Saturday 15 November 2008

ისტორიული თამაშის ლოგიკა

ისტორიული თამაშის ლოგიკა



თითქმის გაცვეთილია სიტყვა თამაში. ეს სიტყვა გამოიყენება ხშირად, რაც მას უკარგავს ფუნქციურ დატვირთვას. იგი გამოიყენება პოლიტიკაში, ხელოვნებაში და თვით ისტორიაშიც კი. ჩვენი დღევანდელი განხილვის თემა არის ჰერმენევტიკული გეოპოლიტიკა. შეიძლება ითქვას იმ საკითხების განხილვისათვის, რომელსაც დღეს შევეხებით, საკმაოდ შესაფერი ტერმინია, ვინაიდან ეს გეოპოლიტიკური მიმართულებები დღეს არ დაწყებულა. ის მთელი საქართველოს ისტორიის მანძილზე მიმდინარეობდა. იყო პერიოდები, როდესაც ეს პროცესი ჩერდებოდა და პირიქით, იყო პერიოდები როდესაც აქტიურდებოდა. მიმდინარეობდა მხოლოდ პროცესი. ამ ჰერმენევტიკული თამაშის წესების დაცვა ყოველთვის გვიწევდა. ამ წესების დაცვის გარეშე ვერაფერსაც ვერ შევძლებდით. აქ შეცდომების დაშვება და წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ აქვს. ეს თამაში სრულიადაც არ გულისხმობს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. ის არ არის ადამიანის მიერ დაგეგმილი, არამედ ეს თამაში შეიძლება ითქვას ყოფიერებიდან ჩვენსკენ და ჩვენგან ყოფიერებისაკენ მიმართული ინფორმაციის გაცვლაა. ამ ინფორმაციის გაცვლაში ხდება ამ თამაშის წესების დამუშავება და ზუსტად მისი დაცვა. ამიტომ არის ეს თამაში ჰერმენევტიკული თამაში, სადაც არ არსებობს პოლიტიკური სუბიექტები, დომინანტები პოლიტიკურ პროცესებზე და ზესახელმწიფოების ამბიციები. ამ თამაშში ყველა ობიექტია, თავად თამაშის გარდა, რომელიც თავად შემოგვთავაზებს მოქმედების წესებს და მოვლენების შეფასების კრიტერიუმებს. მიუხედავად იმისა, რომ საკითხი საკმაოდ ტევადია და შეიძლება ბევრი პარალელების გავლება, ჩვენი სურვილია ის განვიხილოთ საქართველოს უკანასკნელი თოთხმეტი წლის მოვლენების ფონზე. ამ შემთხვევაში აუცილებლად მიგვაჩნია საკითხი დავყოთ რამდენიმე ნაწილად.
ჩვენს წინაშეა ქართული ჰერმენევტიკული გეოპოლიტიკური თამაშის ფენომენი, სადაც თითოეული პოლიტიკური ფიგურა ასრულებს თავის როლს და გადის ჰერმენევტიკული ლოგიკიდან, ისე, რომ ეს ლოგიკა რჩება და მუშაობს.
პირველი საკითხი რომელიც განხილულ უნდა იყოს ეს არის 90-იანი წლების დასაწყისი, სადაც ძალიან ცვალებად და თითქმის ბუნდოვან ისტორიულ ლოგიკასთან გვაქვს საქმე, რომლის გარკვევა შესაძლებელია მხოლოდ დღეს. მანამდე ეს საკითხი იყო საკამათო და ბურუსით მოცული. აღნიშნული პერიოდი გამოირჩევა ძალიან მზარდი და ფეთქებადი მოვლენებით. რჩება შთაბეჭდილება, რომ რაღაც უნდა მოვასწროთ. რაღაც გვეჩქარება, მაგრამ არსებობს პატარა, მცირერიცხოვანი ერების განვითარების დინამიკა, სადაც არ შეიძლება აჩქარება.
მიუხედავად მოვლენების ასეთი განვითარებისა, საფუძველი ეყრება გეოპოლიტიკურ ჰერმენევტიკას, რომელიც საქართველოს მთელი ისტორიის მანძილზე თანაბრად და მწყობრად ყალიბდებოდა. ეს არის ჩვენი ტრადიცია. ამ ტრადიციის არ გათვალისწინება არ შეიძლება, რამეთუ ქართული და ზოგადად კავკასიური გეოპოლიტიკური სივრცით მთელი ჩვენი არსებობის მანძილზე სულ მცირე ორი გეოპოლიტიკური ამბიციის სახელმწიფო უპირისპირდებოდა ერთმანეთს. მთელი ისტორიის მანძილზე საქართველო იძულებული იყო გაეთვალისწინებინა ეს ამბიციები. უკეთეს შემთხვევაში შეეჯახებინა ეს ამბიციები, ან განთავისუფლებულიყო ამ ამბიციებისაგან. გამონაკლისი არც დღეს არის. დღეს სახეზეა ორი გეოპოლიტიკური ამბიცია რუსეთი და დასავლეთის დემოკრატიული სამყარო. ჩვენი ვექტორი დასავლეთისაკენ არის მიმართული.
მიუხედავად იმისა, რომ სახეზე გვაქვს აჩქარება, ქართულ ჰერმენევტულ გეოპოლიტიკის მეშვეობით ხორციელდება, არა მხოლოდ საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკური კურსი, არამედ ყალიბდება ზოგადად კავკასიური საგარეო პოლიტიკური კურსი. აბსოლიტურად ლოგიკურია ის გარემოება, რომ სხვა სახელმწიფოს ამიერკავკასიაში ამის დაწყების და მითუმეტეს განხორციელების საშუალება არა აქვს. თითქოს ბუნდოვანია ეს პოლიტიკური კურსი, მაგრამ იგი არის ლოგიკური, რამეთუ უნდა შეიქმნას საქართველოს ჰერმენევტული გეოპოლიტიკა, აღსდგეს ჩვენი ისტორიული მისსია, რომელიც არ არსებობს კავკასიის გარეშე, ანუ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნას აზრი არა აქვს ჩვენი ისტორიული ზურგის _ კავკასიის გარეშე.
რა თქმა უნდა არის უდიდესი ზეწოლა რუსეთის მხრიდან. ისმის პირდაპირი მუქარა სეპარატიზმის გაღვივების შესაძლებლობით, სეპარატიზმის უდიდესი მხარდაჭერით, რასაც მოგვიანებით მოჰყვა უმძიმესი შედეგები: ოსეთის ავტონომიურ ოლქსა და აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში. აფხაზეთის ტერიტორიაზე ხორციელდება ეთნიკური წმენდა ქართველების წინააღმდეგ. ზუსტად აქ უშვებს შეცდომას ჩვენი ~უფროსი ძმა~. ეს შეცდომა საბოლოო მარცხამდე მიიყვანს მას, რისი მოწმენიც გავხდებით უახლოეს 10 წელიწადში. ეს არის ჰერმენევტული ლოგიკა.
ქართულ ჰერმენევტიკულ გეოპოლიტიკას აქვს თავისი მიზნები. პირველ რიგში ეს არის კავკასია. გამოხმაურებაც სათანადოა. ჩეჩნეთის რესპუბლიკა. მიმდინარეობს მზადება. რუსეთის მეორე უდიდესი შეცდომაა აფხაზეთში ჩეჩენი ტერორისტების გამოყენება საქართველოს წინააღმდეგ, რის გამოც დღეს ბოდიშს იხდიან ჩეჩნები. ეს მოულოდნელი არ შეიძლებოდა ყოფილიყო. აბსოლუტურად ნათელია, რომ ჩეჩნეთის საკითხი იმუშავებდა დროში. არსებობს ამის უდიდესი გამოცდილება. მე-19 საუკუნის მთელი პირველი ნახევარი. საქართველოს გათვლა სწორია. რუსეთის მთელი მცდელობა ჩაეშალა ეს კავკასიური ალიანსი, ვერ შედგა. ეს მოსალოდნელიც იყო. ეს ალიანსი თითქოს ჩაიშალა 1993-94 წლებში, მაგრამ დროებით. შეიძლება ითქვას მისი ჩაშლა პრაგმატულ დონეზე ვერც განხორციელდებოდა, ვინაიდან ეს ჰერმენევტიკული თამაშის სფეროს განეუთვნება, სადაც რეალურ გათვლებს არა აქვთ ძალა და იგი ჰერმენევტიკული თამაშის ფარგლებში მიმდინარეობს.
აქვე საინტერესოა ერთი საკითხი. რას აკეთებს ამ დროს მეორე გეოპოლიტიკური ამბიციის სამყარო _ დასავლეთი. 90-იანი წლების დასაწყისში მათი მიზანი მხოლოდ ქიმერასთან ბრძოლაა, რომელსაც საბჭოთა კავშირი ჰქვია. საკმაოდ პირობითი სახელი, რაც დადასტურდა. ჩვენთვის აბსოლუტურად ნათელია, რომ ამ ქიმერის მთავარი მამოძრავებელი არის რუსეთი, თავისი იმპერიული ამბიციებით, საკმაოდ მოუქნელი და ტლანქი. რაღაც მომენტში ქართული პოლიტიკა დასცილდა დასავლეთის პოზიციებს. არ იყო პროცესი თანმხვედრი, რამაც მავანს შეუქმნა ილუზია, რომ ჩვენ შეცდომები დავუშვით და სასწრაფოდ გადავწყვიტეთ დავახლოვებოდით მას. თუმცა ლოგიკა სხვა გზით მიდიოდა. ამიტომ ვუწოდეთ ამ პერიოდს ჩვენი ჰერმენევტული გეოპოლიტიკის ჩამოყალიბების აჩქარებული პერიოდი. თუმცა ყველაფერი სწრაფად დალაგდა. უბრალოდ აქ საჭირო იყო ფიგურების გადანაცვლება, რაც განხორციელდა.
იწყება ქართული ჰერმენევტული გეოპოლიტიკის განხორციელების მეორე ეტაპი. აუცილებელია შენელდეს ქართველთა აჩქარება. ისტორიული თამაშის ველზე უნდა შეიცვალოს ფიგურათა განლაგება. აუცილებელია გავცეთ ხარკი: მთელი აფხაზეთის ტერიტორია, ქართველთა დაპირისპირების “ინსპირირება”, ქართველთა ეთნიკური წმენდა აფხაზეთის ტერიტორიაზე სამასიათასი ლტოლვილით, დაკონსერვებული კონფლიქტი სამაჩაბლოში. საბოლოო ჯამში რუსეთისათვის წარმატების ილუზიის შექმნა, რაზეც დღესაც აღტაცებულნი არიან. თუმცა დარწმუნებული ვარ შესაძლებლობები ნაკლები აქვთ. უბრალოდ ერთ მცირე მაგალითს მოვიტანთ: რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც შეუძლებლად მიიჩნია ე.წ. სამხრეთY ოსეთის რესპუბლიკის რუსეთის ფედერაციაში შესვლა. აქვე მინდა ერთი ფრაზაც გავიხსენო, რომელიც რუსეთის მიმართულებით იქნა ნათქვამი აფხაზეთის ტერიტორიის ოკუპაციის შემდეგ: ~რუსეთს ბუმერანგივით დაუბრუნდება აფხაზეთის შედეგები~. ეს იყო აბსოლუტურად იმ ბურუსითმოცული ქართული ჰერმენევტიკული გეოპოლიტიკური ~წერილის~ დადასტურება, რომელიც თანდათან ცხადდება, რომელსაც საბოლოოდ ფარდა აეხდება, ხოლო მისი წაკითხვა ბევრს გაუჭირდება.
ზემოთ გავაჟღერეთ ფიგურების განლაგების საკითხი. ეს იყო ქართული პოლიტიკური ფიგურის ჩრდილო კავკასიაში გადანაცვლება. უშუალოდ იქ საკითხის იდეოლოგიურად და პოლიტიკურად მომზადება, რათა ილუზიის მეტი შესაძლებლობები შექმნილიყო. ვფიქრობთ მიზანი მიღწეულია. შემდეგ ~ინსპირირებული~ სამოქალაქო ომი. მტრის პოზიციების დაზუსტება. მათი თავხედობის ამპლიტუდის განსაზღვრა, რაც საბოლოოდ გამოიწვევდა მათ მარცხს, რომელ გზაზედაც შემდგარები არიან უკვე. ბოლოს ერთი პოლიტიკური ფიგურის საერთოდ გასვლა ქართული ჰერმენევტული გეოპოლიტიკური სივრციდან და საკითხის შეჩერება დაკონსერვება, მხოლოდ დროებით. ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ იმ გავლებულ ხაზზე, რომელიც ქართულმა ჰერმენევტულმა გეოპოლიკამ გაავლო მთელი ამ პერიოდის განმავლობაში.
არსებობს საიდუმლო ~წერილი~, რომლის გამჟღავნების დრო ჯერ არ მოსულა. შორს ვართ იმ აზრისაგან, რომ ის რაღაც ძალიან მისტიკური ან ოკულტურად დატვირთული იყოს. ეს აბსოლუტურად პრაგმატული “წერილია”. ეს “წერილი” შენახულია და ის მკითხველს ელოდება. ვფიქრობ ის აუცილებლად გამოქვეყნდება. შესაძლოა საჯარო განხილვის საგნად არ იქცეს, მაგრამ დაინტერესებულ მკითხველს ექნება შესაძლებლობა მისი წაკითხვის. რომელიც როდესაც ეს სიტყვები იწერება თავადაც წერის პროცესშია.
მთავარი სირთულეები ქართული ჰერმენევტული გეოპოლიტიკის პირველ აჩქარებულ და მეორე დაკონსერვების ეტაპზე იყო ნიადაგის მომზადება უკვე გადამწყვეტი ბრძოლისათვის. მიუხედავად ამისა არ უნდა შევიქმნათ ილუზია, რომ ყველაფერი მარტივად გადაწყდება. ყველაფერი ჩვენს მარიფათზეა დამოკიდებული.
შეიძლება ითქვას, რომ პირველი და მეორე ეტაპი ნორმალურად დასრულდა. რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, რომელიც თავის ლოგიკურ შედეგებს ელოდება. კვლავ გრძელდება ჰერმენევტიკული თამაში. შეიქმნა ამ თამაშში სუბიექტის ილუზია. თამამად მიითვისა ეს როლი ჩვენმა მოწინააღმდეგემ. მიზანიც ეს იყო. მისთვის ამ თამაშში დანარჩენი ყველა მონაწილე ობიექტია და თვლის, რომ მისი ფუნქცია მნიშვნელოვანია. აქ უკვე მარცხის შესაძლებლობა იზრდება და გარკვეულ ეტაპზე პიკს მიაღწევს, რამეთუ ასეთი დამოკიდებულება ისტორიულ_ჰერმენევტული თამაშის შემთხვევაში გარდაუალია. რუსეთი ხომ თვლიდა და თვლის, რომ თავად არის სუბიექტი ამ თამაშის. აქვე იმალება მოულოდნელობა, რომელიც თავზე დაატყდება რუსეთს და გაუკვირდება. ერთი გარემოების გამო, მას არ სურს სხვისი ინტერესების გათვალისწინება. შესაბამისად მას გაექცა ის მოვლენები, რომელზეც გაცილებით უკეთესად უნდა დაფიქრებულიყო. სათანადოდ არ მიაქცია ყურადღება ჩეჩნეთში განვითარებულ მოვლენებს 1991 წლის თებერვალ-მარტში, როდესაც მისი ჯარისკაცები დაახლოებით 8000 კაცი ცხვრებივით გარეკეს ჩეჩნეთის ტერიტორიიდან.
პირიქით, მან მოინდომა დაესაჯა ამ მოვლენის ~ინსპირატორი~ საქართველო. რომელიც შეცდომით მიიჩნიეს ამ მოვლენების ~ინსპირატორად~. საქართველო ჰერმენევტიკული თამაშის წესებს იცავს. ის ყოველთვის იცავდა ამ წესებს მთელი ისტორიის მანძილზე. დასაჯა კიდევაც, მაგრამ თავადაც დაისაჯა. მიიღო ანალოგიური მდგომარეობა, რაც განახორციელა საქართველოში. შეიძლება ითქვას გაცილებით მწვავე ფორმაში. ამით შეიქმნა დიდი პრეცედენტი, რომლის მონელებაც ძალიან სარისკო საქმეა. ჩვენ იძულებული ვიყავით რუსეთიდან ეს დარტყმა მიგვეღო, ვინაიდან მაშინ არც საშუალება და არც შესაძლებლობა არ გვქონდა გავრიდებოდით ამ ყოველივეს. თუმცა მიმდინარეობდა ჰერმენევტიკული თამაში. უნდა შექმნილიყო მტრის გამარჯვების ილუზია, რაც წარმატებით განხორციელდა. თუმცა ეს პროცესი დღესაც მიმდინარეობს. ვერავინ შეძლებს ამ ჰერმენევტიკული თამაშის შეცვლას. ის აუცილებლად თავისი მიმართულებით წავა. რაც შეეხება მასში მონაწილე მხარეებს, ის, ვინც დაუპირისპირდება მის ლოგიკას შესაბამისად ამ თამაშის პროცესის გაგრძელებას შეუწყობს ხელს. ჩვენს შემთხვევაში დარღვეულია ჰერმენევტიკული თამაშის სტრუქტურა მასში მონაწილე ობიექტების მიერ. შესაბამისად სახეზეა მარცხის პრობლემა, რომელსაც ეს პროცესი აუცილებლად შესთავაზებს რუსეთს. შესაბამისად იზრდება მარცხის ალბათობა და ნებისმიერი განძრევა ჭაობში უფრო მეტი ჩაფლობის საშუალებას იძლევა.
მარტივია ამის მაგალითებით გადმოცემა. თუნდაც უკანასკნელი მოვლენები ჩრდილო ოსეთის ქალაქ ბესლანში. ეს შეიძლება შეფასდეს როგორც უმოწყალო ჟლეტა ბავშვთა. სადაც ბავშვები და მათი სიცოცხლე კი არ დგას წინა პლანზე, არამედ იმპერიული ამბიცია. საშინელი ასოციაციები წარმომგვიდგება თვალწინ. ეს შეიძლება ბიბლიურ ჰეროდეს ყრმათა ხოცვას შევადაროთ. ორივე შემთხვევაში წინა პლანზე არის პოლიტიკა, შიში და ძრწოლა სიმართლის მიმართ. ეს გაუცნობიერებელია რუსეთის მიერ. ის კვლავ აგრძელებს ამ ჭაობში განძრევას. კიდევ მეტად ეფლობა. მიუხედავად დიდი შეძახილისა, დაუბრუნდი შენს თავს ამის გაგონება არ შეუძლია. არის შიში, ძრწოლა და მარცხი, შეიძლება ითქვას რუსეთის ბედისწერა.
საქართველოს მიერ ჰერმენევტიკული თამაშის პირველი და მეორე ეტაპის წარმატებით გავლამ რუსეთს მარცხის მეტი ალბათობა შეუქმნა, რომლისთვისაც გაუცნობიერებელია დღესაც შექმნილი მდგომარეობა. ის არცკი ცდილობს გამოასწოროს იგი, რამეთუ ცდილობს მთელს ამ პროცესს მისცეს სხვა მიმართულება. ვფიქრობთ მოვიდა დრო, როდესაც რუსეთს უარი უნდა უთხრათ ხარკის გადახდაზე, რასაც ის დაჟინებით ითხოვს, ვინაიდან შექმნილია პრაქტიკულად სტატუსკვო. სეპარატისტულ განწყობილება არსებობს, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე რუსეთის ტერიტორიაზე. პრაქტიკულად ვერ დააფიქსირეს ამ უკანასკნელებმა იმ მარცხის საშიშროება, რომელიც თავს დაატყდებათ უახლოეს მომავალში. მათ ვერ შეძლეს საქართველოსა და კავკასიას შორის ალიანსის გაწყვეტა. შესაბამისად ვერც სეპარატისტული სტატუსის შეცვლა შეძლეს ჩეჩნეთში.
რუსეთის მხრიდან განხორციელდა ეთნოწმენდა აფხაზეთის ტერიტორიაზე. იგივე მცდელობაა ცხინვალის რეგიონში. ისინი ისევე ნიშნავენ პრეზიდენტებს ამ ტერიტორიებზე, როგორც დანიშნეს ჩეჩნეთში. განსხვავება ამ ორ მდგომარეობას შორის მათთვის არ არსებობს. ზუსტად აქ ჩანს ის მარცხი, რომელსაც ჰერმენევტიკული თამაში უმზადებს იმპერიას. ის გარემოება, რომ როგორც ცნობიერ ისევე არაცნობიერ დონეზე ეს ყველაფერი მათთვის ერთი და იგივეა, არის მათი გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგი. მათთვის გაუცნობიერებელია ის გარემოება, რომ ეს ტერიტორიები ორი სხვადასხვა სახელმწიფოს ტერიტორიაა და მათ მიერ ნებისმიერი ღონისძიების გატარება საკუთარ ტერიტორიაზე სეპარატისტულად განწყობილ რესპუბლიკის წინააღმდეგ, ავტომატურად გამოიწვევს იმავე ღონისძიებების გატარების შესაძლებლობას საქართველოს ტერიტორიაზე, რასაც დასავლეთის დემოკრატიული სამყარო აუცილებლად მოითხოვს. ის სტატუსი, რაც მიეცემა სეპარატიზმს რუსეთის ტერიტორიაზე, იგივე სტატუსი მიენიჭება მას საქართველოს ტერიტორიაზე.
სეპარატიზმი შობს ტერორიზმს. აი ფორმულა, რომელიც გაჟღერდა. შესაბამისად უნდა აღიკვეთოს სეპარატიზმი, რომ მოისპოს ტერორიზმი. მაშინ, როდესაც რუსეთი არის საქართველოში წარმოქმნილი სეპარატისტული რეჟიმების მკვებავი. აქ უკვე არის ჩიხი, სადაც ისინი აღმოჩნდებიან. ამ ჩიხის ბოლოს მათ ასევე დახვდებათ აგრესორისა და ოკუპანტის სტატუსი, რომლის მოხსნაზეც ძალიან სერიოზულად იმუშავეს თავის დროზე 1991-92 წლებში. თუმცა ეს დავიწყებული არ არის და ეს გარემოება დღესაც ქმედითია. მათი სურვილი, რომ ისინი დომინანტები არიან ამ ჰერმენევტულ თამაშში და, რომ ისინი სუბიექტები არიან აქ, არის ილუზია, რომელიც მათ ვერ გააცნობიერეს. დღესაც განაგრძობენ ამ ილუზიაში ცხოვრებას, ამ დროს ჰერმენევტიკული თამაშის პროცესი გრძელდება და ის, აუცილებლად მივა თავის ლოგიკურ დასასრულამდე.
საქართველოში დაიწყო ჰერმენევტიკული გეოპოლიტიკის მესამე ეტაპი, რომელიც საკმაოდ გაწონასწორებული და სწორი მიმართულებით მიმდინარეობს. ამის გარანტია არის ის, რომ ჩვენი მხრიდან არ მომხდარა ამ თამაშის წესების დარღვევა. გამოცდილება ძალიან დიდია. მთელი ისტორია. ჩვენთვის დღეს უცნობია ამ თამაშის მომავალი. არავის შეუძლია მოახდინოს იმის წინასწარმეტყველება, როგორ დამთავრდება ეს ყველაფერი. ჯერჯერობით შეცდომები არ არის. პირიქით შეიძლება ითქვას, რომ ყველა შეთავაზება ამ თამაშის წესების დაცვის მოთხოვნით საქართველოს მხრიდან მომდინარეობს, რასაც ყურადღება რუსეთისაგან არ ექცევა, თუმცა მათ იძულებულს გახდიან დაიცვან თამაშის წესები, მაგრამ არა ამ თამაშში მონაწილე მხარეები, არამედ თვად ჰერმენევტიკული თამაში.
მთელი ამ 18 წლის განმავლობაში ქართულმა ჰერმენევტიკურმა გეოპოლიტიკამ გაიარა განვითარების ეტაპები. ის ჩადგა თავის ისტორიულ პარამეტრებში და გრძელდება. იცვლება ფიგურები და ყოველ პერიოდში მოდის ის ფიგურა, რომელიც საჭიროა. ეს ჰერმენევტიკული თამაშის წესების დაცვის შედეგია, ანუ ყველა ფიგურა იკავებს თავის ადგილს ან გადის თამაშიდან. ჰერმენევტიკული გეოპოლიტიკის ყველა ეტაპზე საქართველოს პოლიტიკური ფიგურები იკავებენ საკუთარ ადგილებს და ყველა ამ განხორციელების ეტაპზე სარგებლობენ რუსეთის შეცდომებით და გაუაზრებელი პოლიტიკით, რომელიც უახლოვდება მარცხს. ამის ყველა პირობა არსებობს დღეს. ეს არის ისტორიულ ჰერმენევტიკული თამაშის უმკაცრესი ლოგიკა, რომელსაც ვერავინ გადაუხვევს.

ირაკლი მარგველაშვილი


2.02.2005წ.

No comments: