Friday 11 September 2009

რუსეთ-საქართველოს ომი ერთი წლის გადასახედიდან

13 თვე გავიდა რუსეთ-საქართველოს ომიდან. ერთი წლის განმავლობაში ბევრი რამ მოხდა. შეიძლება ითქვას, რუსეთი-საქართველოს კონფლიქტის სხვადასხვა პოსტ ომისეული ფაქტორები გამოიკვეთა. იმთავითვე უნდა აღინიშნოს, რომ არც რუსეთს და არც საქართველოს სტრატეგიულ მიმართულებებზე უარი არ უთქვამთ. ანუ, რუსეთს ხელი არ აუღია კავკკასიის მის ორიენტაციაში მოქცევის და საქართველოს საბოლოო დაშლის გეგმაზე, არც საქართველოს უთქვამს უარი დასავლეთში ინტეგრაციაზე და აქტიური პოლიტიკის წარმოებაზე ამ მიმართულებით.

ასევე საინტერესოა თავად გეოპოლიტიკური ფაქტორების განლაგების ცვლილებები აგვისტოს ომის შემდეგ. ფაქტობრივად მოხდა გეოპოლიტიკური ინტერესების და მიმართულებების დაზუსტება დაკონკრეტება და ბევრი საკითხი, რომელიც აგვისტოს ომამდე დაფარული იყო და უფრო კონტექსტუალურ და ინერციულ ხასიათს ატარებდა დღეს ღიად ცხადდება. კავკასიური პოლიტიკის და ზოგადად ამ პოლიტიკის გეოპოლიტიკურ სტრუქტურაში (მნიშვნელობა არა აქვს რომელი მხრიდან, რუსეთი, ევროკავშირი ამერიკა.) ჩასმა და იქ ადგილის დამკვიდრება ალბათ ამ ომის ერთერთი ნიშან თვისებაა. თანდათან უფრო და უფრო იკვეთება ამ საჯილდაო ქვის (კავკასიური გეოპოლიტიკა) გადაწყვეტის ნიშნები. აქაც არა აქვს მნიშვნელობა რომელი მიმართულებით.

ძირითადად განისაზღვრა 2 ნიშანი ეს არის:

1.ევროკავშირ-ამერიკის სტრატეგიული მიმართულება, რაც ითვალისწინებს საქართველოს ინტეგრაციას დასავლეთთან, რაშიც შედის როგორც ევრიოკავშირის სამეზობლო პოლიტიკა (ამ ეტაპისთვის), ასევე ნატოში ინტეგრაცია.
2. რუსული სტრატეგიული მიმართულება, რაც გულისხმობს კავკასიის მისი გავლენის ქვეშ დატოვებას, ამით მრავალპოლარული გეოპოლიტიკის აღორძინება, (რაც 1991წ. 12 დეკემბერს დასრულდა საბჭოთა იმპერიის დაშლით) საქართველოს დესუვერენიზაციის და დაშლის საფუძველზე.

ორივე ამ მიმართულებას მთელი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ქვცეთავი ჰქონდა. ის განშლილია ამ მიმართულებების ტექნიკურ ნახაზებში.

1. შემთხვევაში შეიძლება ყველაზე მნიშვნელოვნად განვიხილოთ 3 საკითხი”
ა) საქართველო-ნატოს ურთიერთობა (საქართველო-ნატოს კომისია, რომელმაც ჩაანაცვლა ტექნიკური მაპის საკითხი და მისი ფორმალიზაცია გახადა უფრო რეალური, ვიდრე პოლიტიკური გადაწყვეტადობა, რაც დროში სულ სხვა შედეგებს დააყენებს).
ბ) ენერგო მატარებლების რუსეთიდან დივერსიფიკაციის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება (ნაბუკო) და მისი დაცვა ნატოს ძალების მიერ.
გ) დეოკუპაციისათვის სამართლებრივი ბაზის შექმნა, რაც დაყრდნობილია 6 პუნქტიან რუსეთ-საქართველო-ევროკავშირის შეთანხმებაზე.

რაც შეეხება რუსულ მიმართულებას ის ყალიბდება ასევე 3 მიმართულებად.

ა) საქართველოს სრული დესუვერენიზაცია;
ბ) კავკასიაში დიდი რეგიონალური კონფლიქტის გამოწვევა სომხეთის ჩართულობით.
გ) თურქეთის ჩართვა ენერგო დივერსიფიკაციის ქინააღმდეგ და ნაბუკოს ალტერნატივის შექმნა ე.წ. ”სამხრეთ ნაკადის” საშუალებით, ჯერჯერობით წარუმატებელი.

რაც შეეხება მწყობრ ნაბიჯებს თითოეული მიმართულების გათვალისწინებით ვფიქრობ დასავლეთი გაცილებით თანმიდევრულია აღებულ სტრატეგიაში.
1. ნატო-საქართველოს კომისია პრაქტიკული მნიშვნელობით არის მაპის, როგორც ნატოში შესვლის და მზადების ტექნიკური ნაწილის მომწესრიგებელი, პოლიტიკურ ნაწილზე ალბათ გადაწყვეტილება მიღებული იქნება, თუმცა შეიძლება ითქვას გადაწყვეტილება მიღებულია 2008წ. აპრილის სამიტზე.
2. ენერგო დივერსიფიკაცია ეს მნიშვნელოვანი დარტყმაა რუსულ ენერგო მონოპოლიაზე ევროპაში. მითუმეტეს, ენერგო მატარებლები არის რუსული ეკონომიკის ძირითადი საშემოსავლო წყარო. არცთუ შორეულ პერსპექტივაში ეს გახდება რუსეთის დასუსტების ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტი. ამ ეტაპზე ნამდვილად არ ჩანს, რომ რუსეთი რაიმე სახით აპირებს თავისი ეკონომიკის მოდერნიზებას იმ კუთხით, რომ არცთუ შორეულ პერსპექტივაში შემცირებული ენერგო დოლარების სანაცვლოდ ალტერნატიული შემოსავლების მოდერნიზება გააკეთოს. პირიქით შეიძლება ითქვას, იღებენ ისეთ სულელურ კანონს, სადაც საუბარია რუსული სამხედრო ძალების დედამიწის ნებისმიერ წერტილში გადასროლის შესახებ. ისინი იმეორებენ სსრკ-ს შეცდომას, რომელიც 70-იანი წლებიდან კრიზისში მყოფი ეკონომიკის არანაირ რეფორმირებას არ შეეცადა და პოსტ ფაქტუმ დამდგარმა ნავთობ შემოსავლების კატასტროფულმა შემცირებამ ქვეყანა დაშლის პირას მიიყვნა. დღესაც რუსული გეოპოლიტიკური ამბიცია ნამდვილად ვერ პასუხობს თავისი ეკონომიკით იმ რეალობას, რაც ამ ამბიციას შეესაბამება.
გარდა ამისა, ენერგო დივერსიფიკაციის დასავლეთისეული მიმართულება ეს არის შუააზიის და კასპიის ზღვის აუზის ქვეყნების ინტეგრირების საშუალება დასავლეთისკენ და რუსეთის, როგორც შუამავლის გარეშე ევროპასთან და ზოგად კავკასიურ გეოპოლიტიკურ მიმართულებაში მათი ჩართულობის მნიშვნელოვანი ნაწილი, რაც თავისთავად ზღუდავს რუსეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებს და უახლოეს პერსპექტივაში უდიდეს დარტყმას მიაყენებს მას, რაზედაც ზემოთ ვისაუბრეთ, მითუმეტეს, რომ გაცხადდა ნატოს მიერ ნაბუკოს დაცვის განცხადება ეს ნატოს აღმოსავლეთში გაფართოების ალბათ ის ნიშნულია, რომელიც საქართველოსთვის მნიშვნელოვან პერსპექტივებს გულისხმობს.
3. რაც შეეხება დეოკუპაციის სამართლებრივი ბაზის მომზადებას, რაც დაყრდნობილია 6 პუნქტიან რუსეთ-საქართველო-ევროკავშირის შეთანხმებაზე ალბათ, ერთერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა ევროკავშირისა და ამერიკის სტრატეგიულ ხაზში. პრაქტიკულად პირდაპირ ითქვა ამერიკის უმაღლესი ადმინისტრაციის მიერ, რომ არ მოხდება საქართველო-უკრაინის საკითხებით ვაჭრობა რუსეთთან. მიმდინარეობს სერიოზული მუშაობა კონფლიქტის ზონებში დამკვირვებლების შესაყვანად, ამ დამკვირვებლების გაზრდის საკითხი ამერიკის ჩართულობით, რომლის განხილვაც ნოემბერში გაიმართება და დიდი იმედია საქართველოს სასარგებლოდ გადაწყდება, რასაც რუსეთისთვის არცთუ სასიამოვნო პროცესების დასაწყისი იქნება. ასევე ერთმნიშვნელოვანია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის თვალსაზრისით (ლტოლვილების დაბრუნება) საქართველოს პოზიტიური ნიშნული, რაც 9 სექტემბრის გაეროს რეზოლუციაში დაფიქსირდა და ეს საკითხები ევროკავშირის თუ ევროსაბჭოს გადაწყვეტილებებშიც არაერთხელ აღინიშნა, რაც შესაძლოა ითქვას რუსეთის აქილევსის ქუსლია. ვერაფრით მოხდება ამის განეიტრალება რუსეთის მხრიდან, რაც უახლოეს მომავალში საერთაშორისო მისიების კონფლიქტის ზონებში შესვლით უნდა გახდეს უზრუნველყოფილი. ანუ ჰუმანიტარული საერთაშორისო სამართალი არის ის ძირითადი ბერკეტი, რითაც რუსეთის უკანდახევა უნდა გამოიწვიოს და კონფლიქტის ზონებში საერთაშორიოსო ძალები განათავსოს. სწორედ ამიტომ ხდება ამ სამართლის კუთხით ზეწოლა რუსეთზე. გადაწყვეტილებას ლტოლვილების დაბრუნებაზე ავტომატურად კონფლიქტის ზონებში საერთაშორისო მისიების განთავსება უნდა მოჰყვეს.

რა თქმა უნდა რუსეთის წინააღმდეგობა მთელი ამ დასავლური სტრატეგიის მიმართულებით აქტიურია, თუმცა გარდა იმ დაზეპირებული ფრაზისა, რომ ფსოფლიო გეოპოლიტიკა მრავალპოლუსიანი უნდა იყოს სხვა ქმედითი და ლოგიკური ჯაჭვი რუსეთს ამ ერთი წლის მანძილზე არ განუვითარებია. მისი ქმედება მიმართულია მხოლოდ იქეთკენ, რომ როგორმე მოახდინოს 2008წ. 26 აგვისტოს (ანკლავების ცნობა) გადაწყვეტილების საერთაშორისო აღიარება, რასაც დაუპირისპირდა ისეთი მძლავრი მექანიზმი დასავლეთის მხრიდან, როგორიცაა ნაბუკოს მშენებლობა, მისი დაცვა ნატოს ძალების მიერ და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი, რაზედაც ზემოთ ვისაუბრეთ.

მაქსიმალური ზღვარი, რაზედაც რუსეთის დღევანდელი კურსი შეიძლება განვითარდეს არის ამ ანკლავების (აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი) შეყვანა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში. თუმცა უნდა ითქვას, რომ ამ შემთხვევაში ინგრევა მთლიანად ის რუსული დისკურსი, რაზედაც მთელი მისი ომის შემდგომი პოლიტიკა არის აგებული. ანუ პრაქტიკულად რუსეთი კარგავს ყოველგვარ დისკურსს და ეს გამოიწვევს მის უპირობო იზოლაციას, დასავლეთის მხრიდან ისეთი კონკრეტიზაციის სახით, როგორიც შეიძლება იყოს მაგალითად ანგარიშების გაჩერება დასავლეთის ბანკებში, ვიზებზე უარი, და სხვა მეტად მკაცრი სანქციები, რაც რუსეთის პრაქტიკულ ნგრევას გამოიწვევს. ამიტომ ვფიქრობ შესაძლებელია ეს საკითხი, ანკლავების შეყვანა რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში თეორიულ გეგმად განიხილებოდეს რუსეთში.

ჩრდილო კავკასიური პოლიტიკაც ვერაა სახარბიელო რუსეთისთვის, სადაც პრაქტიკული ფიზიკური ომი მიმდინარეობს. ეს საკითხი შესაძლოა ისეთი საპირწონე გახდეს რუსეთისთვის, რომელიც მას საქართველოში უკან დაახევინებს. ცნობილია, რომ რუსეთს საკმაოდ დიდი რესურსების დახარჯვა მოუწია ჩეჩნეთის მეორე ომის დროს, რომ დასავლეთი არ გააქტიურებულიყო ადამიანის უფლებების კუთხით ჩეჩნეთის საკითხზე.

დასავლეთმა ამ საკითხზე თვალები დახუჭა, რაც ნამდვილად უზნეო პოლიტიკის შედეგი იყო. ანუ ადამიანების გენოციდი გახდა ვაჭრობის თემა. რუსეთმა იცის, რომ დღეს ჩრდილო კავკასიაში ფართომაშტაბიანი კონფლიქტის გამოწვევის შემთხვევაში დასავლეთის მხრიდან შესაძლოა ძალიან მკაცრი შეფასება მიიღოს, რაც მას არანაირად არ აწყობს. ამიტომ ”დიდსულოვნად” ითმენს ჩრდილო კავკასიაში არეულობას. გარდა ამისა მის მიერ შექმნილი მონსტრი ”ფრანკენშტეინი” კადიროვი სწორედ ის ფიგურაა, რომელიც თავის შემქმნელს ხანჯალს უთავაზებს ზურგში, თუ ის გარიგება არ გაგრძელდება რაც პუტინმა მას დაუდო.
სწორედ ამის გამო შეიძლება ითქვას, რუსეთ-საქართველოს ომი იყო ის ლაკმუსის ქაღალდი, რომელმაც რუსეთის შესაძლებლობების და ქმედებების ზღვარი გაავლო. გამოაჩინა ის სუსტი წერტილები, რომელიც დამანგრევლად იმოქმედებს მის შემდგომ პოლიტიკაზე. ფაქტი არის ის, რომ ამ ზაფხულს პუტინს წითელი აუნთეს საქართველოს წინააღმდეგ ჩაფიქრებულ აგრესიაზე. სწორედ ამის გამო იყო მედვედევ-პუტინის უხმო ვოიაჟები ამ ანკლავებში, რომ ისინი მყარად დგანან თავიანთ პოზიციაზე და უკანდახევას არ აპირებენ, რითაც სწორედ შეფუთეს ის წითელი ნიშანი, რომელიც მათ ჯერ ობამამ აუნთო, შემდეგ ბაიდენმა განმარტა საქართველოში ვიზიტისას. ერთი წერილის პირობებში ძნელია ყველა იმ თერაზე ვისაუბროთ, რაც ამ ერთი წლის განმავლობაში განვითარდა. ამიტომ წერილი რამდენიმე ნაწილიანი იქნება.


11.09.2009წ.