Saturday 14 February 2009

ავანსცენაზე ჰამლეტის მამის აჩრდილი. იგივე სსრკ.

ნაწილი III

ვფიქრობ საინტერესოა დღევანდელი პოლიტიკური სიტუაციის-თამაშის სტრუქტურა. ამ თამაშში მონაწილე ობიექტების სუბიექტივიზმი და გარკვეულწილად როლი ამ თამაშში. თავად თამაშის სტრუქტურა დაკავშირებულია სხვა ობიექტებთან, რომელთაც თავისი სუბიექტივიზმი შემოაქვს ამ თამაშში და გარკვეულწილად ქმნიან თამაშის სტურქტურის სურათს. თამაში ძალიან ფართო მცნებაა და ის არ მოიცავს მხოლოდ რაიმე ლოკალურ ქმედებას, სცენას, თეატრს ან კინოფილმის გადასაღებ მოედანს. ობიექტი, რომელიც ჩაბმულია თამაშში სერიოზულად არ აღიქვამს თავად ზოგადი თამაშის მარცხს, რომელიც შესაძლოა დადგეს. სწორედ ესაა იმის საფუძველი, რომ ობიექტი ებმება ზოგად დიდ თამაშში. ჩემთვის საინტერესოა რუსული თამაშის გაგება. ვინ სად და როგორ მონაწილეობს ამ თამაშში. რა სუბიექტები ებმებიან მასში და რატომ იკლებს რევიზიის ხარისხი, რატომ არ ხერხდება თავად თამაშის რევიზია და არ ცნობიერდება ის მარცხი, რომელიც შესაძლოა დადგეს. ეს ძალიან საინტერესო საკითხია. ობიექტის თამაშში ჩართულობით შეგვიძლია განვსაზღვროდ ამ თამაშის გაგება. თუ ობიექტის სუბიექტურობა თამაშის ველში რევიზიას მოკლებულია ან განპირობებულია მაღალი სუბიექტურობით, შესაბამისად იმის ალბათობა, რომ ობიექტმა არ იცის რა ხდება თამაშში, დიდია. ასევე არის მეორე საკითხიც, შესაძლოა ობიექტმა იცის თამაშის მიმდინარეობის შესახებ, მაგრამ აქაც სუბიექტივიზმი სჭარბობს რევიზიას, შესაბამისად შედეგი ორივე შემთხვევაში ერთი და იგივე დგება. ანუ ობიექტი არასერიოზულად უდგება თავად თამაშის სტრუქტურას, თავად თამაშის გაგებას.
თამაში, რომელიც წარმოებს ძალიან სერიოზულია, მაგრამ ეს თავად თამაშის სერიოზულობაა. ის იმ შემთხვევაში არის წარმატებული, თუ შიგ ჩართული ობიექტის სუბიექტივიზმი მაღალია. ამ შემთხვევაში თამაში თამაშობს თავის თამაშს. თამაშობს ზუსტად და სერიოზულად. უფრო უკეთესი იქნება მაგალითის დონეზე განვიხილოთ. მაგალითად რუსული გეოპოლიტიკური თამაში კავკასიისთვის შეიძლება ითქვას მეთვრამეტე საუკუნის შუა წლებიდან გააქტიურდა. მაშინაც რევიზიის გარეშე მიღებულ იქნა თამაშის წესები, რომელმაც საბოლოო ჯამში ოკუპაციემდე მიიყვანა საქართველო თავისი ყველა გამოვლინებით. ეხლა თუ განვიხილავთ ამ ყველაფერს ზემოთ მოყვანილი ფორმულის ჭრილში მივიღებთ შემდეგ სურათს: გაუგებარი და ურევიზიო იყო თავად თამაშის სტრუქტურა და გაგება. ჭარბობდა სუბიექტურობა გამოწვეული სხვა თამაშით, დამღლელ, დამქანცველი თამაშით, რომელსაც სხვა დამპყრობლები ირანი და თურქეთი აწარმოებდა იმ საუკუნეში და მანამდეც, შესაბამისად დაქვეითდა რუსული გეოპოლიტიკური თამაშის მიმართ რევიზია და სუბიექტურად გადაწყდა რუსულ თამაშში შესვლა. სუბიექტურობა ამ შემთხვევაში ძალიან ახლოსაა ურევიზიობასთან. მიუხედავად იმისა, რომ ამ თამაშმა გარკვეულწილად მისი გაგებისათვის საკმაოდ საინტერესო ფაქტები შექმნა. 1770წ. ასპინძის ბრძოლა და ტოტლებენის მიერ ქართული ჯარის მიტოვება, ასევე მრავალი დაპირების მიუხედავად რუსული გარნიზონების საქართველოში შემოყვანის გაჭიანურება. მიუხედავად ამისა 1783წ. მაინც გაფორმდა ტრაქტატი. ამას მოჰყვა რუსულ-ირანული კოალიციის მიერ მომზადებული 1795წ. კრწანისი ბრძოლა, რომელიც ისევ რუსეთმა დააფინანსა. შემდეგ ამას მოჰყვა 1801წ. მანიფესტი, რომელმაც საბოლოოდ გააცხადა ეს თამაში, თუმცა უკვე ძალიან გვიან იყო. ერთბაშად თავი მოიყარა თამაშში სუბიექტივიზმმა და ურევიზიობამ, რომელიც საბოლოო ჯამში თამაშის სასიკეთოდ დამთავრდა, ვინაიდან ის თამაშობდა თავის თამაშს და ამ თამაშის სუბიექტიც თავად იყო. რა ხდება, რა არის ამ ყველაფრის თავი და თავი? თამაშში მოთამაშე ობიექტმა იცის, რომ თამაში მხოლოდ თამაშია. შესაბამიად იკარგება რევიზია, მატულობს სუბიექტივიზმი. მან იცის რომ თამაშობს, მაგრამ მას არ უდგება სერიოზულად, ვინაიდან მინდობილია ამ თამაშზე, შესულია შიგნით და საფრთხეებს, რომელიც რაღაც, შესაძლოა უმნიშვნელო ფაქტებით მაინც ამჟღავნებს თავის თავს ყურადღებას არ აქცევს.
რუსული თამაში გაგრძელდა. კვლავ დადგა დრო, რომ ეს თამაში გააქტიურებულიყო. ეს არის 1918წ. თუმცა ამ შემთხვევაშიც თამაშში ჩართულობამ რევიზია მოსპო. ისევ ანალოგიური შეცდომა 1920წ. და ისევ რუსული თამაშის გამარჯვება. ისევ რუსული თამაშის სუბიექტურობა მოგვეხვია თავს. ანუ ჩვენ ეს თამაში ისევ არ მივიღეთ სერიოზულად, რითაც რუსულმა თამაშმა მოახერხა ჩვენი ჩაყლაპვა. მოთამაშემ ძალიან კარგად იცის ზოგადად რა არის თამაში, ასევე იცის თავად ის რას აკეთებს ამ თამაშში, მან იცის, რომ ეს "მხოლოდ თამაშია", მაგრამ მან არ იცის, ის რომ მან ეს იცის, ვინაიდან დაჩლუნგებულია რევიზია. თამაშის გაგების საკითხი ვერ გადაწყდება, თუ ამოვალთ მოთამაშის სუბიექტივიზმის რეფლექსებიდან. სწორედ ეს რეფლექსები არის ის, რაც მოთამაშეს ვერ შეაგრძნობინებს და უფარავს საფრთხეს თამაშში მონაწილეობის დროს. თავად მოთამაშის სუბიექტურობის რეფლექსები ქმნიან ილუზიას, რომ ის არის თამაშის ერთ-ერთი, (ერთადერთი თუ არა) სუბიექტი. სწორედ ეს არის იმის საფრთხე, რომ თამაში თავს ახვევს მოთამაშეს თავის წესებს, თავის დისკურსს და აჯენს იმ პარადიგმაში, რომელიც თავათ თამაშის მიერ მოფიქრებული და მოაზრებულია.
დადგა გასული საუკუნის 90-იანი წლები. ყველაფერი მიმდინარეობს ჩვენს თვალწინ. რუსული თამაში გრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ მშვენივრად ჰქონდათ ეროვნული მოძრაობის 2 ლიდერს მოაზრებული რუსული თამაშის არსი, მისი სტრუქტურა, ამ თამაშშმა შეძლო მათი ჩაყლაპვა, ვინაიდან ლიდერი თამაშში მარტო არ არის. აქ სუბიექტივიზმის მთელი კოლონებია ჩაბმული და შესაბამისად რუსული თამაშიც სწორედ ამ რეფლექსურ სუბიექტივიზმზე დაყრდნობით ახერხებს მისი გაგების და გააზრების დაფარვას, დამალვას. ამახინჯებს ინფორმაციას და ხელს უწყობს ისედაც დაჩლუნგებული რევიზიის კიდევ უფრო დაჩლუნგებას. თამაშში თამაშობენ, ან თავად თამაში თამაშობს და აფიქსირებს ამით ობიექტს. ჩვენ მეორე კატეგორიაში შევდივართ.
ძალიან მიკვირს, როდესაც ვფიქრობ ამ ყველაფერზე და რატომღაც არაფრისდიდებით, არ გვსურს დავასრულოთ ამ თამაშში მონაწილეობა. დავასრულოთ ეს სცენა, ეს ეპიზოდი, რომელიც ამ რუსულმა თამაშმა შემოგვთავაზა. მყარად ვადგავართ სუბიერქტური რეფლექსიის გზას და მყარად გვსურს მონაწილეობა მივიღოთ ამ თამაშში. არ გვსურს დავანგრიოთ ის მაყურებელთა დარბაზები, რომელიც იწვევს ამ თამაშის სცენაზე გათამაშებას და ამით დავასრულოთ როლი, დავასრულოთ სიუჟეტი, ვინაიდან სწორედ სიუჟეტია ისტორიისთვის ის 200 წელი.
არ ვაკეთებთ რევიზიას. დინჯად, მყარად ვმონაწილეობთ ამ რუსულ თამაშში და მზად ვართ დაგვაფიქსიროს ამ თამაშმა. არ გვსურს ეს თამაში გავიგოთ, გავხსნათ. დარწმუნებული ვარ წარმოიშობა კითხვა, გულში მაინც, რატომ მივყიდეთ რუსებს ეს, ის, ბენდუქიძე, ვაშაძე, ალასანია.... ეს თამაში ყველამ უნდა დაასრულოს თავის თავში და არა ვიღაცამ დაასრულოს, ამ შემთხვევაში "ჯოჯოხეთი ეს არის სხვები". ჩვენ ვერ ვახერხებთ სუბიექტური რეფლექსიისგან განთავისუფლებას, ვერ ვახერხებთ გამოცდილების გამოყენებას, ვერ ვახერხებთ რუსული სივერაგის გაგებას, რომელიც იგივეა, რაც იყო 1795წ. კრწანისის ომში ირანელების დაფინანსება, რაც იყო აგვისტოში ტერიტორიების წაგლეჯვა, მაგრამ ჯიუტად ვართ ამ თამაშში. ამ თამაშში შედის ყველაფერი. იქ უამრავი ნიუანსია, უამრავი მოვლენაა, უამრავი ეპიზოდია, რომელთა რევიზია არ ხდება, ვინაიდან თამაშია თავად სუბიექტი და ჩვენ ვართ ობიექტები, შესაბამისად თამაშის შემოთავაზებულ ტექსტებს ვკითხულობთ და იქ ვეძებთ სიმართლეს, მარცვალს მაინც. აქ მეღიმება. იქნებ 201 წლის შემდეგ არ ქნას ის, რაც ქნა 200 წლის მანძილზე, ამ დროს რუსული თამაში არსებობს, გრძელდება და ჩვენს თვალწინ ვითარდება. ჩვენ კიდევ შემოგვრჩა თავისუფალი არჩევანი და მასში განთავსებული შესაძლებლობანი. წინააღდეგ შემთხვევაში ეს თამაში უდიდეს რისკს გაგვაწევინებს ჩვენ, მოთამაშეებს. ჩვენ მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეგვეძლება ამ თამაშის გაგრძელება, ამ თამაშში ყოფნა, თუ გვექნება სერიოზული შესაძლებლობები ვძლიოთ თავად თამაშის სუბიექტურიობას, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ ამის შესაძლებლობა გვაქვს.
ამ ყოველივედან გამომდინარე შეიძლება ვთქვათ, რომ რუსული თამაშში მონაწილეობა აღადგენს ამ თამაშს სრულად. სწორედ აქ იმალება დიდი რისკი. მე დღეს ვერ ვხედავ, რომ რუსულმა თამაშმა და მასში მომხდარმა მოვლენებმა რაიმე დასკვნამდე მიგვიყვანა. საკითხს მარტივად ვერ მივუდგებით. ამ რუსულ თამაშში კარგად ჩანს, მოვლენები ფაქტები, უახლესი ისტორიიდან. ეს თამაში დღეს გვთავაზობს იგივეს. ჩვენ დღესაც სუბიექტურ რეფლექსიაში მყოფები, ყოველგვარი რევიზიის გარეშე ვმონაწილეობთ იგივე თამაშში და არ ვითვალისწინებთ გამოცდილებას, ვინაიდან როგორც ვთქვი, სუბიექტივიზმი, რომლითაც ამ თამაშში ვმონაწილეობთ გვაკარგვინებს რევიზიის უნარს. ჩვენ ვერ ვახერხებთ გავიაზროთ ის, რომ ჩვენი სუბიექტივიზმი საერთოდ შორს არის თავად თამაშის სუბიექტური ხასიათიდან. შესაბამისად ამ თამაშში მოცემული რისკი არის ამოსახსნელი ამოცანა, რომელიც დასვა თავად თამაშმა სუბიექტმა. ჩვენ ამ ამოცანას ვერ ამოვხსნით, არადა ვცდილობთ, რომ ამოვხსნათ და ვიმედოვნებთ იქნებ 201 წელი მაინც იყოს კარგი ამ თამაშში.
ბოლოს ვიტყვი, რომ ამ რუსული თამაშის სუბიექტი არის თავად ეს თამაში, ის თამაშობს თავად ამ თამაშს, ხოლო ჩვენ მასში შანსი არ გვაქვს. ჩვენ ვართ ობიექტები ამ თამაშის. ამ თამაშს ყავს მაყურებელთა დარბაზები, რომელთა გარეშე თავად ეს თამაში არ შედგებოდა. ჩვენი მიზანი უნდა იყოს ამ თამაშის რევიზია და მისი გაგება, გახსნა. დღეს ვფიქრობ, რომ მაინც ამ თამაშს ვთამაშობთ. ჩვენ კვლავ მივისწრაფით უკვე ამ თამაშში შესრულებული როლების კიდევ ერთხელ განმეორებისაკენ. აი ასე დაძრწის ავანსცენაზე ჰამლეტის მამის აჩრდილი, იგივე სსრკ, კიდევ ერთ გამოვლინებაში.

გაგრძელება იქნება.

14.02.09