Saturday 15 November 2008

"ქართლის ცხოვრება მარად იგივეში" კარიბჭე მეორე, გეოპოლიტიკა

გრძელდება ჩვენი წერილი ~ქართლის ცხოვრება მარად იგივეში~. როგორც მოგახსენეთ წერილი მოვიდა ფოსტით და იძულებული ვართ მივიღოთ იგი. გამოგზავნილია მხოლოდ ერთი წერილი ჟამთააღმწერელის მიერ, მაგრამ იგი მრავალგვერდიანია. წერილის მოსვლა საკმარისია და ~დროჟამის განმრიგე ღმერთი~ მზადაა გახსნას მეორე კარიბჭე. წერილი განიხილება კლიშეებში, სხვადასხვა სივრცესა და დროის ველში და ეს გრძელდება საუკუნეების განმავლობაში. არსებობს წერილები, რომელთაც საიდუმლო გრაფა აქვთ, ასევე არსებობს წერილი, რომლებიც ერთ ენაზეა შესრულებული და მისი თარგმანი ვერ ხდება, ანუ არსებობს თარგმანი, მაგრამ არ არსებობდა ზუსტი თარგმანი. ეს თავისთავად იძლევა შესაძლებლობას მოვარხერხოთ ორიგინალი წერილის წაკითხვა, იმ სიუჟეტურ დროში, სადაც საფოსტო განყოფილებაა. თარგმანის ეს მეთოდი ჩვენი წერილის მთვარი თანამგზავრია, რომლის გარეშეც შეუძლებელია ~დროჟამის განმრიგე ღმერთის~ კარიბჭის იქეთ მიმდინარე მოვლენების დანახვა.
~დროჟამის განმრიგე ღმერთის~ მიერ ნებისმიერი გახსნილი კარიბჭე, არის მხოლოდ მოვლენების შესაძლებლობა. მას უამრავი კარიბჭის გახსნა შეუძლია, რომლებიც ვარაუდებს წარმოშობს მხოლოდ. მისი გასაღებებიც იცვლება. ყოველ კარიბჭეს თავისი გასაღები აქვს. მეორე კარიბჭე იხსნება და საინტერესოა გასაღებზე წარწერა. მთავარია თვალი მოვკრათ და წავიკითხოთ ეს წარწერა. ამის საშუალება არაგვაქვს. ეს გასაგებიცაა, ვინაიდან თავად თემა არის ბურუსით მოცული, რაზედაც საუბარი გვექნება, თან მასზე იტყვიან ~არ უნდა გამჟღავნდესო~.
ალბათ ყველაზე საინტერესო მეორე კარიბჭის სიუჟეტური დროა. რომელ დროში მიმდინარეობს მოქმედება, ან როგორ ემთხვევა ეს სიუჟეტური დრო ჩვენს სიუჟეტურ დროს. საინტერესოა რატომ გახსნა ~დროჟამის განმრიგე ღმერთმა~ მეორე კარიბჭე. რატომ გაგვხადა იძულებული ამ უკანასკნელმა წაგვეკითხა გამოგზავნილი წერილის მეორე გვერდი. ან საერთოდ რამდენი გვერდია ამ წერილში ესეც უცნობია ჩვენთვის.
მიუხედავად ამისა ~ყველაფერი ბრუნდება მარად იგივეში~. ვერაფრით მოვიცილებთ ამ საკრალურ ფრაზას. ~დროჟამის განმრიგე ღმერთი~ ჩვენს კარებს მოადგა. იგი ბოლომდე ეცდება გახსნას ყველა კარიბჭე. წინააღმდეგ შემთხვევაში უფუნქციობა ემუქრება. არადა შეგვიძლია დავტოვოთ უფუნქციოდ. სურვილი არ არის. იქნებ არსებობს ფარული ნება. ყველაფერი გამოჩნდება, ანუ ~არა არს დაფარული, რომელი არა გაცხადდეს~. მნიშვნელოვანი შესაძლებლობებია.
მეორე კარიბჭე გახსნილია. ველოდები სიუჟეტს, რომელიც კარიბჭის იქეთაა. იწყება . . . ~მეექვსე საუკუნე იშლება ჩემს თვალწინ. ეგრისის ოცწლიანი ომი. სპარსეთი და რომი ექიშპებიან ერთმანეთს ეგრისის დასაპყრობად. ლავირებენ ეგრისელები. გრძელდება ომი. 554 წელი იწურება. რომი ბატონობს ეგრისში. უცებ მოულოდნელი რამ ხდება. მოკლულია ეგრისის მეფე გუბაზი. აღელდნენ ეგრისელები. სასწრაფოდ შეიკრიბნენ ჭალაში. გადაწყვეტილება მისაღებია. რა ჰქნან, როგორ იძიონ შური მტერზე. ორატორები ეჯიბრებიან ერთმანეთს, მაგრამ ჩვენამდე მხოლოდ ორი ორატორის სიტყვა აღწევს, ისიც ფოსტით გამოგზავნილი. მაინც და მაინც რატომ ამ ორი ორატორის და არა სხვების? გაურკვეველია. მხოლოდ ამ ორი მჭევრმეტყველის სიტყვა შემოინახა ~ქართლის ცხოვრებამ~. ერთი აიეტია, მეორე ფარტაძი.~ რომის სარდალი ციბე და სპარსეთის სარდალი მერმეროე ასრულებენ დამპყრობთა დავალებებს.
ორ მჭერმეტყველს უსმენს ეგრისის დიდებულები. აიეტი კატეგორიულია. იგი ითხოვს რომაელების წინააღმდეგ გალაშქრებას. მეფე ხომ მათ მოკლეს. თითქოს მარტივი მჭერმეტყველებაა. რომის წინააღმდეგ სპარსელების დახმარებით, ეს აიეტის გეგმაა. ხალხი ოვაციებით ხვდება ორატორს. ფარტაძი არ ეთანხმება აიეტს. იგი სხვა გეგმას სთავაზობს დიდებულებს - მოითხოვონ რომის წარმომადგენლის ციბეს დასჯა თავად რომაელების მიერ. ამ უკანასკნელმა მოკლა მეფე გუბაზი. საბოლოოდ ფარტაძის სიტყვა იმარჯვებს, რომაელებიც დასჯიან ციბეს, რომელიც საშინელი თაღლითი და ავაზაკია. ომს გადაურჩენ ეგრისელები. გადის დრო სულ რაღაც რვა წელიწადი. ოცწლიანი ომი მთავრდება ეგრისში ისე, რომ საბოლოოდ გამარჯვებული არც რომი რჩება და არც სპარსეთი. ეგრისი მიზანს აღწევს. მტერი დამარცხდა.
ეს არის გახსნილი კარიბჭის მოკლე სურათი. რატომ გახსნა ~დროჟამის განმრიგე ღმერთმა~ მაინცდამაინც ეს კარიბჭე და არა რომელიმე სხვა კარიბჭე. რატომ შედგება გამოგზავნილი წერილის მეორე გვერდი ამ ინფორმაციისაგან. რა არის დაფარული ამ წერილში ისეთი, რომელიც ჟამთააღმწერელმა ჩათვალა საჭიროდ, რომ ჩვენთვის გამოეგზავნა.
~დროჟამის განმრიგე ღმერთი~ საჭიროდ თვლის ამ კარიბჭის გაღებას. ეს ალბათ ყველაზე დაფარული კარიბჭეა ~დროჟამის განმრიგე ღმერთის~ ყველა კარიბჭეებში.
შემთხვევით არაფერს აგზავნის ~ქართლის ცხოვრება~ ფოსტით. ამ ორი მჭევრმეტყველის სიტყვა ქართული გეოპოლიტიკის გააზრებაა, მისი მიმართულებაა, რომელიც რა თქმა უნდა ტრანსფორმაციას განიცდის, თანამედროვე გეოპოლიტიკურ გააზრებებში, მაგრამ ვფიქრობ მხოლოდ გეოგრაფიული სევრცე იცვლება, თამაშის წესები კი იგივე რჩება.
ეს ორი მჭევრმეტყველება ფორმულაა, ბედისწერაა ქართული გეოპოლიტიკური აზროვნების, რომელიც ნებისმიერ სიტუაციას უნდა მოერგოს, ანუ თუ ფორმულა არ იქნება გამოყენებული, ქართული გეოპოლიტიკა მარცხს განიცდის. ფორმულა მდგომარეობს შემდეგში, ნებისმიერი სახელმწიფო, ანუ გეოპოლიტიკური ერთეული საქართველოსთან მიმართებაში ვალდებულია თავადვე აღმოფხვრას მის მიერ დაშვებული შეცდომა გეოპოლიტიკურ თამაშში, წინააღმდეგ შემთხვევაში ის წავა საქართველოს გეოპოლიტიკური სივრციდან.
მოწინააღმდეგისაგან გეოპოლიტიკურ თამაშში დაშვებულ შეცდომაზე მითითება და მისი გაქარწყლების მოთხოვნა არის ქართული გეოპოლიტიკის მთავარი იარაღი. ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს გეოპოლიტიკური გეოგრაფია, რომელიც უკავშირდება საქართველოს გეოპოლიტიკური სივრცის გამოყენებას და ამით თავისი გეოპოლიტიკური სივრცის გაფართოებას, ვალდებულია არ დაუშვას შეცდომა. ეს როგორც აქსიომა ისე დევს ქართულ გეოპოლიტიკურ აზროვნებაში.
შეცდომა იწვევს მოწინააღმდეგის გაძევებას ქართული გეოპოლიტიკური სამანებიდან. მითუმეტეს, რომ ~ქართლის ცხოვრებაში~ ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს მცდელობა, გეოპოლიტიკური მდგომარეობის გამყარებისა საქართველოს მეშვეობით, თითქმის ყველა შემთხვევაში დამთავრდა მარცხით სხვა სახელმწიფოსათვის და ამის მთავარი მიზეზი, არის ის შეცდომები, რომელიც დაშვებულ იქნა მოწინააღმდეგის მიერ.
ქართული თამაში-გეოპოლიტიკა ვერ ეგუება იმ თამაშის პრინციპს, რომელიც მიღებულია საყოველთაოდ და მრავალჯერადი გამოყენებისათვის. ამ შემთხვევაში საქმე თამაშის სხვა პრინციპთან გვაქვს, კერძოდ, ეს არის თამაში-გეოპოლიტიკა, რომელიც თავად თამაშობს თამაშს და იგი არის ამ თამაშის სუბიექტი. შეცდომის არსი ქართულ გეოპოლიტიკურ სივრცეში ნიშნავს, რომ ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს მიმართება ქართული გეოპოლიტიკური თამაშისადმი სუბიექტურ ველში მიმდინარეობს, ანუ ამ უკანასკნელებს თავი ჰგონიათ სუბიექტები ქართულ თამაში-გეოპოლიტიკაში. აქ დაშვებულია არსობრივი შეცდომა, ანუ ირღვევა ქართული გეოპოლიტიკური თამაშის წესები, რომელიც თავისთავად იწვევს სხვა სახელმწიფოს გეოპოლიტიკური ველის მიუღებლობას.
მთავარი ქართული გეოპოლიტიკური სივრცეში მოსახვედრად არის ქართული თამაში-გეოპოლიტიკის წესების მიღება, აღიარება, რაც მდგომარეობს შემდეგში: ქართული თამაში-გეოპოლიტიკა თავად არის სუბიექტი ამ თამაშისა, ის თავადვე თამაშობს თამაშს. ნებისმიერი სხვა სახელმწიფო რომელიც მოინდომებს ამ სუბიექტივიზმის დარღვევას შესაბამისად მიდის ქართული გეოპოლიტიკური არიალიდან. შეცდომას ყველა უშვებს და ეს შეცდომები ტყუპისცალივით გავს ერთმანეთს. მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერ სახელმწიფო-ობიექტს, რომელიც აფართოებს თავის გეოპოლიტიკას, უამრავი შანსი აქვს გამოასწოროს შეცდომები. ისინი ამას არა, ან ვერ აკეთებენ უბრალო და ძალიან მარტივი მიზეზების გამო, არასოდეს სწავლობენ ~ქართლის ცხოვრების~ გამოცდილებებს. აქვე ჩნდება მეტად საინტერესო თეზა, უბრალოდ მათ არ შეუძლიათ წაიკითხონ ~ქართლის ცხოვრების~ გამოცდილებები. არ არსებობს ამ ტექსტის ზუსტი თარგმანი. სწორედ ეს არის საფუძველი იმისა, რომ ისინი ვერასოდეს შესძლებენ ხანგძლივად გააფართოონ თავიანთი გეოპოლიტიკური ველი. თავად ამის გააზრება მათ მიერ შეუძლებელია მარტივი ლოგიკის გამო; ისინი ხომ ~გეოპოლიტიკური სუბიექტები~ არიან, ხოლო საქართველო ~გეოპოლიტიკური ობიექტი~.
ქართული თამაში-გეოპოლიტიკის ზემოთხსენებული წესები დაირღვა ~ქართლის ცხოვრების~ ყველა ეპიზოდში, რომელიც გეოპოლიტიკას ეხება. ყველა სხვა სახელმწიფო, რომელიც კი აპირებს გააფართოვოს თავისი გეოპოლიტიკური არეალი საქართველოს გეოპოლიტიკური სივრცის გამოყენებით უშვებს კარდინალურ შეცდომებს, ანუ შესაძლოა ითქვას, რომ მიდის ქართული თამაში-გეოპოლიტიკის წერილი-ბედისწერის წინააღმდეგ. შედეგი ყველა შემთხვევაში ერთია – მარცხი, გაძევება სივრციდან. ნებისმიერი ობიექტი ტოვებს ამ გეოპოლიტიკურ სივრცეს.
ამ შემთხვევაში, საქმეში ერთვება ქართული თამაში-გეოპოლიტიკა, რომელიც თავის წესებს უქვემდებარებს გეოპოლიტიკური სხვა სახელმწიფოების სურვილებს. ყველაფერი სრულდება მარცხით სხვა სახელმწიფოებისათვის ხოლო შემდეგ, ამ სახელმწიფოების მცდელობები, მორევში ჩავარდნილი კაცის მოქმედებებს ჰგავს, ანუ რაც უფრო მეტად ფართხალებ და ცდილობ გადარჩენას, მით მეტად იძირები. ამიტომაც უამრავი გეოპოლიტიკური სურვილი მოინელა ქართულმა თამაშმა-გეოპოლიტიკამ.
თავად ხერხები, რომელსაც ~გეოპოლიტიკური სუბიექტები~ იყენებენ თავიანთი გეოპოლიტიკური ველის გასაფართოებლად ათასჯერ მონელებულია ქართული თამაში-გეოპოლიტიკის თამაშში. მთელი ამ საუკუნეების განმავლობაში ამ თამაშისთვის მხოლოდ როლები და ობიექტები იცვლება, დანარჩენი იგივეა. შესაძლოა ითქვას, რომ თამაში-გეოპოლიტიკის თამაში ძალიან დაფარულია. მისი ორიგინალის წაკითხვა არავის შეუძლია. არადა უდიდესია იმის ალბათობა, რომ სხვა სახელმწიფოები ვერასოდეს შევლენ ამ თამაშში და ვერ იქნებიან თამაშის ობიექტები თავად საქართველოსთან ერთად. ეს იქედანაც ჩანს, რომ მათ არ შეუძლიათ ორიგინალში ~ქართლის ცხოვრების~ წაკითხვა.
ერთადერთი რამ, რასაც იყენებენ სხვა სახელმწიფოები ესაა გაცვეთილი ხერხები გეოპოლიტოკური გავლენის მოსაპოვებლად. ქართული თამაში-გეოპოლიტიკისათვის, როგორც წესი მისაღებია ორი სხვადასხვა სახელმწიფოს ქიშპობა გეოპოლიტიკური ველის გასაფართოებლად. ამ შემთხვევაში ქართული თამაში-გეოპოლიტიკის თამაში მიმდინარეობს სტანდარტული ფორმით, ანუ ორივე იძირება ქართული თამაში-გეოპოლიტიკის მორევში. ვერცერთი მათგანი ვერ აღწევს სასურველ მიზანს. ამის მიზეზი არის ისევ შეცდომა, რომელიც აღწერილია საფოსტო გზავნილში, რომელიც ~ქართლის ცხოვრებიდან~ გამოიგზავნა.
როდესაც სხვა სახემწიფოს მიერ დარღვეულია ქართული თამაში-გეოპოლიტიკის თამაშის წესები და დაშვებულია შეცდომა, მას აუცილებლად მოსდევს მითითება, რომ გამოსწორდეს შეცდომა. სხვა სახელმწიფოებს არ შეუძლიათ გამოასწორონ შეცდომა, ვინაიდან ისინი ყოველთვის თამაშის სუბიექტებად წარმოიდგენენ თავს, ანუ ისინი თავად თამაშობენ თამაშის თამაშს, ხოლო თავის თამაშის გამოსწორება ვერ წარმოუდგენიათ. ამ შემთხვევაში ქართული თამაში-გეოპოლიტიკა მათ მარცხს სთავაზობს. ამ უკანასკნელის ბედისწერას ეჯახება ყველა, რომელიც არ ეთანხმება მის თამაშს.
ძალიან საინტერესოა ქართული თამაში-გეოპოლიტიკის ლოგიკა, კერძოდ, სხვა სახელმწიფოები უშვებენ შეცდომას, შესაბამისად მას ეუბნებიან, რომ შეცდომა გამოასწორე, რაზედაც ყოველთვის არის უარყოფითი პასუხი. ამიტომ ისინი გადიან ქართული გეოპოლიტიკური სივრციდან.
არის თუ არა ქართული თამაში-გეოპოლიტიკის თამაშში განსაზღვრული სხვა სახელმწიფოს მიერ შეცდომის გამოსწორებაზე უარის თქმა? ~ქართლის ცხოვრების~ ყველა ეპიზოდი ერთნაირად მთავრდება, ანუ სხვა სახელმწიფო არასოდეს ასწორებს შეცდომას, რომელსაც ქართული თამაში-გეოპოლიტიკა მიუთითებს, შესაბამისად ისინი იძირებიან ამ გეოპოლიტიკის თმაშის მორევში. თითქოს ყველაფერი გახსნილია, ღიაა ურთიერთობები, მაგრამ სხვა სახელმწიფოებს არ ჯერათ, რაც წინასწარ განსაზღვრულია და გამოცდილია ქართული თამაში-გეოპოლიტიკის მიერ. ამ უკანასკნელმა იცის, რომ მას არ დაუჯერებენ, ამიტომაც სთავაზობს შეცდომის გამოსწორებას. სინამდვილეში ყველაფერი მარტივადაა, მაგრამ სხვა სახელმწიფოები ართულებენ ურთიერთობებს, იმიტომ, რომ მათი ხერხები გეოპოლიტიკური ველის განვრცობისა არის რთული და ხისტი, რაშიც თავად მარტივად იხლართებიან. მათ არავინ ატყუებთ, უბრალოდ თავად იტყუებენ თავს. ქართული თამაშმა-გეოპოლიტიკამ ეს იცის, ამიტომაც იგი ყოველთვის თამაშობს ასეთ თამაშს ყველა სხვა ობიექტთან ერთად.
ამ მსჯელობების მიუხედავად, ბურუსითაა მოცული თავად ქართული თამაში-გეოპოლიტიკის ბუნება. ~ქართლის ცხოვრებიდან~ გამოგზავნილი საფოსტო გზავნილიც ბევრს არაფერს გვეუბნება. ~დროჟამის განმრიგე ღმერთის~ გახსნილი კარიბჭიდან ბევრი არაფერი ჩანს მხოლოდ ერთი მარტივი მაგალითია. ერთში ნამდვილად ვრწმუნდები; ქართული თამაში-გეოპოლიტიკა კვლავ აგრძელებს თავის თამაშს, რომელიც დღესაც მიმდინარეობს. გეოპოლიტიკურ ველზე კვლავ სტანდარტულად ორი ობიექტია. თუმცა მათი მოქმედებების განხილვა საჭიროდ არ მიმაჩნია, ვინაიდან ~ყველაფერი ბრუნდება მარად იგივეში.~



ირაკლი მარგველაშვილი

No comments: