Friday 13 November 2015

ხელისუფლების კრიზისი და მისი დაძლევის პერსპექტივა


მიშელ ფუკო, თავის ნაწარმოებში “სიტყვები და საგნები“ ამბობს, „კრიზისი ვერ დაიძლევა, თუ კრიზისში არ შეხვედი.“ ვფიქრობ ეს მოსაზრება ნიშანდობლივია დღეს საქართველოში შექმნილი შიდაპოლიტიკურ ვითარებაზე. თუ რატომ, ამაზე გვინდა სწორედ ვისაუბროთ.
NDI-ის გამოკითხვებმა საქართველოს შიდა პოლიტიკურ ველზე მდგომარეობა ძალიან გაართულა. ოპოზიციურმა პარტიის რეიტინგმა ხელისუფლების რეიტინგს გადაუსწრო, რასაც უმწვავესი რეაქცია მოჰყვა ხელისუფლების მხრიდან. გამოკითხვების შედეგები 2 საათის დადებული იყო, როდესაც უკრაინულ ვიდეო პორტალზე საქართველოში წამების ამსახველი კადრები გამოქვეყნდა. ეს იყო ათვლის წერტილი მოვლენებისა, რომელის საქართველოში ჩამოყალიბდება მომავალში, ანუ რაზე შეიძლება ორიენტირდეს ხელისუფლების რიტორიკა და როგორი განვითარება შესაძლოა მიეცეს პროცესებს. ხელისუფლება აირჩია ოპოზიციის ენმ-ს დისკრედიტაციის გაგრძელება. ხელისუფლება არ ცდილობს შეცვალოს რიტორიკული ველი. რომელიც დაფუძნებული იყო წინა ხელისუფლების დისკრედიტაციაზე. თითქმის მთელი ხელისუფლებაში ყოფნის დრო ამას დაუთმეს და სავარაუდოდ ამ რიტორიკით გავლენ არჩევნებზე. ეს კადრები რომ ხელისუფლების გავრცელებული იყო, ამაში დღეს ეჭვი არავის ეპარება, და ასევე გავრცელების მიზანი უფრო ფართო იყო, მოჰყოლოდა ამ ყველაფერს დიდი რისხვის დატეხა ენმ-ს თავს თუმცა მთელი ეს ორომტრიალი ვერ გასცდა საჯარო მოსამსახურეების მიერ ენმ-ს ოფისებზე თავდასხმებს, რატომღაც არსად სჩანდა მოქალაქეების რისხვა.
ხელისუფლებამ ამ კადრების საჯარო ჩვენებით, რომელიც მოეწყო თბილისსა და ზუგდიდში პრაქტიკულად გადაწყვიტა დიდი კრიზისის შექმნა. ეს განპირობებული გახდა იმით, რომ მისი რეიტინგი ძალიან დაბალია. კრიზისის კრიზისით დაძლევა პოლიტიკური ბრძოლის ერთერთი მეთოდია. ეს გამოიკვეთება მაშინ, როდესაც რომელიმე პოლიტიკური ძალა ქმნის პოლიტიკურ კრიზისს,  მეორე პოლიტიკური ძალის მიერ ხდება ამ კრიზისის კრიზისით გადაფარვა და შესაბამისად ორივე კრიზისის მართვა. ამ შემთხვევაში ხელისუფლება ცდილობს კრიზისს, რომელიც შეიქმნა მის გარშემო უფრო დიდი კრიზისი დაუპირისპიროს. ამიტომ სულაც არ იყო გასაკვირი, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრმა, რომელიც ამ ახალ მოძრაობას სათავეში უდგას, პრაქტიკულად მწვანე შუქი აუნთო სამოქალაქო დაპირისპირებას და მისი განცხადება გახდა მწვავე კრიტიკის მიზეზი არამარტო საქართველოში.
ამ კრიზისის შექმნას ორი მიზანი აქვს: ერთი, ენმ-ს დისკრედიტაციის რიტორიკის გარძელება, წამების ამსახველი კადრების საჯარო ჩვენებებით და მეორე, ტელეკომპანია რუსთავი2-ის კონტროლის ქვეშ აყვანა. პრემიერ-მინისტრი რომ ამ პროცესის სათავეში დგას ეს მის განცხადებებშიც კარგად გამოჩნდა.
მე მითხრეს, რომ თითქოს რუსთავი 2-ის მხარდამჭერები, რეალურად კი, ნაციონალური მოძრაობა, სადისტების მხარდამჭერები აპირებენ შეკრებას, ბავშვების მიყვანას და შემდეგ რაღაც პროვოკაციის მოწყობას. მე გაფრთხილებთ ყველას, რომ ნუ წამოეგებით ამ პროვოკაციებს. ბოლო შანსი გაქვთ თქვენ ყველას, ვგულისხმობ ნაციონალურ მოძრაობას, რომ საზოგადოებას ბოდიში მოუხადოთ და ყოველგვარ პროვოკაციას თავი დაანებოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ადამიანები მიიღებენ იმას, რასაც იმსახურებენ. არა მხოლოდ ხელისუფლებისგან, თუ კანონს გადავლენ, არამედ ხალხისგან. მათ მადლობა უნდა მოიხადონ იმისთვის, რომ ხალხმა ამ სამი წლის განმავლობაში ის არ გაუკეთა, რაც ხდება ამ ვიდეოებში. მე შეიძლება უხეშად გამოვდივარ, მაგრამ ისინი ამას იმსახურებენ. ჩვენგან დემოკრატიული მოქცევა და ადამიანური მოპყრობა მათ ვერ დააფასეს. (. ღარიბაშვილი)

განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც წამებს კადრები საჯაროდ გავრცელდა და ზუგდიდსა და თბილისში შუა ქუჩაში აჩვენებდნენ.  განცხადებაში ნათლად ჩანს, რომ ამ ყველაფერს პრემიერ-მინისტრი მეთაურობს და პრაქტიკულად ახდენს სამოქალაქო დაპირისპირების წახალისებას. შექმნილია სიძულვილის ენა, რომლის შემდეგ უკვე იწყება ფიზიკური აგრესია. სიძულვილის ენის შინაარსი არის ძალადობა. ეს არის იმის ფონი, რომ ხელისუფლებამ უფრო უმტკივნეულოდ შეძლოს ტელეკომპანია რუსთავი2-ის კონტროლზე აყვანა. ეს რომ ასეა, ესეც იგივე პრემიერ-მინისტრის სხვა განცხადებიდან ნათლად ჩანს.
რუსთავი 2-ის მფლობელის ვინაობა წლების განმავლობაში ჩვენთვის იყო აბსოლუტურად უცნობი. არც გვაინტერესებს არავის, ვისი არის ეს ტელევიზია, ან ვისი გახდება. ჩემთვის მთავარია ის, რომ ყველანაირი ტელევიზია მუშაობდეს საქართველოში. სამართალი უნდა აღდგეს. ჩვენ ვთქვით, რომ ეს არის დავა სააკაშვილსა და ტელევიზიის ყოფილ მფლობელს - ქიბარ ხალვაშს შორის.  (ი. ღარიბაშვილი)
პრემიერ-მინისტრს სტრიქონებს შორის გაურბის ყველა ის ინფორმაცია, რომელსაც კატეგორიულად უარყოფს. თუ დეტალებში გავშიფრავთ ამ განცხადებას მარტივად დავინახავთ, რომ ხელისუფლება პირდაპირაა ჩართული რუსთავი 2-ის პროცესებში. თუ ფრაზებს გადმოვაადგილებთ, პირდაპირ ხელისუფლების ჩარევას ვნახავთ ამ პროცესში: „ჩვენ ვთქვით, რომ ეს არის დავა სააკაშვილსა და ტელევიზიის ყოფილ მფლობელს - ქიბარ ხალვაშს შორის. და „სამართალი უნდა აღდგეს“. „ჩვენ შეგნებულად არ ჩავერიეთ ამ პროცესში, რომ არ მიგვეცა საბაბი იმის თქმის, რომ ჩვენ, ხელისუფლება ვცდილობთ, თავისუფალ მედიას ხელი შევუშალოთ. ეს არ მოხდება (ი. ღარიბაშვილი). მაშინ, როდესაც უკრაინულ „ვიკილიკსზე“ დაყრდნობით ხელისუფლება სახელმწიფო შეთქმულებისა და გადატრიალების მომზადების მუხლით საქმე აღძრა და რუსთავი2-ის გარშემო საპატრულო საქმიანობა დაიწყო, ასევე რუთავი2-ის მთლიანი პერიმეტრი ვიდეო კონტროლზე აიყვანა, რაც იმის ნათელი მინიშნებაა, რომ ხელისუფლება ძალიან ნერვიულობს რუსთავი2-ის ბედზე. უფრო მეტად ნერვიულობა ეტყობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ძალიან აღელვებული საუბრობდა აღნიშნულ თემებზე. მედია გარემო ძალიან სანერვიულოა ხელისუფლებისთვის. 
ყველა მედიასაშუალება არის მხოლოდ ნეგატივზე ორიენტირებული და მიყვებიან იმ ჯალათების, სადისტების დღის წესრიგს... მაგრამ მე მჯერა, რომ ეს არის დროებითი. თვითონ მედიასაშუალებებიც მიხვდებიან, რომ ასე გაგრძელება არ შეიძლება, მათი მუშაობის ხარისხიც დაიხვეწება და მიხვდებიან, რომ ხალხს აინტერესებს პოზიტივი, მეტი სიკეთე, ცვლილებები, პროგრესი, რომელიც ქვეყანაში ხდება“ (ი.ღარიბაშვილი).
ხელისუფლების აზრით მხოლოდ ტელევიზიებია დამნაშავე მათ 11 პროცენტიან რეიტინგში. ამ დროს სრულიად ამოვარდნილი აქვთ კონტექსტიდან ერთის მხრივ რეალურად ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი ეკონომიკური სიტუაცია, ლარის დევალვაცია, გაღარიბებული მოსახლეობა, გაძვირებული პროდუქტები და მედიკამენტები... მათი მიზანია შეცვალონ მედია გარემო და პრემიერს ჯერა, რომ ეს შეიცვლება, როგორ? ვინ შეცვლის? ქვეყნის ეკონომიკის აღორძინებას მოახდენენ? თუ მოსამართლე ურთმელიძე შეცვლის? ვფიქრობთ მეორეს იმედი უფრო აქვთ. საინტერესოა ერთი მთავარი მესიჯი, რომელიც ამ ყველა განცხადების კვინტესენციაა, პრემიერ-მინისტრის მესიჯი, რომ ნაციონალური მოძრაობას პოლიტიკაში ყოფნის მორალური უფლება არა აქვთ.
საქართველოში როდესაც მწვავდება პოლიტიკური ან ეკონომიკური პრობლემები, ტრადიციულად ინტერვიუს ართმევენ ბატონ ბიძინა ივანიშვილს. ასე მოხდა ეხლაც. როდესაც დაიდო პოლიტიკურ პარტიათა რეიტინგები და ხელისუფლებამ სცადა შეეყვანა კრიზისში სიტუაცია რამდენიმე დღეში გამოჩნდა ბიძინა ივანიშვილიც. თუ ყურადღებას მივაქცევთ მის განცხადებებს ნათელი გახდება, რომ მთელი ამ პროცესს სწორედ ბიძინა ივანიშვილი მართავს. მისი განცხადებები არაფრით განსხვავდება პრემიერ-მინისტრის განცხადებებისგან. ისიც ძალიან გაღიზიანებულია მედია გარემოზე. მისთვის სამი მედია საშუალებაა გამაღიზიანებელი ტელეკომპანია „რუსთავი2“, ტელეკმპანია „მაესტრო“ და გაზეთი „ქრონიკა +“. ზოგადად ცნობილია, რომ სწორედ მედია გარემოს ბრალია ხელისუფლების ძალიან დიდი არაპოზიტიურობა. მისი გამოსვლით უბრალოდ დადასტურდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები, სწორედ მისი ინტერესებთან თავსებადია. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები, რომელიც შოკის მომგვრელი იყო ყველასთვის ბიძინა ივანიშვილისგან შექებას იმსახურებს.
რაც შეეხება ჩემს პოზიციას ჩვენ რაც ვართ ეს ვართ საუკეთესო ნაწილია დღეს მთავრობაში, მაგრამ კიდევ უკეთესი უნდა შევარჩიოთ, კიდევ მეტი უნდა მოვთხოვოთ, მათაც უნდა დახვეწონ და გააუმჯობესონ არ იფიქროთ, რომ მე ვხატავ, რომ იდეალურია ირაკლი ღარიბაშვილი ან სხვა დანარჩენი მთავრობის წევრები. კარგია რაც ჩვენ გვყავს დღეს და ეს არის ჩვენი რეალობა.“ (ბ. ივანიშვილი)
 ამ ფრაზიდან ნამდვილად ეტყობა მისი ხელი შექმნილ პროცესებს. ვერც ის ფლობს სოფისტიკის მეთოდებს ისე მძლავრად, რომ საკუთარი გამიჯვნა მოახდინოს ამ პროცესებიდან. ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუში სამი ძირითადი თემა გამოიკვეთა, საქართველოს პრეზიდენტის მიმართ პრობლემა, ნაციონალური მოძრაობის პრობლემა და მედია საშუალებები, რომელიც ძალიან აღიზიანებს.
ყოფილი პრემიერი მკაცრია წამების კადრების გავრცელების მიმართ: „თუ დამტკიცდება და არის ეჭვები, რომ ვიღაც მთავრობის წევრმა ამაში მიიღო მონაწილეობა, გარწმუნებთ, რომ რეაქცია იქნება ადეკვატური. გავრცელება მაქვს მხედველობაში... და დღეს, ენმ-ის მცდელობით, ამ სიცრუის მანქანის მცდელობით ძირითადი აქცენტი მიდის იმაზე, რომ ყველაზე დიდი დანაშაულია წამების კადრების გავრცელება და არა ის, რაც შიგთავსია“. (ბ. ივანიშვილი) ამ დროს ზუგდიდის გამგებელი პირდაპირ ქუჩაში აჩვენებდა აღნიშნულ კადრებს, ასევე სხვადასხვა ჯგუფები, რაზედაც გამოძახებულ პოლიციას რეაგირება არ ჰქონდა. ეს კარგად აჩვენებს თავად პოლიტიკური პროცესის მიზანზე, რომ როგორმე მოხდეს ორი მიზნის მიღწევა, ძალადობრივი ენის შენარჩუნება და აგრესია ნაციონალურ მოძრაობაზე. ასევე რუსთავი2-ის პროცესის უმტკივნეულო დასრულებაზე, რომ დღევანდელ მფლობელებს ჩამოართვან რუსთავი2-ში წილები. ფიქრობენ, რომ ეს არის ერთადერთი საშუალება, რითაც მათი რეიტინგი აიწევს. რომ საქართველოში მედია სივრცის შეცვლა ხელისუფლების პოზიტივზე გააკეთებს სწორებას, რომელიც რუსთავი2-ის მიერ არის ჩაკარგული.
ყოფილი პრემიერი ვერ ამჩნევს, რომ მისი განცხადება პირდაპირ შეიცავს მის მიერ რუსთავი2-ის პროცესში მონაწილეობას.
რაც მთავარია და რაზეც ესენი ტირიან, იხურება, იხურებაო, არსად არავის არ უთქვამს, რომ იხურება, რამდენჯერმე წავიკითხე ხალვაშის განცხადება, რომ პირიქით, არავითარი დახურვა. მაინცდამაინც დახურვა, იმიტომ რომ გარედან მეგობრების დახმარება უნდათ, შიგნით მხარდამჭერები ცოტა ჰყავთ, ახლა ამ ხალხს რასაც აგროვებენ, აგროვებენ და გარედან მხარდაჭერა უნდათ მაქსიმალური. (ბ. ივანიშვილი)

ამაზე მუშაობენ ნაციონალური მოძრაობის წევრები, რომ გარედან აჩენენ ეჭვებს და ჩვენს მეგობრებს არ აქვთ არც იმის დრო და არც სურვილი, რომ ახლა რეალობაში ჩავიდნენ - რა ხდება რუსთავი ორის ირგვლივ. აწვდიან ესენი ინფორმაციას, ღებულობენ, ეს ინფორმაციის მასა მიდის, ჩვენგან მიდის ნაკლები ინფორმაცია და არიან გაწვალებულ დღეში.„(ბ. ივანიშვილი)

მაგათი აჟიოტაჟი [რუსთავი 2-ზე] თვითონ მათ პოზიციებს ასუსტებს ძალიან. რატომ არიან ასეთ ისტერიკებში, რა ხდება? რაღაც ეშლებათ, რაღაცა ცუდად აქვთ, რაღაც ნაძარცვის შენარჩუნებას ხომ არ ცდილობენ? რატომ არიან ასეთ ისტერიკებში? რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, საზოგადოებისთვის, რუსთავი ორი...“ (ბ. ივანიშვილი)
 სამაგიეროდ ალტერნატივას სთავაზობს საზოგადოებას რუსთავი 2-ის მაგივრად ტელეკომპანია „ტაბულას“ უყურეთო.  
როგორც არ უნდა გადაწყდეს რუსთავი 2-ზე დავა, ნურავის ნუ აქვს ილუზია, რომ ნაციონალური მოძრაობა ვერ მოახერხებს, თავისი ემოციები საზოგადოებაში გამოიტანოს. მათ რიგი აქვთ გამოცემების - აქვთ ტაბულა.
ტექსტები, საუბარი, მასში გაქცეული აქცენტები დიდ წილად მოიცავს სრულ კონტექსტს იმ პროცესებისა, რომელიც ჩაფიქრებული ან დაგეგმილია. ამიტომ პრემიერ-მინისტრის და ყოფილი პრემიერის განცხადებებში (წერილობით ტექსტში), ნამდვილად ჩანს თითქმის დაუფარავად მათი მთავარი მიზანი, რომ რუსთავი2-ზე კონტროლს მიაღწიონ. ვერ გასჭრის ვერავითარი მტკიცება, რომ მათ არ აქვთ ამის მიზანი, ამაზე ბევრი რამ მოწმობს, სასამართლო პროცესები, იუსტიციის სამინიტროს ქმედებები... თუ ამ ყველაფერს აუდიო ხერხით მოვუსმენთ, აშკარაა რომ პრემიერ-მინისტრიც და ყოფილი პრემიერიც ძალიან გაღიზიანებული საუბრობენ ამ თემაზე.
სწორედ ამის გამო, დღეს ძალიან დიდი საფრთხის წინაშეა საქართველოს მედია გარემო. შესაბამისად ძალიან დიდი საფრთხის ქვეშაა დემოკრატიის ხარისხი. ხელისუფლება ჩიხშია. ჩიხიდან გამოსავალი მხოლოდ უკან დახევაა. უკან დახევა რეიტინგის კიდევ უფრო მეტი დაკარგვაა. ამიტომ ხელისუფლება ქმნის კრიზისს, რომელსაც თვლის რომ გაუმკლავდება. იმ შემთხვევაში, როდესაც პოლიტიკური პარტია ახდენს სიტუაციის კრიზისში შეყვანას, მან სიტუაცია უნდა მართოს, ან ისე მაინც უნდა მოიქცეს, რომ თავის შექმნილ კრიზისზე მანიპულირების საშუალება არ მისცეს სხვა პოლიტიკურ ძალას. ეს მოხდება ერთ შემთხვევაში, როდესაც კრიზისის შემქმნელი პოლიტიკური ძალა, მოახერხებს და არ დატოვებს შემოთავაზებული პოლიტიკური თამაშის საზღვრებს. დღეს ხელისუფლება სწორედ ამ წითელ ხაზებს კვეთავს. დღეს აშკარაა, რომ  ხელისუფლება ვა ბანკზე მიდის.
უნდა ითქვას, რომ სიძულვილის ენამ, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ძალიან ახალისებს, რიტორიკული კრიზისი აშკარა გახდა. შესაბამისად აუცილებელი იქნება ხელისუფლებამ გადააწყოს საკუთარი რიტორიკა. სახეზეა ხელისუფლების მიერ რეალობის არაადეკვატურად შეფასება, რომელიც თავის შედეგებს აუცილებლად გამოიღებს. შექმნილი კრიზისი დიდი ალბათობით ხელისუფლებისთვის ისეთი ბუმერანგის ეფექტს გამოიწვევს, რომლის გაძლებაც ხელისუფლებას ძალიან გაუჭირდება, როგორც შიდა ფრონტზე, ასევე საგარეო მიმართულებითაც.

ირაკლი მარგველაშვილი


No comments: