Friday 13 November 2015

საქართველოს იზოლაცია, შეგნებული პოლიტიკა თუ ინფანტილიზმი?



საქართველოს ხელისუფლება უკვე აშკარად ახდენს საქართველოს იზოლაციას, რაც გამოიხატება, საქართველოს თემის მსოფლიო თანამეგობრობის დღის წესრიგიდან თანდათან და შეგნებულად ამოღებაში. დღეს აშკარაა, რომ ჩვენი პრობლემატიკა აღარ ხვდება მსოფლიო ტრიბუნებზე. პრაქტიკულად არავინ ახსენებს ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას და არცერთი ავტორიტეტული ორგანიზაცია არ საუბრობს მასზე. საქართველოს ხელისუფლებამ პრაქტიკულად ტაბუ დაადო რუსეთისაგან მომდინარე პრობლემებს, როგორიცაა მცოცავი ოკუპაცია, როგორიცაა ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა. მაგალითად საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, შარშან ამ დროს გაეროს მსოფლიო ტრიბუნიდან ერთი სიტყვა არ თქვა რუსეთის მიერ განხორციელებულ აგრესიაზე, მაგრამ ისაუბრა საქართველოდან ნახშირბადის  განდევნის შესახებ. იგვე განმეორდა წელსაც. 2015 წლის 26 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მდგრადი განვითარების სამიტზე სიტყვით გამოვიდა. ვფიქრობთ, არავისთვის უცხო არაა, რომ ესაა მსოფლიოს ყველზე მაღალი ტრიბუნა და მისი გამოყენება ყველა პოლიტიკოსმა რაციონალურად უნდა მოახდინოს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამოვიდა გენერალურ ანსამბლეაზე და დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ საქართველოს აღარ უდგას ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა და მითუმეტეს ეს პრობლემა საერთაშორისო საზოგადოებას საერთოდ არ ეკუთვნის. გუშინ პრემიერ-მინისტრის გამოსვლაში ძირითადი ყურადღება დაეთმო და ჩვენი ქვეყნისათვის მთავარ პრიორიტეტად დასახელდა არა ტერიტორიული პრობლემები და მასთან დაკავშირებული მცოცავი ოკუპაცია, არამედ ქვეყნის მთავარი პრიორიტეტი ჯანსაღი ცხოვრების უზრუნველყოფა და სოციალური საკითხებია, ასევე გენდერული თანასწორობა. აბსოლუტურად არაფერი თქმულა ისეთი  მდგრადი პოლიტიკის განვითარებაზე, რასაც ჰქვია საქართველოს ტერიტორიული პრობლემების და ამ უდიდესი სახელმწიფოებრივი გამოწვევის მომავლისეულ ხედვაზე, მის ჩართვაზე საერთაშორისო დღის წესრიგის ბადეში. 
არავინ ეწინააღმდეგება ზემოთხსენებულ თემებს, მაგრამ ვერავითარ სრულყოფილ თანასწორობაზე საუბარი ვერ იქნება, როდესაც საქართველოში არის ხუთასი ათასი დევნილი და არის ეთნოწმენდის შედეგად შეთითხნილი სახელმწიფო-ანკლავები. ვერ შევძლებთ ჯანსაღი ცხოვრების უზრუნველყოფას, როდესაც ეს დევნილები, არის გაუსაძლის ყოფაში და მათ ცხოვრება ყოველდღიურად უფრო მძიმდება. ხოლო ამ ყველაფრის შემოქმედი არის რუსეთის ფედერაცია, მისი აგრესიული პოლიტიკა, რომელსაც ხელისუფლება ყოველთვის უყრუებს.
დღეს საქართველოს მთავრობის მეთაური ამაზე საერთოდ არ საუბრობს. ის არაფერს ეუბნება მსოფლიო თანამეგობრობას, რომ ყოველდღიურად ხდება მცოცავი ოკუპაცია, რომ ადამიანების წინაპრების საფლავები, ეზოები და სახლები ხდება ამ ოკუპაციის მსხვერპლი, რომ ადამიანებს უნგრევენ სახლებს, ან თავისი ხელით ანგრევინებენ, ვინაიდან ისინი ხდება ოკუპაციის ნაწილი. ასეთ შემთხვევაში, ხელისუფლების მთავარი ვალდებულებაა, რომ მან ეს უთხრას მსოფლიო თანამეგობრობას, რომ ყველამ იცოდეს, რომ რუსეთის ფედერაცია ანგრევს ადამიანების ცხოვრებას, რათა როგორმე ეს შეჩერდეს. როდესაც მთავრობის მეთაური საუბრობს ადამიანის უფლებებზე, არ ახსენებს ამ ადამიანების უფლებებს. ის არ ახსენებს იმ ქვეყანას, რომელიც ამ ადამიანების უფლებებს ანადგურებს ყოველდღიურად. ყველაზე საოცარი ისაა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი მის მიერ რუსეთის აშკარა ავაზაკური პოლიტიკის წაყრუებას, „პრაგმატულ პოლიტიკას“ ეძახის. სწორედ ამ პოლიტიკურ ინფანტილიზმზე გვსურს ვისაუბროთ დღევანდელ წერილში, რომელმაც საქართველოს კატასტროფული შედეგები მოუტანა.
საქართვლოს დამოუკიდებლობის ისტორიაში, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებს სრულიად სხვადასხვაგვარად იხილავდნენ საქართველოს მთავრობები. პრაქტიკულად არცერთმა მომავალმა ხელისუფლებამ და ასეთი სულ ოთხი (გამსახურდიას, შევარდნაძის სააკაშვილის და ივანიშვილის) იყო, შემდგომი ხელისუფლების პოლიტიკა არ გააგრძელა და მემკვიდრეობად არ აღიარა. ამ ოთხი ხელისუფლებიდან ორი (გამსახურდია და სააკაშვილი) რუსეთის წინააღმდეგ მკაცრ პოზიციას არჩევდა, თუმცა მათი პოლიტიკა აბსოლუტურად განსხვავებული იყო საგარეო მიმართებებთან დაკავშირებით. შემდგომი ორი (შევარდნაძე, ივანიშვილი) რუსეთთან "ურთიერთობების დალაგების" მომხრენი იყვნენ. აქედან ერთმა (შევარდნაძე) პრაქტიკულად სრული ფიასკო განიცადა და ქვეყნის სამართლებრივ პოლიტიკური მდგომარეობა კატასტროფამდე მიიყვანა. რაც შეეხება დღევანდელ ხელისუფლებას, მათ ზედმიწევნით შეასრულეს თავიანთი მთავარი დაპირებები, რომელიც წინასაარჩევნო პროგრამაში ჰქონდათ. მაგალითად განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი და ხელისუფლების მიერ განხორციელებული პოლიტიკის შედეგები საქართველოზე:
1. "საქართველოს ფაქტორი აღარ უნდა არსებობდეს დასავლეთსა და რუსეთს შორის წინააღმდეგობრივ საკითხთა ნუსხაში. საქართველო მზად უნდა იყოს, საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებით დაიწყოს დიალოგი რუსეთთან,რომლის მიზანიც იქნება არსებული კრიზისის ეტაპობრივი დაძლევის სტრატეგიის შემუშავება .
დღეს საქართველოს ფაქტორი საერთოდ აღარ არის დასავლეთსა და რუსეთს შორის წინააღმდეგობრივ საკითხთა ნუსხაში. საქართველომ უარი თქვა მოეხდინა საკუთარი ტერიტორიების ინტეგრაცია უკრაინის ტერიტორიულ პრობლემებთან, სადაც მსოფლიოს თანამეგობრობას უმწვავესი რეაქცია ჰქონდა და დაწესდა სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. საქართველო ამ სანქციებს არ შეუერთდა, რითაც პრაქტიკულად ირიბად აღიარა რუსეთის სტატუსკვო ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. დღეს საქართველოს საკითხი აღარ განიხილება მსოფლიო ტრიბუნებზე. ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, არის რუსეთ საქართველოს საკითხი, რაც იყო შევარდნაძის მართველობის დროს. ის წარმატება, რომ საქართველოს ოკუპაცია გახდა მსოფლიო თანამეგობრობის თემა, პრაქტიკულად წარსულს ჩაბარდა.
დღევანდელმა ხელისუფლებამ სრულიად გაუგებრად და თითქოს იმის იმედით, რომ რუსეთთან ეკონომიკურ კავშირებს მაინც აღადგენდა, სრული ფიასკო განიცადა. საქართველოდან რუსეთის ბაზარზე ღვინის ექსპორტი 60% შემცირდა, ხოლო საქართველოს ეროვნული ვალუტის დევალვაცია ყოველდღიურად მიმდინარეობს, რაც ეკონომიკას უდიდეს კრიზისში მიაქანებს. თუ ეს გაგრძელდა, წინ საბანკო იპოთეკური კრიზისია, რომელის სრულიად დამანგრეველ შედეგებს იქონიებს მრავალი მიმართულებით.

2. საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის, აშშ-ის მიერ საქართველო განიხილება რუსეთსა დასავლეთის ურთიერთობათა პრობლემურ, ნეგატიური მუხტის მატარებელ კომპონენტად. კონფლიქტების მოგვარების პროცესების განვითარება არ დგას დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკური დღისწესრიგის პრიორიტეტულ  საკითხთა  ჩამონათვალში."
აშშ და ევროკავშირი საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. შესაბამისად მათ მიერ საქართველოს პრობლემა აღქმულია როგორც თავისი პრობლემა. ამაზე არაერთი რეზოლუცია და განცხადება გაკეთებულა. საქართველოსთვის დასავლეთთან სტრატეგიული პარტნიორობა არის ის მთავარი კომპონენტი რომელიც ქმნის საქართველოს საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემას, ვინაიდან საქართველო არ არის ჯერ ნატოს წევრი. შესაბამისად მსგავსი დამოკიდებულება ჩვენ პარტნიორების მიმართ, ახალისებს რუსეთს, რომ განახორციელოს ზეწოლა საქართველოზე სწორედ მცოცავი ოკუპაციის მეშვეობით. მაშინ, როდესაც საქართველომ უნდა მოახდინოს რუსეთზე ზეწოლა მისი სტრატეგიული პარტნიორების ბერკეტებით, რაც შესანიშნავად იქნებოდა განხორციელებული თუ საქართველო მიუერთდებოდა უკრაინის საკითხს და სანქციების ნაწილში მონაწილეობას მიიღებდა. ე.წ. „პრაგმატული პოლიტიკით“ რუსეთთან საქართველომ მიიღო, მცოცავი ოკუპაციის გაუსაძლისი შედეგები. მიიღო ღვინის ექსპორტის 60%-ით  შემცირება, მიიღო  სავალუტო კრიზისი და მომავალში მიიღებს უფრო მძიმე კრიზისს თუ სასწრაფოდ არ შეცვლის თავის დამოკიდებულებებს და არ გადახედავს თავის პოლიტიკას რუსეთთან და არ გამოიყენებს საერთაშორისო ბერკეტებს მის წინააღმდეგ, ასევე არ მოახდენს თავისი ეკონომიკური კავშირების სრულ დივერსიფიკაციას დასავლეთში თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების სრული განხორციელების გზით.
საქართველო რუსეთთან აწარმოებს ე.წ. „პრაგმატულ პოლიტიკას“, რომელიც ერთგვარი პარადოქსია. მაგალითად, პარადოქსალურია, როდესაც რუსეთის ფედერაცია ჩვენს ტერიტორიაზე მის მიერ შექმნილ პრობლემების გადაწყვეტას ჩვენ გვავალებს და ჩვენც ვცდილობთ ამ პრობლემების მოგვარებას. ვარქმევთ მას სახელს - რუსეთთან "ურთიერთობის დალაგება", ვალაგებთ იმას, რაც თავად რუსეთმა აურია, იმის იმედით, რომ ვერასოდეს დაგველაგებინა და დავრჩენილიყავით მისი გავლენის სფეროში. ეს არის რუსული ლოგიკა, რომელიც ჩვენთვის პარადოქსია. ეს არის დღეს ე.წ. „პრაგმატული პოლიტიკა რუსეთთან“, რომელიც თავის თავსი სრულ გაურკვევლობას შეიცავს.
საქართველომ დღეს თავის პრობლემები სრულიად ამოიღო მსოფლიო დღისწესრიგიდან. მაშინ, როდესაც გაეროს ანსამბლეის ფარგლებში, აშშ პრეზიდენტი ბარაკ ობამა ხვდება რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს და განსახილველი დღის წესრიგი, როგორც ამერიკის ადმინისტრაცია აცხადებს იქნება უკრაინის საკითხი, ძალიან სამწუხაროა, როდესაც იქ საქართველოს თემაც არ არის გაერთიანებული.  საქართველოს, შეეძლო თავისი მართლა პრაგმატული პოლიტიკით უკრაინასთან ერთად განეხილა საქართველოს საკითხი, როდესაც ეს თემები ერთ გეოპოლიტიკურ ჭრილში იქნებოდა დასმული. თუმცა საქართველოს ხელისუფლებისთვის მიუღებელია მონაწილეობის მიღება მსოფლიო თანამეგობრობის დღის წესრიგის თემებში და ვიქრობთ, რომ ეს შეგნებული ნაბჯია, როგორც წინასაარცევნო პრგრამაშ იყო ეს აღნიშნული.
 ეს რომ ასეა ამას ადასტურებს ის გარემოება, რომ საქართველო, რომელიც გაცილებით ადრე დაზარალდა უკრაინასთან შედარებით, რუსეთის სანქციების არ უერთდება. ჩვენ რუსეთთან ასეთი ინფანტილური პოლიტიკით ვერ დავიცავით თავი და ამის დიდი გამოცდილება გვაქვს წინა წლებში, ედუარდ შევარდნაძის მეთაურობით. როდესაც რუსეთმა თავს მოგვახვია ორი კონფლიქტი, ხოლო შემდეგ ფაქტობრივად ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამშვიდობო ჯარები შემოიყვანა, რაც საერთაშორისო ხელშეკრულებით ისე გააფორმა, რომ მის დარღვევას კიდევ ერთი ომის გადატანა მოჰყვა.
            საქართველოს ხელისუფლების მიერ საქართველო-რუსეთის თემის მსოფლიო დღის წესრიგიდან ამოღება ხელს მხოლოდ რუსეთს აძლევს და მის მიერ 2008. ომის შემდეგ გაცხადებულ .. "ახალი რეალობის" დაფუძნებას ემსახურება, რომლის ინტეგრაციასაც რუსეთის ფედერაცია ცდილობს მსოფლიო თანამეგობრობაში. იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ხელისუფლება ამ პრობლემებზე არ ისაუბრებს, როგორც არ საუბრობს დღეს, რუსეთი საქართველოსთან მიმართებაში მიაღწევს იმას, რომ ეს თემები გახდება მხოლოდ ქართულ-რუსული თემები, ხოლო ქართული სახელმწიფო, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტი თავის იდენტობას დაკარგავს. ის ვერ განახორციელებს გეოპოლიტიკურ ჩართულობას მსოფლიო თანამეგობრობაში და რუსეთის ინტერესების სფეროში აღმოჩნდება. ამის უდიდესი საფრთხე დღეს უკვე არსებობს. ამისკენ შეგნებულად იდგმება ნაბიჯებიც. პრაქტიკულად ხდება საქართველოს იზოლაცია მსოფლიო თანამეგობრობიდან. ხდება საქართველოს ეკონომიკის მიბმა რუსეთზე, როგორც ეს მოხდა ღვინის ექსპორტის შემთხვევაში და კატასტროფული შედეგები გამოიწვია. ასევე ხდება საქართველოს გაზმომარაგების მიბმა რუსეთის ფედერაციაზე. ენერგეტიკის მინისტრი მოლაპარაკებებს აწარმოებს „გაზპრომთან“, მაშინ როდესაც აზერბაიჯანთან, რომელიც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია შესანიშნავი კონტრაქტები და ურთიერთობები არსებობდა წლების განმავლობაში.
            საქართველო იკეტება და იკეტება ძალიან საეჭვოდ. ერთი ეტაპი იყო საქართველოს პრობლემატიკის ამოღება მსოფლიო დღის წესრიგიდან და ვფიქრობთ გადავდივართ მეორე ეტაპზე, მოხდეს საქართველოს პოლიტიკურ ეკონომიკური დამოკიდებულება რუსეთზე. სხვას ვერაფერს ვუწოდებთ საქართველოს მთავარი ენერგეტიკის ვიზიტს „გაზპრომის“ შეფთან და პრემიერის მიერ გატარებულ ე.წ. „პრაგმატულ პოლიტიკას“ რუსეთთან.
            საქართველოს იზოლაცია პრაქტიკულად ახდენს ჩვენი უსაფრთხოების სიტემის რღვევას. უკვე დაგროვდა იმდენი გამოცდილება, რაც დღევანდელი ხელისუფლება მართავს ქვეყანას, რომ ვერ ჩაითვლება მთავრობის ე.წ. „პრაგმატული პოლიტიკა“ რუსეთთან ინფანტილიზმად. ეს ნამდვილად  შეგნებული ნაბიჯებია და მიუხედავად უარყოფითი შედეგებისა, რაც ქვეყანაში შექმნილ ფინანსურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში გამოიხატება ამ პოლიტიკის გადახედვა მაინც არ ხდება. ეს  შეგნებულ ნაბიჯები ქვეყანას ცალსახად აზარალებს.
            როდესაც ვსაუბრობთ პოლიტიკურ ინფანტილიზმზე ამ საკითხს სხვადასხვა კუთხიდან უნდა შევხედოთ. ერთი, იმ რეალობის გათვალისწინებაა, რაც საქართველოს აქვს რუსეთთან მიმართებაში, როგორც ოკუპანტ ქვეყანასთან, რომლის ინტერესებში არ შედის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ეკომიკური სიძლიერე. ამ შემთხვევაში ნებისმიერი პოლიტიკური ინფანტილიზმი უკვე პოლიტიკურ დანაშაულად მოგვევლინება, როდესაც ხედავ, რომ ე.წ. „პრაგმატულმა პოლიტიკამ“ რუსეთთან კატასტროფული შედეგები მოუტანა ქვეყანას, ხოლო პოლიტიკა არ იცვლება, რაც კიდევ უფრო ზრდის იმის რისკს, რომ რუსეთის გავლენა ერთის მხრივ გაძლიერდება როგორც გარედან მცოცავი ოკუპაციის სახით, მეორეს მხრივ პრორუსული ძალების ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ლეგიტიმური შემოსვლით და დამკვიდრებით.
საქართველომ უნდა  მოახდინოს მთავარი თემების (ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაცია, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პოლიტიკის წარმოება და რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება) დეკონსტრუქცია, ხოლო შემდეგ ამ საკითხებს მიუდგეს იმ თავისებურებებით, რაც მათ ახლავს, რომ არ მოხდეს ამ თემების პოლიტიკური ეროზია, როგორც ეს მოხდა შევარდნაძის მიერ 1992. 24 ივნისს დაგომისში და 1994. აგვისტოში მოსკოვში ხელმოწერილ ხელშეკრულებების დროს, რომლის საფუძველზედაც რუსეთი, გახდა სამშვიდობო მედიატორი მის მიერვე ინსპირირებულ კონფლიქტებში და პრაქტიკულად ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე. იმ პოლიტიკით საქართველომ წააგო როგორც იურიდიულ-სამართლებრივი ნაწილი რუსეთთან ასევე პოლიტიკური ნაწილი, ხოლო ამის შეცვლას საქართველოსთვის 2008. აგვისტოში დამანგრეველი შედეგები მოჰყვა. ეს გამოცდილება აუცილებლად გასათვალისწინებელია და საქართველოს ხელისუფლება ვალდებულია, რომ გააქტიუროს საქართველოს უმწვავესი გამოწვევები ყველა შესაძლო მაღალ ტრიბუნაზე. იბრძოლოს ყველა ბერკეტის გამოყენებისთვის, რაც მსოფლიო თანამეგობრობამ დაუწესა რუსეთს უკრაინასთან მიმართებაში, წინააღდეგ შემთხვევაში ეს არ იქნება პოლიტიკური ინფანტილიზმი, არამედ იქნება კლასიკური პოლიტიკური დანაშაული ქვეყნის წინაშე, რომლის გამოსწორებაც უდიდეს ძალისხმევასთან იქნება დაკავშირებული.

ირაკლი მარგველაშვილი


No comments: