Friday 18 September 2009

ობამას 2009წ. 17 სექტემბრის გადაწყვეტილება, ახალი საჭადრაკო დაფა

2009წ. 17 სექტემბრის ობამას განცხადება შეიძლება ითქვას შოკისმომგვრელი იყო აღმოსავლეთ ევროპისთვის. უამრავი მასალების წაკითხვის შემდეგ მივედი დასკვნამდე, რომ ჯერჯერობით საკითხის შესწავლა მიმდინარეობს და მხოლოდ მოსაზრებები გამოითქვა, თუმცა ყველა მოსაზრება ძალიან ფრთხილია და პირველად შეფასების ხასიათს ატარებს. აქვე ავღნიშნავ, რომ ეს გადაწყვეტილება ვერ იქნება ერთნაირი ყველა სახელმწიფოსთვის. შეფასებებიც სხვადასხვა იქნება. საკითხის გასაანალიზებლად ვფიქრობ უმჯობესი იქნება დავიწყოთ იმით თუ რა გეოპოლიტიკური განლაგება არსებობდა ამ გადაწყვეტილებამდე, ვინაიდან გაცილებით ნათელი გახდება თუ რა გეოპოლიტიკური განლაგება შეიძლება მივიღოთ ამის შემდეგ.

ამერიკის წინა ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება ანტისარაკეტო რადარების განთავსებაზე ჩეხეთსა და პოლონეთში, რომელიც 2008წ. სექტემბერში რუსეთის მიერ საქართველოს თავდასხმის შემდეგ გაფორმდა. აღნიშნული ანტისარაკეტო კომპლექსების განთავსებას საფუძვლად დაედო ირანის შესაძლო აგრესია ევროპაზე, რაზედაც რუსეთმა საშინელი რეაქციები გამოამჟღავნა და ითხოვდა ამ ხელშეკრულების გაუქმებას.

თუ ამ ხელშეკრულების გაფორმების ფონს გავითვალისწინებთ, ეს ხელშეკრულებები ირანისგან კი არ იცავდა ევროპას, არამედ რუსეთისგან. რუსეთის რეაქციები სიგნალი გახდა აღმოსავლეთ ევროპისთვის შემდგომი აგრესიის, ხოლო დასავლეთ ევროპამ (საფრანგეთ-გერმანია) სამხედრო თანამშრომლობაზეც კი წავიდნენ რუსებთან. საფრანგეთთან ავიამზიდის შესყიდვა იგეგმება რუსების მხრიდან, ხოლო გერმანიაში წყალქვეშა გემების, შავი ზღვისთვის. რაც რათქმაუნდა ამერიკისთვის საგანგაშო ინფორმაცია იყო და მას უნდა მიეღო გადაწყვეტილება. მიიღო კიდევაც, რასაც ქვემოთ განვიხილავთ.

2008წ, ნოემბერში რუსებმა განაცხადეს, რომ ისინი ”ისკანდერებს” დააყენებდნენ კალინინგრადში (ყოფ. კენისგბერგი). რაზედაც ამერიკის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ რუსები ამას ვერ შეძლებდნენ მარტივი მიზეზით: მათ საკმარისი რაოდენობით ”ისკანდერები” არ გააჩნდათ. მართალიც აღმოჩნდა, რუსებმა ეს გადაწყვეტილება ერთ თვეში უარყვეს.

რა გეოპოლიტიკური განლაგება იყო ამ გადაწყვეტილებამდე?

1. რუსების მიერ აგვისტოს ომი და განაცხადი მრავლპოლუსიან მსოფლიოზე, რაშიც შედიოდა პოსტსაბჭოთა სივრცე. ამას დამატებული გაზის მონოპოლიური მიწოდება ევროპისთვის.
2. რუსეთის განსაკუთრებული გაღიზიანება საქართველო-უკრაინის ნატოში გაერთანებაზე.
3. ევროპაში საფრანგეთ-გერმანია-იტალიის ალიანსის გამოკვეთა და მათი მხარდაჭერა რუსეთისათვის საქართველო უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმის შესახებ.
4. აღმოსავლეთ ევროპის პოლონეთი-ჩეხეთი-ბალტიისპირეთი მკვეთრი ანტირუსული პოლიტიკა.
5. რუსების მიერ ირანისათვის ატომური პროგრამის შეთავაზება/განხორციელება, რაც ემსახურებოდა რუსების მიერ ამერიკული სტრატეგიული პარტნიორების და ამერიკის წინააღმდეგ მიმართულ აქციას, რასაც უნდა მოჰყოლოდა ამერიკის დაყოლიება პოსტსაბჭოთა სივრცეზე მისი სუვერენობის ცნობის საკითხებზე.

თუ დავაკვირდებით ამერიკის პოლიტიკას ის მიმართული იყო რამდენიმე მიმართულებით:

1. საქართველო-უკრაინისათვის ნატოში შესვლის მხქარდაჭერა, რაზედაც ევროპული ალიანსი (საფრანგეთი-გერმანია-იტალია) ვერ დაიყოლიეს.
2. გაზის დივერსიფიკაცია, რაზედაც დაიყოლიეს ალიანსი, მაგრამ ძირითადი მხარდაჭერა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მოიპოვეს.
3. ანტისარაკეტო კომპლექსების განთავსების ხელშეკრულება პოლონეთთან და ჩეხეთთან.
4. კავკასიაში ახალი ომის საფრთხის თავიდან აცილება 2009წ. ზაფხულში.
5. ირანზე ზეწოლის განხორციელება, რომელშიც რუსეთის დახმარება ძალიან სჭირდებოდათ.
6. საქართველოს საკითხზე რუსეთთან ვაჭრობის აკრძალვა, რაზედაც განცხადებები ობამამ მოსკოვში და ბაიდენმა თბილისში გააკეთეს.

პრაქტიკულად რუსეთმა ვერ მოახერხა ამერიკის დაყოლიება პოსტსაბჭოთა სივრცეზე მისი სუვერენობის ცნობის საკითხში და თემა პრაქტიკულად დახურული იყო. მან ყველა მიმართულებით იმუშავა ევროპული ალიანსის (საფრანგეთი-გერმანია-იტალია) მეშვეობით.

რუსეთმა მიაღწია დროებით წარმატებას საქართველო-უკრაინის საკითხში, მაგრამ საკითხი აშკარად ვერ დაასრულა და თემაც დაუხურეს. შესაბამისად რუსეთმა ამერიკაზე ზეწოლის თვალსაზრისით გააქტიურა ირანის საკითხი და განაცხადა, რომ ირანს მიაწვდიდა რაკეტებს, ხოლო ირანი თავისთავად აცხადებდა, რომ ისრაელი არის მისი მტერი და კაცობრიობის მტერი, რამაც გამოიწვია ნეთანიაჰუს კონფიდენციალური ვიზიტი მოსკოვში, რისი შედეგებიც არ ვიცით. თუმცა თემა აშკარად ირანის საკითხი იყო.

რა ამოცანა იდგა ამერიკის ადმინისტრაციისათვის გადასაწყვეტად?

1. მოეხდინა რუსეთის და ევროპული ალიანსის ზურგს უკან მოლაპარაკებების ჩაშლა.
2. დაეწყო ირანზე სერიოზული ზეწოლა და შეეზღუდა რუსეთი ამ საკითხში.
3. მოეხდინა ისეთი გადაწყვეტილების მიღება, რომელიც მის სტრატეგიულ პარტნიორებს დაიცავდა ირან-რუსეთის კოალიციისგან და არ აიძულებდა ამერიკის ახალ პარტნიორებს საქართველო-უკრაინას ამ საფრთხისგან თავდასაცავად ისევ რუსეთისთვის მიემართათ, ასევე სხვა საბჭოთა ქვეყნებს.

პრაქტიკულად უნდა ითქვას რომ 2009წ. 17 სექტემბრის გადაწყვეტილება ამერიკის ადმინისტრაციის ძალიან გაწონასწორებული და სწორად აქცენტირებულია.

დროში ამერიკა შეძლებს ევროკავშირში მოახდინოს შიდა დაპირისპირება აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპას შორის. ანუ განახორციელებს ზეწოლას დასავლეთ ევროპის ალიანსზე აღმოსავლეთ ევროპის მონაწილეობით, რაც სავარაუდოდ შეასუსტებს დასავლეთ ევროპის და რუსეთის ურთიერთობებს.

მიუახლოვდება ირანს და მოახდენს ზეწოლას ირან-რუსეთის ურთიერთობებზე გაცილებით მძლავრად, ვიდრე ამას აღმოსავლეთ ევროპის ანტისარაკეტო სისტემებით შეძლებდა.

მოახდენს მისი ახალი პარტნიორების კავკასია-უკრაინის უსაფრთხოების ზოლში მოქცევას.

არ დაუშვებს საკუთარი უსაფრთხოების სისტემის ქვეშ დასავლეთ ევროპის ორმაგ თამაშს რუსეთთან.

ხმელთაშუა ზღვიდან მოახდენს აღმოსავლეთ ევროპის დაცვას რუსეთის აგრესიიდან, რასაც დროში უნდა მოჰყვეს შავი ზღვის ათვისებაც, ვინაიდან რუსეთის გავლენა აღმოსავლეთ ევროპაზე სწორედ შავი ზღვით ხორციელდება და ფლოტის განახლების გადაწყვეტილებაც იმას მოასწავებს, რომ შავი ზღვას ალბათ გადამწყვეტი მნიშვნელობა მიენიჭება კავკასიის საკითხში და ზოგადად ახალი გეოპოლიტიკური წესრიგის დასამყარებლად. ტერიტორიული მთლიანობის გადაწყვეტის გასაღებიც სწორედ შავ ზღვაში დევს.

რუს ექსპერტთა განცხადებების წაკითხვის შემდეგ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ მათი სიხარული გამოიწვია რუსეთის შანსმა, რომ ირანის ასეთი გააქტიურების გამო მათ მიეცათ შანსი ისევ გახსნან კავკასიასა და პოსტსაბჭოთა სივრცეზე დაკეტილი თემა. თუმცა არამგონია ძალიან სიამოვნებდეთ სამხრეთში ამერიკული ანტისარაკეტო დანადგარების და ამერიკის ფლოტის მოახლოება, თუმცა თემის განახლებაც მათთვის შეიძლება ჩაითვალოს რაღაც პერსპექტივად, რაზედაც როგოზინმა ყველაზე სწორი განცხადება გააკეთა, რომ ბავშვივით სიხარული ამ გადაწყვეტილებაზე ძალიან გადამეტებულია. ძალიან რთული და პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება რუსეთმა ამერიკა კავკასიაში კარტბლანშისთვის დაითანხმოს. პრაქტიკულად რუსეთის მთელი გათვლა სწორედ კავკასია-უკრაინაზე აქვს გაკეთებული და ყველა ზომა რაც მათ მიიღეს ირანის საკითხით სწორედ პოსტსაბჭოთა სივრცეზე მათი სუვერენული უფლების მოსაპოვებლად გააკეთეს.

რუსეთს სჭირდებოდა დახურული თემის გააქტიურება კვლავ, ვინაიდან ერთი წლის განმავლობაში მისი საერთაშორისო იმიჯი ძალიან შეილახა და მისი აღდგენა ჰაერივით საჭიროა რუსეთისთვის. ვფიქრობ ამერიკამ ძალიან პერსპექტიული გადაწყვეტილება მიიღო, რაზედაც რუსეთის რეაქციები დროში ძალიან მკაცრი გახდება. რუსული გათვლა ძალიან მოკლე პერსპექტივას მოიცავდა და სერიოზული რისკის შემცველი იყო, ერთის მხრივ ირანის საკითხის სწრაფად გადასაწყვეტად, სადაც მას გაუჭირდება ამ საკითხის განვითარება, ამერიკის სამხრეთში გადანაცვლების გამო, ასევე ევროპაშიც არასახარბიელო სიტუაცია შეექმნება აღმოსავლეთ ევროპის და დასავლეთ ევროპის დაძაბულობის ფონზე. მოვლენების განვითარების შემდეგ გაცილებით მკაფიო სურათი გამოჩნდება, ფაქტია, რომ ამერიკამ საჭადრაკო დაფაზე ახალი თამაში დაიწყო მისი გეგმის განსახორციელებლად.

18.09.09.