Thursday 11 February 2010

რუსული გეგმა და ნოღაიდელი.

ვგძნობ დიდი პანიკაა ატეხილი საზოგადოებაში, თუ რა მომავალი აქვს საქართველოს, როგორ განვითარდება მოვლენები, უნდა გვქონდეს თუ არა რუსეთთან ურთიერთობები, რას შვება ნოღაიდელი, ზოგადად რას ნიშნავს „პროექტი ნოღაიდელი“...

შევეცდები ჩემი მოსაზრებები ჩამოვაყალიბო ამ საკიტხებთან დაკავშირებით.

დავიწყოთ ნოღაიდელის პროექტით. რას ცდილობს პირველ ეტაპზე ამ პროექტით რუსეთი? ჩემი აზრით პირველ ეტაპზე რუსეთის მცდელობა არის მოხდეს ქართული საზოგადოების დემორალიზაცია. მოხდეს საზოგადოებაში არაცნობიერი გახლეჩა და დაიწყოს იმ ღირებულებების რღვევა, რაზედაც საქართველო იყო აწყობილი 2004 წლიდან, ანუ დასავლური კურსის ეჭვქვეშ დაყენება. სწორედ ამას ემსახურება ნოღაიდელის პროექტის პირველი ნაწილი.


თუ დავაკვირდებით ხდება საკითხის ფორსირება. ამაში ვგულისხმობ შემდეგს: შოკური მუხტის ჩაგდება საზოგადოებაში და მისი დაბნევა. როგორ მივედით ამ აზრამდე? როგორც ყველასთვის ცნობილია, ნოღაიდელის დღევანდელი პოლიტიკური დივიდენდები საკმაოდ მწირია. მისი გავლენა საზოგადოებრივ ცხოვრებაზეც არის ძალიან მინიმალისტური. ის არ არის ქარიზმატული ლიდერი. არის დისრედიტირებული პიროვნება. მაშ რატომ მაინცდამაინც ნოღაიდელი?

ნოღაიდელი საჭიროა სწორედ პირველი ეტაპისთვის, რომ მოხდეს კოლექტიური არაცნობიერი გახლეჩა. მოხდეს საზოგადოების დაეჭვება, რამდენად მართალია ის ყველაფერი, რასაც საქართველოს პოლიტიკა დღეს წარმოადგენს, მკვეთრი ანტირუსული კურსი. ამისთვის ნოღაიდელი მშვენიერი არჩევანია. ასევე უნდა ავღნიშნო, რომ ფონიც ამ დაეჭვების შესანიშნავია შექმნილი საქართველოში. ხელისუფლებას საკმაო მოწინააღმდეგეები ჰყავს, რომელთა საკმაოდ სოლიდური ნაწილი სულაც არ იტყოდა უარს რუსეთთან ურთიერთობების აღდგენაზე იმ კუთხით, რა კუთხითაც ამას ნოღაიდელი ცდილობს.


სწორედ ამიტომ დაიწყო ძალიან შოკური ნაბიჯების გადადგმა. ნოღაიდელი პირდაპირ ხვდება პუტინს, ხოლო შემდეგ უკვე „ედინაია როსიასთან“ თანამშრომლობის ხელშეკრულებაც გააფორმა. ვთქვათ ვხდებით პუტინს და გვაქვს კრემლთან კავშირები. რა აუცილებელია რუსეთის მმართველ პარტიასთან ასეთი ჩახუტება? სწორედ იმისთვის, რომ შოკი გამოიწვიოს საზოგადოებაში. ანუ შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის ხელისუფლებას სერიოზული პრ-ი აქვს დაგეგმილი საქართველოს საზოგადოების რუსული ორბიტისკენ მოსატრიალებლად და ეს ხელშეკრულებაც ამ პრ-ის ნაწილია, რომელსაც აუცილებლად ექნება გაგრძელება.

საქართველოს პოლიტიკურ წრეებში სერიოზული დაბნეულობა შეიტანა ნოღაიდელის ამ ნაბიჯმა. ამას ლოგიკური გაგრძელებები უნდა მოჰყვეს. ანუ ნოღაიდელის პირით უნდა გახმოვანდეს რუსული იდეა საქართველოსთან მიმართებაში. ჩემი აზრით ეს იდეა არის სწორედ ნეიტრალიტეტი, რომლის ლობირებაც ნოღაიდელს აქვს დავალებული. სწორედ ეს იდეა უნდა იყოს ის, რასაც მოჰყვება ნოღაიდელისადმი ნდობა საზოგადოებაში თუ პოლიტიკურ წრეებში. ამას ფონად გაჰყვება ექოსავეთ, "შეიძლება დაკარგულ ტერტორიებზეც საუბარი". თუ გავიხსენებთ ნოღაიდელის ინტერვიუს პუტინთან საუბრის შემდეგ, მან თქვა: „ჩვენ უნდა დავიბრუნოთ აფხაზები და ოსები“ და არა ტერიტორიები. ეს მინიშნება იყო იმ გეგმის, რაც ლოგიკურად უნდა იყოს ექოს მაგვარი გამოძახილი ტერიტორიებთან დაკავშირებით.


ანუ პირველი ეტაპი ეს არის შოკის გამოწვევა საზოგადოებაში და დაეჭვება რამდენად გვიღირს დასავლური კურსი და მასთან ინტეგრაცია, ხოლო შემდეგ უნდა მოხდეს ძალიან დამღლელი და საზოგადოების ერთი ნაწილის მაკონსოლიდირებელი ნეიტრალიტეტის იდეის ლობირება.

მაგალითის სახით, თუ დავაკვირდებით იანუკოვიჩის საპროგრამო ჩამონათვალს, ის უკრაინას სწორედ ნეიტრალურ ქვეყნად მოიაზრებს და ასეთი განცხადებაც გააკეთა, თუმცა დღეს განაცხადა, რომ ნატოს საკითხზე ჩატარდება რეფერენდუმი, სადაც რათმაუნდა ნატოს უკრაინაში უარი ეთქმება და უკვე მშვენიერი საფუძველია, რომ უკრაინის ნეიტრალიტეტის ლობირება დაიწყოს ძალიან აქტიურად იანუკოვიჩის გუნდმა.


ვფიქრობ სცენარი ერთნაირია. საქართველოში უკვე ამის ფონიც არსებობს, რომ დაიწყოს დაეჭვება, რამდენად სწორია არჩეული პოლიტიკური კურსი, რომელმაც იმდგაცრუება მოუტანა ქვეყანას და ერთგვარ დეპრესიაში ჩააგდო. არ დაგვეხმარენ, მიგვავდეს, მიგვატოვეს...ვინაიდან არ არის გადალახული მენტალური პრობლემა, რომ რუსეთთან ომი არ შეიძლება. ვის ვეჭიდავებით... არ არის გადალახული და გააზრებული ის საკითხიც, რომ არავინ ისე არ დაგვეხმარება, როგორც ეს ჩვენ წარმოგვიდგენია და პირდაპირ ვიტყვი რომ წარმოგვიდგენია ძალიან მახინჯად, ბოთლი კონიაკის და 40 აქაფქაბებული ხინკლის საფასურად, ან ბუკეტი ვარდის საფასურად, ან, ან, ან...

რაც შეეხება კასტინგს, ნოღაიდელის გარდა ვინ შეიძლება იყოს კიდევ? კასტინგის დედლაინი დაახლოებით 3-4 თვეში დასრულდება. პირველი განაცხადი ბურჯანაძემაც გააკეთა დავოსიდან, რომ ის მზადაა რუსეთთან სასაუბროდ, თუმცა ერთი რამ გაურკვეველია და სწორედ ამას მივაქციეთ განსაკუთრებული ყურადღება. რუსეთი აცხადებს, რომ მისთვის აფხაზეთის და ცხინვალის თემა დახურულია, მაშ რაზე ვესაუბრებით რუსეთს. განა ჩვენთვის არსებობს რუსეთთან განსახილველი სხვა თემა? მე ვფიქრობ ამ ეტაპზე ნამდვილად არა.

მოკლედ პროექტი დაიწყო. დაიწყო ძალიან მიზანმიმართულად და ნურავინ იფიქრებს, რომ ამ ყველაფრის განხორციელება საქართველოში შეუძლებელი იქნება, ვინაიდან ამ პროექტის წარმატების საფუძვლად დაიდება ყოველ გაზაფხულს და ზაფხულს ომის შიში. პერმანენტული დაძაბულობა და ომის ზღვარზე სიარული. მუქარები, განცხადებები, რომ შემოვლენ, რომ შემოგვიტევენ.... ეს საზოგადოებას არაქათს გამოაცლის, დაღლის და ამის ფონზე ნოღაიდელის მშვიდობიანი ნეიტრალიტეტის იდეა იქნება ძალიან მიმზიდველი.


შეიძლება ითქვას უკვე საკითხი დგება გაძლებაზე. ან ჩვენ უნდა დავიღალოთ, ან რუსეთმა უნდა ჩათვალოს, რომ ჩვენი მორჯულება უკვე შეუძლებელია. ამას სჭირდება ძალიან მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა და სერიოზული ალტერნატივის შექმნა. რა შეიძლება იყოს ეს ალტერნატივა? ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარება. მტკიცე ურთიერთობები დასავლეთთან. თანამშრომლობა ნატოსთან, ევროკავშირთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან. მათი რეკომენდაციების შესრულება. თავდაცვისუნარიანობის გაზრდა. განათლების და სასამართლო რეფორმების დაჩქარება და დასრულება. ადამიანებში სამართლიანობის განცდის ამაღლება. ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვა.

სახელმწიფო ინსტიტუციების რეფორმირება და წმენდა. კონსტიტუციის მიღება, რომელიც იქნება პლებისიტით მიღებული და იქნება ძალიან ხისტი კონსტიტუცია, სადაც არ შეეძლება ცვლილებების შეტანა ერთი მოწვევის პარლამენტს. არჩევნების ჩატარება, რომ მასზე არ დარჩეს ეჭვები. ადამიანებმა უნდა იგრძნონ, რომ მათზე ზრუნავენ, რომ არსებობს სახელმწიფო, რომელიც ზრუნავს მასზე. ისეთი გარემოს შექმნა, რომ არ დაემუქროს საფრთხე ქვეყნის კურსს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ხელისუფლებაში სხვა ძალები მოვიდნენ. ამით უნდა მოხდეს იმ საშიშროების განეიტრალება, რომელიც მართლაც ძალიან სერიოზულია. არ იქნება ეს, სერიოზული საფრთხის წინაშე დავდგებით.