Friday 13 November 2015

„გაზპრომი“ საქართველოში, რუსული ოკუპაციის სრულყოფილი განხორციელების საშიშროება



მსოფლიო დიდი დაძაბულობის ზღვარზეა. რუსეთის ფედერაციის სამხედრო ოპერაციამ სირიაში სერიოზული გეოპოლიტიკური ძვრები გამოიწვია. თუ 2008წ. რუსეთის სამხედრო აგრესია საქართველოში განხორციელდა ე.წ. პოსტსაბჭოთა სივრცეში, დღეს ეს გასცდა ამ სივრცეს და ახლო აღმოსავლეთში მიიღო სამხედრო აგრესიის ხასიათი. შესაბამისად რუსეთმა ამ ნაბიჯით განაცხადა, რომ ის დასავლეთთან ერთად არის სრულუფლებიანი სამხედო მოთამაშე გეოპოლიტიკურ სივრცეში. 2008წ. თუ მისი ამბიცია პოსტსაბჭოთა სივრცით შემოიფარგლებოდა, ეხლა ის გასცდა პოსტსაბჭოთა სივრცეს და მიიღო გლობალური ხასიათი. ეს ერთგვარი დემარშია უკვე წინა საუკუნის 90-იან წლებში ჩამოყალიბებული მსოფლიო წესრიგის წინააღმდეგ. რუსეთი აშკარად არღვევს მსოფლიო წესრიგს და მსოფლიოს სთავაზობს თავის დისკურსს, მიუხედავად იმისა, რომ მას ამაზე არაერთხელ უთხრეს უარი. დღეს რუსეთის ფედერაცია აუღიარებლად მოგვევლინა ახალი მსოფლიო წესრიგის ინიციატორად, რაც ნებით ვერ მიიღო, ის ცდილობს ეს მიიღოს ფაქტობრივი რეალობით.
რუსული პოლიტიკა სწორედ რომ ფაქტობრივი რეალობით საზრდოობს. ის ქმნის თავის სასურველ რეალობას და შემდეგ ცდილობს ახალი ფურცლიდან ეს რეალობა გახადოს სხვებისათვის მისაღები. თუ ის არ გახდება მისაღები, ამ რეალობას ის დროში გადადებს და დაიწყებს ახალი რეალობის შექმნას. როგორც ეს გააკეთა საქართველოში. მან შექმნა ახალი რეალობა, აღიარა ოკუპირებული ტერიტორიები სახელმწიფოებად, ხოლო შემდეგ საუბარი დაიწყო მხოლოდ ამ რეალობაზე. იგივე განმეორდა უკრაინაში. მოახდინა ყირიმის ანექსია და შექმნა ახალი რეალობა. ის ყოველთვის გამოდის ამ ახალი რეალობიდან. ეს არის რუსული იმპერიული პოლიტიკის არსი და შესაძლოა ითქვას მსოფლიოს მიერ დიდი ხნის წინ დავიწყებული იმპერიული პოლიტიკის არსიც. თუმცა რუსეთი ამას არ ცვლის. იგივე ხდება დღეს სირიაში.
რა არის რუსეთის მიზანი სირიაში? მას შესაძლოა რამდენიმე მიზანი ჰქონდეს, კერძოდ შეინარჩუნოს ბაშარ ასადი  ხელისუფლებაში და გაანადგუროს მისი ოპოზიცია. მოახდინოს ამ კონფლიქტში მთელი ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ჩართვა, ვინაიდან რუსეთი თავის კოალიციაში მოიაზრებს ირანს და მუსულმანების შიიტურ ნაწილს, რამაც უნდა გამოიწვიოს დანარჩენი სუნიტური ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების კონფლიქტში ჩათრევა. ამით მან უნდა მიაღწიოს ნავთობზე ფასების გაზრდას. ასევე მისი დიდი სურვილი იქნება გააკონტროლოს ერაყის ნავთობის საბადოები, რომ არ მოხდეს მისი დასავლეთში ექსპორტირება და ამით შენარჩუნებულ იქნას რუსეთის ნავთობის და გაზის მონოპოლია დასავლეთში. ამის შემაჩერებელი არის ბაშარ ასადის რეჟიმი, რომელიც საკუთარი პოლიტიკური გავლენის შენარჩუნებისათვის მზადაა  ითანამშრომლოს პუტინთან და დაბლოკოს ნავთობის და გაზის ექსპორტი ახლო აღმოსავლეთიდან ევროპაში, იგივე ყატარიდან და სხვა ქვეყნებიდან.
            ამ კონტექსტში საინტერესოა საქართველოს ადგილი, საქართველოს წინაშე მდგარი გამოწვევები. ის საფრთხეები, რომელიც ჩვენს წინაშე დგას. უნდა ვაღიაროთ, რომ ამ გამოწვევების წინაშე საქართველოს ხელისუფლება უმარტივესად მოწყვლადია. თუ კარგად გავიხსენებთ ხელისუფლების მთავარ მესიჯს, ცხადი გახდება, თუ რატომაა მოწყვლადი საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან და რატომაა მოწყვლადი საქართველოს უსაფრთხოების სისტემა დღეს, როდესაც რუსეთი სირიაში შეიჭრა. ამ საკითხს წერილის ბოლოს, სხვა მოვლენებთან ერთად ერთიან კონტექსტში ვიხილავთ.
საქართველოს ხელისუფლებამ ჯერ წინასაარჩევნოდ და შემდეგ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ ის რუსეთთანაც დაალაგებდა ურთიერთობებს და საქართველოს ნატოშიც შეიყვანდა. ამას გარდა ერთერთი მთავარი დაპირება იყო, რომ ის გახსნიდა რუსულ ბაზარს. რუსეთთან ურთიერთობების დალაგებას სათავეში ჩაუდგა პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე, ხოლო რუსეთიდან საგარეო მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი. შეიქმნა ე.წ. აბაშიძე-კარასინის ფორმატი. ამ მესიჯმა თავიდანვე გამოიწვია უნდობლობა და იმის განცდა, რომ ხელისუფლება არ იყო გულწრფელი ამ საკითხებში. ამის განცდას ქმნიდა რუსეთის მაღალი პოლიტიკური ისტებლიშმენტის განცხადებები, მაგალითად რუსეთის საგარეო მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებდა: „ საქართველოს ან უკრაინის ნატოს ნაწილად ქცევა - ეს რუსეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის  კრიტიკულ საფრთხეს წარმოადგენს და ეს არის ის, რასაც რუსეთი უბრალოდ არ მიიღებს. მცდელობა, უკრაინა შეიყვანონ ნატოში, ევროპული უსაფრთხოების მთელი სისტემისთვის იქნება ნეგატიური და ჩვენ კატეგორიული წინააღმდეგი ვართ ამის. ხოლო საქართველოს ნატო- ნაწილად ქცევა რუსეთის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს ხოლო ვლადიმერ პუტინი აცხადებდა: ჩვენს საზღვრებთან ნატო
 ჯარებს  ვერ ავიტანთ,  ვერც  უკრაინის და ვერც ნებისმიერი სხვა მოსაზღვრე სახელმწიფოს
მხრიდან.
ამ განცხადებების და დამოკიდებულებების ფონზე, რა რესურსი გააჩნდა საქართველოს ხელისუფლებას, რომ ის ზემოთხსენებულ მესიჯს განახორციელებდა გაუგებარი იყო.  როდესაც ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას, რუსეთთან ურთიერთობების დალაგების უკან, სულ სხვა რამ შესაძლოა იყოს დამალული, რაც ქართული სახელმწიფოსთვის უდიდეს ეროვნულ რისკს წარმოადგენდეს. მივყვეთ მოვლენების განვითარებას.
როდესაც შეიქმნა ე.წ. აბაშიძე-კარასინის ფორმატი, თავიდან გაკეთდა განცხადება, რომ ეს ფორმატი მხოლოდ ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების დარეგულირებაზე იმუშავებდა, თუმცა დროში შეიძინა პოლიტიკური მიმართულებებიც. ერთერთი შეხვედრის შემდეგ კარასინმა განაცხადა, რომ საუბარი იყო აფხაზეთის რკინიგზის გახსნაზეც, რაც ზურაბ აბაშიძემ უარყო. თუმცა შემდეგ შეხვედრას ტრანსპორტის სამსახურის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ამავე დროს რუსეთმა დაიწყო აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა საქართველოს მიმართულებით და იქ 500 კაციანი სამხედრო ქვედანაყოფი შეიყვანეს, რომლებმაც, როგორც გავრცელდა ინფორმაცია უკვე დაასრულა რკინიგზის აღდგენა საქართველოს საზღვრამდე.
თავიდანვე ჩნდებოდა ეჭვები, რომ ეს ფორმატი არ იყო სრულყოფილად ღია და ეს ეჭვები თანდათან უფრო და უფრო ღრმავდება. მითუმეტეს, რომ სულ რამოდენიმე დღის უკან, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი წასული იყო ბელგიაში, სადაც შეხვდა გაზპრომის ხელმძღვანელობას და დაიწყო საუბარი საქართველოსთვის გაზპრომის მიერ გზის მოწოდებაზე. განსაკუთრებით საინტერესო იყო მისი მოსაზრება, რომ თურმე ამ საკითხებზე წლებია მიმდინარეობს მოლაპარაკებები. ისმის კითხვა, სად და როგორ ხდებოდა ეს მოლაპარაკებები? არანაირი ინფორმაცია არ არსებობდა გაზპრომის საქართველოში შემოსვლასთან დაკავშირებით და წლების განმავლობაში ერთადერთი ფორმატი, სადაც შეიძლებოდა ამაზე ესაუბრათ იყო აბაშიძე-კარასინის ფორმატი. უნდა აღინიშნოს, რომ დამალული იყო ინფორმაცია, იმის თაობაზეც, რომ საუბარი მიმდინარეობდა აფხაზეთის რკინიგზის გახსნაზეც, რაც კარასინის მიერ დადასტურდა, ხოლო ზურაბ აბაშიძე ამასაც უარყოფდა.
ძალიან შემაშფოთებელია განცხადებები იმის თაობაზე, რომ თურმე რუსული გაზპრომის შემოსვლა საქართველოში ნიშნავს გაზის მოწოდების დივერსიფიკაციას, მაშინ, როდესაც საქართველოს უკვე ათი წელია რუსეთის გაზპრომიდან აღარ ღებულობს გაზს და ის რუსეთისგან აბსოლუტურად დამოუკიდებელი იყო დღემდე. საქართველო ღებულობდა საკმაოდ იაფ გაზს აზერბაიჯანიდან და არანაირი პრობლემა გაზმომარაგებაში ამ ათი წლის განმავლობაში მას არ ჰქონია. არავისთვის არაა უცხო, რომ რუსული გაზპრომი პუტინის ხელში წარმოადგენს პოლიტიკური ბერკეტის იარაღს. ამ იარაღით ის აშანტაჟებს ევროპას და ყველა იმ ქვეყანას, ვისაც გაზს აწოდებს. მაშინ, როდესაც საქართველოზე ასეთი ბერკეტი იარაღი მას არ გააჩნია, საქართველო თავისი ნებით აძლევს მას ზემოქმედების იარაღს. ეს უკვე აღარ არის არც პოლიტიკური ინფანტილიზმი, არც შეცდომა, ეს არის მიზანმიმართული ღია ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ გადადგმული ნაბიჯი.
 ასევე კრახით დასრულდა საქართველოს ექსპორტის მიბმა რუსეთის ბაზარზე, რომელიც შესაძლოა ითქვას ყველაზე არასტაბილური ბაზარია მსოფლიოში. ეს ბაზარიც პოლიტიკური ნიშნის ქვეშაა. უამრავი მაგალითი შეგვიძლია მოვიყვანოთ, რომ რუსეთი თავის ბაზარს იყენებს პოლიტიკური ნიშნით. მას შეუძლია ერთ დღეს უარი თქვას პროდუქციის მიღებაზე, რაც არაერთხელ გაუკეთებია ჩვენთვისაც. მაგალითად 2006წ. ემბარგო დაგვიწესა, ხოლო 2005წ. ზამთარში დივერსია მოხდა გაზის მილზე რუსეთის ტერიტორიაზე და საქართველო  ზამთარში დარჩა გაზის გარეშე. ეს იყო სწორედ პოლიტიკური დივერსიის ნაწილი. საქართველომ უმოკლეს ვადაში უარი თქვა რუსულ გაზზე და მოიცილა ყველა ის ეკონომიკური ბერკეტი, რომლითაც რუსეთს შეეძლო საქართველოს შანტაჟი.
დღეს გაზპრომის საქართველოში დაბრუნებით, ჩვენ ისევ ჩვენივე ხელით ვაძლევთ რუსეთს საშუალებას მოახდინოს ჩვენი შანტაჟი. საქართველოს ხელისუფლება აბსოლუტურად უგულებელყოფს ეროვნულ ინტერესებს ამ შემთხვევაში. თვალნათელი ხდება, რომ რუსეთთან მიმდინარეობს რაღაც კულუარული მოლაპარაკებები და ეს არ შეეხება მხოლოდ გაზის მოწოდებას, ეს შეეხება ასევე თბილისის გაზგამანაწილებელი კომპანიის „ყაზტრანსგაზის“ გაზპრომისათვის მიყიდვას. გაზპრომის საქართველოში შემოსვლა პირდაპირ პროპორციულია რუსული ბაზების განთავსებისა საქართველოში. ვერ   იქნება ეს მხოლოდ ეკონომიკური ინტერესი. ეს აუცილებლად იქნება გამოყენებული იმისთვის, რომ გათამაშდეს შანტაჟის სქემა და როგორმე რუსეთმა მიაღწიოს აფხაზეთის რკინიგზის გახსნას, რაც დღეს მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ეს აუცილებლად მოიაზრება სირიაში შეჭრის კონტექსტში. რუსეთი სირიაში არ შესულა ორი კვირით. ამ შესვლას გააჩნია ძალიან დიდი მიზნები, რომ მოხდეს მინიმუმ ერაყის ნავთობსაბადოების გაკონტროლება. ამიტომ სომხეთის მიმართულებით რკინიგზის გამოყენება მისთვის უმოკლესი გზაა მის პარტნიორ ირანთან სახმელეთო კავშირის დასამყარებლად, რაც ახლო აღმოსავლეთში მის მრავალმხრივ გააქტიურებას მოასწავებს.
            საქართველოს მიერ აფხაზეთის რკინიგზის გახსნა ეს არის რუსეთის სამხედრო ექსპანსიის გავრცელება კავკასიაში და ის უტოლდება მე-19 საუკუნის დასაწყისში სამხედრო გზის გაყვანის მოვლენას, რომლითაც რუსეთი 200 წელი იყო კავკასიაში. გარდა ამისა საქართველო ამ ნაბიჯით მოახდენს დიდი დარტყმის მიყენებას ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისათვის და რუსეთი მას ჩაითრევს ისეთ პოლიტიკურ ავანტიურაში, რაც მოახდენს ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისთვის ზურგში დანის ჩაცემას. რუსეთისთვის ეხლა ყველაზე მნიშვნელოვანია სირიაში განხორციელებული სამხედრო მოქმედებების ფონზე მიაღწიოს ნავთობის ფასების აწევას, რათა ჰქონდეს ეკონომიკური საშუალება გააგრძელოს თავისი იმპერიული გეგმის განხორციელება, როგორც კავკასიაში ასევე უკრაინაში.
 იმის ფონზე, რომ მას აქვს ეკონომიკური სანქციები უკრაინის საკითხის გამო, ნავთობის ფასის ვარდნამ უდიდესი დარტყმა მიაყენა მას ეკონომიკურად. ამიტომ სირიაში უკანასკნელი კაპიკებით განხორციელებული სამხედრო ინვესტიცია მისთვის უნდა იქცეს ნავთობზე ფასების აწევის და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებისათვის ევროპაში ნავთობის ექსპორტის დაბლოკვის მექანიზმად, რათა ევროპამ ვერ მოახერხოს დივერსიფიკაცია რუსული ენერგო მატარებლებისაგან და მან შეინარჩუნოს მონოპოლია ევროპულ ბაზარზე. ეს ყოველივე კი გამოყენებული იქნება რუსეთის მიერ სწორედ საქართველოს და უკრაინის, ასევე სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნების წინააღმდეგ.
 რუსეთისათვის უმნიშვნელოვანესია როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს მიმართულება. ეს ორი ქვეყანა რუსეთი მთავარი გეოპოლიტიკური მოძრაობის ცენტრებია, რომელთა კონტროლი რუსეთის გეოპოლიტიკის გამარჯვებას მოასწავებს მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეზე. ეჭვი არავის ეპარებოდა იმაში, რომ რუსეთი აამუშავებდა თავის ბერკეტებს უკრაინის მიმართულებით. ხოლო საქართველოს მიმართულებით მას ასეთი ბერკეტები არ გააჩნდა. რატომ არ გააჩნდა რუსეთს საქართველოზე დიდი ბერკეტები? ამის ანალიზი წარსულში უნდა ვეძებოთ. საქართველოს ევროინტეგრაციის დაჩქარებული პროცესი, რომელიც  წინა ხელისუფლებამ განახორციელა იყო ის მოძრაობა, რომელმაც რუსეთის ეკონომიკურ, სამართლებრივ, პოლიტიკური ბერკეტები პრაქტიკულად ნულამდე დაიყვანა. რუსეთმა გამოიყენა ყველა ბერკეტი საქართველოს წინააღმდეგ, რაც მას შეეძლო გამოეყენებინა. რუსული გავლენის ველი მთლიან იქნა საქართველოში გასუფთავებული. უნდა ავღნიშნოთ, რომ რუსეთის მიერ წინა საუკუნის 90-იან წლებში გამხორციელებული სამართლებრივ პოლიტიკური ქსოვილი 2008. აგვისტოს ომის შემდეგ პრაქტიკულად სრულიად დაირღვა. საქართველოს პოლიტიკურ წრეებში ძალიან ზერელედ აფასებენ იმ პროცესებს, რაც 2008. აგვისტოს ომის შემდეგ დადგა საქართველო რუსეთის ურთიერთობაში. 2008. ომი ეს იყო ის ბოლო ტყვია (ბერკეტების თვალსაზრისით), რომელიც რუსეთმა გაისროლა საქართველოს მიმართულებით. რუსეთის მიერ 90-იან წლებში შექმნილი წარმატებული იურისპრუდენცია, როდესაც რუსეთი ფაქტობრივად ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საერთაშორისო სამშვიდობო მანდატით იყო წარმოდგენილი, სწორედ 2008. ომის შემდეგ დასრულდა და სრულიად შეტრიალდა მის წინააღმდეგ. რუსეთი გახდა აგრესორი და ოკუპანტი ქვეყანა და მან ვერანაირი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა მსოფლიოში. არაღიარების პოლიტიკამ სრულიად გააკოტრა რუსეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართულებით და მას არაფერი დარჩა ხელშესახები, გარდა უაზრო დუდუნისა, რომ უნდა ცნოთ ახალი რეალობა, რაც ყოველნაირ ლოგიკას და საერთაშორისო სამართალს სცილდება.
საქართველომ ბევრი გაიღო იმისათვის, რომ რუსეთს დღეს არ ჰქონოდა ხელშესახები ბერკეტები საქართველოს დასაბრკოლებლად ევროინტეგრაციის გზაზე. დღემდე რუსეთს დაცლილი ჰქონდა ყველა ბერკეტი საქართველოზე ზეწოლისათვის.  ეს არის იმ დიდი გამოწვევების წინაშე ძალიან პრინციპული პოზიცის დამსახურება, რომელიც საქართველოს ჰქონდა რუსეთის მიმართულებით და ამაში მოიაზრება 2008. აგვისტოს ომიც, რომელიც ძალიან მტკივნეული იყო საქართველოსთვის. საქართველოს და რუსეთს შორის დაპირისპირება ეს არის სწორედ გეოპოლიტიკური დაპირისპირება ამ ორ სახელმწიფოს შორის. ეს არის ის პარადიგმა, სადაც რუსეთი და საქართველო ერთად ვერ იარსებებენ. აქ არ არსებობს ის წერტილი, რომელიც უნდა იქნას გადაკვეთილი ერთად.

ეხლა საქართველოს ხელისუფლება გაზპრომის საქართველოში შემოშვებით რუსეთს სრულიად გამიზნულად აძლევს ყველა ბერკეტს, რომ მან განახორციელოს ზეწოლა საქართველოზე. ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების მოშლის მიზანმიმართული ქმედება. საქართველო პრაქტიკულად ახდენს რუსეთის სრულმასშტაბიან შემოშვებას ამიერკავკასიაში. რუსეთს ეძლევა შესაძლებლობა განახორციელოს თავისი გეგმა, სამი მიმართულებით: ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით, ევროკავშირში თავისი ენერგო მონოპოლიის შენარჩუნების მიმართულებით და ამიერკავკასიაში სრულმასშტაბიანი კონტროლის აღდგენის მიმართულებით, რაც აუცილებლად დაბლოკავს საქართველოს ინტეგრაციის პროცესს ნატოში და ევროკავშირში, რაც რუსეთის მიზანი იყო 2008წ და რასაც ვერ მიაღწია. გაზპრომის შემოშვება საქართველოში ეს არის ყველაზე მძიმე და ეროვნული ინტერესების შემლახველი ქმედება. ამ ნაბიჯით ჩვენ რუსეთს საქართველოს ხელახალი ანექსიის განხორციელებისაკენ ვუხსნით გზას.

ირაკლი მარგველაშვილი


No comments: