Sunday 10 April 2022

რატომ უნდა ვიომოთ თავისუფლებისთვის?

არასოდეს მავიწყდება ინგლისელი ქართველოლოგის დევიდ მარშალ ლენგის სიტყვები: „საქართველოს ისტორიას რომ გაეცნობი, ნამდვილად ღმერთს იწამებ, რადგან არანაირი ობიექტური საფუძველი იმისა, რომ ამ ერს აქამდე მოეღწია უბრალოდ არ არსებობს“. დიდი სიმართლეა ამ პატარა ფრაზაში. ამ პატარა ფრაზაშია ჩამალული საქართველოს საიდუმლოც. მისი გადარჩენის საიდუმლო. ამ საიდუმლოს ჰქვია ბრძოლა. ბრძოლა ქართული სამეფოსათვის და ბრძოლა ქართული სარწმუნოებისათვის, რაც შუასაუკუნეობრივ ეპოქაში სახელმწიფოს არსებობის ერთერთი უმნიშვნელოვანესი პოსტულატი იყო.
საქართველო ომობდა. ომობდა სულ, თავის გადარჩენისთვის. მას იპყრობდნენ, მაგრამ ის სულ ომობდა და თავისუფლედებოდა. დღევანდელი დღიდან შეგვიძლია დავინახოთ ის სისასტიკეები, რომელიც მაშინდელმა ქართველებმა გამოიარეს.
საქართველოს ისტორია ბრძოლის და ომების ისტორიაა. იმ ეპოქაში, როდესაც ყველაზე ძლიერი გახდა საქართველო და გახდა წინააზიის უძლიერესი სახელმწიფო ეს მოიტანა დიდგორის ომმა. სწორედ დიდგორის ომმა დაასრულა იმ ეპოქაში ქართველი ერის ჩამოყალიბებაც. იმიტომ რომ საქართველო ყველასთვის გახდა კონკურენტუნარიანი. სწორედ ეს კონკურენტუნარიანობაა ერის და სახელმწიფოს შედგენის მთავარი პირობა. როდესაც ომობ, მაშინ ქმნი საკუთარ იდენტობას და ქმნი კონკურენციას გარემომცველ სამყაროსთან. ომი და ბრძოლა არის ერის სინდისის ხმა, რომელიც გადაწვდება მომავალს და შეინახავს ისტორია. თავისუფლებისთვის ბრძოლაა ის სიამაყე, რომელიც აღგაფრთოვანებს ისტორიის კითხვისას.
საქართველოს უახლეს ისტორიაში თავიდან დაიწყო ქართველი ერის ჩამოყალიბება. ბევრი ომი გადავიტანეთ და პირველი ომი ეს იყო 9 აპრილი, სადაც იდგა სიმართლის წამი, სადაც იდგა, როგორც მერაბ კოსტავამ თქვა ერთერთი უდიდებულესი წამი საქართველოს ისტორიაში, როდესაც აფეთქდა ქართული სინდისი და დღემდე ეს დღე არის ერის სინდისის დღე და თავისუფლების სიმბოლოს დღე. პირველად ამ დღემ გამოაჩინა მსოფლიოს წინაშე ბოროტების იმპერიის ნამდვილი სახე.
პირველ რიგში ეს ქართველმა ერმა დაინახა და ისე შეიძულა ეს საშინელი იმპერია, რომ მას დაუსვა დიდი წერტილი. ეს ჩაილექა ჩვენს არაცნობიერში. მიუხედავად იმისა, რომ შემდეგ წლებში უამრავი სისხლი დაიღვარა ჩვენ ამ 30 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ვიომეთ. ავჯანყდით, არ შევეგუეთ, ვიომეთ აფხაზეთში, ვეომეთ ბალტინის ჯარებს, ვეომეთ რუსულ არმიას.
რა არის ყველაზე დიდი დამსახურება რაც საქართველომ შექმნა ამ 30 წლის მანძილზე? ეს არის პირველ რიგში იმპერიის რღვევის მექანიზმი. ამ მექანიზმის წინააღმდეგ იბრძვის დღეს რუსეთის იმპერია. ჩვენ შევძელით და შევქმენით ქართული სახელმწიფო. ჩვენ გავხდით რუსეთის კონკურენტი და ამ ბრძოლაში ჩაერთო უკრაინაც. სხვა თავგადასავალია ბალტიისპირეთის სახელმწიფოების გასვლა იმპერიიდან. ის უფრო გავს აღმოსავლეთ ევროპის გასვლას. სულ სხვა თავგადასავალია საქართველოს და უკრაინის გასვლა იმპერიიდან. ეს არის პირდაპირი შეჯახება ამ ბოროტებასთან ომის სახით.
ქართული სახელმწიფოს საფუძველი ჩაიყარა 1991წ 9 აპრილს, ხოლო ეს სახელმწიფო შედგა 2008წ. აგვისტოს ომის დროს. შედგა იმიტომ, რომ ჩვენ რუსეთისათვის გავხდით კონკურენტები. სწორედ აგვისტოს ომმა დაასრულა ქართული სახელმწიფოს საბოლოო შედგომა. იმიტომ რომ ამ ომში ჩვენ შევძელით გადაგვერჩინა ქართული სახელმწიფო.
ასევეა უკრაინის სახელმწიფო, მისი საბოლოო შედგომა მოხდა ამ ომის დროს. ეხლა იქმნება უძლიერესი უკრაინის სახელმწიფო. ომი და ამ ომში გამოჩენილი სინდისი ქმნის უკრაინელ ერს და უკრაინის სახელმწიფოს. ამიტომაა გადაჯაჭვული ჩვენი და უკრაინის ბედი ერთმანეთს. ჩვენ ვართ დღეს რუსეთის კონკურენტები.
გადარჩება ჩვენი სახელმწიფოები, არ იარსებებს რუსეთის იმპერია. ეს არის ფორმულა ამ ბრძოლის.ეს არის ფორმულა რუსეთის იმპერიის დასასრულის.
სწორედ ამიტომ იყო, რომ საქართველო სულ მხარს უჭერდა უკრაინის ბრძოლას ფორთოხლისფერი რევოლუციის თუ მაიდანის დროს. აი ამიტომაა ტრაგიკული დღეს საქართველოს ხელისუფლების პოზიცია უკრაინის მიმართ. იმიტომ რომ ამ ხელისუფლებას არ აქვს გააზრებული ეს ისტორია, რომელიც 30 წელში გაიარა საქართველომ და უკრაინამ.
ბოლოს მინდა ვთქვა, რომ კოლექტიურ ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი ღარიბაშვილს და ირაკლი კობახიძეს წარმოდგენა არ აქვთ რომელი ქვეყნის ხელისუფლებაში არიან. აზრზე არ არიან 2012წ. არჩევნებში რომ მიიღეს მონაწილეობა და თანამდებობები დაიკავეს რამდენი სისხლი დაიღვარა ამ არჩევნებისთვის. არ იციან რამ შექმნა და შეადგინა ეს სახელმწიფო რომ ჩაებღაუჭენ გარემონტებულ ოფისებს. ეს ყველაფერი მოიტანა ბრძოლამ და ომმა. დიახ, ომმა მოიტანა 90-იან წლებში და ომმა მოიტანა 2008 წელს, რომელსაც სრულიად უსირცხვილოდ საქართველოს აბრალებთ. ხოლო უკრაინის ომს პრეზიდენტ ზელენსკის. ჩვენ ვიომეთ ამისთვის. ვიომეთ ამ სახელმწიფოსთვის, ამ კონსტიტუციისთვის, თუნდაც იმისთვისაც რომ თქვენ დღეს ხელისუფლება გქვიათ.
თქვენ გგონიათ თქვენი გაიძვერობა გადაარჩენს საქართველოს? თქვენი კოლაბორაცია გადაარჩენს საქართველოს? არა, უკრაინა გადაარჩენს. ის 2000 ქართველი გმირი გადაარჩენს, ვინც დღეს ომობს უკრაინაში. ომობს იმიტომ რომ ომი აღარ იყოს საქართველოში. იმ სამი ვაჟკაცის სისხლი გადაარჩენს რომ ჩამოასვენეს და თქვენ მისამძიმრებაც ვერ გაბედეთ და ეს ლოგიკურია, თქვენ არ გაქვთ სინდისი, რომ მათ მიუსამძიმროთ. თქვენ გინდათ თანამდებობა, მაგრამ მაგ თანამდებობასაც ეს გმირები გადაარჩენენ. ის ბიჭები არიან დღეს ქართული სახელმწიფოს სინდისი. ისინი იყვნენ 2008წ. საქართველოს სინდისი. დიახ, ომი, ომი ქმნის სახელმწიფოს, თავისუფლების სიყვარული და არა თქვენი კოლაბორაცია, რომელიც ჩაესვენება რუსეთის იმპერიის ძონძებთან ერთად. თქვენ წახვალ ისტორიულ მოუსავლეთში, იმიტომ რომ თქვენ არ იცით და ვერც ვერასოდეს გაიგებთ ქართულ სახელმწიფოს და მის თავისუფლებას.
დიდება უკრაინას!
დიდება საქართველოს!
დიდება გმირებს!

No comments: