Saturday 15 November 2008

წარსულის გაკვეთილები და გაუცნობიერებელი გამოცდილება

წარსულის გაკვეთილები და გაუცნობიერებელი
გამოცდილება


ბევრი დაიწერა აფხაზეთის საკითხზე, კიდევ ბევრი დაიწერება, მაგრამ ვფიქრობთ აუცილებელია შევისწავლოთ საკითხი პოლიტიკურ, სამართლებრივ, ისტორიულ და ფსიქოლოგიურ პლანში და ამის შემდეგ დავიწყოთ რეალური ნაბიჯების გადადგმა. რა თქმა უნდა ძნელია გააკეთო შეფასება აფხაზეთში 1992-1993 წლებში განვითარებულ მოვლენებზე.
შეიძლება ითქვას, რომ არსებობდა აფხაზეთის კონფლიქტის წარმოშობის როგორც სუბიექტური, ასევე ობიექტური მიზეზები. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ იმ წლებში ალბათ, ყველაზე საუკეთესო შესაძლებლობა იყო გადაგვეწყვიტა აღნიშნული საკითხი. ეს იყო შესაძლებლობა, როდესაც აფხაზებს და ქართველებს შეეძლოთ გარკვეულწილად დამოუკიდებლად მოელაპარაკებინათ და მიეღწიათ რაღაც შეთანხმებისათვის, მაგრამ არ არსებობდა ამის სურვილი.
ამიტომ არსებობს კითხვები და ამ კითხვებზე გაუცემელი პასუხები. ჩვენი აზრით აუცილებელია შეფასება იმ პოლიტიკური მოვლენისა, რომელსაც ~აფხაზეთის ომი~ ჰქვია, ზოგადად აფხაზეთის საკითხი, 1992წ. 6 იანვრიდან 1993წ. 30 სექტემბრამდე. დღეს საქართველოში მეოთხე მოწვევის პარლამენტი მუშაობს, უზენაესი საბჭოს ჩაუთვლელად და არცერთ პარლამენტს არ შეუქმნია საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლიდა აფხაზეთის ომის დაწყების, ამ ომში დამარცხების საკითხებს.
ვფიქრობთ არ შეიძლება, რომ ასეთი სახის პრობლემაზე არ გაკეთდეს პოლიტიკური შეფასება და ცდილობდე პრობლემის გადაწყვეტას? განა შეიძლება ისტორიიდან ამოგლიჯო რაღაც, რაც ისტორიას ეკუთვნის? ზუსტადაც ისტორიიდან ამოგლეჯაა აფხაზეთის ომისათვის, პოლიტიკური შეფასების მიუცემლობა. როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე, სანამდე ამ ომის დამწყები პიროვნებები ცოცხლები არიან? არადა ამ შეფასების გარეშე, საკითხი არ დაიძვრება. ჩვენ აფხაზები არც დაგველაპარაკებიან. ეს მკაცრი სინამდვილეა, რომელსაც თვალის გასწორება უნდა, რომელსაც პოლიტიკური ნება სჭირდება.
აფხაზებმა შეაფასეს ეს ომი და მათთვის ის სამამულო ომი იყო, რომელშიც გაიმარჯვეს. ადეკვატურია მათი შემდეგი ნაბიჯები. ისინი საუბრობენ გამარჯვებულის პოზიციიდან.
რა იყო საქართველოსთვის ეს ომი, შეცდომა, თუ იძულებითი ნაბიჯი. თუ შეცდომა იყო, რატომ არ ისჯებიან ის პიროვნებები, ვინც ომი დაიწყო. ვინც ნებით თუ უნებლიეთ ხელი შეუწყო საქართველოს მოქალაქეების (ორივე მხრიდან) გენოციდს აფხაზეთში.
თუ ომი იძულება იყო, ვის მიერ იყო თავსმოხვეული ეს ომი საქართველოსთვის. ვინ შეუკვეთა ომი და ეს შეკვეთა ხომ არ მოდიოდა იმ ინერციით, რაც საქართველოში ომის დაწყებამდე 7-8 თვით ადრე მოხდა, მხედველობაში გვაქვს 1991-1992 წლების სახელწიფო გადატრიალება. რატომ მოხდა საქართველოს უმაღლესი მთავარსარდლობის მიერ ომში დამარცხება, რომელსაც მოჰყვა უმძიმესი შედეგები. რა წინაპირობები იყო შექმნილი, რომ ეს მარცხი გვეწვნია.
ეჭვგარეშეა, რომ ომის დაწყებას ჰქონდა იურიდიული წინაპირობა. ამ შემთხვევაში აუცილებელია განვიხილოთ ის სამართლებრივი მდგომარეობა რომელიც შეიქმნა აფხაზეთსა და საქართველოს შორის სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ. კერძოდ, 1992 წ. თებერვალში სამხედრო საბჭომ გააუქმა საქართველოს მაშინ მოქმედი 1978 წლის (შესწორებული) კონსტიტუციის და გამოაცხადა 1921წ. კონსტიტუციის აღდგენა, რაც შესაძლოა ითქვას აბსოლუტური იურიდიული ნონსესი იყო. ეს განახორციელა ე.წ. სამხედრო საბჭომ კიტოვანის, იოსელიანის და სიგუას შემადგენლობით. მიუხედავად იმისა, რომ ამ დეკლარაციაში აღნიშნული იყო აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების სტატუსი არსებული რეალობის გათვალისწინებით, ამ დოკუმენტს აკლდა ყოველგვარი სამართლებრივი ლეგიტიმაცია.
პრაქტიკულად საქართველო იმის გარდა, რომ დარჩა კანონიერი ხელისუფლების გარეშე, დარჩა ძირითადი კანონის გარეშეც, სადაც დაფიქსირებული იყო საქართველოს ტერიტორიული მოწყობა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი. აღნიშნული ქმედებით შესანიშნავად ისარგებლა ვლ. არძინბას ხელისუფლებამ. 1992წ. 23 ივლისს გამოაცხადა 1925 წლის აფხაზეთის კონსტიტუციის ამოქმედება. საფუძველი იყო შემდეგი: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა 1921 წ. კონსტიტუციაში ~საერთოდ არ იყო მითითებული~ (თუმცა მითითებული იყო 107-ე მუხლში, მაგრამ არ იყო განსაზღვრული იურიდიული სტატუსი). შესაბამისად ~გაწყდა~ იურიდიული ურთიერთობა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკასა და საქართველოს რესპუბლიკას შორის. 1978წ. კონსტიტუციის გაუქმებით შეიქმნა სამართლებრივი ვაკუუმი. ვინაიდან არ არსებობდა სხვა იურიდიული აქტი გარდა გაუქმებული კონსტიტუციისა, რომელიც მოაწერსრიგებდა საქართველოს ტერიტორიულ მოწყობას და ეს იურიდიულად სწორი მოსაზრებაა. ნურავინ იტყვის, რომ ის კონსტიტუცია უკანონო იყო, ვინაიდან დღესაც მოქმედებს საქართველოში 1973წ. მიღებული შრომის კანონთა კოდექსი, და 1984წ. მიღებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, სათანადო შესწორებებით.
უნდა ვაღიაროთ, რომ ეს იყო იურიდიული შეცდომა საქართველოს მხრიდან და პრაქტიკულად ომის დასაწყისისათვის მზადება. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის გარემოება, რომ თავად სამხედრო საბჭოს დოკუმენტში იქნა გათვალისწინებული არსებული რეალობა (სტატუსი) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკასთან დაკავშირებით, კერძოდ, დეკლარაციაში არსებობდა დათქმა, რომ დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი რჩებოდა იგივე რაც განსაზღვრული იყო 1978წ. კონსტიტუციით. ისმის კითხვა რატომ გახდა საჭირო ეს ჩაწერილიყო სამხედრო საბჭოს 1992წ. თებერვლის დეკლარაციაში?
შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ დოკუმენტის მიღების შემდეგ მოვლენების განვითარებაზე დაახლოებით იყო ნაფიქრი, მაშინ რა საჭირო იყო ამ ყველაფრის გაკეთება და აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმისათვის კარტბლანშის მიცემა? მითუმეტეს, რომ 1921წ. კონსტიტუციის აღდგენით არ აღდგენილა ამ კონსტიტუციაში მითითებული სახელმწიფო სტრუქტურები და წყობა, მას არ მოჰყოლია სხვა სამართლებრივი შედეგები, გარდა აფხაზეთის სამართლებრივი პრობლემისა.
1992წ. 12 აგვისტოს აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ, კერძოდ ვლ. არძინბამ მიმართა საქართველოს სახელმწიფო საბჭოს, სადაც ის აღნიშნავდა, რომ 1921წ. კონსტიტუციის აღდგენით აფხაზეთსა და საქართველოს შორის შეიქმნა იურიდიული ვაკუუმი და საჭირო იყო ამ ორი სახელმწიფოს შორის ურთიერთობები მოწესრიგებულიყო სახელშეკრულებო საფუძველზე. რასაც ქართული მხარის მიერ პასუხი არ მოჰყოლია. უბრალოდ დაიწყო საომარი მოქმედებები, შემდეგი მიზეზით, უნდა დაგვეცვა რკინიგზა. შესაძლოა გვითხრან, რომ საქართველოს ტერიტორიაზე შეეძლოთ ქართულ შეიარაღებულ ძალებს გადაადგილებაო, რა თქმა უნდა, მაგრამ ნორმალურ სახელმწიფოში, სადაც არსებობს რეგულარული ჯარი და კანონიერი ხელისუფლება. 1992წ. 14 აგვისტოს როგორი სამხედრო ფორმირებები გვყავდა, ალბათ ამაზე კამათი არ ღირს და როგორ დაიცვეს ამ სამხედრო ფორმირებებმა აფხაზეთის ტერიტორიაზე რკინიგზა ესეც არაგვგონია საკამათო იყოს.
შესაძლოა შეგვეკამათონ და გვითხრან, არძინბას ხელისუფლების მხრიდან ეს თითიდან გამოწოვილი საკითხი იყო, რომლითაც ისარგებლა მოცემულ მომენტში. რა თქმა უნდა თითიდან გამოწოვილი იყო, მაგრამ ამ შემთხვევაში დგება მეორე საკითხი. რა ორგანო იყო სამხედრო საბჭო, რომელსაც შეეძლო თავისი 1992წ. თებერვლის დეკრეტით გაეუქმებინა საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია? რამდენად ჰქონდა ამ დეკლარაციას იურიდიული ძალა? იმ შემთხვევაში თუ მივიჩნევთ, რომ არძინბას რეჟიმის მიერ არაკანონიერი იყო 1921წ. კონსტიტუციის აღდგენის შემთხვევაში საქართველოსა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის სამართლებრივი ვაკუუმის წარმოშობა, შესაბამისად მივდივართ კიდევ ერთ უმნიშვნელოვანეს საკითხამდე, კერძოდ, უნდა შეფასდეს 1991-92წ. სამხედრო გადატრიალება და პოლიტიკურ- სამართლებრივი შეფასება მიეცეს სამხედრო საბჭოს მიერ მისი მოქმედების პერიოდში გამოცემულ სამართლებრივ აქტებს. წინააღმდეგ შემთხვევაში 1992წ. 6 იანვრიდან 1992წ. 14 აგვისტომდე და შესაძლოა ითქვას დღემდე, საქართველოსა და აფხაზეთს შორის ურთიერთობა სამართლებრივ ვაკუუმშია მოქცეული. ფაქტია, რომ სამხედრო საბჭოს აღნიშნულმა სამართლებრივმა აქტებმა წარმოშვეს იურიდიული პრობლემა, რომელმაც ომამდე მიგვიყვანა და სეპარატისტულ რეჟიმს მისცა საშუალება შეექმნა იურიდიული ბაზისი თავისი მოქმედებებისათვის. დღეს მოქმედი კონსტიტუციაც ვერ აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიულ მოწყობას საქართველოს ტერიტორიაზე ერთიანი სამართლებრივი სივრცის შექმნამდე. შესაბამისად დღეს მოქმედი კონსტიტუცია ირიბად აფიქსირებს სამხედრო საბჭოს მიერ 1992წ. დეკრეტით 1978წ. კონსტიტუციის გაუქმებას და გრძელდება საქართველოს კანონმდებლობაში ის სამართლებრივი ვაკუუმი აფხაზეთთან მიმართებაში, რომელიც ამ დეკრეტის შემდეგ წარმოიშვა, მაშინ, როდესაც 1978წ. კონსტიტუციაში აღნიშნული საკითხი მოგვარებული იყო, ანუ საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის, როგორც ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი განსაზღვრული იყო. საუბარი გვაქვს მხოლოდ იურიდიულ ნიუანსებზე და არა ფაქტობრივ მდგომარეობაზე.
აბსოლუტურად გაუგებარია 1992წ. სამხედრო საბჭოს თებერვლის დეკრეტის სამართლებრივი მნიშვნელობა. აღნიშნულმა დეკრეტმა პრაქტიკულად შექმნა იურიდიული მარცხი აფხაზეთთან მიმართებაში, რაც შემდგომში განვითარებული მოვლენების წინაპირობა იყო. ამიტომ არის აუცილებელი 1991-92 წლების, როგორც სამხედრო გადატრიალების, ასევე აფხაზეთის ომის და ამ ომის დაწყების პოლიტიკურ-სამართლებრივი შეფასება.
რატომღაც დღესაც არ არსებობს პოლიტიკური ნება, რათა საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი. რამ გამოიწვია აფხაზეთის ომი, რა სამართლებრივი წინამძღვრები ჰქონდა ამ ომს, შეფასდეს თავად ომის პერიოდში განვითარებული მოვლენები, რამ გამოიწვია მარცხი, და რა შეცდომები დაუშვა საქართველოს უმაღლესმა მთავარსარდლობამ, რომელმაც საშინელი შედეგი მოიტანა. განხორციელდა ქართველი და აფხაზი ხალხის გენოციდი და ამ ხალხის ~სისხლი ცაში ღმერთს შეშჩუხჩუხებს და სამართალს ითხოვს~. ეს სამართალი უნდა დადგინდეს. უნდა დაისაჯოს ყველა ვინც დასასჯელია. უნდა დადგეს ყველა იმ პირის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც დაუშვა ეს ომი, როგორც იურიდიულად ასევე ფაქტობრივადაც.
უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადად აბსოლუტურად მართალია მოსაზრება, რომ აფხაზეთის კონფლიქტის წარმოშობაში დიდი დაინტერესება რუსეთის მხარესაც ჰქონდა. შესაბამისად ადვილი სავარაუდო იყო, რომ თუ აფხაზეთის ტერიტორიაზე დაიწყებოდა საომარი მოქმედებები, რუსეთი კონფლიქტში ჩაურევლობის განცხადებების ფონზე აუცილებლად ჩაერეოდა ამ ომში, რაც განახორციელა კიდევაც. მეტიც ის ფაქტობრივადაც დაფიქსირდა ამ ომში, როგორც ჩრდილოეთ კავკასიის კონფედერაციის სახით, ასევე რეგულარული საზღვაო სამხედრო და საავიაციო ძალების სახით. აფხაზეთის ხელში ჩაგდებით რუსეთი დღესაც აკონტროლებს კავკასიის გეოპოლიტიკურ სივრცეს და ჩვენს შეცდომას დღესაც წარმატებით იყენებს.
ამიტომ ვფიქრობთ, რომ აუცილებელია შეცდომებს (ან იძულებას), რომელზეც ზემოთ ვსაუბრობდით მიეცეს პოლიტიკურ-სამართლებრივი შეფასება. ამ შემთხვევაში უნდა დადგინდეს, თუ ქართულმა მხარემ დაუშვა შეცდომა, რატომ და რა მიზეზით მოხდა ეს ყველაფერი? ასევე უნდა დადგინდეს თუ ქართული მხარის მიერ ეს იყო იძულებით გადადგმული ნაბიჯი, რა გარემოებები არსებობდა ამ ნაბიჯის გადადგმისათვის.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ზ. გამსახურდიას მიერ აფხაზეთის საკითხის მოწესრიგებისათვის მიღებული იყო რიგი ღონისძიებები. კერძოდ 1991წ. ზაფხულში მიღებულ იქნა კომპრომისული კანონი აფხაზეთის უზენაესი საბჭოს არჩევნების შესახებ, რომელზედაც მუშაობდა ცნობილი იურისტი, დოქტორი ლევან ალექსიძე.
მოგვიანებით 1992წ. 6 იანვრიდან აღნიშნულ კანონს ეწოდა ~აპარტეიდული~ კანონი, თუმცა აღნიშნული კანონით საქართველომ თავიდან აიცილა იმჟამად სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთის სეპარატისტულ რეჟიმთან. ანუ კონფლიქტი დროებით მოწესრიგდა. მითუმეტეს რომ 1989 წელს სახეზე გვქონდა შეიარაღებული დაპირისპირება, სადაც 17 საქართველოს მოქალაქე დაიღუპა, 11 ქართველი 5 აფხაზი და ერთი ბერძენი, ხოლო ოთხასამდე ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო.
1991წ. საარჩევნო კანონით აფხაზებს არ ჰქონდათ საშუალება მიეღოთ საკონსტიტუციო გადაწყვეტილებები, ანუ ვერ აგროვებდნენ კვორუმს საკონსტიტუციო ცვლილებებისათვის. დაწყებული სამხედრო გადატრიალებიდან შეცდომები აფხაზეთის საკითხთან მიმართებაში გახშირდა. გარდა 1992წ. თებერვლის დეკლარაციისა, რომლითაც გაუქმდა საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია, 1992წ. 25 მაისიდან აფხაზეთის უმაღლესი საბჭო დატოვა ქართულმა დეპუტაციამ, რომლებიც 26 კაცის შემადგენლობით იყვნენ უმაღლეს საბჭოში. ეს სხდომა ბოლო სხდომა იყო, რომელსაც ქართველი დეპუტაცია დაესწრო. მოხდა აფხაზეთის კონფლიქტის ესკალაცია, როგორც იურიდიულად, ასევე ფაქტობრივად და მოხდა მხარეების (აფხაზები და ქართველები) პოზიციების რადიკალური პოლარიზაცია, რასაც მოჰყვა საქართველოს პოლიტიკური კოლაფსი. რატომ განხორციელდა ეს ქმედება დღემდე ბურუსითაა მოცული. რა პოლიტიკური შედეგი მოიტანა ქართული დეპუტაციის მიერ აფხაზეთის უზენაესი საბჭოს ბოიკოტმა გაუგებარია, მითუმეტეს რომ სწორედ ქართული დეპუტაციის მიერ უმაღლესი საბჭოს დატოვების შემდეგ მოახერხა არძინბამ საკონსტიტუციო გადაწყვეტილებების მიღება აღადგინა 1925წ. აფხაზეთის სს რესპუბლიკის კონსტიტუცია.
შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ საქართველოს იმჟამინდელი სახელმწიფო საბჭოს მიერ ყველა ნაბიჯი გადაიდგა ომისაკენ და მთელი 7-8 თვის განმავლობაში არავის ჰქონია სურვილი მომხდარიყო მოლაპარაკება, თუნდაც უშედეგო, მაგრამ არ მივსულიყავით ომამდე. ამის სურვილი ნაკლები იყო მაშინდელ სახელმწიფო საბჭოში.
სიტუაცია დაიძაბა როგორც თბილისში, ასევე აფხაზეთში ადგილობრივი ქართველი პოლიტიკური ფიგურების მიერ. მიზეზი ბევრი იყო. სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ საჭირო იყო დევნილი პრეზიდენტის მომხრე ძალების განეიტრალება, რასაც თბილისშიც და შემდეგ სამეგრელოშიც მოჰყვა ეგზეკუციები.
შეიძლება ითქვას აფხაზეთში ქართული მოსახლეობის დიდი ნაწილი მხარს უჭერდა დევნილ პრეზიდენტს. სწორედ ამით უნდა აიხსნას სახელმწიფო საბჭოს და მისი თავმჯდომარის მიერ აფხაზეთის საკითხის აბსოლუტური იგნორირება. ყველაფერი გადაწყდა ვიწრო პოლიტიკური კლანის ინტერესების შესაბამისად. ხელისუფლების შენარჩუნების მცდელობამ მეორე ხარისხოვანი გახადა სახელმწიფოს პოლიტიკური ინტერესები ასეთ უმნიშვნელოვანეს რეგიონში, სადაც ყველასთვის ცნობილი იყო, რომ ჩვენს დიდ მეზობელს საკმაო სამუშაო ჰქონდა ჩატარებული ათწლეულების განმავლობაში სეპარატიზმის გაღვივებისათვის, რაც კარგად ჩანს მათ მიერ დაწერილ პოლიტიკურ-ისტორიულ მასალებში, რომლითაც დღეს სავსეა აფხაზურ-რუსული ინტერნეტ საიტები.
მაშინდელ ქართულ პოლიტიკურ ელიტაში ომისათვის მზადება რომ მიმდინარეობდა, და გამორიცხული რომ იყო კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება ეს შეიძლება დავინახოთ მოვლენების შემდეგ ქრონოლოგიაში: სამხედრო გადატრიალების შემდეგ თბილისში დევნილი პრეზიდენტის მხარდამჭერი მასობრივი მიტინგების დახვრეტა, სამეგრელოში დევნილი პრეზიდენტის მომხრეების მასობრივი განადგურება და ძარცვა, 1992წ. თებერვლის სამხედრო საბჭოს დეკლარაცია 1978წ. კონსტიტუციის გაუქმებაზე და 1921წ. კონსტიტუციის აღდგენა, სამხედრო საბჭოს ძალების გადაადგილება აფხაზეთში 1992წ. თებერვალ-მარტში დევნილი პრეზიდენტის მხარდამჭერების დასასჯელად, 1992წ. მარტი-აპრილის სადამსჯელო ღონისძიებები სამეგრელოში მეორედ, 1992წ. 25 მაისს ქართველი დეპუტაციის მიერ აფხაზეთის უზენაესი საბჭოს დატოვება, რომელიც მითითების გარეშე ვერ მოხდებოდა, 1992წ. 14 აგვისტოს სახელმწიფო საბჭოს შენაერთების გადაადგილება აფხაზეთში და ომის დაწყება, 1992წ. 15 აგვისტოს სახელმწიფო საბჭოს სხდომაზე შევარდნაძის გამოსვლა, სადაც ის ამბობს: როგორც ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, ჩვენ არაფერზე არ შევჩერდებით. ამიტომ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ მოვკვდეთ თავად, მაგრამ გავანადგუროთ ყველაფერი, რაც შესაძლოა იყოს ჩვენი სახელმწიფოს გაყოფის მიზეზი.
აი ეს არის ქრონოლოგია მოვლენებისა, რომლმაც აფხაზეთში ომამდე მიგვიყვანა. ამიტომ ამ საკითხებს უნდა მიეცეს პოლიტიკურ სამართლებრივი შეფასება. ასევე უნდა შეფასდეს და გამოძიებულ იქნეს თავად ომის მიმდინარეობის დროს საქართველოს უმაღლეს მთავარსარდლობის მოქმედებები, რამაც გამოიწვია ქართველი და აფხაზი ხალხის გენოციდი. აღნიშნული საკითხების მოგვარება ვფიქრობთ ხელს შეუწყობს კონფლიქტის მოგვარებას, არა მხოლოდ პოლიტიკური კუთხით, არამედ წმინდა ადამიანური კუთხით, რამეთუ საუბარი არის დევნილების დაბრუნებაზე და აფხაზი და ქართველი ხალხის მომავალ თანაცხოვრებაზე. დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ აფხაზი ხალხიც ელოდება საქართველოსგან ამ საკითხის შეფასებას, რაც აუცილებელია, რათა გაირკვეს ამ ორი ხალხის ურთიერთობები და ეს უნდა მოხდეს სწორედ ქართველების და აფხაზების მიერ. ვერცერთი გარე ძალა ამ საკითხს ვერ გადაწყვიტავს. უნდა დაიწყოს რეალური ქმედებები, მხოლოდ იმ პირობით, რომ ჯერ გავიგოთ, შევაფასოთ რა მოხდა, რამ გამოიწვია კონფლიქტი და შემდეგ ვიზრუნოთ კონფლიქტის მოგვარებაზე.


ირაკლი მარგველაშვილი

27.12.04წ.

No comments: