არის ოკუპანტი. 1991წ. ოქტომბერში რუსეთის ჯარს, სწორედ ამ სამართლებრივი ლოგიკით, რის საფუძველზედაც მოხდა რუსების მიერ საქართველოს დაპყრობა რუსეთის ჯარები გამოცხადდა ოკუპანტებათ. 1992წ. იანვარში გამსახურდიას წასვლის შემდეგ ეს სტატუსი რუსეთის ჯარს მოეხსნა. ანუ მათი საქართველოში ყოფნის სამართლებრივი საფუძველი აღარ იყო ოკუპანტის სტატუსი. ამან კარგი არაფერი მოგვიტანა. ეს მცირე ექსკურსი იმისათვის, რომ კარგად დავფიქრდეთ დრევანდელ რუსულ ოპოზიციურ ლოგიკაში და იმ საფრთხეებზე, რაც ამ ლოგიკას მოდევს.

ირაკლი მარგველაშვილი

25.04.09წ.

Monday 20 April 2009

9 აპრილამდე და 9 აპრილის შემდეგ (სიტუაციური ანალიზი)

საქართველოში შექმნილი სიტუაცია თანდათან უფრო მწვავდება. პოლიტიკური ტემპერატურა მაღლა იწევს. სიტუაციურად ბევრი რამ პოსტ ფაქტუმ კეთდება და ეს ოპოზიციის მისამართით უფრო ითქმის. დავიწყოთ ანალიზი თავიდან.
9 აპრილის აქციების დაანონსება თებერვალში განხორციელდა. შესაბამისი ოპოზიციური არხებით დაიწყო პროპაგანდა, რომ 9 აპრილს რაღაც მოხდება, 9 აპრილს საოცრება იქნება, 9 აპრილს ხელისუფლებას დიდი პრობლემები შეექმნება. თანდათან ეს პროპაგანდა მივიდა იქამდე, რომ 9 აპრილს ხელისუფლება შეიცვლება. ყველა ტელევიზიით მიმდინარეობდა საოცარი პროპაგანდა. ამას არ ჩამორჩებოდნენ რადიოები, გაზეთები, ელექტრონული მედია
უფლება არა გვაქვს არ ვიფიქროთ, რომ ამ დაანონსების უკან ბევრი რამ იმალებოდა. ანუ მიმდინარეობდა მზადება და დღევანდელი პოსტ ფაქტუმ სიტუაციები სულაც არ იყო გათვალისწინებული. დღეს დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ სიტუაციას ოპოზიცია პოსტ ფაქტუმ ახორციელებს. საკნებისა და კარვების დადგმა სხვადასხვა ადგილებში. რეგიონებში წასვლა და ხალხის მობილიზება....
საინტერესოა რა იყო პირველადი დაანონსების მიღმა. რა სამზადისი მიმდინარეობდა. როგორ ემზადებოდა ოპოზიცია. გამოითქვა უამრავი მოსაზრება, გამოითქვა ექსპერტების მოსაზრებები. ოპოზიციის ლიდერების მოსაზრებები, რომლებიც სხვადასხვა ვერსიებით, სხვადასხვა მოსაზრებებით კვებავდა თავის პრ-კამპანიას 9 აპრილის აპოკალიპსურ დღედ გამოცხადების შესახებ.
მაგალითად ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი დასმულ შეკითხვაზე: "როგორ წავა მიხეილ სააკაშვილი" ორაზროვნად, "ასოციაციურად" პასუხობს: ის წავა ზღვით. მას უნდა წავიდეს, როგორც ნოე ჟორდანია. იმთავითვე გაკვირვება გამოიწვია ჩემში ამ სახელის და გვარის ხსენებამ. მან არ ახსენა ზვიად გამსახურდია, მან არ ახსენა შევარდნაძე, არამედ ნოე ჟორდანია. როგორ წავიდა ნოე ჟორდანია? ის წავიდა რუსების შემოსევის შედეგად. იძულებით. რუსის ჯარის ოკუპაციის შედეგად. რატომ მოუვიდა თავში ამ "სახელოვან" ექსპერტს მსგავსი ასოციაცია? მხოლოდ ერთ რამეზე დამაფიქრა ამ ყველაფერმა. მან რაღაც იცის. რა იცის ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ რაღაც იცის. არნიშნული ინტერვიუს შემდეგ მოხდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ცნობილი ფირების გამჟღავნება იარაღის შეძენაზე. სადაც საუბარი იყო მალთაყვაზე, ზღვაზე.... რა თქმა უნდა ეჭვია, მაგრამ უკვე ეს ეჭვიც გაძლიერდა. ასევე გაძლიერდა, რომ მან რაღაც იცის. ეს "მან რაღაც იცის", უკვე 9 აპრილის ანონსების უკან მიმდინარე მოვლენებზე გვიხსნის ლოგიკურ ჩაკეტილობას.
თუმცა ამის პრობლემაც არ არის, ვინაიდან წითელ პარასკევამდე გამართულ მიტინგზე, ბატონმა გაჩეჩილაძემ ღიად განაცხადა: "ჩვენ ვიწყებთ აგრესიულ ქმედებას. თუ ის არ მოვა ჩვენთან, ჩვენ მივალთ მასთან". ასევე გუბაზ სანიკიძის გამოსვლა გახდა საინტერესო სადაც მან თქვა: სამშაბათიდან ჩვენ გავხდებით უფრო აგრესიულები და ჩვენი ქმედება იქნება აგრესიული.
მოდით ეს ყველაფერი ერთმანეთთან დავაკავშიროთ, კერძოდ: 9 აპრილის დაანონსება, სოსო ცისკარიშვილის განცხადება, გაჩეჩილაძის და სანიკიძის გამოსვლები, შსს-ს მიერ იარაღის შესყიდვის ფაქტების ჩვენება. 9 აპრილის ანონსის ქვეშ, რომ მიმდინარეობდა სტრატეგიული მზადება ოპოზიციის მიერ აქციების მოქმედების გეგმის ჩათვლით, მემგონი ამას არ სჭირდება დიდი სიბრძნე. სოსო ცისკარიშვილის ასოციაცია, რომ სააკაშვილს სურს ჟორდანიასავეთ წასვლა და რომ ეს შესაძლებელია მოხდეს და ექსპერტი ამას უშვებს მეტად საინტერესო მოსაზრებაა. თუ მცირე კონტენტ ანალიზს მოვიშველიებთ და გავშიფრავთ ბატონი სოსოს ნააზრევს მივიღებთ შემდეგ ტექსტს:
მშვიდობიანად სააკაშვილი არ წავა. ანუ მხოლოდ ქუჩაში გამოსვლა ამისთვის საკმარისი არ არის. ის უნდა წავიდეს. არ წავა მშვიდობიანად, წავა ძალით, მაგრამ ოპოზიციას 1991 წლისგან განსხვავებით ფართომაშტაბიანი სამხედრო ოპერაციის წარმოების საშუალება არა აქვს. სააკაშვილმა ეს იცის. სააკაშვილმა ისიც იცის, რომ შესაძლოა ამ სამოქალაქო დაპირისპირების ინსპირაციაში რუსები ჩაერთონ. ის ამაზე მიდის. ანუ რუსების მიერ გაგდება უნდა სააკაშვილს. თუმცა ბატონ სოსოს ავიწყდება, რომ რუსების შემოსვლას მათი სამოქალაქო დაპირისპირების ინსპირაცია შეუწყობს ხელს და ეს ყველაფერი მოთხოვნიდან დაწყებული: " გადადგეს სააკაშვილი", შეთხზული მითით დაწყებული "სააკაშვილი რუსებს აწყობს", ქმედებით დამთავრებული, რომელიც ჩაიშალა (დრიოებით), წყვეტს ჯაჭვს ბატონი სოსოს ნააზრევსა და ჩვენს მიერ გაჩეჩილაძის და სანიკიძის გამონათქვამებს შორის, რომელიც პოსტ ფაქტუმ სიტუაციიდან უფროა გამოწვეული, ვიდრე დაგეგმილი სიტუაციიდან.
ძალიან საინტერესოა სად გაწყდა ჯაჭვი 9 აპრილის დაანონსებული ქმედებების მალულ მხარესა და დღევანდელ პოსტ ფაქტუმ სიტუაციებს შორის.
ვფიქრობ, ეს ჯაჭვი გაწყდა მარტის ბოლოს შსს-ს მიერ იარაღის შეძენის ფაქტების გამოაშკარავების შემდეგ. რა იყო ამ ყველაფრის მიზანი. ერთის მხრივ, ანუ შსს-ს მხრივ ეს იყო პრევენცია, რომ არ მომხდარიყო მსგავსი სახით ფარული გეგმის მომზადება, რომელიც სამოქალაქო დაპირისპირებას მოამზადებდა. თუმცა შსს-მ მშვენივრად იცოდა, რომ ამ კადრებზე დაიწყებოდა გაუთავებელი მსჯელობა, რომ ის არის ყალბი, დადგმული, არ შეეფერება სინამდვილეს.... ეს ჩემის აზრით მოცემულობაში იყო მესამე, მეოთხე ხარისხოვანი. პირიქით, შსს-ს აწყობდა კიდევაც ამაზე მსჯელობა და არც იყო მნიშვნელოვანი რას ისაუბრებდნენ ამ ყველაფერზე ტელევიზიები, რადიოები, ელექტრონული თუ ბეჭვდითი მედია. მათთვის მთავარი იყო 2 საკითხი:
1. მომხდარიყო სიტუაციის პრევენცია და თავიდან ყოფილიყო აცილებული სამოქალაქო დაპირისპირება.
2. მიტინგი წარმართულიყო არა ოპოზიციის გეგმით, არამდ შსს-ს გეგმით, კონსტიტუციურ და მშვიდობიან ჩარჩოებში.
მიტინგი წარიმართა სწორედ შსს-ს გეგმით. 9 აპრილის მიტინგი იყო ძალიან უსახური რამ. სადაც ვიხილეთ ბრინჯივით დაბნეული ოპოზიციის ლიდერები, ლოგიკის, რიტორიკის, თემის და ჟანრის გარეშე. აბსოლუტურად გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ ოპოზიციამ უარი არ სთქვა სიტუაციის ესკალაციაზე. ის დღესაც, პოსტ ფაქტუმ ცდილობს სიტუაციის ესკალაციას. დაასახელეს 21 აპრილი, რომ 21 აპრილს რაღაც მოხდება, რომ სიტუაცია კონტროლიდან გამოვა, მაგრამ შსს-ს მიერ მიტინგის ჩატარების ორგანიზება ისევ ძალაშია. ჯერჯერობით ოპოზიციას ეს დაძლეული არა აქვს. ის ვერ ახდენს სიტუაციის კონტროლიდან გმოყვანას. მიხედავდ იმისა, რომ ოპოზიცია აცხადებს (ირაკლი ალასანია) "ხელისუფლება თავისი უმოქმედობით სამოქალაქო დაპირისპირებას გამოიწვევს" ამას რა ჰქვია? ნამუსზე შეგდება? მაშინ, როდესაც ძირითად ტატამზე ოპოზიცია არ შედის. ამ ტატამს დიალოგი ჰქვია. მიუხედავად იმისა, რომ ამტკიცებენ დიალოგისთვის მზადყოფნას, ბოლოში დასძენენ: "დიალოგი შეეხება მხოლოდ სააკაშვილის წასვლას". სადაც პირდაპირაა განცხადება იმაზე, რომ მათ არ სურთ დიალოგი და წინა სტატიაში ამაზე ძალიან დაწვრილებით ვისაუბრეთ.
სიტუაცია კი მიმდინარეობს ისევ შსს-ს სცენარით. ოპოზიცია ვერ გამოდის ამ სცენარიდან, ვინაიდან მიტინგის ჩატარების და სიტუაციის ესკალაციის ყველა შესაძლებლობა შსს-ს ხელშია. მხოლოდ მას შეუძლია დაარბიოს მომიტინგეები და ამით სიტუაციის ესკალაცია გამოიწვიოს, ხოლო ოპოზიციის მხრიდან ამის შესაძლებლობა მხოლოდ სისხლის სამართლის დანაშაულს გამოიწვევს. მაგალითად: მათ რომ გადაწყვიტონ სამთავრობო შენობების შტურმი. ეს კონსტიტუციური წესრიგის დარღვევაა. შესაბამისად ეს არის დასჯადი და ოპოზიციამ მშვენივრად იცის, რომ სახელმწიფოს იმის შესაძლებლობა აქვს, რომ ეს აღკვეთოს, ხოლო ოპოზიციის ლიდერები ჩასვას ვირის აბანოში. შესაძლებელია მოხდეს შენობების, სხვადასხვა ობიექტების დარბევა, რაც ასევე ხულიგნობა და დასჯადი დანაშაულია. ამის აღკვეთაც შეუძლია ხელისუფლებას და ოპოზიციის ლიდერების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა.
როდესაც ვამბობთ, რომ ყველაფერი მარტის ბოლოდან მიმდინარეობს შსს-ს სცენარით ვგულისხმობთ შემდეგს. შსს-მ შეძლო სიტუაციის ლოკალიზება. მისი ორგანიზება. ოპოზიციას შეუძლია, მხოლოდ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინოს. კარგად დავაკვირდეთ ნიკა კვეზერელის ფაქტს. როგორც კი მოხდა ტყვიის გასროლა, სახელმწიფომ მიიღო შესაბამისი ზომები. აღკვეთა. ეს მცირე მაგალითია იმისი, რომ მას შეუძლია ნებისმიერ სისხლის სამართლის დანაშაულის აღკვეთა. ხოლო ოპოზიციას ამის გარდა სხვა ვარიანტი არ დაუტოვეს, რომ ჩაიდინონ სისხლის სამართლის დანაშაული. მე ვერ ვიტყვი, არის თუ არა ამაზე წამსვლელი ოპოზიცია. მათი ლოკალიზება მომხდარია. ჩიხი სახეზეა. მიტინგების გაგრძელების შემთხვევაში და იგივე კალაპოტში ყველაფრის დარჩენის შემთხვევაში, ოპოზიციას ხელში უჭირავს აბსურდი. ან ოპოზიცია უნდა წავიდეს დიალოგზე. დიალოგის შემთხვევაში მათი შანსები, ძალიან სუსტია. ეს შანსები მაღალი რომ იყოს, ის თავად წავიდოდა დიალოგზე. თავად დააძალებდა ამას ხელისუფლებას. მაგრამ ეს ვერ ხერხდება. გასაგები მიზეზების გამო. პრეზიდენტის გადადგომის გარეშე დიალოგი, ოპოზიციის ელექტორატის სრულ გაწბილებას და მიტინგის ენის დასასრულს გამოიწვევს. რაც ოპოზიციას არაფრით არ აწყობს. ისე დაანონსეს 9 აპრილი, ისე შეიყვანეს საკუთარი თავი ჩიხში, რომ გამოსასველელი არ არსებობს. მიტინგზე მდგარი ხალხი ელის სააკაშვილის გადადგომას მხოლოდ. წერტილი დასმულია. წინააღმდეგ შემთხვევაში წერტილი დაესმება ოპოზიციას.
არსებობს ერთი ვარიანტი, რომელზეც წავა თუ არა ოპოზიცია ძნელი სათქმელია. მოახდინოს სიტუაციის ესკალაცია სამთავრობო შენობების აღებით, ჩაიდინოს სისხლის სამართლის დანაშაული, ან ორგანიზება გაუკეთოს მასობრივ არეულობას, ხოლო ამის პარალელურად რუსეთმა დაიწყოს შეტევა და განაახლოს აგრესია. ეს ვარიანტიც დიდ რისკს შეიცავს ოპოზიციისთვის. ან შესაძლებელია რუსეთმა განაახლოს აგრესია, ხოლო ოპოზიციამ, იმის მაგივრად, რომ შეწყვიტოს აქციები და ქვეყანა ერთ მუშტად შეიკრას მტრის წინააღმდეგ, აგორდეს პრ-ი: "სააკაშვილს რუსეთი იცავს", "სააკაშვილი რუსეთის ინტერესებს ემსახურება", "გადადექი, ხომ უყურებ რუსეთი მოდის და შენ ხელს უწყობ". ვფიქრობ ეს მეორე სცენარი უფრო გამოსადეგია. ამ შემთხვევაში ბატონი სოსო ცისკარიშვილის ასოციაციები სააკაშვილის ჟორდანიასებურად წასვლა რეალობად უნდა იქცეს. ეს ყველაფერი უახლოეს 2 კვირაშია მოსალოდნელი. წინააღმდეგ შემთხვევაში ოპოზიციის აბსურდიზაციის დასაწყისი დასარულისკენ სწრაფი ნაბიჯიტ სვლას გააგრძელებს.
გაგრძელება იქნება.

20.04.09წ.

Friday 17 April 2009

დიალოგის ენა ოპოზიციამ ჩიხში შეიყვანა

წინაპირობაა ამისი. თუ ამას მივუდგებით ლინგვისტური თვალსაზრისით დავრწმუნდებით, რომ არ არსებობს ენა, რომელიც შეძლებს დიალოგს.

ყველა წინა პირობა შექმნა ოპოზიციამ, რომ დიალოგი არ გაიმართოს. დიალოგის დროს არ გამოდგება ის ჭორები, რასაც 24 საათის რეჟიმში ტელეკომპანია "მაესტრო" და "კავკასია" საუბრობენ. ამ ჭორებზე დიალოგი ვერ გაიმართება. ეს მშვენივრად იციან ოპოზიციის ლიდერებმა. დიალოგის დროს არ გამოდგება მიტინგის ენა, ტელეკომპანია "კავკასიის" ენა და "მაესტროს" ენა. ეს სულ სხვ ენის რეჟიმია, სადაც საუბარი იქნება სხვა ფორმატში. სადაც საუბარი იქნება ფაქტებზე, იმ მოთხოვნიდან გამომდინარე რასაც ოპოზიცია აყენებას. ამიტომ იყო სწორედ მოთხოვნილი 3 დღის წინ, რომ დიალოგი გაიმართოს ტელეკამერების წინ. რატომ? იმიტომ რომ როგორმე შენარჩუნებულ იქნეს მიტინგის, მაესტროს, კავკასიის ენის დისკურსი. მარტივ მაგალითს მოგიყვანთ იმის დასადასტურებლად, რასაც ვამბობ.

მაგალითად ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ომი არ უნდა დაწყებულიყო, რომ არსებობდა რაღაც მითოსური რესურსი აფხაზებთან მოსალაპარაკებლად და ხელი შეეშალა სამშვიდობო პროცესს. ეხლა მივყვეთ საკითხს ქრონოლოგიურად.

ივლისში ირაკლი ალასანია ჩავიდა სოხუმში. ვინმეს წარმოუდგენია, რომ საკითხები, რაც ალასანიამ ჩაიტანა სოხუმში სააკაშვილმა არ იცოდა? რაქმაუნდა წარმოუდგენელია ხომ. ან რაც იქედან ალასანიამ ჩამოიტანა ინფორმაცია, რაც აფხაზებმა უთხრეს პირველად ეს ინფორმაცია მიუვიდა ვის? პრეზიდენტს. ანუ იმის შესახებ, ინფორმაცია, რომ თურმე აფხაზებთან ალასანიამ რესურსები განაახლა სამშვიდობო მოლაპარაკებების იცის პრეზიდენტმაც, თუ ეს ასეა. როდესაც ალასანია საუბრობს, გადადგომის შემდეგ, რომ რესურსები არსებობდა და ომი არ უნდა მომხდარიყო ცალხმხრივია. ამას ის ამბობს, მაგრამ ინფორმაცია ჩვენ არ ვიცით. მას ჩვენ გავიგებთ, როდესაც ალასანი შეხვდება პრეზიდენტს და ძალიან იოლი იქნება იმის დადასტურება, რომ ალასანია ცრუობს. ვინაიდან ის აღმოჩნდება ძალიან უხერხულ სიტუაციაში, როდესაც იმას რასაც ამბობს და იმას, რაც მან აფხაზეთიდან ჩამოსვლის შემდეგ პრეზიდენტს უთხრა სულ სხვადასხვა რამ აღმოჩნდება. მაშინ თუ არსებობდა რესურსი, რატომ არ უთხრა მან პრეზიდენტს ამის შესახებ? ან ალასანიამ უნდა დაადასტუროს, რომ მან კი უთხრა პრეზიდენტს, მაგრამ ამან არ გაიგონა. ეს ცოტა ძნელად წარმოსადგენია, ვინაიდან ალასანიამ იცის რაღაც ინფორმაცია, ინფორმაციებს შორის, მაგრამ პრეზიდენტმა იცის 10 ჯერ მეტი ინფორმაცია მთლიანად პროცესებზე. ეს ერთი მაგალითია იმისი, თუ რატომ უნდა იყოს საუბარი მხოლოდ გადადგომაზე. ან რატომ ითხოვენ ღია დიალოგს, იმისთვის რომ შენარჩუნდეს მიტინგის ენა.

ძალიან ბევრ საკითხზე იქნება მსგავსი რამ. რასაც მიტინგზე საუბრობენ, იმის იქით იმ ხალხმა (ოპოზიციამ) ბევრი რამ იცის. იციან ის, რომ სააკაშვილი რუსეთის კაცი არ არის და მის საქმეს არ აკეთებს. იციან ის, რომ საქართველოს ომი არ დაუწყია რაშიც ადანაშაულებენ. ანუ მთელი საკითხები, დიალოგის რეჟიმში სულ სხვა რაკურსებით განიხილება და არა მიტინგის ენით. არა რადიკალური ენით. ეს ვერ მოხდება, ვინაიდან პრეზიდენტს 10 ჯერ მეტი ინფორმაცია აქვს ყველაფერზე, ვიდრე ლიდერებს. ამიტომ ხდება სწორედ საკითხის რადიკალიზაცია, რომელიც გამორიცხავს დიალოგს. ვერ შეძლებს გამყრელიძე მაგალითად ან ბურჯანაძე ისე ისაუბროს დიალოგის დროს, როგორც საუბრობს მაესტროში ან კავკასიაში. ასე არ ხდება. ფაქტი ერთია, ეს იცის ოპოზიციამ. ამიტომ ის გაურბის დიალოგს. მას არა აქვს იმდენი და არა აქვს ის ინფორმაცია, რაც პრეზიდენტს. დიალოგი ამიტომ არ შედგება. არ შედგება იმის გამო, რომ ოპოზიცია უარს არ ამბობს მიტინგის ენაზე, ის რომ გადავიდეს კონსტრუქციული დიალოგის ენაზე, ის ვერ გაქაჩავს დიალოგს. ამაშია საქმე. დააკვირდით, ტიპები საუბრობენ იმაზე, რომ უნდა გადადგეს სააკაშვილი და მხოლოდ ამაზე იქნება მსჯელობაო, ხალხიო, ხალხის მოთხოვნაო და ბლა ბლა ბლა. ვინმეს წარმოუდგენია, რომ ალასანია შეძლებს დაადასტუროს პრეზიდენტის გადაგომის აუცილებლობა? მაშინ როდესაც ის ამ პრეზიდენტთან იყო რიგითზე რიგითი ჩინოვნიკი? ეს ხომ აბსურდია. ან ბურჯანაძე შეძლებს ამის დადასტურებას? ამიტომ არ უნდათ შეცვალონ მიტინგის ენა. დიალოგის გამართვა და მაგ ოპოზიციის ბრინჯივით დაშლა ერთი იქნება, მარტივ მამრავლებად დაიშლებიან. ეს იციან. ამიტომ ერთადერთი საშუალება არის შეინარჩუნონ მიტინგის ენა. სხვა ვარიანტი არ არის. თუ ისინი არ შეინარჩუნებენ მიტინგის ენას, მაშინ ისინი დაამთავრებენ ყველაფერს. ჩიხი აქვთ. ჩიხი გამოიწვია რადიკალიზმმა და პოლიტიკურმა უმწიფრობამ.

კარგად გაიაზრეთ, პრ-ი სულ სხვაა რასაც ტელევიზიები აჩვენებენ და შიშველი დიალოგი სხვა. იქ ეს პრ-ი არ მუშაობს. ეს იციან. კიდევ არ ვიტყვი რა მოხდა. რა დილემის წინაშე აღმოჩნდა ოპოზიცია ვანოს მიერ იმ კადრების ჩვენების შემდეგ. ხომ არ გგონიათ, რომ რასაც ტელევიზორში ლაპარაკობდნენ იგივეს ფიქრობდნენ. დილემის წინაშე აღმოჩნდნენ, რომელიც ისე იყო შექმნილი, რომ 4-ივე მხარე იყო მოჭრილი. ეხლა დიალოგიოოოოო მღერიან. არაოოოოოოოო, ფუი ეშმაკსოოოოოოო. სალომემ ეს გედის სიმღერა შესანიშნავად შეასრულა და სწორედ აქ არის იმის გასაღები, რაზედაც ვსაუბრობდი. დიალოგი არ შედგება. თუ შედგება ეს მიტინგის ენა დაინგრევა.

17.04.09

Wednesday 15 April 2009

მოთხოვნათა თავსებადობა, პოლიტიკური ანალიტიკა

1. ოპოზიცია როგორც ვხედავთ მიდის სიტუაციის უკიდურეს გამწვავებაზე. მკვდარი ქალაქის იდეა შედის ძალაში. იმის გამო, რომ მოხდეს სიტუაციის უკიდურესი გამწვავება. პრაქტიკულად ოპოზიცია მიდის იმაზე, რომ ხელისუფლებამ გამოიყენოს ძალა მათ წინააღმდეგ. მკვდარი ქალაქის რეალიზების შემდეგი სავარაუდო მარშრუტი იქნება მთავრობის კანცელარიის პიკეტირება. შინაგან საქმეთა სამინისტროს პიკეტირება და იქ ანალოგიური საკნების დადგმა, ასევე მოდულის შენობის პიკეტირება და შესაბამისად მაგისტრალების ჩაკეტვა. ოპოზიცია რომ ამაზე მიდის ეს რათქმაუნდა გაცნობიერებულად კეთდება, რომ ისინი არღვევენ კანონს, ვინაიდან მათი ნებართვა აქციების ჩატარებაზე მხოლოდ რუსთაველის გამზირით შემოიფარგლებოდა.

2. პარალელურად მიმდინარეობს საგარეო საფრთხის მატება. იმატებს რუსული შეიარაღების შემოყვანა კონფლიქტურ რეგიონებში. ეს ალბათ ამ ეტაპზე უფრო ფსიქოლოგიურ ზეწოლად უნდა ჩაითვალოს. იმატებს როგორც საზღვაო, ასევე სახმელეთო მანქანის მობილიზება. ვიმეორებ ამ ეტაპზე ეს არის ფსიქოლოგიური ნიშნით, რომელიც ყოველდღიურად შესაძლოა გადაიზარდოს სერიოზულ საფრთხეში.

მოთხოვნების თანხვედრა ისევ ძალაშია.

3. 3 მაისს დანიშნულია ერთვიანი ნატოს სწავლებები, რომელშიც 26 ქვეყნამდე იმონაწილევებს ვაზიანის ბაზაზე. რაზედაც რუსებს ძალიან მკაცრი რეაქცია აქვს და ამაზე მიუთითებს განცხადებები რომელსაც რუსული ოფიციალური პირები აკეთებენ და ნატოს პირდაპირ სთხოვენ ამ ყველაფრის გაუქმებას.

4. ამერიკის ხელისუფლებამ ძალიან ღია მხარდაჭერა გამოავლინა საქართველოს მიმართ და ვაშაძის ვიზიტი ამაზე მიუთითებს. აპრილის დასაწყისის ობამას ტურნეც ამას ადასტურებს.

5. მაისში საქართველო ხელს მოაწერს ევროკავშირთან სამეზობლო ინიციატივას, რომელიც ასევე აღიზიანებს რუსეთს.

6. სად შეიძლება გადაიკვეთოს ეს ნიშნები. რამდენიმე პროცესი მიმდინარეობს დამოუკიდებლად, თბილისის აქცია, რუსული შეიარაღების შემოდინება, ამერიკასთან კონტაქტების გაღრმავება, ნატოს შეკრების ორგანიზება,....

ხელისუფლების მიერ ოპოზიციის ძალისმიერი დაშლა, რომელიც აბსოლუტურად ჩაჯდება საკანონმდებლო მოთხოვნებში, მათ მიერ უკანონო ქმედებების გამო ავტომატურად გაზრდის საგარეო საფრთხეს. შეიძლება განვიხილოთ, რომ რუსული სამხედრო მანქანის გააქტიურება, ირიბად უკავშირდება თბილისში მიმდინარე აქციას.

ალბათ ამის წამკითავები დაიწყებენ ქილიკს, მაგრამ ყველას ვთხოვ ჩადით ბოლომდე. პირდაპირ არაფერს არ ვაცხადებთ. მხოლოდ ლოგიკურ შესაძლებლობებს ვავლენთ.

ჩემს პროგნოზში, რომელიც ჩემს ბლოგზე გამოვაქვეყნე
http://joaoscorner.blogspot.com/2009/04/09042009.html

ვწერ, რომ ოპოზიციას რიტორიკული მარაგი აქციის ჩასატარებლად საკმარისი არა აქვს. ამიტომ ის უნდა წავიდეს გამწვავებაზე, რომ მიიღოს სამოქალაქო დაპირისპირება. გამწვავებაზე წასვლა დაიწყო. გაცილებით მარტივი იქნებოდა სხვა სახით გამწვავება, მაგრამ მარტის ბოლოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს საფრთხე გაანეიტრალა. გამწვავების ეს გეგმა, რომელსაც ეხლა მიმართავს ოპოზიცია მათ არ ჰქონდათ. ეს ყველაფერი პოსტფაქტუმ ხდება და ამაზე სხვათა შორის დაუფარავად საუბრობენ ლიდერები.

სამოქალაქო ესკალაცია ამ შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ოპოზიციიის ძალისმიერი დაშლით, რომელიც სრულიად კანონიერი იქნება, ვინაიდან მათ დაარღვიეს მერიის გაცემული ნებართვა და ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს ამ ქმედებების პროვოკაცვიულ ხასიათზე.

ასეთი ესკალაციის შემთხვევაში ვფიქრობ რუსული სამხედრო მანქანა გააქტიურდება. არ ვფიქრობ რომ დაიწყება ღია აგრესია. თუმცა ვფიქრობ სერიოზული პრევენციები არის მიღებული ამისათვის საერთაშორისო მაშტაბით და ვაშაძის ვიზიტიშიც იქნება ამაზე საუბარი, რომელიც რა თქმა უნდა პრესით არ გავრცელდება. იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება შეძლებს ძალისმიერი გზით ოპოზიციის განეიტრალებას, რომლისკენაც ოპოზიცია ნაბიჯ ნაბიჯ მიდის და მისი უდიდესი სურვილია ეს, (რატომ არ დავკონკრეტდები, ან რაც იფიქრეთ იმას ნამდვილად არ ვფიქრობ) აპრილის ბოლოდან მაისის ბოლომდე ძალიან მოიმატებს სამხედო აგრესიის საფრთხე რუსეთიდან. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები.

Thursday 9 April 2009

პ რ ო გ ნ ო ზ ი 09.04.2009

1. იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლებამ შეძლო კონსტიტუციური წესრიგის პირობებში მართოს 9 აპრილის აქცია, არამგონია რაიმე მოხდეს საგანგაშო. ვაკვირდები ოპოზიციურ სპექტრს და პრაქტიკულად მათ ამოწურეს მთელი რიტორიკული არსენალი, რაც მიტინგზე უნდა გამოიყენონ. ვერ ვხვდები რა უნდა ითქვას დამატებით. პრაქტიკულად დაშვებულია ფატალური შეცდომები მათი მხრიდან, რომ რაიმე შედეგს მიაღწიონ. ა) პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნა ძალიან ნაადრევად დააყენეს. ალბათ უმჯობესი იქნებოდა ეს მოთხოვნა დამდგარიყო მიტინგის მსვლელობისას. ბ) ასევე შეცდომა იყო თარიღისა დასახელება, რომ აპრილში დამთავრდება სააკაშვილის ხელისუფლება და ის აუცილებლად გადადგება. ამ ორი კომპონენტის გათვალისწინებით, თუ ხელისუფლებამ არ დაუშვა რაიმე სახის ესკალაცია, მიტინგი დაემსგავსება აბსურდის თეატრს. ვფიქრობ არსენალი გამოლეული აქვთ და მიტინგზე ხალხს ახალს ვერაფერს ვერ შესთავაზებენ. რაც მიტინგის სპეციფიკას დაარღვევს და ხალხის იქ გაჩერების შანსები ძალიან შემცირდება. ანუ ხალხს მიტინგზე ვერ დააკავებენ, ვინაიდან არ არის მოქმედების რაიმე გეგმა. ყველაფერს აკეთებენ სპონტანურად და გაუთვლელად. ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ არ არსებობს მომავლის გეგმა, თუ რა უნდა მოხდეს სააკაშვილის წასვლის შემთხვევაში. ეს არავინმა არ იცის. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, რაც ამ პროტესტის აბსურდიზაციის პროცესს კიდევ უფრო მეტ ალბათობას მატებს.
2. მეორე ვარიანტია მიტინგის მსვლელობისას ესკალაცია იარაღით და სამოქალაქო დაპირისპირების ინსპირაცია, რომელიც იქნება გათვლილი რუსულ სამხედრო ძალაზე. ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რუსული გეგმა იქნება შემდეგი: ისინი ისევ შემოვლენ ჯერ ბუფერულ ზონებში, ანუ დაიძრებიან ლოკალური ადგილებიდან, სადაც არიან და ისევ იმ ადგილებს დაიკავებენ, სადაც იყვნენ ომის შემდეგ. გორში, ფოთში, სამეგრელოს სხვა ქალაქებში. ალბათ გახსოვთ, რომ საქართველოში აგორებულია პრ-ი ”სააკაშვილი რუსეთს აწყობს”. ამ დროს, როდესაც ეს განხორციელდება და რუსები შევლენ ბუფერულ ზონებში, ეს პრ-ი შევა თავის გადამწყვეტ ფაზაში და მოხდება ოპოზიციური და რუსული საინფორმაციო მანქანის მიერ მისი გაძლიერება დაახლოებიოთ ასეთი ლოგიკით: ”აი ხომ ვამბობდით, რომ სააკაშვილი რუსეთის კაცია, რუსეთს აწყობს და ეხლა ამ პროტესტის დროს რუსები იმიტომ გააქტიურდნენ, რომ სააკაშვილი დაიცვან, ომის ინსპირაცია მოახდინონ რომ შევწყვიტოთ აქციები. არ შევწყვიტოთ ხალხო აქციები, გავაგდოთ რუსეთუმე სააკაშვილი”. რუსები 2-3 დღის ვადაში მოახდენენ დედაქალაქის პარალიზებას, გზების ჩაკეტვით, აქ შიდა დაპირისპირებით, ლტოლვილების ისევ დედაქალაქში შემოსვლით და ბოლოს ასეთ საშიშ მდგომარეობაში შემოუტევენ თბილისს. აიღებენ მას. სააკაშვილს დაიჭერენ საუკეთესო შემთხვევაში ან მოკლავენ. ამის შემდეგ თბილისში არ გაჩერდებიან და აქედან გავლენ. ოპოზიცია ეცდება ჩაატაროს არჩევნები. ამ დროისათვის ქვეყანაში მოიშლება კომუნიკაციები. სახელმწიფო ფაქტობრივად შეწყვეტს არსებობას, არ გაიცემა ხელფასები, პენსიები, გაძლიერდება მარადიორობა, ყაჩაღობა, ბანდიტიზმი.....
3. მესამე ვარიანტია შემდეგი. 1 ვარიანტის შემთხვევაში, თუ სააკაშვილმა ეს განახორციელა და შეძლო სიტუაციის ხელში დაჭერა, ოპოზიცია საბოლოოდ ჩაირეცხება, ვინაიდან ისინი მიდიან თვითლიკვიდაციის გზით, როგორც ეს პირველ ვარიანტში ვახსენე. ამ შემთხვევაში მაისის ბოლოს და ზაფხულის დასაწყისში ველოდები რუსების შემოტევას და ომის განახლებას, ვინაიდან რუსებს სხვა ვარიანტი არ აქვთ.


4. ყველაზე მეტად იმაზე მწყდება გული, რომ რატომღაც ისტორიული განვითარების
ეტაპებზე საქართველო იჩენს სულსწრაფობას და დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა არ შეუძლია. ვარდება რა ისტერიაში და იწყებენ უაზრო და უმისამართო ნაბიჯების გადადგმას. არადა არ იციან საით მიდის ქვეყანა. ამის გაცნობიერება ძალიან რთულია. ჩვენ ხომ ფიზიკური მახსოვრობა არ გვყოფნის, რომ დავინახოთ საქართველოს ისტორიული ფუნქცია, გავაცნობიეროთ ეს ყველაფერი და მტკიცე ნაბიჯებით მოვახერხოთ მისი დაბრუნება, რაც რუსეთმა 200 წლის უკან წაგვართვა. ესაა მონური ფსიქოლოგია. სწორედ ეს მონური მენტალიტეტი არ გვაძლევს გაქანებას, რომ გავხედოთ მომავალს და იმ პერსპექტივას, რაც მონობიდან განთავისუფლებისას დადგება. ამიტომ, ვაწყდებით საშინელ წინააღმდეგობას ჩვენს თავებში, რომ ეს არ გვინდა, ძნელია, რთულია, ბრძოლა უნდა ამ ყველაფერს. შეკავშირება, ერთიანობა, მაგრამ სამწუხაროდ ამ სიძნელეებს ვერ ვლახავთ, ამ მონური ფსიქოლოგიის გამო. რუსებმა მოახერხეს 200 წლის მანძილზე, ჩვენს კოლექტიურ ქვეცნობიერში ამ მონური ფსიქოლოგიის ჩანერგვა. ამიტომაა, რომ გადამწყვეტ მომენტში ტვინი უარს გვეუბნება, ბოლომდე ვიბრძოლოთ თავისუფლებისთვის. ეს მიშამ კი არა ზვიად გამსახურდიამ ვერ შეძლო. ვერ მოახერხა ამ ყველაფრის დანგრევა. იოლად გვინდა ყველაფერი, მაგრამ ეს საქმე იოლად არ გამოვა. ამიტომ როგორც იქნება ისე იქნება. მე პირადად ჩემს თავში აღმოვაჩინე ეს თავისუფლება და ამაზე უარს არასოდეს ვიტყვი. მე გავაცნობიერე ჩვენი ისტორიული გამოცდილება, ისტორიული ქვეცნობიერი. ამაზე ძალიან ბევრი წერილი და ძალიან ბევრი რამ დავწერე. ამიტომ მე, პირადად გავაგრძელებ ამ ყველაფერს, ხოლო ქვეყანა ალბათ შეწყვეტს თასვისუფლებისკენ სვლას, ვინაიდან არ გვძალუძს ბოლომდე ვიბრძოლოდ თავისუფლებისთვის. ეს ძალიან რთულია. გვერთულება.

ირაკლი.