Sunday 10 July 2022

საქართველოს ხელისუფლების ანტიდასავლური რიტორიკა

ბევრისთვის უცნობია, რა იყო რუსეთის მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ასეთი მიუღებლობა, რომელმაც გაიარა ცხელი საომარი ფაზა 2008 წლის აგვისტოში. არაერთხელ დამიწერია, რომ 2008 წლის ომი, ეს იყო გეოპოლიტიკური ომი. ზუსტი სახელწოდება მიანიჭა ამას რონ ასმუსმა, თავისი წიგნის სათაურად რომ გამოიყენა: "პატარა ომი, რომელმაც შეძრა მსოფლიო". რას ვაკეთებდით ისეთს, რასაც ასეთი მწვავე რეაქცია მოჰყვა რუსეთის მხრიდან? აღარ ვისაუბროთ ჩვენს 90-იანი წლების ნგრევაზე, რომელიც მოგვიწყო რუსეთმა და ათვლის წერტილი ამ შემთხვევაში 1989 წლის 9 აპრილიდან იწყება. საქართველოს გაჩენა მსოფლიო გეოპოლიტიკურ რუკაზე, აი ეს იყო და არის ყველაზე დიდი მიუღებლობა რუსეთის მხრიდან. დღეს უფრო ნათელია რუსეთის ბრძოლა საქართველოს წინააღმდეგ და მან მიიღო დასრულებული სახე. დღეს მთელი ფაზლი დალაგებულია, უკრაინის ომის ჩათვლით. დღეს ნათელია ბიძინა ივანიშვილის როლიც ქართულ პოლიტიკაში. ის რომ თითო სოფლისთვის 5 მილიონის დასარიგებლად არ მოსულა, მემგონი ეს კარგა ხნის გარკვეული გვაქვს. არც უფასო ფულის დასარიგებლად მოსულა. ის მოვიდა მხოლოდ ერთი მიზნისთვის, უნდა მოეხდინა საქართველოს ამოგდება გეოპოლიტიკური მოცემულობიდან, რომელიც ვარდების რევოლუციის შემდეგ შედგა. მას უნდა მოეხდინა პროდასავლური ოპოზიციის და განწყობების განადგურება, რომელიც საფრთხეს უქმნიდა რუსეთს. 2013-2014 წლების უკრაინის მაგალითზე ამის აუცილებლობა კიდევ უფრო გაიზარდა. დღეს ამ პოლიტიკური შეკვეთის ფინალური ფაზაა. რატომ არ ეშინია ბიძინა ივანიშვილს სანქციების? ასე ძალიან რატომ უმტკიცებს რუსეთს ერთგულებას? რატომ გაშალა ასე ფართოდ ანტიდასავლური და ბოლოს ანტიამერიკული პროპაგანდა? რისთვის ემზადება ის? ეს არის ის კითხვები, რომელიც დამოკლეს მახვილივით კიდია საქართველოს ეგზისტენციალური არსებობის თავზე. უკრაინის ომმა შეცვალა ყველაფერი ის, რასაც რუსეთი 1913 წლის შემდეგ აშენებდა. რუსეთის იმპერია თავის თავს მოიაზრებდა აზიისა და ევროპის დამაკავშირებლად, როგორც პოლიტიკური ასევე ენერგო და ეკონომიკური თვალსაზრისით. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ენერგო და ეკონომიკური მდგენელი ამ პოლიტიკის გაიზარდა. ვინაიდან რუსეთი თავს მოიაზრებდა აზია ევროპის მთავარ რგოლად, აუცილებელი იყო ამოქოლილიყო ყველა გზა, რომელიც კი რუსეთს შეუქმნიდა პრობლემას თავისი გეოპოლიტიკური ფუნქცია შეესრულებინა. ერთერთი ასეთი გზა საქართველოზეც გადის. ასევე გადის უკრაინაზეც. გადის ირანზეც. სწორედ ამიტომაა რუსეთი ირანის პარტნიორი და ეხმარება მას ატომურ პროგრამებში, რომელშიც გაცვლილია ერთერთი ასეთი გზის ბლოკირება აღმოსავლეთისგან დასავლეთში. 2004-2012 წლებში საქართველოს ძალიან გააქტიურება ევროინტეგრაციის და ნატოს გზაზე, იყო უდიდესი საფრთხე დაეწყო რღვევა ამ იმპერიულ ენერგო-ეკონომიკურ და პოლიტიკურ ქსოვილს. საქართველო ნატოში და უკრაინა ნატოში იყო ამ სხეულის საბოლოო დარღვევა. ამის შემდეგ ეს გამოიწვევდა პოსტსაბჭოთა შუა აზიაში ყველა იმ გზების გადამისამართებას კასპიის ზღვისკენ, რომელსაც რუსეთი ფლობდა. დღეს ამის დიდი საშიშროების წინაშე დგას რუსეთი. უკრაინაში რუსეთის დამარცხება ეს არ ნიშნავს საქართველოს საბოლოო გამარჯვებას. ამიტომ.... ამიტომ სრული სიმართლე იყო, როდესაც 2008 წელს დასავლეთს უთხრა მიხეილ სააკაშვილმა თუ დღეს რუსეთი არ დაისჯება, შემდეგი იქნება უკრაინა. არის კიდევაც უკრაინა. რა არის ბიძინა ივანიშვილის როლი? შექმნილ სიტუაციაში ბიძინა ივანიშვილის როლი არის შემდეგი: 1. საქართველო იქცეს შავ ხვრელად, სანქცირებული რუსეთის სხვადასხვა ეკონომიკური პროექტებისთვის. 2. საქართველოში ბიძინა ივანიშვილის მიერ დაიბლოკოს ყველა ალტერნატიურლი ენერგო და ეკონომიკური დერეფანი, რომელიც გადმომისამართდება რუსეთისგან. სწორედ ამის გამო იქნა დაბლოკილი ანაკლიის პორტიც, გაგდებული იქედან ამერიკელი ინვესტორები, რომელსაც თან გასდევს ბიძინა ივანიშვილის ფრაზა: რა უნდა შავ ზღვაში ამერიკულ გემებს? ბიძინა ივანიშვილის ფასი და როლი ძალიან გაზრდილია დღეს, ვინაიდან სწორედ ის არის ერთერთი მნიშვნელოვანი მოთამაშე შეინარჩუნოს რუსული იმპერიის ქსოვილი, რომელიც შესაძლებელია უკრაინაში გაირღვეს. სწორედ ამიტომ ცდილობს რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინის დაბლოკვას და მიტაცებას, რომ დასავლეთს აღმოსავლეთისკენ მოუჭრას ყველანაირი გზა როგორც უკრაინის ასევე საქართველოს მიმართულებიდან. ანუ მიუხედავად ამ ურთულესი მდგომარეობისა რუსეთი ცდილობს დასავლეთს არ დარჩეს გზა რუსეთის გარდა და იძულებული გახადოს დასავლეთი მასზე იყოს დამოკიდებული, მიუხედავად უკრაინის მიმართ აგრესიისა. ის ამ ნაბიჯით ცდილობს დასავლეთს პირდაპირ თუ არა ირიბად აღიარებინოს ის რეალობა, რომელსაც უკრაინაში ქმნის. ამიტომაც ბიძინა ივანიშვილი დღეს ღიად, უპირისპირდება დასავლეთს და არ ეშინია სანქციების, ვინაიდან მან მშვენივრად იცის მისი როლის ფინანსური ფასი და არც გამოვრიცხავ ის ჰქონდეს დასახელებული. უნდა ავღნიშნო, რომ 2012წ. ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის მიზანი, იყო სწორედ საქართველოს დასავლური მისწრაფების დაბლოკვა, რომ ფინალური ფაზისთვის, რომელიც პუტინს ჰქონდა ჩაფიქრებული და რომელიც დღეს ხორციელდება, საქართველოს მიერ არ გარღვეულიყო იმპერიის ის ქსოვილი, რომელიც დასავლეთს მისცემდა ნორმალური ოპერირების და ალტერნატივის საშუალებას , ხოლო საქართველოს გახდიდა ვარსკვლავს ევროპა აზიის დამაკავშირებელ გზაზე . ამიტომ ყველაფერი ლოგიკურია. ლოგიკურია ისიც, თუ რატომ ანეიტრალებენ ციხეში მესამე პრეზიდენტს. წინ კიდევ მეტი საშინელებებია. ველოდები, რომ ივანიშვილი რუსების დახმარებით ძალისმიერ შეტევას მიიტანს პროევროპულ ოპოზიციაზე, იმიტომ რომ რუსეთისთვისაც ეს საკითხი ეგზისტენციალურად მნიშვნელოვანია. საქართველო უკრაინასთან ერთად იმყოფება ფინალურ ფაზაში. მიუხედავად იმისა, ჩვენი და უკრაინის ბედი გადაჯაჭვულია, ჩვენი გასაკეთებელი უკრაინაში არ გაკეთდება. ამის ნათელი მაგალითი იყო ის, რომ ივანიშვილმა ჩააგდო ევროკავშიის კანდიდატის სტატუსის მიღება. ის ასევე ჩააგდებს 6 თვეში ამ სტატუსის მიღებას. რუსეთი დამარცხდება და ეს არ არის მხოლოდ სურვილი. ეს არის მისი ქმედებების დისკურსის არარსებობა. აღარ არსებობს ის ტექსტი, რომელშიც შეუძლია ასეთმა რუსეთის იმპერიამ იარსებობს. მე ვთვლი საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ, საკუთარი გეოპოლიტიკური როლის შენარჩუნებისთვის, რუსეთს შეეძლო გადაედგა მხოლოდ ერთი ნაბიჯი, რაც გადადგა პეტრე პირველმა წასულიყვნენ ევროპაში და ესწავლათ ახალი გეოპოლიტიკური დისკურსი. რა თქმა უნდა სიმბოლურად. სტალინის შემთხვევაში დარჩენილი იყო ის სივრცე, რაც პეტრე პირველმა დატოვა და მემკვიდრეობით გადაეცა რუსეთის იმპერიას და შემდეგ ბოლშევიკურ მოდერნიზებულ იმპერიას. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ ეს სივრცე აღარ არსებობდა. საბჭოთა კავშირი ბოლო კუდი იყო იმ ძველი სამყაროსი, რომლის დანგრევას ელოდებოდა დასავლეთი. სტალინის მეთოდით და პეტრეს მეთოდით ამ იმპერიის ისევ შექმნა იყო და არის ის კატასტროფული შეცდომა, რომელიც რუსეთს საბოლოოდ დაანგრევს, მაგრამ ამ დანგრევამდე ის გაამწარებს ქვეყნებს და ოჯახებს. გამოიწვევს უდიდეს ნგრევსა და მსხვერპლს. მთავარი პრობლემა რუსების არის ერთი, დროის ვერ გაგება. ვერ გაგება იმისი, რომ კლასიკური იმპერიის დრო დასრულდა 1945წ.

Sunday 5 June 2022

ოპოზიცია და მიშა სააკაშვილი

ძალიან ბევრს ვფიქრობ, საქართველოში შექმნილ ვითარებაზე. სულ უფრო მიჭირს წარმოვიდგინო პროცესების განვითარების დინამიკა. ორი მომენტია ამ შემთხვევაში, შესაძლოა ვცდები, მაგრამ არც ოპოზიციას შეუძლია აყვეს მიხეილ სააკაშვილის დისკურსს, მის გეგმას, მის მოწოდებებს, ხოლო ხელისუფლება ყოველნაირად ცდილობს გავიდეს პოლიტიკური პროცესიდან, პრინციპში ახერხებს კიდევაც და არ დაემორჩილოს არანაირ პოლიტიკურ წესრიგს. სწორედ ამაზე მინდა მცირე ანალიზი გავაკეთო. შესაძლოა ვინმესთვისდ უცხო იყოს, მაგრამ აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ ქართული ოცნება, არასოდეს თამაშობდა პოლიტიკურ თამაშს 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ. ისინი სულ ცდილობდნენ გასულიყვნენ პოლიტიკური პროცესებიდან. განსაკუთრებით 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. ეს მათი გადარჩენის შანსია. სხვაგვარად მათ არ აქვთ შანსი. პოლიტიკური პროცესი გულისხმობს კონკურენციას, და პოლიტიკურ კონიუნქტურას, რაც ქართულ ოცნებას არ შეუძლია. ფიქრობენ, რომ არც ჭირდებათ. არ ჭირდებათ იმიტომ რომ პოლიტიკურ კონკურენციისას მათ არ აქვთ შანსი გადარჩენ. მიუხედავად იმისა, რომ დღეს მათ აქვთ პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური კრიზისი, ეს მათთვის არ წარმოადგენს ძალაუფლების დაკარგვის საფრთხეს. იგივე კრიზისი, რაც ოცნებას აქვს იქნებოდა ძალაუფლების დაკარგვის საფრთხე ნებისმნიერი ხელისუფლებისთვის. არ არის ოცნებისთვის, იმიტომ რომ ისინი არ თამაშობენ პოლიტიკურ თამაშს, არ არიან პოლიტიკურ პროცესში. მათ არ აინტერესებთ რა მოხდება, როგორ გაღრმავდება ეკონომიკური კრიზისი, კოვიდ პანდემია, სოციალური კრიზისი, ფასების ზრდა.... ისინი დგანან შიშველ ძალაზე. იქნება პროტესტი, მათი მიზანია ეს პროტესტი დათრგუნონ. ამის საშუალებები აქვთ და ის 5000 პოლიციელი ჩაფარიც ყავთ, ვინც ამას გააკეთებს. შესაძლოა უფრო შორსაც წავიდნენ და გასცდნენ 20 ივნისის სისასტიკეს. რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ვერ შედგა ოპოზიციური ერთობა. ჩემთვის ბევრი რამ გაუგებარია. არ არის ერთიანი სურათი შექმნილი ოპოზიციური მოძრაობის ფლანგზეც. ვერ ჩამოყალიბდა ერთიანი ხედვა და უნდა ვთქვა, რომ არ არსებობს პოლიტიკური კონიუნქტურაც, თუნდაც სააკაშვილის საკითხზე. საკაშვილის თემა იქცა პარადოქსად და ეს აქციეს პოლიტიკურმა ძალებმა. ვერ მოხერხდა მისი პერსონის საერთოოპოზიციურ დისკურსში მოაზრება. ამას აქვს როგორც სუბიექტური, ასევე ობიექტური საფუძვლებიც. სუბიექტური იმდენად რამდენადაც, ბევრი ოპოზიციური ლიდერისთვის ძნელია, მიუხედავად მისი რეიტინგისა მიშა აღიარებულ იქნეს ოპოზიციის ლიდერად და ოპოზიციური დღისწესრიგი სააკაშვილის თავისუფლების მოთხოვნასთან ერთად ვადამდელ არჩევნებსაც მოითხოვდეს. ობიექტური თვალსაზრისით, ნაც მოძრაობის გარდა სხვა ოპოზიციური ძალები ფიქრობენ, რომ სააკაშვილთან აფილირება დააკარგინებს მათ ისედაც მწირ მომხრეებს. შესაბამისად ოპოზიცია ვერ აიძულებს ხელისუფლებას შეიყვანოს მის პოლიტიკურ თამაშში, იმიტომ რომ არ აქვს ეს თამაში და ვერც აკეთებს მის ორგანიზებას. დასკვნის სახით, დღეს რაც ჩანს ეს არის გადღაბნილი ფოტო ფოკუსი, რომელიც გადღაბნილ სურათს იღებს. ერთადერთი გამოსავალია, რომ როგორმე ოპოზიციამ შეძლოს ერთიანი პოლიტიკური პროცესის ჩამოყალიბება, უბრალოდ გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ეს პროცესი არ გამოვა სააკაშვილის გარეშე, (თუნდაც იმიტომ რომ ის აქ არის და არა კიევში. კარგად გაიაზრეთ რისთვის ჩამოვიდა, რომ ოცნება დაებრუნებინა პოლიტიკურ პროცესში საიდანაც სულ გარბოდა ხელისუფლება.) აბსოლუტურად ობიექტურად და არა სუბიექტურად. არ გამოვა იმიტომ რომ 30% იანი ოპოზიციური ძალა მას გააჩნია, ეს რეიტინგი მისია. აქტიური პროტესტის ძირითადი ძალა მისია, როგორც ქუჩაში ასევე ყველა სახელმწიფო ორგანოში. თუ ოპოზიციას ექნება მიშა სააკაშვილის კომპლექსი, ეს აწყობს ოცნებას. სანამ იარსებებს ეს კომპლექსი, მანამდე ოცნება არ შემოვა არანაირ პოლიტიკურ პროცესში და მის მაგივრად მისი ჩაფრები დაგვიხეთქავენ თავებს. ამიტომ მიშას თავისუფლება და ვადამდელი არჩევნების თემა ვერ გაიყოფა, გამორიცხულია და დროში ეს უფრო გაწყობთ, იმიტომ რომ ოცნებას ცოტა ხანში ციხეში ეყოლება ძალიან მძიმე წონიანი პოლიტპატიმარი, რომლის შენარჩუნება არ იქნება იოლი, რა თქმა უნდა საერთაშორისო ზეწოლის ფარგლებში. სააკაშვილი კრიზისის წყაროა ოცნებისთვის, რომელიც მათ მაგრად არყევთ. ამიტომ მიშა საფრთხობელა ოცნების ნარატივია, ქენით პირიქით, იქეთ ეშინოდეს ოცნებას მიშასი, მისი პოლიტპატიმრობის და მისი თავისუფლების. თქვენ კიდე მისი ნუ გეშინიათ, ის თქვენსკენაა ძვირფასო ოპოზიციონერებო.

Tuesday 31 May 2022

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური არსებობის ანატომია (ნაწილი პირველი)

რა არის პოლიტიკური პროცესი? პოლიტიკური პროცესი არის, პოლიტიკური სუბიექტების მიერ ისეთ პროცესში მონაწილეობა, სადაც შესაძლებელია პოლიტიკური სისტემის, შეცვლა, რეფორმირება და განვითარება. განვითარებას როდესაც ვამბობთ, ვგულისხმობთ სასამართლოს დამოუკიდებლობას, სამართალდამცავების არაპოლიტიზირებას, საარჩევნო სისტემის დემოკრატოიულობას, გამჭვირვალობას....ქვეყნის ნორმალური განვითარებისთვის პოლიტიკური სუბიექტების მიერ ამის დაცვა არის უმნიშვნელოვანესი თუ მათ უნდათ ხალხის მიერ მიღებული ძალაუფლება ქვეყნისთვის სასიკეთოდ გამოიყენონ. პოლიტიკური პროცესიდან გასვლა უკვე არის ავტოკრატიაში შესვლა, რომელიც შესაძლებელია დიქტატურაში გადაიზარდოს, როდესაც ავტოკრატია იგრძნობს, რომ მის არსებობას შესაძლოა საფრთხე შეექმნას. რა არის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ყოფნის ანატომია? რაზე დგას მისი ხელისუფლება? ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ამ ეტაპზე წარმოადგენს ავტოკრატიულ მმართველობას, რომელიც ცდილობს და ყველაფერს აკეთებს, რომ არ იყოს პოლიტიკური პროცესის ნაწილი. მისი ხელისუფლების ყველაზე დიდი მტერი არის პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა. ის ვერ ითამაშებს კლასიკურ პოლიტიკურ თამაშს. ის არის მარგინალი და განგსტერი. ის ვერ ითამაშებს პოლიტკურ თამაშს, ვინაიდან ის აუცილებლად წააგებს მას მასზე გაცილებით ფინანსურად სუსტ, ოღონ კარგად ორგანიზებულ მოწინააღდეგესთანაც კი. რაზე დგას ბიძინა ივანშვილის ხელისუფლება? ის დგას 1. დიდ ფულზე, 2. მიტაცებულ სახელმწიფოზე და 3. რუსულ ხიშტზე. ამან არ დაგაბნიოთ, უტყუარი მტკიცებულებები არსებობს, რომელსაც აუცილებლად მოგახსენებთ. 1.ივანიშვილის ხელისუფლების ძლიერი საყრდენია დიდი ფული, როგორც პირადი, ისე სახელმწიფო რესურსი და ყველა ფულადი ნაკადების კონტროლი, რაც საქართველოს ფარგლებში არსებობს. მიუხედავად ამისა, არ შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არის მისი უპირობო არსებობის ანატომია. დიდ ფულიანი ხალხიც მარცხდება. 2.ივანიშვილის საყრდენია მიტაცებული სახელმწიფო - მიტაცებული მთავრობა, პარლამენტი, სასამართლო, სამართალდამცავი ორგანოები და თავდაცვის ძალები და საჯარო მოხელეების არმია, რომელიც არჩევნების მეთოდის მთავარი ბერკეტია. ყველა ამ სტრუქტურას აკონტროლებს პირადად. მათი ერთგულების მთავარი საყრდენი არის ამ სტრუქტურების ჩინოვნიკების წვდომა სახელმწიფო ფულად რესურსებთან კორუფციული გზით, დანაშაულში მონაწილეობით და შესაბამისად კომპრომატების დიდი სქელტანიანი საქმეებით, რაც შეუძლებელს ხდის ამ პირების მიერ მისი სტრუქტურიდან წასვლის შესაძლებლობას. ამ სქემაში ჩართულია ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი. 3. მისი საყრდენია რუსული ხიშტი. სწორედ ასე უხეშად. უკვე დიდი ხანია, დაახლოებით 2015 წლიდან, აშკარა გახდა ის ტენდენციები, როგორ ცდილობდა ივანიშვილი დასავლეთისგან დისტანცირებას. ეს შესამჩნევი 2013 წლიდან იყო, მაგრამ მაშინ იმდენად ამღვრეული იყო წყალი, რომ კარგად არ ჩანდა. გავიდა დრო და ეხლა გაცილებით უკეთ ჩანს მისი განვლილი პოლიტიკური ბეგრაუნდი. განსაკუთრებით ყველაფერი ნათელი გახდა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე, როდესაც ქვეყანამ არჩევნების ნაცვლად მიიღო სპეცოპერაცია საკმაოდ ხისტი მეთოდებით. ამის შემდეგ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები, რომელიც გაყალბდა უპრეცენდენტოდ. სწორედ აქ გამოჩნდა რუსული ხიშტიც, როდესაც რუსეთის საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელმა ნარიშკინმა გააკეთა განცხადება, თავი დაანებეთ “ქართულ ოცნებას” და დასავლეთი ნუ აწარმოებს მათზე ზეწოლასო. ეს იყო ბიძინა ივანიშვილის ზურგიც. ამას მოჰყვა ევროკავშირის ჩართვა საქართველოს პოლიტიკური კრიზისის განეიტრალებაში. შარლ მიშელის დოკუმენტის (სადაც ჩამოწერილი იყო რეფორმების ჩამონათვალი, რომელიც ოცნებას უნდა შეესრულებინა) ხელმოწერის შემდეგ ოპოზიცია შევიდა პარლამენტში, მაგრამ ხელმოწერიდან ორ თვეში ოცნება გავიდა შარლ მიშელის დოკუმენტიდან. ჩემი აზრით ეს იყო საბოლოო გაფორმება იმისი, თუ რა ძალას ეყრდნობოდა ბიძინა ივანიშვილი, რა აირჩია მან და როგორ განვითარდებოდა მოვლენები. რუსული ხიშტიც გამოჩნდა, ვინაიდან ამ ხიშტის გარეშე, ბიძინა ივანიშვილი ვერასოდეს გაბედავდა ამ ყველაფრის გაკეთებას, რომ ასე ღიად ამომხტარიყო დასავლური დისკურსიდან და ევროკავშირისთვის თავზე გადაეხია შეთანხმების დოკუმენტი. ეს გარდა იურიდიული ნონსესისა, იყო პოლიტიკური ნონსესიც ქართული რეალობიდან გამომდინარე. მოვახდინოთ ამ ფაქტების ანალიზი, ანუ რა არის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური ქმედებების ანატომია? მისი ქმედებების ანატომიაა შემდეგი: ის არ თამაშობს პოლიტიკურ თამაშს. ის არ შედის და არ უშვებს პოლიტიკურ პროცესს. ის ამარგინალებს პოლიტიკურ პროცესს, შესაბამისად არ შედის პოლიტიკურ კონკურენციაში. ის ამას ახერხებს დიდი ფულის რესურსის, მიტაცებული სახელმწიფოს და რუსული ხიშტის მეშვეობით. დიდი შეცდომაა ჩათვალო, რომ საქართველოში დღეს თითქოს არსებობს პოლიტიკურ პროცესი, რომ შესაძლებელია ამ პროცესით რაიმეს შეცვლა. ეს არის შეუძლებელი და კედელზე თავით დაჯახება. ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ აჩვენა, რომ ის ამ პროცესიდან გასულია. ეს ჩანს ყველა არჩევნების დროს, როდესაც არჩევნები პოლიტიკური პროცესი კი არა, მეთოდია, რომლითაც ის იღებს ახალ “ლეგიტიმაციას”, სადაც შესაძლებელია მაგალითად ზეწოლის შედეგად გამარჯვებული კანდიდატი გარდაიცვალოს კიდეც, რაც მოხდა ბათუმში. ის არ უშვებს სრულყოფილ პოლიტიკურ კონკურენციას და არ უშვებს ძლიერი პოლიტიკური ფიგურების პოლიტიკურ სცენაზე არსებობას. თუ განვიხილავთ მიხეილ სააკაშვილის მაგალითს, ის მას უსწორდება როგორც განგსტერი. შექმნილია ილუზია, რომ თითქოს სააკაშვილს ის ამარცხებს პოლიტიკურ ველზე, რაც არის ტყუილი. 2012 წლის შემდეგ მიხეილ სააკაშვილს არასოდეს მისცემია საშუალება სრულყოფილი მონაწილეობა მიეღო პოლიტიკურ პროცესებში. ამიტომ ილუზია, რომ სააკაშვილს ბიძინა სულ დაამარცხებს პოლიტიკურ რინგზე არის ტყუილი. ეს ჯერ არ მომხდარა. ეს მოხდება მხოლოდ ერთ შემთხვევაში, როდესაც სააკაშვილს თავისუფალ პოლიტიკურ კონკურენციაში შეეძლება მონაწილეობა მიიღოს საარჩევნო პროცესში. სააკაშვილი ციხეში, ნაწამები და ბიძინა არჩევნებში, შემდეგ ამას დაარქვა, რომ ბიძინამ აჯობა სააკაშვილს ცოტა უხერხულია, რომ არ დავარქვათ სრული ტყუილია. რა შემთხვევაში არის შესაძლებელი ივანიშვილის ჩანაცვლება და პოლიტიკური დამარცხება. პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება მისი ფულადი რესურსების განეიტრალება. ეს არ არის ერთადერთი ბერკეტი, რომელსაც ფლობს ივანიშვილი. მთავარი მაინც არის ივანიშვილის შემოყვანა პოლიტიკურ პროცესში, რომ შესაძლებელი გახდეს ნორმალური არჩევნების ჩატარება. ამისთვის აუცილებელია მასზე განხორციელდეს დიდი ზეწოლა დასავლეთის ჩართულობით. დასავლეთის ჩართულობამ და შიდა წნეხმა უნდა აიძულოს, ის ამ პროცესში მონაწილეობა მიიღოს თავისიფალი არჩევნების გზით. უნდა მოხდეს რუსული ხიშტის ამ გზით განეიტრალება, რაც უკრაინის ომის ფონზე შესაძლებელი უნდა გახდეს. ოპოზიციამ უნდა შეძლოს ისეთი საარჩევნო სისტემაზე აიძულოს ხელისუფლება, სადაც მათი რესურსი მაქსიმალურად იქნება გამოყენებული, მაგალითად ელექტრონული არჩევნების გზით ემიგრაციის მაქსიმალურად ჩართვა პოლიტიკურ პროცესში. მიგრაცია რომ ივანიშვილის ხელშემწყობია ეს თავადაც აღიარა და მისი განცხადება იყო სუფთად განგსტერის განცხადება. გამომდინარე აქედან, სანამდეც ივანიშვილი დაიტოვებს განგსტერის როლს და არ მოხერხდება მისი შეყვანა პოლიტიკურ პროცესში საქართველოში არაფერი შეიცვლება. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიური არსებობის ანატომია დევს მის განგსტერულ და მარგინალურ პოლიტიურ მოქმედებებში. ის ძალიან სუსტია პოლიტიურ პროცესში და შესაბამისად თავისუფალ კონკურენციაში, სადაც მის ფულს ფასი არ ექნება. დასრულდება მისი განგსტერობა, დასრულდება მისი პოლიტიკური მოღვაწეობა. არ დასრულდება მისი განგსტერობა, მივიღებთ მემკვიდრე განგსტერს, რომელსაც თავად დაასახელებს ერთ დღეს.

Sunday 10 April 2022

რატომ უნდა ვიომოთ თავისუფლებისთვის?

არასოდეს მავიწყდება ინგლისელი ქართველოლოგის დევიდ მარშალ ლენგის სიტყვები: „საქართველოს ისტორიას რომ გაეცნობი, ნამდვილად ღმერთს იწამებ, რადგან არანაირი ობიექტური საფუძველი იმისა, რომ ამ ერს აქამდე მოეღწია უბრალოდ არ არსებობს“. დიდი სიმართლეა ამ პატარა ფრაზაში. ამ პატარა ფრაზაშია ჩამალული საქართველოს საიდუმლოც. მისი გადარჩენის საიდუმლო. ამ საიდუმლოს ჰქვია ბრძოლა. ბრძოლა ქართული სამეფოსათვის და ბრძოლა ქართული სარწმუნოებისათვის, რაც შუასაუკუნეობრივ ეპოქაში სახელმწიფოს არსებობის ერთერთი უმნიშვნელოვანესი პოსტულატი იყო.
საქართველო ომობდა. ომობდა სულ, თავის გადარჩენისთვის. მას იპყრობდნენ, მაგრამ ის სულ ომობდა და თავისუფლედებოდა. დღევანდელი დღიდან შეგვიძლია დავინახოთ ის სისასტიკეები, რომელიც მაშინდელმა ქართველებმა გამოიარეს.
საქართველოს ისტორია ბრძოლის და ომების ისტორიაა. იმ ეპოქაში, როდესაც ყველაზე ძლიერი გახდა საქართველო და გახდა წინააზიის უძლიერესი სახელმწიფო ეს მოიტანა დიდგორის ომმა. სწორედ დიდგორის ომმა დაასრულა იმ ეპოქაში ქართველი ერის ჩამოყალიბებაც. იმიტომ რომ საქართველო ყველასთვის გახდა კონკურენტუნარიანი. სწორედ ეს კონკურენტუნარიანობაა ერის და სახელმწიფოს შედგენის მთავარი პირობა. როდესაც ომობ, მაშინ ქმნი საკუთარ იდენტობას და ქმნი კონკურენციას გარემომცველ სამყაროსთან. ომი და ბრძოლა არის ერის სინდისის ხმა, რომელიც გადაწვდება მომავალს და შეინახავს ისტორია. თავისუფლებისთვის ბრძოლაა ის სიამაყე, რომელიც აღგაფრთოვანებს ისტორიის კითხვისას.
საქართველოს უახლეს ისტორიაში თავიდან დაიწყო ქართველი ერის ჩამოყალიბება. ბევრი ომი გადავიტანეთ და პირველი ომი ეს იყო 9 აპრილი, სადაც იდგა სიმართლის წამი, სადაც იდგა, როგორც მერაბ კოსტავამ თქვა ერთერთი უდიდებულესი წამი საქართველოს ისტორიაში, როდესაც აფეთქდა ქართული სინდისი და დღემდე ეს დღე არის ერის სინდისის დღე და თავისუფლების სიმბოლოს დღე. პირველად ამ დღემ გამოაჩინა მსოფლიოს წინაშე ბოროტების იმპერიის ნამდვილი სახე.
პირველ რიგში ეს ქართველმა ერმა დაინახა და ისე შეიძულა ეს საშინელი იმპერია, რომ მას დაუსვა დიდი წერტილი. ეს ჩაილექა ჩვენს არაცნობიერში. მიუხედავად იმისა, რომ შემდეგ წლებში უამრავი სისხლი დაიღვარა ჩვენ ამ 30 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ვიომეთ. ავჯანყდით, არ შევეგუეთ, ვიომეთ აფხაზეთში, ვეომეთ ბალტინის ჯარებს, ვეომეთ რუსულ არმიას.
რა არის ყველაზე დიდი დამსახურება რაც საქართველომ შექმნა ამ 30 წლის მანძილზე? ეს არის პირველ რიგში იმპერიის რღვევის მექანიზმი. ამ მექანიზმის წინააღმდეგ იბრძვის დღეს რუსეთის იმპერია. ჩვენ შევძელით და შევქმენით ქართული სახელმწიფო. ჩვენ გავხდით რუსეთის კონკურენტი და ამ ბრძოლაში ჩაერთო უკრაინაც. სხვა თავგადასავალია ბალტიისპირეთის სახელმწიფოების გასვლა იმპერიიდან. ის უფრო გავს აღმოსავლეთ ევროპის გასვლას. სულ სხვა თავგადასავალია საქართველოს და უკრაინის გასვლა იმპერიიდან. ეს არის პირდაპირი შეჯახება ამ ბოროტებასთან ომის სახით.
ქართული სახელმწიფოს საფუძველი ჩაიყარა 1991წ 9 აპრილს, ხოლო ეს სახელმწიფო შედგა 2008წ. აგვისტოს ომის დროს. შედგა იმიტომ, რომ ჩვენ რუსეთისათვის გავხდით კონკურენტები. სწორედ აგვისტოს ომმა დაასრულა ქართული სახელმწიფოს საბოლოო შედგომა. იმიტომ რომ ამ ომში ჩვენ შევძელით გადაგვერჩინა ქართული სახელმწიფო.
ასევეა უკრაინის სახელმწიფო, მისი საბოლოო შედგომა მოხდა ამ ომის დროს. ეხლა იქმნება უძლიერესი უკრაინის სახელმწიფო. ომი და ამ ომში გამოჩენილი სინდისი ქმნის უკრაინელ ერს და უკრაინის სახელმწიფოს. ამიტომაა გადაჯაჭვული ჩვენი და უკრაინის ბედი ერთმანეთს. ჩვენ ვართ დღეს რუსეთის კონკურენტები.
გადარჩება ჩვენი სახელმწიფოები, არ იარსებებს რუსეთის იმპერია. ეს არის ფორმულა ამ ბრძოლის.ეს არის ფორმულა რუსეთის იმპერიის დასასრულის.
სწორედ ამიტომ იყო, რომ საქართველო სულ მხარს უჭერდა უკრაინის ბრძოლას ფორთოხლისფერი რევოლუციის თუ მაიდანის დროს. აი ამიტომაა ტრაგიკული დღეს საქართველოს ხელისუფლების პოზიცია უკრაინის მიმართ. იმიტომ რომ ამ ხელისუფლებას არ აქვს გააზრებული ეს ისტორია, რომელიც 30 წელში გაიარა საქართველომ და უკრაინამ.
ბოლოს მინდა ვთქვა, რომ კოლექტიურ ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს და ირაკლი კობახიძეს წარმოდგენა არ აქვთ რომელი ქვეყნის ხელისუფლებაში არიან. აზრზე არ არიან 2012წ. არჩევნებში რომ მიიღეს მონაწილეობა და თანამდებობები დაიკავეს რამდენი სისხლი დაიღვარა ამ არჩევნებისთვის. არ იციან რამ შექმნა და შეადგინა ეს სახელმწიფო რომ ჩაებღაუჭენ გარემონტებულ ოფისებს. ეს ყველაფერი მოიტანა ბრძოლამ და ომმა. დიახ, ომმა მოიტანა 90-იან წლებში და ომმა მოიტანა 2008 წელს, რომელსაც სრულიად უსირცხვილოდ საქართველოს აბრალებთ. ხოლო უკრაინის ომს პრეზიდენტ ზელენსკის. ჩვენ ვიომეთ ამისთვის. ვიომეთ ამ სახელმწიფოსთვის, ამ კონსტიტუციისთვის, თუნდაც იმისთვისაც რომ თქვენ დღეს ხელისუფლება გქვიათ.
თქვენ გგონიათ თქვენი გაიძვერობა გადაარჩენს საქართველოს? თქვენი კოლაბორაცია გადაარჩენს საქართველოს? არა, უკრაინა გადაარჩენს. ის 2000 ქართველი გმირი გადაარჩენს, ვინც დღეს ომობს უკრაინაში. ომობს იმიტომ რომ ომი აღარ იყოს საქართველოში. იმ სამი ვაჟკაცის სისხლი გადაარჩენს რომ ჩამოასვენეს და თქვენ მისამძიმრებაც ვერ გაბედეთ და ეს ლოგიკურია, თქვენ არ გაქვთ სინდისი, რომ მათ მიუსამძიმროთ. თქვენ გინდათ თანამდებობა, მაგრამ მაგ თანამდებობასაც ეს გმირები გადაარჩენენ. ის ბიჭები არიან დღეს ქართული სახელმწიფოს სინდისი. ისინი იყვნენ 2008წ. საქართველოს სინდისი. დიახ, ომი, ომი ქმნის სახელმწიფოს, თავისუფლების სიყვარული და არა თქვენი კოლაბორაცია, რომელიც ჩაესვენება რუსეთის იმპერიის ძონძებთან ერთად. თქვენ წახვალ ისტორიულ მოუსავლეთში, იმიტომ რომ თქვენ არ იცით და ვერც ვერასოდეს გაიგებთ ქართულ სახელმწიფოს და მის თავისუფლებას.
დიდება უკრაინას!
დიდება საქართველოს!
დიდება გმირებს!

აბა, ომი გინდათ?

რას ნიშნავს: „აბა ომი გინდათ?“„ზელენსკიმ ხალხი გაწირა,“ „არ იცოდა ზლენსკიმ რა მოხდებოდა?“ „ ამ ომში დაიჩაგრება და დაისჯება უკრაინა“ (საქართ. პ.მ). „უნდათ საქართველო ჩაითრიონ ომში“ (ირაკლი კობახიძე) ...
ეს არის ის იდეოლოგიური საფუძვლები, რაზედაც დგას საქართველოს ხელისუფლების რიტორიკა, რომლითაც ის უპირისპირდება საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს და უპირისპირდება უმძიმეს ომში ჩართულ უკრაინის ხელისუფლებას.
რას ნიშნავს ეს ფრაზები? ალბათ, საინტერესოა რა დგას ამ ფრაზების უკან, რა წარმოადგენს ამ იდეოლოგიის კონტექსტს. ასევე შეგვიძლია წინასწარ შევიტყოთ, რაზეა წამსვლელი საქათველოს ხელისუფლება და რის დათმობას აპირებს იმ შემთხვევაში, თუ სასქართველოს ომს დაუწყებს რუსეთი.
როგორც აღმოჩნდა (თუ რატომ აღმოჩნდა ამაზე ქვემოთ ვისაუბრებთ) აბსოლუტურად ბლეფი იყო რუსეთის ფედერაციის წერილი დასავლეთის და ნატოსთვის, სადაც ითხოვდა 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გაუქმებას, სადაც წერია, რომ საქართველო და უკრაინა აუცილებლად გახდებიან ნატოსა წევრები. ასევე ბლეფი იყო, რომ რუსეთს არ სურს ნატოს სახელმწიფოები საკუთარ საზღვრებთან. მას ყავს ნატოს სახელმწიფოები საკუთარ საზღვრებთან, ესაა ბალტიის სახელმწიფოები, რომლებიც ძალიან ახლოს არიან სანკ პეტერბურგთან. ასევე ახლახანს განაცხადეს, რომ ფინეთის და დანიის შესვლა ნატოში რუსეთისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.
სინამდვილეში სრულიად სხვა მიზეზია იმისი თუ რატომ უნდა დასხმოდა თავს უკრაინას რუსეთი. ომის დაწყებამდე ორი დღით ადრე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გამოვიდა და საათზე მეტი ისაუბრა უკრაინაზე, თუ როგორ არის ის ხელოვნური სახელმწიფო, რომ ის არ უნდა არსებობდეს როგორც ეროვნული სახელმწიფო და სწორედ მაშინ ახსენა დენაციფიკაცია. რასაც უპირებდნენ უკრაინელებს. რა არის დენაციფიკაცია კარგად არის ახსნილი ტიმოფეი სერგეიცევის სტატიაში „რა უნდა გააკეთოს რუსეთმა უკრაინაში.“ ამ სტატიაში ვკითხულობთ:
• „მოსახლეობის შემდგომი დენაციფიკაცია მოიცავს ხელახალ აღზრდას, რაც მიიღწევა იდეოლოგიური რეპრესიით და მკაცრი ცენზურით არა მხოლოდ პოლიტიკის, არამედ კულტურისა და განათლების სფეროებში
• დენაციფიკაცია შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ გამარჯვებულის მიერ, რაც გულისხმობს (1) მის აბსოლუტურ კონტროლს დენაციფიკაციის პროცესზე და (2) ძალაუფლებას, რომელიც უზრუნველყოფს ასეთ კონტროლს. ამ მხრივ, დენაციფიცირებული ქვეყანა არ შეიძლება იყოს სუვერენული
• დენაციფიკაციის ვადები არანაირად არ შეიძლება იყოს ნაკლები ერთ თაობაზე, რომელიც უნდა დაიბადოს, გაიზარდოს და მომწიფდეს დენაციფიკაციის პირობებში
• სახელწოდება „უკრაინა“ არ შეიძლება შენარჩუნდეს
• დღევანდელი უკრაინის ტერიტორიაზე შეიქმნება სახალხო რესპუბლიკები, რომლებიც ისარგებლებენ ეკონომიკური თვითმმართველობისა და სოციალური უზრუნველყოფის უფლებით
• არანაირი „მარშალის გეგმები“ ამ ტერიტორიებზე არ დაიშვება
• არანაირი „ნეიტრალიტეტი“, იდეოლოგიური და პრაქტიკული გაგებით, არ შეიძლება არსებობდეს: შეუძლებელია, ამ ტერიტორიაზე რამე ორგანიზაცია არ ეყრდნობოდეს რუსეთის ძალისმიერ და ორგანიზაციულ მხარდაჭერას
• დენაციფიკაცია გარდაუვალად ნიშნავს დეუკრაინიზაციას
• საქართველოსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებისგან განსხვავებით, უკრაინა, როგორც ისტორიამ აჩვენა, შეუძლებელია შედგეს ეროვნულ სახელმწიფოდ. მისი „მშენებლობის“ მცდელობა ბუნებრივად იწვევს ნაციზმს
• უკრაინიზმი ხელოვნური ანტირუსული კონსტრუქციაა, რომელსაც არ გააჩნია საკუთარი ცივილიზაციური შინაარსი
• ბანდერელების ზედაფენა უნდა განადგურდეს, მისი ხელახალი აღზრდა-გადაკეთება შეუძლებელია
• დენაციფიკაციისთვის აუცილებელია მოსახლეობის მიმხრობა, რუსეთის მხარეს გადასვლა. საჭირო იქნება გარკვეული დრო, რათა ხალხი გონს მოეგოს ომის საშინელებებისაგან და დარწმუნედეს რუსეთის გრძელვადიან განზრახულობაში, რომ „მათ არ მიატოვებენ“
• „კათოლიკური პროვინცია“ (დასავლეთი უკრაინა ხუთი რეგიონის შემადგენლობით) ნაკლებად სავარაუდოა, რომ გახდეს პრორუსული ტერიტორიების ნაწილი, თუმცა გამყოფი ხაზი ემპირიულად გაივლება. დარჩება რუსეთის მიმართ მტრულად განწყობილი, მაგრამ იძულებით ნეიტრალური და დემილიტარიზებული უკრაინა ფორმალურად აკრძალული ნაციზმით. ამ ნარჩენი უკრაინის ნეიტრალურ სახელმწიფოში შენარჩუნების გარანტია უნდა იყოს სამხედრო ოპერაციის დაუყოვნებელი გაგრძელების საფრთხე. შესაძლოა, ამას დასჭირდეს რუსეთის მუდმივი სამხედრო ყოფნა მის ტერიტორიაზე.
• უკრაინაში ნებისმიერი სამხედრო ფორმირების, მათ შორის უკრაინის შეიარაღებული ძალების ლიკვიდაცია
• არსებული სასწავლო მასალებისა და ყველა დონის საგანმანათლებლო პროგრამის აკრძალვა
• უკრაინის დენაციფიკაციის გეგმის პრაქტიკაში განსახორციელებლად, რუსეთს მოუწევს საბოლოოდ დაშორდეს პროევროპულ და პროდასავლურ ილუზიებს, გაიაზროს თავი ისტორიული ევროპის იმ ფასეულობათა დაცვისა და შენარჩუნების უკანასკნელ ინსტანციად, რომელზეც დასავლეთმა საბოლოოდ თქვა უარი
• დავანაწევრებთ უკრაინას, ავკრძალავთ „უკრაინის“ ხსენებას, დავაწესებთ ცენზურას, გავაუქმებთ უკრაინულ ენასა და სახელმძღვანელოებს“.“
ეს გეგმა, რომელიც ავტორმა მკითხველს წარმოუდგინა, არის ის საშინელება, რასაც რუსები უპირებდნენ უკრაინას და უპირებენ სავარაუდოდ იმ რეგიონებს, რომლების დატოვება უნდათ ოკუპაციის ქვეშ, დონბასი, ლუგანსკი და ყირიმი.
ეხლა, ამ გეგმის გათვალისწინებით საინტერესოა განვიხილოთ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების იდეოლოგია: “„ზელენსკიმ ხალხი გაწირა,“ „არ იცოდა ზლენსკიმ რა მოხდებოდა?“ „ ამ ომში დაიჩაგრება და დაისჯება უკრაინა“.
რა უნდა ექნა ზელენსკის, ხელი უნდა მოეწერა დენაციფიკაციაზე? ხელი უნდა მოეწერა და დაეშვა უკრაინის დანაწევრება, უკრაინის სახელმწიფოს გაუქმება, უკრაინული ენის გაუქმება, უკრაინული საგანმანათლებლო სისტემის გაუქმება, მოეხდინა უკრაინის დეუკრაინიზაცია? ანუ ზელენსკის საქართველოს ხელისუფლებისთვის რომ ეკითხა რა ვქნა ვეომო რუსებს თუ გავაუქმო უკრაინის სახელმწიფო რას ეტყოდა პრემიერი ღარიბაშვილი და მთავარი იდეოლოგი კობახიძე, გააუქმე, აბა ომი გინდაო? ეს არის საქართველოს ხელისუფლების პასუხი იმ იდეოლოგიით, რასაც ისინი ავრცელებენ ყოველდღიურად და ეს იკითხება მათი ფრაზებიდან.
როდესაც ამბობთ აბა ომი გინდათ, ეს ყველაფერი რასაც უკრაინას უპირებდს რუსეთი საქართველოზეც ვრცელდება? ხომ ფაქტია, რომ რუსეთი ცარისტული იმპერიის აღდგენას აპირებს,ამაზე ისაუბრა პუტინმა ზუსტად. ანუ საქართველომაც უნდა გააუქმოს საკუთარი სახელმწიფო? ამას გველაპარაკებით? ამას ნიშნავს ომისგან თავის არიდება? სინამდვილეში რუსები ნატოს წინააღმდეგ არ იბრძვიან და შესანიშნავად იციან, რომ თავს არავინ დაესხმებათ. რუსები იბრძვიან ჩვენნაირი ქვეყნების დაშინებვისთვის და დასავლელი პარტნიორების გასანეიტრალებლად, რომ მერე ტვინი არ წაუღონ დასავლეთმა ოკუპაციიით. ხოლო საქართველოს ხელისუფლება მთელი არსებით გადაშვებულია დასავლეთისგან დისტანცირებაში და მზადა საქართველოს დენაციფიკაციისთვის და სახელმწიფოს გაუქმებისთვის. აი ეს არის იმ ფრაზების უკან რასაც ისინი ამბობენ.
საქართველოს ხელისუფლება თავისი პოზიციით, არის უკრაინის დენაციფიკაციის მომხრე, რაც გულისხმობს: უკრაინის დანაწევრებას, „უკრაინის“ ხსენების აკრძალვას, ცენზურის დაწესებას და დემოკრატიის გაუქმებას, უკრაინული ენის და სახელმძღვანელოების გაუქმებას, უკრაინის სახელმწიფოს გაუქმებას. ელემენტარულად რომ გავაცნობიეროთ რას ლაპარაკობენ და რას ამბობენ, ხოლო ამ საუბრით რას უსურვებენ და ურჩევენ უკრაინას, შემდეგ წარმოვიდგინოთ რას უპირებენ საქართველოს და რაზე არიან წამსვლელები, შესაძლებელია მართლა ცუდად გახდე და გული გაგიჩერდეს.
ბოლოს მინდა ის მიზეზი გავხსნათ, თუ რატომ არის ეს საქართველოს ხელისუფლების პოზიცია. რუსეთის გამარჯვების შემთხვევაში ეს არის ხელისუფლებაში ყოფნის გარანტია და ბიძინა ივანიშვილის ფულის გადარჩენა. ამისათვის მზად არიან უკრაინას უსურვონ გაუქმება და დენაციფიკაცია, ხოლო საქართველოს თავისუფლება და დამოუკიდებლობაზე თქვან უარი. მე არაფერი მომიგონია, ამას ამბობენ თავად და ამ იდეოლოგიას აფუძნებენ

Sunday 30 January 2022

რუსეთის იმპერიის დასასრული

 





ძალიან ბევრი მსჯელობაა უკრაინის საკითხზე. დაიწყებს რუსეთი ომს, არ დაიწყებს ომს, რას იზამს დასავლეთი, როგორ მიეხმარება, რა იარაღს აწვდის უკრაინას და ასე შემდეგ. ეს არის მსჯელობა წარმოშობილ საკითხზე, მოცემულობაზე, რომლის წინაშეც დაგვაყენა რუსეთის მიერ უკრაინის საზღვრებთან თავმოყრილმა სამხედრო ძალამ. ამაზე საუბარი და მსჯელობა რა თქმა უნდა ლეგიტიმურია და შესაბამისად საფრთხეც არსებობს, მაგრამ ჩემთვის საინტერესოა თავად რუსეთის იმპერიის, როგორც კლასიკური იმპერიის (კლასიკური იმპერია, რომელიც იერთებს და იპყრობს სხვა სახელმწიფოების ტერიტორიებს) შინაარსის შესაძლებლობა თანამედროვე სამყაროში. რამდენად არსებობს მისი კიდევ ერთხელ მოდერნიზაციის შესაძლებლობა? რუსეთის პირველმა იმპერიამ 2 საუკუნე იარსება. მეორე ბოლშევიკურმა იმპერიამ კიდევ 70 წელი. ორივე იმპერია კლასიკური ხასიათის იყო, რაც მოიცავდა გარშემომყოფი ქვეყნების შეერთებას, ანექსიას და ოკუპაციას. ორივე შემთხვევაში რუსეთი ახერხებდა საკითხის დაწყებას, განვითარებას და დასრულებას. დღეს ვითარება სხვაგვარია. რუსეთის ოკუპაციები შემოიფარგლება მხოლოდ ნაწილობრივი ტერიტორიების ოკუპაციაში, როგორიცაა აფხაზეთი, ცხინვალის რეგიონი, დნესტრისპირეთი მოლდოვაში, დონეცკის და ლუგანსის რეგიონები უკრაინაში და ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია.
რამდენად არსებობს დღეს კლასიკური იმპერიის შექმნის შესაძლებლობა? ეს არის საინტერესო საკითხი. მეორე მსოფლიო ომის შემდგომი გეოპოლიტიკური წესრიგი დასრულებულია. ის დასრულდა სსრკ დაშლით. ვ. პუტინმა მას უწოდა მე-20 საუკუნის გეოპოლიტიკური კატასტროფა. სინამდვილეში ეს იყო გეოპოლიტიკური და ისტორიული ლოგიკა, იმიტომ რომ არ უნდა ეარსება ქვეყანას, რომელიც აკეთებდა იარაღს და ტალონებით აწვდიდა თავის მოსახლეობას პირველადი მოხმარების პროდუქტებს, არ გააჩნდა ადამიანიის უფლებების ელემენტარული დაცვა, არ გააჩნდა სამართალი და არ გააჩნდა პოლიტიკური კონკურენცია შიდა პოლიტიკურ ველზე. ასევე არ შეეძლო შეეთავაზებინა მისი გავლენის და ანექსიის ქვეშ მყოფი ქვეყნებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიები. არ შეეძლო ამ კონკურენციაში ჩართვა, რომლის გარეშეც არ არსებობს თანამედროვე მსოფლიო. მითუმეტეს დღეს. თუ რუსეთს გაეთიშება თანამედროვე ტექნოლოგიები, ინტერნეტი, მსოფლიო პროგრამული უზრუნველყოფები, გუგლი, აპლი, მაკროსოფტი, საბანკო სისტემა.... რა დარჩება ან რუსეთის ეკონომიკიდან, ან მისი პოლიტიკური ამბიციებიდან? ... შეუძლია მას შექმნას ალტერნატივა? იყოს სუვერენული? ან რას თავაზობს დაპყრობილ ქვეყნებს ამის სანაცვლოდ? ვერც ვერაფერს და ამის არც რესურსი გააჩნია, არც ინტელექტუალურ ტექნოლოგიური შესაძლებლობა.
როგორც კი გაჩნდა პოლიტიკური კონკურენციის შესაძლებლობა საბჭოთა კავშირმა დაიწყო ჩამოშლა და მას აღარ გააჩნდა შინაარსი, რომ შენარჩუნებულიყო. საბჭოთა კავშირის თავს არავინ დასხმია და არ დაუშლია. ის დაიშალა იმით, რომ გამოეცალა შიდა სიტუაციის შენარჩუნების შინაარსი და ასევე საგარეო გეოპოლიტიკური შინაარსი. ამიტომ არანაირ კატასტროფას ადგილი არ ჰქონია. ადგილი ჰქონდა ისტორიულ ლოგიკას, რომლითაც ეს იმპერია ვეღარ შენარჩუნდებოდა. ანუ აღარ არსებობდა ენა, რომელზედაც ეს იმპერია დაამყარებდა კომუნიკაციას დანარჩენ მსოფლიოსთან.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,ვ. პ უტინს აქვს მესამე მცდელობა აღადგინოს რუსეთის იმპერია, იგივე ფორმით, როგორც ეს წინა საუკუნის 20-იან წლებში მოახდინეს ბოლშევიკებმა, დაპყრობით, ანექსიით. რამდენად არსებობს ამ ახალი იმპერიის შექმნის ენა? შესაძლებელია ახალ იმპერიას გააჩნდეს შესაძლებლობა მან გააგრძელოს ცხოვრება როგორც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა კავშირმა გააგრძელა? რამდენადაა ეს სინამდვილე? დღეს რა აქვს ხელთ პუტინს, რომ განახორციელოს ეს იდეა? მაგალითად რა კომპონენტებია ზემოთ ნახსენები ოკუპირებული ტერიტორიები სხვადასხვა ქვეყნებში? რამდენადაა ესენი მთლიანად ამ ქვეყნების დაპყრობის და ახალ რუსეთის იმპერიაში მოქცევის ბერკეტები?
ჩემი აზრით, რუსეთის პოლიტიკური და ოლიგარქიული ბიზნეს ელიტა ახალი საბჭოთა კავშირის შექმნის იდეით ქმნიან მითს, რათა გაიხანგძლივონ საკუთარი ფინანსური იმპერიის ხანგძლივობა. სხვა შემთხვევაში, არ არსებობს არანაირი შინაარსი ისინი არსებობდნენ ხელისუფლებაში და განკარგავდნენ რუსეთის უზარმაზარ ქონებას, ხოლო უკვე 20 წელია რუსეთის მოსახლეობა ცხოვრობდეს უკიდურეს გაჭირვებაში. რა თქმა უნდა ნამდვილია ტანკებიც, სამხედრო მოსამსახურეებიც, მუქარაც უკრაინის და საქართველოს მიმართ, მაგრამ არაა ნამდვილი ამ მუქარის განხორციელება, არაა ნამდვილი რუსეთის ახალი იმპერიის შექმნის შესაძლებლობა იმ ფორმით, როგორც ამ იმპერიამ იარსება მანამდე. არაა ნამდვილი ქვეყნების სრული ოკუპაცია და მათზე ფინანსური კონტროლის და ასევე ფინასური უზრუნველყოფის განხორციელება.
ნამდვილი და მაქსიმუმი შესაძლოა იყოს იქ სასურველი ხელისუფლებების დასმა, ტერიტორიების ოკუპაცია, მაგრამ ეს ყველაფერი არის აბსოლუტურად დროებითი და მყიფე. ეს ყველაფერი ემსახურება მითს დიდი რუსული იმპერიის აღდგენაზე, რომელიც პუტინს და მის გარემოცვას ჭირდება პოლიტიკურ ელიტად ყოფნისთვის და ხელისუფლების შენარჩუნებისთვის. ეს არის მითოლოგიური ხუხულა, რომელიც აუცილებლად დაინგრევა და ამ ნგრევას შესაძლოა უკვე მოყვეს თავად ფედერაციის რღვევა, ვინაიდან რუსეთი ვერ უზრუნველყოფს თავისივე რეგიონების ეკონომიკურ განვითარებას, რამაც დაშალა საბჭოთა კავშირი. ის შესაძლოა განხორციელდეს საკუთარ რეგიონებშიც.
რუსეთის იმპერიის დაშლა დაიწყო 1917 წლის თებერვლის რევოლუციით. მერე მოხდა მისი მოდერნიზება 70 წლით და გაგრძელდა დაშლა. ახალი მოდერნიზების რესურსი ნამდვილად არ გააჩნია თანამედროვე რუსეთს, განსაკუთრებით იმ ფორმით რა ფორმითაც ცდილობს ეს გააკეთოს. კლასიკური იმპერიის ენა იმდენად მკვდარი ენაა, რომ შეუძლებელია მისი აღდგენა. თუ ეს მეოცე საუკუნეში დასრულდა ბრიტანეთისთვის, საფრანგეთისთვის, გერმანიისთვის ის სრულდება რუსეთისთვისაც. შესაძლებლობას ასრულებს დისკურსის არ არსებობა, კონტექსტის არ არსებობა და ენის არ არსებობა. უკრაინის გარშემო შექმნილი ვითარება, საფრთხილო და საშიშია იმდენად, რამდენადაც ის გამოიწვევს ადამიანების დიდ მსხვერპლს, ლტოლვილების დიდ ნაკადს, ნგრევას. ეს დაანგრევს იმ მითს, რასაც პუტინი რუსეთში ამკვიდრებს, იმიტომ რომ პუტინი დღეს ვერ შექმნის კლასიკურ იმპერიას, ეს ისტორიის საკუთრებაა. კლასიკური იმპერიის ენა მოკვდა. რაც უფრო ადრე დაინგრევა რუსებისთვის ახალი სსრკს შექმნის მითი, მით უფრო ამოისუნთქებს რუსი ხალხი. სწორედ ეს მითია მათი საშინელი ცხოვრების მთავარი მიზეზი. უკრაინა იყო რუსეთის შექმნის დასაწყისი და იქნება რუსეთის იმპერიის დასასრულიც. მე ვფიქრობ, რომ რუსეთის საზოგადოება, ძალიან მალე გააცნობიერებს იმ აბსურდს, რა აბსურდშიც პუტინის რეჟიმი აცხოვრებს რუსეთს. იმაზე სწრაფად მოხდება ყველაფერი, ვიდრე შეიძლება წარმოვიდგინოთ. რუსეთის იმპერიის ლოგიკა აღარ არსებობს, არსებობს მხოლოდ მუქარა და ბლეფი. რაც უფრო ადრე გამჟღავნდება ეს, უკრაინის და დასავლეთის მეშვეობით, მით უფრო მალე დაინგრევა პუტინის მითოლოგია და პროპაგანდა ახალ დიდ რუსეთის იმპერიაზე. მთავარია ეს მოხდეს რუსეთის შიგნით. ტყუილი და ბლეფია, რომ რუსეთის უდაფრთხოებას აქვს პრობლემები ნატოს გაფართოებით. რაკეტები რუსებს უკრაინიდან თუ მიწვდება ვარშავიდანაც მიწვდება, უბრალოდ მას ამას არავინ ესვრის და არც აპირებს ესროლონ.

ირაკლი მარგველაშვილი

29.01.2022