Friday 5 December 2008

საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი სკივრში ჩაიკეტა

ალბათ საინტერესოა რა მოხდა ნატოს სამიტზე. რა განხორციელდა, რა მივიღეთ, რა არ მივიღეთ, რა იჩალიჩეს ამ გაქნილმა ანგლოსაქსებმა და რა სიტუაციაში ვართ.

ერთმნიშვნელოვნად ვერაფერს ვიტყვი, ვინაიდან უბრალოდ ერთმნიშვნელოვანი სიტუაციაა არ არის. არამედ ძალიან ბუნდოვანია, რომელსაც ვეცდები რაღაც გასაღები მოვუძებნო. ისეთი რაღაც გააკეთეს მემგონი სხეფერმაც ვერ გაიგო. ცოტა დაბნეული მომეჩვენა პრესკონფერენციისას.

დავიწყოთ წინა დღეების განცხადებებით. ანუ ამ გადაწყვეტილების ნარატივი რა იყო.
სამიტამდე 4 დღით ადრე ვრცელდება რაისის განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ მაპი აუცილებელი არ არის ნატოში შესასვლელად. გადის ერთი დღე და ამბობს, რომ ეს ინგლისელების იდეაა და მას ამერიკაც ეთანხმება. თუმცა ამ იდეის შესახებ მილიბენდისგან არაფერი მოგვისმენია. რაისი ინგლისში ჩადის და ორივე ამ იდეას კიდევ ერთხელ ადასტურებენ, რომ საქართველო და უკრაინა უნდა გაწევრიანდეს ნატოში მაპის გარეშე. სახელდება სხვადასხვა ვერსიები, რომ არიან ქვეყნები, მაგ. პოლონეთი და ჩეხეთი რომლებიც მაპის გარეშე შევიდნენ ნატოში. ხოლო ბალტიისპირეთის ქვეყნები მაპით. რომ არსებობს სხვა გზებიც, რომელიც ნატოში მიდის მაპის გარეშე. ნუ ამ განცხადებებმა დაძაბა საზოგადოება და არამარტო ქართული, არამედ მთელი მსოფლიო. მანამდე მსგავსი რამ არ თქმულა. მილიბენდმა გაამწვავა ეს რიტორიკა იმით, რომ ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების იურიდიული აღსრულება მოითხოვა და საქართველოს და უკრაინის მიღება პირდაპირ ნატოში. გერმანია და საფრანგეთი აკეთებს განცხადებას, რომ მაპი აუცილებელია. სამიტზე დააგვიანა ამ ოთხი ქვეყნის წარმომადგენლებმა და ისინი გადიოდნენ კონსულტაციებს ამ საკითხებზე. საბოლოოდ მივიღეთ ძალიან ბურუსით მოცული გადაწყვეტილება. თუმცა ყველაზე საინტერესო ამ განცხადებებში იყო რაისის ფრაზა, რომ მაპის მინიჭება გახდა პოლიტიზირებული საკითხი, არადა ეს არის ტექნიკური ნაწილი ნატოში გასაწევრიანებლად. ეს იყო საკვანძო ფრაზა მთელ ამ განხადებებში. რატომ იყო საკვანძო ფრაზა, ამას კიდევ მივუბრუნდებით.

დაიწყო დისკუსიები. სხეფერის პირველი საჯარო გამოსვლიდან ვგებულობთ, რომ ნატოს წევრთა შეხედულებები ჩვენს და უკრაინის საკითხზე განსხვავებულია და ერთიანობა არ არსებობს. საბოლოოდ იღებენ გადაწყვეტილებას, რომ გააქტიურდება ნატო საქართველოს კომისია და მის ფარგლებში მოხდება ნატოსთვის ჩვენი მოზადება, ასევე უკრაინისაც. თუმცა სხეფერმა თქვა, რომ მეპის იდეა ისევ არსებობს. რას უნდა ნიშნავდეს ეს გადაწყვეტილება. რა შეფუთა ნატომ, რა შეინახა სკივრში. რა არის სკივრი თავად ამ თემატურობაში, რასაც ეს გადაწყვეტილება გვთავაზობს? რა მოხდა. პრაქტიკულად შეიქმნა გაურკვევლობა. შეიქმნა სიტუაცია, როდესაც ყველაფერი ნისლში გაეხვა. მაგრამ ფაქტია, რომ გაჩნდა ახალი სიბრტყე და მაპის ერთმნიშვნელოვანი გზა ნატოსკენ დამთავრდა, თუმცა კომუნიკეში მაპი არ ამოვარდნილა. შეიქმნა ახალი სიბრტყე , რომელმაც რაღაც ახალი რეალობა უნდა შექმნას.

აქ უკვე უნდა მივუბრუნდეთ საკვანძო ფრაზებს, რომელმაც ამ გადაწყვეტილების მიღებამდე გაკეთდა და შეიძლება რაღაც გამოგვივიდეს. იმთავითვე უნდა შევთანხმდეთ, თუ ვინმეს ესმის დიპლომატიური განცხადებების ანი, ბანი, აპრიორია, რომ ყველა განცხადება, რომელიც გაკეთდა რაისის, მილიბენდის შტაინმაიერის, კუშნერის მხრიდან ცარიელი ადგილის შესავსებად არ გაკეთებულა. მათ დანიშნულება ჰქონდათ. დანიშნულება 4 დღის შემდეგ და შეიძლება 1 წლის შემდეგაც ჰქონდეთ. ანუ პირველი ფრაზა: "არსებობს სხვა გზები ნატოში შესასვლელად და მაპი არ არის აუცილებელი. ის ჩვენ არ გამოგვიყენებია ჩეხეთისა და პოლონეთის მიმართ" (რაისი, მილიბენდი). ფაქტია, რომ გაჩნდა სხვა გზა, სხვა სიბრტყე საკითხის გადაწყვეტის. კომისიის მუშაობის გაძლიერება, დახმარება, ეკონომიკური და სამხედრო მოდერნიზაცია და მომზადება ნატოში შესასვლელად, რომელსაც უკვე ეს კომისია შეასრულებს. ფორმალური თვალსაზრისით მაპი ტექნიკურად წევრობის სამოქმედო გეგმაა ნატოში გასაწევრიანებლად. ვიმეორებ ფორმალურად.

შემდეგი ფრაზა "მაპის მინიჭებამ საქართველოსთვის და უკრაინისთვის გახდა ძალიან პოლიტიზირებული". ეს საკვანძო ფრაზაა, ვინაიდან საკითხი თავად ტექნიკურია (მაპი) და მისი პოლიტიზირება არ არის მისაღები, ამიტომ ეს უნდა დასრულდეს. შესაბამისად საკითხი უნდა დაიხუროს, მაპის სიბრტყე უნდა დაიხუროს და საკითხი პოლიტიზირებული აღარ უნდა იყოს. მემგონი ეს ამას ნიშნავს. საკითხი მართლაც დაიხურა და გაჩნდა, როგორც ვთქვი ახალი სიბრტყე კომისიის მუშაობის გაძლიერება და პრაქტიკულად იგივე საკითხებით დატვირთვა რაც მაპს ახლავს. ნატოს წევრობისათვის მომზადება. არადა ღიად გაცხადდა, რომ ეს კომისია, წლიური გეგმით მოამზადებს საქართველოს ნატოში შესვლის საკითხს. თუმცა საკითხი ბოლომდე არ გაიხსნა და არ ითქვა, რაც მას ნათელს მოჰფენდა,არის თუ არა ამ კომისიაში მუშაობა მაპის ტოლფასი. პირიქით, სხეფერმა განაცხადა, რომ მაპი არ გამქრალა. ასეთი ზოგადი ფრაზა იქნა ნათქვამი. შეიძლება მივიჩნიოთ, რომ ეს საკითხი დარჩა საჯილდაო ქვად ორი პოზიციის შეჯერებისას, მაგრამ გადაწყვეტილად არც ის თქმულა, რომ მაპი აუცილებლად უნდა გავლილ იქნას. მინიშნება ზოგადი იყო.

