Tuesday 22 March 2011

ახლო აღმოსავლეთის კრიზისი, ნაწილი პირველი

შესაძლოა ითქვას მყარად ჩამოყალიბდა აზრი, რომ ახლო აღმოსავლეთის კრიზისი ნავთობის საკითხს ეხება და სხვას არაფერს. დასავლეთის ქვეყნები მხოლოდ ნავთობის საკითხით არიან შეწუხებული და ამიტომ მიადგნენ ლიბიას. მიუხედავად იმისა, რომ ამ ყველაფერში არის სიმართლის მარცვალი, არ ვფიქრობ რომ მთელი ახლო აღმოსავლეთის კრიზისი, რომელიც ტუნისის კრიზისიდან დაიწყო მხოლოდ ნავთობს ეხებოდეს. ამ ყოველივემ მოიცვა მთელი ახლო აღმოსავლეთის არაბული ქვეყნები და ჩრდილო აფრიკის ქვეყნები, სადაც ნავთობი არ არის. არ ვფიქრობ, რომ ეს ქვეყნები დასავლეთის ყურადღების მიღმა დარჩება, ვინაიდან საკითხი მთელს რეგიონს ეხება და ამ უმნიშვნელოვანესი რეგიონის სტაბილურობა იგივე ნავთობის ფასებზე ძალიან მოქმედებს. საინტერესოა რა საკითხები შესაძლოა იყოს დასავლეთის მოტივაციაში ჩაერიოს სამხედრო ძალით ვთქვათ ლიბიის საკითხში, ხოლო პოლიტიკური აქტიურობით დანარჩენი ქვეყნების საკითხში.

ამ ყოველივეს პასუხისთვის აუცილებელია მოვახდინოთ იმ ტენდენციების გააზრება, რომელიც ამ საკითხებისადმი სხვადასხვა ქვეყნებს აქვთ. შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო ერთიანია და გაერომაც შესაბამისი რეზოლუცია მიიღო, რომ შეჩერებულიყო კადაფის აგრესია ლიბიელ ხალხზე. როდესაც დასავლეთის ქვეყნებმა და ნატომ შესაბამისი ზომების მიღება დაიწყო იმ სახელმწიფოებმა და სახელმწიფოთაშორისმა კავშირებმა ,რომლებიც ითხოვდნენ კადაფის აგრესდიის შეჩერებას, ასევე რუსეთის პრემიერმა დასავლეთის და ნატოს ქმედებები გააკრიტიკეს. რის გამო გააკრიტიკეს? აქ რამდენიმე მიმართულება შესაძლოა იყოს, ასევე იმ პრეცენდენტისადმი შიში, რომელიც ლიბიაში მიმდინარეობს.

ვერ გამოვრიცხავთ რუსეთის სურვილს, გაგრძელებულიყო ლიბიაში ის დაპირისპირება რაც არსებობდა ქვეყნის შიგნით. ეს დაპირისპირება და არასტაბილურობა ნავთობის ფასების ზრდას იწვევდა მსოფლიო ბაზარზე, რითაც რუსეთიც საკმაოდ სარგებლობდა. უნდა აღინიშნოს ის, რომ ვლ. პუტინის და სერგეი ლავროვის განცხადებები, არ ემთხვევა რუსეთის პრეზიდენტის განცხადებებს.

პუტინის მიერ გამოთქმული კრიტიკა ლიბიაში მიმდინარე დასავლეთის სამხედრო ოპერაციისადმი და მედვედევის პასუხი, მიუთითებს იმას, რომ გაეროს რეზოლუციის მიღების დროს რუსეთის პოლიტისტებლიშმენტში ამ საკითხზე სხვადასხვა მოსაზრებები არსებობდა, რომელიც არ გახმაურდა. სავარაუდოდ პუტინის ფრთა მოითხოვდა გაეროს რეზოლუციის დაბლოკვას, ხოლო მედვედევის ფრთამ უარი განაცხადა მის ბლოკირებაზე, რამაც საბოლოოდ გაიმარჯვა. თუმცა ეს უთანხმოება პოსტფაქტუმ მაინც გაჟღერდა.

პუტინის წინააღმდეგობა ბევრი რამითაა მოტივირებული. მისი სურვილი მოეხდინა სსრკ-ს გეოპოლიტიური რეანიმაცია რა თქმა უნდა გულისხმობდა ახლო აღმოსავლეთში იმ სიტუაციის არსებობას, რომელიც ამ ზოგად კრიზისამდე იყო. ამ რეგიონში არის ქვეყნები, რომლებიც რუსეთის კეთილგანწყობით სარგებლობენ. ერთიერთი ასეთი ქვეყანა არის სირია, სადაც ასევე საპროტესტო მოძრაობაა არსებული რეჟიმის წინააღმდეგ. სირია უშუალოდ ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე მდებარეობს და რუსეთის ფლოტიც ხშირად სტუმრობდა სირიის ნავსადგურებს.

2008წ. რუსეთ საქართველოს აგვისტოს ომის შემდეგ, როდესაც რუსეთმა წარმოიდგინა რომ ცხინვალის დაკავებით მან მიინიჭა იმხელა გეოპოლიტიკური მნიშვნელობა, რაც ბერლინის აღებას უდრიდა 1945წ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებდა, რომ 2017 წლისათვის, თუ უკრაინიდან გამოვიდოდა შავი ზღვის ფლოტი ის სირიის პორტებში დაიდებდა ბინას. ანუ სირიის პორტებს აიღებდნენ იჯარით, რისთვისაც სირიის მთავრობაც მზად იყო. ამ განცხადებაში სწორედ პუტინის სურვილები იკვეთებოდა. ხმელთაშუა ზღვაზე რუსეთის საზღვაო ფლოტის არსებობა ევროკავშირის ქვეყნებისათვის ვერ იქნებოდა საინტერესო. ამიტომ ამ მართვადი ახლო აღმოსავლეთის კრიზისის წარმოშობა არ უკავშირდება მხოლოდ ნავთობთან დაკავშირებულ საკითხებს.

მიუხედავად იმისა, რომ ახლო აღმოსავლეთში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უამრავი სამხედრო დაპირისპირება და კრიზისი იყო, უნდა აღინიშნოს, რომ 2011 წლის ახლო აღმოსავლეთის კრიზისამდე ამ რეგიონში გეოპოლიტიკურად მეორე მსოფლი ომის შემდგომი გეოპოლიტიკური პარადიგმა მოქმედებდა. რაც შეეხება მეორე მსოფლი ომის შედეგებს და მის შემდეგ ჩამოყალიბებულ გეოპოლიტიკურ პარადიგმას, წამყვან სახელმწიფოებად სსრკ (იგივე რუსეთი) და აშშ მოიაზრებოდა. ამ პარადიგმის ნარჩენები ინერციით დღემდე გრძელდებოდა, მიუხედავად სსრკ-ს იურიდიული დემონტაჟისა და ბევრი რამის შეცვლისა. ინერციით რომ გრძელდებოდა და სურვილიც დიდი იყო, ამის გაგრძელების, ეს 2008წ. აგვისტოს ომმაც დაადასტურა და ვლ.პუტინის ფორმულა სსრკ-ს დანგრევა დიდი გეოპოლიტიური კატასტროფის შესახებ მოქმედებაში მოვიდა.

მეორე მსოფლიო ომის შემდგომი გეოპოლიტიკის პარადიგმის რღვევაში რამდენიმე ეტაპი იყო. ეს იყო აღმოსავლეთ ევროპის საკითხი, ბალტიისპირეთის საკითხი, ბალკანეთის საკითხი, რომლებიც დასრულებულია. პოსტსაბჭოთა სივრცეში ამ პარადიგმის დასრულების საკითხი ეხება კავკასიას, კონკრეტულად საქართველო-აზერბაიჯანს. ამ კონტექსტში ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კრიზისიც და მასში დასავლეთის ჩარევაც გულისხმობს სწორედ მეორე მსოფლიო ომის შემდგომი გეოპოლიტიკური პარადიგმის რღვევას, ვინაიდან ის რეჟიმები, რომელთა დემონტაჟიც ეხლა, ამ კრიზისის დროს მიმდინარეობს სათავეს სწორედ მეორე მსოფლიო ომის შემდგომ გეოპოლიტიურ რეალობაში იღებდა. შესაბამისად მათი დემონტაჟი ნიშნავს იმ გეოპოლიტიკური პარადიგმის, კერძოდ ახლო აღმოსავლეთის ნაწილის რღვევას. ამიტომ ცალსახად თქმა იმისი, რომ ყველაფერი ხდება ნავთობის გამო სწორი არ არის. ნავთობი გეოპოლიტიკური განლაგების მნიშვნელოვანი ერთეულია ეკონომიკური კუთხით, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია პოლიტიური კუთხე ამ ყველაფრის. აქ შედის იარაღით ვაჭრობის, გავლენის სფეროების, საზღვაო ფლოტების განლაგების საკითხები, რაც გეოპოლიტიური განლაგების უმნიშვნელოვანესი ფაქტორებია.

დასკვნა აქედან, ჩვენ მომსწრენი ვართ ახალი წესრიგის ფარგლებში ახალი გეოპოლიტიკური პარადიგმის ჩამოყალიბებისა, რომელიც სსრკ-ს დაშლის შემდეგ მიმდინარეობს, მაგრამ მას ჯერ სრულყოფილი სახე არა აქვს, როგორიც ეს მიეცა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. საქართველოს საკითხიც სწორედ ამ ახალ გეოპოლიტიკურ პარადიგმაში მოიაზრება. სწორედ ეს არის ჩვენი თავდაცვის ყველაზე დიდი ბერკეტი. თუ 2008წ. რუსეთმა ყოველგვარი საერთაშორისო სანქციის გარეშე მოინდომა მიეთვისებინა რაღაც გეოპოლიტიკური ტერიტორია საქართველოს სახით, დღეს ის იძულებულია, მისთვის არცთუ სასიამოვნო ფაქტზე თანხმობა მისცეს დასავლეთს და არ გამოიყენოს ვეტოს უფლება გაეროს უშიშროების საბჭოზე. მითუმეტეს, როგორც ავღნიშნეთ, რუსეთში ამ საკითხე ერთი აზრი არ არსებობდა. ამ არაერთგავროვანი დამოკიდებულებიდან ჩანს, რომ რუსეთისათვის არაფერი დაუთმიათ ამ ყველაფრის სანაცვლოდ, წინააღმდეგ შემთხვევაში რეაქციები და განცხადებებიც სხვანაირი იქნებოდა. ის ფაქტი, რომ რუსეთი იძულებულია მიიღოს დასავლური თამაშის წესები, იმ ფონზე, რომ რუსეთის პოლიტისტებლიშმენტში ამაზე სხვადასხვა მოსაზრებებია ბევრ რამეზე მეტყველებს. დასავლური თამაშის წესების მიღება კარგი პრეცენდენტია, ვინაიდან დასავლური თამაშის წესებში საქართველოსაც აქვს თავისი ადგილი და თუ ამ ადგილს შევინარჩუნებთ ჩვენს მოკავშირეებთან ერთად, ეს ჩვენი იტორიული ფუნქციის განხორციელების გასაღები გახდება.







ირაკლი მარგველაშვილი

გაგრძელება იქნება.