Thursday 25 June 2009

საქართველო რუსეთის კონფლიქტი და ევროპის უსაფრთხოება

კავკასიის საკითხი, ყოველდღიურად უფრო მნიშვნელოვანი ხდება მსოფლიო გეოპოლიტიკის მომავალი განვითარების თვალსაზრისით. ზაფხულის დადგომასთან ერთად სიტუაცია კიდევ უფრო მწვავდება. თანდათან ხდება რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის ინტერნაციონალიზაცია და ზაფხულის დადგომასთან ერთად ეს საკითხები უფრო მწვავე ხასიათს იღებს. სერიოზული ექსპერტები, როგორც დასავლეთიდან, ასევე რუსეთიდან ხედავენ აშკარა საფრთხეს საქართველო-რუსეთის კონფლიქტის განახლების და კავკასიური გეოპოლიტიკური ბრძოლის შეუქცევადობის შესახებ. ხშირია მოწოდებები ევროპის და ამერიკის მთავრობებისადმი, რომ დაიცვან საქართველო რუსული აგრესიისაგან. ძალიან საინტერესოა ამ თვალსაზრისით სამხედრო ექსპერის ზბიგნევ ბაზურაკის სტატია, რომელიც მოკლედ, მაგრამ საკმაოდ საინტერესო მესიჯებს გვაძლევს ჩამოყალიბებული გეოპოლიტიკის ანალიზის თვალსაზრისით.
გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ დღეს საქართველო არის ერთერთი ცენტრალური ადგილი ევრაზიული გეოპოლიტიკის მომავლისათვის. იმ შემთხვევაში, თუ ამერიკას სურს ევრაზიაში გეოპოლიტიკური წესრიგის დამყარება.

აღნიშნულ წესრიგს რუსეთი ეწინააღმდეგება, ვინაიდან ამ გეოპოლიტიკურ წესრიგში, რუსეთი არ მოიაზრება როგორც წამყვან თვითმპყრობელობად. მან შესაძლოა შეინარჩუნოს რეგიონალური თვითმპყრობელობის სტატუსი უკეთეს შემთხვევაში.
რაში გამოიხატება რუსული მცდელობები ამ მიმართულებებით.
1. 2008წ. აგვისტოს ომის შედეგების ლეგალიზაცია.
2. 2008წ. აგვისტოს ომის დასრულება 2009წ. ზაფხულში მისი ყველა გეოპოლიტიკური ნიშნით.
3. საქართველოს სრული ანექსია, რომლითაც ის შეძლებს თავისი პრაქტიკულად ამ გეოპოლიტიკურ თამაშში სერიოზული წარმატების მიღწევას.
4. ამერიკული მანასის ბაზის დახურვის მცდელობა.
5. ირანის საკითხით მანიპულირება.
6. ავღანეთის საკითხით მანიპულირება.


ვფიქრობ არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ დღევანდელი მსოფლიო გეოპოლტიკის მთავარი მამოძრავებელი არის ენერგომატარებლების საგზაო დერეფნების კონტროლი.
საქართველო წარმოადგენს რა უსერიოზულეს კვანძს ამ თვალსაზრისით, საქართველოს ანექსიით, რუსეთი 2/3-ით შეასრულებს თავის მოთხოვნას, პოსტსაბჭოთა კავშირის სივრცეზე სრული კონტროლის დამყარების მიმართულებით. ამის შემდეგ განხორციელდება აზერბაიჯანის ანექსია და ასევე პოსტსაბჭოთა შუაააზის ანექსია, ასევე უკრაინის და ბელორუსიის ანექსია. არ გამოირიცხება უკრაინასთან კონფლიქტი ყირიმის ნახევარკუნძულის დასაპყრობად. შავი ზღვა ისევ გახდება რუსული ზღვა, და ის შეძლებს სერიოზული კონტროლის დამყარებას აღმოსავლეთ ევროპაზე შავი ზღვის მეშვეობით.


ამ თვალსაზრისით საქართველოს სერიოზული საფრთხე ემუქრება რუსეთის მხრიდან, ვინაიდან დღეს რუსული პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტს, სწორედ საქართველოში და კავკასიაში კონტროლის აღდგენა და აქ დასავლეთის და ნატოს საბოლოოდ დამარცხებას ემსახურება. ამიტომ 2008წ. 24 ივნისს ილარიონოვის პრესკონფერენციისას გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება ითქვას ძალიან რეალურია, იმ პოლიტიკის გათვალისწინებით, რასაც რუსეთი ეწევა კავკასიაში და იმ მიზნებისათვის, რის მიღწევასაც ის ცდილობს.
აქვე საინტერესოა გავითვალისწინოთ ის პრევენციები, რომლებიც კეთდება დასავლეთის მხრიდან რუსული აგრესიის წინააღმდეგ.

მოხდა რამდენიმე საინტერესო ფაქტი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ სრულ სურათს ვერ ვხედავთ.

1. ბელორუსიის საკითხი, ვგულისხმობთ კონფლიქტის დასაწყისს რუსეთთან, რაც როგორ განვითარდება საბოლოოდ არ ვიცით, ვფიქრობ დასავლეთი ამ შანსს არ გაუშვებს და წილის ბოლოსთვის საკმაოდ სერიოზულ დაპირისპირებას მივიღებთ.
2. მანასის ბაზის საკითხს, სადაც ყირგიზეთმა უარი თქვა ამერიკული ბაზის გაუქმებაზე, რასაც რუსეთის საკმაოდ მწვავე რეაქცია მოჰყვება.
3. ირანის საკითხი, სადაც საკმაოდ სერიოზული პოროცესები მიმდინარეობს და ეხლა მთავარი შეიძლება არ იყოს აჰმად ნეჯადის მთავრობის დამხობა, არამედ ძალიან სერიოზული დასავლეთიდან მხარდაჭერილი ოპოზიციური მუხტის არსებობა, გარკვეულ ეტაპამდე.
4. ბელორუსიის და უკრაინის სახით რუსული გაზის გატარების კვანძების დასავლეთის გავლენის ქვეშ შესაძლო მოქცევა, რითაც რუსეთს შეუმცირდება გაზით მანიპულირების ბერკეტები ევროპისადმი.
5. ნოდსტრიმის პროექტისადმი სკანდინავიის და ბალტიისპირეთის რესპუბლიკების წინააღდეგობა. სავარაუდოდ ის დაკონსერვდება, მინიმუმ ნაბუკოს პროექტის გასვლამდე.
6. სამხრეთის ნაკადზე პრაქტიკულად უარის თქმა, რაც რუსეთს სერიოზული ალტერნატივის გარეშე აყენებს.
7. ობამას განცხადება აპრილის ტურნეში, რომ ის არ ივაჭრებს საქართველოთი, რომელიც ალბათ დადასტურდება მოსკოვში მედვედევ ობამას შეხვედრაზეც.
8. ბაიდენის ვიზიტი უკრაინასა და საქართველოში ობამა-მედვედევის შეხვედრის შემდეგ. ვინაიდან ობამა მედვედევის შეხვედრის შემდეგც ომის საფრთხე ძალიან გაიზრდება.

ჩამოთვლილ პრევენციებში შეიძლება ითქვას ნამდვილად ვერ ვხედავთ 100%-იან გარანტიას, რომ რუსეთი თავისი გეოპოლიტიკური მიზნებისათვის უკან დაიხევს, მაგრამ გარკვეული ნიშნები იმისი, რომ რუსეთმა შესაძლოა უკან დაიხიოს არის. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ნიშნები ძალიან თვალსაჩინოა, ხოლო მოკლევადიან პერსპექტივაში უფრო ირიბად ჩანს ბევრი რამ და სწორედ ისეთ შეხვედრებზე უნდა დაფიქსირდეს ეს პრევენცია, როგორიც არის მაგალითად მედვედევ-ობამას შეხვედრა, ან სხვა საერთაშორისო შეხვედრები, რომელიც გაიმართება უახლოეს ხანებში. დიდი რვიანის თუ სხვა.


გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ თანამედროვე გეოპოლტიკური პროცესები, არ ახდენს გავლენას მხოლოდ საქართველოზე. არამედ ის გავლენას ახდენს ევროპის უსაფრთხოებაზე. ვგულისხმობთ შემდეგს. რუსეთის მიერ კავკასიის კონტროლი, პრაქტიკულად რუსეთს მისცემს საშუალებას მთლიანად მოახდინოს დასავლეთის, ენერგეტიკული კონტროლი და ხელში ჩაიგდოს ყველა ის მექანიზმი, რაც ამ კონტროლს უზრუნველყოფს. პრაქტიკულად რუსეთი მოახდენს დასავლეთის ენერგო მომარაგების 70-80%მდე კონტროლს რაც დროში იქნება იმის გარანტი, რომ პოსტ საბჭოთა კავშირის სივრცის კონტროლით, რუსეთი მომავალში შეძლებს არამარტო აღმოსავლეთ ევროპის, არამედ დასავლეთ ევროპის გაკონტროლებას და არ გამოირიცხება სამხედრო ექსპანსია აღმოსავლეთ ევროპაშიც. დღეს თითქოს რუსეთის მაქსიმუმ მოთხოვნას წარმოადგენს პოსტ საბჭოთა კავშირის სივრცის კონტროლი, მაგრამ თავად იმპერიის კლასიკური ბუნებიდან გამომდინარე, მოსალოდნელია მისი ექსპანსია ისევ აღმოსავლეთ ევროპაში და კვლავ საკითხის დაყენება საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრეობის სრულ უზრუნველყოფაზე. აქედან გამომდინარე, რუსეთის დღეს შეკავება კავკასიაში, იქნება იმის გარანტი, რომ ევროპას ეს საფრთხე მომავალში არ დაემუქრება. ამდენად საქართველოს საკითხი ჯდება საერთაშორისო დასავლური გეოპოლტიკის არეალში იმდენად, რამდენადაც ეს საფრთხეები დროში ევროპისთვის ძალიან ნიშანდობლივი და ახლობელი გახდება.

ამდენად არის მნიშვნელოვანი ევროპისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაც, ვინაიდან რუსეთის ამ ანკლავებში დატოვება, ზოგად გეოპოლტიკურ საფრთხეს ვერ მოსპობს და ვერ გაანეიტრალებს. ამ საფრთხის გასანეიტრალებლად რუსეთი უნდა გავიდეს საქართველოდან სრულად, რათა მოხდეს მისი, როგორც საფრთხის განეიტრალება, რაზედაც ზემოთ ვსაუბრობდით. ჩემთვის აბსოლუტურად ცხადი ხდება მედვედევის იმ ფრაზის კონტექსტი, როდესაც 2008წ. სექტემბერში, საქართველოს მან უწოდა, რუსეთისათვის, ”სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ტერიტორია”. თუ ამ კონტექსტად მივიღებთ, იმ საფრთხეებს რაზედაც ვისაუბრეთ, თუ რა დაუდგება რუსეთს კავკასიის დაკარგვით, ვფიქრობ ნათელი გახდება ამ ფრაზის მაშტაბურობა რუსული გეოპოლიტიკის მიზნების თვალსაზრისით.
ძნელია ითქვას, რუსეთისთვის, რამდენად საკმარისი იქნება დასავლეთის მიერ განხორციელებული პრევენციები, რომელიც შეაჩერებს რუსეთის მიზნებს, ამავე დროს რუსეთის მიერ დათმობა კავკასიის, პრაქტიკულად ასრულებს რუსულ გეოპოლტიკას და არანაკლები რესურსი, რაც რუსეთმა ამ მიმართულებებში დახარჯა წყალში გადაყრილი ხდება.
ამდენად საქართველოს უსაფრთხოება ჩემის აზრით პირდაპირპროპორციულადაა დამოკიდებული დროში ევროპის უსაფრთხოებასთან. საქართველოს უსაფრთხოება გამორიცხულია მიღწეულ იქნეს მანამდე, სანამ რუსეთი ჩვენი ტერიტორიებიდან არ გავა, ნებისმიერ დროს არის მოსალოდნნელი რუსეთის მხრიდან სამხედრო ანექსია. ვფიქრობ დღეს რუსეთისათვის მართლაც დგას დილემა, როგორ მოახდინოს საქართველოს ანექსია, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ის ამას ვერ შეძლებს ძალიან ბევრი ფაქტორის გამო, რომელიც პირდაპირ არ არის დაკავშირებული ჩვენს საკითხთან, მაგრამ ირიბად ისე ახლოს დგას, რომ ამ საკითხებში გაუთვალისწინებლობა არ ეგების.

გაგრძელება იქნება.

25.06.2009