Saturday, 22 August 2015

საქართველოს და უკრაინის ერთიანი თემა



ადამიანებს სჩვევიათ ერთიდაიგივე შეცდომის დაშვება. უბრალოდ მიკვირს ხოლმე, რატომ არ იყო 2008წ. აგვისტოს ომი დასავლეთისთვის ის სიგნალი, რომ რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესები მხოლოდ საქართველოთი არ შემოიფარგლებოდა? რა ლოგიკა იყო იმაში, რომ რუსეთის ასეთი მასშტაბის აგრესია დარჩა პრაქტიკულად ხელუხლებელი, ყოველგვარი სანქცირების გარეშე. პირიქით, ამ ომის შემდეგ მოხდა რუსეთის წახალისება, ე.წ. გადატვირთვის პოლიტიკა, ხოლო საქართველო მოექცა სამხედრო ემბარგოს ქვეშ. პრაქტიკულად დასავლეთი დაჰყვა რუსეთის ნებას, რომ საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესი შეჩერებულიყო და თუ რაიმე წარმატება გვქონდა ამ წლების მანძილზე, ეს იყო საქართველოს ყოფილი ხელისუფლების დაჟინებული ქმედებების შედეგი. ხოლო 2008წ. ამხელა ომი, რომელიც სწორედ გეოპოლიტიკური ხასიათის იყო, დავიდა იმის მტკიცებაზე, ვინ დაიწყო ომი, ვინ ისროლა პირველად, შეიძლებოდა თუ არა ამ ომის თავიდან აცილება. ეს საკითხები იყო სწორედ ის, რაც რიტორიკულად რუსეთს აწყობდა. რუსეთმა ეს თემები ამუშავა როგორც დასავლეთში, ასევე ამუშავა საქართველოს შიდა პოლიტიკურ ველზე. მთელი ქართული მაშნდელი პოლიტიკური სპექტრი, მხოლოდ ამ თემებზე დაობდა და არავინ აქცევდა ყურადღებას, ამ ომის საერთაშორისო გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას, რუსეთის მიზნებს და მომავალ ამოცანებს.

ამ ომის თემის ასეთი დანაწევრება ასვე აწყობდა დასავლეთს, ვინაიდან არც შეიმჩნიეს, რომ ეს იყო ომი იმ საქართველოსთან, რომელსაც რუსეთი უკრძალავდა ნატოში ინეგრაციას. ეს ომი არ იქნა აღქმული ნიშნად, რომ ხვალ პუტინის გეოპოლიტიკური ინტერესები გასცდებოდა საქართველოს და მესიჯი, რომ "რუსეთი თავის საზღვრებთან არ დაუშვებდა ნატოს მოახლოვებას", არ ეხებოდა მხოლოდ საქართველოს. ეხებოდა უკრაინას, ეხებოდა იმ სამ ქვეყანას, რომელთაც რუსეთთან აქვთ საზღვარი და არიან ნატოს წევრები, ბალტიისპირეთს. ამას მოჰყვა უკრაინა, როდესაც დასავლეთმა უკრაინის მიმართულება სრულად ჩააბარა რუსეთს. ჩააბარა მის ემისარს იანუკოვიჩს, რომელმაც იმდენად დააუძურა ეს უძლიერესი ქვეყანა, რომ დღეს მას არ აქვს შესაძლებლობები გაუმკლავდეს რუსულ აგრესიას. არ ჰყავს არმია, არ ჰყავს სასაზღვრო ძალები, არ აქვს სახელმწიფოს ის ნიშნები, რომელიც შეძლებს გაუმკლავდეს გამოწვევებს. უკრაინის საკითხში დასავლეთის ასეთი გულგრილობა, ვფიქრობთ ევროკავშირის წამყვანი სახელმწიფოების ერთგვარი შიშთაცაა გამოწვეული. უკრაინა ევროკავშირში, მტკიცე, ძლიერი აწყობილი სახელმწიფო მანქანით, საოცარი შრომისმოყვარეობით და დიდი ეკონომიკური შესაძლებლობებით, ნამდვილად შეცვლის ევროკავშირის პოლიტიკურ სურათს. დადგება მომენტი, როდესაც აღმოსავლეთ ევროპა უკრაინასთან ერთად პოლიტიკური წონით ნამდვლად გაუთანაბრდება ძველ ევროპას. ეს კი საკმაოდ საშიში საკითხია, მითუმეტეს, როდესაც მიიჩნევა, რომ აღმოსავლეთ ევროპა აშშ მხარდაწერით სარგებლობს. მიტომ არაა გამორიცხული, საკმაოდ შეფარვით ძველი ევროპა რუსეთთან წავიდეს დამობაზე უკრაინის ფედერალიზაციის საკითხში, რათა უკრაინის გაძლიერების საპირწონედ რუსეთს აღმოსავლეთ უკრაინაში დარჩეს ბერკეტები დესტაბილიზაციისათვის, მითუმეტეს რუსეთის ძირითადი ენერგომონოპოლია სწორედ უკრაინაზე გადის. სწორედ ესაა მიზანი, რომ რუსეთს სურს პირდაპირი სამხედრო კონტინენტური გზა ყირიმზე, რათა იქ შექმნას უძიერესი სამხედრო ბაზა, რაც ასევე აღმოსავლეთ ევროპაზე მოახდენს გავლენას.

ამ ყველაფრის ნიშნები ნამდვილად სჩანს. უნდა ითქვას, რომ რუსეთი გააძლიერებს ზეწოლას ევროკავშირზე, რომ მოხდეს ევროკავშირის ძველი და ახალი ევროპის ძალთა დაპირისპირება და ძველმა ევროპამ მოახდინოს რუსეთის ხელით აღმოსავლეთ ევროპაზე მანიპულირება. ამის საპირწონე ნაბიჯი იყო აშშ მიერ ბალტიისპირეთის ქვეყნებში სამხედრო კონტიგენტის ზრდა და თავდაცვისუნარიანობის ამაღლება, ასევე საავიაციო გაძლიერება. თუ გავიხსენებთ 2008წ. ომის შემდეგ, როდესაც საუბარი იყო რუსეთის მიმართ სანქციებზე, სწორედ ევროკავშირის წამყვანმა სახელმწიფოებმა დაიწყეს იმის მტკიცება, რომ რუსეთი უნდა გადააკეთონ და აქციონ თავისიანად. აშშ-იც დაყვა ამ ნებას და დაიწყო ე.წ. "გადატვირთვის პოლიტიკა", რაც პუტინის მიერ აღქმული იქნა იმად, რომ დასავლეთმა თითქოს ცნო მისი ინტერესები პოსტსაბჭოთა სივცეში. რუსეთი ვერაფრით გაბედავდა უკრაინაში ასეთ დიდ სამხედრო ოპერაციას, რომ 2008წ. მისთვის დაეწესებინათ შესაბამისი სანქციები, რაც მას აიძულებდა უკან დაეხია საქართველოში. შესაბამისად ის შემდეგ უკან დაიხევდა უკრაინაშიც, მაგრამ პრაქტიკულად დასავლეთმა სრული უმქმედობის გამოჩენით, უბიძგა რუსეთს ახალი დანაშაულებრივი ქმედებებისაკენ.

დღეს, ვფიქრობთ დასავლეთი მიხვდა, რომ პუტინი არ ხუმრობს, რომ მის მიმართ არ შეიძლება დათმობის პოლიტიკის წარმოება, მაგრამ სრულიად გაუგებარია ერთი რამ, პირობა, რომ თუ რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინიდან გაიყვანს ჯარებს სანქციები აღარ იქნება, მაშ ყირიმი? მისი ანექსია არ არის ამ სამხედრო თემის ნაწილი? რატომ ხდება ამ თემის კვლავ დანაწევრება, როგორც ეს მოხდა  2008 წელს, რდესაც რუსეთის ამხელა გეოპოლიტიკური მისწრაფებები "შეუმჩნეველი" დარჩა და დავიდა უაზრო რიტორიკამდე ვინ დაიწყო ომი? ეს კიდევ ერთი დიდი შეცდომაა, ვინაიდან სწორედ რუსეთის პოლიტიკაა თემის დანაწევრების პოლიტიკა, მაგალითად ყირიმი სხვა თემაა რუსეთისთვის, დონბასი და ლუგანსკი სხვა თემა, ამას ხელს უწყობს დასავლეთი, ვინაიდან სანქციები რუსეთს უნდა მიენიჭოს მთლიანად უკრაინაში წარმოებული პოლიტიკისათვის და უკრაინის ხელისუფლებამ არ უნდა დაუშვას ამ თემის გახლეჩვა.

იმ შემთხვევაში, თუ დასავლეთი არ განიხილავს ერთიან კონტექსტში უკრაინაში რუსეთის პოლიტიკას, ამით ის დაანგრევს მსოფლიო სამართლებრივ წესრიგს. ამ წესრიგში საქართველოც შედის და არ შეიძლება საქართველოს თემის და უკრაინის თემის გაყოფა. ორივე სახელმწიფომ უნდა აიძულოს დასავლეთი, რომ მათ მკაცრი პოლიტიკა აწარმოონ რუსეთის წინააღმდეგ, თორემ დასავლეთი შეეცდება არ დაკარგოს ლინკები რუსეთთან, რომელიც მრავლად გაანია. საქართველოს ხელისუფლება უშვებს დიდ შეცდომებს საგარეო პოლიტიკაში, რომ ჩვენს თემას არ აბამს უკრაინის თემას. უკრაინის და საქართველოს ერთ თემად წარმოჩინება მნიშვნელოვანია, ვინაიდან რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების მოქმედების არიალში მოხდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები. თუ ეს ნაქციები გამოიღებს შედეგს, ეს შედეგი უნდა დადგეს ჩვენთვისაც, ანუ თუ რუსეთი უკან დაიხევს უკრაინაში, მან უკან დაიხიოს საქართველოშიც. სწორედ ამას ემსახურება ჩვენი და უკრაინის პრობლემების ერთიანობის საკითხი. ამიტომ რაც უფრო დისტანცირება მოხდება უკრაინის თემისგან, მით უფრო დისტანცირებული გახდება საქართველო დასავლეთისგან, რაც მხოლოდ დაგვასუსტებს.

რუსული თამაში, მითი და რეალობა



რაც უფრო ახლოვდება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა, შინაგანად იგრძნობა, რომ ქვეყანაში სიტუაცია იძაბება. 2014წ. 27 ივნისს საქართველო ევროკავშირთან ასოცირებს ხელშეკრულებას მოაწერს  ხელს. ეს ცნობილი გახდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ ჰერმან ვან რომპეისთან პრემიერ -მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრის შემდეგ. ვფიქრობთ, ეს არის საქართველოს ისტორიაში ერთერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი, რომელმაც სრულიად უნდა შეცვალოს საქართველოს უახლესი ისტორია. ფაქტია, რომ საქართველო განსაკუთრებული დაკვირვების ფაზაში იმყოფება ევროკავშირის სახელმწიფოების მხრიდან. ამავე კონტექსტში 2014 წლის 13 მაისს საქართველოს სტუმრობდა საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი კავკასიური ტურნეს ფარგლებში. ერთის მხრივ ის, რომ ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა უმნიშვნელოვანესი გეოპოლიტიკური აქტია ჩვენს უახლეს ისტორიაში, ამასთანავე ის არის საფრთხის შემცველი იმ მაგალითის გათვალისწინებით, რომელიც მიმდინარეობს, როგორც საქართველოს შიდა სივრცეში, ასევე უკრაინაში. შესაბამისად საქართველოს უსაფრთხოების რისკები ძალიან იზრდება, და ეს არ არისმხოლოდ საგარეო რისკები. ეს მოიცავს საშინაო რისკებსაც, რომელზეც ქვემოთ ვისაუბრებთ.

საგარეო  რისკების შესახებ ჯერ რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა და შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ღია ტექსტით ისაუბრეს. შინაარსი ერთი იყო. რუსეთი არ შეეგუება საქართველოს და უკრაინის ნატოში ინტეგრციას. სერგეი ლავრვოვი: „ საქართველოს ან უკრაინის ნატოს ნაწილად ქცევა - ეს რუსეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის  კრიტიკულ საფრთხეს წარმოადგენს და ეს არის ის, რასაც რუსეთი უბრალოდ არ მიიღებს. მცდელობა, უკრაინა შეიყვანონ ნატო–ში, ევროპული უსაფრთხოების მთელი სისტემისთვის იქნება ნეგატიური და ჩვენ კატეგორიული წინააღმდეგი ვართ ამის. ხოლო საქართველოს ნატო-ს ნაწილად ქცევა რუსეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს“. ვლადიმერ პუტინი:  „ჩვენს საზღვრებთან ნატო–ს ჯარებს ვერ ავიტანთ ვერც უკრაინის და ვერცნებისმიერი სხვა მოსაზღვრე სახელმწიფოს მხრიდან“. ეს განცხადებები მოასწავებენ სწორედ იმას, რომ საქართველოს წინაშე ძალიან დიდი გამოწვევები დგას. მიუხედვად ამისა, საქართველო იძულებულია იაროს ევროპული ოჯახისაკენ, თუმცა წინ ძალიან ბევრი მარცხია ჩასაფრებული.
საგარეო საფრთხეების პრევენციას ემსახურებოდა  საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადება, რომლითაც ნატოს სთხოვა თავდაცვითი შეიარაღების განთავსება საქართველოს ტერიტორიაზე, უსაფრთხოების რისკების გაზრდასთან დაკავშირებით, რაზედაც მივიღეთ დაპირება, რომ ამ საკითხს განიხილავენ ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში.

როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ირაკლი ალასანიამ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების კრიტიკა დაიმსახურა, რომ მან იჩქარა ამ განცხადების გაკეთება. აღნიშნული განცხადება გააკეთა პარლამენტის ვიცესპიკერმა მანანა კობახიძემ, ხოლო უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა განაცხადა, რომ ეს საკითხები უნდა შეთანხმებულიყო საქართველოს პრეზიდენტთან. სრულიად გაუგებარია, რატომ უნდა მოუწიოს საქართველოს თავდაცვის მინისტრს თავის მართლება იმასთან დაკავშირებით, რომ ის ზრდის საქართველოს უსაფრთხოებას და ნატო განიხილავს საქართველოში მაღალი დონის თავდაცვითი შეიარაღების განთავსებას, მაშინ როდესაც საქართველოს გააჩია ოკუპირებული ტერიტორიები და დედაქალაქიდან ოკუპანტი სახელმწიფოს სამხედრო ძალები რამდენიმე ათეული კილომეტრში არიან განლაგებული, მითუმეტეს, როდესაც სახეზეა რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული უპრეცენდეტო ძალადობის აქციები სამხრეთ აღმოსავლეთ რეგიონებში.

ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, რომ საქართველოს ხელისუფლება გულგრილად ეკიდება საგარეო უსაფრთხოების საკითხებს. ფაქტია, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ჩაერთო საერთო გლობალურ კამპანიაში, რომელმაც დაგმო რუსეთის ქმედებები უკრაინაში და ჩამოაყალიბა ერთიანი გლობალური მიდგომა რუსეთის აგრესიის მიმართ. ამის მიუხედავად, პარაღაში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ხუთი წლისთავისადმი მიძღვნილ სამიტში საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დასავლეთს მოუწოდა რუსეთთან რაციონალური დიალოგისკენ და არა გარიყვის პოლიტიკისკენ. ესეც სრულიად კონტექსტიდან ამოვარდნილი რიტორიკა იყო იმ მოცემულობაში, როდესაც დასავლეთის სახელმწიფოების სანქციები რუსეთის წინააღმდეგ უკვე მესამე სტადიაზეა და კიდევ არის მოსალოდნელი ამ სანქციების გამკაცრება. ჩვენს პრეზიდენტს დაავიწყდა, რომ 2008წ. აგვისტოს ომის შემდეგ დასავლეთმა სწორედ რუსეთთან დიალოგი არჩია გარიყვის პოლიტიკას, რის გამოც უკრაინაში მოხდა ყირიმის ოკუპაცია და ქვეყანა არის გახლეჩვის საფრთხის წინაშე.

როდესაც საგარეო რისკებზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ პუტინი მოქმედებს ნელი ომის პრინციპით უკრაინაში. მან იქ არ შეიყვანა რეგულარული არმია, მაგრამ ეყრდნობა კარგად ორგანიზებულ გრუს სპეცრაზმებსა და სეპარატისტთა ძალებს. ასეთი ქმედება მან აფხაზეთში 1989წ. 16 ივნისს მოაწყო, როდესაც 16 ადამიანი დაიღუპა და 400 დაშავდა, რასაც შემდეგ აფხაზეთში ფართომასშტაბიანი ომი მოჰყვა, რომელიც აფხაზეთის ოკუპაციით დასრულდა, თუმცა რუსეთის რეგულარული არმია არც ამ ომში გამოჩენილა. ამიტომ სულაც არა გამორიცხული, რომ უკრაინაში კონფლიქტი მიანავლოს და სხვა მიმართულებით მოახდინოს ახალი კონფლიქტის გაჩაღება და ეს შესაძლოა საქართველოც იყოს. შესაბამისად საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოქმედება სრულიად გამართლებულია, განსხვავებით შსს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძისგან, რომელიც რუსეთიდან მომლოდინე საფრთხეს ვერ ხედავს. უცნაურია, რომ  ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, ვერ იგებენ ირაკლი ალასანიას შიშებს, საგარეო საფრთხეებთან დაკავშირებით. ეს შიშები ძალიან რეალურია მითუმეტეს მაშინ, როდესაც ხელმოწერის თარიღი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ცნობილია და ეს კარგად დავიმახსოვროთ, ვინაიდან საქართველოს შიდა სივრცეში მეტად უცნაური მოვლენები ხდება, რომელიც ვფიქრობთ საგარეო რისკებთან ერთ სივრცეშია ჩართულიც და ერთ კონტექსტში უნდა მოვიაზროთ, რაზედაც ქვემოთ ვისაუბრებთ.

რაც შეეხება შიდა პოლიტიკას და ზოგადად ქვეყანაში არსებულ სიტუაციებს, რამდენიმე თვეა მიდის ძალიან აქტიური კამპანია, რომ „დასავლეთი რყვნის“. ამან გამოვლინება ჰპოვა ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების დროს, როდესაც ჯერ სქართველოს პატრიარქმა მოითხოვა კანონის მიღების შეჩერება, ხოლო შემდეგ მას საეკლესიო პირების მხრიდან დიდი პროტესტი მოჰყვა.  თუ კარგად გავაანალიზებთ და ჩავუღრმავდებით მთელს ამ მოვლენებს აშკარად შევნიშნავთ, რომ ეს არის მითის შექმნის პროცესი. მას არ აქვს შინაარსიც კი.  ამ შემთხვევაში არ ვსაუბრობთ კლასიკურ მითოლოგიაზე,  არამედ ვსაუბრობთ ისეთ მითზე, რომელიც მთლიანად გამსჭვალავს სოციალურ რეალობას და უმცირეს ადგილსაც კი არ ტოვებს სინამდვილისთვის, რეალური საგნებისთვის. ეს არის ცრუ წარმოდგენების, დოქსების ამორფული, ანონიმური მასა, რომელიც ადამიანის ცნობიერებასა და რეალობას შორის დგას და ხელს უშლის მას სწორ აღქმაში. მითი, ფართო გაგებით, ყველაზე მეტად ილუზორულ წარმონაქმნს ნიშნავს, ანუ ის, რაც ჩვენ ბუნებრივი და სრულიად უმანკო გვგონია, სინამდვილეში შესაძლოა ილუზორული რეალობის ნაწილი იყოს, რომელიც ადამიანის გარშემო დიდ ბურუსს ქმნის. არაფერი არ არის მხოლოდ ისე, როგორც ჩანს, არაფერია ზუსტად ისეთი, როგორადაც იგი ჩანს. ამის ნათელი დადასტურებააა ის, რომ მაგალითად არავის აინტერესებს რა სწერია თავად ანტიდისკრიმინაციულ კანონში. არის თუ არა ის გარყვნის დოკუმენტი. არავინ კიტხულობს ტექსტს, უბრალოდ მისი მიღება არ სურთ, ვინაიდან არსებობს ფორმულა-მითი „დასავლეთი ყრვნის“. ამის გარძელება იყო ის, რომ 2014წ. 17 მაისი გამოცხადდა ოჯახის სიწმინდის დღედ და ამ დღეს მოთხოვნილ იქნა ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმება. მოეწყო დიდი აქცია, რომელშიც სამღვდელოების და და მრევლის დიდმა ნაწილმა მიიღო მონაწილეობა. ამით ეკლესიამ ირიბად დაადასტურა თავისი წინააღმდეგობა სახელმწიფოს მიერ აღებული დასავლეთის კურსის მიმართ. ამის დასტურია მოთხოვნა, რომლითაც ითხოვენ ანტიდისკრიმინაციული კანონის გაუქმებას.
ეხლა მივყვეთ ამ მითის სტრუქტურას, რომელიც თავის ლოგიკურ რეზოლუციამდე მიგვიყვანს. თუ გავიხსენებთ 2013წ. 17 მაისს, იმ დღეს მითი იყო - „გეების აღლუმი“, რომლის წინააღმდეგაც გაილაშქრეს. როგორც დღეს არ კითხულობენ რა სწერია ანტიდისკრიმინაციულ კანონში, ასევე მაშინ არავის აინტერესებდა მართლა იყო თუ არა „გეების აღლუმი“. კარგად თუ დავაკვირდებით,  მითი - „დასავლეთი რყვნის“ და მითი „გეების აღლუმი“ ნამდვილად არის ერთ კონტექსტში მოქცეული.

თუ ლოგიკურად მივყვებით მთელი ამ მითის შექმნას, მოვლენები ასეთი ქორნოლოგიით განვითარდა: 2013წ. 17 მაისს “ტარდებოდა“ „გეების აღლუმი“, მერე მიიღეს ანტიდისკრიმინაციული კანონი, მითი აგრძელებს თავის ჩამოყალიბების პროცესს - „აკანონებენ გეებს“ და ამან მიგვიყვანა მთავარ ფორმულა-მითამდე „დასავლეთი ყრვნის“. მთელს ამ პროცესს მოჰყვა მოთხოვნის ჩამოყალიბება: „უნდა გაუქმდეს ანტიდისკრიმინაციული კანონი“ და თუ ეს კანონი არ გაუქმდება..... მითის რეზოლუცია იქნება შემდეგი: დასავლეთი არ გვინდა, „დასავლეთი რყვნის“ და ბოლოს - წინააღმდეგი ვართ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის. ამ მითის საბოლოო შედეგი იქნება ის, რომ ეს მითი დაიწყებს თავად სახელმწიფოს მართვას და ამას ვერავინ შეეწინააღმდეგება, ამას ადასტურებს 2014წ. 17 მაისს ჩატარებული აქციის მოთხოვნა: „გაუქმდეს ანტიდისკრიმინაციული კანონი“, რომელზეც ხელმოწერები გროვდება. აი ამ ხელმოწერების შეგროვების შემდეგ ჩვენ მთავარ რეზოლუციას მივიღებთ ამ მითოსისას, არ გვსურს ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელისმოწერა.... დიახ, 2013წ. 17 მაისს ვინც ტაბურეტკიანი მამაოები გამოიყვანა ქუჩაში, 2014წ. ამ ფინალის მიღება სურდა და სავარაუდოდ მიიღებს კიდევაც.

ეს არის აწმყოს მითი, ძალიან მძლავრი მითი და დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ამ მითების წარმოშობა არის ერთი მთლიანი თამაშის ნაწილი, რომლის ობიექტებიც ამ მითში მონაწილე პირები არიან. ძალიან ბევრმა მათგანმა არ იცის ამ თამაშში მონაწილეობის შესახებ. სინამდვილეში გარე ფაქტორები, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ, სწორედ ამ მითებით არიან გადაზღვეულნი.
თუ ამ თამაშის მთავარი რეზოლუცია მითი - „დასავლეთი რყვნის“ იქნება, ამ შემთხვევაში მოდუნდება წინააღმდეგობა,  რომელიც საგარეო საფრთხეებს უნდა დახვდეს. შესაბამისად მთლიანად თამაში, რომელიც რუსეთს საქართველოს წინააღმდეგ აქვს მომართული, ემსახურება დასავლეთთან ინტეგრაციის ჩაშლას. სწორედ ეს რუსული თამაშია თამაშის სუბიექტიც, ის ქმნის ამ მითებს, რომელიც ადამიანების ძალიან ფაქიზ განცდებზეა გათვლილი. ამ თამაშის მონაწილეა მთელი ეკლესიურ მრევლური სოციუმი და ისინი ამ თამაშის ობიექტები არიან. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია  ეს თამაში უკვე თავის ფინალურ სტადიას უახლოვდება. უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ ნიშნებით დახუნძლულ სამყაროში ვცხოვრობთ, ნიშნები კი ხშირად ძალიან დომინანტურ პოზიციას იკავებენ და ჩვენს მართვას იწყებენ, ამიტომ ხელისუფლებამ უნდა იფიქროს ამ თამაშის განეიტრალებაზე. როგორც ვლადიმერ პუტინმა თქვა ის ვერ აიტანს თავის საზღვართან ნატოს და ვერც ევროკავშირს.

ირაკლი მარგველაშვილი