Friday, 17 July 2009

ობამას მოსკოვის ვიზიტი და რუსების ჟესტების ენა

ვერ ვიტყვი, რომ ობამას მოსკოვის ვიზიტი დასრულდა. ის გრძელდება და მისი ბოლო აკორდი შეიძლება ბაიდენის საქართველოში ვიზიტმა არ დაასრულოს.

ობამას მოსკოვის ვიზიტმა კიდე ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო, როგორც გეოპოლიტიკური მოთამაშე შემდგარია. მისი თავისუფლების ხარისხი ძალიან მაღალია და ის არ არის მხოლოდ ჩვენი ზრუნვის საგანი, არამედ ის მსოფლიო თანამეგობრობის ზრუნვის საგანიცაა მისი გეოპოლიტიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე. საქართველოს დამოუკიდებლობა და თავისუფლება არ არის თვიმკმარი, ის არ არის ჩაკეტილი მხოლოდ საქართველოს სასაზღვრო სივრცეში, არამედ ეს თვისუფლება სცილდება მის საზღვრებს და სწორედ ჩვენს დამოუკიდებლობაზეა დამოკიდებული ამიერკავკასიის და შუააზია-უკრაინის დამოუკიდებლობაც.

საქართველოს დამოუკიდებლობიდ დაკარგვა და რუსულ სივრცეში დაბრუნება ავტომატურად გამოიწვევს შუა აზიის, უკრაინის და ამიერკავკასიის დამოუკიდებლობის დასამარებას და ამას კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი. სიმბოლურად ობამას მინიშნება საზღვრების გადაუხედაობაზე და სუვერენიტეტის ქვაკუთხედზე, სწორედ ამის მიმანიშნებელი იყო.

გადაჭარბებული იყო ის ემოცია, რომელიც ამ სიტყვებმა გამოიწვიეს, ვინაიდან რუსების მხრიდან მას დაუპირისპირდა ჟესტების ენა, რაც პუტინის დილის საუზმის დროს სამოვარის ჩექმით გაღვივებაში გამოიხატა. ეს სრულიადაც არ არის რუსული ტრადიციული სამზარეულოს ატრიბუტიკა. ეს რუსული დერჟავის სამხედრო სამზარეულოს ატრიბუტიკაა პარტიანკის სურნელებით შემკული და ამის სურნელი შესთავაზეს ობამას. თუმცა ეს ჟესტების ენა რუსებს ამით არ დაუსრულებიათ. ობამას ოკიანისგაღმა გადაფრენისთანავე, მედვედევი ცხინვალს ესტუმრა და რუსული პარტიანკის სურნელოვანი ჩექმის ჟესტი, კიდევ ერთხელ დაადასტურა.

გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ ის მცდელობა, რაც პუტინმა დილის საუზმის დროს ჟესტების ენით გამოხატა, ცხინვალში მედვედევის განუცხადებელი და ფარული ჩასვლით გაფერმკთალდა და იმაზე მიანიშნა, რომ ეს ჩექმა, რომლითაც სამოვარს უბერავდნენ საგანგებოდ შეკერილი ჩექმაა და არა პარტიანკის სურნელით გაჟღენთილი. ეს არ არის ის ჩექმა, რომელსაც სტალინი იხმარდა, ან პეტრე პირველი. ეს მედვედევის ზომის ჩექმაა. ძალიან პატარა ჩექმა, რომლის ეფექტურობის მოხდენასაც ასე ცდილობდა პუტინი. ქვეცნობიერად გამჟღავნდა, რომ პატარა კაცის ჩექმაა, რომელსაც არ შეუძლია მიწაზე დიდი მოცულობა დაიკავოს, თუმცა, ვფიქრობ კრემლის პრშიკების მიერ ამ ჟესტების ენის ფორმულირებისას, გამორჩა უმნიშვნელოვანესი დეტალი. მედვედევმა არ დააანონსა თავისი ცხინვალური ვიზიტი, რამაც ეს ენა მარტივ მამრავლებად დაშალა. ერთის მხრივ მოსკოვში ამ ჟესტების ენას თითქოს წარმატება ხვდა წილად, მაგრამ ცხინვალში ჩასვლამ ამ ენის დისკურსი დაშალა, ვინაიდან გაქარწყლდა ამ ენის ჩანაფიქრი. 2 მიზეზის გამო:

1. ცხინვალში ჩასვა გაკეთდა ობამას გამგზავრების შემდეგ დაუანონსებლად.

2. ჩექმის ჟესტი გადაფარა ამ უსუსურმა ვიზიტმა კოკოითთან.

უკეთესი იქნებოდა ჩექმის ჟესტი დარჩენილიყო თვითმყოფადად. უბრალოდ გაიყიდნენ, გაიყიდნენ ძალიან იფად და ვერც ამ ჩექმის ჩანაფიქრი შესრულდა. რა ექნა უბედურ მედვედევს და დღეს მერკელთან გაიქცა, რათა ეთქვა ნაბუკო გაზს საიდან მიიღებს არ ვიცი და ვნერვიულობ ამაზეო. არ გვანერვიულებს ნაბუკოს პროექტიო. არადა გაიქცა მერკელთან. გერმანიაში.

დასავლეთმა არ მიმართა ჟესტების ენას, ადამიანურ ენაზე გააფორმა ნაბუკოს ხელშეკრულება სტამბულში, რომელსაც სამი სტუმრად მიწვეული ადამიანი აკვირდებოდა, ნატოს წარმომადგენელი, ევროკავშირის წარმომადგენელი და რატომღაც სააკაშვილი. აქ უკვე ნათელი გახდა ის ტექსტი, რომელიც ამერიკის პრეზიდენტის მოსკოვურ ვიზიტს კონტექსტად გასდევდა. თქვენ მოგიწევთ იმ დაცვის ხაზთან შეგუება, რასაც ნატო გაუკეთებს ნაბუკოს პროექტს და ეს სტამბულის ვიზიტზე ნატოს წარმომადგენელმა განაცხადა სიტყვიერად, ხოლო ამერიკის პრეზიდენტმა საზღვრების ურყეობის ფორმულაში განათავსა.

ვფიქრობ, ეს განუცხადებელი ცხინვალის ვიზიტი არ არის მოსკოვის ნების ურყევობის მიმანიშნებელი. გარკვეულწილად ეს რუსეთისთვის დიდი საფრთხის მომასწავებელია. დროში ეს მის უკანდახევას გამოიწვევს. არაცნობიერად ეს გამოუვალი სიტუაციის განმტკიცებას ემსახურება, მაგრამ გამოუვალი სიტუაციის. რუსეთს პრაქტიკულად ერთადერთი შანსი აქვს სახის შენარჩუნების, რომ უკან დაიხიოს, როგორც პოლიტიკურად ისევე იურიდიულად. ის ამას ცნობიერ დონეზე არ აკეთებს, მაგრამ ის ამას ჟესტების ენაზე, ქვეცნობიერად გამოხატავს. ის ვერ ამხელს ამ ნებას, რომ მას შეუძლია ცხინვალში ჩასვლა, რუსეთის პრეზიდენტი ჩადის ცხინვალში მაგრამ ჩუმად, განუცხადებლად. ის ამ ჩასვლით ხაზს უსვამს რუსულ ჩექმას, რომელმაც მოსკოვში სამოვარი გააღვივა, მაგრამ ეს ჩექმა ცუდად აღვივებს. ძალა აღარ აქვს.ამ ჩექმას თავისი თავის აღარ სჯერა რატომღაც, და უბრალოდ არ უნდა ეს შეიმჩნიოს. ეს ცხინვალის ვიზიტმა გამოაჩინა.

ვის მიმართაა ეს ჩექმა ძლიერი? საქართველოს მიმართ, მაგრამ ეს საქართველოც უკვე სხვაგანაა, აღარაა მარტო, რომ ეს ჩექმა ეყოს. მთელს გეოპოლიტიკას ეს ჩექმა ვერ ჰყოფნის, ამიტომ რუსული ჟესტების ენაც, გაღვივებული სამოვრიდან და ცხინვალის ვიზიტემდე მხოლოდ დროში იმის მზადყოფნას გამოხატავს, რომ ის უკან დაიხევს. მისი მშველელი გერმანიაა მხოლოდ და ისიც (მედვედევი) ამ გაცნობიერებულ თუ გაუცნობიერებელ მარცხს გერმანიაში ჩაჰყავს დღეს. ერთადერთი ადგილი, სადაც ფიქრობს რომ მოუსმენენ, მაგრამ მოუსმენენ კი? ეს ბიჭები (მედვედევი და პუტინი) გეოპოლიტიკას არ აკეთებენ. ეს ბიჭები საკუთარ ფულს უფრთხილდებიან. იმ ფულს, რომელიც ძალაუფლების ტკბობის საფუძველი და საშუალებაა. ამიტომ ვეღარ აღვივებს რუსული ჩექმა სამოვარს და ცხინვალშიც ქურდულად მიიპარებიან.

17.07.09წ.
ირაკლი მარგველაშვილი
Joao