Saturday 25 April 2009

საშიში ლოგიკა

სიტუაცია რომ ძალიან დაძაბულია, მემგონი ეს საკამათო არ არის. დღევანდელ მოცემულობაში ძალიან ბევრი ბუნდოვანი საკითხია, რომელზედაც პასუხები არა მაქვს.

კერძოდ, აგვისტოს ომს რუსეთის ხელისუფლება აბრალებს საქართველოს, მის ხელისუფლებას. იმაზე შევთანხმდეთ, რომ ხელისუფლება წარმოადგენს საქართველოს და საქართველო როგორც ასეთი ხელისუფლების გარეშე არ არსებობს. ეს სახელმწიფოს ელემენტარული გაგებაა. სახელმწიფო არ არსებობს ხელისუფლების გარეშე. შესაბამისას საქართველოს ხელისუფლება აგვისტოში წარმოადგენდა საქართველოს. ფართო გაგებით, როდესაც რუსეთის ხელისუფლება ომის დაწყებას აბრალებს სააკაშვილს, აბრალებს შესაბამისად საქართველოს. ეს არ შეიცვლება.

მე არ მეგულება ადამიანი, რომელიც ვერ აცნობიერებდეს, რომ არავითარი ტერიტორიული პრობლემები არ შეგვექმნებოდა, რომ არა რუსეთის ინტერესი. ეს კიდევ ზვიად გამსახურდიამ გააჟღერა ერთერთი უზენაესი საბჭოს სესიაზე, როდესაც საქართველომ უარი განაცხადა 1991წ. 17 მარტის სსრკ-ს შენარჩუნების რეფერენდუმში მონაწილეობაზე . უარის ქმის დროს მოხდა გორბაჩოვთან მისი საუბარი, სადაც გორბაჩოვი დაემუქრა მაშინდელ ხელისუფლებას, რომ თუ ის არ მიიღებდა მონაწილეობას რეფერენდუმში და არ მოაწერდა ხელს სამოკავშირეო ხელშეკრულებას "სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში" და აფხაზეთში შეექმნებოდა დიდი პრობლემები.

ეს ასეც განხორციელდა. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთში ომის დაწყების დროს გამსახურდია ხელისუფლებაში აღარ იყო (1992წ. 14 აგვისტო). რუსეთმა ეს მაინც გააკეთა. 1994წ. აგვისტოში სნგ-ს ჯარები, იგივე რუსეთის ჯარები აფხაზეთში ჩადგნენ.

2008წ. აგვისტოში რუსული აგრესია გაგრძელდა და პრაქტიკულად ამან მოიცვა მთელი საქართველოს ტერიტორია.

ძალიან საინტერესოდ განვითადა ამის შემდეგ მოვლენები. პრაქტიკულად სააკაშვილის ოპოზიციამ ომის დაწყება და მასში მარცხი დააბრალეს სააკაშვილს. ალბათ, ყველამ ვიცით, რომ რუსეთის ხელისუფლება ომის დაწყებას აბრალებს სააკაშვილს. რუსები დაუფარავად აცხადებენ, რომ სააკაშვილი, რომელმაც ომი დაიწყო უნდა წავიდეს, არ დაველაპარაკებით....

რატომღაც ოპოზიციის მოთხოვნები და რუსეთის მოთხოვნები გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ერთმანეთს. ამ საკითხში, ომის საკითხში. ისინიც დაუფარავად აბრალებენ ომის დაწყებას სააკაშვილს, ითხოვენ მის გადადგომას.

აქვე ვაცხადებ, რომ ოპოზიციას არ ვდებ ბრალს რუსეთთან კავშირში.

აქ საინტერესოა შემდეგი საკითხი. ვთქვათ ოპოზიციამ მოახერხა ამ დაპირისპირებაში სააკაშვილის დამარცხება და ის წავიდა ხელისუფლებიდან. ამის ალბათობა რათქმაუნდა არის. შესაბამისად რუსული ხელისუფლების და ქართული ოპოზიციის მოთხოვნები ორივე ერთად გაიმარჯვებს. ძალიან მაინტერესებს თუ ოპოზიცია დღეს ამბობს, რომ ომი დაიწყო საქართველომ, რომ ამ ომში დამნაშავეა საქართველო, რას ვუპირისპირებთ იგივე რუსულ მოთხოვნას, რომელიც გაიძახის, რომ ომი დაიწყო საქართველომ. ვთქვათ დავსაჯეთ ამისთვის სააკაშვილი, რასაც რუსული ხელისუფლება ითხოვს კიდევაც, ამის შემდეგ ხომ რჩება ეს ოკუპაციის პრობლემა. რას ვეუბნებით რუსებს, რომ ისინი მართლები იყვნენ ამ ომში? რომ სწორი ქმედებები განახორციელეს? რომ ისინი არ არიან ოკუპანტები? მაინტერესებს იურიდიული შედეგები ამ ყველაფრის შემდეგ. ხომ არ დაგვემართება ლოგიკის კატასტროფა?

აქ საუბარია, საქართველოს ბრალზე ომის და მისი შედეგის, ოკუპაციის დადგომაზე. ხომ არ ვუპრავებთ რუსებს აგვისტოში ჩადენილ ქმედებას? სახიფათო ლოგიკა ხომ არ არის ომი ჩვენ დავიწყეთ და დარწმუნებულნი იყავით, რომ სააკაშვილის ფაქტორი გადაიწყევს უკან. რუსები მთელის თავხედობით მოგვაწვებიან, რომ ომი სააკაშვილმა კი არა საქართველომ დაიწყო. იცით ეს რატომ მოხდება? ელემენტარულია შევარდნაძის დროს 1992-93 წლებში ეს ტერიტორიები რუსებმა დაიპყრეს. სააკაშვილის მოსვლის შემდეგ არ ყოფილა იმაზე საუბარი, რომ ეს შევარდნაძემ გააკეთა. საუბარი იყო იმაზე, რომ ტერიტორიები ოკუპირებულია.


ხომ არ მივყვებიოთ ძალიან სახიფათო ლოგიკას? ხომ არ დავასხამთ ამ ლოგიკით რუსეთის წისქვილზე წყალს და ხომ არ გავუპრავებთ (მაპატიეთ ამ სიტყვის ხმარებისთვის). მათ აგვისტოს ომის შედგებს? ეს საკითხი ძალიან მაფიქრებს. არაა მარტივი საკითხი. აბა კარგად დავფიქრდეთ. ვინაიდან არის ლოგიკა, რომელიც მტრის ლოგიკას ძალიან ემთხვევა და ამ ლოგიკაზე ჩვენი წამოკიდება არ იქნება რუსებისთვის ძალიან ძნელი.

ერთი რამ გაითვალისწინეთ კიდევ, სანამ რამეს დაწერდეთ. მცირე ისტორიული ექსკურსი.

როგორ მოხდა 1991წ. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა. დააკვირდით მოვლენების განვითარებას. ზვიად გამსახურდიამ საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება მთლიანად დააყრდნო 1918წ. 26 მაისი აქტს. რეფერენდუმი ჩატარდა კითხვით: "გსურთ თუ არა. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა 1918წ. 26 მაისის აქტის საფუძველზე?" ამით ხაზი გაესვა იმას, რომ 1921წ. 25 თებერვალს მოხდა საქართველოს ოკუპაცია. რომ რუსეთი არის ოკუპანტი. 1991წ. ოქტომბერში რუსეთის ჯარს, სწორედ ამ სამართლებრივი ლოგიკით, რის საფუძველზედაც მოხდა რუსების მიერ საქართველოს დაპყრობა რუსეთის ჯარები გამოცხადდა ოკუპანტებათ. 1992წ. იანვარში გამსახურდიას წასვლის შემდეგ ეს სტატუსი რუსეთის ჯარს მოეხსნა. ანუ მათი საქართველოში ყოფნის სამართლებრივი საფუძველი აღარ იყო ოკუპანტის სტატუსი. ამან კარგი არაფერი მოგვიტანა. ეს მცირე ექსკურსი იმისათვის, რომ კარგად დავფიქრდეთ დრევანდელ რუსულ ოპოზიციურ ლოგიკაში და იმ საფრთხეებზე, რაც ამ ლოგიკას მოდევს.

ირაკლი მარგველაშვილი

25.04.09წ.

1 comment:

cartwheel said...

გენიალურია, მაგრამ დოჩანაშვილის არ იყოს საკნებში უნდა დაურიგო და ძალით წააკითხო.