Friday 16 October 2009

საქართველოს საშინაო პოლიტიკა

ვფიქრობ დადგა დრო, გავაანალიზოთ ის შედეგები და სიტუაციები, რაც 2003წ. ვარდების რევოლუციის შემდეგ მოხდა. მინდა დავყო ეს პერიოდებად. პირველ პერიოდად მოვიაზრებ 2004წ. დან 2007წ-მდე პერიოდს და შევეხებით კიდევაც.

რა მემკვიდრეობა დაგვრჩა შევარდნაძის ხელისუფლებიდან? ვფიქრობ აუცილებელია ამ ყველაფრის გაანალიზება, რომ უფრო ნათლად დავინახოთ ის შეცდომები და წარმატებები, რომელიც ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ მოხდა.

მე დავწერე რამდენიმე წერილი, რომელიც ეხებოდა ადამიანურ თავისუფლებებს, ჩვენს პირად არჩევანს და ამ არჩევანის ერთგულებას. ვთვლი, რომ ეს საზოგადოების საკმაო დიდი პრობლემაა და ამის შესახებ ვისაუბრე ჩემს წერილში, რომელიც ჩემს ბლოგზეა განთავსებული.

http://joaoscorner.blogspot.com/2009/07/blog-post_08.html

http://joaoscorner.blogspot.com/2009/06/blog-post_30.html

დღემდე ვრჩები იმ აზრზე, რომ საზოგადოებას ეს პრობლემა დღემდე უდგას, ისინი ვერ ხდებიან თავიანთი არჩევანის ერთგულნი.

რევოლუციის შემდეგ, რომლის მომხრეც არ ვიყავი და დღესაც ვფიქრობ, რომ სახელმწიფოებრივი აზროვნების სრულყოფილად ჩამოყალიბებისთვის ეს გაცილებით ცუდი ფაქტი იყო, ვიდრე შევარდნაძის აბსოლუტურად უნიათო, კორუმპირებული და ამორალური ხელისუფლების გაშვება დროზე ადრე.

მსგავსი მოვლენები, ყოველნაირად უშლიან ხელს პოლიტიკური კულტურის, პოლიტიკური შიდა თამაშის წესების ჩამოყალიბებას. დღეს თუ გვაქვს ამის პრობლემა, ეს არის სწორედ იმ მოვლენების ბრალი, რაც მოხდა 1992წ. 6 იანვარს და 2003წ. 23 ნოემბერს. მიმაჩნია, რომ ეს საკმაოდ უხეში ფაქტები იყო, რომელმაც სახელმწიფოებრივ ცნობიერებას ძალიან დიდი ზიანი მიაყენა. ამაზე ჩვენს შემდეგ წერილებში აუცილებლად ვისაუბრებთ.

ხელისუფლების პირველი ნაბიჯები, და შეიძლება ითქვას პრეზიდენტის პირველი ვადა, გაცილებით პოზიტიურად გამოიყურება, ვიდრე მისი შემდეგი ნაბიჯები, ანუ პრეზიდენტობის მეორე ვადა. პრაქტიკულად მოხდა ფორსირებულად დაწყებული რეფორმების შუა გზაში მიტოვება. ამის ნათელი მაგალითია განათლების რეფორმა, რომელიც ნამდვილად ვერ დასრულდა და დღეს ვერ ვხედავ მისი გაგრძელების პერსპექტივასაც კი. გამოცხადებული ”ბოლონიის პროცესზე” მიერთება, რომელიც ნამდვილად უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება იყო შუა გზაშიც კი არ გაჩერდა. მცირე კომენტარს გავაკეთებ ამ პროცესზე. ბოლონიის პროცესი არის განათლების სისტემა, რომელიც საერთაშორისო განათლების ინტეგრაციას გულისხმობს. ეს პროცესი ძირითადად ორიენტირებულია პროდუქტზე, თუ რა პროდუქტს უშვებს განათლების ცენტრები. თავიდან სწორედ ამაზე იქნა ორიენტაცია აღებული. ეს გზა არ გაგრძელდა. ხელისუფლება იძულებული გახდა წასულიყო კომპრომისებზე, დათმობებზე, რომელმაც განათლების ეს სისტემა შუა გზაში გააჩერა და დღეს სახეზე გვაქვს აბსოლუტური დომხალი განათლების სიტემაში. პრაქტიკულად მოხდა მხოლოდ შიდა აკრედიტაცია სასწავლებლების, ხოლო გარე აკრეტიზაციის შესაძლებლობა რა ვადით გადაიდო ჩემთვის უცნობია.

რა არისა ამის გამომწვევი მიზეზები? ვფიქრობ ეს ყველაზე მნიშვნელ;ოვანი კითხვააა, რომელიც უნდა დაისვას. ვფიქრობ რამდენიმე მოვლენა:

1. განათლების რეფორმის ამორფულობა და არა ინფორმაციული უზრუნველყოფა.
2. კომპრომისები საარჩევნო კომპანიისთვის, რომ არ დაკარგულიყო მასწავლებლების რესურსი, რომელიც ხელისუფლებას გააჩნდა.
3. მხოლოდ მიღწეულის (ეროვნული გამოცდები, სასწავლებლების აკრედიტაცია) პროპაგანდირება, რამაც პრაქტიკულად მოახდინა რეფორმის წელში გაწყვეტა და აწარმოა არასწორიო პრ აქცია, რომელმაც პრაქტიკულად განათლების სიტემის დღევანდელი ყოვლად უმიზნო სიტუაცია მოგვცა.

საბოლოო ჯამში, განათლების რეფორმის პრაქტიკული ჩავარდნა, ან შუა გზაში გაჩერება ქვეყანას მიაყენებს უდიდეს დარტყმას დროში, შეიძლება ითქვას გამოუსწორებელ დარტყმას. ეს ალბათ ერთერთი უმნიშვნელოვანესი სფეროა, რაზედაც სახელმწიფოს ხერხემალია აწყობილი. ამიტომ ვფიქრობ, შესაბამისი საინფორმაციო უზრუნველყოფის წარმოებით რეფორმა ბოლომდე უნდა განხორციელდეს, აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული ის ხარვეზები, რაც ამ პროცესს თან სდევდა, რომელთა გამოსწორება გვიან არასოდეს არ არის. აქ არ შეიძლება თავის მართლების რეჟიმში ყოფნა და უაზრო, პრ აქციის წარმოება. ქვეყანას ამით უდიდესი ზიანი მიადგება. ეს არის ხელისუფლების ერთერთი ძირითადი შეცდომა. საზოგადოებამ უნდა მოახდინოს ზეწოლა ხელისუფლებაზე, რომ ეს პროცესი გახდეს შეუქცევადი. საკითხზე მსჯელობა უნდა იყოს პროფესიონალური, სისტემური და არა კონკრეტული ფაქტების კონტექსტიდან ამოგლეჯვის სახით მოცემული.

ძალიან ბევრი საუბარია სასამართლო რეფორმაზე, სასამართლო სისტემის ჩამოყალიბებაზე. უნდა გავიაზროთ რამდენი საფეხურისგან შედგება ეს სისტემა:

1. სამართლადამცავი ორგანოების (პატრულის, პროკურატურის) რეფორმირება.
2. სასამართლო ინფრასტრუქტურის შექმნა
3. საგამოძიებო ექსპერტიზის ჩამოყალიბება, რომელიც უმნიშვნელოვანესია სისტემის გამართულად მუშაობისათვის.
4. მოსამართლეთა კორპუსის თავისუფლება, რომელიც უმნიშვნელოვანესია სასამართლო პრაქტრიკის სრულყოფისათვის.
5. საადვოკატო სისტემის დახვეწა.
6. სასჯელაღსრულებითი სამსახურების ღიაობა.
7. სამოქალაქო კონტროლი ამ სამსახურებზე, რომელიც ქვაკუთხედია მთელი ამ სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებისათვის.

შეიძლება ითქვას, რომ ყველა ეს საკითხები თითქოს დაიძრა. პატრულის რეფორმა წარმატებულად ჩატარდა და საკმაოდ ფორსირებულადაც, თუმცა მისი დახვეწა, მისი შემდგომი განვითარება აუციელებლია. არსებობს კერძო შემთხვევები, რომელიც მთლიანად სისტემას აყენებს ზიანს. ამ შემთხვევაში აუცილებელია პატრულის თანამშრომელთა ფსიქოლოგიური სატრენინგო მომზადების სერიოზული გაზრდა. საბოლოო ჯამში უნდა მივიღოთ ისეთი სისტემა, რომელიც ქვეყნის განვითარების, პატრულზე საზოგადოების ნდობის აუცილებელ წინაპირობებს შექმნის. კერძო შემთხვევებმა მოახდინა გარკვეულწილად სისტემისადმი ნდობის დაკარგვა, რაც დაუშვებელია იმ სტარტის პირობებში, რაც პატრულმა მისი შექმნის დღიდან საზოგადოებაში დაიბრუნა. ეს იქნება გამოუსწორებელი შეცდომა და იმ უფსკრულის გაჩენა, რასაც საბჭოთა მილიციის სახით თავი დავაღწიეთ. აუცილებელია მუდმივი რეფორმა, მუდმივი დახვეწა აღნიშნული სამსახურის.

შეიძლება ითქვას კატასტროფული სიტაციაა სისხლის სამართლის კოლეგიებში, რომელთა თავისუფლების არა გარანტირებულობა ქმნის უზარმაზარ უფსკრულს საზოგადოების სამართლის განცდის კუთხით. მოსამართლეთა თავისუფლება ეს არის საგამოძიებო და ადვოკატურის სამსახურების დახვეწის, მათი პროფესიონალებად ჩამოყალიბების უმნიშვნელოვანესი საფუძველი. რას მოიცავს მოსამართლეთა თავისუფლება:

1. მოსამართლეთა მუდმივ დანიშვნას თანამდებობაზე;
2. მყარ სოციალურ გარანტიებს (ხელფასი, პენსია, დაზღვევა...)
3. მათ საქმიანობაში ჩაურევლობა, რომელიც აჩენს უფსკრულს საზოგადოებასა და სასამართლოს შორის.
4. მოსამართლის ფუნქციების გაზრდა წინასწარი გამოძიების ეტაპზე.

როგორც მაქვს ინფორმაცია, ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ბევრ ამ საკითხს უზრუნველყოფს. თუმცა ერთია კანონი და მეორეა მისი შესრულება. პირადად ვერ მივესალმები ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, რომელიც იმდენად რთული ინსტიტუტია, რომ საკმაო დრო დასჭირდება ქვეყანას ჩამოყალიბდეს ნორმალური სასამართლო. ეს იქნება საკმაოდ ხანგძივი პროცესი და ბევრ ისეთ საკითხებს ამოატივტივებს, რომელზედაც ამჟამად წარმოდგენა არა აქვს საზოგადოებას და ვფიქრობ საკმაოდ მარტივად უყურებს ამ საკითხებს. მაგალითად არ იქნება გამორიცხული ისეთი ფაქტები, რომელიც ნაფიც მსაჯულთა მოსყიდვას, ამის საფუძველზე ადვოკატების ან პროკურორების დაპატიმრება- დაკავებას, ასევე ნაფიც მსაჯულთა დაპატიმრება-დაკავებას გამოიწვევს, რასაც საზოგადოებაში სხვადასხვაგვარი რეაქციები მოჰყვება. სახელმწიფო იძულებეული იქნება აკონტროლოს ეს ფაქტები, რაც თვალყურის გაძლიერებას.... გამოიწვევს. ვფიქრობ უფრო მარტივი და სწრაფეფექტიანია მოსამართლის სოციალური გარანტიების, თავისუფლების, მის საქმიანობაში ჩაურევლობის ფუნქციების უზრუნველყოფა, ვიდრე 12 კაცის და უფრო მეტის კონტროლი, ისეთ ნეპოტურ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. შესაბამისად ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს მხარს არ ვუჭერ, მე ვფიქრობ ეს მოკლევადაში ეფექტს არ გამოიღებს, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში შესაძლოა წარმატებულიც აღმოჩნდეს.

სასამართლოს თავისუფლება, მის საქმიანობაში ნებისმიერი სახით ჩაურევლობა არის იმის გარანტია, რომ მივიღებთ პროფესიონალურ საგსამოძიებო სისტემას, მაღალკვალიფიციურ საადვოკატო სისტემას. იმ შემთხვევაში, თუ ახალი საპროცესო კოდექსი, მოსამართლის უფლებების გაზრდას უზრუნველყოფს, ვფიქრობ ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი საკმაო პრობლემებს შექმნის, რაზედაც ზემოთ მაგალითის სახით ვისაუბრეთ.

სახელმწიფომ სასამართლო რეფორმა სასამართლოს ინფრასტრუქტურის მოწესრიგებით თითქოს დაასრულა, რაც რათქმაუნდა არსობრივად არ ცვლის იმ დრომოჭმულ სისტემას, რასაც საბჭოთა სასამართლო ჰქვიოდა, რომლის ტრადიცები, აბსოლუტურად არ პასუხობდა თანამედროვე მოთხოვნებს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოსთვის, ასევე საერთაშორისო ურთიერთობებში ინტეგრაციის კუთხით. სახელმწიფომ ამის უზრუნველყოფა არ გააკეთა, რაშიდაც აბსოლუტურად ნეგატიურია ჩემი პირადი დამოკიდებულება. ეს რა თქმა უნდა არის ზოგადი ანალიზი იმ პრობლემების, რომელზედაც შემდეგ წერილებში ვისაუბრებთ.

ეს შეეხება სასჯელაღსრულების, ჯანდაცვის, საპენსიო რეფორმის, თავდაცვის, და სხვა სამსახურების მუშაობას.

გაგრძელება იქნება.

16.10.2009წ.

Wednesday 7 October 2009

ჰ. ტალიავინის კომისიის დასკვნა იურიდიულ ტექსტში

თავიდანვე პირველ წერილში ავღნიშნე, რომ ეს დასკვნა არ არის ერთმნიშვნელოვანი დოკუმენტი. შესაბამისად სურვილი მაქვს ის განვიხილო სხვადასხვა ასპექტში. წინამდებარე წერილში შევეხებით ტალიავინის დასკვნის იურიდიულ ტექსტად გადაქცევის ნაწილს. რას ვგულისხმობთ ამ მოსაზრებაში. როგორც ცნობილია დასკვნამ ორივე მხარე (ქართული-რუსული ) დაადანაშაულა ომის საკითხებში. ერთი ფართომასშტაბიანი არაპროპორციული შეტევის განხორციელებაში (საქართველო), რუსეთი ეთნოწმენდაში, ასევე ომის შემდგომ ტერიტორიების ცნობაში, იქ უკანონობებში, შეთანხმების შეუსრულებლობაში, ომამდე მუდმივ პროვოკაციებში...

უნდა ავღნიშნოთ, რომ ტალიავინის კომისიის დასკვნა ვერ აყენებს ბრალდებას, ვერ განსაზღვრავს დანაშაულის ფაქტებს, და ვერ აფასებს ამ ფაქტებს. ის მხოლოდ ახდენდა ფაქტების კონსტატაციას. შესაბამისად შეიძლება ჩაითვალოს, რომ ამ დასკვნას პირადად არ შეუძლია იურიდიული შედეგების წარმოშობა. ეს შეიძლება ჩაითვალოს პოლიტიკურ-დიპლომატიურ ტექსტად, ასევე პოლიტიკურ შეფასებად აღნიშნული საკითხის.

მიუხედავად ამისა, კომისიის დასკვნა აუცილებლად უნდა იქნეს გამოყენებული იმ იურიდიული შედეგების დასადგომად, რომელიც საკმაოდ სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის რუსეთის, როგორც ოკუპანტის პოლიტიკურ დისკურსს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

1993წ. და 2008წ. რუსეთმა მოახდინა საქართველოს ტერიტორიებიდან ქართველების მასიური ეთნოწმენდა. 1993წ. აფხაზეთიდან ეთნოწმენდის დადასტურება საქართველომ ვერ მოახერხა და არც ყოფილა შემთხვევა, რომ ამ საკითხებზე საერთაშორისო საგამოძიებო ორგანიზაციებისთვის მიგვემართა და დაგვეწყო საერთაშორისო გამოძიება, რომელიც დაადგენდა დამნაშავეს, დამნაშავეთა ჯგუფს... თუმცა როგორც მაქვს ინფორმაცია საკმაოდ დიდი მასალები არსებობს.

2008წ. შიდა ქართლიდან იძულებით მიგრირებული ადამიანების ფაქტი ამ კომისიამ დაადასტურა და ეს დააბრალა ოს და დაქირავებულ, რუსეთიდან შემოსულ ბანდებს, თუმცა ირიბად ეს რუსეთს ბრალდება, ვინაიდან სწორედ რუსეთის მოქალაქეები იყვნენ ამ ბანდების წევრებ. ასევე როგორც რუსები აცხადებენ, ცხინვალშიც რუსეთის მოქალაქეებს ”იცავდნენ”. გარდა ამისა უამრავი განცხადება იყო, რომ ჩრდილო კავკასიელი მოხალისეები დაეხმარებოდნენ ოსებს საქართველოს წინააღდმეგ, ვინ იყვნენ ეს ხალხი? რატომ არ დაიცვა სამშვიდობო ძალებმა ამ ხალხის შემოსვლისგან სამშვიდობო ტერიტორია, რომელშიც არ შედიოდა ჯავის რეგიონი? იყო თუ არა ეს სოჩის ხელშეკრულების დარღვევა? კულახმეტოვის განცხადება, რომ ისინი ვეღარ აკონტროლებენ სიტუაციას, იყო თუ არა ეს ყოველივე სოჩის ხელშეკრულების დარღვევა და ვერ შესრულება. ამ შემთხვევაში საქართველოს მოქმედება იყო თუ არა კანონის ჩარჩოებში, როდესაც ვერ აკონტროლებს სამშვიდობო ძალები სიტუაციას რა ქნას სუვერენულმა სახელმწიფომ დაელოდოს როდის გააკონტროლებს სამშვიდობოები სიტუაციას? მაშჳნ როდესაც მათი ტერიტორიიდან შემოდის უკანონო ბანდ ფორმირებები აიარაღებს სეპარატისტულ ბანდებს.... ალბათ ყველას გვახსოვს კოკოითის განცხადება, რომ ქართველები ამ ტერიტორიაზე ვეღარასოდეს შემოვლენ.

ეს არის შეკითხვები, რომელიც პასუხგასაცემია და რომელსაც ვერ გასცემდა პასუხს ტალიავინის კომისია, ვინაიდან მისი დანიშნულება იყო ფაქტების კონსტატაცია. შეიძლება ვინმე შემოგვედაოს და გვითხრას, თუ ფაქტების კონსტატაციას ახდენდა კომისია მეტი რა საჭიროაო, მაგრამ კომისია დეტალურად ვერ იმსჯელებდა იმ მიზეზ-შედეგობრივ ფორმატზე, რაც არ იყო მისი კომპეტენცია. ამაზე უნდა იმსჯელოს ამ ტექსტის იურიდიულ ტექსტად გადაქცევის მეთოდმა, ანუ გამოძიებამ, რომელიც ამ საკითხზე აუცილებლად უნდა წარიმართოს და ვფიქრობ ამ დასკვნის შემდეგ აუცილებლად უნდა დააყენოს საქართველომ კომისიის დასკვნაში მითითებული საკითხები საერთაშორისო გამოძიების წინაშე. გამოძიების ობიექტურად, მიზეზ-შედეგობრივად გაანალიზების, დაკონკრეტების ფაქტების ანალიზის შედეგად საკმაოდ ბევრ სიახლეს ვიხილავთ თუნდაც იმ თვალსაზრისით, რაშიდაც ტალიავინის კომისიამ საქართველოს ”პირველი გასროლის” ”დაბრალება” შეძლო. მიზეზ-შედეგობრივ კონტექსტში სავარაუდოდ საქართველოს ისიც მოეხსნება, რაც კომისიამ დააბრალა. თუმცა ვერ ვიტყვი, რა საერთაშორისო ნორმის დარღვევაა ეს. მიუხედავად იმისა, რომ კომისიამ საერთაშორისო ნორმების დარღვევა დაგვაბრალა, არ დაუკონკრეტებია, კერძოდ რომელი.

განსაკუთრებით საინტერესო იქნება დასკვნის ის ნაწილი სადაც საუბარია ეთნოწმენდაზე. აბსოლუტურად ლოგიკურია, კომისიის შემადგენლობისაგან იმაზე მითითება, რომ ეთნოწმენდა ჩაატარა ოსმა სეპარატისტებმა და ჩრდილოკავკასიელმა ბანდებმა, რასაც რუსებმა ხელი არ შეუშალეს. აბა პირდაპირ ხომ არ დაწერდნენ რუსებმა გააკეთეს ესო. თუმცა ირიბი დადანაშაულება რუსეთის მხარის, იგივე რუსეთის მოქალაქეების მიერ ჩადენილი მხეცობის დადასტურებულია. სწორედ ამას სჭირდება გამოძიებით დადასტურება და კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულის ჩამდენი პირების დასჯა, რომელიც შესაძლებელია აღმოჩნდეს კოკოითი და ბაღაფში. აუცილებლად პედალირება ამ საკითხის უნდა მოხდეს, ვინაიდან თუ ჩადენილია დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ, ეს საკითხი უნდა იქნას გამოძიებული და დანაშაულის ჩამდენი პირები იქნან დასჯილნი.

ამიტომ ვფიქრობ, რომ უნდა მოხდეს კომისიის დასკვნის იურიდიულ კონტესტში განხილვა საერთაშორისო სამართლის და საერთაშორისო გამოძიების მიერ. უნდა დაერქვას ყველაფერს თავისი სახელი. არ მაქვს ილუზია, რომ თუნდაც ირიბად რუსეთის დადანაშაულების შემთხვევაში, რაიმე პასუხისმგებლობა რუსეთის ხელისუფლების მიმართ დადგება, თუმცა დადგება საკმაოდ სერიოზული პოლიტიკური საკითხები, ვინაიდან ის ჯაჭვი, რაც ამ გენოციდს თან ახლავს, ვგულისხმობთ. ოკუპაციას, უკანონო ბაზების განთავსებას, თავნებობას, და სისაზიზღრეს რასაც ამ ტერიტორიებზე რუსები აკეთებენ აუცილებლად ჩაერთვება ამ გამოძიების ინტერესებში. მხარდაჭერა სეპარატისტების მიმართ, მათი შეიარაღება და შესაბამისად ამის გამო სეპარატისტების მიერ მოწყობილი ეთნოწმენდა ის ჯაჭვია, რომელიც რუსეთს ამ კონფლიქტში აქცევს მხარედ. ეს გაეროში რუსეთისათვის უშიშროების საბჭოზე ხმიოს ჩამორთმევის წინაპირობა შეიძლება გახდეს, რაზედაც საკითხი ჯერ არ დასმულა, სწორედ საერთაშორისო კონსენსუსის გამო, და ჩვენი პარტნიორების თხოვნის გამო, თუმცა გამოძიების პროცესის წარმართვის შემთხვევაში გავა საკმაო დრო, რომელმაც შესაძლოა პოლიტიკური კონიუნქტურის ცვლილების შემთხვევაში სასურველ შედეგამდე მიგვაღწევინოს.

შეიძლება ვინმეს შიში შეეპაროს, რომ კონკრეტული, ფაქტობრივი გამოძიების შემთხვევაში საქართველომ რაიმე პრობლემა არ შეიქმნას. წინასწარ ვიტყვი ეს შეუძლებელია. თუ ეს მოხდება მაშინ საერთაშორისო სამართალში უნდა შეიქმნას ახალი ტერმინი ”კანონიერი ოკუპაცია”. მე არა მგონია ეს ტერმინი დამკვიდრდეს, ვინაიდან ფაქტი და აპრიორი არის ის, რომ არსებობს ოკუპაცია, ამას ხალთაში ვერავინ ვერ დამალავს და მათ შორის ვერც რუსეთი.

პირიქით კი ვფიქრობ. კონკრეტული გამოძიების შემთხვევაში, ეთნოწმენდის დადასტურების და კონკრეტული პირების ბრალდების პირობებში, რომელიც უნდა იყოს კოკოითი და ბაღაფში, რომელთაც მოაწყვეს ეთნოწმენდა კოდორში და ცხინვალის რეგიონში, რუსეთის პოლიტიკური სიტუაცია, პოლიტიკური დისკურსი მთლიანად ინგრევა. თუ საერთაშორისო სასამართლოს ამ პირებს არ გადასცემენ, ან გადასცემენ, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს იქნება რუსული პოლიტიკის სერიოზული კრახი საქართველოში და საერთაშორისო ურთიერთობებში.

ამით გახდება შესაძლებელი მან დაიხიოს უკან (შეიძლება ომი დაგვიწყოს და აქ საკუთარი ხელისუფლება დასვას, ამ საკითხის შესაჩერებლად) და მოხდეს საერთაშორისო სამშვიდობო ძალების შესვლა ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ეთნოწმენდის დადასტურების შემდეგ, დღის წესრიგში ძალიან მწვავედ დადგება ეთნოწმენდის შედეგად დაზარალებულ ადამიანთა დაბრუნების და კომპენსირების საკითხები.

რაც შეეხება რუსეთს, ეს მოგვცემს საშუალებას დადგეს მისთვის ხმის უფლების ჩამორთმევა საქართველოს საკითხებზე გაეროს უშიშროების საბჭოზე. ასევე პრაქტიკულად უაზრობად აქცევს ამ ტერიტორიების ცნობის საკითხი, რომელიმე სახელმწიფოს მიერ.

ამის გამო ვფიქრობ, აუცილებელია ხელისუფლებამ და მთლიანად ქართულმა საზოგადოებამ მოახდინოს ამ საკითხების დაყენება საერთაშორისო გამოძიების წინაშე, რაც აუცილებლად გამოიღებს შერიოზულ პოლიტიკურ და სამართლებრივ შედეგებს.

7.10.09

Friday 2 October 2009

ამერიკამ გვიღალატა, ანუ ძველი სიმღერა ალიფაშამ გვიღალატას რემინისცენციები

ობამამ გაგვყიდა. ეს ფრაზა არაერთხელ წვიკითხე, როგორც პრესის ფურცლებზე, ასევე აქაც ფორუმზე. დისკუსიაში არ ჩავრთულვარ. ამიტომ შევეცდები აქ, ამ წერილში ჩემი აზრი მოგახსენოთ ამ ყველაფერზე.

ზოგადად ობამას გადაწყვეტილების თემა გეოპოლიტიკურია, ვინაიდან ეხება ევრაზიის გეოპოლიტიკურ წყობას და მის სტრუქტურულ გადანაწილებას. ამისათვის არსებობს 2 მხარე. ერთის მხრივ ეს არის მთელი ევროპა და ამერიკა, მეორეს მხრივ ეს არის რუსეთი, რომელიც ითხოვს ინტერესების გაყოფას და თავისი ინტერესების კონცენტრაციას სნგ-ს სივრცეზე. ამ კონცენტრირებული სივრცის მის ტერიტორიად აღიარებას. აღნიშნულს ეწინააღდეგება დასავლეთი ამერიკის მეთაურობით.

გასაგებია, რომ ეს არის პოლიტიკა, ეს არის გეოპოლიტიკური მიზნები, მაგრამ მას გააჩნია ენა, კომუნიკაცია. ამის გარეშე ეს ყოველივე არ არსებობს. ფაქტია, რომ დღეს მიუხედავად კომუნიკაციისა, არ არსებობს ერთიანი ენა და ისიც ფაქტია, რომ რუსეთი საუბრობს სულ სხვა ენაზე, რომელსაც კომუნიკაციასთან პრობლემა აქვს. ორი დისკურსი ეჯეხება ევრაზიულ სივრცეზე. ერთი ეს არის რუსული დისკურსი, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებული გეოპოლიტიკის კვლავ გაგრძელებას ითხოვს , ხოლო მერე ამ დისკურსის შეწყვეტას (ამერიკა) და დასრულების ფაქტის კონსტატაციას ახდენს.

დღეს გვაქვს ორი გეოპოლიტიკური ტექსტი. ამ ორ გეოპოლიტიკურ ტექსტზე მიმდინარეობს ძირითადი წინააღმდეგობა. სწორედ ამ ტექსტის გაშიფრვას წარმოადგენდა ობამას 2009წ. 17 სექტემბრის გაცხადებული გადაწყვეტილება. ძალიან რთულია ამ გლობალურ გადაწყვეტილებაში ვიპოვოთ საქართველოს კუთვნილი ტექსტი. ეს თითქმის შეუძლებელია. ეს შეიძლება მოვახერხოთ მხოლოდ მაშინ თუ საქართველოს განვიხილავთ ამ გლობალური გეოპოლიტიკის ნაწილად.

რამდენად არის ეს შესაძლებელი? ეს ალბათ ყველაზე მწვავე შეკითხვაა. თუმცა უნდა ვთქვა, რომ ამ შეკითხვას იმდენად შიშნარევად ვუყურებთ, რომ სწორი პასუხის მოძიება მასზე საკმაოდ რთულია, თუმცა არა შეუძლებელი. ის, რომ საქართველო გეოპოლიტიკური ტექსტის ნაწილია და დღეს დასავლეთის გეოპოლიტიკურ დისკურსში მოაზრებულია, როგორც მოთამაშე დადასტურდა სწორედ 2008წ. აგვისტოს ომის დროს. ეს იყო პირველი ღია ომი რუსეთთან. ეს იყო საქართველოს და რუსეთის გეოპოლიტიკური ომი. ეს იყო ის შემთხვევა, როდესაც რუსეთმა ჩათვალა, რომ საქართველო, მისი პოზიცია არის მისი გეოპოლიტიკური მიზნებისთვის მიუღებელი და მას ომი გამოუცხადა. ასევე ცხადი იყო, რომ საქართველო, რუსეთის გარდა მნიშვნელოვანია დასავლეთისთვის.

ჩვენ გვახსოვს ის დრო, როდესაც ეს ასე არ იყო და ეს 1993წ. 27 სექტემბერია, სოხუმის დაცემა, 300 000 ლტოლვილის მიღება და აფხაზეთიდან ქართველების ეთნოწმენდა. 16 წლის შემდეგ ეს უკვე ასე აღარ არის. რა შეძლო საქართველომ 16 წლის მანძილზე? მან შეძლო, ავად თუ კარგად გლობალურ გეოპოლიტიკურ ტექსტში ინტეგრაცია ინტერესების დონეზე.

ეს ტექსტი 16 წლის მანძილზე იქსოვებოდა.ეს არის გეოპოლიტიკური ინტეგრაციის ტექსტი, რომელმაც, რუსეთის ქმედებებს დროში გაასწრო და სწორედ ამიტომ მივიღეთ 2008წ. აგვისტოში ის, ვგულისხმობთ დასავლეის საკმაოდ სერიოზულ მხარდაწერას, რაც ვერ მივიღეთ 1993წ. 27 სექტემბერს.

ჩვენ 1993წ. 27 სექტემბრიდან დავიწყეთ იმ ტექსტის ქსოვა, რომელსაც უნდა მოეხდინა საქართველოს სახელის ამოქარგვა მსოფლიო გეოპოლიტიკის ერთიან ქსოვილში. ეს არის იმის საფუძველი, რომ ჩვენ საბოლოო ჯამში ვსტრუქტურირდებით ამ ერთიან ტექსტში. ამის მაგალითია, ჩვენი მონაწილეობა ტრანსნაციონალურ ენერგოპროექტებში, რომლებიც თავი და თავია მსოფლიო გეოპოლიტიკის.

სწორედ ეს არის ბარაკ ობამას გადაწყვეტილებაში საქართველოს ადგილი, რომელიც იმდენად მკრთალადაა ამ გლობალურ გადაწყვეტილება-მიმართებაში ჩართული, რომ მისი დანახვა ცოტა არ იყოს რთულია. ამიტომ გახდა საჯილდაო ქვად დისკუსია იმის თაობაზე, რომ ჩვენი ადგილი სადაა ამ გადაწყვეტილებაში? სინამდვილეში ეს, არის გადაწყვეტილება, რომელიც აკეთებს რუსული მეორე მსოფლიო ომის შემდგომი დისკურსის საბოლოო დეკონსტუქციას.

ამიტომ ძირეულად შეცდომაა, ობამას გადაწყვეტილებაში საქართველოს ადგილის ძიება, მაშინ, როდესაც ის ახდენს რუსული დისკურსის დეკონსტუქციას. ამ შემთხვევაში ეს გადაწყვეტილება, რომელიც მსოფლიო გეოპოლიტიკის ტექსტია, დასცინებს ჩვენი კულტურული ტოპოსის პრეტენზიას აღმოაჩინოს თავისი ადგილი ამ ტექსტში. ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია გავაროთ ეს ტექსტი. ხოლო ჩვენ რატომღაც ყოველთვის გვსურს მსგავსი ტექსტი დავიჭიროთ და სახლში შემოვათრიოთ მაშინ, როდესაც ჩვენი დისკურსი აბსოლუტურად ემთხვევა ობამას გადაწყვეტილებას. განა ჩვენ ჩვენის ძალებით, შესაძლებლობებით არ ვცილობთ მოვახდინოთ რუსული დისკურსის დეკონსტრუქცია? რომელიც ჩვენს განადგურებას ისახავს მიზნად? თუ ეს ასეა და ეს დისკურსი ემთხვევა ამერიკულ დისკურსს პრობლემა რაში გვაქვს?

როდესაც ვამბობთ რუსული დისკურსის დეტემნიზებას ვგულისხმობთ შემდეგს: კონკრეტიზაციის თვალსაზრისით, რუსული ლოგიკის დეკონსტრუირება ხდება და სად შეიძლება ამან მიგვიყვანოს? ხომ არსებობს ისეთი ლოგიკაც, რომელიც ჩიხში შედის? თუ ამას განვიხილავთ მაგალითების საფუძველზე მივიღებთ შემდეგ სურათს. რუსეთმა ხელი შეუწყო ირანში ატომური პროგრამის შექმნას, ანუ შექმნა ლოგიკა, რომელმაც საფრთხე შეუქმნა არამარტო, ახლო აღმოსავლეთსდა შუა აზიას, არამედ რუსეთსაც ხომ? მნიშვნელობა არა აქვს ეს თეორიული საფრთხეა თუ პრაქტიკული. ანუ რუსულმა ლოგიკამ ირანთან მიმართებაში შექმნა პრობლემური საფრთხის შემქმნელი ლოგიკა. ეხლა როდესაც რუსეთს ეუბნებიან: არის საშიში ირანის ხელში ატომური ბომბი? ის ვერ იტყვის, რომ არა. რა ვქნათ ხელი შევუშალოთ ამ პრობლემას? რათქმაუნდა კი. თუ კონცენტრაცია განხორციელდება ირანის ატომურ პროგრამაზე, აქ რუსეთის მანამდელი ლოგიკა ხვდება ჩიხში. ვის აწყობს ეს ჩიხი? იმათ ვინც წინააღმდეგია ირანის ატომური პროგრამის.

ეხლა განვიხილოთ სხვა საკითხი, რა უფრო მნიშვნელოვანია, პოლონეთ-ჩეხეთში ანტისარაკეტო ფარი თუ ირანის ახლოს ანტისარაკეტო ფარი, როგორც ხმელეთზე ასევე სპარსეთის ყურეში? თუ პოლონეთიდან და ჩეხეთიდან შეიძლება ანტისარაკეტო ფარის გაკეთება, ირანის წინააღმდეგ რატომ არ შეიძლება მისი გაკეთება უფრო ახლოდან? ან რას შეცვლის ეს? არაფერს იმ სტრატეგიაში რაც ბუშის დროს იყო. ორივე შემთხვევაში ანტისარაკეტო ფარი ირანის წინააღდეგაა, ხოლო რუსული ლოგიკა ირანის ატომურ პროგრამასთან მიმართებაში შევიდა ჩიხში და ის იძულებულია შეიცვალოს და მხარი დაუჭიროს უკვე სხვა ლოგიკას, ირანის ანტისარაკეტო ფარს, ოღონდ სხვა ტერიტორიაზე. სწორედ ამას ვგულისხმობთ, როდესაც ვსაუბრობთ რუსული დისკურსის დეტერმინირებაზე, პრაქტიკულად ეს სწორედ ამ ჩიხს ნიშნავს, რაშიც რუსული ლოგიკა მოექცა ამ ეტაპზე. ის ვერ იტყვის ირანის ატომური პროგრამა საშიში არ არის. ის დათანხმდება ირანის წინააღმდეგ სანქციებზე.

სხვა შემთხვევაში და საქართველოს შემთხვევაში, მინდა ვთქვა, რომ ირანს, ერაყს, ავღანეთს, უკრაინას შუააზიის, ენერგორესურსებს კავკასიის გარეშე აზრი ეკარგება. ამ ჯაჭვიდან არ შეიძლება რგოლის ამოგდება. ამიტომ არ შეიძლება ეს მთლიანი გეოპოლიტიკური ტექსტი განვიხილოთ კავკასიის ამოგლეჯვის კონტექსტში. ტექსტის ქსოვილი დაირღვევა. ნუ ეს დაირღვევა, ჩვენს ისტორიულ ბედიღბალსაც ჩაითრევს. დღეს ეს რღვევის ნიშნები არ ჩანს. ხოლო ჩვენი შიშები ჩანს.

თუმცა მესმის ეს ყოველივე, მესმის იმდენად, რამდენადაც ფრუსტირებული საზოგადოება, რომელმაც დამოუკიდებლობის მოპოვებიდან (18 წელი) თავის თავში სახელმწიფო ვერ აღმოაჩინა მსგავს ქმედებებს ჩაიდენს. ის ყველაგან ეძებს იდენტიფიცირებას, ტექსტებში იქნება თუ მოვლენებში და როგორც კი თავის სახელს ვერ ამოიკითხავს მკაფიოდ დაწერილს და ჩართულს რომელიმე ტექსტში, შიშები იპყრობს. ეს ყველაზე საშიში საზოგადოებაა, რომლის გადაწყვეტილებები საიმედო ვერ იქნება. ასეთი საზოგადოება ყოველთვის ცდილობს გაიქცეს, გაექცეს საკუთარ გადაწყვეტილებებს, ვინაიდან ის არ მოიცავს სახელმწიფოს თავის თავში, არამედ სახელმწიფოში მოიაზრებს თავის თავს. სახელმწოფოში, რომელიც საკუთარ თავში მოაზრების გარეშე მხოლოდ ქიმერაა და მისი აღმოჩენის შანსი ნულია. სწორედ ამას ვგულისხმობ, როდესაც ვსაუბრობ სახელმწიფო გადატრიალებაზე, რომელიც საშინელება იყო როდესაც მოხდა და სწორედ იქ გაწყდა ის ჯაჭვი სახელმწიფოს მოაზრების, საკუთარ თავში ტარების, რამაც დღეს სახელმწიფოს ქიმერულ გაგებასთან მიგვიყვანა. სწორედ ამიტომ ელოდებიან ტალიავინის კომისიის დასკვნას ასე სულგანაბული და საზოგადოების დიდი ნაწილი მიესალმება თუ იქ საქართველო დადანაშაულდება. ეს არის სახელმწიფოს საკუთარ თავში მოაზრების პრობლემა. უბრალო მაგალითად მოვიყვანე და არა სამსჯელოდ.

ეს ჩართულობა ამ ტექსტში იმიტომ გავაკეთე, რომ უნდა გვესმოდეს ერთი რამ, თუ საქართველო ჩართულია მსოფლიო გეოპოლიტიკური ტექსტის ქსოვილში, რუსული დისკურსის დეკონსტრუქცია, რომელსაც ობამას ტექსტი გვთავაზობს, ის ჩვენი ტექსტიცაა. იქ მნიშვნელობა ნაკლებად ენიჭება ტექნიკურ საკითხებს როგორ მოხდება ეს, მაგ. დაბომბავს თუ არა ისრაელი ირანს. დაეხმარება თუ არა მას ამერიკა და გადაატრიალებენ თუ არა აჰმედინეჯადს. ტექნიკურადაც შეიძლება ითქვას, რომ ბალკანეთის გამოცდილებით, რუსეთის 10 წლიანი ბუზღუნი ირანის საკითხს ვერ მოჰყვება. მოქმედებები შესაძლებლობების ზღვარზე მიმდინარეობს სიტუაციის შესაბამისად, ოდეოლოგიის შესაბამისად.

ისევე როგორც ვეფხისტყაოსანი შეიძება ვიკითხოთ, როგორც კლასთა ბრძოლის, ასევე ღვთისმეტყველების, მზისმეტყველების, ასტროლოგიის, საერო რომანის პოზიციებიდან სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა იდეოლოგიის შუქზე, მაგრამ ვერასაოდეს გავცდებით მთავარ ტექსტს და თუ აქ არ ჩანს მკაფიო ჩანაწერი, ეს ულაც არ ნიშნავს, რომ ტექსტში ჩანაწერი არ არის.

შეიძლება ვიკითხოთ მარჯვნიდან მარცხნივ, ზემოდან ქვემოთ, კომენტარებით, თუმცა ეს ტექსტის ერთიან ქსოვილს ვერ დაარღვევს და ამ შემთხვევაში იმ ტექსტის, რომელსაც რუსული დისკურსის დეკონსტრუქცია ჰქვია. თუ ჩვენც ამას ვაკეთებთ, მაშინ პრობლემა არ გვქონია.

27.09.09

ირაკლი
მარგველაშვილი

ტალიავინის კომისიის დასკვნა და საქართველოს ბედი

მინდა ჩემი აზრი მოგახსენოთ ტალიავინის კომისიის დასკვნის შესახებ. ძირითადად დავკავდი პრესის კომენტარებით და თავად დასკვნის ნაწილიც წავიკითხე. ვფიქრობ ჯერჯერობით არის ემოციური განწყობა, რომელიც გამოიხატება შემდეგ ფრაზებში: "ეს არის მიუნხენის გარიგება", "წავაგეთ საბოლოოდ", "აღარაფერი გვეშველება", "სრული პიზდეცია":D.

მე ვიტყოდი, რომ სულაც არ ვფიქრობ, რომ ეს დასკვნა დიდ ცვლილებებს გამოიღებს საერთაშორისო ასპარეზზე. რას ვგულისხმობ: დასკვნა შეიძლება დავაჯამოთ შემდეგი პრინციპით;

1. საქართველოსთვის ნეგატიური

2. საქართველოსთვის პოზიტიური

3. სამუშაო თემები

საქართველოსთვის ნეგატიური არის ის, რომ კომისიამ ჩათვალა, საქართველოს ფართომასშტაბიანი შეტევა იყო არაპროპორციული წინა დღეებში ოსთა და დაქირავებულ ბანდ ფორმირებათა პასუხისათვის.

დღეს რუსეთის საინფორმაციო მანქანა რათქმაუნდა არ ახდენს ამის პირდაპირ ფრაზირებას, არამედ გაიძახის, რომ ომი საქართველომ დაიწყო. არაფერს საუბრობს დასკვნის დანარჩენ ნაწილებზე, რომელიც მთლიანად რუსებისთვის არის ნეგატიური. ტერიტორიების დაკავება, სხვა ტერიტორიებში სუვერენულ;ი სახელმწიფოს ტერიტორიის დაბომბვა, ეთნოწმენდა, ლტოლვილები, გადამწვარი სოფლები, სამხედრო აგრესია, უკანონოდ ტერიტორიების აღიარება, რომელიც საერთაშორისო სამართალს ეწინააღდეგება.

როგორც ვიცით დასკვნა გამოქვეყნდა კონფლიქტის დასრულებიდან 10 თვეში. შესაბამისად ძალიან ბევრ პროცესს, რომელიც ამ დროში მოხდა, დასკვნა ჩამორჩება. დასკვნა ჩამორჩება იმ საერთაშორისო რეზოლუციებს, ევროსაბჭოში, სადაც რუსეთს თხოვენ ჯარების გაყვანას და სამშვიდობოების შემოყვანას კონფლიქტურ რეგიონებში. სასამართლო პროცესი რუსეთის წინააღდეგ, რომელიც მიდინარეობს, ეს დასკვნა სერიოზულ მტკიცებულებად გამოდგება ეთნოწმენდის საკითხებზე. დასვნა რუსეთს არ ანთავისუფლებს 6 პუნქტიანი შეთანხმების ვალდებულებებისაგან...


ანუ რა მინდა ვთქვა, ის ნეგატიური, რაც დღეს ყველაზე დიდ ემოციურ ფონს ქმნის და თითქოს იმედ გაცრუებას, ვფირობ დღედღეობით ვერ იმუშავებს. რუსეთს ვერ მოეხსნება ვერავითარი ვალდებულება, რომელიც მას საერთაშორისო ორგანიზაციებმა და ხელშეკრულებამ დააკისრა.

რუსეთი ეცდება და ცდილობს კიდევაც, რომ ეს დასკვნა სათავისოდ გამოიყენოს, მაგრამ "კაცმა ჭირი დამალაო და ჭირმა თავი არ დამალაო". დასკვნა არის ძალიან სერიოზულად დასამუშავებელი, დასახარისხებელი. მისი ძალიან დიდი ნაწილი თითქმის 90%, რომელიც რუსეთის ნეგატიურ როლზეა, როგორც კონფლიქტის ისტორიულ ნაწილში, ასევე კონფლიქტის პროვოცირების, სამშვიდობო მისიის შეუსრულებლობის, ომის შემდგომი უკანონობების, ომის დროინდელი უკანონობების საქართველოს მთლიანი ტერიტორიების დაბომბვის სახით, არის უნიკალური მასალა, საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთისთვის სერიოზული პრობლემების შესაქმნელად. მინდა ვთქვა, რომ დასკვნა არის სამუშაო მასლა, სადაც საკმაოდ დიდი პოზიტიური მომენტებია, რომელიც ქათულმა დიპლომატიამ და იურისტებმა უნდა გამოიყენონ სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში.

ტალიავინის კომისიის დასკვნა არის ევროპის პოზიცია, რომელიც მათ ომის შემდეგ გაახმოვანეს. დასკვნა არის გაშლილი პოზიცია ფაქტებით და კომენტარებით.

ასევე მინდა ვთქვა, რომ ეს დასკვნა ვერ შეცვლის გეოპოლიტიკურ ინტერესს, რომელიც არსებობს საქართველოს მიმართ. აგვისტოს ომმა გარკვეული გეოპოლტიკური საზღვრები შექმნა, რომელიც ინტერესებში გამოიხატა. ემოციურია ის განწყობაც, რომ უცებ გვინდა ძალიან სერიოზული შედეგების ხილვა. ეს ვერ მოხდება. პროცესი საკმაოდ ხანგძლივი იქნება, არა უსაშველოდ გრძელი. აგვისტოს ომი იყო ერთგვარი გარდატეხა ევრაზიულ გეოპოლიტიკაში. მან ძირითადი ორიენტირები გამოაჩინა და ეს ორიენტირები არ შეცვლილა. ვერც შეიცვლება, ვინაიდან პროცესები იმდენად მჭიდროთაა გადაჯაჭვული ერთმანეთზე, რომ მისი ერთ კონტექსტში წაკითხვის გარეშე ცალკე ამოგლეჯილად ერთიან ტექსტის ქსოვილს ვერ შევქმნით. შესაბამისად ეს დასკვნაც არ შეიძლება გამოვაცალკეოთ იმ ძირითად პროცესს, რომელიც ომის შემდეგ მიმდინარეობს. რუსეთი დადანაშაულებულია საკმაოდ მძიმე დანაშაულებში და ომის შემდეგი პროცესი მიიღებს შეუქცევად ხასიათს, ასევე ამ დასკვნის შემდეგაც ეს პროცესი გაგრძელდება, თუმცა ამას ჩვენი მხრიდან უნდა ძალიან დიდი მუშაობა.

ჩემი აზრით, არამგონია რამე რადიკალურად შეიცვალოს და ამ პროცესს ვუყურებ სწორედ გეოპოლიტიკური კუთხით. ამ ფრონტზე ძირითდი ორიენტირები დარჩება. თუ ვინმეს გულზე მოხვდა კლინტონის ფრაზა "სტრატეგიული მოთმინება" რამდენ ხანს ველოდოთ და ... ვფიქრობ ცდება.

დღეს, ვინ დაიწყო ომი? უკვე მეორეხარისხოვანია შექმნილი გეოპოლიტიკური განლაგებისათვის. პროცესები იმდენად დაცილებულია ამ შეკითხვას და იმდენად გასწრებულია დროში, რომ მისი შემობრუნება ამ შეკითხვაზე კომისიის პასუხს, საქართველომ დაიწყო შეტევა, რასაც მოჰყვა ფართომასშტაბიანი ომი ვეღარ პასუხობს. ვერ პასუხობს რუსეთის იმ პოლიტიკურ ინტერესს, რომელიც სჭირდება ჩვენს მტერს. უფრო შიდა პრ-ისთვის გამოიყენებს. თუმცა დაივიწყებს იმას, რომ იმავე დასკვნაში წერია, რუსეთმა მოახდინა ამ ომის პროვოცირება და პრაქტიკულად ჩვენი იძულებითი აუცილებლობის რეჟიმში ჩაყენება.


ჩვენთვის ეს ომი, სულ სხვა რამ იყო. არის დასკვნები, მაგრამ რუსეთის სამხედრო მანქანა რომ მახსენდება, მე პირადად, იმდენად მომზადებული და დაგეგმილი ჰქონდათ ყველაფერი, რომ ძალიან ცუდ დღეში ჩავვარდებოდით. არსებობს პოსტ ფაქტუმ მსჯელობა და არსებობს ფაქტამდე მსჯელობა, რომელიც პოსტ ფაქტუმ სიტუაციებს შესაძლოა სხვაგვარად გვანახებდეს.

1.10.09