Wednesday 28 December 2011

საქართველოს ნატოში ინტეგრაცია და შესაძლო გეოპოლიტიკური ძვრები

2011წ. ნოემბერში, რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ 2008წ. აგვისტოს ომით და რუსეთის მიერ საქართველოში შემოჭრით, რუსეთმა ნატოს გაფართოება შეაჩერა. ეს რომ არ მომხდარიყო ეხლა განსხვავებული გეოპოლიტიკა იქნებოდა და რამდენიმე ქვეყანა ნატოს წევრი იქნებოდა. აღნიშნულ განცხადებაზე ბევრი აზრი გამოითქვა, მაგრამ მე პირადად არ შემხვედრია იმის ანალიზი, თუ რა მოხდებოდა და რას გულისხმობდა ბატონი მედვედევი გეოპოლიტიკური რეალობის შეცვლაში, ან როგორ შეიცვლებოდა ეს გეოპოლიტიკა და როგორ დალაგდებოდა სიტუაცია.

სწორედ ეს საკითხი მინდა განვიხილო წინამდებარე წერილში. ვისაუბროდ იმაზე, თუ რა პოლიტიკურ და ეკონომიკურ ძვრებს გამოიწვევს ნატოს გაფართოება რეგიონში, ასევე საქართველოს ნატოში შესვლა რუსული პოლიტიკისათვის რა საფრთხეს წარმოადგენს. ამის გაანალიზების შედეგად შესაძლოა უფრო გარკვეული და გასაგები იყოს მედვედევის განცხადება, თუ რას გულისხმობდა ის თავის განცხადებაში. ასევე გაცილებით გასაგები გახდება 2008წ. აგვისტოს ომი, რომელიც ისევ დიდი კამათის და ინტერპრეტირების საგანია დღესაც.
რუსეთის პრეზიდენტის გულწრფელ განცხადება მოიცავს სხვადასხვა ასპექტებს. ეს მოიცავს, როგორც ეკონომიკურ, ასევე პოლიტიკურ ასპექტებს. ვფიქრობ საინტერესო იქნება თითოეულის განხილვა ცალცალკე და შემდეგ ერთიანი დასკვნის გაკეთება. დავიწყოთ პოლიტიკური ასპექტით.

საქართველოს ნატოში გაწევრიანება, სრულიად შეცვლის გეოპოლიტიკურ ვითარებას კავკასიის რეგიონში. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთი, რომელიც ერთადერთ გეოპოლიტიკურ მოთამაშედ მოაზრებს თავს კავკასიაში, პრაქტიკულად თავისსწორ გეოპოლიტიკურ სუბიექტს, საქართველოს (რომელიც იქნება ნატოს წარმომადგენელი რეგიონში) მიიღებს. ეს გამოიწვევს, რუსეთის გეოპოლიტიკური როლის შესუსტებას და იმ ბერკეტების განეიტრალებას, რომლითაც ცდილობს ის კავკასიაში სიტუაციის დაჭერას და თავისი პოლიტიკის გატარებას. რა არის ეს ბერკეტები?
შავ ზღვაზე თითქმის ერთპიროვნული კონტროლი.
ოკუპირებულ ტერიტორიები და იქ განთავსებული (აფხაზეთი,ცხინვალის რეგიონი) ბაზები.
ამიერკავკასიის ქვეყნების და განსაკუთრებით სომხეთის სტრატეგიული ურთიერთობები რუსეთთან.
დროში ამიერკავკასიის ქვეყნების აზერბაიჯანი, სომხეთის კონფლიქტი ყარაბაღში.
რაც შეეხება შავ ზღვაზე რუსეთის დომინირებულ არსებობას, საქართველოს ნატოში შესვლა პრაქტიკულად მოშლის 1938წ. მონტროს ხელშეკრულებით დადგენილ რეგულაციებს. საერთაშორისო საზღვაო სამართლით ამ საკითხის დაყენება საქართველოს თავისუფლად შეუძლია. ახალი რეალობა, რაც იქნება საქართველოს ნატოში გაწევრიანება, ნათელს გახდის, რომ მონტროს ხელშეკრულების რეგულაციამ თავისი თავი ამოწურა. შავ ზღვაზე გაჩნდება კიდევ ერთი ნატოს წევრი სახელმწიფო, რომელსაც სრული უფლება ექნება მოითხოვოს ვთქვათ, ნატოს საზღვაო ბაზის განთავსება თავის აკვატორიაში.

ჯაჭვური რეაქციით ეს გადაედება რუსეთის მიერ 20 წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული ბერკეტების, (საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია) განეიტრალებას და ხელს შეუწყობს დეოკუპაციის პროცესს, რომელიც უნდა განხორციელდეს ოკუპაციის აბსურდად ქცევით.
საქართველოს ნატოში ინტეგრაცია პრაქტიკულად აბსურდად აქცევს რუსეთის მიერ ამ ტერიტორიების ოკუპაციის მიზანშეწონილობას. გეოპოლიტიკური რეალიების შეცვლაა ერთადერთი საშუალება, რომ მოხდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ინტეგრაციის პროცესის დაწყება საქართველოს შემადგენლობაში. ასეთი გეოპოლიტიკური ცვლილება შესაძლოა იყოს მხოლოდ საქართველოს ნატოში ინტეგრაცია, რაც რუსეთის დომინირებულ გეოპოლიტიკას შეცვლის რეგიონში. შესაბამისად ის ბერკეტები, რომელიც რუსეთმა 2008წ. გამოიყენა ამ ტერიტორიების სრული ოკუპაციით, აზრს კარგავს, აბსურდი ხდება. სწორედ ამის შემდეგ ჩნდება საშუალება რომ დავიწყოთ ინტეგრაციული პროცესები აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან.

გეოპოლიტიკური რეალიების შეცვლის გარეშე, რუსეთთან ვერც ურთიერთობის დალაგება მოხერხდება და ვერც ოკუპირებულ ტერიტორიებთან რეალური ინტეგრაციული პროცესი. ეს იქნება კვლავ თავის მოტყუება, რაც 11 წლის მანძილზე გრძელდებოდა 2003 წლამდე ე. შევარდნაძის დროს. სწორედ ამ გეოპოლიტიკური რეალობის შეცვლას გულისხმობდა რუსეთის პრეზიდენტი თავის განცხადებაში.

აქვე უნდა ავღნიშნო, რომ რუსეთის სამართლებრივი რეჟიმი ოკუპირებულ ტერიტორიებზე ძალიან მყიფეა, ვინაიდან არაღიარების პოლიტიკამ და ოკუპირებული ტერიტორიების სამართლებრივმა ინტეგრაციამ საერთაშორისო ორგანიზაციებში რუსეთის შანსები, რომ როგორმე მოახდენა ამ ტერიტორიების საერთაშორისო აღიარება პრაქტიკულად ნულს გაუტოლა. საქართველოს ნატოში ინტეგრაცია კი, სრულიად აბსურდად აქცევს რუსეთის 2008წ. ოკუპაციას, ისევე როგორც ერთ დროს აბსურდად იქცა სსრკ-ს მიერ ავღანეთის და აღმოსავლეთ ევროპის ოკუპაცია. ესეც გეოპოლიტიკური რეალიების შეცვლის შედეგად განხორციელდა 80-იანი წლების ბოლოს და 90 იანი წლების დასაწყისში.

საქართველოს ნატოში ინტეგრაცია ბიძგს მისცემს ამიერკავკასიის ქვეყნებს, სომხეთს და აზერბაიჯანს უფრო მჭიდრო ინტეგრაცია დაიწყონ ნატოსთან შემდგომში მათი სრული გაწევრიანებით ბლოკში. ასევე გაანეიტრალონ რუსეთის ფაქტორი ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით და შუამავლად გაცილებით ობიექტური მხარეები ჩართონ, რაც ამ კონფლიქტის დასრულებას საბოლოოდ შეძლებს, რომელიც რუსეთმა მოახვია თავს ორივე მხარეს, ისარგებლეს რა ამ ქვეყნების პოლიტიკური უმწიფარობით 90-იან წლებში. ჯაჭვური რეაქციით უნდა გაძლიერდეს ამ ქვეყნების დაახლოება და შემდეგ სრული ინტეგრაცია ევროკავშირთან. რაც რუსეთის გეოპოლიტიკის სრული კრახი გახდება კავკასიაში. აი ამას ებრძოდა რუსეთის ფედერაცია 2008წ. აგვისტოში. ამასვე გულისხმობდა ბატონი მედვედევი როდესაც ამბობდა რომ არა ომი, გეოპოლიტიკური რეალობები შეიცვლებოდაო და ეს რუსეთისთვის ძალიან ცუდი იქნებოდაო.

გარდა პოლიტიკური ასპექტისა, საქართველოს ნატოში ინტეგრაცია გამოიწვევს საკმაოდ უკუეფქტს რუსეთის ეკონომიკური სიტუაციისათვის. გაცილებით თამამი გახდება ევროკავშირი ალტერნატიული ენერგომომარაგების კუთხით და კასპიის ენერგო რესურსების ათვისების შესაძლებლობებით. რამაც შესაძლოა გამოიწვიოს პოსტსაბჭოთა შუა აზიაში (თურქმენეთი, ყზბეკეთი, ყაზახეთი) ნავთობისა და გაზის ექსპორტის მიმართულების (რომელიც ამჟამად საკმაოდ იაფად რუსეთის გავლით გადის ევროპაში) შეცვლა ტრანსკავკასიური მიმართულებით და შესაბამისად ევროპული სახელმწიფოებიდან გაცილებით დიდი თანხების მიღება, ხოლო ევროპაში კი გაზზე რუსული მონოპოლიური ფასის დაწევა და კონკურენციის გაჩენა, რაც რუსეთის ინტერესებზე, რომლის ბიუჯეტის ძირითადი შევსების წყარო გაზის და ნავთობის რეალიზაციაა ძალიან ცუდად იმოქმედებს.

კავკასიაში გავლენის დაკარგვა გარკვეულწილად აამაღლებს პოსტსაბჭოთა შუააზიის ქვეყნების დამოუკიდებლობის ხარისხს, რაც რუსეთის ინტერესებში ნადვილად არ შედის, ვინაიდან რუსეთს, დღემდე საკმაო გავლენა აქვს ამ ქვეყნებზე. თავის მხრივ დროში ეს გამოიწვევს რუსეთის ეკონომიკური (გაზისა და ნავთობის რეალიზაციის) ინფრასტრუქტურის ძირეულ ცვლილებას და დიდ დანახარჯებს. რუსეთის ეკონომიკისთვის და ზოგადად ქვეყნის არსებობისათვის კი ეს კატასტროფის ტოლფასი იქნება.

იმ პატარა განცხადებაში, რომელიც პრეზიდენტმა მედვედევმა გააჟღერა, ჩატეულია ძალიან დიდი კონტექსტი. ხოლო საქართველოს საკითხი და საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაცია მოიცავს ძალიან დიდ თემებს. შესაბამისად რუსეთის გაბედულება, დაეწყო 2008წ. აგვისტოს აგრესია სრულიად გასაგებ ლოგიკურ ჩარჩოში ჯდება.
რაც შეეხება რუსეთთან სიტუაციის დალაგებას, რომელიც დღეს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში მოდაშიც კი შემოვიდა, მოიცავს მთელი ამ საკითხების, რაზედაც ზემოთ ვისაუბრეთ გადაწყობას და გადალაგებას. არ მგონია დღეს ბუნებაში არსებობდეს ისეთი პოლიტიკოსი, რომელიც რუსეთს ამ ყოველივეს ნებით გააკეთებინებს. ამიტომ დროა დასრულდეს პოლიტიკური სპეკულაციები ამ თემებზე და უფრო რეალურ პოლიტიკურ საკითხებზე წარიმართოს მსჯელობაც და სტრატეგიული სწორებაც, ვინაიდან საქართველოს შანსი, გახდეს საერთაშორისო გეოპოლიტიკის ქმედითი წევრი, სამწუხაროდ რუსეთთან საკმაოდ მტკივნეულ წერტილშია გადაკვეთილი.

ირაკლი მარგველაშვილი
27.12.2011წ.