Tuesday 18 November 2008

დაკარგული მამის ძიებაში

2 ნოემბრიდან 25 იანვრამდე მოხდა ეს ყველაფერი! გაცხადდა პრეტენზია, რომ 12 წლის განმავლობაში გავიზარდეთ და მამის გადალახვის დრო დაგვიდგა. დრო აჩქარდა. მოვლენები ისე სწრაფად განვითარდა, რომ არათუ გადავლახეთ – შევაფასეთ კიდეც: ეს იყო სუროგატი მამა! მერე ვფიქრობდით – იქნებ სულაც არ გვჭირდება მამა! ისტორიული დროის უნისონის წყვეტამ ჩვენ მოგვცა საშინელი გამოცდილება – პატრონის ძიების ყოველ მცდელობას მივყავდით ყოველთა ქართველთა მამის, ბაბუს, ანუ ქართველთბაშის ფენომენამდე. ჩვენ დავირცხვინეთ ასეთი მამა და ისევე, როგორც 80-იანი წლების ბოლოს პირველებმა დავტოვეთ საბჭოთა კავშირი, ამჯერადაც გადავწყვიტეთ პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველებს გვეთქვა უარი მასზე. ისევე როგორც მაშინ, 12 წლის შემდეგ, ჩვენ აღმოვჩნდით ქუჩაში.

იცი, მკითხველო, ეს თორმეტი წელიწადი რა 12 წელიწადია?! მოვახერხეთ კი ამ დროში შეგვექმნა მატერიალური და სულიერი ღირებულებები?! გადავდგით თუნდაც ერთი ნაბიჯი წინ?! თუ გვირჩევნია ვიყოთ მასაში, გავექცეთ როგორც პირად, ისე საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას, გავყვეთ ბელადებს ყვირილით: “ძირს მამა!” მათ დავაკისროთ პასუხისმგებლობა, რათა საჭიროების შემთხვევაში მოვთხოვოთ პასუხი, ისევ მათ დავუყვიროთ “ძირს!” ანუ ვიაროთ წრეზე. ერთი სიტყვით, მუდამ ვიყოთ “ცუდი მამების” “კარგი შვილები”.

შესაძლებელია, რომ ქუჩაში არ აღმოჩნდეს ისტერიულ-დემონსტრაციული ფსიქოტიპი, რომელსაც არ ძალუძს ყოველდღე, ნაბიჯ-ნაბიჯ იაროს დასახული მიზნისკენ, გამუდმებით ზიდოს არჩევანის ტვირთი, თავად აშენოს და თავადვე აგოს პასუხი საკუთარ ცხოვრებაზე, რომელსაც არ სურს, იყოს რიგითი ადამიანი და ყოველდღე იღვაწოს დაფარულში, არამედ სურს იყოს რაიმე დიადი გადაწყვეტილების, დიადი წამის მონაწილე, თუმცა, როგორც კი გადაწყვეტილება მიღებულია, მაშინვე მოიწყენს. ზეიმი დამთავრდა. ჩინური კარნავალის მსგავსად, დრაკონი-მამა დაიფერფლა. მორჩა ქუჩა. ახლა შეფასების დროა.

ცნობიერ დონეზე ნაწილისთვის ეს იყო დრამა – სიუზერენის მარადიულ ძიებაში დამაშვრალმა ამ მედიივალურმა ვასალებმა დაკარგეს რეალური მამა და სამყაროში მიგდებულად იგრძნეს თავი. მათ დაკარგეს დივიდენდები და, რაც მთავარია, მამისგან დასწავლილი თამაშის წესები, რომლებიც აღარ გამოდგება.

ნაწილისთვის ეს იქცა პროგრესად, იმპოტენტი მამისგან თავის დაღწევის შესაძლებლობად. მათ ახალი რეალობის დასამკვიდრებლად სჭირდებათ შავი დედოფლის მიერ ალისასთვის შეთავაზებული ფორმულა: იმისათვის, რომ სადმე მიხვიდე, საკმარისი არ არის მთელი ძალით ირბინო, საჭიროა ორჯერ უფრო სწრაფად, ვიდრე მთელი ძალით.

არსებობს მესამე ნაწილი, რომელსაც ამ ბოლო წლებში “ბრალად ედება მითოსური აზროვნება”. ისინი მამის ძიებას სამყაროს არქეტიპებში აწარმოებენ. პიროვნება, რომელიც არქეტიპად არ ჩამოყალიბდება, მათთვის მამა ვერ გახდება, რადგან მამის ხატი კოლექტიური მეხსიერებიდან ამოდის, ლიტერატურულ და მითოსურ სივრცეში მყოფობს – კავკასიონის მთებზე მიჯაჭვული ამირანი, დაფარული მამა (დათრგუნული, მაგრამ პოტენციური). მამა დაკარგულია. ამ მითოსურ პლასტში არის განფენილი გალაკტიონის მიერ მამის ძიება. იგი, რომელსაც არასოდეს უნახავს საკუთარი მამა, სწორედ მიჯაჭვულ ამირანთან ახდენს მის იდენტიფიკაციას.

შეხავსებია კლდეები კლდეებს, იქ ვიღაც კვნესის დიდი ხანია,
“ამირანია?” – მივმართავ ტყეებს, და ტყე გუგუნებს: ამირანია.
ეს მძაფრი კვნესა მიწამლავს დღეებს, ის გული ისევ ჩემი გულია.
“დაკარგულია?” – მივმართავ ტყეებს, და ტყე გუგუნებს: დაკარგულია.
(მშობლიური ეფემერა)

მამა დაკარგულია. ჯაჭვი ჩარღვეულია. ბორბალი უკუღმა ტრიალებს. დაკარგული მამის არქეტიპი მუშაობს. მამის როლსა და ფუნქციას დედა ითავსებს. ოთარიანთ ქვრივი ქალია. ქალკაცა მშობლის აღზრდილი უტყვი შვილი ითრგუნება სურათით, თუ როგორ სიყვარულით წმენდს და ეფერება დედა მამისეულ თოფს. საბოლოოდ იგი ვერ ხორციელდება, როგორც მამაკაცი და სიცოცხლეს ფალიკურ სიმბოლოზე, სარზე წამოგებული დაასრულებს.

ბაზალეთის ტბის ფსკერზე ოქროს აკვანს არტახებით მიჯაჭვული, ხთონური წყლებით დაფარული ალგეთის ლეკვი და მისი ტყუპისცალი მეოცე საუკუნეში ამაოდ ცდილობდნენ მახვილის ხელში აღებას მათ უკან მდგარი დედის დასაცავად. ეს უნიათო მცდელობა მთლიანად უარყოფილია ქართვლის დედის ხატით. ეს არის დაკარგული მამისა და დესექსუალიზებული დედის შერწყმის სიმბოლო. ეს არის მადონა ყრმის გარეშე, წიაღი, კვლავქმნადობის საწყაული, ხმლით დაფარული, ხოლო მოყვრისათვის გაწვდილი თასიდან ვის აღარ მოუკლავს წყურვილი!

რაც შეეხება კოლექტიურ არაცნობიერს, დროის უნისონის წყვეტამ დათრგუნა მამის ხატი. ჩვენ დიდი ხანია ვცხოვრობთ უმამოდ.

ვეღარ ვცნობილობ მშობლიურ ხეებს, ზამთარს ბილიკი დაუტანია..
“დიდი ხანია?” – მივმართავ ტყეებს, და ტყე გუგუნებს - დიდი ხანია..
(მშობლიური ეფემერა)

მერე რა მოხდა?! მოვიდა მამა და ჩვენ ვერ ვიცანით?! ზამთრის ბილიკებს გავუყენეთ დამზრალ ტყეებში?! იქნებ ჩვენ სულაც არ გვჭირდება მამა? და აქ იწყება


ვარდისა და ავტომატის საიდუმლოება


ბორბლის უკუღმა ტრიალმა საუკუნეების მანძილზე ჩამოაყალიბა თავსმოხვეული მამისა და კანონებისადმი დაუმორჩილებელი, მეამბოხე ქცევის ტიპი. პროტესტი გაიგივდა პროგრესთან. ბორბლის ინერციამ ქვეშ მოიყოლა ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენის იდეა. მამა, რომელიც საუკუნეების მანძილზე პირველად არ იყო თავსმოხვეული, ჯერ განიდევნა და მერე შეფასდა.

რა იყო იმ ინერციის ძალა, რომელმაც გამოიწვია აპოკალიფსური განცდა და მოითხოვა მოქმედება – დაუყოვნებლივ, ყოველგვარი განსჯისა და ანალიზის გარეშე? რა ძალა გვამოძრავებდა ჩვენ, როდესაც ხელში ავიღეთ ფალიკური სიმბოლო – ავტომატი და განვახორციელეთ მამის განდევნის აქტი?! ნუთუ იმიტომ, რომ იმ სპექტაკლში, რომელსაც ბოლო რვაასწლიანი ისტორია ეწოდება, არ მოიძებნა არცერთი როლი, დგამი, სამოსი და რეკვიზიტი მამისათვის?

იქნებ ჩვენ სულაც არ გვჭირდება მამა?! გვჭირდება ჩვენ მამა, რომელსაც ავტომატით დავუპირისპირდით, მან კი სანაცვლოდ ყვავილები შემოგვთავაზა?! მამასთან ერთად ჩვენი ცნობიერებიდან განდევნილმა ამ ფრაზამ 12 წელი იმუშავა და მხოლოდ დღეს ამოტივტივდა. რატომ შემოგვთავაზა ყვავილები? იმიტომ, რომ მამა იყო და ტყვიას ვერ გვესროდა. ისტორიას შერჩა მამისმკვლელი რკინის ფალოსით, ხოლო ეს აბსურდული ფრაზა რეალობად იქცა, როდესაც საჭირო გახდა მომდევნო, სუროგატი მამის მრავალწლიანი ძალაუფლების დამხობა. ჩვენ მას ვესროლეთ ამბივალენტური, ორთავე, ფალიკურ და ვაგინალურ სიმბოლოთა შემცველი ყვავილი – ვარდი. რა თქმა უნდა, ვარდი! ერზაცის დამარცხებას არ დასჭირდა ლითონის ძალა, ეს შესაძლებელი გახდა ოდენ სიმბოლოთი.

კოლექტიური მეხსიერების ფსიქოანალიზმა მოგვცა შემდეგი სურათი: დაკარგული მამისა და მასკულინირებული დედის მიერ გაზრდილმა შვილმა ბოლოსდაბოლოს გააცნობიერა, რომ მას საკუთარი მამის მიღება გაუჭირდა, მაგრამ თავსმოხვეულ მამასაც ვერასოდეს იგუებს. მის ცნობიერებაში საუკუნეების განმავლობაში დამკვიდრებულმა პერვერსიამ – კრებითი მშობლის მახინჯმა ხატმა ესთეტიზაცია განიცადა და ქვეცნობიერიდან ამბივალენტური სიმბოლოს, ვარდის სახით ამოიტყორცნა.

ასე გაცხადდა ვარდისა და ავტომატის საიდუმლოება. კითხვა: გვჭირდება კი ჩვენ მამა? – ჰაერში გამოეკიდა. შვილს აღარ შეუძლია და აღარც სურს, დარჩეს მარადიულ შვილად. შესაძლებელი ხდება ჯაჭვის გამთლიანება. რა საჭიროა მამასთან ბრძოლა, როდესაც ის თავად განიჭებს მნიშვნელოვანებას, თავად გაძლევს შანსს, გახდე მამა. გეტყვის: “ფეხი დამადგით, გულზე დამადგით ფეხი ყოველმან”.


P.შ. ან ავაშენოთ ლამაზი, თეთრი სახლი და მის ზღურბლზე ამოვტვიფროთ სიტყვები, რომლებიც ყოველ ჯერზე იქ შესვლისას იქედან გამოსვლას მოგვაგონებენ:
“ჟამი რა წვლილთა და ხმელთა აღმოფშვინვათა წარმოდგეს,
ზარი მეფობისა წარხდეს და დიდება დაშრტეს,
შვებანი უქმ იქმნნენ,
ყვავილოვნება დაჭკნეს,
სხვამან მიიღოს სკიპტრა,
სხვასა შეუდგნენ სპანი,
მაშინ შემიწყალე, მსაჯულო ჩემ