Saturday 15 November 2008

დღევანდელი საქართველო დიპლომატიურ ენათა ომი

არსებობს უამრავი ვერსია, რომელიც საქართველოს დღევანდელ სიტუაციებს განიხილავს და ვფიქრობ, სახეზე გვაქვს დიპლომატიურ ენათა ომი. მიუხედავად იმისა, რომ ასებობს დიდი ალბათობა, ამ დიპლომატიურ ენათა ომში დაიმალოს ორიგინალი ტექსტი, ვეცდებით გარკვეული ტექსტების ამოძებნას და ლოგიკური ჯაჭვის შექმნას. თუმცა, იმთავითვე ვიცით, რომ ორიგინალ ტექსტს, რომელიც ბიბლიოთეკა ლაბირინთში, ან ბაბილონის ბიბლიოთეკაშია შენახული, ბრმა ხორხე შეჭამს. თავადაც მოკვდება, მაგრამ თან გაიყოლებს ორიგინალი ტექსტის ეშხს. ხელში ვერასოდეს შეგვრჩება ორიგინალი ტექსტი, არამედ ამ ტექსტის თარგმანები, რომელიც მომავლისეულ ისტორიულ ლაბირინთებშია ნაფლეთებად შემორჩენილი და მხოლოდ ისტორიულად განვითარებული პროცესების მოთმინებით დალოდებისას გაიხსნება პოსტ-ფაქტუმ.
მცდელობა იმისი, რომ ეს ნაფლეთები შეიკრიობოს, მისი შედარებით ზუსტი თარგმანი შეიქმნას, ეს ადამიანის ბედისწერაა და მას ვერაფრით გავცდებით. ეს ისტორიულ, პოლიტიკური კანონზომიერებაა, იმ ადამიანთათვის, ვისაც არა აქვს შესაძლებლობა, უშუალო როლები ასრულონ პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე, მათ სწორედ ზემოთთქმული ბედისწერა შეხვდათ და ამას ვერ გაცდებიან.
ძნელია ყველა ტექსტი მოვიძიოთ, რაც დღევანდელ ქართულ მატიანეს განსაზღვრავს, თუმცა შესაძლებლობა ნამდვილად გვაქვს, რომ ძირითადი ორიგინალი ისტორიული ტექსტის ფრაგმენტები შევკრიბოთ და ჩავსვათ ისტორიულ ლოგიკაში, რომელიც სულაც არაა წარსული, არამედ მომავალია. ადამიანური ჟამთააღმწერლობა ვითარდებოდა ბაბილონის გოდოლის გარშემო, რომელიც თავად ღმერთმა დაანგრია და ენები აურია. ადამიანებმაც ვერ გაუგეს ერთმანეთს. სწორედ მაშინ წარმოიშვა ძირითადი ლექსიკონი. ლექსიკონი, რომელიც ადამიანთა ენების აღრევამ შექმნა და ეს ლექსიკონი იმდენად მრავალმხრივია, რომ ის ჩვენი ცხოვრების ბევრ სფეროს შეეხო. მათ შორის დიპლომატიურ ენას. სწორედ ამიტომ არსებობს ორიგინალი ტექსტის დაფარვის აუცილებლობა. ბრმა ხორხეც ამას ემსახურება. ორიგინალი ტექსტი მოწამლულია. მიუხედავად ამისა, ინფორმაცია მისაწვდომია, მხოლოდ ფრაგმენტულად, და არსებობს ლოგიკის შესაძლებლობა, რომელიც ამ ორიგინალ ტექსტთან მიგვაახლოვებს. ეს ჩვენი შესავალიც სწორედ ამ ბაზისზე დაეფუძნება და არ გვექნება პრეტენზია იმისი, რომ ზუსტად გადმოვცემთ ამ ორიგინალი ტექსტის შინაარსს. მიუხედავად ასეთი რთული ბაზისისა ჩვენი წერილის მიზანია სწორედ ამ დაფარული ტექსტების ფრაგმენტების შეგროვება და მისი გაანალიზება. ანუ ჩვენს ბედისწერაში ყოფნა.

მაგალითი საქართველო. პერიოდი 2008წ. აგვისტოს ბოლო, ოქტომბრის შუა რიცხვები.

რას გვთავაზობს დაფარული ორიგინალი ტექსტის ფრაგმენტები?

მეტად რთული სიტუაციაა შექმნილი. ბევრი რამ გასაცნობიერებელია. გასაცნობიერებელია წარსულიდან მომავლისკენ და პირიქით. რა გვაქვს სახეზე? მცდელობა, გავნთავისუფლდეთ რუსეთის იმპერიისგან, რომელსაც დაპყრობილი აქვს ჩვენი ტერიტორიები. რომელთაც დამატებით კიდევ დაიკავეს საქართველოს ტერიტორიები, ახალგორი, დიდი ლიახვის ხეობა, ფრონეს ხეობა, კოდორის ხეობა, პატარა ლიახვის ხეობა. ეს ყველაფერი ახალი 2008წ. აგვისტოს ანექსიის შემდეგ. ბრძოლა შედის გადამწყვეტ ფაზაში. ჩვენ შევძელით, 1921წ. 25 თებერვლის თავიდან აცილება. შევძელით ახალი დიპლომატიის შექმნა. სიტუაციის რადიკალიზაცია. თავად სიტუაციის განსხვავებული ფორმატის შექმნა. სწორედ აქაა ორიგინალი ტექსტის ფრაგმენტები, რომელთა ლოგიკური ჯაჭვის აგებას შევეცდებით. ვერ ვიტყვით, რომ რაიმე არ შეიცვალა. თუმცა მხოლოდ სიტუაციას ვგულისხმობთ 8 აგვისტომდე და 8 აგვისტოს შემდეგ. წინ გვაქვს ახალი იურისპრუდენცია, ახალი დიპლომატია, ახალი სამშვიდობო მისიის ჩანასახი, ასევე რუსეთის იმპერიის რადიკალიზაციაც. სწორედ იმპერიის რადიკალიზაციაზე გადის ჩვენი ორიგინალი ტექსტის ფრაგმენტების მოძიების პროცესი. ვერ ვიტყვით, რომ სახარბიელო სიტუაცია გვაქვს. მხოლოდ იურიდიული და პოლიტიკური პროცესების კონტურები ჩანს, რომელიც არ იძლევა დამშვიდების და ფეხის ფეხზე გადადების საშუალებას. თუმცა იძლევა გარკვეული პროგრესის ნიშნებს. ამაზე მსჯელობა შესაძლებელია, თუ გავითვალისწინებთ იმპერიის მსახურთა რადიკალიზებას, მათ გამწარებას, მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით ჩანს იმპერიამ საქართველოს ომი მოუგო. ახალი ტერიტორიები დაიპყრო, მაშ, რატომ არიან ასე გამწარებულები? რა სურდათ. პოლიტიკური და სამხედრო გეგმა ვერ შესრულდა. სამხედრო პოლიტიკური გეგმა ზოგად ისტორიულ ქმედებაში ყოველთვის 3 ნაწილისგან შედგება.
1. ოპერაციის დაგეგმვა, მომზადება;
2. ოპერაციის განხორციელება;
3. ოპერაციის დასასრული;
რა შეასრულა იმპერიამ აგვისტოს მოვლენების დროს? ჩემის აზრით მხოლოდ პირველი ორი პუნქტი. ვერ შესრულდა მესამე პუნქტი. ოპერაცია ვერ დასრულდა. ოპერაციას დასარული არ ჰქონდა, თუმცა გეგმა იყო. თუ სამხედრო პოლიტიკური გეგმის ზოგად ფორმულაში ჩავსვავთ რეალურ სიტუაციებს, რაც იმპერიამ ჩვენს წინააღდეგ დაგეგმა მივიღებთ შემდეგ სურათს.
1. ოპერაცია დაგეგმვა, მომზადება. 2008წ. აპრილიდან დაიწყო გეგმის მომზადება. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები. აფხაზეთში რკინიგზის გაყვანა, სპეცდანიშნულების ბატალიონების შემოყვანა, იარაღის შემოტანა სეპარატისტებისათვის. წრთვნების ჩატარება ჩრდილოკავკასიაში, რომელიც იყო ძირითადი მზადება ომის საწარმოებლად.
2. ოპერაციის განხორციელება. რუსეთმა აწარმოა ფართომაშტაბიანი საომარი მოქმედებები საქართველოს იმ ტერიტორიაზე (სამაჩაბლო), სადაც უშუალოდ ბრძოლა გაიმართა ქართულ არმიასთან. ასევე იმპერიამ დასავლეთ საქართველოში აწარმოა სამხედრო მოქმედებები, დაიკავა, რა საქართველოს საკვანძო ქალაქები, ზუგდიდი, სენაკი, ფოთი. აღმოსავლეთ საქართველოში დაიკავა გორი, ახალგორი, იგოეთი. ლოგიკა მდგომარეობდა შემდეგში. უნდა შესრულებულიყო გეგმის მესამე ეტაპი.
3. ოპერაციის დასასრული. ოპერაციის დასასრული იყო თბილისის აღება, ხელისუფლების შეცვლა და თბილისში სასურველი ხელისუფლების მოყვანა.
გეგმის მესამე ეტაპი ვერ შესრულდა. გეგმა ჩავარდა. ზოგადად სამხედრო პოლიტიკური გეგმის განხორციელებიდან რომელიმე ეტაპის ჩავარდნა იწვევს გეგმის განუხორციელებლობას. დასასრული აბსოლუტურად შეიცვალა. დასასრული არ შედგა. ამაზე აშკარად მოწმობს რუსეთის დუმის რეაქცია, რომელიც სექტემბრის დასაწყისში თავდაცვის მინისტრის წინააღდეგ აშკარად უარყოფითმა განწყობამ იმატა და მას მოსთხოვეს პასუხი, თუ რატომ ვერ განხორციელდა გეგმის დასრულება. პასუხი სწორედ ორიგინალ ტექსტებში იმალება. ჩვენ მხოლოდ ფრაგმენტების თარგმნით შეგვიძლია შემოვიფარგლოთ.

რა მოიტანა გეგმის ჩავარდნამ? ევროკავშირის გააქტიურება, მათ მიერ ინიციატივის ხელში აღება, ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებაზე ხელმოწერა და სულ სხვა პოლიტიკურ იურიდიული კონტექსტის შექმნა, ვიდრე ეს მოჰყვებოდა რუსული გეგმის დასასრულს. იმპერია იძულებული გახდა დასასრულზე ეფიქრა დროში, მომავალში, თუმცა როგორც სამხედრო პოლიტიკური ზოგადი გეგმის ლოგიკა გვეუბნება, 3 პრინციპის განუხორციელებლობა გეგმას აგდებს და იწვევს ახალი გეგმის ჩამოყალიბებას, რომელიც ასევე 3 ნაწილისგან შედგება.
მოხერხდა იმპერიის სრული გეგმის განუხორციელებლობა. იმპერია ეხლა ფიქრობს, როგორ დაამთავროს დაწყებული გეგმა. ის ვაჭრობს, მოძრაობს, ქმნის ინტერპრეტაციებს და კიდევ უფრო სცილდება ორიგინალ ტექსტს. რა იქნებოდა გეგმის განხორციელების შემთხვევაში? რუსეთი დაიკავებდა თბილისს. შეცვლიდა ხელისუფლებას, არ გავიდოდა დაკავებული ტერიტორიებიდან მინიმუმ 1 წელი მაინც. მოახდენდა კონფლიქტური რეგიონების სრულ ანექსიას და ამას დაეთანხმებოდა მათ მიერ დასმული ხელისუფლება მცირე შეწინააღმდეგების ფონზე.
რა ხდება გეგმის განუხორციელებლობის შემთხვევაში? რუსეთის იმპერიის სამხედრო პოლიტიკური გეგმის მესამე ნაწილი ძალაში რჩება, მხოლოდ ის მიდის კომპრომისზე და ითხოვს კომპრომისული ფიგურის ხელისუფლებაში მოყვანას. სწორედ აქ აქვს მას წინააღდეგობა დასავლეთის მხრიდან. ზოგადად გეგმის მესამე ნაწილის ჩავარდნა, მოასწავებს, იმას, რომ გეგმა დროში მთლიანად ჩავარდება. მიუხედავად მიღებული პრევენციული ზომებისა: კონფლიქტური რეგიონების (აფხაზეთი, სამაჩაბლოს) ცნობა, კონფლიქტურ ტერიტორიებზე სამხედრო ბაზების მომავალში განთავსება, იქ დღეს 7600 სამხედრო ძალის ჩაყენება...
ვსაუბრობთ რუსეთზე, რომელიც ერთი მხარეა პოლიტიკურ თამაშებში. არსებობს მეორე მხარე ამ თამაშების. საქართველო და დასავლეთი (აშშ, ევროკავშირი). აქაც მიღებულია პოლიტიკური პროცესების პრევენცია. კერძოდ, რუსული სამხედრო პოლიტიკური გეგმის მესამე ნაწილი, სწორედ დასავლეთის ძალისხმევით ჩავარდა. ჩავარდა გეგმის მესამე ნაწილის გამჟღავნებით. ჩვენ ვიხილეთ ერთის სერიოზული ორიგინალი ფრაგმენტი დიპლომატიური ენისა, რომელიც ამჟღავნებდა რუსული ანექსიის გეგმის მესამე ნაწილს. ეს მოხდა სწორედ აგვისტოს ცხელ დღეებში, მსოფლიოს უმაღლესი ტრიბუნიდან (გაერო), სადაც აშშ წარმომადგენელმა რუსეთის გეგმის დასასრულზე ისაუბრა, რომ ამ ანექსიის მიზანი და დასასრული, საქართველოს ხელისუფლების შეცვლაზე იყო ორიენტირებული. სწორედ აქ ჩაიშალა გეგმა, აქ გადაკვეთა ინტერესებმა ერთმანეთი და ეს არის ის საკვანძო საკითხი, რომელზე უნდა ვისაუბროთ. სწორედ ეს არის ძირითადი ფრაგმენტი ჩვენს განსახილველ სიტუაციაში. დასავლეთმა არ დაუშვა რუსული სამხედრო პოლიტიკური გეგმის დასასრული. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთმა ხელი აიღო ამ დასასრულზე, ან დამთავრდა დასასრულის ღონისძიება. მათ შეცვალეს სიტუაცია. ანუ დაამძიმეს შექმნილი სიტუაცია, საქართველოში ორი პოლიტიკური სუბიექტის აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ცნობის სახით და იქ ახალი პოლიტიკური სივრცის შექმნის მცდელობით, მიუხედავად იმისა, რომ ამ სივრცეში მეორე მხარე არ შედის და არც განიხილავს მას. რუსეთი წავიდა ამ ნაბიჯზე, თუმცა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ეს ნაბიჯი უკიდურესია და პრაქტიკულად ამოწურულად შეიძლება ჩაითვალოს ის ბერკეტები, რომელიც რუსეთს გააჩნია ამ პოლიტიკურ თამაშში. რაში მდგომარეობს ძირითადი დიპლომატიურ ენათა ომი? ეს მოიცავს რამდენიმე სუბიექტს, რომელთა დაჯგუფებაც საკმაოდ საინტერესო სურათს მოგვცემს, თუ მას ჩავსვამთ ისტორიული ლოგიკის ზოგად ფორმულაში, რომელიც მე-20 საუკუნეში ჩამოყალიბდა.

მაგალითი 2. რუსეთი, ევროკავშირი, ამერიკა და საქართველო.

მეტად საინტერესოა ორიგინალი ტექსტის სხვა ფრაგმენტები, რომელთა თარგმნასაც შევუდგებით. ვიზუალური თვალსაზრისით აგვისტოს მოვლენების დროს და შემდეგ მივიღეთ შემდეგი სურათი: აშშ-მა და ევროკავშირმა ერთად არ დაუშვა რუსული გეგმის დასასრული საქართველოში. მათ შეძლეს გეგმის ჩაგდება. ეს პოზიცია ერთიანია ორივე ამ სუბიექტისთვის. მიუხედავად ამისა, შეინიშნება დაპირისპირება აშშ და ევროკავშირს შორის. ვერ ვიტყვით რის გამო, თუმცა ფრაგმენტში მშვენივრად ჩანს, შექმნილი სიტუაციის რეალური მდგომარეობა.
დღეს შუამავლის როლს საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტში ევროკავშირი და მისი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი ასრულებს. მათ მოახდინეს აგვისტოს შემდეგ ახალი პოლიტიკურ-იურიდიული სივრცის შექმნა (6 პუნქტიანი შეთანხმება), რომელშიც რუსებიც მონაწილეობენ.
რუსეთმა შექმნა საკუთარი, პოლიტიკურ-სამართლებრივი სივრცე აფხაზეთთან და ცხინვალთან ერთად, თუმცა შეიძლება ეს განვიხილოთ, როგორც რუსეთის თვითკმაყოფილება, შიდა პიარ ტექნოლოგია საკუთარი მოქალაქეებისათვის. დღეს ეს პოლიტიკურ სამართლებრივი სივრცე არ მუშაობს, ის ამწუთში ფიქციაა, ის მხოლოდ რუსეთისაა, ის არ არის ქმედითი. ის ქმედითი გახდება, თუ მას განიხილავს დასავლეთი რაღაც დონით მაინც. რუსეთის რეალური პოლიტიკურ იურიდიული ნაბიჯები სწორედ ევროკავშირის გეგმის (6 პუნქტიანი შეთანხმება) თანახმად მიმდინარეობს. სწორედ ევროკავშირის გეგმით გაიყვანეს მათ ჯარები ე.წ. ბუფერული ზონებიდან. სწორედ ამ სივრცეში განიხილება ლტოლვილების დაბრუნების, ახალი სამშვიდობო მისიის ჩამოყალიბების და მომავალში ამ რეგიონების სტატუსის საკითხები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ფარგლებში.
ეს ეწინააღდეგება რუსულ გეგმას. არსებობს ბევრი ფრაგმენტი, რომელმაც შესაძლოა შეგვახედოს რეალურ სურათს. ორიგინალი ტექსტის ერთ-ერთი ფრაგმენტი არის ის, რომ აშშ-სა და ევროკავშირს შორის, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს საკითხზე ერთი აზრი აქვთ, მათ შორის დაპირისპირებაც შეინიშნება აღნიშნულ საკითხზე. ამაზე ბევრი ფრაგმენტი მეტყველებს. პირველ რიგში შესამჩნევია, აშშ-ს პოზიციის რადიკალიზაცია აღნიშნულ საკითხზე და ევროკავშირის შედარებით რბილი პოზიცია რუსეთის მიმართ. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ევროკავშირი ამოვარდება სარკოზის მიერ შექმნილი გეგმიდან. თანხვედრა არ არის მაგალითად აშშ-ის რადიკალურ გადაწყვეტილებაში, საქართველო გახდეს ნატოს წევრი. ანუ ამ ეტაპზე მიერთდეს ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმას. გერმანიის კანცლერის განცხადება ამაზე მეტყველებს, რომელიც მხარს არ უჭერს საქართველოს ამ ეტაპზე აღნიშნულ საკითხზე. ეს სხვა რამეზეც მეტყველებს. შესაძლოა ვცდებით, მაგრამ დიდია რუსეთის ზეწოლა ევროკავშირზე მისი (საქართველოში სამხედრო-პოლიტიკური) გეგმის მესამე ნაწილის შესრულებაზე, ანუ საქართველოში ხელისუფლების შეცვლაზე და კომპრომისული ფიგურის მოძებნაზე ხელისუფლებაში მოსასვლელად, რაზედაც აშშ-ს აქვს რადიკალური პოზიცია და ეწინააღდეგება ზოგადად რუსული გეგმის მესამე ნაწილის შესრულებას, რაზედაც ისინი აგვისტოში წავიდნენ საკმაოდ რადიკალურ ნაბიჯებზე და რუსული გეგმა სწორედ გაეროში ჩაშალეს, რაზედაც საუბარი გვქონდა. ევროკავშირი ითვალისწინებს რუსეთის ზეწოლას და შეიძლება ითქვას, ის კულუარულად კიდევაც განიხილავს ასეთ ალბათობას, თუმცა მათ არ შეუძლიათ აშშ-ს გარეშე ამ საკითხზე რაიმე გადაწყვეტილების მიღება. მათ შეუძლიათ ამ საკითხზე ესაუბროს აშშ-ს. კავკასია არ არის ევროკავშირის პოლიტიკური სივრცე. ის აშშ-ს სივრცეა, შესაბამისად ევროკავშირი გადაწყვეტილებას ვერ მიიღებს. ცხადია რუსეთის ზეწოლა მისი გეგმის მესამე ნაწილის შესრულებაზე (ხელისუფლების შეცვლა საქართველოში), რომელიც კომპრომისულია, გულისხმობს კავკასიაში აშშ-ს ინტერესების დროებით შეჩერებას მაინც მინიმუმ და დროში აშშ-ს კავკასიაში ინტერესების საერთოდ გაქრობას, მითუმეტეს, რომ რუსეთმა შეძლო უკრაინაში სიტუაციის იმ დონემდე მიყვანა, რომ ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმის განხილვა დეკემბერში უკრაინის საკითხის გარეშე წარიმართება. რუსეთმა ეს შეძლო. მან მიაღწია ნაწილობრივ თავის მიზანს უკრაინაში. ის ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს შეძლოს საქართველოში და დეკემბრამდე ეცდება ყოველნაირად შეაჩეროს სიტუაცია, სარკოზის გეგმის განხორციელების საკითხში.
ფაქტია, რომ სარკოზის უკან დგას აშშ. სწორედ ამის თქმა გვინდოდა ზემოთა აბზაცში. ანუ ამერიკის ზეწოლა რუსეთზე სულის შემხუთავია. ეს რომ ასეა, ამას კონდოლიზა რაისის მარშალის ფონდში წარმოთქმული სიტყვაც მოწმობს. სულის შემხუთავი რომ არის, ამას მოწმობს რუსეთის უმაღლესი პოლიტიკური ფიგურების (პუტინი მედვედევის) განცხადებები. რომლებიც აშშ-ს ადმინისტრაციას პარანოიკებს და პლინტუსზე დაბალი დონის პოლიტიკოსებს უწოდებს. სწორედ ეს მოწმობს, იმას რომ აშშ-ს რუსეთზე ძალიან დიდ ზეწოლას ახორციელებს. სწორედ ეს ჩანს დიპლომატიური ენის ორიგინალის ფრაგმენტებში, რომელიც რთულად, მაგრამ მაინც გასარჩევია.
სწორედ ამ ზეწოლის გამოა, რომ რუსეთმა ნაწილობრივ გაიყვანა თავისი ჯარები ბუფერული ზონებიდან. მიუხედავად იმისა, რომ ის რჩება ახალგორში და კოდორში სწორედ კომპრომისული ფიგურაზე ვაჭრობის შემადგენელი ნაწილია ეს ყველაფერი. თუმცა 6 პუნქტიანი შეთანხმების სამართლებრივი სივრცე შემბოჭველია რუსეთისთვის. არც აშშ და არც ევროკავშირი (ეს უკანასკნელი აშშ-ის ზეწოლით) არ განიხილავს რუსეთის წინადადებას საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შესახებ.
რუსეთი აშშ-ს ასეთი ზეწოლის პირობებში ვერ შეძლებს დატოვოს თავისი ძალები ახალგორში და კოდორში. მას მოუწევს გასვლა ამ ტერიტორიებიდან და არგაუსვლელობით აჩერებს პრაქტიკულად 6 პუნქტიანი შეთანხმების ძირითად შინაარსს, გავიდეს 7 აგვისტომდე არსებულ მდგომარეობაზე, რაც პრაქტიკულად გულისხმობს კონფლიქტური რეგიონებიდან მათ სრულ გასვლას, ვინაიდან დღეს სრულიად შეცვლილია 7 აგვისტოს იურიდიულ პოლიტიკური სიტუაცია და ის არ ემთხვევა მას.
ვფიქრობთ ამ წერილს ექნება მეორე ნაწილიც, რომელიც მაშინ შედგება, როდესაც ორიგინალი ტექსტი თავის ფრაგმენტებზე შეგვახედებს, ან როდესდაც ბრმა ხორხე მოგვცემს საშუალებას ინფორმაციის გამოტანის გარეშე მოვახერხოთ მისი წაკითხვა.

ირაკლი მარგველაშვილი

13.10.08წ.

საქართველოს კრიზისი, წარსული და მომავალი

საქართველოს კრიზისი, წარსული და მომავალი


კრიზისის დაძლევა შეუძლებელია, თუ კრიზისში არ შეხვედი. ვსაუბრობ დღევანდელ კრიზისზე, რომელიც 2008წ. 8 აგვისტოდან შეიქმნა. ყველას გეტკინა, ის რაც მოხდა. მე არ ვიცი რას ფიქრობდნენ ჩვენი მოქალაქეები, ბევრი განაწყენებულია, შეცდომად თვლის ამ კრიზისის შექმნას, მაგრამ სწორედ მათ გასაგონად ვიტყვი: მთელი ეს პროტესტი, შექმნილი კრიზისი მიმართ ემსახურება პროტესტანტების კომფორტს. მათ სურდათ ეს ტერიტორიული პრობლემები მათ გარეშე დამთავრებულიყო. დაემთავრებია სხვას, ყოფილიყო სხვისი და მათ არ შეხებოდა. ეს ფიზიკური ტკივილია. ეს არ არის ტკივილი მხოლოდ ბანერზე “აფხაზეთი და სამაჩაბლო ჩემი ტკივილია”. თუმცა იმათთვის, ვისაც უნდოდა, რომ ეს სხვას დაესრულებინა, საკმარისი იყო მხოლოდ ბანერის ტკივილი-სიტყვა.
2008წ. 8 აგვისტომდე ჩვენს წინ არსებობდა მარცხი, მარცხი განცდილი 16 წლის უკან. ეს მარცხი არ/ვერ გაცნობიერდა და შერჩა მხოლოდ ბანერს. სიტუაცია მივიდა თავის ლოგიკურ წერტილამდე, კრიზისის დაძლევა, უფრო დიდი კრიზისით. დამეთანხმებით რთულია მარცხი, არადა იშვიათი სულაც არაა, უბრალოდ ეს მარცხი განზოგადებულია და კიდევ სხვა მარცხია.
ძველ საბერძნეთში ოლიმპო იყო ადგილი, რომელიც ამარცხებდა ძველბერძნულ ცნობიერებას. ოლიმპოს ღმერთები ყოველდღიური სპექტაკლებით ტკბებოდნენ, რომლებიც მაყურებლები იყვნენ ადამიანთა ამაოებისა და გაჩნდა სიზიფე. გაჩნდნენ უამრავი პერსონაჟები ისევ მითში, თუმცა ეს მითებიც ოლიმპოს ღმერთების გასართობი იყო. მითები, რომლებიც ღმერთებს არ ეხებოდა. პერსონაჟები, სხვადასხვა. სცენა ერთი იყო. ოლიმპოს ღმერთებიდან დანახული ძველი ბერძნული ადამიანური ცხოვრება. სწორედ ეს თამაშდებოდა ამ ოლიმპოს სცენაზე, მანამდე ვიდრე არ მოხდა ამფითეატრის აშენება. ამფითეატრი იყო ადგილი, სადაც დამარცხდა ოლიმპოს თეატრალური სამყარო. სწორედ ამფითეატრმა შექმნა ის სამყარო, რომელმაც ჩაანაცვლა ოლიმპოს მაყურებლები. თეატრი ეხლაც არსებობს. ის კვლავ სამყაროს შეთავაზებული მარცხის, ისტორიული მარცხის დამარცხებას ემსახურება. იქ მაყურებლები სხედან და ივიწყებენ თავიანთ ყოფნას ისტორიის სცენაზე. დღევანდელი თეატრიც ამარცხებს სამყაროსეულ მარცხს, რომელსაც სამყარო სთავაზობს ადამიანებს. ამ ყველაფრის კონტექსტში განვიხილავთ საქართველოში დღეს შექმნილ მდგომარეობას. მარცხი კრიზისია, მარცხი უფრო დიდი მარცხით სრულდება, ისევე როგორც კრიზისი გადაწყდება უფრო დიდი კრიზისით, ანუ კრიზისში შესვლით.
დღეს ჩვენ კრიზისში შევედით. კრიზისში შესვლა კრიზისის გადაწყვეტას მოასწავებს. ძალიან რკინისებულია პოსტმოდერნული სამყაროს ლოგიკა. სააკაშვილმაც ეს გააკეთა, ის კრიზისში შევიდა. ძნელია ამის მიღება, განსაკუთრებით იმათთვის, ვინც არ ფიქრობდა ამას და არ იყო მზად ახალი კრიზისისათვის, რომელიც უკვე რუსეთს არ ეკუთვნის. ვფიქრობ, სხვანაირად შანსი არ გვქონდა, რომ 16 წლის წინათ შექმნილ კრიზსს შევწინააღდეგებოდით. არ ვიცი ზუსტად რა მოხდება, თუმცა ინტუიცია მეუბნება, რომელსაც არასოდეს უღალატია, რომ რუსები ამ ყველაფერში დამარცხდებიან. უამრავი მაგალითის მოყვანა შემიძლია.
არიან ადამიანები, რომლებიც სწორედ სიტუაციის გამწვავებით, იღებენ ხელში სიტუაციის სადავეებს. მიხეილ სააკაშვილს ეს შეუძლია. მას ეს პირველად არ გაუკეთებია. ის ძალიან არაკონფორტულია, უკიდურესად არაკომფორტული ლიდერია. გამსახურდიაც არაკომფორტული ლიდერი იყო. შევარდნაძე იყო კომფორტული ლიდერი და მას ყველაფერი აპატიეს. ადამიანები ვერ იტანენ არაკომფორტულ ლიდერებს. ურჩევნიათ სიმშვიდე და თუნდაც ედუარდის დროინდელი. იმიტომ რომ მაშინ კომფორტი იყო. მაშინ რადიკალიზმი არ იყო. ტერიტორიების დაბრუნება ბევრს წარმოედგინა თავისი კომფორტის დაურღვევლად მისი გაფართოებით. ეხლა ყველაფერი დაინგრა. ეხლა ყველამ შეიგრძნო ის მარცხი, რაც რუსეთმა 16 წლის წინ შემოგვთავაზა. ეხლა გაცნობიერდა მარცხი. ამ მარცხის, კრიზისის წინააღდეგ მიმართული კრიზისიც მიუღებელი აღმოჩნდა, სწორედ კომფორტის ხარჯზე, იმის ხარჯზე, რომ სხვამ იგრძნოს და სხვამ გააკეთოს. წარმოიშვა დიდი უკმაყოფილება. არ ელოდნენ ახალ კრიზისს. კრიზისთან შეგუება კიდევ ძალიან დიდ საფრთხეს შეიცავს, საფრთხეს ამ კრიზისის ვერ გადაწყვეტისა. არ ელოდნენ/სურდათ მარცხის გაცნობიერება. კრიზისი ეხება უხილევ სიმებს, რომელშიც მარცხის გაცნობიერების შესაძლებლობა დევს და იწვევს დიდ პროტესტს. პროტესტს იმისას, რომ არ უნდა დაირღვეს შექმნილი წარმოდგენა. არ უნდა დაირღვეს კომფორტი.
საქართველოს ისტორია სავსეა მეფისადმი უკმაყოფილების მაგალითებით. თუ ვინმეს ჰგონია, რომ მათ, იმ დროს არ საყვედურობდნენ ომის წარმოების გამო, არ უპირისპირდებოდნენ ძალიან ცდება. ეს არამარტო საქართველოს ისტორიაში ხდებოდა. ყველგან, ყველა ქვეყნის ისტორია მოფენილია მსგავსი მაგალითებით და ახალი აქ არაფერია. ავიღოთ ფილმი "მამაცი გული". თავადაზნაურობა ბრძოლაზე ამბობს უარს, რომელსაც მშვენიერი კომფორტი აქვთ, რომელთა დისკურსი მშვენივრად ჯდება ინგლისის მეფის დისკურსში. ძალიან ძნელია, რომ შეეგუო კომფორტის დაკარგვას, ძნელია შეგეხოს ტკივილი, რომელიც სხვისი ტკივილი შეიძლება იყოს. განა ჩვენ არ ვართ პერსონაჟები ლევ ტოლსტოის "ივან ილიჩის სიკდილის"? ჯერ სხვა და მერე მე. განა კიერკეგორის "შიში და ძრწოლა" ამ კომფორტის დარღვევისადმი პროტესტი არ არის? რა გვიკვირს, ან რატომ გვიკვირს, იმისი, რომ ხშირ შემთხვევაში კომფორტი, მტრის დისკურსში ჯდება. არავინ ამბობს აგენტებს, არამედ დისკურსს, რომელიც კომფორტის მოყვარულთა დისკურს ემთხვევა. სამყაროს მიერ დაფარული მარცხიც სწორედ აქაა. ეს მარცხი ძალიან ვერაგია. სწორედ ამ მარცის გაუცნობიერებლობამ შექმნა სახე, რომელიც დაახლოებით ასეთი იყო:
იყო მავანი. იჯდა ქუჩის ბირჟაზე, დადიოდა გასვენებაში, ქორწილში, დაბადების დღეზე, ნათლობაზე თან უყურებდა ბანერს "აფხაზეთი და სამაჩაბლო ჩვენი ტკივილია". მივიდოდა სახლში ჩაიცმევდა ფოსტლებს, ისევ გავიდოდა ბირჟაზე და კომფორტიც გრძელდებოდა. ეხლა ითხოვს ეს სახე, აიღოს ხელისუფლებამ პასუხისმგებლობა. აბა ვინ აიღებს პასუხისმგებლობას სხვა? არც არავინ, სწორედ ხელისუფლება, მაგრამ მოთხოვნა სხვის პასუხისმგებლობის აღებაზე, არის იმის მომასწავებელი, რომ დაივიწყოს საკუთარი პასუხისმგებლობა, ანუ არ მიიღოს კრიზისი ისევ. ვერ იტანს კრიზისში შესვლას თუნდაც ამ კრიზისმა მოშალოს ბანერი და მასზე წარწერა "აფხაზეთი და სამაჩაბლო ჩვენი ტკივილია".
სწორედ პრეზიდენტი იქნება, ვისაც ყველაზე მეტად მოთხოვენ პასუხს. გამსახურდიასაც ყველაზე მეტად მოთხოვეს პასუხი. აი ედუარდს არ მოსთხოვეს პასუხი. ალბათ იმიტომ, რომ ის არ იყო არაკომფორტული ლიდერი მის მიერ შექმნილი სიმშვიდე ზოგადად კომფორტს აწყობდა.
ეხლა კრიზისი დავინახეთ, კრიზისში შევედით და ვიგრძენით ჩვენს ზურგზე ეს კრიზისი. დამთავრდა ბანერის კრიზისი. ჩვენ შევხედეთ იმ ხალხს თვალებში, ვინც შეშაზე შვილს გაუშვებდა და მერე ურმით მოუსვენებდნენ სახლში? ჩვენ დავინახეთ ის ტკივილი და ძრწოლა, რაც იყო ჩვენს კონფლიქტურ რეგიონებში. ჩვენ გავიგონეთ 16 წლის დაწყებული მინამიოტების ზუზუნი, რომელშიც ცხოვრობდა ჩვენი თანამემამულეები, რომელთაც ყუმბარმტყორცნების ეს ხმები უკვე ნანინასავეთ ჩაესმოდა ყურში. ეს ჩვენ არ გვესმოდა, მთავარი იყო, რომ არ გესმოდა მინამიოტის ხმა. ყველაფერი “შესანიშნავად” იყო, აწყობილი იყო. აი აქ წყდება ლოგიკა კრიზისისა და კომფორტისა. წყდება იქ, სადაც კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრები ხალხის ცხოვრება კომფორტულად რომ წარმოგიდგენია. ეს ნონსესია. ამაზრზენია. აქ ლოგიკა არ არსებობს.
სად გადის პოლიტიკის და ხალხის ბედნიერების ზღვარი. სად შეიძლება ამან გადაკვეთოს ერთმანეთი. რა ხდება, ისევ კომფორტი სჯობია? შეგვიძლია ეს ზღვარი დავინახოთ? ბედნიერები კი არ ვართ ამ კრიზისში შესვლით, არამედ კრიზისში შესვლაა აუცილებელი, ისე კრიზისს ვერ გააცნობიერებ. არადა სხვაგვარად არ ეწყობა საქმეს. არ ემთხვევა ერთმანეთს ბოლომდე სვლაგეზში ხალხის კომფორტი და ქვეყნის აუცილებლობა. ეს არახალია ძველია. განა ვინმე არ ხედავს იმ ვიწრო სახედს, რაც ხდება? აბა კრიზისში რატომ შევედით? ეს რომ დაგვენახა და გადაგვეწყვიტა. შეგვექმნა ახალი კრიზისი არსებული კრიზისის დასამარცხებლად. არსებობს გზები, არსებობს საშუალებები და სიტუაციები, რომელსაც ხანდახან მძიმე შედეგები აქვთ, მაგრამ პროცესია. პროცესი იწყება და ეს არის ის პროცესი, რომლის გარეშე ნებისმიერი კომფორტი მარაზმია და ყალბია. სირაქლემობაა. უნდა შევხედოთ ბოლომდე და გადავწყვიტოთ. გადავწყვიტოთ და ამ ბრძოლაში არ ვიყოთ მარტო ამ უზარმაზარი გველეშაპის, პლანეტარული მხეცის წინაშე, რომლის არსებობა სისხლია, ცინიზმია და ურჯულოებაა. იოანე ოქროპირი ამბობს: "კაცი, რომელიც არცა ტფილ არს და არცა გრილ, აღმონერწყვად არს პირისაგან ჩემისა".
ბრძოლა თავისუფლებისთვის, ხომ მხოლოდ 5 დღიანი ომი არ არის. ეს უკვე 20 წლიანი ომია რომლის პირველ მსხვერპლს 1989წ. 9 აპრილს შევხედეთ. რა არის დამარცხება, ის რაც 5 დღეში მოხდა თუ დამარცხების პროცესი, რომელიც 1989 წლიდან რუსეთი პერმანენტულად გვამარცხებდა? ეხლა როდესაც ყველაფერი შეიცვალა პროცესიც რადიკალურად შემოტრიალდა და სერიოზული პერსპექტივები გამოჩნდა ამ საკითხების გადასაწყვეტად, მე ვფიქრობ, რომ ომი გრძელდება. გრძელდება და ის უნდა დასრულდეს. ამ რეალიებიდან გამომდინარე ჩვენს სასარგებლოდ, რისი დიდი იმედიც მაქვს. თუ 2008წ. 8 აგვისტომდე ამ ომში ძალები უთანასწორო იყო რუსეთის სასარგებლოდ, ეხლა პირიქითაა, უთანასწორო რუსების საწინააღმდეგოდ.
ვაღიარებთ, რომ კრიზისი გვქონდა. მოხდა კრიზისის გააქტიურება. აფხაზეთი და სამაჩაბლო დაკარგული გვქონდა. რომლის დაბრუნება იყო შეუძლებელი. რუსეთი გვჯაბნიდა ყველაფერში და ჩვენ ვერაფერს ვერ ვაკეთებდით. ერთი და იგივე ადგილს ვტკეპნიდით, უაზრო მოლაპარაკებებით და მარაზმებით. კრიზისი გააქტიურდა, შეიცვალა ყველაფერი. უთანასწორო ბრძოლაც შეიცვალა. ყველაფერი თანდათან იცვლება და რუსეთი ამ საკითხში სერიოზულ პოლიტიკურ და იურიდიულ მარცხებს განიცდის. მე მესმის ისიც, რომ ძალიან ხშირად, ერთმანეთს არ ემთხვევა პოლიტიკური პროცესი და ხალხის ბედნიერება. ეს რომ ასე იყოს, ომი საერთოდ აღარ იქნებოდა დედამიწაზე. ბრძოლა ტერიტორიების დაბრუნებისთვის გრძელდება ჩვენთვის ძალიან კარგ ფორმატში. რაც სერიოზულ წინაპირობებს სახავს. თუ შევხედავთ ომს და წერტილს დასვამ იქ, სადაც ჩვენი ჯარები ცხინვლიდან გამოვიდნენ მაშინ დავმარცხდით და დამთავრდა ყველაფერი. თუ პოლიტიკურ ბრძოლას შევხედავთ, როგორც პროცესს, რაც მიმდინარეობს რუსეთის წინააღმდეგ მთელი მსოფლიო მაშტაბით შეხედავ, რომ პერსპექტივები გაცილებით დიდია დღეს კონფლიქტის მოგვარების, ვიდრე იყო 3 თვის წინ. ომი ეს პოლიტიკური პროცესია, რომელიც არასოდეს დასასრული არ არის. პოლიტიკური პროცესი სრულდება პოლიტიკით. ომი მისი შემადგენელი ნაწილია.
რატომ ხდება, რომ ამ ხელა აგრესიის შემდეგ, რაც რუსებმა გააკეთეს ისევ თავს ვიდანაშაულებთ, რომ ჩვენ რამე გავაფუჭეთ. მაშინ როდესაც მთელი 20 წლის განმავლობაში, რუსების ანექსიამ ქანცი გაგვწყვიტა. მათთან ბრძოლამ უამრავი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. (ცხრა აპრილი 1989წ., 20 ადამიანი მშვიდობიანი უიარაღო, 1991-92წ. 100 ადამიანი. 1992-1993წ. აფხზეთის ომი 30 000 ადამიანი. 300 000 ფსიქოლოგიურად განადგურებული დევნილი, ომის დამთავრების შემდეგ 2000 ადამიანი სიკვდილი). ალბათ, უნდა გავჩერებულიყავით. უნდა გაგვეგრძელებინა გაყინულ მდგომარეობაში ყოფნა. არ გვეცადა არაფერი. გაგვეგრძელებინა ცხოვრება ბანერის (აფხაზეთი სამაჩაბლო ჩემი ტკივილია) ფონზე. ვმდგარიყავით ამ მხეცის და უზარმაზარი გველეშაპის წინაშე მარტო და გვეგრძნო თავი უმწეოდ. შემოვსკდომოდით ჩვენს გულს და არანაირი შანსი არ გვქონოდა, რომ ვინმე ამ ყველაფერში არ დაგვეხმარება. დღეს ყველაფერი შეიცვალა, შეიცვალა დიდი ტკივილის და ისევ სისხლის ფასად. ეს საშინელებაა.
იმპერია მორჩა კატა თაგვობანას. მან გამოაჩინა საკუთარი ღოჯები, რომლითაც დაძიძგვნას გვიპირებდა. ჩვენ ვეცადეთ თავი გადაგვერჩინა და არ დავრჩენილიყავით მარტო ამ გველეშაპის წინაშე. ვინ აპატიებდა ხელისუფლებას უმოქმედობას. არავინ. ქმედებასაც არავინ პატიობს. ვინ აცნობიერებს იმ შედეგებს, რაც მოჰყვებოდა რუსების შეტევის დაწყებას დასავლეთ საქართველოდან, რაზედაც ფელენგაური საუბრობს თავის სტატიაში. ვინ აცნობიერებსა იმ შედეგებს, რაც შესაძლოა მოჰყოლოდა თბილისის დაცემას და რუსების აქ შემოსვლას. განა არ მოინახება ჩვენს ტვინებში ერთი წამი, დროის შუალედი, როდესაც წარმოვიდგენთ, რა შეიძლება მოჰყოლოდა ამ ყველაფერს? რომ არ დაგვეცვა თბილისი, განა მცირე გამოცდილებაა 1921წ. 25 თებერვლი? რომელიც 70 წელი გვაზეიმეს. აუცილებელი იყო კონფლიქტების ინტერნაციონალიზაცია, რომელიც გვაძლევს შანსს, რომ რუსებს როგორმე თავიდან მოვიშორებთ და გავნდევნით საქართველოდან უკვე ცივილიზებული მსოფლიოს დახმარებით, რომელიც სერიოზულად დაუპირისპირდა ამ აგრესიას. ეს დღეს სახეზეა. 1921წ. ჩვენ მარტო დავრჩით, ეხლა აღარ. ან უნდა შევგუებოდით ამ ანექსიას, ან უნდა ნებისმიერი საშუალებით თავი დაგვეცვა წინააღდეგ შემთხვევაში განმეორდებოდა 1921წ. 25 თებერვალი.
მინდა ერთი იგავი მოვიყვანო, რომლითაც კრიზისი გადაწყდა უფრო დიდი კრიზისის შექმნით. ბიბლიაში არის ასეთი ნარატივი: ეგვიპტის ფარაონ რამზესის მიერ კრიზისი შეიქმნა ებრაელების დაპყრობით და მათზე ბატონობით. მოსე იყო ის კაცი, რომელმაც ღმერთის ხელით კრიზისი გაამწვავა და კრიზისში თავად რამზესის კრიზისი შეიყვანა, რომელიც რამზესის მიერ იყო შექმნილი. კრიზისში შესვლაში იგულისხმება თავად არსებული კრიზისის კრიზისში შესვლა. სწორედ უფლის დახმარებით შეძლო მოსემ ადამიანური (რამზესის) კრიზისისათვის, (რომელიც სატანური იყო , ღვთის გმობა იყო) კრიზისის შექმნა. ბოროტს ექმნება კრიზისი და ისჯება ღვთის მიერ, როგორც ამას ამბობს პეტრე იბერიელი, თავის წიგნში "სახმთოთა სახელთათვის" : "არა არს, არს ბოროტი", არ არსებობს ბოროტი, ის ასებობს კრიზისში და მის შექმნილ კრიზისს ელოდება კრიზისი ღვთის მიერ.
ვიყავით კრიზისში. ვიყავით და განვიცდიდით სტაგნაციას. ეს კრიზისი თავად გაკრიზისდა უკვე, ანუ რუსების მიერ შექმნილი კრიზისი, რომელიც მათ შექმნეს 16 წლის უკან სტაგნირებდა. ეხლა ეს რუსების მიერ შექმნილ კრიზისს (ტერიტორიების წართმევას) შეექმნა კრიზისი, ახალი, რომელიც მხოლოდ ამ კრიზისის დაძლევისთვის შეიქმნა და ჩამოყალიბდა. სწორედ ამას გულსხობს კრიზისში შესვლა. ანუ ახალი კრიზისი თავად არსებული კრიზისის საწინააღმდეგოდ. რუსების მიერ შექმნილ კრიზისს ეხლა დაუპირისპირდა თავად რუსების წინააღდეგ შექმნილი ახალი კრიზისი, რომელმაც ეს კრიზისი უნდა დაასრულოს და მოხდეს დეოკუპაცია ამ ტერიტორიების საერთაშორისო ძალების დახმარებით, რაც დაწყებულია. საერთაშორისო მხარდაჭერა ამ ყველაფრის სახეზე გვაქვს და საკმაოდ მწვავე. მდგომარეობა დღეს ასეთია. ყველა თავისას ეცდება. თუმცა რუსების კრიზისს ძალიან დიდი გამოცდა ელის. მათ სცადეს, რომ თავიანთი კრიზისი გაეღრმავებინათ. ასეც გააკეთეს, მაგრამ თავად კრიზისის კრიზისი დაწყებულია. რუსეთი ვერ შეძლებენ ამის გადალახვას. უბრალოდ ამის ლოგიკა არ არსებობს.
დღესდღეობით ჩვენს წინაა არა ორი კრიზისი, არამედ კრიზისის დამთრგუნველი ახალი კრიზისი. გვაქვს გააქტიურებული, კრიზისის (რუსეთის) დანგრევის კრიზისი (დასავლეთი და საქართველო). ანუ დღეს ერთი კრიზისია. ისტორიის მანძილზე ასეთი რამ სწორეთ ჩვენი გეოპოლიტიკის განმსაზღვრელი იყო, ისტორიული გეოპოლიტიკის. რუსეთის მიერ შექმნილ კრიზისს დაუპირისპირდა სწორედ აქ ამ ადგილას უფრო დიდი კრიზისი, რომელიც უკვე ჩვენ კი არა რუსეთის კრიზისს უქმნის დიდ საფრთხეს. ერთ ისტორიულ მაგალითს მოვიყვან, 542-562 წლები ჩვენს ისტორიაში შესულია როგორც ეგრისის 20 წლიანი ომი. ქართულმა პოლიტიკამ გუბაზ მეფის მეთაურობით (მოკლეს 554წ.) შეძლო ორი მაშინდელი იმპერია ერთმანეთისთვის დაეჯახებინა და საბოლოოდ ორივესგან განთავისუფლდა. ასე მოხდა არაბების მიერ ჩვენი დაპყრობისას და ბიზანტიისა და არაბების დაჯახება მოხდა ჩვენს ტერიტორიებზე, რომელიც საბოლოოდ აღმაშენებლის ეპოქით დაგვირგვინდა. ანუ ყველა ისტორიულ ეტაპზე ქართული პოლიტიკა თავიგადარჩენის ამ ხერხს მიმართავდა. ისევე როგორც თურქეთ ირანის შემთხვევაში უკვე შუასაუკუნეებში 1500 წლიდან ვიდრე 18 საუკუნის შუა ხანამდე. შემდეგაც საქართველოს გულისთვის რუსეთ ირანის და რუსეთ თურქეთის ომიც არაერთხელ მოხდა. ეს ჩვენთვის სწორედ სტანდარტული სიტუაციაა. სტანდარტული ისტორიული მდგომარეობა, იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ პოლიტიკური მმართველობა გვქონდა. სხვათა შორის პაველ ფელენგაუერმა აღნიშნა, რომ საქართველომ თავისი თავდაცვის ისტორიული ხერხი გამოიყენა, როდესაც თავის ტერიტორიაზე ორი მოწინააღმდეგის, იგულისხმება რუსეთი და აშშ ინტერესების დაპირისპირება მოახერხაო. როგორი ქვეყანა გავხდებით, ისრაელის თუ დასავლეთის ტიპის ეს უახლოეს თვეებში გაირკვევა. რაც შეეხება სად უნდა იყოს აშშ ბაზები და საერთოდ იქნება თუ არა ეს სხვა საკითხია. საქართველო იმდენად პატარა ქვეყანაა, რომ აქ ორი იმპერია ვერ დაეტევა. სწორედ ამიტომ ხდება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის ასეთი დაცვა.
ეს კრიზისი რუსებისთვის კომფორტი არაა? რუსებმა 1993წ. გაუშვეს ყველა შანსი. გაყინეს რა კონფლიქტი, ვინაიდან მაშინ არავითარი შესაძლებლობა არ ჰქონდათ, რომ დაემთავრებიათ ეს პროცესი. გაყინული მდგომარეობა იყო რუსებისათვის კომფორტი. ჩვენთვის კრიზისი. რუსებს ნამდვილად არ აწყობდათ ასეთი აფეთებული კრიზისი. ასეთი საერთაშორისო ფონით. რუსებს ჰქონდათ მცდელობა რომ ჩვენთვის თავს მოეხვიათ ანექსია და უდიდესი კრიზისი თბილისის აღებით. რუსებმა 16 წლის შემდეგ გადაწყვიტა 1993წ. დაწყებული საქმის დამთავრება, მაგრამ ის მოხვდა სერიოზულ იურიდიულ და პოლიტიკურ კაზუსში, რაც გულისხმობს იმას, რომ რუსეთმა ამ შექმნილი ახალი კრიზისით დაკარგა ყოველგვარი ლეგიტიმაცია საქართველოში. მისი ერთადერთი ლეგიტიმაცია სამშვიდომო ძალები იყო. ეხლა რუსეთი ვერავითარ ლეგიტიმაციას ვერ შეიძენს, ვინაიდან არის ოკუპანტი და მისი ლეგიტიმაცია არ არსებობს. რუსეთი ეხლა ცდილობს, ევროკავშირი არ შევიდეს კონფლიქტის ზონებში. თუმცა შექმნილმა კრიზისმა დაუშვა შესაძლებლობა, რომ ისინი აუცილებლად შევლენ ცხინვალის და აფხაზეთის ტერიტორიებზე. დროში ევროკავშირი ამ მანდატს გააფართოვებს. რაც შეეხება ევროკავშირის სამშვიდობოებთან რუსების ქმედებას, თუ ის იქნება რაიმე უკანონო ქმედების მსგავსი, ეს ნიშნავს, რომ რუსეთი ევროპას ომს უცხადებს.
ბოლოს ვიტყვი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაზე ბევრი საერთაშორისო საკითხია მიბმული. უკრაინა, ენერგო პროექტები და ამ პროექტებიდან 20 კმ-ში არავის გააჩერებს რუსულ ბაზებს. გარდა ამისა, რუსების გაყრა შავი ზღვიდან ეს არის გადაწყვეტილი. 5 ნატოს სახელმწიფო იქნება შავ ზღვაზე, სადაც რუსების ადგილი არ არის და აფხაზთშიც მათ არავინ გააჩერებს. ასე რომ დიდ შარში გაყვეს თავი და თვითონ კი არ შექმნეს კრიზისი, არამედ კრიზისში შევიდნენ და ეხლა ყველაფერი პირიქითაა, ვიდრე 1993წ.

ირაკლი მარგველაშვილი

1 ოქტომბერი 2008წ.

რა ხდება საქართველოში. რუსული გეგმა საქართველოს ანექსიაზე

დადგა დრო შევძლოთ გავაანალიზოთ საქართველოს უახლესი ისტორიული (1990-2008წწ.) გამოცდილებები და დღევანდელი პოლიტიკური მდგომარეობა ისტორიულ –გეოპოლიტიკურ ჭრილში. სახეზე გვაქვს ახალი ისტორიულ- ჰერმენევტიკული ლოგიკა, რომელიც გაგრძელებაა იმ ბრძოლისა, რომელსაც საქართველო აწარმოებს რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ მე-20 საუკუნეში და რომელიც გააქტიურდა 90-იან წლებში. შევეცადოთ, ამ ისტორიულ ჰერმენევტიკულ ლოგიკაში მოვათავსოთ ის მოვლენები და ფაქტები, რომელიც დაგვიგროვდა ამ პერიოდის განმავლობაში. რა თქმა უნდა არ გვაქვს პრეტენზია, რომ ეს არის ერთადერთი ვერსია, მაგრამ არის ერთ-ერთი, რომელიც საყურადღებოა. არ გვაქვს ილუზია ამ ყველაფერს შევხედოთ მხოლოდ ფაქტების კონსტატაციით, არამედ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელიც ვიცით, თუმცა არსებობს ფაქტები, რომელიც ხელმიუწვდომია და ჩვენს შემთხვევაში ამ ანალიზში, ეს ხელმიუწვდომი ფაქტები შესაძლოა აძლიერებენ ჩვენს ვერსიას შესაძლოა პირიქით-ასუსტებდეს. შესაბამისად მთელს ამ ანალიზს მკითხველს ვანდობთ, ვინაიდან ეს თავად ანალიზის თვისებაა. მთავარი მკითხველია. აქვე მინდა ავღნიშნო, რომ წინამდებარე წერილი-ანალიზი ოთხი ნაწილისგან შედგება. პირველი ნაწილი ეს არის ფაქტების და მოვლენების გახსენება, მეორე ნაწილი ეს არის ამ რუსეთ სდაქართველოს აგვისტოს ომის რუსული გეგმის ვერსია.ხოლო მესამე ნაწილი, არის ამ ომის შედეგად ახალი გეოპოლიტიკური წესრიგის ჩამოყალიბება, მეოთხე ნაწილი იურიდიული მდგომარეობა. დავიწყოთ ფაქტებით.
ყველასთვის ცნობილია, რომ საქართველოში ეროვნული მოძრაობის აღმავლობა 1988წ. დან დაიწყო. პოლიტიკური ლიდერების მერებ კოსტავას და ზვიად გამსახურდიას მეთაურობით. ამ მოძრაობას იმთავითვე დაუპირისპირდა საბჭოთა რუსეთის პოლიტ ისტებლიშმენტი და რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, ეს დაპირისპირების ეტაპები, ყოველთვის სამხედრო ძალით სრულდებოდა. პირველი შემთხვევა 1989წ. 9 აპრილია. იდეოლოგიურ ომში, რუსეთის იმპერია ყოველთვის უსუსურად გამოიყურება. შესაბამისად მის მიერ საკითხის გადაწყვეტის მცდელობა სამხედრო ჩარევით ხორციელდებოდა. ამიტომაც ამ მოძრაობამ მიიღო პირველი მსხვერპლი 9 აპრილს. დაიღუპა 20 ადამიანი და აქედან 16 ახალგაზრდა გოგონა. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი იწვევდა შიშის სინდრომს, რომ რუსეთი არ შეელევა საქართველოს. მიუხედავად ამისა ბრძოლა გაგრძელდა. 1989წ. 15-20 ივნისს რუსეთის სპეცსამსახურებმა შეძლეს აფხაზეთში არეულობის მოწყობა. დაიღუპა 17 კაცი. დაშავდა 400 კაცამდე. ომი არ შედგა. თუმცა გზა ომისკენ გაიხსნა. გაჩნდა ღია კონფრონტაცია და იმ ნაღმების ამუშავება, რაც სტალინის რუსეთმა საქართველოში დატოვა. ავტონომიური რესპუბლიკები, აფხაზეთი, აჭარა, და ერთი ავტონომიური ოლქი. დაიწყო სეპარატისტული მოძრაობები. აშკარაა, თუ რატომ ცდილობდა რუსეთი სამხედრო მანიპულირებებს ლოკალურად, ვინაიდან ერთადერთი რამ, რასაც ქართველები ერიდებოდნენ ეს სამხედრო კონფრონტაცია იყო, თუმცა ვნახავთ, რომ ქართული პოლიტ ელიტა ამაზე წავიდა. ვგულისხმობთ აფხაზეთის ომს.
საკამათოა შეგნებულად თუ შეუგნებლად, მაგრამ ჩვენს მიერ გამოკვლეულმა მასალებმა და ფაქტებმა, ასევე ამ ყველაფრის ანალიზმა, ნათლად დაგვანახა, რომ აფხაზეთის ომს შეგნებულად დაწყების უდიდესი სურნელი ასდიოდა და მხოლოდ რუსეთის წისქვილზე ასხამდა წყალს, რაც დაგვანახა განვითარებულმა მოვლენებმა. 1990წ. 28 ოქტომბერს ~მრგვალი მაგიდის~ გამარჯვებამ მრავალპარტიულ არჩევნებში კიდევ უფრო გაააქტიურა სეპარატისტული მოძრაობა სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში. 1990წ. 21 ნოემბერს აღნიშნული ოლქის უმაღლესმა საბჭომ გააუქმა ოლქი და გამოაცხადა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა. 1990წ. 21 დეკემბერს საქართველოს უზენაესმა საბჭომ დაეთანხმა ოლქის გაუქმებას, რომელიც სამხრეთ ოსეთის უმაღლესმა საბჭომ გააუქმა 21 ნოემბერს და თავადაც გააუქმა აღნიშნული ოლქი. დაიწყო ცხინვალის რეგიონში სამხედრო დაძაბულობა და გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობა. მიმდინარეობდა ლოკალური შეტაკებები და არა ფართომაშტაბიანი ომი. როგორც ეტყობა ეს ქართველი მაშინდელი პოლიტ ელიტის დიდი ძალისხმევით ხერხდებოდა. მითუმეტეს, რომ დაპატიმრებულ იქნა ამ სეპარატისტული მოძრაობის ერთერთი თავკაცი მარატ კულუმბეგოვი, რომელიც მოგვიანებით ხელისუფლების ოპოზიციურმა მოძრაობამ პოლიტპატიმრად შერაცხა. ეს ნონსესია. 1991-92წ. მოვლენების შემდეგ კულუმბეგოვი ციხიდან გაათავისუფლეს.
საინტერესოა გამსახურდიას მთავრობის პოლიტიური ორიენტირები და ფაქტები. 1991წ. 17 მარტს საბჭოთა კავშირის მაშტაბით ჩატარდა რეფერენდუმი საბჭოთა კავშირის შენარჩუნების და მოდერნიზების თაობაზე, რაშიც საქართველომ მონაწილეობა არ მიიღო. იმავე წლის 31 მარტს ჩატარდა რეფერენდუმი საქართველოში კითხვით: “გსურთ თუ არა, აღდგეს საქართველოს დამოუკიდებლობა 1921წ. 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე” კითხვაზე დადებითად უპასუხა საქართველოს მოსახლეობის 95%-მა. აღნიშნული რეფერენდუმის შედეგებზე დაყრდნობით 1991წ. 9 აპრილს 1918წ. 26 მაისის აქტის საფუძველზე აღდგა საქართველოს დამოუკიდებლობა. აღნიშნული ფაქტების სამართლებრივი შედეგი იყო ის, რომ პრაქტიკულად აღდგა სამართლებრივად გაწყვეტილი კავშირი 1918 წლის დამოუკიდებლობის აქტთან რამაც დააკანონა საქართველოს დაპყრობა საბჭოთა რუსეთის მიერ და მოამზადა ნიადაგი რუსეთის როგორც საოკუპაციო ქვეყნის სტატუსის მისანიჭებლად, რაც განხორციელდა კიდევაც 1991წ. ოქტომბრის დასაწყისში. ასევე სამართლებრივად გაწყდა კავშირის საბჭოთა კავშირთან და მის კანონმდებლობასთან. 1991წ. ოქტომბერში რუსეთის არმიას საქართველოში მიენიჭა საოკუპაციო სტატუსი, რომელიც მოეხსნა მას 1992წ. გამსახურდიას მთავრობის განდევნის შემდეგ. საოკუპაციო სტატუსმა დიდი უხერხულობა შეუქმნა რუსეთის ხელისუფლებას.
რაც შეეხება საგარეო პოლიტიკურ კურსს 1991წ. ეს იმდენად არეული და წინააღმდეგობებით აღსავსეა, რომ ძნელია მივიღოთ ზუსტი პასუხი ბევრ კითხვაზე. თუმცა არსებობს ვერსია, რომელსაც ვთავაზობთ მკითხველს. გამსახურდიას საგარეო პოლიტიკა სავსეა წინააღმდეგობებით, მაგრამ ვერ ჩავთვლი, რომ ეს შეგნებულად განხორციელდა. ამას ჰქონდა სერიოზული წინაპირობები. საქართველოსთან ერთად ეროვნული მოძრაობები გაძლიერდა ბალტიის ქვეყნებში. საინტერესოა დასავლეთის გეოპოლიტიკური მისწრაფებები, სადაც აშკარად ჩანდა, რომ ბალტიის ქვეყნებს საერთაშორისო მხარდაჭერა გაცილებით დიდი ჰქონდა. ზუსტად არავინ იცის, მაგრამ ეს ვფიქრობთ მაღალ დონეზე იყო გადაწყვეტილი მსოფლიო გრანდების შეხვედრისას, სადაც დასათმობ სიტუაციებზე იქნებოდა საუბარი. რაც შეეხება საქართველოს, მისი სიტუაცია საკმაოდ ცუდი იყო საერთაშორისო თვალსაზრისით, რაც დაადასტურა პრეზიდენტ ნიქსონის ჩამოსვლამ საქართველოში და მოგვიანებით პრეზიდენტ ბუშის განცხადებამ უკრაინაში, სადაც გამსახურდიას ურჩიეს ხელის მოწერა ახალ სამოკავშირეო ხელშეკრულებაზე რუსეთთან, ხოლო ბალტიის ქვეყნების დამოუკიდებლობა ცნო დასავლეთის ქვეყნებმა 1991წ. სექტემბერშივე.
საქართველოში დაიწყო რუსეთის სპეცსამსახურების მიერ დაგეგმილი სახელმწიფო გადატრიალების პროცესი, რომელშიც ობიექტებად საქართველოს პოლიტიკური პარტიები და საზოგადოების ნაწილი ჩაერთო. ეს შეცდომები 2007 წელს არსებულმა ხელისუფლებამ სრულად გაითვალისწინა, რაზედაც ქვემოთ ვისაუბრებთ.
რაც შეეხება გამსახურდიას მთავრობის საგარეო კურს, დავუბრუნდეთ ამ თემას. როგორც ავღნიშნეთ საქართველოს საერთაშორისო მხარდაჭერა დასავლეთის ქვეყნების ნამდვილად ქმედითი არ იყო, რაც მაშინდელ ხელისუფლებას მიახვედრეს. საქართველოს მკაცრი პოლიტიკური კურსი რუსეთის იმპერიის მიმართ სულაც არ იყო მისაღები, არ ჯდებოდა დასავლეთის ქვეყნების გეგმებში, რომელიც საბჭოთა კავშირის მიმართ არსებობდა. საქართველო აღმოჩნდა პირისპირ რუსეთის იმპერიასთან. დასაცავი იყო ტერიტორიული მთლიანობა, რომელზეც ყოველდღე ესმოდა ხელისუფლებას მუქარები. 1991წ. აგვისტოში აფხაზეთის უზენაესი საბჭოს არჩევნებზე სიტუაცია ომის ზღვრამდე მივიდა. თუმცა მოხერხდა კომპრომისის მონახვა და სიტუაციის დარეგულირება, რაც გამოიწვია აფხაზეთში საარჩევნო კანონის მიღებამ კომპრომისის გათვალისწინებით.
მოგვიანებით ამ კანონს აპარტეიდული კანონი ეწოდა, თუმცა ფაქტია, რომ საქართველო ამ ყველაფრით ომს გადარჩა, ომს რომელიც მოხდებოდა სსრკ-ს შემადგენლობაში და შედეგები ვფიქრობ დამანგრეველი იქნებოდა საქართველოსთვის. ეს კარგად გამოჩნდა 1992წ. სამხედრო ავანტიურაში აფხაზეთში, რომელმაც პრაქტიკულად რუსეთს ჩააბარა ეს საოცარი ნაწილი საქართველოსი და დღემდე ვერ მოხერხდა მისი დაბრუნება. მივიღეთ მხოლოდ 300 000 დევნილი. ამ საკითხზეც ქვემოთ უფრო უკეთესად შევჩერდებით.
ამერიკის და ზოგადად დასავლეთის პოზიციამ საქართველოს მიმართ გამსახურდია იძულებული გახადა ეძებნა ალტერნატიული თავდაცვითი მექანიზმები, რათა დაეცვა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა. მან ეს აფხაზეთში მოახერხა მშვიდობიანი გზით, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი. ყველა ნაბიჯი, რომელიც გადაიდგმებოდა ამ მიმართულებით იყო იძულებითი ნაბიჯი. ასეც მოხდა. მოკავშირის ძიებამ გამსახურდია მიიყვანა ჩრდილო კავკასიამდე, სადაც მისი დასაყრდენი გახდა ჯოხარ დუდაევი, ჩეჩნეთის მაშინდელი ლიდერი, რომლის გაპრეზიდენტებაში მან სერიოზული მხარდაჭერა გამოიჩინა. ეს მოხდა 1991წ. მარტში. კიდევ ვიმეორებ გამსახურდიას ჩრდილოკავკასიური პოლიტიკა იყო იძულებითი ნაბიჯი მარტო არ დარჩენილიყო რუსეთის იმპერიასთან ბრძოლაში, რაც გამოწვეული იყო დასავლეთის პასიური პოლიტიკით. ჩანაფიქრი იყო შემდეგი: მოეხდინა ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკების დარაზმვა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ. შექმნა მსგავსი პრობლემები, რასაც რუსეთი ქმნიდა საქართველოში ავტონომიური რესპუბლიკებში სეპარატიზმის გაღვივებით. აღნიშნულმა ქმედებამ დაანახა რუსეთს, თუ რა პრობლემები შეიძლებოდა შექმნოდა ჩრდილო კავკასიაში, რომელიც გაანეიტრალებდა საქართველოში მათ მიერ შექმნილ ტერიტორიულ პრობლემებს. ისინი ვეღარ შეძლებდნენ იმ ნაღმების ამოქმედებას საქართველოში, რომელიც სტალინის ბოლშევიკური რუსეთის მიერ იყო შექმნილი ამოქმედებისათვის. გამსახურდიას ამ გეგმას რა თქმა უნდა მოჰყვა სერიოზული წინააღმდეგობა რუსეთის მიერ. გამსახურდიამ ვერ შეძლო რუსეთის სპეცსამსახურების განეიტრალება, რომელთაც საუკუნოვანი ფესვები ჰქონდათ საქართველოში და მთელს კავკასიაში გადგმული. როგორც სამოქალაქო საზოგადოებაში და ინტელიგენციაში ასევე სამართალდამცავ სტრუქტურებში. გარდა ამისა გამსახურდიას იდეას, რუსეთის წინააღმდეგ მოქმედებებისა წითელი ბარათი უჩვენა დასავლეთის პოზიციამ, რომელიც მაშინდელი ამერიკის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის გამოსვლამ დაადასტურა კიევში. დაიწყო რუსეთის სპეცსამსახურების მოქმედება გამსახურდიას ხელისუფლების დასამხობად. გეგმა იყო მარტივი. დასავლური ღირებულებების, დემოკრატია, ადამიანის უფლებები, გააქტიურებით, მოეხდინათ გამსახურდიას დისკრედიტაცია, როგორც დიქტატორის და ამ ყველაფრით სამოქალაქო დაპირისპირების გამოწვევა, რაც მოახერხეს 1991წ. შემოდგომაზე ქართულმა ოპოზიციურმა ძალებმა, რომლებიც რა თქმა უნდა ჯდებოდა რუსული სპეცსამსახურების გეგმებში და ახორციელებდა მათ. ამ გეგმის პროგრამა მინიმუმი იყო გამსახურდიას ხელისუფლების დამხობა, ხოლო პროგრამა მაქსიმუმი იყო საქართველოს ავტონომიურ რესპუბლიკებში სეპარატიზმის გამოწვევა, ამის ნიადაგზე სამხედრო კონფლიქტი და ამ კონფლიქტის “დარეგულირებისათვის” “სამშვიდობო” ოპერაციების წარმოება, რომელიც საბოლოო ჯამში მოახდენდა საქართველოს ხელახალ ოკუპაციას. ყოველ შემთხვევაში, ამ ოკუპაციისათვის მომავალში სამზადისს. რუსებს ეს ყველაფერი მისცემდა რეალურ ბერკეტებს საქართველოში პოლიტიკური სიტუაციიების გავლენის მოსაპოვებლად. ეს ყოველივე 2008წ. აგვისტოში თვალნათელი გახდა და სწორედ ამ რეგიონებიდან სცადა რუსეთმა საქართველოს ხელახალი ოკუპაცია.
1991წ. შემოდგომაზე რუსეთის სპეცსამსახურების მიერ გამოყენებულმა ლოზუნგმა ~ჯერ დემოკრატია, მერე დამოუკიდებლობა~ შესანიშნავად იმუშავა. მათ მიერ შემოთავაზებულმა ფოჩიანმა კანფეტმა დემოკრატიის და დასავლური ღირებულებების ~დამკვიდრებისა~ საქართველოში და პიარ კამპანიამ გამსახურდიას დიქტატორობის შესახებ შედეგი გამოიღო. მოხდა სამოქალაქო დაპირისპირების არნახული ესკალაცია თბილისში, რაც მივიდა თავის ლოგიკურ ზღვრამდე. 1991წ. 22 დეკემბერს დაიწყო საქართველოში სამხედრო გადატრიალება რუსეთის სამხედრო ძალების აქტიური მონაწილეობით, რომელსაც ხელმძღვანელებდა კავკასიის საოლქო არმიის გენერალი ბეპაევი. 1992წ. 6 იანვარს გამსახურდიას მთავრობამ დატოვა საქართველო. საქართველოს ხელისუფლება ჩაიბარა სამხედრო საბჭომ სამი პირის ხელმძღვანელობით. თენგიზ კიტოვანი, ჯაბა იოსელიანი და თენგიზ სიგუა. რუსეთის მიზანი, ანუ პროგრამა მინიმუმი შესრულდა.
დაიწყო პროგრამა მაქსიმუმის განხორციელება. ანუ სეპარატიზმის გაღვივების პროცესი ცხინვალის რეგიონში და აფხაზეთში. 1992წ. 7 მარტს საქართველოში დაბრუნდა ედუარდ შევარდნაძე. ვფიქრობთ მისი დაბრუნება კომპრომისულად იყო გადაწყვეტილი როგორც დასავლეთის ასევე რუსეთის პოლიტიკურ წრეებში. თუმცა მომავალში განხორციელებული ქმედებები, რომელიც შევარდნაძის მიერ განხორციელდა ბადებს ეჭვებს, რომ ის საქართველოში ახორციელებდა რუსეთის პოლიტისტებლიშმენტის პროგრამა მაქსიმუმს, ანუ საქართველოს ტერიტორიების აფხაზეთი და ცხინვალის ოკუპირებას. ამას გვაფიქრებინებს ის გარემოება, რომ მისი ჩამოსვლის დღიდან პრაქტიკულად გაძლერდა სეპარატისულ რეგიონებში კონფრონტაცია. ცხინვალის რეგიონში მოხდა საომარი მოქმედებების განახლება, ხოლო აფხაზეთში შეიქმნა პირობები, რომ ის გამოსულიყო საქართველოს სამართლებრივი სივრციდან, რომლის დაშვებაც არაფრით არ შეიძლებოდა. ეს გამოიწვია 1992წ. თებერვალში სამხედრო საბჭოს მიერ საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის გაუქმებამ, რომლითაც პრაქტიკულად შეწყვიტა აფხაზეთსა და საქართველოს შორის სამართლებრივი კავშირი. ერთადერთი დოკუმენტი, რომელიც არეგულირებდა საქართველოს სამართლებრივ ტერიტორიულ წყობას გაუქმებულ იქნა. ეს გახდა საბაბაბი კონფლიქტის ესკალაციის. კერძოდ 1992წ. 25 ივნისს აფხაზეთის უზენაესმა საბჭომ აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობიდან გასულად გამოაცხადა იმის გათვალისწინებით, რომ კონსტიტუციის გაუქმებამ აფხაზეთი პრაქტიკულად საქართველოს სამართლებრივი სივრცის გარეთ დააყენა. აფხაზეთმა აამოქმედეს 1925წ. კონსტიტუცია, რომლის თანახმადაც ისინი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა იყო, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირს არსებობა შეწყვეტილი ჰქონდა 1991წ. დეკემბრიდან. თუმცა სიტუაციის ესკალაციისთვის ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო.
რუსული გეგმა ძალას იკრებდა. 1992წ. 24 ივნისს დაგომისში რუსეთმა მოახერხა ხელი მოეწერა ხელშეკრულებაზე, რომლის თანახმადაც ისინი, როგორც სამშვიდობო ძალები ჩადგნენ ცხინვალის რეგიონში. პროგრამა მაქსიმუმის კიდევ ერთი პუნქტი შესრულდა. 1992წ. 14 აგვისტოს საქართველოს ასე ვთქვათ შეიარაღებული ძალები გადაადგილდა აფხაზეთში, რკინიგზის დაცვის საბაბით, რამაც მოახდინა სამხედრო ესკალაცია აფხაზეთში და დაიწყო ომი, რაც 1993წ. 27 სექტემბერს დასრულდა ქართველების გამოდევნით მთლიანად აფხაზეთის ტერიტორიიდან. შედეგად მივიღეთ 300 000 დევნილი, აფხაზეთში ქართველი მოსახლეობის გენოციდი და 1994წ. სნგ-ს მანდატით აფხაზეთში რუსული სამხედრო ~სამშვიდობო ძალების~ განლაგება აფხაზეთში, რომელიც დღემდე გრძელდება.
აღნიშნულ რუსულ-აფხაზურ გენოციდზე დასავლეთს ხმა არ აუმაღლებია, ვინაიდან რუსეთმა მოახერხა საინფორმაციო კამპანიის ისე ჩატარება, რომ მისი კვალი ამ კონფლიქტში დაიფარა. ეს მეტად მნიშვნელოვანია იმ საკითხების განხილვისას, რომელიც მომავალში უნდა განვიხილოთ 2008წ. აგვისტოში რუსული ინტერვენციის კონტექსტში. შეიძლება ითქვას რუსულმა გეგმამ სრული გამარჯვება მოიპოვა. მან შეასრულა კავკასიის დამორჩილების და მისი გავლენის დაკანონება კავკასიის რეგიონში. გაყინა რა აფხაზეთის და ცხინვალის კონფლიქტები მათი გამოყენება გეოპოლიტიკური მიზნებისათვის მომავლისთვის გადადო. მან შეძლო გაეყინა კონფლიქტები მანამდე, ვიდრე მისი ხსენებული მიზნებისათვის საჭიროება არ გახდებოდა აუცილებელი. აღნიშნულ საკითხს დავუბრუნდებით, როდესაც განვიხილავთ 2008წ. აგვისტოში საქართველოში განხორციელებულ ინტერვენციას.
აფხაზეთის დროებით საქართველოს იურისდიქციიდან გამოსვლა რუსეთმა გამოიყენა მისთვის სასარგებლო სამშვიდობო მანდატის დასაკანონებლად. კერძოდ: მათ მოახერხეს საქართველოს იურისდიქციიდან გამოსული აფხაზეთის საკუთარ იურისდიქციაში მოქცევა, ისე, რომ საქართველომ პრაქტიკულად ვერ მოახერხა ელემენტარულად შეწინააღმდეგებოდა ამ ყველაფერს. რუსული გეგმა, რომელიც 1991წ. დაიწყო თავის ლოგიკურ დასასრულამდე მივიდა. განხორციელდა 2 ეტაპად:
1. მოხდა ქართული საზოგადოების სამოქალაქო დაპირისპირება, რომელიც სამოქალაქო ომში გადაიზარდა. მოხდა საზოგადოების პოლარიზაცია. დაემხო ეროვნული ხელისუფლება. სამოქალაქო ომში რუსეთის სამხედრო ნაწილებმა გადამწყვეტი სიტყვა თქვეს და ბალტინის სამხედრო საზღვაო ძალებმა გადაწყვიტეს სამოქალაქო ომის ბედი. მათ ხელისუფლებაში დატოვეს ედუარდ შევარდნაძე, რომელმაც შეიძლება ითქვას დაიმსახურა ეს. მან რუსეთს შეუწყო ხელი საქართველოს რეგიონების რუსეთის იურისდიქციაში მოქცევას.
2. რუსეთმა შეძლო საქართველოში, მის ტერიტორიაზე ხანგძლივი ინტერვენციის მოწყობა, რომელსაც მომავალში მთლიანად ქვეყნის ინტერვენციისათვის გამოიყენებდა, რაც დღეს 2008წ. აგვისტოში, როდესაც ეს წერილი იწერება სახეზეა.
გვინდა შევეხოთ მეორე პოზიციას, რომელიც ჩამოყალიბდა ჩვენი პირველი ვერსიის საწინააღდეგოდ საქართველოში. როგორც მოგახსენეთ ლოზუნგი ~ჯერ დემოკრატია მერე დამოუკიდებლობა~, რომელიც რუსეთის სპეცსამსახურების მიერ იქნა დამუშავებული, მხარდაჭერა საქართველოში 1991 წელშივე ჰპოვა ქართულ პოლიტიკურ წრეებში, რამაც გამოიწყვია ის უბედურება, რაც საქართველოში მოხდა. სამოქალაქო დაპირისპირება და დამოქალაქო ომი, ასევე ტერიტორიების რუსეთის მიერ პრაქტიკული ანექსია და მათი 2 ეტაპიანი გეგმის სრულად და წარმატებით შესრულება. რჩება შთაბეჭდილება, რომ 1991წ. 9 აპრილს გამოცხადებულმა დამოუკიდებლობამ თითქოს ეიფორია მოჰგვარა საქართველოს. მათ მართლაც დაიჯერეთ, რომ აქტი იყო საკმარისი რათა საქართველოს რეალურად მიეღო დამოუკიდებლობა. ეს რა თქმა უნდა იმ ადამიანების მოსაზრება იყო, ვინც ხედავდა მხოლოდ პოლიტიკურ ფასადს და ვინც ძალიან იოლად წამოეგო ხსენებულ ლოზუნგს. შეიძლება ითქვას, რომ არა მარტო გაუცნობიერებელი მოსახლეობისთვის, ასევე გარკვეული პოლიტიკური წრეებისთვის დავიწყებას მიეცა საბჭოთა კავშირის არსებობა, მისი დატოვებული კვალი და მათ შორის ის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ. ისინი ომახიანად შევიდნენ სამოქალაქო დაპირისპირებაში და შემდეგ ყველა იმ საქართველოსთვის დამღუპველ პროცესებში მიიღეს მონაწილეობა, რაც განხორციელდა 1994წ-მდე. იყო მეორე ნაწილი საზოგადოების, ასე ვთქვათ ინტელიგენცია, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ამ ყველაფერში. ჩათვალეს რა, რომ ლოზუნგი იყო აბსოლუტურად მისაღები და გულწრფელი. თუმცა არსებობდნენ ადამიანები ამ წრეებში, რომელთაც წარმოდგენა არ შეეცლოთ, როგორ შეიძლებოდა საქართველოს დამოუკიდებლად ცხოვრება რუსეთთან ერთად. ასევე იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც თავის დონეზე ამოქმედებდა ამ მასას ხალხისას იგივე ლოზუნგის ქვეშ ~ჯერ დემოკრატია მერე დამოუკიდებლობა~. თუმცა მშვენივრად იცოდნენ რა ძალების მიერ ჰქონდათ დავალება მიღებული და მუშაობდნენ რუსეთის სპეცსამსახურების მფარველობის ქვეშ. რუსეთმა ძალიან მარტივად შეძლო დაემხო საქართველოს ახალგაზრდა სახელმწიფო და ჩაეთრია საქართველო რამდენიმე წლიან ქაოსში, რითაც საბოლოოდ დაინგრა ყველაფერი ის, რაც კი ათწლეულების მანძილზე შექმნილა. ეკონომიკა და ყოველგვარი ინფრასტრუქტურა.
1994წ. შემდეგ რუსეთმა პრაქტიკულად შეძლო საქართველოში მისთვის შედარებით ლოიალური ხელისუფლების მოყვანა და ტერიტორიების ანექსირება, ხოლო ანექსირებულ ტერიტორიებზე იქ თავისი ყოფნა დააკანონა, საქართველოში ერთგვარი სიმშვიდე დამყარდა. დაიწყო ეკონომიკის აღდგენა, პრივატიზაცია, რომელიც ძირითადად მმართველი ჯგუფის ინტერესებს ემსახურებოდა, იმ დამსახურებისათვის, რაც მათ გააკეთეს საქართველოში. არავითარი დასავლური ეკონომიკის აშენების ნიშანწყალი არ ჩანდა. ყველაფერი დაიწყო სოციალური უსამართლობით, ისევე, როგორც ეს მოხდა რუსეთში. 1998 წლიდან დაიწყო ქვეყნის ჭაობში ჩავარდნა და პოლიტიკური და ეკონომიკური უძრაობის ხანა. ლოგიკური იყო, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლებოდა. პრეზიდენტ შევარდნაძის მიერ დაიწყო ფრთხილი პოლიტიკა დასავლეთთან ნატოში ინტეგრაციის, აბრეშუმის გზის და ენერგო მატარებლების ექსპორტის განხორციელების შესახებ. დასავლეთმა ამ პროექტებს მხარი დაუჭირა. მისი პრეზიდენტობის რამდენიმე დადებითი მომენტი უნდა აღინიშნოს. ეს არის ბაქო-სუფსის ნავთობტერმინალის აშენება, ბაქო-ჯეიხანის ნავთობმაგისტრალის აშენება და ნატოსთან კონსულტაციების დაწყება. თუმცა იმ სახელმწიფო აპარატით და პოლიტიკური კონიუნქტურით, ნატოსთან ინტეგრაციის ინტენსიური ხანა 2004წ-დან დაიწყო, ხოლო ენერგო მატარებლების პროექტები დასავლეთის ძალისხმევით აშენდა. ასევე პოლიტიკური წარმატება იქნა მიღწეული სტამბულში, სადაც რუსეთმა ხელი მოაწერა შეთანხმებას საქართველოდან სამხედრო ბაზების გაყვანის შესახებ. თუმცა ამ შეთანხმების შესრულება, რომელიც 1 წელს არ უნდა გადასცდენოდა 2007წ. დეკემბერში დასრულდა. პოლიტიკურ წარმატებას რათქმა უნდა შედეგი არ მოჰყოლია, ვინაიდან საქართველოს პოლიტიკური ისტებლიშმენტი წარმოადგენდა უნებისყოფო კრებულს, რომელთაც ვერ გადაწყვიტა ელემენტარული ეკონომიკური პრობლემები. მწიფდებოდა ლოგიკური დასასრული ამ რეჟიმის რაც 2003წ. განხორციელდა “ვარდების რევოლუციის” სახით. ეს უკვე იყო გარდატეხა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში. პირველი წარმატება რაც განხორციელდა იყო აჭარის მოვლენები, სადაც საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო, ასე ვთქვათ განყენებული აჭარის ავტონომიის ლიდერის საქართველოდან განდევნა მშვიდობიანი გზით და იქ საქართველოს სრული პოლიტიკურ-სამართლებრივი სივრცის აღდგენა. 2005წ. 6 მაისს. ეს იყო უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური გამარჯვება ახალი ხელისუფლების, რომელსაც პრეზიდენტი სააკაშვილი მეთაურობდა. უეჭვოდ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსეთმა ამ დროისათვის დაიწყო საქართველოში ანექსიის ახალი გეგმის შემუშავება. ეს განაპირობა, საქართველოს დაჩქარებულმა რეფორმებმა, პოლიციის, სამხედრო სტრუქტურების და სხვა სფეროებში, რომელიც საქართველოს აახლოებდა დასავლეთთან და ნატოს სტურქტურებთან. ~ვარდების რევოლუციამ~ პრაქტიკულად შეძლო 11 წლიანი შევარდნაძის ეპოქის, უძრაობის ხანის დასრულება და ევროპასთან ურთიერთობებში ყინულის გალღობა. დასავლეთი მხარს უჭერდა საქართველოს რეფორმებს და კიდევ უფრო გაძლიერდა მისი დახმარება საქართველოზე. რაც რათქმა უნდა მოსკოვს აღიზიანებდა. ის, რომ მოსკოვმა დაიწყო ახალი გეგმის განხორციელება საქართველოს ოკუპაციისათვის გამოიხატა შემდეგ ფრაზა-სიგნალში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტს უთხრა ვლადიმერ პუტინმა აჭარის მოვლენების შემდეგ: “სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში ასეთ საჩუქარს არ ელოდოთ”. ეს თავად გაახმოვანა საქართველოს პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში.
~ვარდების რევოლუციის~ შემდეგ სააკაშვილის მიერ გათვალისწინებულ იქნა მთელი რიგი შეცდომები, რაც პირველმა პრეზიდენტმა დაუშვა მისი მმართველობის დროს.
1. სააკაშვილმა სასტიკი ბრძოლა გამოუცხადა კრიმინალურ სამყაროს და პრაქტიკულად იზოლაციაში მოაქცია არა მარტო კრიმინალური-ქურდული სამყარო, არამედ მოახდინა თავად ამ ქურდული-საბჭოთა მენტალიტეტის საშინელი დისკრედიტაცია. გავიხსენოთ, გამსახურდიას დროს და მისი გადატრიალების ფლაგმანი კრიმინალური სამყარო იყო, რომელსაც მოდერნიზებული-ახალი სახე პროფესსორ ქურდყოფილი ჯაბა იოსელიანი ხელმძღვანელობდა. ჯაბა იოსელიანის ქურდულ-პროფესორული ჰიბრიდი იყო ერთგვარი ახალი სახე პოსტსაბჭოთა სივრცისათვის, რომელიც შემდეგში ქურდული სისტემის ნახევრად ლეგალიზებაში გადაიზარდა. იგულისხმება მათ მიერ ნახევრად კანონიერი გზებით ბიზნესის კეთება და ასე ვთქვათ 30-50-იანი წლების ამერიკული მაფიოზურ-მონოპოლისტური ბიზნესის მსგავსი სახით გადაკეთება.
2. სააკაშვილი ამის განსახორციელებლად უნდა დაყრდნობოდა პოლიციას, რომელიც საბჭოთა პოლიციის შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა. ის არ მოერიდა 35 000 პოლიციელის დათხოვნას და ახალი მოდერნიზებული პოლიციის შექმნას, რომელიც შეებრძოლებოდა საბჭოთა ქურდულ ფიზიკურ და მენტალურ გადმონაშთს. აღნიშნული ოპერაციები წარმატებით დასრულდა. საქართველო გაიწმინდა ქურდული მენტალობის კრიმინალებისაგან და ამის შედეგები 2008წ. რუსეთ-საქართველოს ომის დროს ვიხილეთ.
3. სააკაშვილი შეუდგა ქართული სამხედრო ძალების შენებას, როგორც მისი ინფრასტრუქტურის ასევე ფიზიკურად ბრძოლისუნარიანი არმიის აშენებას. ამ საკითხებში მან საკმაოდ დიდ წარმატებებს მიაღწია, იმ საზომით, რომ 2008წ. აპრილში დადგა საკითხი საქართველოსთვის მაპის მინიჭების შესახებ, რომელიც პირველ რიგში სამხედრო ინფრასტრუქტურის მშენებლობას ითვალისწინებდა. საქართველო სრულად აკმაყოფილებდა ნატოს მოთხოვნებს სამხედრო თვალსაზრისით, თუმცა უარი მაპზე იყო 2 დასავლეთის სახელმწიფოს პოლიტიკური გადაწყვეტილება.
4. სააკაშვილს ასევე სერიოზული პრობლემები დახვდა სოციალურ, გასნათლების, ჯანმრთელობის და სხვა სფეროებში და სწრაფი ტემპებით დაიწყო კომუნისტური მმართველობის შემდეგ მიუხედავი ბევრი სფეროების რეფორმირება.

აი მოკლე ექსკურსი იმისა, თუ როგორ ემზადებოდა საქართველო რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ. უნდა ითქვას მთავარი: საქართველოს ასეთმა სწრაფვამ დასავლეთისკენ და ჩრდილო ატლანტიკურ ალიანში, გამოიწვია დასავლეთის დაინტერესება საქართველოთი და განსაკუთრებით სტრატეგიული პარტნიორობა ჩამოყალიბდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან. რამაც შექმნა საგარეო პოლიტიკური თავდაცვა რუსეთის ოკუპაციის შემთხვევაში. ეს განხორციელდა კიდევაც.
რუსეთის გეგმა საქართველოს ოკუპაციის და მისი პოლიტისტებლიშმენტზე გავლენის მოპოვების შესახებ ისევ ამუშავდა. რუსეთის გეგმამ პოსტოკუპირებულ ტერიტორიებიდან უნდა გადმოენაცვლა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. მზადება 2005 წლიდან დაიწყეს. სამხედრო პოლიტიკური ინტერვენცია ძალას იკრებდა. სიტუაცია რამდენჯერმე გამწვავდა. უნდა ითქვას, რომ რუსეთი ტრადიციული ხერხით ცდილობდა საქართველოში პოლიტიკური გავლენის მოპოვებას. გეგმა ამჯერადაც 2 ეტაპისგან შედგებოდა. 1. სამოქალაქო დაპირისპირების გზით საქართველოში პოლიტიკური პროცესების მართვა და სასურველი ხელისუფლების მოყვანა.
2. სამხედრო ინტერვენცია და ამ გზით ხელისუფლების შეცვლა, ან თავად საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირების სამხედრო სამოქალაქო დაპირისპირებასი გადაზრდა.

აღნიშნული გეგმის განსახორციელებლად რუსეთმა არაერთი მიზანმიმართული ქმედება დაგეგმა ამ გეგმის 1 ნაწილის განსახორციელებლად. თუმცა, როგორც ზემოთ ვთქვით, საქართველოს ხელისუფლება არ აპირებდა გაემეორებინა ის შეცდომები, რაც გამსახურდიას მთავრობამ დაუშვა 1991წ. ყველა ის კომპონენტი, რომელიც ჩამოვთვალეთ უზრუნველყოფდა სამხელმწიფო მანქანის გამართულ მუშაობას, სადაც შეუძლებელი გახდა რუსეთის სპეცსამსახურების შეღწევა. თუმცა ამის დიდი სურვილი იყო. პირველ რიგში ავღნიშნავდი იგორ გიორგაძის პარტიის გაძლიერება-დაფინანსებას. საკმაოდ წარმატებით მოხდა ამ ძალის განეიტრალება. ამის შემდეგ დაიძრა საკმაოდ ძლიერი და კარგად გამიზნული პრ ქმედება. მოიძებნა ძალები საქართველოში, რომლებიც საკმაოდ ფესვგადგმული და დაფუძნებული იყო საქართველოს ეკონომიკურ-პოლიტიკურ სივრცეში. უნდა აღინიშნოს, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ ძალიან ვბევრი არაპოპულარური ნაბიჯი გადადგა, რომლითაც ხალხის გარკვეული მასა საკმაოდ გაღიზიანდა. თუმცა ის ახერხებდა ამ ყველაფრის შეჩერებას. საპროტესტო განწყობა ხალხის მასაში აღწევდა უმაღლეს დუღილის ტემპერატურას. საკმარისი იყო სერიოზული პრ ჯგუფის მიერ პროვოცირება სიტუაციების და ის კონტროლს მიღმა გამოვიდოდა. რა თქმა უნდა მხოლოდ ვერსიების დონეზე ვსაუბრობთ, მაგრამ ეს ვერსიები საინტერესოა თავად იმ დიდი ჰერმენევტიკული გეგმა-თამაშის გასაშლელად, რომელიც ამ წერილის ბოლო ნაწილში შეგვხდება.
როგორც ვთქვი, სააკაშვილის სახელმწიფო მანქანას ჰქონდა შესაძლებლობები აღეკვეთა რუსული სპეცსამსახურების ქმედებები ქვეყნის შიგნით, ხოლო ქვეყნის გარეთ, მას ამის შესაძლებლობები არ ჰქონდა. სწორედ ამიტომ ყველაფერი დაიწყო ქვეყნის გარედან. ანუ პრ აქცია დაიგეგმა გარედან და დაიწყო განხორციელება. სიტუაცია ქვეყანაში შესანიშნავად იყო შესწავლილი. შესწავლილი იყო ხალხის მასის განწყობა. შესანიშნავად მუშაობდა ტელეკომპანია ~იმედი~. ოპერაცია იმდენად კარგად იყო დაგეგმილი პრ ტექნოლოგიურად, რომ პრაქტიკულად არ იყო კვალი დატოვებული, რაზედაც სახელმწიფოს შეეძლო რეაგირება მოეხდინა. 2007წ. ნოემბრის მოვლენების განეიტრალება ხელისუფლებამ შეძლო. ეს თამაში ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის თაოსნობით მიმდინარეობდა. თუ რა სურდა მას, ამაზე ბევრი ვერსია შეიქმნა. ჩვენის აზრით, პატარკაციშვილმა უწყოდა რუსეთის გეგმების შესახებ, რომელსაც ის აპირებდა საქართველოში ზაფხულზე და გადაწყვიტა დაესწრო მოვლენებისთვის, რათა ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ამ თემით ევაჭრა რუსეთთან. ეს მისთვის საკმაო სარგებლიანობას წარმოადგენდა. მისი ხელისუფლებაში მოსვლით, პრაქტიკულად მთლიანად იცვლებოდა საქართველოს გეოპოლიტიკური მიმართულებები. თუმცა ამ უკანასკნელმა ვერ შეძლო თავისი გეგმების განხორციელება და ეხლაც გზამართალსაა. ბოლო პუნქტი საქართველოს რუსეთის ურთიერთობაში იყო ის, რომ 2008წ. აპრილში, ევროპამ საქართველოს არ მიანიჭა მაპი. რამაც რუსეთს მისცა შესაძლებლობა 2008წ. აგვისტოს მოვლენები განეხორციელებინა.

II რუსეთი და საქართველო

საკმაოდ რთული სიტუაციაა ქვეყანაში. ერთმნიშვნელოვნად ვერაფერს ვიტყვით. ვერც იმას, რომ რაიმე კარგი ხდება და ვერც იმას, რომ ასეთი არ მომხდარაო ჯერ. მომხდარა და უფრო უარესიც მომხდარა. თუმცა საერთო ჯამში განწყობა არის შემდეგი: საქართველომ უნდა გაიაროს ეს ძნელბედობა და უნდა ვძლიოთ ამ საშინელებას. საქართველო უნდა განთავისუფლდეს და ყველანი აქ ვართ, ამაში ერთიანები ვართ. ეხლა რაც შეეხება ჩემს მოსაზრებებს.

1. არ არის გაანალიზებული ომის დაწყების, განვითარების და დასასრულის წინაპირობები. არადა შექმნილ სიტუაციაში ეს არის ყველაზე მთავარი.
2. არ არის გაანალიზებული რუსული გეგმა, როგორ უნდა დაეწყოთ და დაესრულებინათ ყველაფერი.
3. არ არის გაანალიზებული რუსული გეგმა ტერიტორიების ანექსირების შესახებ.

ეს არის საკითხები, რომლის ანალიზის გარეშე ძალიან გაგვიჭირდება მივიდეთ ლოგიკურ დასკვნამდე, სავარაუდოდ რა უნდა მოხდეს. კარგად მქონდა გაცნობიერებული თუ როგორ შემოვიდოდნენ რუსები საქართველოში. ელემენტარულად ქვეყნის მთელი ანექსიის პირობებში, საჭიროა კონცენტრაცია გადავიტანოთ სტრატეგიულ მიმართულებებზე და სახეზე გვექნება სურათი თუ რას გააკეთებს დამპყრობელი ანექსიის დროს.

რუსები მზად იყვნენ ორივე მხრიდან აფხაზეთიდან და როკის გვირაბიდან დაეწყოთ შემოსვლა საქართველოში. გაჭირვების შემთხვევაში, კიდევ 2 მიმართულება შეეძლოთ გამოეყენებინათ, ლარსი და სადახლო. აქვე მინდა გაგახსენოთ ბაღაფშის ივნისის დასაწყისში გაკეთებული განცხადება, რომ დაიწყებდნენ კოდორზე შეტევას 12 აგვისტოს. ეს სწორი თარიღი არი იყო + - 3-4 დღის განსხვავებით. ასევე პაველ ფელენგაუერმა მისცა ინტერვიუ ივნისში, სადაც ის ამბობდა რომ აგვისტოს დასაწყისში რუსები შეუტევდნენ კოდორს. არავითარი ინფორმაცია არ იყო ცხინვალში საომარი მდგომარეობის დაწყების შესახებ. კოდორი იყო ის წერტილი, სადაც შეიძლებოდა დაწყებულიყო საომარი მოქმედებები და შემდეგ ის გადაზრდილიყო ფართო მასშტაბიან ომში. რუსებმა შექმნეს ყოველგვარი ინფრასტრუქტურა საჯარისო ნაწილების შემოსაყვანად, როგორც ზღვით, ასევე ხმელეთით. ჩემი აზრით, რუსები სწორედ დასავლეთ საქართველოში აპირებდნენ საომარი მოქმედებების დაწყებას და ფრონტის გაშლას მთელ დასავლეთ საქართველოზე. ცხინვალი კი იყო მეორე დარტყმის წერტილი.

საინტერესოა რატომ? ალბათ იმიტომ, რომ კოდორზე თავდასხმაში აფხაზებს მიაღებინებდნენ მონაწილეობას, ხოლო ჩვენი მხრიდან პასუხის გაცემის შემდეგ ისინი შემოუტევდნენ ზუგდიდს და გაშლიდნენ ფრონტს დასავლეთ საქართველოში. ზღვით დაიკავებდნენ ფოთს, სენაკს, სამტრედიას, და დაიძრებოდნენ ქუთაისისკენ. ამას მოჰყვებოდა ლტოლვილების დიდი ნაკადი აღმოსავლეთ საქართველოში და ძირითადად თბილისში. მოხდებოდა დასავლეთ საქართველოში დისლოცირებული ჩვენი სამხედრო ძალების (ცოცხალი ძალია) და ინფრასტრუქტურის განადგურება, რასაც ისინი დაახლოებით 3-4 დღეს მოანდომებდნენ იმდენად დიდი ძალა იყო შემოსული აფხაზეთში. დაახლოებით 1200 ტანკი და ჯავშან მანქანა, ასევე საზღვაო გემები და ავიაცია. ვფიქრობ ეს ინფორმაცია ჩვენმა დაზვერვამ იცოდა. თუმცა შესაძლოა გადაჭარბებულად ეჩვენებოდათ ეს ყველაფერი. ვინაიდან ძნელია ასეთ დროს, მიიღო ზუსტი ინფორმაცია რა ხდება, ვინაიდან ძირითადი გეგმა დაფარულია და ვრცელდება უამრავი მითი გეგმის სიზუსტის შესახებ. ვფიქრობ, ჩვენს მიერ ამ გეგმის ამოცნობა მოხერხდა. ერთადერთი მიზანი, რაც შეიძლებოდა ჰქონოდა საქართველოს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას იყო ის, რომ ეს ომი ექციათ ტაქტიკურ იურიდიულ ომად, რაც ასე თუ ისე მოხერხდა. შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ჩვენ შევძლებდით რუსების ჩვენს საზღვრებს იქით გადარეკვას. ვინც ამას ფიქრობს, ეს არის ძალიან ბავშვური მსჯელობა. ჩვენ ვიყავით დაახლოებით ისეთ სიტუაციაში, როგორშიც ისრაელი იყო 1946 წლიდან ვიდრე 1960 წლამდე. რომლის ყველა ომი, იყო ტაქტიკური, 5 ქვეყნის კბილებამდე შეიარაღაებული არმიის წინააღდეგ, მანამდე, ვიდრე მათ 1972წ. არ მოახდინეს იერუსალიმის და პალესტინის ოკუპაცია შეტევითი ომით.

რუსეთის გეგმა იყო მთლიანად საქართველოს ოკუპაცია და აქ პოლიტიკური რეჟიმის შეცვლა. გეგმა ხორციელდებოდა შემდეგნაირად. ფრონტის ძირითადი ხაზი გავიდოდა დასავლეთ საქართველოზე, რომელიც ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის ძალიან დიდი იყო. ამ ფრონტზე მოხდებოდა ძალიან დიდი ნაწილი სამხედრო ძალის განადგურება და ლტოლვილების გადმორეკვა აღმოსავლეთ საქართველოში-თბილისში, რომელთა რიცხვი გადააჭარბებდა 500 000 კაცს. ოპერაციის მაქსიმალური ვადა იყო 3 დღე. ამის შემდეგ რუსები ცხინვალიდან შემოვიდოდნენ გორში, სადაც ასევე მოხდებოდა ჩვენი სამხედრო ძალის (აღმოსავლეთის ნაწილის) მაქსიმალური განადგურება, კიდევ ლტოლვილების ნაკადი თბილისში და საქართველოს დედაქალაქში სამოქალაქო არეულობის, ხელისუფლების დეზორგანიზების მოწყობა და შემდეგ თბილისში შემოსვლა როგორც წესრიგის დამყარებლების. აქ მათი სასურველი კანდიდატურის დასმა, მთავრობის ჩამოყალიბება და დასავლეთისთვის ფაქტის დადება, რომ დეფაქტოდ საქართველოში ასეა. ეხლა ვისაუბროთ.

ამ ოპერაციის მაქსიმალური ვადა იყო 5-6 დღე. რა თქმა უნდა შეუძლებელი იყო ამხელა ლტოლვილების ნაკადის თბილისში განთავსება. ამის ორგანიზება. არ დაგავიწყდეთ ხონიდან 150 პატიმარი გაიქცა, კარები გაუღეს. თბილისშიც ამის გაკეთება შესაძლებელი იყო თავისუფლად და ამას რა მოჰყვებოდა წარმოდგენა არ მინდა.

ზემოთ ვთქვი, რომ გეგმა ამოცნობილ იქნა. ასეც იყო. არჩევანი გასაკეთებელი არ იყო. იძულებული ვიყავით გვემოქმედა დასწრებაზე, რათა ჩაგვეშალა ეს გეგმა. სწორედ ამიტომ მოხდა ცხინვალის მიმართულებით საომარი მოქმედებების, შეტევის დაწყება. 3 დღიანი შეუპოვარი ბრძოლა, უცებ ცეცხლის შეწყვეტა და ჯარის, როგორც დასავლეთის ძალების ასევე აღმოსავლეთის ძალების გადმოყვანა თბილისში, მის დასაცავად. რუსების გეგმა, მთლიან ოკუპაციაზე და ხელისუფლების შეცვლაზე სწრაფად ჩაიშალა. დიპლომატიური მექანიზმების ამუშავების და ამერიკის დიპლომატიის საოცარი უპრეცენდენტო დახმარების მეშვეობით მოხერხდა საერთაშორისო თანამეგობრობის მობილიზება აზრის შექმნა და ნაბიჯების განხორციელება, რაც ყველამ იცით. ჩვენს მიერ განხორციელებული, როგორც საომარი ასევე შემდეგი ქმედებები მაფიქრებინებს, რომ ჩვენს მიერ ჩაფიქრებული ტაქტიკურ-იურიდიული ომი განხორციელდა. მოხერხდა რუსეთის საერთაშორისო პოლიტიკაში მარტო დარჩენა. სხვა შესაძლებლობა ჩვენ არ გვქონდა. ჩვენ არ შეგვეძლო ორ ფრონტზე ომი. არც რუსების საქართველოს ტერიტორიიდან გარეკვა. ჩვენ რაც შეგვეძლო ის გავაკეთეთ. ჩვენ არ დავუშვით გიორგაძის შემოსვლა თბილისში. ჩვენ ვაწარმოეთ ტაქტიკურ იურიდიული ომი, რომელიც კარგად შევასრულეთ. შედეგები ამ ყველაფრის დადგება. ჩემი ვადა3-4 წელი.

ჩვენს მიერ რუსების გეგმის ჩაშლამ გამოიწვია ის, რასაც დასავლეთმა უწოდა რუსული აგრესია და ოკუპაცია. მთავარი ამ გეგმაში იყო ხელისუფლების დამხობა. რაც მათ ვერ განახორცილეს. ამის გამო, მათ მიიღეს საშინელი იურიდიული შედეგები. დაკანონდა მათი ოკუპაცია აფხაზეთში, სამაჩაბლოში და იქ ყველგან სადაც არიან. გაუუქმდათ ყოველგვარი სამშვიდობო მანდატი და ლეგალიზებული ყოფნა საქართველოს რომელიმე ტერიტორიაზე. ხელისუფლების შეცვლის გარეშე, მთელს მათ გეგმას ეს ემუქრებოდა, ამიტომ დასავლეთმა და განსაკუთრებით აშშ-მა ყველაფერი გააკეთეს ამის შესანარჩუნებლად ააგორეს რა მსოფლიოს უმაღლესი ტრიბუნიდან (გაერო) საოცარი პრი შეკითხვით: თქვენ საქართველოს ხელისუფლების დამხობა გინდათ? რამაც პრაქტიკულად გადაწყვიტა საინფორმაციო ომის ბედი, რომელიც ჩვენი გამარჯვებით დასრულდა.

რუსების მიერ, აფხაზეთის და სამაჩაბლოს აღიარება, იყო ამ იურიდიული შედეგების მომავალში აღმოფხვრა და ამ ტერიტორიების კვიპროსიზაცია. ეს იყო შიდა პრ-ზე გათვლილი ქმედება და რეალურად მას არავითარი შედეგი რუსებისათვის პოლიტიკურ ასპარეზზე არ მოუტანია. ეს იყო უდიდესი შეცდომა მათი მხრიდან, ვინაიდან იმას, რასაც ცდილობენ რუსები, რომ დაამტკიცონ, თითქოს საქართველომ მოახდინა ცხინვალზე თავდასმა ძირშივე განწირულია. ამ ცნობით, მათ ამ ლოგიკას წირვა გამოუყვანა. დასავლეთი საბოლოოდ დარწმუნდა რუსეთის ზრახვაში, რომ მას სურდა საქართველოს სრული ოკუპაცია და აქ ხელისუფლების შეცვლა. ეს მედვედევმაც დაადასტურა, როდესაც სააკაშვილზე ისაუბრა. ეს საუბარი ნიშნავდა იმას, რომ მათ დიპლომატია აღარ გააჩნიათ. ისინი გაიხლართენ თავიანთ შიდა პოლიტიკურ პრ-სა და გარე პოლიტიკურ პრ-ს შორის და დღეს ერთი მეორეზე იდიოტურ ნაბიჯებს დგამენ. რუსებს ავიწყდებათ, რომ თურქეთის მიერ ჩრდილო კვიპროსის საკითხს დასავლეთის მხრიდან არ მოჰყოლია ის შედეგები, რომელიც მათ საქართველოში ქმედებას მოჰყვა.

ვერავინ დამარწმუნებს იმაში, რომ იურიდიული შედეგები, იურიდიული ფაქტები და გადაწყვეტილებები შედეგებს არ მოიტანს. არ მაქვს გადაჭარბებული წარმოდგენა რუსეთის სამხედრო ეკონომიკურ პოტენციალზე. ის მიიღებს აფეთქებულ ჩრდილო კავკასიას უახლოეს თვეებში და ეს პროცესი დაწყებულია (გუშინ დაცხრილეს ინგუშეთის პარლამენტის სპიკერის მოადგილის სახლი). რაც შეეხება რუსეთის ეკონომიკურ მდგომარეობას ის ძალიან ცუდ დღეშია, საკმარისია გაეცნოთ რუსულ ელექტრონულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციებს და ექსპერტების შეფასებებს, რომელებიც არსებული ტენდეციებით რუსეთი 6 თვიან გაძლებას წინასწარმეტყველებენ. რუსეთს მოწყობილი აქვს ეკონომიკური სანქციები, რომელიც მოაწყო ნიუიორკის საფონდო ბირჟამ, თუმცა ეს კულუარულ სანქციებად შეიძლება ჩაითვალოს, ვინაიდან რუსული აქციების ფასების განმსაზღვრელი და ინდექსების განმსაზღვრელი სწორედ ნიუ იორკის საფონდო ბიჟაა და იქედან დღება რუსეთის საფონდო ბირჟაზე აქციების ფასები, რომელიც 3-6% ვარდება ყოველ ვაჭრობაზე. ალბათ ბოლო იქნება კრემლის ჩინოვნიკების პირად ანგარიშებზე ყადაღის დადება და აქტივების შეჩერება, რომელიც ასევე კულუარული სანქცია იქნება. ეს ბრძანა ბზიგნევ ბჟეზინსკიმ, რომელიც ამერიკის გეოპოლიტიკის რუხი კარდინალია. ასევე მთავარია, რომ დღეს ამერიკაში კვლავ შეიქმნა მტრის ხატი რუსეთი.

რა მოიგო რუსეთმა ამ ყველაფრით? 60 000 ოსი და 45 000 აფხაზი.

რა მოიგო საქართველომ ამ ყველაფრით? დეოკუპაციის პროცესის დაწყება, რომელსაც 20 წელია ველოდებით. დღეს რუსეთის საქართველოში ყოფნის პოლიტიკურ - იურიდიული სტატუსი არის იგივე რაც მათი სტატუსი იყო ავღანეთში.

III საქართველო და მსოფლიო გეოპოლიტიკა

წლევანდელი აგვისტო, ცხელი იყო, და არამარტო საქართველოსთვის. ამ პროცესებში ჩაერთო მთელი მსოფლიო. ვფიქრობ სახეზე გვაქვს 1991წ. მსოფლიო გადანაწილების შემდეგ ახალი გეოპოლიტიკური განლაგების დასაწყისი. 1991წ. დან სსრკ-ს დაშლის შემდეგ მსოფლიომ მიიღო ერთპოლუსიანი მსოფლიო წესრიგი, რომელიც აშშ-ზე გადიოდა. ეხლა სახეზე გვაქვს ორპოლუსიანი წესრიგის ჩამოყალიბების მცდელობა და ეს რუსეთს უკავშირდება, ანუ მისი მოთხოვნაა.

მინდა ორიოდე სიტყვა ვთქვა ზოგადად მსოფლიო წესრიგზე. მის ძირითად პრინციპებზე. სავარაუდო როლზე, რომელიც შეიძლება ამ წესრიგში საქართველოს დაეკისროს.

მსოფლიო წესრიგი კლასიკურ გეოპოლიტიკურ ლიტერატურაში შედგება სამი ნაწილისგან. დაყოფილია ქვეყნები მათი შესაძლებლობების მიხედვით. I არის ~ტექტოტრონული ოაზისები~. ასეთ ქვეყნებს შეადგენენ აშშ, დიდი 7-იანის ქვეყნები, ევროკავშირის გაერთიანება, როგორც სახელმწიფო წარმონაქმნი, ჩინეთი, რუსეთი. ამ ქვეყნებს ერთნაირი გავლენები რათქმა უნდა არა აქვთ.
გლობალური გეტოს I ხარისხის ქვეყნები, როგორიცაა თურქეთი, ირანი, ინდოეთი....
გლობალური გეტოს II ხარისხის ქვეყნებია სხვა დანარჩენი.
რაც შეეხება საქართველოს ის სანამ არ გამოსულა რუსეთის გავლენიდან არის გლობალური გეტოს II ხარისხის ქვეყანა, თუმცა პერსპექტივა იმისი, რომ გავხდეთ გლობალური გეტოს I ხარისხის ქვეყანა გვაქვს, თუ შევინარჩუნებთ დამოუკიდებლობას, გავწევრიანდებით ნატოში და კავკასიაში დავმკვიდრდებით როგორც პოლიტიკურად ცენტრალური სახელმწიფო.
აღნიშნული ქვეყნები (ყველა ხარისხის) ერთმანეთზე არიან დამოკიდებული და აქვთ გავლენები. ~ტექტოტრონულ ოაზისებს~ გლობალური გეტოს I და II ხარისხის ქვეყნებზე. გლობალური გეტოს I ხარისხის ქვეყნებს II ხარისხის ქვეყნებზე.
მთელს ამ კომპოტს განსაზღვრავს ენერგო რესურსები და მათი გატარების დერეფნები.

ეს მცირე ექსკურსი მსოფლიო წესრიგზე. ეხლა უშუალოდ მივყვეთ ჩვენს სიტუაციას აგვისტოში.
ფაქტია, რომ სამაჩაბლოში წარმობულმა 5 დღიანმა ომმა, პრაქტიკულად შეცვალა 1991წ. ახალი მსოფლიო წესრიგის ძირითადი ასპექტები. სახეზე გყვაქვს მსოფლიო ახალი გადანაწილების პერსპექტივა. ჩვენთვის ეხლა მთავარია, რა როლს მოგვანიჭებს ეს ახალი გეოპოლიტიკური წესრიგი. როგორ მოვახერხებთ ამ წესრიგში თავის დამკვიდრებას. აიწევს ჩვენი ხარისხი თუ ისევ დავრჩებით იმავე მდგომარეობაში.

რა იყო 2003წ. რევოლუცია საქართველოსთვის. ალბათ ეჭვი არავის ეპარება, რომ მისი ორგანიზატორი, არის ის, ვინც ძალიან მიესალმა ამ ყველაფერს. ანუ ის აშშ მოფიქრებული და განხორციელბული იყო. შესაბამისად დაიწყო ამ ყველაფრის უზრუნველყოფა, როგორც პრ თვალსაზრისით, ასევე პრაქტიკულად. საქართველო ძალიან რადიკალურად დაადგა ნატოში ინტეგრაციის გზას. რაც, იყო რუსეთის გამოწვევა. თუმცა, ამას ყურადღება არ მიექცა. მიექცა, მაგრამ რადიკალიზმი არ შეჩერდა. პრაქტიკულად ამ პერიოდში მოხერხდა ნატოს სტანდარტებთან ჩვენი სამხედრო მანქანის ასეთუ ისე დაახლოება, რაც გამოიხატა საქართველოს მაპთან მიახლოებაში. ის საფრთხე, რაც რუსეთს აქედან გეოპოლიტიკურად ემუქრებოდა მათი მხედველობის არეში იყო. რატომ? ეს არის მთავარი. უბრალო მიზეზის გამო.
1.სომხეთის ფაქტორი ვერანაირ გავლენას კავკასიაში გეოპოლიტიკურ განლაგებაზე ვერ მოახდენდა. ვერც აზერბაიჯანის.
2. რუსეთი კარგავდა შავ ზღვაზე გავლენას, სადაც მას 3 სახელმწიფო ჰყავს ნატოს წევრი. ეხლა გაჩნდებოდა 5 და პრაქტიკულად მისი საზღვრები იქნებოდა ალყაშემორტყმული ნატოს ბლოკის მიერ.

2008წ. აპრილში ევროპამ უკუაგდო ჩვენი მოთხოვნა. რუსეთის დაწოლით, უარი თქვა საქართველოსთვის მაპის მინიჭებაზე, რაც უზრუნველყოფდა რუსეთის აგრესიული პოლიტიკის ნაწილობრივ განეიტრალებას, თუ სულ მოცილებას არა.

რუსეთს პრაქტიკულად აენთო მწვანე შუქი გამალებით დაეწყო საქართველოს დამორჩილებაზე ფიქრი. ისინი აცნობიერებდნენ იმავე სამიტზე მიღებულ დოკუმენტს, სადაც ეწერა, რომ საქართველო და უკრაინა აუცილებლად გახდებოდნენ ალიანსის წევრები. ანუ რუსეთისათვის საფრთხე მოხსნილი არ იყო. მათ როგორმე უნდა შეეჩერებინათ ეს ყველაფერი, ვინაიდან პოლიტიკაში ფაქტობრივი მდგომარეობა ძალიან ბევრს ნიშნავს და ვაჭრობის ვადას აგრძელებს რესურსების ამოწურვამდე.

რა იყო აგვისტოს მოვლენები. ეს იყო რუსეთის გადამწყვეტი ნაბიჯი შეეჩერებინა საქართველოს ნატოში ინეგრაცია და დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობა. შეეჩერებინა ნატოს გაფართოება კავკასიაში. ასევე მოეთხოვა, ორპოლუსიანი გეოპოლიტიკის დამკვიდრება და მსოფლიო ახალი წესების შემუშავება.

ეს გეგმა რუსეთმა განახორციელა, თუმცა ბოლომდე ვფიქრობ ვერა. რაზე წავიდა რუსეთი? ვფიქრობ რუსეთი წავიდა უდიდეს გამწვავებაზე, იმის იმედით, რომ მას ამის რესურსები უკვე გააჩნია. შესაძლოა რესურსებზე არც აქვს დიდი წარმოდგენა, მაგრამ მისი ამ ნაბიჯის გადაუდგმელობა, პრაქტიკულად უკარგავდა მას შანსს, რომ საქართველოს ნატოში მიღების შემდეგ ის რაიმეს შეძლებდა ამ რეგიონში. ამიტომ ის შეგნებულად წავიდა ამ იძულებით ნაბიჯზე. როდესაც ხდება იძულებითი ნაბიჯის გადადგმა, ის უკვე პროვოცირებულია. ეს აქსიომაა. რუსეთი შევიდა იმ ხაფანგში, სადაც დახვდა ძალიან დიდი წინააღდეგობა. ვგულისხმობთ აშშ და ევროკავშირს. რუსებს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა. ის ამაზე უნდა წასულიყო. სხვა შემთხვევაში ის კარგავდა შეიძლება ითქვას ყოველ დღეს, რომელიც მის წინააღმდეგ მუშაობდა.

რა მიიღო რუსეთმა ამ ყველაფრით გეოპოლიტიკური თვალსაზრისით. ჩემი აზრით, რუსეთი ეხლა ძალიან არათანაბარ მდგომარეობაშია მსოფლიოსთან. ის პრაქტიკულად მარტო აღმოჩნდა ამ უზარმაზარ პრობლემასთან. ის ფიქრობს, რომ დროს გაწელავს და დროში ვაჭრობაში პერსპექტივაც გამოჩნდება, მაგრამ ჯერჯერობით არც აშშ და არც ევროკავშირი უკან არ იხევს. ეს არის ფაქტი. ძალიან ნელა და გეგმაზომიერად, თითქოს ყველაფერი იცოდნენო იწყებს რუსეთის შევიწროებას. ასეთი შთაბეჭედილება მჩება. ანუ გეგმა მიმართულია იქეთ, რომ დაირღვეს რუსული ლოგიკა. რომელიც კატასტროფის პირასაა. ამ ლოგიკის გადარჩენას ემსახურებოდა აფხაზეთის და სამაჩაბლოს ცნობაც. თუმცა მას ავიწყდება, გენოციდი, ოკუპაცია, და მის მიერვე აღიარებული ტერიტორიული მთლიანობა. ასევე ლტოლვილები. აი ეს არის ის კოზირები, რომლითაც დასავლეთი ესაუბრება რუსეთს, რომელიც აუცილებლად გააბათილებს მათ ლოგიკას.

ფაქტია, რომ 8 აგვისტოს ჩვენს მიერ შეტევაზე გადასვლა ბოლო აკორდი იყო რუსეთის იმ პროვოცირების, რომელსაც ამზადებდა აშშ საქართველოში 2004წ. დან. რუსეთის მთელი მზადება საქართველოს ოკუპაციისთვის სწორედ ამ პროვოცირების გეგმაში ჯდებოდა. არა მგონია რუსეთს ეს არ სცოდნოდა, მაგრამ ვინაიდან არსებობდა პროვოცირება, არსებობდა იძულებითი ნაბიჯიც.

ვერ დავიჯერებ, რომ საქართველო ამ ყველაფერში თავისი ინიციატივით ჩაერთო. ამას არავინ დაუშვებდა, იმ შედეგების ფონზე, რაც ამ ომმა მსოფლიო გეოპოლიტიკას დამართა. ეს ასე არ ხდება. შემთხვევითობებით არ ხდება გეოპოლიტიკის დაგეგმვა და განხორციელება. საქართველოს ამ მსოფლიო გეოპოლიტიკის შეცვლაში თავისი როლი აქვს, დანარჩენ ყველას თავისი. ჩვენ მომსწრენი ვართ მსოფლიო ახალი წესრიგის დაწყების და პროცესების დამკვიდრების. ამ წუთში სახეზე გვაქვს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მსოფლიო მხარდაჭერა, როგორც განცხადებების ასევე დოკუმენტების დონეზე (ევროკავშირის, 6 პუქტიანი შეთანხმება, 8 სექტემბრის შეთანხმება...) დანარჩენი წინაა. დიდი ბრძოლა იმპერიის საბოლოო დასამარცხებლად.

IV იურიდიული მდგომარეობა
ძალიან ბევრი აზრთა სხვადასხვაობაა შექმნილი საქართველოს დღევანდელი საერთაშორისო და ლოკალური (შიდასახელმწიფოებრივი) იურიდიული მდგომარეობის მიმართ. არის ბევრი პესიმისტური და ოპტიმისტური პროგნოზები. ხშირ შემთხვევაში ერთმანეთშია აღრეული პოლიტიკური და იურიდიული სიტუაციები. არ ვიტყვი, რომ ეს ყოველივე ერთმანეთთან არ არის ურთიერთ კავშირში, მაგრამ ვფიქრობ იურიდიული მდგომარეობა მაინც განცალკევებულია და ის გარკვეულ წილად განსაზღვრავს პოლიტიკურ სიტუაციებს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის. ვეცდები ცალკე ჩამოვაყალიბო ეს ყოველივე.

პირველი იურიდიული აქტი, რაც აგვისტოს მოვლენების შემდეგ გაფორმდა ეს იყო სარკოზი-მედვედევ-სააკაშვილის 6 პუნქტიანი შეთანხმება. შეთანხმების ძირითადი ასპექტი იყო მხარეთა მიერ ცეცხლის შეწყვეტა და 6 აგვისტოს მდგომარეობის აღდგენა მხარეთა შორის. მიუხედავად რუსების მიერ ამ ტექსტის ინტერპრეტირებისა და თარგმანზე მსოფლიო სკანდალის წარმოშობისა, რუსებმა მაინც შეძლეს, რომ საქართველოში შეექმნათ ე.წ. ბუფერული ზონები და დაეწყოთ პოლიტიკური ვაჭრობა ამ იურიდიული დოკუმენტის სათავისოთ გამოყენების შესახებ.

ამას მოჰყვა 8 სექტემბრის სარკოზი მედვედევის შეთანხმება, რომლის ძირითადი ხაზი გადიოდა ხსენებულ 6 პუნქტიან შეთანხმებაზე. ანუ გაიწერა ვადები, თუ როგორ უნდა მოეშალათ რუსებს ე.წ. ბუფერული ზონები. რუსების ინტერპრეტაციებმა აქაც იჩინა თავი. ღერძი 8 სექტემბრის შეთანხმების გადის 6 პუნქტიან შეთანხმებაზე და მის შესრულებაზე არა ინტერპრეტირებული ტექსტით, არამედ რუსეთის ჯარების გაყვანა 6 აგვისტომდე არსებულ მდგომარეობამდე და ე.წ. ბუფერულ ზონებში ევროკავშირის 200 კაციანი სამშვიდობო დამკვირვებლების განთავსება.

აქვე გავამახვილებ ყურადღებას სააკაშვილის მიერ ცეცხლის შეწყვეტის წერილზე, რომელიც 6 პუნქტიანი შეთანხმების ფარგლებში ჯდება. ანუ 6 პუნქტიანი შეთანხმება ეხება არა მარტო ცხინვალს არამედ აფხაზეთსაც. ამით პრაქტიკულად კიდევ ერთხელ დადასტურდა რუსეთ საქართველოს ომი და იმის ფაქტი, რომ კონფლიქტი არ მომხდარა მხოლოდ ცხინვალის რეგიონში, არამედ მთელი საქართველოს ტერიტორიაზე.

ეხლა მიდის საუბრები უნდა შევიდნენ თუ არა საერთაშორისო დამკვირვებლები თავად კონფლიქტურ რეგიონებში. ამაზე სარკოზის მხარემ არაერთხელ განაცხადა, იგივე სოლანამაც, რომ ისინი უნდა შევიდნენ კონფლიქტურ რეგიონებში და დააკვირდნენ იქ სიტუაციას. ეს რომ ასეა, თავად რუსებს გაეპარათ თავიანთ მედიაში და ქმედებებში. მათ განაცხადეს, რომ ეს უნდა შეეკითხონ კოკოითს და ბაღაბშს, ვინაიდან ისინი დამოუკიდებელი ქვეყნები არიან. ძნელია ალბათ სიცრუე ისე შენიღბო, ინტერპრეტაცია ისე შენიღბო, რომ სიმართლე არ გამჟღავნდეს.

რუსების სურვილი ამ შემთხვევაში არის ის, რომ 8 სექტემბრის შეთანხმებით ისინი იძულებული გახდნენ უკან დაეხიათ. ბუფერული ზონებიდან ჯარების გაყვანა უნდა შეფასდეს უკან დახევად, მაგრამ მათი სურვილია ამის შემდეგ არ დაიხიონ უკან, და აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში რეგულარული საჯაროსო ფორმირებები ჩააყენონ, რათა დაიცვან სეპარატისტები.

მინდა ავღნიშნო ერთი მეტად საინტერესო ფაქტი. რუსები თავიანთ თავს აღარ განიხილავენ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში, როგორც სამშვიდობო ძალებს. ფაქტია, რომ აგვისტოს მოვლენების დროს მათმა დაკარგეს ყოველგვარი სამართლებრივი ლეგიტიმაცია ამ ტერიტორიებზე ყოფნის. მათ მიერ ძალიან ძნელი იქნება დაარწმუნონ მსოფლიო, რომ ისინი სამართლებრივი მექანიზმებით, (ვგულისხმობ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან გაფორმებული ხელშეკრულებით თანამშრომლობაზე) შეძლებენ საკუთარი ჯარების ყოფნის ლეგიტიმაციას ამ ტერიტორიებზე. ერთი გარემოებით, რომ რუსეთის გარდა არავინ აღიარებს ამ ქვეყნებს საქართველოს გარეთ. საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უზრუნველყოფს საერთაშორისო თანამეგობრობა.

ბევრი საუბარია იმაზეც, რომ ახალგორში და წალენჯიხის მხარეში რუსებს სურთ დატოვონ ბუფერული ზონები, თუმცა ერთ კიდევ გავიმეორებ: 8 სექტემრის შეთანხმებით პრაქტიკულად მოხდა 6 პუნქტიანი შეთანხმების იმ პუნქტის უზრუნველყოფა, რომელიც უზრუნველყოფს 6 აგვისტოს მდგომარეობამდელი სიტუაციის აღდგენას და რუსული ძალების გასვლას საქართველოს, აფხაზეთის და ცხინვალის ჩათვლით. მითუმეტეს, რომ როგორც ზემოთ ავღნიშნე, რუსები თავიანთ თავს აღარ განიხილავენ, როგორც მშვიდობისმყოფელებს, ეს დაადასტურა მედვედევის და თავდაცვის მინისტრის 9 სექტემბრის საუბარმა, სადაც საუბარი იყო, არა სამშვიდობო მისისის გაგრძელებაზე ამ რეგიონებში, არამედ რეგულარული არმიისთვის ბაზების აშენებას ამ ტერიტორიებზე.

სწორედ აქ არის იმ ინტერპრეტაციის ძაღლის თავი დამარხული, სადაც რუსეთის იურიდიულ ლოგიკას საფუძველი ეცლება. ანუ ფაქტია, რომ რუსებმა ხელი მოაწერეს 6 პუნქტიან შეთანხმებას, 8 სექტემბრის შეთანხმებას, რომლითაც დაადასტურეს 6 აგვისტომდე მათი დისლოკაციის ადგილებზე დაბრუნება. თუმცა მათ აერიათ უკვე ეს იურიდიული ლოგიკა და თავიანთი იურიდიული ლოგიკა რაც ამ რეგიონების ცნობამ ჩამოაყალიბა.

1. ერთის მხრივ ხელი მოაწერეს დოკუმენტებს, რომლითაც ისინი უნდა დაბრუნდნენ 6 აგვისტოს მდგომარეობაში.
2. თავადვე აღარ განიხილავენ თავის თავს მშვიდობის მყოფელებად.
3. აფორმებენ ხელშეკრულებებს აფხაზებთან და ცხინვალთან ჯარების დისლოკაციის შესახებ.

აი ეს მესამე პუნქტი არის ინტერპრეტაციის და იურიდიული აბსურდის სფერო. ანუ პრაქტიკულად ისინი ამ ორ იურიდიულ სამართლებრივ ლოგიკაში გაიხლართენ. ეს არის ფაქტი.

მედვედევ თავდაცვის მინისტრის შეხვედრა, არის იმის დასტური, რომ რუსებმა 8 სექტემბრის შეთანხმებით იურიდიულად აღიარეს 6 პუნქტიანი შეთანხმების ის პუნქტი, რომელიც მათ გასვლას უზრუნველყოფდა ამ ტერიტორიებიდან 6 აგვისტომდე არსებულ დისლოკაციის ადგილებზე. გაზეთ "ლემონდის" ინფორმაცია სარკოზი მედვედევის შეხვედრის კულუარული დაძაბულობის შესახებ შემთხვევით არ გამჟღავნებულა. სწორედ ამის საპირისპირო აქტი იყო მედვედევის განკარგულება აფხაზებთან და ცხინვალთან სამხედო ხელშეკრულების გაფორმება.

რა არის ამ ლოგიკის სუსტი მხარე? ბაღაფშს და კოკოითს არავის ესაუბრება გარდა მედვედევისა. ხოლო მედვედევს ესაუბრება ევროკავშირი. ერთის მხრივ რუსები სამართლებრივად ვერ უზრუნველყოფენ საერთაშორისო არენაზე აფხაზეთში და ცხინვალში დარჩენას, ვინაიდან ფაქტია, რომ ის სამშვიდობოს სტატუსს იქ ვერ დაიბრუნებს. ის ცდილობს მანიპულაციებში ჩართონ კოკოითი და ბაღაფში. პირველი ერთი მეორეზე სულელურ განცხადებებს აკეთებს, თუმცა დღეს ფაქტია, რომ ამ სამ მხარეს განიხილავენ ერთ მხარედ. ამას ადასტურებს ის გარემოება, რომ რუსები ვერ ახერხებენ ცხინვალის და აფხაზეთის საერთაშორისო სამართლის სუბიექტად ქცევას.
შესაბამისად, რუსები ძალიან გაიხლართენ იურიდიულ კაზუსებში. ისინი აწარმოებენ ორ იურისპრუდენციას, რომლებიც ვერასოდეს ვერ დაემთხვევა ერთმანეთს. ამიტომ რუსები აუცილებლად მოახდენენ ბაღაბშის და კოკოითის გააქტიურებას, რომ მათმა უარი თქვან საერთაშორისო დამკვირებლების და საბოლოო ჯამში საერთაშორისო პოლიციის იქ ჩაყენებაზე. სხვა ლოგიკა არ არსებობს. რუსები ამას თავად ვერ გააკეთებენ, (ფარულად ხელს შეუწყობენ ამ წინააღმდეგობას) ეს მათი ტერიტორია არაა.
იმ შემთხვევაში, თუ მათ ძალიან გაუჭირდათ, ისინი ეცდებიან ეს ყოველივე საკუთარ იურიდიულ სივრცეში გადაიტანონ. ეს ნიშნავს შემდეგს, აფხაზეთი და ცხინვალი მიუერთონ რუსეთის ფედერაციას. ანუ იურიდიულ კაზუსებში გახლართულებს მხოლოდ ეს ალტერნატივა დარჩება, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს მათ ისედაც მძიმე სიტუაციას.

აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ერთი გარემოება. 15 ოქტომბრიდან რუსების მიერ გააქტიურებულ კოკოითს და ბაღაფშს დაატყდებათ ახალი იურიდიული მეხი: ლტოლვილების დაბრუნების გააქტიურება. ყველა ის იურისპრუდენცია, რომელსაც რუსეთი ხლართავს ეხლა აფხაზეთში და ცხინვალში გამოდგება უშედეგო, ამ საკითხის გააქტიურებით.

მინდა ვთქვა, რომ რუსების მიერ მთელი ეს მანიპულაციები, ინტერპრეტაციები, ბუფერული ზონები, კოკოითის და ბაღაფშის გააქტიურებას.... ძალიან მცირე დროის მონაკვეთი მოუღებს ბოლოს. რაც უფრო გააგრძელებენ ამ ყველაფერს, მით უფრო მჭიდროდ ეჭირებათ იურიდიული ყულფი.

დღეს ფაქტია, რომ ევროკავშირმა, ვფიქრობ საკმაოდ სწორად, ფორსირებულად დაიწყო სწორედ იურიდიული ომის თავის სასარგებლოდ (რა თქმა უნდა ჩვენს სასარგებლოდ საბოლოო ჯამში) წარმართვა. იურიდიული ფონით, პოლიტიკის განსაზღვრა. რუსეთი აგებს იურიდიულ ომს, რაც ზრდის მათი პოლიტიკური მარცხის ალბათობას ამ აგრესიის გამო. ეს ყველაფერი ცხადი გახდება ლტოლვილების დაბრუნებაზე საუბრების დაწყებისთანავე. ამ საკითხზე შეწინააღმდეგება ავტომატურად უზრუნველყოფს, გენოციდზე მსოფლიო აზრის ჩამოყალიბებს, რაც რუსებისთვის ძალიან მტკივნეული იქნება. რუსები, როგორც კონფლიქტის მხარე, ამის უშუალო მონაწილე გახდება და ის პრაქტიკულად სერბეთის სიტუაციაში აღმოჩნდება და კარგად შეხედავს, როგორი აბსურდულია მისი ლოგიკა, კოსოვოს და აფხაზეთ ცხინვალის ერთ იურიდიულ სამართლებრივ სივრცეში განხილვასთან დაკავშირებით.

მთელი ამ მოვლენების შემდეგ მივიღეთ ინტერნაციონალიზებული კონფლიქტი, რაც ფაქტია.
მივიღეთ რუსების სამშვიდობო მანდატის დასასრული.
მივიღეთ ახალი სამართლებრივი სივრცე, რაც გულისხმობს საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ ამ კონფლიქტების მოგვარებაში ძალიან ქმედით დახმარებას და უშუალო ჩართულობას, რისი იურიდიული დადასტურებაც გვაქვს. 8 სექტემბრის შეთანხმებით.

მთელი ეს იურიდიული დოკუმენტები, რომლებიც საერთაშორისო ხასიათისაა მოწმობენ იმას, რომ დღეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღიარებულია და ნებისმიერი ჩვენი ინტეგრაცია ნატოში თუ სხვაგან იქნება ამ ტერიტორიებთან ერთად.

აქვე მინდა ავღნიშნო ერთი მეტად საჭირო იურიდიული კაზუსი, რომელიც თავისთავად ჩამოყალიბდა, მას შემდეგ, რაც რუსებმა სამშვიდობო მანდატი დაასრულეს კონფლიქტურ რეგიონებში. 6 პუნქტიანი შეთანხმების თანახმად ძალების დაშორიშორება უნდა მოხდეს 7 აგვისტოს მდგომარეობით. რა ხდებოდა 7 აგვისტომდე? რუსეთის სამშვიდობო ძალები იდგნენ კონფლიქტურ რეგიონებში. ეხლა მათ ეს სტატუსი არა აქვთ, ანუ ფაქტობრივად 7 აგვისტომდე სტატუსკვოს აღდგენა ჯდება შემდეგ რეალიებში, რუსეთის რეგულარული არმიის ნაწილების კონფლიქტის რეგიონებიდან გასვლა, ასევე უკვე უკანონო (მანდატ დაკარგული) სამშვიდობო ძალების კონფლიქტის რეგიონებიდან გასვლას და იქ ახალი ფორმატის ჩამოყალიბებას. რუსეთი კიდევ ერთხელ იხლართება ორმაგ იურისპრუდენციაში. ის მიდის ლოგიკურ წერტილამდე, ან დატოვოს საქართველოს მთლიანი ტერიტორია, ან აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი შეიყვანოს ფედერაციის შემადგენლობაში. წინასწარ ვერაფერს ვიტყვით. თავხედობის დონის განსაზღვრა რუსეთთან შეუძლებელია. ამიტომ იძულებული ვართ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

ვიცი, რომ ძალიან დათრგუნულები ვართ, მაგრამ თუ დღევანდელ სიტუაციას გადავიტანთ მთელი საქართველოს ისტორიის დისკურში მივხვდებით, რომ ჩვენი ნაციონალური იდეა არის გაერთიანება და მისთვის ბრძოლა. დღესაც ეს გვაერთიანებს. ეს არის ჩვენი ნაციონალური იდეა და ამას აუცილებლად გავაკეთებთ.

ირაკლი მარგველაშვილი

2008წ. 15 სექტემბერი.

"ნუ დასვამთ წერტილებს, მხოლოდ ხაზები გაავლეთ"

"ნუ დასვამთ წერტილებს, მხოლოდ ხაზები გაავლეთ"


ჟილ დელიოზი (ესსე)


ჟილ დელიოზის ამ ფრაზით, ჩვენი წერილის სათაურად რომ გამოვიყენეთ, იწყება გივი მარგველაშვილის რომანი "მუცალის" შესავალი. ვფიქრობ მეც არ უნდა დავსვა წერტილი, მხოლოდ ხაზი უნდა გავავლო. რომანის წაკითხვის შემდეგ დამრჩა შეგრძნება, რომ იგი უნდა გაგრძელდეს. ჩემთვის საინტერესოა და ვფიქრობ სხვა მკითხველისთვისაც არ იქნება ინტერესმოკლებული, თუ სად იკვეთება გ. მარგველაშვილის და ვაჟაფშაველას ტექსტთა სამყაროები; ის ხაზი რომელიც გ. მარგველაშვილმა გაავლო "ალუდა ქეთელაურის" წაკითხვისას, კვეთს ვაჟა ფშაველას ტექსტთა სამყაროს, პირდაპირ კავშირშია მასთან.
თუ ორი ტექსტი ორი სხვადასხვა პარალელური სამყაროა, საინტერესოა, რომელ სივრცეში შეიძლება იყვნენ ვაჟას გმირები და გ. მარგველაშვილის გმირები ერთად. ამ გმირების იდენტურობა - დრამატურგიისა და თეატრის დამოკიდებულებაა თუ ერთი მთლიანობაა ამ ტექსტთა სივრცეში. ჩემთვის ისიც საინტერესოა, სად მოხდება ამ ორი ავტორის (არა ადამიანის) შეხვედრა, "მაყურებელთა დარბაზებში" ხომ არა? მსჯელობის წარმართვისათვის აუცილებელია ორივე ავტორის ტექსტთა სივრცეში მოხვედრა. გ. მარგველაშვილის მინიშნება დელიოზის ფრაზაზე არის ამის დასტური და თითქმის ვალდებულებად ჩავთვალე ამ წერილის დაწერა. მითუმეტეს, რომ გ. მარგველაშვილის ტექსტური სამყარო ისეთია, რომელიც ყველაფრის უფლებასა და მასში თავისუფალი შესვლის, მოღვაწეობის საშუალებას იძლევა.

ამ შემთხვევაში ვფიქრობ, რომ საკმარისი არ არის მხოლოდ გ. მარგველაშვილის ტექსტები წაიკითხო. წერა არის ერთადერთი შესაძლებლობა, რითაც შევძლებთ მოვხვდეთ გ. მარგველაშვილის თემატურ სამყაროში, სადაც ძალადობის წინააღმდეგ დიდი ამბოხი მზადდება. ამ თემატურ სამყაროში ავტორის გმირები ქმნიან ახალ თემატიკას და ასევე არ სცილდებიან ძირითადი ტექსტის "ალუდა ქეთელაურის" თემატურ სამყაროს. შემიძლია ასევე ვთქვა, რომ მწერლის მიერ ახალი თემატიკის შექმნა რომანის მეშვეობით გმირთა შინაგანი სამყაროს დაფიქსირებაა. ამ ორ სივრცეში მოხვედრა და "წერტილის არ დასმა" ურთულესია, ვინაიდან გ. მარგველაშვილის მიერ "გადმოგდებული ხელთათმანი", წერტილის არ დასმა და ხაზის გავლება გავალდებულებს შექმნა ახალი თემატური სიუჟეტი, რამაც შესაძლოა წარმოშვას ალბათობა მისავე ტექსტში მოხვედრისა. ამ სიუჟეტის შექმნის აუცილებლობა ჩვენი დაშვებული არ არის. იგი გ. მარგველაშვილს ეკუთვნის. მან წერტილი არ დასვა რომანის ბოლოს და გვაიძულა ხაზი ჩვენ გაგვევლო. ეს ხაზი წარმოადგენს ახალ თემატურ სიუჟეტს, რომლის გავლებასაც ამ წერილით ვცდილობთ.
აუცილებელია გავითვალისწინოთ ის გარემოება, რომ არ შეიძლება გ. მარგველაშვილის პირადული, ცხოვრებისეული თემატური სამყარო დასცილდეს მის ნაწარმოებებს. თავად ამ ნაწარმოებებშია გასაღები იმ თემატური ცხოვრებისა, რომელსაც მწერალი ჯერ საქართველოში ქმნიდა, ხოლო შემდეგ გერმანიაში გააგრძელა. ვფიქრობ, რომ მწერლის თემატური ცხოვრება მის ნაწარმოებებშია არეკლილი. არ შეიძლება ერთმანეთს დავაცილოთ რომანი "მუცალი" და "მაყურებელთა დარბაზები". ასევე უბრალოდ (ეს უბრალოდ ისეთნაირად განვიხილოთ, როგორც ძენ ბუდისტურ ტექსტებშია; ძენი ეს ფილოსოფიაა თუ რელიგია? -კითხულობს მოწაფე, ძენი არც ფილოსოფიაა არც რელიგია, იგი უბრალოდ ძენია - პასუხობს მასწავლებელი) შეიძლება ვთქვათ, შეხვედრა ვაჟას გმირებისა და გივის გმირებისა პიესა "მაყურებელთა დარბაზებში" ხდება. ჩემი ვარაუდია ასევე, რომ ამ გმირების შეხვედრა ამ დარბაზებში დაიგეგმა და შეხვედრა თითქოს"ყოფიერების ბედში" გადაწყდა, თუმცა გმირთა თავისუფალი სამყარო ამ ყველაფრით არ შეზღუდულა. მათ მაქსიმალური თავისუფლება აქვთ მინიჭებული.
ჩემს ცხოვრებაში იყო შემთხვევა, როდესაც გადავაწყდი ამ გმირების შეხვედრას და ეს ბიბლიოთეკაში, წიგნის თაროზე მოხდა. იქ მიმდინარეობდა რომან "მუცალის"გმირთა თემატური ცხოვრება. ეს თემატური ცხოვრება, რომელიც რომანში განვითარდა, თავისთავად მთავარი ტექსტის "ალუდა ქეთელაურის" კონტექსტს ქმნის (ამას დაწვრილებით რომ ვყვები, იმას კი არ ნიშნავს, რომ ყველაფერში დარწმუნებული ვარ, არა, უბრალოდ წმინდა ინტუიციას მივენდე, რომელმაც იქნებ მიღალატოს კიდეც, ვინაიდან არც ამ წერილს დაესმება წერტილი, ეს უფლება ჩამორთმეული მაქვს, ბოლოს ხაზი უნდა გავავლო, რამეთუ გ. მარგველაშვილი ამ კონტექსტის ყოფიერების ბედს წარმოადგენს). მხოლოდ ერთი წამით შემიძლია წარმოვიდგინო, რომ იწერება ეს წერილი და იგი იწერება ამ წამში, სისხლით. ეს სისხლი ბიბლიოთეკაში ინთხევა, სადაც ერთმანეთს ხვდებიან ვაჟა ფშაველას და გ. მარგველაშვილის გმირები, ბიბლიოთეკაში, სადაც ობობას ქსელში გახვეულა გმირთა თემატური სამყარო, სადაც მეც მოვხვდი და შევხედე მხოლოდ ამ ორი მწერლის გმირებს, რომლებიც ქმნიან ტექსტსა და კონტექსტს. როდესაც მათ ვუყურებდი, ვგრძნობდი, რომ ბიბლიოთეკის თემატურ სამყაროში მხოლოდ ეს გმირები ხედავდნენ ერთმანეთს და ამ ბიბლიოთეკაში ვერსად წავაწყდი სარკეს. იქ გმირები თავიანთ თავში იხედებიან, ეს გარკვევით დავაფიქსირე. ინტუიცია მკარნახობს, რომ სამყაროს ისტორიაში ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც მოხდა გმირთა იდენტიფიკაცია, შემთხვევა, სადაც მოხდა შეხვედრა ტექსტისა და კონტექსტისა, სადაც არ არსებობდა შური და მტრობა. ამ ბიბლიოთეკის თემატური სამყარო მზად იყო გაეხანგრძლივებინა ეს შეხვედრა, რასაც ადასტურებდა ის გარემოება, რომ ბიბლიოთეკა ტექსტსაც და კონტექსტსაც თეატრში იწვევდა. ტექსტი მზად იყო თეატრში წასასვლელად, ხოლო კონტექსტი - იძულებული. თეატრის მოსაწვევში ეწერა, რომ უკანასკნელად იდგმებოდა სპექტაკლი "მაყურებელთა დარბაზები". თეატრი ამ სპექტაკლს აღარასოდეს დადგამდა, ხოლო "ალუდა ქეთელაურის" და "მუცალის" გმირებს ეს სპექტაკლი რომ უნდა ენახათ, ალბათ ყოფიერების ბედში იყო გადაწყვეტილი.
"თხის მწყემსებმა" ორგანიზაცია გაუკეთეს გმირთა სპექტაკლზე დასწრებას, რასაც გმირთა მიერ პროტესტი მოყვა. პროტესტის მიზეზს წარმოადგენდა ის, რომ ~თხის მწყემსებს~ უფლება არ ჰქონდათ გმირთათვის დაეძალებინათ სპექტაკლში მონაწილეობა, ვინაიდან ეს ყოველივე არ შედიოდა ~ალუდა ქეთელაურის~, როგორც ნაწარმოების თემატურ სამყაროში, ანუ მკითხველს წიგნი არ გადაუშლია. შესაბამისად გმირების თავისუფალი მოქმედება მხოლოდ მაშინ იზღუდებოდა, როდესაც ~თხის მწყემსები~ მუცალსა და ალუდა ქეთელაურს შეატყობინებდნენ მკითხველის მიახლოებას წიგნთან. თეატრში წასვლა და სპექტაკლზე დასწრება, მოულოდნელი იყო გმირთათვის. ~თხის მწყემსებისათვის~ ძნელი აღმოჩნდა იმის მტკიცება, რომ ყველაფერი ~ყოფიერების ბედში~ გადაწყდა. გარდა ამისა, ეს იძულება საერთოდ არ ჰგავდა იმ იძულებას, რომელიც ჩვეულებრივ მკითხველის მიახლოებაა ~ალუდა ქეთელაურის~ ტექსტთან, სადაც უნდა შედგეს ნაწარმოების თემატიკა და დაცული იქნეს ყველა საზღვრები. გმირებისათვის სპექტაკლზე დასწრება არ წარმოადგენდა მათი ჩვეულებრივი ცხოვრების წესს. ~თხის მწყემსების~ საუბარმა თავისი გაიტანა. გმირები თეატრის დარბაზში შევიდნენ. კედელზე გაკრული მითითების მიხედვით მათ დარბაზის პირველი და მეორე რიგები არ დაუკავებიათ. სპექტაკლის დაწყებამდე რამდენიმე წუთი რჩებოდა. ჩემთვისაც მოულოდნელი იყო ნაწარმოებების გმირთა გადაწყვეტილება დასწრებოდნენ სპექტაკლს. მიუხედავად ჩემი დიდი მცდელობისა, სპექტაკლზე დასწრება მხოლოდ ერთი ნიშნით შევძელი _ დავკვირვებოდი მაყურებლებსა და სცენის მსახიობებს. დაკვირვება მეწარმოებინა მათ განცდებზე და შთაბეჭდილებებზე. ამის გამო მეც მომიწია თეატრის დარბაზში ყოფნა.
პირველი სცენის დასაწყისიდანვე შევამჩნიე მაყურებლის ინტერესი სპექტაკლისადმი. როდესაც მეფემ გამოსცა ედიქტი მიწის განაწილებისა, რომელიც ჰერცოგებს ეკუთვნოდათ და ფაქტობრივად საფრთხე შეექმნა არსებულ ადათის და წეს-ჩვეულებების არსებობას, ამ ფაქტმა მაყურებელთა შორის დიდი აღტაცება გამოიწვია. პირველი სცენის დასასრულს დიდი ტაშისცემა მოჰყვა. პრაქტიკულად ჩემი მოსაზრებები გამართლდა, მაგრამ მივხვდი, რომ ყველაფერი ასე არ ჩაივლიდა, რამეთუ ვიცნობდი თავად პიესის შინაარსს და ვგრძნობდი, რომ სპექტაკლის შემდეგი ნაწილი კიდევ უფრო მძაფრად აღიქმებოდა მაყურებლების მიერ.
პიესის მეორე სცენის დაწყება განსაკუთრებული გამოდგა, მითუმეტეს, რომ ფონ რამეზინისა და ერპიჰის საუბარმა ნათელი მოჰფინა პიესის ძირითად ნაწილს. თავად მაყურებელთა დარბაზში ინტერესი სპექტაკლისადმი თანდათან გაძლიერდა. ვაკვირდებოდი მუცალის და ალუდა ქეთელაურის სახეებს, სადაც კმაყოფილება ჩანდა, ხოლო თხის მწყემსები და მთელი ხევსურული თემი აფორიაქებული მეჩვენა. მართალია სპექტაკლი ახალი დაწყებული იყო და ჩემს დაკვირვებებს ბოლომდე ვერ დავეყრდნობოდი, მაგრამ სპექტაკლის მიმდინარეობა რაღაც საინტერესოს რომ მპირდებოდა, აშკარა იყო. რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებებს, გმირებისა არ იყოს, მე თავად მოვხვდი ახალ სიუჟეტურ ველში. ასეთი რამ არასოდეს მენახა. თითქოს ჩემი დაბაზში ყოფნა, მიუხედავად ჩემი სტატუსისა, გმირების არსებობასთან გაიგივდა. მეც აღტაცებული ვიყავი, თუმცა ვცდილობდი არ შემემჩნია. მეფის მიერ ოფიცრების წინაშე ნათქვამმა უმკაცრესმა სიტყვამ მაყურებელთა დარბაზის წინააღმდეგ თავად დარბაზის განწყობილება ვერ შეცვალა. იქ მხოლოდ ინტერესი არსებობდა.
სპექტაკლის შინაარსი და თეატრში მყოფი მაყურებელთა თემატური სამყარო იმდენად ჰგავდა ერთმანეთს, რომ ვგრძნობდი, მეფის სიტყვების შემდეგ სიტუაცია ძალიან დაიძაბებოდა, მაგრამ მსგავსი რეაქცია ჯერ არსად ჩანდა. საჭირო იყო სპექტაკლის ბოლოს დავლოდებოდი. ჰერცოგის საომარმა მზადებამ დარბაზი გამოაფხიზლა. იგრძნობოდა სიტუაციის დაძაბვა. მაყურებლებმა შეიგრძნეს თავიანთი თემატური სამყაროების მსგავსება სპექტაკლში წარმართულ თემატურ სამყაროსთან. ეს ყველაზე მეტად ~თხის მწყემსებს~ დაეტყოთ. თითქოს შეშინდნენ, აფორიაქდნენ, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ ქურდულად აპარებდნენ თვალს მუცალისა და ალუდა ქეთელაურისაკენ. ამ ყველაფრის დაფიქსირებამ იმედი ჩამისახა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი დამოკიდებულებები პრაქტიკულად ნეიტრალური უნდა ყოფილიყო და მხოლოდ დაკვირვებები უნდა მეწარმოებინა სპექტაკლზე, რატომღაც მიკერძოებამ იჩინა თავი და სცენაზე მეფის მიმართ სიმპატია გამიჩნდა. შესაბამისად დარბაზს გადავხედე, ალუდა ქეთელაურის და მუცალის სახეებს შევხედე: მათ მიმართაც სიბრალულის გრძნობა დამეუფლა. მინდა მოგახსენოთ, რომ ჩემი დაკვირვებები სულაც არ გულისხმობდა რაიმე შედეგების მიღწევას, იგი მხოლოდ სიტუაციის დაფიქსირებას ემსახურებოდა; მითუმეტეს, რომ ყოველგვარი შედეგებით გმირები ისედაც გადატვირთულები იყვნენ და ყელში ჰქონდათ ამოსული თავიანთი როლების შესრულება.
ჰერცოგის სახე სცენაზე გაცეცხლებული იყო, მას ვერ წარმოედგინა, რომ მისი სვეტებიანი სასახლე მაყურებელთა დარბაზებს წარმოადგენდა. თუმცა ყოველთვის ავიწყდებოდა, რომ თავად სპექტაკლში მონაწილეობდა. თეატრის დარბაზში მხოლოდ მეფის მზერა აღწევდა. ეს მზერა თითოეული მაყურებელი _ გმირის სახეზე იბეჭდებოდა და თავად გმირებიც გრძნობდნენ, რომ იგი მათ ხედავდა. ჰერცოგი თითქოს ხვდებოდა, რომ თავად გადიოდა რეპეტიციას მეფესთან შესაბრძოლებლად. მას შემდეგ რაც მეფის ჯარმა ბოლო მოუღო ჰერცოგის სასახლეს, მაყურებელთა მხრიდან ინტერესმა კიდევ იმატა, რასაც რამეზინისა და ერპიჰის საუბარმა, შეუწყო ხელი; ამ საუბარმა ნათელი მოჰფინა სპექტაკლის შინაარსს.
ამ ყველაფერთან ერთად სიტუაცია თეატრის დარბაზში მკვეთრად შეიცვალა. ნათელი გახდა, რომ ამ მაყურებელთა დარბაზში მყოფი ~ალუდა ქეთელაურისა~ და ~მუცალის~ გმირებს შორის დამოკიდებულებები სხვა განზომილებაში გადადიოდა. ამ დროს სპექტაკლზე შესვენება გამოცხადდა. დარბაზის თითქმის ყველა დამსწრე გმირი თეატრის დერეფნებს მოეფინა. მეც იქეთ გავემართე და ჩემს წინ საოცარი სურათი გადაიშალა. სცენის გმირები და მაყურებლები საოცრად ჰგავდნენ ერთმანეთს. ჩემთვის ყველაფერი ნათელი იყო. ამ თეატრის დერეფნებში გადაიკვეთა ~ალუდა ქეთელაურის~, ~მუცალის~ და ~მაყურებელთა დარბაზების~ თემატური სამყაროები. სამივე ტექსტის გმირები პრაქტიკულად ერთ თემატურ სამყაროში მოექცნენ და ყველაფერი ეს ~ყოფიერების ბედში~ იყო გადაწყვეტილი.
სპექტაკლის მეორე ნაწილში, როდესაც ერპიჰი ჰერცოგის მიერ იქნა დაპატიმრებული და დორნროზე მაყურებელთა დარბაზის გმირებს იწვევდა სცენაზე, თეატრის დარბაზში დაძაბულობამ პიკს მიაღწია. ალუდა ქეთელაური და მუცალი მზად იყვნენ სცენაზე შესულიყვნენ, მაგრამ ~თხის მწყემსებმა~ ამას ხელი შეუშალეს. თავად დარბაზშიც მაყურებელი ორ ნაწილად გაიყო, ერთნი მეფეს უჭერდნენ მხარს, მეორენი ჰერცოგს. ჩემთვის ეს წარმოუდგენელი იყო, ვინაიდან ჩემი დაკვირვებით ამ სპექტაკლზე გაერთიანდნენ ამ ნაწარმოებთა თემატური სიუჟეტები, რაც ცხადი შეიქმნა პიესის ფინალში, სადაც ფონ რამეზინი ჩვენს მაყურებელთა დარბაზში გადმოვარდა და ამით დაშორდა თავის თემატურ სამყაროს. მის გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც მაყურებელთა დარბაზს შეხედა.
სპექტაკლზე დასწრებამ ჩამომიყალიბა ჩემი აზრი. მივხვდი, რომ ერთადერთი შესაძლებლობა _ ერთმანეთს შეხვედროდნენ ~ალუდა ქეთელაურის~ და ~მუცალის~ გმირები ჩემი აზრით, შედგა. ეს სპექტაკლზე მოხდა. ისინი აშკარად მიხვდნენ, რომ ჩაკეტილნი არიან თავიანთ ~თემატურ ყოფიერების ბედში~, რომ მკითხველი _ ეს მათი მაყურებელთა დარბაზია, სადაც ყველაფერი შესაძლოა მოხდეს. სპექტაკლის ბოლოს ყველანი ბიბლიოთეკის თაროებზე დაბრუნდნენ. ვხედავდი, რომ გმირთა დამოკიდებულებები შეიცვალა. ბიბლიოთეკის თაროებზე ერთმანეთში აირივნენ ~ალუდა ქეთელაურის~, ~მუცალის~ და ~მაყურებელთა დარბაზების~ გაოფლილი გმირები. მე უკვე არ მესმოდა მათი საუბარი, თუმცა მათი ტუჩების მოძრაობით ვხვდებოდი, რომ ერთმანეთს ნანახის შთაბეჭდილებებს უზიარებდნენ. ჩემთვის უკვე ნათელი იყო, რომ ეს სამი ნაწარმოები ერთ სიუჟეტურ ველში მოექცა, რომელსაც შესაძლოა ვუწოდოთ "ბიბლიოთეკის თაროების სიუჟეტური ველი", სადაც გმირთა ცხოვრება მიმდინარეობს. ისეთი ცხოვრება, რომელსაც ვერავინ ხედავს. მხოლოდ მწერლის მიერ არის შესაძლებელი ამ ცხოვრების დანახვა.
მწერალს (გ. მარგველაშვილს) შეუძლია გაუფრთხილდეს გმირთა ამ უფაქიზეს სამყაროს, რომლის წინააღმდეგაც მუშაობს უდიდესი მანქანა მაყურებელთა დარბაზისა და მკითხველისა. ისტორიის სცენაზე მარადიულად თამაშდება გმირთა ცხოვრება. ამ შემთხვევაში, როდესაც გ. მარგველაშვილმა შეძლო დაეფიქსირებინა ეს მოქმედი ცხოვრება გმირებისა, მან ვერაფერი შეცვალა (სპექტაკლი ხომ ვნახეთ), უბრალოდ გმირთა ცხოვრებაში განმტკიცდა აზრი, რომ არსებობს "ბიბლიოთეკის თაროების სიუჟეტური ველი", სადაც მათ შეუძლიათ თავისუფლად იყვნენ, მაგრამ როგორც ბ-ნი გ. მარგველაშვილი აღნიშნავს, გმირებს შეუძლიათ თავისუფლები იყვნენ "ბიბლიოთეკის თაროების სიუჟეტურ ველში", ამასთან მათი ცხოვრება გადაწყვეტილია ნაწარმოების "თემატურ ყოფიერების ბედში". აღნიშნულით მწერალი იღებს უდიდეს პასუხისმგებლობას სამყაროს გმირთა წინაშე და ეს გაფრთხილება თავისთავად ეხება, როგორც გ. მარგველაშვილი იტყვის: "რეალურსამყაროულ ადამიანურ ცხოვრებას, სადაც ყურადღება მისაქცევია "თავისუფლების ეს შეზღუდვა ყოფიერების ბედთან დაკავშირებით.
განა მნიშვნელობა აქვს სად მიმდინარეობს ცხოვრება "ბიბლიოთეკის თაროების სიუჟეტურ ველში" თუ დედამიწაზე? განა ლიტერატურა მხოლოდ გართობა და ილუზიაა? ვფიქრობ, რომ არა. ლიტერატურა "რეალურსამყაროული" ცხოვრების პარალელური და შესაბამისად იდენტური სამყაროა, სადაც მიმდინარეობს თამაში და ნურავინ წარმოიდგენს, რომ ამ თამაშის სუბიექტი ადამიანია, პირიქით თამაშის სუბიექტი თავად თამაშია და იგი თავად თამაშობს თამაშს, რომლითაც იქმნება "რეალურსამყაროული ცხოვრება და ნებისმიერ დროს, როდესაც მოვხვდებით თეატრში, სადაც დაიდგმება სპექტაკლი "მაყურებელთა დარბაზები და თავს ვიგრძნობთ თეატრის დარბაზში, სადაც სცენიდან მეფე შეგვებრძოლება, არასოდეს ვიფიქროთ, რომ ჩვენ გვებრძვიან, ამით მხოლოდ თავს მოვიტყუებთ, ვინაიდან სპექტაკლის ბოლოს ყოველთვის გადმოვარდება დარბაზში ფონ რამეზინი, რომელიც შემოგვხედავს, თავად გაუკვირდება ჩვენი არსებობა, ხოლო ჩვენ არ გაგვაოცებს მისი საქციელი. რაც იმას ნიშნავს, რომ ამ სპექტაკლში ჩვენც ვმონაწილეობთ, როგორც გმირები, და წარმოვადგენთ თამაშის ობიექტებს, ხოლო მეფე სხვა მაყურებელთა დარბაზს ხედავს.
ჩემთვის საკვირველია ბ-ნ გ. მარგველაშვილის პასუხისმგებლობის გრძნობა, გმირთა ცხოვრების მიმართ, რაც "რეალურსამყაროულ არსებებსაც ეხება. შესაბამისად მას არ შეუძლია, რომ წერტილი დასვას იგი ხაზებს ავლებს და მეც არ შემიძლია წერტილი დავსვა, ეს წერილი ხაზის გასმაა, რომელმაც ამ უდიდესი მწერლის ლიტერატურულ ველში მომაქცია.


ირაკლი მარგველაშვილი

19.06.02წ.

"ქართლის ცხოვრება მარად იგივეში" კარიბჭე მეორე, გეოპოლიტიკა

გრძელდება ჩვენი წერილი ~ქართლის ცხოვრება მარად იგივეში~. როგორც მოგახსენეთ წერილი მოვიდა ფოსტით და იძულებული ვართ მივიღოთ იგი. გამოგზავნილია მხოლოდ ერთი წერილი ჟამთააღმწერელის მიერ, მაგრამ იგი მრავალგვერდიანია. წერილის მოსვლა საკმარისია და ~დროჟამის განმრიგე ღმერთი~ მზადაა გახსნას მეორე კარიბჭე. წერილი განიხილება კლიშეებში, სხვადასხვა სივრცესა და დროის ველში და ეს გრძელდება საუკუნეების განმავლობაში. არსებობს წერილები, რომელთაც საიდუმლო გრაფა აქვთ, ასევე არსებობს წერილი, რომლებიც ერთ ენაზეა შესრულებული და მისი თარგმანი ვერ ხდება, ანუ არსებობს თარგმანი, მაგრამ არ არსებობდა ზუსტი თარგმანი. ეს თავისთავად იძლევა შესაძლებლობას მოვარხერხოთ ორიგინალი წერილის წაკითხვა, იმ სიუჟეტურ დროში, სადაც საფოსტო განყოფილებაა. თარგმანის ეს მეთოდი ჩვენი წერილის მთვარი თანამგზავრია, რომლის გარეშეც შეუძლებელია ~დროჟამის განმრიგე ღმერთის~ კარიბჭის იქეთ მიმდინარე მოვლენების დანახვა.
~დროჟამის განმრიგე ღმერთის~ მიერ ნებისმიერი გახსნილი კარიბჭე, არის მხოლოდ მოვლენების შესაძლებლობა. მას უამრავი კარიბჭის გახსნა შეუძლია, რომლებიც ვარაუდებს წარმოშობს მხოლოდ. მისი გასაღებებიც იცვლება. ყოველ კარიბჭეს თავისი გასაღები აქვს. მეორე კარიბჭე იხსნება და საინტერესოა გასაღებზე წარწერა. მთავარია თვალი მოვკრათ და წავიკითხოთ ეს წარწერა. ამის საშუალება არაგვაქვს. ეს გასაგებიცაა, ვინაიდან თავად თემა არის ბურუსით მოცული, რაზედაც საუბარი გვექნება, თან მასზე იტყვიან ~არ უნდა გამჟღავნდესო~.
ალბათ ყველაზე საინტერესო მეორე კარიბჭის სიუჟეტური დროა. რომელ დროში მიმდინარეობს მოქმედება, ან როგორ ემთხვევა ეს სიუჟეტური დრო ჩვენს სიუჟეტურ დროს. საინტერესოა რატომ გახსნა ~დროჟამის განმრიგე ღმერთმა~ მეორე კარიბჭე. რატომ გაგვხადა იძულებული ამ უკანასკნელმა წაგვეკითხა გამოგზავნილი წერილის მეორე გვერდი. ან საერთოდ რამდენი გვერდია ამ წერილში ესეც უცნობია ჩვენთვის.
მიუხედავად ამისა ~ყველაფერი ბრუნდება მარად იგივეში~. ვერაფრით მოვიცილებთ ამ საკრალურ ფრაზას. ~დროჟამის განმრიგე ღმერთი~ ჩვენს კარებს მოადგა. იგი ბოლომდე ეცდება გახსნას ყველა კარიბჭე. წინააღმდეგ შემთხვევაში უფუნქციობა ემუქრება. არადა შეგვიძლია დავტოვოთ უფუნქციოდ. სურვილი არ არის. იქნებ არსებობს ფარული ნება. ყველაფერი გამოჩნდება, ანუ ~არა არს დაფარული, რომელი არა გაცხადდეს~. მნიშვნელოვანი შესაძლებლობებია.
მეორე კარიბჭე გახსნილია. ველოდები სიუჟეტს, რომელიც კარიბჭის იქეთაა. იწყება . . . ~მეექვსე საუკუნე იშლება ჩემს თვალწინ. ეგრისის ოცწლიანი ომი. სპარსეთი და რომი ექიშპებიან ერთმანეთს ეგრისის დასაპყრობად. ლავირებენ ეგრისელები. გრძელდება ომი. 554 წელი იწურება. რომი ბატონობს ეგრისში. უცებ მოულოდნელი რამ ხდება. მოკლულია ეგრისის მეფე გუბაზი. აღელდნენ ეგრისელები. სასწრაფოდ შეიკრიბნენ ჭალაში. გადაწყვეტილება მისაღებია. რა ჰქნან, როგორ იძიონ შური მტერზე. ორატორები ეჯიბრებიან ერთმანეთს, მაგრამ ჩვენამდე მხოლოდ ორი ორატორის სიტყვა აღწევს, ისიც ფოსტით გამოგზავნილი. მაინც და მაინც რატომ ამ ორი ორატორის და არა სხვების? გაურკვეველია. მხოლოდ ამ ორი მჭევრმეტყველის სიტყვა შემოინახა ~ქართლის ცხოვრებამ~. ერთი აიეტია, მეორე ფარტაძი.~ რომის სარდალი ციბე და სპარსეთის სარდალი მერმეროე ასრულებენ დამპყრობთა დავალებებს.
ორ მჭერმეტყველს უსმენს ეგრისის დიდებულები. აიეტი კატეგორიულია. იგი ითხოვს რომაელების წინააღმდეგ გალაშქრებას. მეფე ხომ მათ მოკლეს. თითქოს მარტივი მჭერმეტყველებაა. რომის წინააღმდეგ სპარსელების დახმარებით, ეს აიეტის გეგმაა. ხალხი ოვაციებით ხვდება ორატორს. ფარტაძი არ ეთანხმება აიეტს. იგი სხვა გეგმას სთავაზობს დიდებულებს - მოითხოვონ რომის წარმომადგენლის ციბეს დასჯა თავად რომაელების მიერ. ამ უკანასკნელმა მოკლა მეფე გუბაზი. საბოლოოდ ფარტაძის სიტყვა იმარჯვებს, რომაელებიც დასჯიან ციბეს, რომელიც საშინელი თაღლითი და ავაზაკია. ომს გადაურჩენ ეგრისელები. გადის დრო სულ რაღაც რვა წელიწადი. ოცწლიანი ომი მთავრდება ეგრისში ისე, რომ საბოლოოდ გამარჯვებული არც რომი რჩება და არც სპარსეთი. ეგრისი მიზანს აღწევს. მტერი დამარცხდა.
ეს არის გახსნილი კარიბჭის მოკლე სურათი. რატომ გახსნა ~დროჟამის განმრიგე ღმერთმა~ მაინცდამაინც ეს კარიბჭე და არა რომელიმე სხვა კარიბჭე. რატომ შედგება გამოგზავნილი წერილის მეორე გვერდი ამ ინფორმაციისაგან. რა არის დაფარული ამ წერილში ისეთი, რომელიც ჟამთააღმწერელმა ჩათვალა საჭიროდ, რომ ჩვენთვის გამოეგზავნა.
~დროჟამის განმრიგე ღმერთი~ საჭიროდ თვლის ამ კარიბჭის გაღებას. ეს ალბათ ყველაზე დაფარული კარიბჭეა ~დროჟამის განმრიგე ღმერთის~ ყველა კარიბჭეებში.
შემთხვევით არაფერს აგზავნის ~ქართლის ცხოვრება~ ფოსტით. ამ ორი მჭევრმეტყველის სიტყვა ქართული გეოპოლიტიკის გააზრებაა, მისი მიმართულებაა, რომელიც რა თქმა უნდა ტრანსფორმაციას განიცდის, თანამედროვე გეოპოლიტიკურ გააზრებებში, მაგრამ ვფიქრობ მხოლოდ გეოგრაფიული სევრცე იცვლება, თამაშის წესები კი იგივე რჩება.
ეს ორი მჭევრმეტყველება ფორმულაა, ბედისწერაა ქართული გეოპოლიტიკური აზროვნების, რომელიც ნებისმიერ სიტუაციას უნდა მოერგოს, ანუ თუ ფორმულა არ იქნება გამოყენებული, ქართული გეოპოლიტიკა მარცხს განიცდის. ფორმულა მდგომარეობს შემდეგში, ნებისმიერი სახელმწიფო, ანუ გეოპოლიტიკური ერთეული საქართველოსთან მიმართებაში ვალდებულია თავადვე აღმოფხვრას მის მიერ დაშვებული შეცდომა გეოპოლიტიკურ თამაშში, წინააღმდეგ შემთხვევაში ის წავა საქართველოს გეოპოლიტიკური სივრციდან.
მოწინააღმდეგისაგან გეოპოლიტიკურ თამაშში დაშვებულ შეცდომაზე მითითება და მისი გაქარწყლების მოთხოვნა არის ქართული გეოპოლიტიკის მთავარი იარაღი. ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს გეოპოლიტიკური გეოგრაფია, რომელიც უკავშირდება საქართველოს გეოპოლიტიკური სივრცის გამოყენებას და ამით თავისი გეოპოლიტიკური სივრცის გაფართოებას, ვალდებულია არ დაუშვას შეცდომა. ეს როგორც აქსიომა ისე დევს ქართულ გეოპოლიტიკურ აზროვნებაში.
შეცდომა იწვევს მოწინააღმდეგის გაძევებას ქართული გეოპოლიტიკური სამანებიდან. მითუმეტეს, რომ ~ქართლის ცხოვრებაში~ ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს მცდელობა, გეოპოლიტიკური მდგომარეობის გამყარებისა საქართველოს მეშვეობით, თითქმის ყველა შემთხვევაში დამთავრდა მარცხით სხვა სახელმწიფოსათვის და ამის მთავარი მიზეზი, არის ის შეცდომები, რომელიც დაშვებულ იქნა მოწინააღმდეგის მიერ.
ქართული თამაში-გეოპოლიტიკა ვერ ეგუება იმ თამაშის პრინციპს, რომელიც მიღებულია საყოველთაოდ და მრავალჯერადი გამოყენებისათვის. ამ შემთხვევაში საქმე თამაშის სხვა პრინციპთან გვაქვს, კერძოდ, ეს არის თამაში-გეოპოლიტიკა, რომელიც თავად თამაშობს თამაშს და იგი არის ამ თამაშის სუბიექტი. შეცდომის არსი ქართულ გეოპოლიტიკურ სივრცეში ნიშნავს, რომ ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს მიმართება ქართული გეოპოლიტიკური თამაშისადმი სუბიექტურ ველში მიმდინარეობს, ანუ ამ უკანასკნელებს თავი ჰგონიათ სუბიექტები ქართულ თამაში-გეოპოლიტიკაში. აქ დაშვებულია არსობრივი შეცდომა, ანუ ირღვევა ქართული გეოპოლიტიკური თამაშის წესები, რომელიც თავისთავად იწვევს სხვა სახელმწიფოს გეოპოლიტიკური ველის მიუღებლობას.
მთავარი ქართული გეოპოლიტიკური სივრცეში მოსახვედრად არის ქართული თამაში-გეოპოლიტიკის წესების მიღება, აღიარება, რაც მდგომარეობს შემდეგში: ქართული თამაში-გეოპოლიტიკა თავად არის სუბიექტი ამ თამაშისა, ის თავადვე თამაშობს თამაშს. ნებისმიერი სხვა სახელმწიფო რომელიც მოინდომებს ამ სუბიექტივიზმის დარღვევას შესაბამისად მიდის ქართული გეოპოლიტიკური არიალიდან. შეცდომას ყველა უშვებს და ეს შეცდომები ტყუპისცალივით გავს ერთმანეთს. მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერ სახელმწიფო-ობიექტს, რომელიც აფართოებს თავის გეოპოლიტიკას, უამრავი შანსი აქვს გამოასწოროს შეცდომები. ისინი ამას არა, ან ვერ აკეთებენ უბრალო და ძალიან მარტივი მიზეზების გამო, არასოდეს სწავლობენ ~ქართლის ცხოვრების~ გამოცდილებებს. აქვე ჩნდება მეტად საინტერესო თეზა, უბრალოდ მათ არ შეუძლიათ წაიკითხონ ~ქართლის ცხოვრების~ გამოცდილებები. არ არსებობს ამ ტექსტის ზუსტი თარგმანი. სწორედ ეს არის საფუძველი იმისა, რომ ისინი ვერასოდეს შესძლებენ ხანგძლივად გააფართოონ თავიანთი გეოპოლიტიკური ველი. თავად ამის გააზრება მათ მიერ შეუძლებელია მარტივი ლოგიკის გამო; ისინი ხომ ~გეოპოლიტიკური სუბიექტები~ არიან, ხოლო საქართველო ~გეოპოლიტიკური ობიექტი~.
ქართული თამაში-გეოპოლიტიკის ზემოთხსენებული წესები დაირღვა ~ქართლის ცხოვრების~ ყველა ეპიზოდში, რომელიც გეოპოლიტიკას ეხება. ყველა სხვა სახელმწიფო, რომელიც კი აპირებს გააფართოვოს თავისი გეოპოლიტიკური არეალი საქართველოს გეოპოლიტიკური სივრცის გამოყენებით უშვებს კარდინალურ შეცდომებს, ანუ შესაძლოა ითქვას, რომ მიდის ქართული თამაში-გეოპოლიტიკის წერილი-ბედისწერის წინააღმდეგ. შედეგი ყველა შემთხვევაში ერთია – მარცხი, გაძევება სივრციდან. ნებისმიერი ობიექტი ტოვებს ამ გეოპოლიტიკურ სივრცეს.
ამ შემთხვევაში, საქმეში ერთვება ქართული თამაში-გეოპოლიტიკა, რომელიც თავის წესებს უქვემდებარებს გეოპოლიტიკური სხვა სახელმწიფოების სურვილებს. ყველაფერი სრულდება მარცხით სხვა სახელმწიფოებისათვის ხოლო შემდეგ, ამ სახელმწიფოების მცდელობები, მორევში ჩავარდნილი კაცის მოქმედებებს ჰგავს, ანუ რაც უფრო მეტად ფართხალებ და ცდილობ გადარჩენას, მით მეტად იძირები. ამიტომაც უამრავი გეოპოლიტიკური სურვილი მოინელა ქართულმა თამაშმა-გეოპოლიტიკამ.
თავად ხერხები, რომელსაც ~გეოპოლიტიკური სუბიექტები~ იყენებენ თავიანთი გეოპოლიტიკური ველის გასაფართოებლად ათასჯერ მონელებულია ქართული თამაში-გეოპოლიტიკის თამაშში. მთელი ამ საუკუნეების განმავლობაში ამ თამაშისთვის მხოლოდ როლები და ობიექტები იცვლება, დანარჩენი იგივეა. შესაძლოა ითქვას, რომ თამაში-გეოპოლიტიკის თამაში ძალიან დაფარულია. მისი ორიგინალის წაკითხვა არავის შეუძლია. არადა უდიდესია იმის ალბათობა, რომ სხვა სახელმწიფოები ვერასოდეს შევლენ ამ თამაშში და ვერ იქნებიან თამაშის ობიექტები თავად საქართველოსთან ერთად. ეს იქედანაც ჩანს, რომ მათ არ შეუძლიათ ორიგინალში ~ქართლის ცხოვრების~ წაკითხვა.
ერთადერთი რამ, რასაც იყენებენ სხვა სახელმწიფოები ესაა გაცვეთილი ხერხები გეოპოლიტოკური გავლენის მოსაპოვებლად. ქართული თამაში-გეოპოლიტიკისათვის, როგორც წესი მისაღებია ორი სხვადასხვა სახელმწიფოს ქიშპობა გეოპოლიტიკური ველის გასაფართოებლად. ამ შემთხვევაში ქართული თამაში-გეოპოლიტიკის თამაში მიმდინარეობს სტანდარტული ფორმით, ანუ ორივე იძირება ქართული თამაში-გეოპოლიტიკის მორევში. ვერცერთი მათგანი ვერ აღწევს სასურველ მიზანს. ამის მიზეზი არის ისევ შეცდომა, რომელიც აღწერილია საფოსტო გზავნილში, რომელიც ~ქართლის ცხოვრებიდან~ გამოიგზავნა.
როდესაც სხვა სახემწიფოს მიერ დარღვეულია ქართული თამაში-გეოპოლიტიკის თამაშის წესები და დაშვებულია შეცდომა, მას აუცილებლად მოსდევს მითითება, რომ გამოსწორდეს შეცდომა. სხვა სახელმწიფოებს არ შეუძლიათ გამოასწორონ შეცდომა, ვინაიდან ისინი ყოველთვის თამაშის სუბიექტებად წარმოიდგენენ თავს, ანუ ისინი თავად თამაშობენ თამაშის თამაშს, ხოლო თავის თამაშის გამოსწორება ვერ წარმოუდგენიათ. ამ შემთხვევაში ქართული თამაში-გეოპოლიტიკა მათ მარცხს სთავაზობს. ამ უკანასკნელის ბედისწერას ეჯახება ყველა, რომელიც არ ეთანხმება მის თამაშს.
ძალიან საინტერესოა ქართული თამაში-გეოპოლიტიკის ლოგიკა, კერძოდ, სხვა სახელმწიფოები უშვებენ შეცდომას, შესაბამისად მას ეუბნებიან, რომ შეცდომა გამოასწორე, რაზედაც ყოველთვის არის უარყოფითი პასუხი. ამიტომ ისინი გადიან ქართული გეოპოლიტიკური სივრციდან.
არის თუ არა ქართული თამაში-გეოპოლიტიკის თამაშში განსაზღვრული სხვა სახელმწიფოს მიერ შეცდომის გამოსწორებაზე უარის თქმა? ~ქართლის ცხოვრების~ ყველა ეპიზოდი ერთნაირად მთავრდება, ანუ სხვა სახელმწიფო არასოდეს ასწორებს შეცდომას, რომელსაც ქართული თამაში-გეოპოლიტიკა მიუთითებს, შესაბამისად ისინი იძირებიან ამ გეოპოლიტიკის თმაშის მორევში. თითქოს ყველაფერი გახსნილია, ღიაა ურთიერთობები, მაგრამ სხვა სახელმწიფოებს არ ჯერათ, რაც წინასწარ განსაზღვრულია და გამოცდილია ქართული თამაში-გეოპოლიტიკის მიერ. ამ უკანასკნელმა იცის, რომ მას არ დაუჯერებენ, ამიტომაც სთავაზობს შეცდომის გამოსწორებას. სინამდვილეში ყველაფერი მარტივადაა, მაგრამ სხვა სახელმწიფოები ართულებენ ურთიერთობებს, იმიტომ, რომ მათი ხერხები გეოპოლიტიკური ველის განვრცობისა არის რთული და ხისტი, რაშიც თავად მარტივად იხლართებიან. მათ არავინ ატყუებთ, უბრალოდ თავად იტყუებენ თავს. ქართული თამაშმა-გეოპოლიტიკამ ეს იცის, ამიტომაც იგი ყოველთვის თამაშობს ასეთ თამაშს ყველა სხვა ობიექტთან ერთად.
ამ მსჯელობების მიუხედავად, ბურუსითაა მოცული თავად ქართული თამაში-გეოპოლიტიკის ბუნება. ~ქართლის ცხოვრებიდან~ გამოგზავნილი საფოსტო გზავნილიც ბევრს არაფერს გვეუბნება. ~დროჟამის განმრიგე ღმერთის~ გახსნილი კარიბჭიდან ბევრი არაფერი ჩანს მხოლოდ ერთი მარტივი მაგალითია. ერთში ნამდვილად ვრწმუნდები; ქართული თამაში-გეოპოლიტიკა კვლავ აგრძელებს თავის თამაშს, რომელიც დღესაც მიმდინარეობს. გეოპოლიტიკურ ველზე კვლავ სტანდარტულად ორი ობიექტია. თუმცა მათი მოქმედებების განხილვა საჭიროდ არ მიმაჩნია, ვინაიდან ~ყველაფერი ბრუნდება მარად იგივეში.~



ირაკლი მარგველაშვილი