Saturday 15 November 2008

დრო წარსული და დრო მომავალი

დრო წარსული და დრო მომავალი

ძნელია დაწერო საქართველოს უახლეს ისტორიაზე. ძნელია დაწერო ამ ეპოქის საქართველოს ისტორიის ფაქტებზე და იყო ობიექტური, რამეთუ აღნიშნულმა ფაქტებმა თითოეული ჩვენგანის თვალწინ გაიარა. შესაბამისად ძალიან მაღალია სუბიექტივიზმის ამპლიტუდა თითოეული თვითმხილველისათვის თუ ავტორისათვის, რომელიც შეეხება აღნიშნულ საკითხს.
აღნიშნული პრობლემა ჩვენც გვიდგას. ჩვენს შემთხვევაშიც არსებობს სუბიექტურობის შესაძლებლობა, მაგრამ დაზღვევაც არსებობს. მიდგომა საკითხზე, რომლის განხილვასაც ამ წერილით ვაპირებთ აბსოლუტურად განსხვავებულია. იგი საქართველოს პოლიტიკური სტრატეგიის ჩამოყალიბების ისტორიას შეეხება.
ჩვენი აზრით ისტორია და მითუმეტეს პოლიტიკური სტრატეგიის ჩამოყალიბების ისტორია არ შეიძლება განხილულ იქნეს მხოლოდ ისტორიული ფაქტებით. ეს უკანასკნელი სცილდება ისტორიულობის ძირითად საზრისს. ისტორიის ფაქტებით განხილვა წმინდა წყლის ჟამთააღმწერლობაა, რომელიც მხოლოდ მშრალ ინფორმაციას იძლევა, მაშინ როდესაც ისტორიულობა თავისთავად ადამიანის, ისტორიული პროცესის მონაწილის დამოკიდებულებაა ეგზისტენციალური დროს მიმართ. ამ მხრივ საინტერესოა მოვახდინოთ ძირითადი ისტორიული ფაქტების თავმოყრა გახსენება და მისი თემატურ დროში განხილვა, სადაც ალბათ უამრავ სიახლეს აღმოვაჩენთ, რომელიც უმნიშვნელოვანესი იქნება საქართველოს უახლესი 1990 – 2004 წლების პოლიტიკური სტრატეგიის ჩამოყალიბების ისტორიის გასაგებად.
იწყება მეოცე საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლები. საქართველო დგას ისტორიული არჩევანის წინაშე. მისი არჩევანია თავისუფლებასა და მონობას შორის. საქართველო ირჩევს თავისუფლებას. იწყება ამ ისტორიულ-თემატური დროის ათვლა 1990 წლის 28 ოქტომბრიდან.
ვფიქრობ აუცილებელი არ არის მოვახდინოთ ისტორიული ფაქტების გახსენება. მხოლოდ ერთი უნდა აღინიშნოს, რომ პრეზიდენტი ზვიად გამსახურდია მხოლოდ ერთი წელიწადი და ორი თვე მართავდა ქვეყანას. შემდეგ გააძევეს ქვეყნიდან და მისი ფიზიკური არსებობა 1993 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდა.
ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობის ისტორიულობა და მისი ეგზისტენციალური დრო არ შეწყვეტილა. იგი გაგრძელდება, მანამდე, სანამ საქართველო თავის თავისუფლებაში არ განმტკიცდბა ყველა ასპექტით; ეკონომიკური, პოლიტიკური და გეოპოლიკური. შესაბამისად უწყვეტია ისტორიულ – თემატური დრო და ამ ყოველივეს დამწყები პიროვნების როლი. მის მიერ დატოვებულია კვალი ამ ისტორიულ-თემატურ დროში, რომელიც გრძელდება მომავალში. საერთოდ პიროვნებები, რომლებიც ისტორიას ქმნიან მათი მოღვაწეობა არ მთავრდება ეგზისტენციალური დროის დასრულებით. მათი მოღვაწეობა სიუჟეტურ დროში გრძელდება და ყველა სიუჟეტი, რომელიც მათ ერს შესთავაზეს განსაკუთრებული დატვირთვა ეძლევა. მიუხედავად ზოგჯერ სიუჟეტის ბუნდოვანებისა, ეს შეთავაზება გარკვეულ ეტაპზე ცხადი და გასაგები გახდება ყველასათვის. ამის მაგალითიც შეიძლება მოვიყვანოთ. ზ. გამსახურდიამ 1971 წელს ჟურნალ ~ცისკარში~ გამოაქვეყნა ზღაპარი ~სასწორთვალა და უწონადო ხმის ჭაბუკი~ (აღნიშნულ ზღაპარზე ჩვენს მიერ გაზეთ ~ახალ შვიდ დღეში~ გამოვაქვეყნეთ წერილი ~დავიწყებული ზღაპარი~. რომელიც შეეხო ამ ზღაპრის ტექსტუალურ ანალიზს). 1991წ. თავად ზ. გამსახურდიამ განაცხადა, რომ მან დაწერა წინასწარმეტყველური ზღაპარი, რომელსაც მოვა დრო და გავშიფრავო. აღნიშნული ზღაპარი მართლაც გაიშიფრა სიუჟეტურ დროში და არა თავად მის მიერ. სიუჟეტურ დროში გამოჩნდა, რომ ეს ზღაპარი ბევრ რაიმეს გვეუბნებოდა ჩვენი განვლილი უახლესი ისტორიის შესახებ. შეიძლება ითქვას, რომ მისი ~კითხვა~ დამთავრებული დღესაც არ არის. ის კვლავ გრძელდება და მის დასასრულსაც ალბათ ვნახავთ.
საინტერესოა სად იწყება ეს სიუჟეტური დრო, რომელიც მოიცავს პიროვნების, ჩვენს შემთხვევაში ზვიად გამსახურდიას ეგზისტენციალურ არსებობას. რაც ქმნის მის ისტორიულობას და ავლებს კვალს, რომელიც დარჩა მისი ფიზიკური არსებობის შემდეგ და აგრძელებს არსებობას დღევანდელ თემატურ ყოველდღიურობაში.
აქ საუბარია მისი პიროვნების, ურთულეს ასპექტებზე. მის მსოფლმხედველობაზე, მის გეოპოლიტიკურ შორსჭვრეტაზე, როგორც ზოგადად ასევე ლოკალური გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, რომელსაც შესაძლოა დავარქვათ მიმდინარე პოლიტიკური მოღვაწეობა. ამ მხრივ საჭიროა განვიხილოთ მისი, როგორც სახელმწიფო მოღვაწის და მისი, როგორც პრეზიდენტის საქმიანობა.
საიდან იწყება ეს მსოფლმხედველობა, საიდან იღებს ის სათავეს. ჩვენი აზრით მისი მსოფლმხედველობა დღესაც გრძელდება. იგი დროში დენადია დაახლოებით ორი საუკუნის წინ შეწყვეტილი საქართველოს ისტორიული მისსიის თვითმყოფად განვითარებიდან.
ამის საფუძველს გვაძლევს მთელი რიგი გარემოებები. მის მსოფლმხედველობაში აბსოლუტურად გაცნობიერებულ იყო ის წარსულის რეალიები, რომელსაც დიდი ხანია მოვწყდით. ამიტომ გამოიწვია ამ ყოველივემ ქართველი ხალხის ცნობიერ დონეზე ვერ გაგება, ვერ მიღება. აქ საქმე გვაქვს ძალიან დიდ დროში წყვეტაზე. სხვათა შორის ის მომენტი, რომ ორი საუკუნის წინ არსებული მდგომარეობა დღეს რადიკალურად შეიცვალა აბსოლუტურად არ არის სწორი. შეიცვალა სახელმწიფოთა როლები, ხოლო გეოპოლიტიკური ინტერესები იგივე დარჩა. Aამ ინტერესების მქონე სახელმწიფოები შეიცვალნენ და ასპარეზზე სხვები არიან. რა თქმა უნდა შეიცვალა მოქმედებები დროში. ორი საუკუნის წინ შეწყდა საქართველოს გეოპოლიტიკური ცხოვრება და ისტორიული დანიშნულება, რომელიც სულ რაღაც 10 წლის წინათ აღორძინდა და ზვიად გამსახურდიას მცდელობით მოხდა ამ იდეის Gგანვითარება.
პირველი პრეზიდენტის მიერ საქართველოს გეოპოლიტიკური დროის ათვლა დაიწყო წარსულში დაბრუნებით. სწორედ იქ უნდა მომხდარიყო იმ შეწყვეტილი გეოპოლიტიკის განახლება სადაც შეწყდა. აბსოლუტურად ნათელი იყო ყველაფერი. მის მიერ მოხდა ამ ყოველივეს შეთავაზება ერისათვის. რა თქმა უნდა შეცვლილი იყო გარემოებები, მაგრამ თავად მას მომზადებული ჰქონდა საქართველოს გეოპოლიტიკური სტრატეგიის გეგმა. ამ საკითხების განხილვა საკმაოდ რთულია და შესაბამისად წინააღმდეგობრივიც იქნება გარკვეული წრეებისათვის, მაგრამ ისტორიული სამართლიანობა მოითხოვს დაისვას რამდენიმე კითხვა, რომელზედაც გაიცემა პასუხები. სამწუხაროდ ზ. გამსახურდიას მიერ საქართველოს გეოპოლიტიკური დროის დაწყება შეჩერებულ იქნა და მხოლოდ ამ რამდენიმე თვის შემდეგ მოხერხდა მისი კვლავ ამოქმედება.
ამ პიროვნების როლი საქართველოს ისტორიაში წარუშლელია. მან შეძლო საქართველოსთვის დაებრუნებინა ის დაკარგული, რომლის ვერც დაკარგვა გააცნობიერა ერმა და სამწუხაროდ აღორძინებასაც ვერაფერი გაუგეს. ვერ შეძლეს დაბრუნებულიყვნენ იმ წარსულში, სადაც შეწყდა საქართველოს, როგორც გეოპოლიტიკური სუბიექტის დროის სვლა. მითუმეტეს, რომ პიროვნება, რომელიც ინახავდა ამ ყველაფერს და რომელსაც შეეძლო ამის განხორციელება 1907 წელში მოკლეს. ალბათ მკითხველი მიხვდება, რომ საუბარი ილია ჭავჭავაძეს ეხება.
შესაბამისად ლოგიკურია ის განსაზღვრება, რომ ერმა 1918წ. 26 მაისს მიღებული თავისუფლება დაკარგა, რომელიც ვერ გააცნობიერა. შემდეგ გაუცნობიერებლად დაიწყო ამ თავისუფლების იდეის აღორძინება და ამის მიზეზი სწორედ ის იყო, რომ ბუნდოვანი იყო ამ თავისუფლების საწყისები და მისი დროის განგრძობითობა. აქედან ცხადია, რომ ადამიანი (ზ. გამსახურდია) რომელიც ინახავდა ამ თავისუფლებას, დროის სიმცირის (რასაც ქვემოთ შევეხებით) გამო იძულებული იყო შეექმნა ამ თავისუფლების პრინციპები, მისი მოპოვების შესაძლებლობები და ეზრუნა ამ თავისუფლების განმტკიცებაზე, რომლის განხორციელების საშუალება მას არ მიეცა.
როგორც ვთქვი ამ თემებზე ძალიან ბევრი პასუხები არსებობს, ჩვენი მიზანია მოვახდინოთ ზოგადად ზვიად გამსახურდიას მიერ დაწყებული გეოპოლიტიკური დროის ჩვენს დღევანდელობასთან შედარება. რა შეიცვალა და რა არის განგრძობადი დროში, დარჩა თუ არა პრინციპები იგივე და როგორ შეიცვალა მეთოდები. რაზედაც ქვემოთ ვისაუბრებთ.
იქნებ ვინმეს ჰგონია, რომ ზვიად გამსახურდიამ წარსულიდან გეოპოლიტიკური დროის ათვლისას არასწორად განსაზღვრა საქართველოს დღევანდელი პოლიტიკური სიტუაცია. ამას ვერაფრით დავეთანხმებით. სხვათა შორის ქვეყანა რომელსაც მთელი ამ ორი საუკუნის მანძილზე არ შეუცვლია გეოპოლიტიკური ხერხი და მეთოდი არის რუსეთი. ქვეყანა რომელმაც ხელოვნურად შეწყვიტა ჩვენი მაშინდელი ისტორიული გეოპოლიტიკა და დღესაც ხელოვნურად ცდილობს არ დაუშვას ამის გაცოცხლება.
ზვიად გამსახურდიას მიერ აბსოლუტურად ზუსტად განისაზღვრა ამ გეოპოლიტიკური მოძრაობის დაწყების მეთოდიკა და საშუალებები. შესაბამისად ზუსტად განისაზღვრა იმპერიის წინააღმდეგ მოთხოვნების დინამიკა. ამის ნათელი დადასტურებაა დღევანდელი საქართველოს გეოპოლიტიკური წინსვლა და პრაქტიკულად იგივე პრობლემები, რასაც პირველი პრეზიდენტი წააწყდა. თუმცა დღევანდელი მდგომარეობა გაცილებით იმედის მომცემია ვიდრე იმ დროს, ვინაიდან საქართველო 90-იანი წლების დასაწყისში აბსოლუტურად მარტო აღმოჩნდა რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ. ეხლა საქართველო დასავლეთის დემოკრატიული სამყაროს დიდი მხარდაჭერით სარგებლობს.
აქ საკმაოდ საინტერესოა, რატომ მოხდა დღეს ასეთი გეოპოლიტიკური განლაგების ჩამოყალიბება დასავლეთსა და რუსეთს შორის და რამდენად მოახდინა გავლენა საქართველოს პირველი პრეზიდენტის მიერ დაწყებულმა ბრძოლამ ამ საკითხების დაჩქარებაზე.
ზვიად გამსახურდიას მიერ იმპერიის წინააღმდეგ მოთხოვნების დინამიკას თუ მივყვებით აღმოვაჩენთ, რომ იმ პერიოდში დასავლეთი მზად არ იყო განესაზღვრა საბჭოთა რესპუბლიკების ბედი და დაინტერესებულიყო ამ რესპუბლიკების გეოპოლიტიკური მოძრაობის მიმართებებით. ამ შემთხვევაში აუცილებელი იყო რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ დაწყებული მოძრაობები დაფიქსირებულიყო როგორც სამხრეთ კავკასიაში, ასევე ჩრდილოეთ კავკასიაში. ამ მოქმედებების სიმძიმე საქართველომ და მისმა ლიდერმა საკუთარ თავზე აიღო. დასავლეთი ამ შემთხვევაში განზე გადგა. სამხრეთ კავკასიაში ამის მედროშედ საქართველო და მისი ლიდერი ზვიად გამსახურდია გამოვიდა, ხოლო ჩრდილოეთ კავკასიაში ჩეჩნეთის რესპუბლიკა, რომლის სათავეში ჯოჰარ დუდაევი აღმოჩნდა. ამ ყველაფრის მოთავე თავად პირველი პრეზიდენტი იყო. ვერ ვიტყვით, რომ ეს ყველაფერი იმ დღის პოლიტიკას ემსახურებოდა მხოლოდ. ვინაიდან დღევანდელი მდგომარეობით ყველა ის საკითხი, რომელიც ზვიად გამსახურდიას მიერ წინაპლანზე იყო წამოწეული ასევე აქტუალურია დღეს და შეიძლება ითქვას ჩვენს წინაშეა მთელი წყება ისეთი მოვლენებისა, რომლებიც მაშინდელი გადასახედიდან (იგულისხმება 90-იანი წლების დასაწყისი) შეიძლება ითქვას აბსურდულადაც კი გვეჩვენებოდა, თუმცა ამას შესაძლოა დავარქვათ მეტაფიზიკური პოლიტიკა.
ვფიქრობ საინტერესო იქნება იმ საკითხებზე ყურადღების გამახვილება, რომელიც ზვიად გამსახურდიას მიერ იქნა დაგეგმილი და ნაწილობრივ განხორციელებული (სამწუხაროდ არ დასცალდა რომელიმე საკითხის ბოლომდე მიყვანა) და მითუმეტეს რომ ეს საკითხები დღეს დღისწესრიგში დგას.
პირველი პრეზიდენტის ბრძოლის მთავარი მამოძრავებელი ძალა რა თქმა უნდა ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა იყო, რომელიც მოიცავდა ორ სტრატეგიულ დანიშნულებას, პირველი ეს იყო საქართვლოს დამოუკიდებლობის მოპოვება და მეორე _ ამ დამოუკიდებლობის შენარჩუნება გეოპოლიტიკური ლანდშაფტის შექმნის გზით. ორივე საკითხი კომპლექსურად უნდა ამოქმედებულიყო. ორივე ამ სტრატეგიული მიმართულებით სვლას ესაჭიროებოდა საკმაო ოდენობით რისკი, რამეთუ მოწინააღმდეგე აქ ძალიან სერიოზული იყო _ რუსეთის იმპერია. აღნიშნული რისკი, არ იყო დაბალი პროცენტის, არამედ საკმაოდ მაღალი ამპლიტუდით გამოირჩეოდა, რომელსაც შესაძლოა მოყოლოდა მისი ფიზიკურ დონეზე განადგურება (რაც განხორციელდა კიდეც). ამიტომ განიცდიდა დროის სიმცირეს. მთავარი მომენტი აქ იყო ის, რომ უნდა გადადგმულიყო რადიკალური ნაბიჯები იმპერიის წინააღმდეგ, რომელსაც აუცილებლად მოჰყვებოდა რადიკალური პასუხები იმპერიის მხრიდან, რაც მისთვის ცხადი იყო.
პირველი საკითხი და სტრატეგიული დანიშნულებით გადადგმული ნაბიჯი იყო რუსეთის ჯარებისათვის საოკუპაციო სტატუსის მინიჭება. აღნიშნული საკითხი იყო, როგორც ისტორიულად, ასევე იურიდიულად და მორალურად გამართლებული ნაბიჯი. პრაქტიკულად ეს იყო შემთხვევა, როდესაც იმპერიას საკამათო არაფერი ჰქონდა საქართველოსთან. მათ არ გააჩნდათ იარაღი, ანალოგიური სტატუსის. არც რაიმე დიპლომატიური სახით შეეძლოთ მისი გაქარწყლება. პრაქტიკულად ეს გახდა რუსეთის აქილევსის ქუსლი, რისი ნათელი დადასტურებაა ის ფაქტი, რომ აღნიშნული საოკუპაციო სტატუსი მათ მოეხსნათ ხელისუფლებიდან ზ. გამსახურდიას ჩამოცილებისთანავე 1992წ. იანვარში. ანუ ამ ქმედებაზე რუსეთის პასუხი იყო ცალსახა. საოკუპაციო სტატუსი მათ აგდებდათ ცაიტნოტში საერთაშორისო საზოგადოების წინაშე და მის მოხსნაზე საკმაოდ იმუშავეს.
ვერ ვიტყვით რომ აღნიშნული საკითხის გააქტიურება არ შეიძლება დღესაც, მხოლოდ ამას სჭირდება ნება. რაც შეეხება სიტუაციას ის საკმაოდ მომზადებულია, კერძოდ, სტამბულის ხელშეკრულების შეუსრულებლობა, კონფლიქტის ზონებში რუსული სამხედრო ძალის თვითნებობა და სეპარატისტების მხარდაჭერა, რისი დადასტურების პრობლემა აბსოლუტურად არ არსებობს. ვფიქრობთ დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, ანუ რუსეთის მხრიდან ასეთი აგრესიის წარმოება ჩვენს მიმართ, როგორც სამხედრო, ასევე დიპლომატიური, პიარის და საზოგადოებრივი აზრის (თავად რუსეთში) მობილიზაცია უნდა გვაიძულებდეს ამ საკითხის გააქტიურებაზე ფიქრს. აბსოლუტურად გამოცდილი ხერხია. ამ შემთხვევაში რუსეთს არ ააქვს პასუხი. ის ცაიტნოტში მოჰყვება. აღნიშნული საკითხის გააქტიურების მომზადება უნდა მოხდეს ე. შევარდნაძის მიერ ხელმოწერილი ე.წ. ~სამშვიდობო ხელშეკრულებების~ დენონსაციის ფონზე როგორც აფხაზეთის, ასევე ~სამხრეთ ოსეთის~ შემთხვევაში.
შეიძლება ითქვას, რომ ზ. გამსახურდიას მიერ წარმოებული პოლიტიკის მთავარი დანიშნულება ამ შემთხვევაში არის ის, რომ ჩვენ შეგვიძლია განვსაზღვროთ იმპერიის რეაქციები. განვსაზღვროთ ჩვენი პოლიტიკის რადიკალურობის ამპლიტუდა. ასევე არსებობს ზ. გამსახურდიას მიერ დასახული სტრატეგიის სხვა ასპექტებიც. კერძოდ, ეს არის საქართველოს გეოპოლიტიკა, რომელიც აუცილებლად უნდა დაემთხვეს დასავლეთის გეოპოლიტიკურ ინტერესს, მაგრამ აღნიშნული სტრატეგია არის იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ის ემსახურება ჩვენი დამოუკიდებლობის შენარჩუნების ხარისხს, ასევე ემსახურება მეტის მოთხოვნას ნაკლების მიღების იმედით. ამ მხრივ რა თქმა უნდა ძალზე საინტერესოა პირველი პრეზიდენტის ჩრდილო კავკასიური პოლიტიკა, ~კავკასიური სახლის~ იდეა, რომელმაც იმპერიას შეუქმნა სერიოზული პრობლემა ჩეჩნეთის სახით.
აღნიშნული საკითხი ზ. გამსახურდიას მიერ გააქტიურებულ იქნა საქართველოს შიდა მოსალოდნელი კონფლიქტების გასანეიტრალებლად, რომელსაც იმ პერიოდში განსაკუთრებული შედეგი არ მოჰყოლია რამდენიმე მიზეზის გამო, პირველი _ პიროვნება, რომელმაც დაგეგმა სტრატეგია ხელისუფლებაში აღარ იყო, მეორე _ დაიწყო კომუნისტური ნომენკლატურის (შევარდნაძე _ ელცინი - არძინბა) მიერ შეკვეთილი, დაგეგმილი ომი აფხაზეთში, რომლის იურიდიული საფუძველიც ჩაიყარა ზ. გამსახურდიას ხელისუფლებიდან ჩამოცილებისთანავე. გაუქმდა მოქმედი კონსტიტუცია, ~აღსდგა~ 1921 წლის კონსტიტუცია. აფხაზეთის უზენაეს საბჭოში დაიწყო ქართული დეპუტაციის ყოვლად გაუაზრებელი მოქმედებები, რასაც მოჰყვა 1992წ. 14 აგვისტოს ომის იურიდიული მომზადება რუსეთის აფხაზეთის და საქართველოს _ კომუნისტური ნომენკლატურის მიერ.
მიუხედავად ამისა ის ჩრდილო კავკასიური გეოპოლიტიკური სტრატეგია, რომელიც ზ. გამსახურდიამ ჩამოაყალიბა, თავის საქმეს დღესაც ასრულებს და ნებისმიერ შემთხვევაში გახდება აქტუალური, თუ დღევანდელი ხელისუფლება მოინდომებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, რისი სურვილიც და ნებაც შეიძლება ითქვას არსებობს. აქვე საინტერესოა ის გარემოებაც, რომ ზ. გამსახურდიას მიერ არჩეული გეოპოლიტიკური სტრატეგია დღესაც პრობლემად უდგას რუსეთის იმპერიას და კარგა ხნით ექნება ეს პრობლემა, რამეთუ ის შეიძლება ითქვას შენახულია და ელოდება ხელსაყრელ მომენტს. საქართველოს პრეზიდენტის ეს გეოპოლიტიკა ემსახურება გარემოებებს, რომლებიც იმ პერიოდში არ იდგა დასავლეთის დღის წესრიგში, რამეთუ არსებობდა საბჭოთა კავშირი, მაგრამ დღეს უკვე სხვა რეალობაა, როგორც საქართველოს წინაშე ასევე ამ გაღვივებული კონფლიქტისათვის ჩრდილოეთ კავკასიაში. ჩეჩნეთის ეს ~შენახული~ კონფლიქტი, პრაქტიკულად არის ის საშუალება, რომლითაც რუსეთის იმპერიულ ამბიციებს ექმნება უდიდესი პრობლემა მთლიანად კავკასიაში, ასევე ვფიქრობთ, ანალოგიური კონფლიქტი მომზადდება დაღესტანში და ინგუშეთშიც, რომლიც გადაიყოლებს რუსეთის ჩრდილოკავკასიურ პოლიტიკას და გაანადგურებს მის სატელიტ ჩრდილო, ოსეთს, რომლის ამ კონფლიქტში ჩათრევა, ცხინვალის რეგიონში რუსული პოლიტიკის განეიტრალებას ნიშნავს.
დღევანდელი გადასახედიდან ზ. გამსახურდიას მიერ წარმოებული პოლიტიკა ზუსტად ჯდება დღევანდელ რეალობაში. მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში ეს თემები საკმაოდ ბურუსით იყო მოცული. საინტერესოა ის გარემოება, რომ ეს ყოველივე იმდენად სერიოზულად იქნა დაგეგმილი, რომ რუსეთმა ყველა საკითხზე სათანადოდ გაამახვილა ყურადღება. ~კავკასიური სახლის~ იდეას დაუპირისპირდა ~კავკასიელ ხალხთა კონფედერაციის~ ინსტიტუტი. ჩეჩნეთის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას, რომელსაც დღეს სეპარატიზმს უწოდებენ, სეპარატიზმის გაღვივება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ანუ საქართველოს პრეზიდენტის ყველა ნაბიჯს ადექვატური რეაქცია მოყვა რუსეთის მხრიდან. საქართველოს ჩრდილო კავკასიური ბერკეტის გამოყენება რუსეთის წინააღმდეგ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ნაწილში, არის ზ. გამსახურდიას მიერ გაკვალული გზა და ის იმდენად აპრობირებულია, რომ აუცილებლად გამოიღებს თავის შედეგს. ალბათ კამათიც არ ღირს იმაზე, რომ საქართველომ აუცილებლად უნდა დაუპირისპიროს სეპარატიზმს სეპარატიზმი რუსეთში, ჩრდილო კავკასიის რესპუბლიკების სახით, რასაც პირველი პრეზიდენტი აკეთებდა და ვფიქრობთ, მისი გათვლა აბსოლუტურად სწორი იყო. ეს საკითხი დღეს დაკონსერვებულია, მაგრამ ის უახლოეს მომავალში აუცილებლად გააქტიურდება, იმ შემთხვევაში თუ დღისწესრიგში დადგება რუსეთის მიერ ცხინვალის და აფხაზეთის დე იურე ცნობის საკითხი, რაზედაც შანტაჟი დღითიდღე იზრდება.
ნაბიჯები, რომელიც ზ. გამსახურდიამ გადადგა იმ დროისათვის ~ბურუსით~ იყო მოცული. დღეს ნათელი ხდება მისი ბევრი ნაბიჯი და ამ ნაბიჯების სიწორე. თუმცა არსებობს ისეთი ნაბიჯებიც, რომელიც მაშინ მის მიერ გადაიდგა, მაგრამ დღესაც არ არის გააქტიურებული. რამდენიმე მათგანზე შევაჩერებთ ყურადღებას, რომელიც ვფიქრობთ საინტერესოა.
არავის მიუქცევია ყურადღება იმისთვის, რომ დევნილობაში მყოფმა საქართველოს უზენაესმა საბჭომ ცნო ჩეჩნეთის დამოუკიდებლობა. ეს იურიდიული აქტია. მისი შეწყვეტა მოხდება მხოლოდ მისი გაუქმებით, რომელიც არ გაუქმებულა. საქართველოს დღევანდელი პარლამენტი იურიდიულად მაინც არის 1990წ. 28 ოქტომბერს არჩეული უზენაესი საბჭოს მემკვიდრე (მხოლოდ იურიდიულად), რამეთუ ძირითადი კანონი _ კონსტიტუცია, რომლის საფუძველზეც ეს პარლამენტი იქნა არჩეული, არის იმ დამოუკიდებელი საქართველოს პარლამენტი, რომელიც 1991წ. 9 აპრილის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის საფუძველზე გამოცხადდა, რაც აღნიშნულია 1995წ, საქართველოს კონსტიტუციაში. ამ საკითხის გახსენება საჭირო გახდა იმ გარემოების გამო, რომ ჩვენთვის დღეს უცნობია იმ ზუსტი დროის განსაზღვრა თუ როდის გააქტიურდება ეს საკითხი, მაგრამ ვფიქრობთ, რომ იგი დღის წესრიგში აუცილებლად დადგება, რამეთუ ფაქტია, ზ. გამსახურდიას მიერ არ გადადგმულა არცერთი ნაბიჯი, რომელიც თავის ლოგიკურ დასასრულამდე არ მივა.
ჯერ კიდევ უცნობია თუ რა მიმართულებით განვითარდება მოვლენები. არც იმის ილუზია გვაქვს, რომ დროში შეიძლება ~საჭადრაკო~ პარტია დაიგეგმოს, ან მოჭადრაკემ ორი სვლის შემდეგ იცოდეს თუ როგორ დამთავრდება თამაში, მაგრამ აქ ყველაზე საინტერესო არის ის, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მოჭადრაკე ინტუიციას ენდობა. ორი სვლის შემდეგ თუ არა 15 სვლის შემდეგ მაინც იცის მოჭადრაკემ თამაშის დამთავრების ალბათობა. ამიტომ თამამად შეიძლება ითქვას, რომ ზ. გამსახურდიას მიერ დაწყებული პარტიის გაგრძელება ნამდვილად შეიძლება. არცერთი სვლა მის მიერ ისე არ არის გაკეთებული, რომელიც ლოგიკურად არ გაგრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ საჭიროა დღევანდელმა მოთამაშემ ყურადღებით დააკვირდეს ამ ნაბიჯებს.
ზემოთ ვთქვით და კიდევ ვიმეორებთ, რომ ზ. გამსახურდიას მიერ ყველაფერი დაიწყო წარსულის რეალიების გათვალისწინებით და გახსენებით. საქართველოს ისტორიულ მისიასთან დაბრუნებით. თუმცა ამით არ ამოიწურება მისი მოღვაწეობა.
ზ. გამსახურდიამ სერიოზული განაცხადი გააკეთა საქართველოს ეზოთერული გეოპოლიტიკის კუთხით. დღეს ამ პარტიის მოთამაშე დაფაზე არ თამაშობს. ეს თემა განვითარებულია ჩვენს წიგნში ~ეზოთერული გეოპოლიტიკა~ და მისი სპეციფიურობიდან გამომდინარე საქართველოს ეზოთერული გეოპოლიტიკა საერთოდ სცილდება დღევანდელ რეალობას. არც ის ვიცით, როდის გადაეცლება ბურუსი ამ საკითხს და როდის დადგება დრო, რომ ამ ~წერილის~ წაკითხვას შეძლებს კაცობრიობა, მაგრამ მის მიერ გაცხადებული ყველა საკითხი, კიდევ დაჟინებით ვიმეორებთ, ლოგიკურ დასასრულს ელოდება.
ჩამოყალიბდა საქართველოს გეოპოლიტიკური სტრატეგია. გეზი ტრადიციული და სასურველი ევროპისაკენ ავიღეთ, მაგრამ ყველაფერი დამთავრდა ზ. გამსახურდიას საოცარი ბუნდოვანი სიკვდილის აქტით 1993წ. 31 დეკემბერს. მთაში, მარტოობაში და სიცივეში. ახალი წლის ღამეს. ესეც ლოგიკურია ალბათ, რამეთუ იცოდა ეს ყველაფერი. ამიტომ ჰქონდა ცოტა დრო, ამიტომ ჩქარობდა, ვინაიდან უნდა მოესწრო ამ ყველაფრის გაკეთება და საქართველო ახალ წელს უნდა შეხვედროდა ახალი გეოპოლიტიკური სტრატეგიით, რომელიც თავისუფლების გარანტია იქნებოდა.


ირაკლი მარგველაშვილი

No comments: