Monday 20 April 2009

9 აპრილამდე და 9 აპრილის შემდეგ (სიტუაციური ანალიზი)

საქართველოში შექმნილი სიტუაცია თანდათან უფრო მწვავდება. პოლიტიკური ტემპერატურა მაღლა იწევს. სიტუაციურად ბევრი რამ პოსტ ფაქტუმ კეთდება და ეს ოპოზიციის მისამართით უფრო ითქმის. დავიწყოთ ანალიზი თავიდან.
9 აპრილის აქციების დაანონსება თებერვალში განხორციელდა. შესაბამისი ოპოზიციური არხებით დაიწყო პროპაგანდა, რომ 9 აპრილს რაღაც მოხდება, 9 აპრილს საოცრება იქნება, 9 აპრილს ხელისუფლებას დიდი პრობლემები შეექმნება. თანდათან ეს პროპაგანდა მივიდა იქამდე, რომ 9 აპრილს ხელისუფლება შეიცვლება. ყველა ტელევიზიით მიმდინარეობდა საოცარი პროპაგანდა. ამას არ ჩამორჩებოდნენ რადიოები, გაზეთები, ელექტრონული მედია
უფლება არა გვაქვს არ ვიფიქროთ, რომ ამ დაანონსების უკან ბევრი რამ იმალებოდა. ანუ მიმდინარეობდა მზადება და დღევანდელი პოსტ ფაქტუმ სიტუაციები სულაც არ იყო გათვალისწინებული. დღეს დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ სიტუაციას ოპოზიცია პოსტ ფაქტუმ ახორციელებს. საკნებისა და კარვების დადგმა სხვადასხვა ადგილებში. რეგიონებში წასვლა და ხალხის მობილიზება....
საინტერესოა რა იყო პირველადი დაანონსების მიღმა. რა სამზადისი მიმდინარეობდა. როგორ ემზადებოდა ოპოზიცია. გამოითქვა უამრავი მოსაზრება, გამოითქვა ექსპერტების მოსაზრებები. ოპოზიციის ლიდერების მოსაზრებები, რომლებიც სხვადასხვა ვერსიებით, სხვადასხვა მოსაზრებებით კვებავდა თავის პრ-კამპანიას 9 აპრილის აპოკალიპსურ დღედ გამოცხადების შესახებ.
მაგალითად ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი დასმულ შეკითხვაზე: "როგორ წავა მიხეილ სააკაშვილი" ორაზროვნად, "ასოციაციურად" პასუხობს: ის წავა ზღვით. მას უნდა წავიდეს, როგორც ნოე ჟორდანია. იმთავითვე გაკვირვება გამოიწვია ჩემში ამ სახელის და გვარის ხსენებამ. მან არ ახსენა ზვიად გამსახურდია, მან არ ახსენა შევარდნაძე, არამედ ნოე ჟორდანია. როგორ წავიდა ნოე ჟორდანია? ის წავიდა რუსების შემოსევის შედეგად. იძულებით. რუსის ჯარის ოკუპაციის შედეგად. რატომ მოუვიდა თავში ამ "სახელოვან" ექსპერტს მსგავსი ასოციაცია? მხოლოდ ერთ რამეზე დამაფიქრა ამ ყველაფერმა. მან რაღაც იცის. რა იცის ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ რაღაც იცის. არნიშნული ინტერვიუს შემდეგ მოხდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ცნობილი ფირების გამჟღავნება იარაღის შეძენაზე. სადაც საუბარი იყო მალთაყვაზე, ზღვაზე.... რა თქმა უნდა ეჭვია, მაგრამ უკვე ეს ეჭვიც გაძლიერდა. ასევე გაძლიერდა, რომ მან რაღაც იცის. ეს "მან რაღაც იცის", უკვე 9 აპრილის ანონსების უკან მიმდინარე მოვლენებზე გვიხსნის ლოგიკურ ჩაკეტილობას.
თუმცა ამის პრობლემაც არ არის, ვინაიდან წითელ პარასკევამდე გამართულ მიტინგზე, ბატონმა გაჩეჩილაძემ ღიად განაცხადა: "ჩვენ ვიწყებთ აგრესიულ ქმედებას. თუ ის არ მოვა ჩვენთან, ჩვენ მივალთ მასთან". ასევე გუბაზ სანიკიძის გამოსვლა გახდა საინტერესო სადაც მან თქვა: სამშაბათიდან ჩვენ გავხდებით უფრო აგრესიულები და ჩვენი ქმედება იქნება აგრესიული.
მოდით ეს ყველაფერი ერთმანეთთან დავაკავშიროთ, კერძოდ: 9 აპრილის დაანონსება, სოსო ცისკარიშვილის განცხადება, გაჩეჩილაძის და სანიკიძის გამოსვლები, შსს-ს მიერ იარაღის შესყიდვის ფაქტების ჩვენება. 9 აპრილის ანონსის ქვეშ, რომ მიმდინარეობდა სტრატეგიული მზადება ოპოზიციის მიერ აქციების მოქმედების გეგმის ჩათვლით, მემგონი ამას არ სჭირდება დიდი სიბრძნე. სოსო ცისკარიშვილის ასოციაცია, რომ სააკაშვილს სურს ჟორდანიასავეთ წასვლა და რომ ეს შესაძლებელია მოხდეს და ექსპერტი ამას უშვებს მეტად საინტერესო მოსაზრებაა. თუ მცირე კონტენტ ანალიზს მოვიშველიებთ და გავშიფრავთ ბატონი სოსოს ნააზრევს მივიღებთ შემდეგ ტექსტს:
მშვიდობიანად სააკაშვილი არ წავა. ანუ მხოლოდ ქუჩაში გამოსვლა ამისთვის საკმარისი არ არის. ის უნდა წავიდეს. არ წავა მშვიდობიანად, წავა ძალით, მაგრამ ოპოზიციას 1991 წლისგან განსხვავებით ფართომაშტაბიანი სამხედრო ოპერაციის წარმოების საშუალება არა აქვს. სააკაშვილმა ეს იცის. სააკაშვილმა ისიც იცის, რომ შესაძლოა ამ სამოქალაქო დაპირისპირების ინსპირაციაში რუსები ჩაერთონ. ის ამაზე მიდის. ანუ რუსების მიერ გაგდება უნდა სააკაშვილს. თუმცა ბატონ სოსოს ავიწყდება, რომ რუსების შემოსვლას მათი სამოქალაქო დაპირისპირების ინსპირაცია შეუწყობს ხელს და ეს ყველაფერი მოთხოვნიდან დაწყებული: " გადადგეს სააკაშვილი", შეთხზული მითით დაწყებული "სააკაშვილი რუსებს აწყობს", ქმედებით დამთავრებული, რომელიც ჩაიშალა (დრიოებით), წყვეტს ჯაჭვს ბატონი სოსოს ნააზრევსა და ჩვენს მიერ გაჩეჩილაძის და სანიკიძის გამონათქვამებს შორის, რომელიც პოსტ ფაქტუმ სიტუაციიდან უფროა გამოწვეული, ვიდრე დაგეგმილი სიტუაციიდან.
ძალიან საინტერესოა სად გაწყდა ჯაჭვი 9 აპრილის დაანონსებული ქმედებების მალულ მხარესა და დღევანდელ პოსტ ფაქტუმ სიტუაციებს შორის.
ვფიქრობ, ეს ჯაჭვი გაწყდა მარტის ბოლოს შსს-ს მიერ იარაღის შეძენის ფაქტების გამოაშკარავების შემდეგ. რა იყო ამ ყველაფრის მიზანი. ერთის მხრივ, ანუ შსს-ს მხრივ ეს იყო პრევენცია, რომ არ მომხდარიყო მსგავსი სახით ფარული გეგმის მომზადება, რომელიც სამოქალაქო დაპირისპირებას მოამზადებდა. თუმცა შსს-მ მშვენივრად იცოდა, რომ ამ კადრებზე დაიწყებოდა გაუთავებელი მსჯელობა, რომ ის არის ყალბი, დადგმული, არ შეეფერება სინამდვილეს.... ეს ჩემის აზრით მოცემულობაში იყო მესამე, მეოთხე ხარისხოვანი. პირიქით, შსს-ს აწყობდა კიდევაც ამაზე მსჯელობა და არც იყო მნიშვნელოვანი რას ისაუბრებდნენ ამ ყველაფერზე ტელევიზიები, რადიოები, ელექტრონული თუ ბეჭვდითი მედია. მათთვის მთავარი იყო 2 საკითხი:
1. მომხდარიყო სიტუაციის პრევენცია და თავიდან ყოფილიყო აცილებული სამოქალაქო დაპირისპირება.
2. მიტინგი წარმართულიყო არა ოპოზიციის გეგმით, არამდ შსს-ს გეგმით, კონსტიტუციურ და მშვიდობიან ჩარჩოებში.
მიტინგი წარიმართა სწორედ შსს-ს გეგმით. 9 აპრილის მიტინგი იყო ძალიან უსახური რამ. სადაც ვიხილეთ ბრინჯივით დაბნეული ოპოზიციის ლიდერები, ლოგიკის, რიტორიკის, თემის და ჟანრის გარეშე. აბსოლუტურად გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ ოპოზიციამ უარი არ სთქვა სიტუაციის ესკალაციაზე. ის დღესაც, პოსტ ფაქტუმ ცდილობს სიტუაციის ესკალაციას. დაასახელეს 21 აპრილი, რომ 21 აპრილს რაღაც მოხდება, რომ სიტუაცია კონტროლიდან გამოვა, მაგრამ შსს-ს მიერ მიტინგის ჩატარების ორგანიზება ისევ ძალაშია. ჯერჯერობით ოპოზიციას ეს დაძლეული არა აქვს. ის ვერ ახდენს სიტუაციის კონტროლიდან გმოყვანას. მიხედავდ იმისა, რომ ოპოზიცია აცხადებს (ირაკლი ალასანია) "ხელისუფლება თავისი უმოქმედობით სამოქალაქო დაპირისპირებას გამოიწვევს" ამას რა ჰქვია? ნამუსზე შეგდება? მაშინ, როდესაც ძირითად ტატამზე ოპოზიცია არ შედის. ამ ტატამს დიალოგი ჰქვია. მიუხედავად იმისა, რომ ამტკიცებენ დიალოგისთვის მზადყოფნას, ბოლოში დასძენენ: "დიალოგი შეეხება მხოლოდ სააკაშვილის წასვლას". სადაც პირდაპირაა განცხადება იმაზე, რომ მათ არ სურთ დიალოგი და წინა სტატიაში ამაზე ძალიან დაწვრილებით ვისაუბრეთ.
სიტუაცია კი მიმდინარეობს ისევ შსს-ს სცენარით. ოპოზიცია ვერ გამოდის ამ სცენარიდან, ვინაიდან მიტინგის ჩატარების და სიტუაციის ესკალაციის ყველა შესაძლებლობა შსს-ს ხელშია. მხოლოდ მას შეუძლია დაარბიოს მომიტინგეები და ამით სიტუაციის ესკალაცია გამოიწვიოს, ხოლო ოპოზიციის მხრიდან ამის შესაძლებლობა მხოლოდ სისხლის სამართლის დანაშაულს გამოიწვევს. მაგალითად: მათ რომ გადაწყვიტონ სამთავრობო შენობების შტურმი. ეს კონსტიტუციური წესრიგის დარღვევაა. შესაბამისად ეს არის დასჯადი და ოპოზიციამ მშვენივრად იცის, რომ სახელმწიფოს იმის შესაძლებლობა აქვს, რომ ეს აღკვეთოს, ხოლო ოპოზიციის ლიდერები ჩასვას ვირის აბანოში. შესაძლებელია მოხდეს შენობების, სხვადასხვა ობიექტების დარბევა, რაც ასევე ხულიგნობა და დასჯადი დანაშაულია. ამის აღკვეთაც შეუძლია ხელისუფლებას და ოპოზიციის ლიდერების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა.
როდესაც ვამბობთ, რომ ყველაფერი მარტის ბოლოდან მიმდინარეობს შსს-ს სცენარით ვგულისხმობთ შემდეგს. შსს-მ შეძლო სიტუაციის ლოკალიზება. მისი ორგანიზება. ოპოზიციას შეუძლია, მხოლოდ სისხლის სამართლის დანაშაული ჩაიდინოს. კარგად დავაკვირდეთ ნიკა კვეზერელის ფაქტს. როგორც კი მოხდა ტყვიის გასროლა, სახელმწიფომ მიიღო შესაბამისი ზომები. აღკვეთა. ეს მცირე მაგალითია იმისი, რომ მას შეუძლია ნებისმიერ სისხლის სამართლის დანაშაულის აღკვეთა. ხოლო ოპოზიციას ამის გარდა სხვა ვარიანტი არ დაუტოვეს, რომ ჩაიდინონ სისხლის სამართლის დანაშაული. მე ვერ ვიტყვი, არის თუ არა ამაზე წამსვლელი ოპოზიცია. მათი ლოკალიზება მომხდარია. ჩიხი სახეზეა. მიტინგების გაგრძელების შემთხვევაში და იგივე კალაპოტში ყველაფრის დარჩენის შემთხვევაში, ოპოზიციას ხელში უჭირავს აბსურდი. ან ოპოზიცია უნდა წავიდეს დიალოგზე. დიალოგის შემთხვევაში მათი შანსები, ძალიან სუსტია. ეს შანსები მაღალი რომ იყოს, ის თავად წავიდოდა დიალოგზე. თავად დააძალებდა ამას ხელისუფლებას. მაგრამ ეს ვერ ხერხდება. გასაგები მიზეზების გამო. პრეზიდენტის გადადგომის გარეშე დიალოგი, ოპოზიციის ელექტორატის სრულ გაწბილებას და მიტინგის ენის დასასრულს გამოიწვევს. რაც ოპოზიციას არაფრით არ აწყობს. ისე დაანონსეს 9 აპრილი, ისე შეიყვანეს საკუთარი თავი ჩიხში, რომ გამოსასველელი არ არსებობს. მიტინგზე მდგარი ხალხი ელის სააკაშვილის გადადგომას მხოლოდ. წერტილი დასმულია. წინააღმდეგ შემთხვევაში წერტილი დაესმება ოპოზიციას.
არსებობს ერთი ვარიანტი, რომელზეც წავა თუ არა ოპოზიცია ძნელი სათქმელია. მოახდინოს სიტუაციის ესკალაცია სამთავრობო შენობების აღებით, ჩაიდინოს სისხლის სამართლის დანაშაული, ან ორგანიზება გაუკეთოს მასობრივ არეულობას, ხოლო ამის პარალელურად რუსეთმა დაიწყოს შეტევა და განაახლოს აგრესია. ეს ვარიანტიც დიდ რისკს შეიცავს ოპოზიციისთვის. ან შესაძლებელია რუსეთმა განაახლოს აგრესია, ხოლო ოპოზიციამ, იმის მაგივრად, რომ შეწყვიტოს აქციები და ქვეყანა ერთ მუშტად შეიკრას მტრის წინააღმდეგ, აგორდეს პრ-ი: "სააკაშვილს რუსეთი იცავს", "სააკაშვილი რუსეთის ინტერესებს ემსახურება", "გადადექი, ხომ უყურებ რუსეთი მოდის და შენ ხელს უწყობ". ვფიქრობ ეს მეორე სცენარი უფრო გამოსადეგია. ამ შემთხვევაში ბატონი სოსო ცისკარიშვილის ასოციაციები სააკაშვილის ჟორდანიასებურად წასვლა რეალობად უნდა იქცეს. ეს ყველაფერი უახლოეს 2 კვირაშია მოსალოდნელი. წინააღმდეგ შემთხვევაში ოპოზიციის აბსურდიზაციის დასაწყისი დასარულისკენ სწრაფი ნაბიჯიტ სვლას გააგრძელებს.
გაგრძელება იქნება.

20.04.09წ.