დასკვნა აქედან რა მოხდა გუშინ. ჩემი აზრით, მაპით პოლიტიკური სპეკულირების თემა გარკვეულწილად დაიხურა. საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი ჩაიკეტა სკივრში. თავად ეს სკივრი არის, ნატო საქართველოს კომისია. საკითხის გასაიდუმლოება მოხდა. შესაბამისად ცნობილი მაპის სიბრტყე ჩანაცვლდა სხვა სიბრტყით და თემაც ბურუსით მოცული გახდა. ანუ ნატოს საკითხმა თემატურ დროში გადაინაცვლა და რას გვთავაზობს ერთ მშვენიერ დღეს ის სიუჟეტური დრო, რომელიც ამ სკივრის გახსნას მოჰყვება რამდენიმე წელში გამოჩნდება. თუ არ განმეორდა რუსული აგრესია და შავ ზღვაში მოუხშირეს მე-6 ფლოტის გემების ცურვამ.



კონკრეტულად ნატო საქართველოს კომისია იმუშავებს შემდეგ საკითხებზე:

ნატომ კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს დამოუკიდებლობის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა საერთაშორისო სამართლისა და გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესაბამისად.

ნატომ მოუწოდა რუსეთს:

ა) საქართველოს რეგიონების დამოუკიდებლობის ცნობა უკან წაიღოს;

ბ) შეასრულოს 6 პუნქტიანი შეთანხმება და მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები;

გ) საერთაშორისო დამკვირვებლებს მიეცეს მონიტორინგის სრულად განხორციელების საშუალება;

დ) კონსტრუქციულად მიიღოს მონაწილეობა ჟენევის მოლაპარაკებებში.

ნატომ დასვა მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელების საკითხი:

1. თავდაცვა

ა) აგვისტოს კონფლიქტში დაშვებული შეცდომების დაფიქსირება და მათი გათვალისწინებით უსაფრთხოების კონცეფციის დამუშავება;

ბ) ჯარის მენეჯმენტის სისტემის გაუმჯობესება;

გ) თავდაცვის ბიუჯეტის გამჭვირვალობა და ნატოს სტანდარტებთან შესაბამისობა.


2. დემოკრატია

ა) არჩევნები;

ბ) მთავრობის საქმიანობის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება;

გ) მედიის თავისუფლება;

დ) კანონის უზენაესობა (სასამართლოს დამოუკიდებლობა).


ნატომ აიღო ვალდებულება მაქსიმალურად ჩაერთოს მოცემული რეფორმების გატარების პროცესში:

ა) MAP-ზე შემდგომი გადაწყვეტილების მიუხედავად - ნატო-საქართველოს კომისია შეიმუშავებს რეფორმების განხორციელების ეროვნულ პროგრამას;

ბ) თბილისში გაიხსნება ნატოს ოფისი მჭიდრო თანამშრომლობისათვის;

გ) რეფორმების მიმდინარეობის პროცესს ნატო უშუალოდ დააკვირდება და მიიღებს მასში აქტიურ მონაწილეობას.


ევროკავშირი

ამავე დღეს - 3 დეკემბერს - ევროკავშირმა დაამტკიცა აღმოსავლეთის პარტნიორობის გეგმა - რომელიც სხვა ქვეყნებთან ერთად - საქართველოსთვის ითვალისწინებს:

ეკონომიკური დახმარების გაწევას - დემოკრატიული რეფორმების ხელშეწყობას - სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას - სავიზო რეჟიმის გამარტივებასა - ენერგეტიკის სფეროში ინიციატივებს - საშუალო და მცირე მეწარმეობის წახალისებას და მრავალ სხვა მნიშვნელოვან საკითხს

ასე რომ მეგობრებო - მთავარია ახლა გონივრულად მოქმედება - ქვეყნის შიგნიდან გაძლიერება - თავდაცვის სისტემის - დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება.