Thursday 21 May 2009

გლობალური კრიზისი და ეკონომიკური რეფორმების შედეგები საბანკო სფეროში.

2004წ. 1 იანვრიდან ძალაში შევიდა ახალი 'საგადასახადო კოდექსი, რომელიც შეიძლება ითქვას, საკმაოდ გამკაცრებული საგადასახადო ადმინისტრირებისა და რიგი ხარვეზების მიუხედავად, ახალი ეკონომიკური რეფორმების დასაბამი გახდა. ბუნებრივია, ახალი საგადასახადო კოდექსი ყველა სფეროს, მათ შორის ბანკებსაც შეეხო და ალბათ გასაკვირიც არ იქნება, თუკი საქართველოს უახლეს საგადასახადო კანონმდებლობაში საკმაოდ პროგრესულ მოვლენად შეფასდება
შეიძლება თამამად ითქვას, რომ საქართველოს პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე განვითარებული საბანკო სისტემა აქვს. აქედან გამომდინარე, ახალი ეკონომიკური რეფორმები ყველაზე მეტად საბანკო სფეროზე აისახა. 2005 წლიდან საბანკო სფეროში დაკრედიტების ლიბერალური პოლიტიკის გატარება დაიწყო. ამის პიონერი საქართველოს უდიდესი კერძო საბანკო ინსტიტუტი სს "საქართველოს ბანკი" იყო. დაკრედიტების ლიბერალურმა პოლიტიკამ ბიზნესის წახალისება გამოიწვია. ამის მიზეზი გახდა ინტენსიური ეკონომიკური რეფორმები, რომლებიც 2007 წლის ჩათვლით მიმდინარეობდა, კერძოდ კი: დაიხვეწა და გამარტივდა სამეწარმეო და საგადასახადო სისტემების საკანონმდებლო ინიციატივები, განხორციელდა რეფორმები იუსტიციის სფეროში, (საჯარო რეესტრი, სამოქალაქო რეესტრი) პოლიციის, თავდაცვის, განათლების, ჯანდაცვის და სოციალური დაცვის სისტემებში. რასაკვირველია, ამ რეფორმების დასრულებისათვის საკმაო დრო და ძალისხმევა არის საჭირო.
ჩამოთვლილი რეფორმების შედეგად ქვეყნის ეკონომიკამ დინამიური განვითარება იწყო და 2007წ. ბოლოს 12 %-ს მიაღწია. რასაკვირველია, ზრდის ასეთი ტემპი არ შეიძლებოდა არ დატყობოდა საბანკო სექტორსაც, რომელმაც ზემოთ აღნიშნულ ძვრებს ლიბერალური დაკრედიტების პოლიტიკით უპასუხა და ამით მიმდინარე რეფორმებზე წამახასებლადაც კი იმოქმედა. ამ ყველაფერში როგორც საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან, ასევე ადგილობრივი ბაზრიდან კერძო ბანკებისათვის მოზიდულმა სახსრებმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა.
ზემოთ ჩამოთვლილმა ფაქტორებმა კერძო ბანკების საკრედიტო პოლიტიკაზე საკმაოდ დიდი გავლენა მოახდინა _ კრედიტების რიცხვი გაიზარდა, ხოლო მათი გაცემა ადრინდელთან შედარებით გაცილებით გამარტივდა. ამ პროცესებმა ხელი შეუწყო როგორც ზოგადად ბიზნესის განვითარებას, ასევე მოთხოვნის ზრდას სხვა საბანკო პროდუქტებზე. შეიძლება ითქვას, ყოველივე ამან საშუალო ფენის მკვეთრი ზრდა გამოიწვია. ეს განსაკუთრებით დაეტყო როგორც საცალო საბანკო მომსახურებას და განვადების სისტემის სერიოზულ განვითარებას, ასევე იპოთეკური და სალომბარდო (ავტომობილების იმპორტი) დაკრედიტების ზრდას.
მაგალითად, იპოთეკური სესხის ლიბერალიზაციამ ბიძგი მისცა დეველოპერული ბიზნესის განვითარებას. იპოთეკური და დეველოპერული ბიზნესის დაკრედიტების ლიბერალურმა პოლიტიკამ უძრავი ქონების ბაზრის საკმაოდ სწრაფი და ეფექტური განვითარება გამოიწვია. უძრავ ქონებაზე მოთხოვნილება და შესაბამისად ფასიც გაიზარდა, რამაც კულმინაციას 2008წ. პირველ ნახევარში მიაღწია. უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთ აღწერილ პროცესებს საკმაოდ სერიოზული ხარვეზებიც ახლდა. ბანკებმა რისკები არასწორად, ზედმეტად ოპტიმისტურად შეაფასეს. დღევანდელი გადასახედიდან შეიძლება დავინახოთ შემდეგი ტენდენცია: საბანკო რისკების გათვლა მოკლევადიანი პროგნოზით მიმდინარეობდა, რამაც პერსპექტივაში სერიოზული ხარვეზები გამოაჩინა. ამ პროცესების მთავარ ნაკლად იპოთეკური სესხების და დეველოპერული ბიზნესის დაკრედიტების ლიბერალიზაციის არა დინამიური, არამედ გარკვეულწილად ხელოვნური განვითარება მიგვაჩნია. დღეს დაკრედიტების ლიბერალიზაციის ასეთმა ხელოვნურმა განვითარებამ და ზედმეტმა წახალისებამ ბანკების წინაშე სერიოზული პრობლემები წარმოშვა, რაც მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა კიდევ უფრო გააღრმავა, რადგან საქართველოს ეკონომიკაში საბანკო სექტორი სხვა სფეროებთან შედარებით მსოფლიო ეკონომიკურ სივრცეში ყველაზე მეტად არის ინტეგრირებული.
დღეს საბანკო სფეროში მეტნაკლებად კრიზისული სიტუაციის გამომწვევ მიზეზებად არამარტო შექმნილი რთული პოლიტიკური ვითარება (2008წ. აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომი), არამედ გარკვეულწილად ხელოვნურად განვითარებული ლიბერალური დაკრედიტებისა და საბანკო რისკების ზედმეტად ოპტიმისტური და მოკლევადიანი გათვლებიც შეიძლება დასახელდეს. ბანკი აკრედიტებდა როგორც მშენებელსაც და ბინის შემძენსაც აკრედიტებდა. ამ, ერთის შეხედვით, საკმაოდ შემოსავლიან ოპერაციას თავისი ხარვეზებიც გააჩნდა. ხშირი იყო შემთხვევები, როდესაც არ არსებობდა ალტერნატიული იპოთეკა, ანუ იპოთეკით მხოლოდ მსესხებლის მიერ შეძენილი მშენებარე ბინა იტვირთებოდა, თუმცა,ისიც უნდა ითქვას, რომ ასეთმა მიდგომებმა მოთხოვნა ახლად ასაშენებელ სახლებზე ძალიან გაზარდა.
იმის გამო, რომ კრედიტის მიღება ძალიან გაიოლებული იყო და ბანკების შემოსავალი მოცემულ სიტუაციაში ძალიან სწრაფად იზრდებოდა, ბანკებმა პრაქტიკულად მოადუნეს ყურადღება იმ საბანკო რისკებზე, რომელიც ამ პროცესს თან სდევდა. პროცესი მიმდინარეობდა ჯაჭვური რეაქციით _ უძრავ ქონებაზე დიდი მოთხოვნის და ფასების ზრდის გამო დეველოპერები სამშენებლო ბიზნესიდან იმ კაპიტალის გამოთავისუფლებას ცდილობდნენ, რომელიც მშენებლობას უნდა მოხმარებოდა, რათა შეეძინათ სხვა უძრავი ქონება იმ გათვლით, რომ კაპიტალის ნაკლულობას ახალი კრედიტით შეავსებდნენ. ცხადია, ამ ჯაჭვის გაწყვეტისათვის სულ მცირე ბიძგიც კი საკმარისი აღმოჩნდა, რამაც პირველ რიგში უარყოფითად ბანკებზე იმოქმედა. ზემოთ აღწერილი გარემოებები გვაფიქრებინებს, რომ საბანკო სფეროში ლიბერალური დაკრედიტების პოლიტიკა არადინამიურად განვითარდა. მას მოაკლდა ის კონსერვატიზმი, რომელიც საბანკო რისკების ზომიერად პესიმისტურად და ზომიერად ოპტიმისტურად შეფასებისათვის აუცილებელია. ჩვენი აზრით, ზემოთ აღნიშნული ხარვეზების თავიდან ასაცილებლად ბანკებს სესხის მიღების პირობები უნდა გაემკაცრებინათ, მაგალითად, უნდა მოეთხოვათ სესხის მაძიებელი კომპანიებისაგან ალტერნატიული უზრუნველყოფის საშუალებები, გაცილებით დეტალურად უნდა შეესწავლათ კომპანიების მენეჯმენტის საქმიანობა, რაც სავარაუდოდ სესხის აღების შემდეგ კრედიტის მიზნობრიობის დარღვევებს გამორიცხავდა, მაგრამ ასეთი ღონისძიებების არარსებობის გამო დარღევევი ხშირად ხდებოდა, ხოლო მათი აღმოფხვრის მიზნით ბანკები იძულებული იყვნენ კომპანიებისათვის სასესხო ვალდებულებები გაეზარდათ. ეს ბანკების მიერ გადადგმული იძულებითი ნაბიჯები იყო, რომლის თავიდან აცილება სესხის გონივრულად გამკაცრების შემთხვევაში, რასაკვირველია, შესაძლებელი იყო. ასევე ზომიერად ლიბერალური უნდა ყოფილიყო სესხების მიღება იპოთეკური სესხების მაძიებლებისათვის (იგივე ალტერნატიული უზრუნველყოფის მოთხოვნა, შემოსავლების უკეთესად შესწავლა), რაც ხშირ შემთხვევაში არ ხდებოდა.
იგივე შეიძლება ითქვას სამომხმარებლო საბანკო მომსახურებასა და წვრილი ბიზნესის განვითარებაზეც. მართალია, შეიქმნა განვადების სისტემა _ გაჩნდა ახალი საკრედიტო (ოვერდრაფტული) ბარათი, რომლის მიღება ადვილად შეიძლებოდა, მაგრამ საბანკო რისკების დაზღვევის კუთხით ბანკებმა აქაც სერიოზული შეცდომები დაუშვეს. დაკრედიტების კონსერვატიული პოლიტიკის უკიდურესად გალიბერალებამ დღეს უკვე სერიოზული დაბრკოლებები წარმოშვა, რაც ბანკებში პრობლემური სესხების მატებით გამოიხატება. ასეთი სესხების რიცხვმა ასი ათასს დიდი ხანია გადააჭარბა.
ჩვენი აზრით ამ შემთხვევაშიც ბანკების მიერ დეტალურად უნდა მომხდარიყო კლიენტების შემოსავლების შესწავლა და ამ პროცესის კონტროლი, რაც არ განხორციელებულა. საკრედიტო ბარათებმა დაკარგა თავისი მთავარი დანიშნულება. თავისი შინაარსით საკრედიტო ბარათი წარმოადგენს მოკლევადიან კრედიტს დროებითი საბრუნავი საშუალებების შესავსებად, ხოლო ჩვენს შემთხვევაში მან ეს ფუნქცია არ შეასრულა და სწორედ იოლი ხელმისაწვდომობის გამო მომხმარებლამდე დამახინჯებული ფორმით მივიდა. კლიენტების უმრავლესობისათვის საკრედიტო ბარათი არა დროებითი ფულადი უკმარისობის შევსების საშუალებად, არამედ ფულის მიღების იოლ წყაროდ იქცა, რომელსაც უმრავლეს შემთხვევაში ალტერნატიული დაფარვის წყარო ან არასაკმარისად ან სრულებით გააჩნდა.
ისიც უნდა ითქვას, რომ ბანკები მსესხებლების შემოსავალს ხშირად არ ამოწმებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი სწრაფ მოგებას იძლეოდა (ამისათვის საინტერესოა საქართველოს ეროვნული ბანკის ელექტრონულ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია და ის დინამიკა რაც 2006-2008 წლებში ბანკებში კაპიტალის ზრდის კუთხით მიმდინარეობდა. ჰტტპ://წწწ.ნბგ.გოვ.გე/ინდეხ.პჰპ?მ=404), გრძელვადიან პერსპექტივაში წამგებიანი აღმოჩნდა. ეს საბანკო პროდუქტიც არა დინამიური, არამედ ხელოვნური განვითარების გზას დაადგა.
ეკონომიკური კრიზისის პირობებში ყველა ხარვეზმა თავი ერთბაშად იჩინა. ამოქმედდა ბანკის პრობლემური სესხის სამსახურები _ სესხის დაფარვის იძულებითი ღონისძიებებები და სხვა სამართლებრივი ბერკეტები, რამაც ადვილი მოსალოდნელია, კლიენტურა დიდი ხნით დააფრთხოს.
დაკვირვებული თვალისათვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა, რომ საბანკო პროდუქტებზე მოთხოვნა და თავად საბანკო პროდუქტები, რომლებსაც ბანკები მომხმარებელს სთავაზობდნენ, გარკვეულწილად არაადევატური იყო. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მსგავსი ლიბერალიზმი შექმნილ ვითარებას არ შეესაბამებოდა. განსაკუთრებით 2007წ. ნოემბრის მოვლენების შემდეგ შიდა პოლიტიკური და საგარეო პოლიტიკური დაძაბულობის (2008წ. აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით) გათვალისწინებით. თუმცა ამას სათანადო ყურადღება არავინ დაუთმო.
შეიძლება ითქვას, რომ ფართო გაგებით საქართველოში განხორციელებული ეკონომიკური რეფორმების ეფექტურობის გამომსახველია ის პროცესები, რომლებიც საბანკო სფეროში ბოლო 3 წელია მიმდინარეობს. მიუხედავად გარკვეული ხარვეზებისა, რომლებზეც ზემოთ ვისაუბრეთ, ამ პროცესმა საზოგადოების საშუალო ფენის ჩამოყალიბების საქმეში მეტად დადებითი როლი შეასრულა. ამჟამინდელი კრიზისი სწორედ ის მოვლენაა, როდესაც ზედაპირზე ამოდის რეფორმების დროს დაშვებული შეცდომები, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ მათი გამოსწორება თავად ამ პროცესის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. მთავარი ის არის, რომ საქართველოში ჩამოყალიბდა საზოგადოებისა და ბანკის ურთიერთობის ძალიან სერიოზული ინსტიტუტი, რაშიც დიდი როლი შეასრულა საქართველოში მიმდინარე ეკონომიკურმა რეფორმებმა. გარკვეული ჩავარდნების მიუხედავად, შეიძლება ითქვას, რომ საბანკო პრობლემების დიდი ნაწილი გადალახულია. დღევანდელი გამკაცრება სესხების გაცემის სფეროში, რომელიც ბანკების უკიდურესად კონსერვატიული პოლიტიკით არის გამოწვეული, რაც იმედია, უახლოეს მომავალში ლიბერალურ ნიშნებსაც შეიძენს იმ ხარვეზების გათვალისწინებით, რაზედაც ვისაუბრეთ.


7.05.09წ.

No comments: