Sunday, 30 June 2013
დუმილი, რომელიც ლაპარაკობს: ბიძინა ივანიშვილის წერილები და მომავალი ძალაუფლების ხატი.
„მე ვხედავ, რასაც ხალხი ვერ ხედავს.“
— ბ. ივანიშვილი, 2011.
ივანიშვილის პოლიტიკური სცენაზე გამოჩენამ 2011 წელს საზოგადოებაში იმედისა და მოლოდინის ტალღა გააჩინა. მისი პირველი წერილი, პათოსით სავსე და, ერთი შეხედვით, თავმდაბალის, შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომ სცენაზე გამოდიოდა ახალი ტიპის პოლიტიკოსი, ხალხისთვის მსხვერპლად შესაწირად გამზადებული. თუ დავაკვირდებით მის წერილებს და მის ინტერვიუს ეკა ბერიძესთან, იქ არსებულ ენას, რიტორიკას და "დუმილებს" (უთქმელა და ნაგულისხმევს), აღმოვაჩენთ, რომ სწორედ ეს ტექსტები არიან მისი მომავალი ძალაუფლების ლაბორატორია. რას უნდა ველოდოთ მისი მმართველობიდან შევეცდები მისი ეპისტოლარული წერილებიდან და ხსენებული ინტერვიუდან ამოვიკითხო. მთელს ამ ტექსტებში ჩანს და იმალემა მთავარი განზრახვა და სტრუქტურა. მან ამ წერილებით და ინტერვიუთი შექმნა მითი საკუთარ თავზე.
როლან ბარტის მითოლოგიის თეორიით, როდესაც ტექსტი ცდილობს აჩვენოს თავი ბუნებრივ მოვლენად — სწორედ მაშინ ხდება მითის ჩამოყალიბება. ივანიშვილის წერილები გადმოგვცემს დრამატულ სიტუაციას: ქვეყანა საფრთხეშია, ხალხი გაწბილებულია, პოლიტიკა სრულად დეგრადირებულია — და სწორედ ამ მომენტში ივანიშვილი „იძულებულია“ გამოჩნდეს. ის სუფთაა, ქველმოქმედია. მას დიდი რეპუტაცია აქვს ამერიკის ბიზნესს წრეებში.
„ჩემი მოვალეობაა, დღეს, როდესაც ქვეყანა საფრთხეშია, გამოვჩნდე.“
ეს მტკიცება უშუალოდ ქმნის მითის საფუძველს: ქვეყანა ვერ იცოცხლებს მის გარეშე. ხალხი უკვე აღარ არის პოლიტიკური სუბიექტი — ისინი უბრალოდ მოელიან გადამრჩენელს. მისი გამოჩენა კი ხდება, როგორც ღმერთის მობილიზაცია კრიზისის დროს. ივანიშვილის ტექსტებში ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რაც არ ითქვა. მაგალითად რუსეთი, კავშირები რუსეთის ბიზნესს წრეებთან, სიმდიდრის წარმომავლობა, კონკრეტული ხედვა დემოკრატიისა და ინსტიტუციური მოწყობის შესახებ — ყველაფერი ეს მიუწვდომელია. თუმცა, რაც მეტად იმალება მისი წარმომავლობა, მით მეტად იზრდება მისი სიმბოლური ძალა. ის არ გვეუბნება, საიდან მოვიდა, სწორედ ამიტომ იქცევა ყველაფრის ცენტრად. სინამდვილეში ის სიმულაციის ცენტრს ქმნის და სავარაუდოდ ამ სიმულაციით აპირებს მართოს ქვეყანა.
საინტერესოა, რომ ერთგვარ მესიანიზმს წარმოადგენს მისი ფრაზა „არ ვაპირებ დიდხანს ვიყო პოლიტიკაში.“
— ივანიშვილი, 2011.
რას აპირებს, სად უნდა იყოს, ვინ მართავს ქვეყანას? ის, როგორც დაფარული ღმერთი? ეს ფრაზა ქმნის ტონალობას, თითქოს პოლიტიკა მისთვის არის ტვირთი. ეს ტვირთის მეტაფორა არის ავტორიტარული მესიანიზმის არქეტიპი: ფიგურა, რომელსაც არ უნდა ძალაუფლება, მაგრამ მხოლოდ ის თუ გადაარჩენს ქვეყანას... და თუ გადამრჩენელია, მაშინ კრიტიკა უკვე ხდება ღალატი. კითხვები მის მიმართ უკუგდებულია, სასაცილოა, ის ხომ თავად არის ყველაფრის პასუხი.
ამ ფრაზაში გარკვეული ადამიანებისთვის ის ღმერთი იყო:
„წლებია ვეხმარები ხალხს, მაგრამ აღარ შემიძლია ეს ჩუმად გავაკეთო.“
ეხლა კი ამ ფრაზამ წმინდა ქველმოქმედება პოლიტიკურ მონეტად აქცია. ივანიშვილს არ სჭირდება პროგრამა, პარტიული დებატები, კოალიციური ხედვა — საკმარისია მისი პირადი ქონება და კეთილი ნება. ის ცვლის პოლიტიკას პატრონაჟით და ამგვარად გვეუბნება: სახელმწიფო — ეს მე ვარ, ჩემი ფული და ჩემი გადაწყვეტილება. ამას კარგად ადასტურებს მისი ინტერვიუ ეკა ბერიძესთან. ის ყველაფერს შექმნის, მთავრობას, არასამთავრობოს, ჟურნალისტიკას და ბოლოს ოპოზიციაც იქნება “ქართული ოცნების”. ეს დიდი შარია სავარაუდოდ და ამას ვნახავთ.
ბოლოს ვიტყვი, რომ ბიძინა ივანიშვილის წერილები არ არის მხოლოდ პოლიტიკური პროგრამა ან მიმართვა. ისინი არიან დისკურსული ჩარჩო, სადაც ფორმირდება ფიგურა, რომელსაც არ უნდა მეფობა, მაგრამ ხალხის მოთხოვნით ავა ტახტზე და ამ ტვირთსაც აიღებს.
ის არ გვპირდება რეფორმებს ან ქვეყნის განვითარებას — ის გვპირდება გადარჩენას.
ის არ გვეუბნება როგორ იმუშავებს სისტემა — ის ამბობს, რომ იგი საკმარისია სისტემისთვის.
ის არ საუბრობს რუსეთზე — ის საუბრობს რუსეთის წინაშე ჩვენს დანაშაულზე.
...და ეს არის სიჩუმის ძალა, რომელიც ლაპარაკობს ყველაზე ხმამაღლა.ის ლაპარაკობს ძალიან ხმამაღლა, რომელიც არავის ესმის. ეს ხმა მის წერილებშია და მის ინტოერვიუშია ეკა ბერიძესთან. ეს ხმა ძალიან საშიშია, ეს ხმა არ გვიქადის სიკეთეს. რაღაც გვიახლოვდება, ჯერ აქამდე არნახული. ეს შთაბეჭდილება მრჩება მისი ხანმოკლე მოღვაწეობიდან.
ირაკლი მარგველაშვილი
04.08.2012.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment