მ/წ. 25 თებერვალს ინტერნეტ პორტალზე „ინტერპრესნიუსი“ გამოქვეყნდა ალ. დუგინის ინტერვიუ. შევეცდებით ამ ინტერვიუს ანალიზის ფორმით დამუშავებას და საქართველოს მომავალი შიდა პოლიტიკური მოძრაობის გეგმებს. ასევე ამ შიდაპოლიტიკაში რუსეთის ჩართულობას. ვფიქრობ გარდა ამ ინტერვიუს ანალიზისას, საინტერესო იქნება, ჩვენი პოლიტიკოსების რუსეთისთვის გაგზავნილი მესიჯების განხილვაც. რამდენად თანხვედრაშია ეს განცხადებები დუგინის მოსაზრებეთან. როგორია დუგინის ჩაწოდებული პასების პასუხები.
ინტერვიუს დასაწყისში დუგინი აღნიშნავს:
ალ. დუგინი : “ვფიქრობ, რომ ახლა რუსეთი სერიოზულად შეუდგება იმ პოლიტიკოსთა ძიებას, რომლებიც მას აწყობს. რუსეთი ახლა საქართველოს მთელ პოლიტიკურ ელიტას განიხილავს. ასეთები სხვადასხვა ძალებია. ნოღაიდელზე, ალასანიაზე, ებრალიძესა და სხვებზე დამოკიდებული არ ვართ. ყველა ის პოლიტიკოსი, ვინც ამჟამად ამერიკის პოლიტიკიდან დისტანცირებულია, შესაძლოა კრემლისთვის სასურველი გახდეს”,
აღნიშნული ფრაზიდან იკვეთება შემდეგი რამ. რუსეთმა ახალი თამაში დაიწყო. დაიწყო საქართველოს შიდაპოლიტიკურ სივრცეზე გადმონაცვლება. დაწყებული აქვს ე.წ. კასტინგიც. თუმცა ვფიქრობ, რომ კასტინგი დასასრულს უახლოვდება. სწორედ ამას გულისხმობს ფრაზა: ალ. დუგინი: „ნოღაიდელზე, ალასანიაზე, ებრალიძესა და სხვებზე დამოკიდებული არ ვართ.“ რუსეთის მიერ საქართველოს შიდაპოლიტიკა დაყოფილია 2 სფეროდ, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია:
1. შიდაპოლიტიკური სივრცის ჩამოყალიბება, რაც გულისხმობს საქართველოში მხოლოდ 2 პოლიტიკური ორიენტაციის არსებობას და გამორიცხავს ალტერნატივას. ეს არის პროამერიკული ძალა, სადაც მოაზრებულია სააკაშვილი და ხელისუფლება. ხოლო მეორე ძალა ეს უნდა იყოს პროქართული ძალა რომელიც = პრორუსულს, რასაც თავად დუგინი მშვენივრად განმარტავს ქვემოთ.
2. პროქართული=პრორუსული ძალის ლიდერის ჩამოყალიბება, რომელიც ჯერჯერობით კასტინგშია.
მთავარია შეიქმნას ძალა, რომელიც არ იქნება ორიენტირებული ამერიკაზე. ანუ საქართველოს შიდაპოლიტიკურ სივრცეში უნდა დარჩეს 2 ძალა, პროამერიკული და არაპროამერიკული. ეს დუგინის, შესაბამისად რუსეთის სურვილია. არ უნდა მოხდეს პროამერიკული ძალის ალტერნატივის ჩამოყალიბება. ეს რუსულ გეგმაში არ შედის. ამის დასტურია დუგინის განმარტება, რას ნიშნავს პროქართული?
ალ. დუგინი; „ალექსანდრ დუგინი: რუსეთს პროამერიკული პოლიტიკოსი არ აწყობს. რუსეთს აწყობს ის პოლიტიკოსი, რომელიც, პირველ რიგში, ქართული ინტერესებით იხელმძღვანელებს.“
ანუ აქედან ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ პროქარტული=პრორუსულს. შესაძლოა მცირე ალოგიკურობად მივიჩნიოთ ეს ყოველივე, მაგრამ საკითხი დგას სულ სხვაგვარად. ეს ყოველივე მომავალზეა გათვლილი. პროქართული ძალა, რომელიც საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტს ჩამოაყალიბებს მომავალში იქნება საქართველოს ნეიტრალიტეტი. ეს რუსეთის უმთავრეზი მიზანია.
ამის შემდეგ დუგინი განიხილავს და მაგალითად მოჰყავს უკრაინა. ამონარიდი ინტერვიუდან:
ალ. დუგინი: “თუმცა მიმაჩნია, რომ ამ საკითხის ასე სწრაფად გადაწყვეტა მოსალოდნელი არ არის. იანუკოვიჩის მაგალითზე რუსეთმა მომლოდინეს პოზიციაში ყოფნა ისწავლა და გარკვეული პერიოდის შემდეგ მიაღწია კიდეც თავისას, რადგან ანტირუს პოლიტიკოსებს სასურველი მიზნის მიღწევა არ ძალუძთ. მაგალითად, ავიღოთ იგივე იანუკოვიჩი - იგი რუსეთზე იყო ორიენტირებული და ახლა ისეთ მდგომარეობაშია, როდესაც რუსეთს გაზის ფასებთან დაკავშირებულ საკითხებზე, ყირიმის პრობლემების გადაჭრასთან დაკავშირებით მასზე ზეწოლის მოხდენა სერიოზულად არ შეუძლია და იძულებულია მის ჭკუაზე იაროს.“
2010წ. 21 აპრილს მედვედევსა და იანუკოვიჩს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის ძალითაც უკრაინა მიიღებს 30%-იან ფასდაკლებას ბუნებრივ აირზე. სანაცვლოდ რუსულ საზღვაო ბაზას სევასტოპოლში 25 წლით გაუხანგძლივდება ვადა. როგორც სჩანს, დუგინს არცთუ მცირე ინფორმაცია აქვს იმ კულუარულ ინფორმაციებზე, რომელიც რუსული პოლიტიკის კულუარებში მიმდინარეობს. შესაბამისად მისი ეს ინტერვიუ ამდენადაც საინტერესოა.
როდესაც ვსაუბრობთ პროქართულ ძალაზე, მაგალითად შეიძლება იანუკოვიჩი მოვიყვანოთ, რომელიც პროუკრაინული ძალად აღიქმებოდა არჩევნებამდე და აღიქმება ეხლაც. პირველი შედეგი დადგა, როდესაც იანუკოვიჩმა ნატოში ინტეგრაციაზე უარი განაცხადა. შემდეგ 25 წლით გაუხანგძლივა რუისეთის საზღვაო ბაზას ვადა. უახლოეს თვეებში უკრაინის ნეიტრალიტეტის იდეა ძალას მოიკრებს და ერთად ძმურ რუსეთთან ერთად თავის მყარ ფორმას მიიღებს. შესაბამისად სცენარი ურაინა-საქართველო ერთია, თუმცა არ გამოვრიცხავთ, რომ აქ შედარებით ფორსირებულად მოხდეს საკითხების გადაწყვეტა, ვინაიდან უკრაინის გარეშე დარჩენილ საქართველოს ბედს, ამერიკის შეერთებული შტატებმა შესაძლოა ორმაგი ყურადღება დაუთმოს და 2013 წლამდე არავინ იცის რა მოხდება. შესაძლოა ის სკივრიც გაიღოს, სადაც ნატოა შენახული და მერკელსაც ამოგლიჯონ ის გასაღები, რომელიც 2008წ. 3 აპრილს რუსებმა გადააყლაპეს. ამიტომ აქ ჭექა ქუხილი გამორიცხული არ არის.
ძალიან საინტერესოა დუგინისეული ქართველი პოლიტიკოსის კასტინგი.
ალ. დუგინი: “ფული აქ არაფერს წყვეტს, მას შეუძლია მხოლოდ ტექნიკური საკითხების გადაწყვეტაში დახმარების გაწევა. ერთი სიტყვით, ესაა ქართველი ნაციონალისტი, მაგრამ ისეთი, რომელიც ორ რამეს - რუსეთისა და ევროპის ინტერესებს გაითვალისწინებს და ემსახურება მას... არაფრის გამორიცხვა არ მსურს, შესაძლოა ალასანიაც იყოს. თუმცა ვიცი, რომ ევროპაზე უფრო იგი ამერიკაზეა ორიენტირებული.“
საკმაოდ საინტერესო ფენომენი შემოდის დუგინის მსჯელობაში: ქართველი ნაციონალისტი, რომელიც რუსეთის და ევროპის ინტერესს გაითვალისწინებს, ანუ რატომღაც დუგინი თვლის, რომ რუსეთის და ევროპის ინტერესი არის საერთო??? მოდით რამდენიმე ციტატა მოვიყვანოთ უკანასკნელ ხანებში გამოქვეყნებული ქართველი პოლიტიკოსების ინტერვიუებიდან.
“აღსანიშნავია ის, რომ მსოფლიო უსაფრთხოებაში განსაკუთრებული როლი უკავია რუსეთის ფედერაციას. საქართველოს, როგორც ქვეყანას, რომელიც ესწრაფვის გახდეს ევროპული სახლის წევრი, სხვა გამოსავალი არა აქვს, გარდა იმისა, რომ თავის საგარეო-პოლიტიკურ კურსში ეს რეალობა გაითვალისწინოს“
“საქართველო უნდა იქცეს საერთო თანხმობის და არა დაპირისპირების მიზეზად რუსეთსა და დასავლეთს შორის. ეს უნდა იყოს ჩვენი საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტი“
ვფიქრობ ალ. დუგინის და საქართველოდან გაგზავნილი ქვეტექსტები საკმაოდ ემთხვევა ერთმანეთს. უნდა ავღნიშნო, რომ დუგინის კონცეფციაში, საქართველო+ევროპა მოცემულია სწორედ რუსეთიდან ევროპისკენ მიმართულება, რასაც საქართველოშიც მოღვაწე პოლიტიკოსები ეთანხმებიან: „როდესაც ევროპა ამყარებს ბევრად მჭიდრო ურთიერთობას რუსეთის ფედერაციასთან, ჩვენ ჩვენი ინტერსებიდან გამომდინარე, რაღაცის გაკეთება უნდა მოვახერხოთ. თუკი შევძლებთ რუსეთთან ურთიერთობეის ნორმალიზებას, ბევრად უფრო გარანტირებულად შევძლებთ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვას“. ისმის კითხვა როგორ? საქართველოს „სხვა გამოსავალი არა აქვს, გარდა იმისა, რომ თავის საგარეო-პოლიტიკურ კურსში ეს რეალობა (რუსული გეოპოლიტიკა) გაითვალისწინოს“
ვფიქრობ საკმაოდ შთამბეჭდავი დამთხვევებია, მითუმეტეს თუ დუგინის ამ ინტერვიუს ქართველ პოლიტიკოსთა ე.წ. კასტინგის გეგმად მივიჩნევთ. გავაგრძელოთ.
ალ. დუგინი; „რუსეთს აწყობს ის პოლიტიკოსი, რომელიც, პირველ რიგში, ქართული ინტერესებით იხელმძღვანელებს.“
იანუკოვიჩიც ხომ უკრაინული ინტერესებით ხემძღვანელობს. ეს კიდევ ერთი მტკიცება, რომ პროქართული=პრორუსულს. ასევე კასტინგის დასასრულისკენ სვლაც შეინიშნება ინტერვიუში, ესეც ვნახოთ:
ალ. დუგინი: „თუ ჩვენ ასეთ პოლიტიკოსს დავინახავთ და ვხედავთ კიდეც, მათთან ვითანამშრომლებთ. ასეთები ძალიან ბევრია. იგივე ნოღაიდელი, პირადად ალასანიაც და სხვა ქართველი პოლიტიკოსი, რომლებსაც გარკვეულწილად შეუძლიათ რუსეთის პარტნიორები გახდნენ”, - განაგრძობს გამოცემის რესპონდენტი.“
ანუ ჩვენი პოლიტიკოსების მესიჯები საკმაოდ საქმიანია, რათა მოხდეს მათი მონიშვნა რუსული პოლიტისტებლიშმენტის მიერ.
ანუ კასტინგში მონაწილეები დასახელებულია. კასტინგში მონაწილეობაზე თანხმობა მიღებულია და შესაბამისი მესიჯებიც გაგზავნილია, მაგ.
„თავიდანვე ძალიან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი და არ მომწონდა პირველი კავკასიური არხის შექმნა საეჭვო წარმოშობის დაფინანსებით.“
ან ეს: „თავდაუსხმელობის კიდევ ერთხელ დადასტურება აბსოლუტურად ლოგიკური და სწორი იქნებოდა.“ საინტერესოა ვისთან ვაფორმებდით თავდაუსხმელობის ხელშეკრულებას?
“ მე ვმუშაობდი დოკუმენტზე, რომელზეც ხელი უნდა მოგვეწერა აფხაზურ და ქართულ მხარეებს ეს იქნებოდა ორი მხარის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელიც სამართლებრივად, საერთაშორისო ნორმების თვალსაზრისით სტატუსს საფრთხისა და კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებს.. ჩვენ ეს ნაბიჯი რომ გადაგვედგა 2005 წელს, როცა ეს დოკუმენტი მოვამზადეთ, ან თუნდაც 2008 წელს, როცა ამ დოკუმენტს დავუბრუნდით, ჩემი აზრით, მოგვცემდა შესაძლებლობას, თავიდან აგვეცილებინა სამხედრო კონფლიქტი რუსეთის ფედერაციასთან..“
მცირე ისტორიულ ექსკურს თუ გავაკეთებთ 1992-1993წ. აფხაზეთის ომის დროს სწორედ აფხაზებთან გავაფორმეთ თავდაუსხმელობის და ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება, რასაც მოჰყვა 1993წ. 27 სექტემბერს სოხუმის დაცემა. რატომ იგზავნება რუსეთში ასეთი მესიჯები? ალბათ ყველას გვახსოვს, რომ სწორედ რუსეთი ცდილობდა მოეხდინა ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე მოეწერა ხელი მსგავსი ხელშეკრულებისათვის, როგორც 2008წ. აგვისტოს ომამდე ასევე დღესაც იგივეს იმეორებს. ასეთი დამთხვევები შემთხვევითია? ანუ ასეთი ხელშეკრულებით რას ვაღიარებთ? რომ 2008წ. აგვისტოს ომი საქართველოს და რუსეთს შორის კი არ იყო არამედ ოსებს, აფხაზებს და ჩვენს შორის? ვფიქრობ ეს წმინდა რუსული პოზიციის გაზიარებაა, განსაკუთრებით ომის შემდგომი რიტორიკის. რუსული და ქართული ოპოზიციური რიტორიკები რომ სრულ თანხვედრაშია 2008წ. სექტემბრის შემდეგ, ეს ვფიქრობ არახალია. თუ დუგინის ინტერვიუს მივუბრუნდებით, რომელიც გაცილებით ადრეა პრესისათვის მიცემული, აბსოლუტურ ადეკვატურ მესიჯებს დავინახავთ ალასანიას აპრილის ინტერვიუებში, მითუმეტეს, რომ დუგინის ინტერვიუში შეიძლება ქართველი პოლიტიკოსის დახლოებითი არჩევანიც დავინახოთ.
აბა კარგად დავაკვირდეთ: ალ. დუგინი
1. „არაფრის გამორიცხვა არ მსურს, შესაძლოა ალასანიაც იყოს. თუმცა ვიცი, რომ ევროპაზე უფრო იგი ამერიკაზეა ორიენტირებული.“
2. „თუ ჩვენ ასეთ პოლიტიკოსს დავინახავთ და ვხედავთ კიდეც, მათთან ვითანამშრომლებთ. ასეთები ძალიან ბევრია. იგივე ნოღაიდელი, პირადად ალასანიაც და სხვა ქართველი პოლიტიკოსი“.
ეს ორი ფრაზა, აბსოლუტურ ენობრივ და ლოგიკურ კავშირშია. დუგინი ცდილობს არ ისაუბროს პირდაპირ, მაგრამ მას ასევე არ სურს გაურკვეველი დარჩეს ვინაა კასტინგში მონაწილეები და ვინ შეიძლება იყოს არჩეული, ანუ სავარაუდოდ მონიშნული ამ შერჩევის პროცესში.
განსაკუთრებით საინტერესოა შემდეგი ფრაზა:
ალ. დუგინი : “ერთადერთი, რაც ახლა მოსკოვმა ზუსტად იცის, ისაა, რომ საქართველოში ხისტი პრორუსული პოლიტიკა არ გამოვა. ახლა სხვა სიტუაციაა. მოსკოვს მშვენივრად ესმის, რომ საქმე მხოლოდ იმ პოლიტიკოსებთან უნდა დაიჭიროს, ვინც ქართული ინტერესებით მოქმედებს. დღეს რომ რომელიმე ქართველმა პოლიტიკოსმა თქვას, აფხაზეთსა და “სამხრეთ ოსეთს” ვაღიარებო, მისი საქმე წასულია. „
ეს უკვე იმ ძალაზეა საუბარი, რომელსაც მიიწვევენ მიუნხენში, რომლის ორგანიზება გერმანიაში რუსებისთვის არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს, მთავარია, რომ იქ უნდა გადაწყდეს ბევრი საკითხი და ლავროვიც ამისთვისაა იქ. უნდა გაჟღერდეს, რომ აუცილებელია რუსეთთან დიალოგი, თუმცა ის ძალა პროქართულია, რომელც =პრორუსულს ძალიან საინტერესო პასაჟია ამის დასადასტურებლად.
ქართული პოლიტსპექტრიდან გაგზავნილ მესიჯში: “აქედან გამომდინარე, მართლაც აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, რომ დავიწყოთ მოლაპარაკება. მაგრამ ეს მოლაპარაკება უნდა ხდებოდეს ხელისუფლებებს შორის. ხალხის მანდატით აღჭურვილ ხელისუფლებების შორის და როცა ჩვენ ხელისუფლებაში მოვალთ, ამ მოლაპარაკებებს დავიწყებთ. უნდა ვაღიაროთ, რომ რუსეთთან ურთიერთობების აღდგენა იქნება გრძელვადიანი პროცესი. მაგრამ ჩვენ უნდა დავიწყოთ ეს პროცესი რაც შეიძლება სწრაფად.“
ალ. დუგინი: „შემიძლია გითხრათ, რომ რუსეთი მზადაა ითანამშრომლოს თუნდაც სააკაშვილის პოლიტიკისადმი მტრულად განწყობილ პოლიტიკოსებთან, რომლებიც მას ამ საკითხის გადაჭრას წაუყენებენ. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ იგი მზადაა, მათ ამ საკითხში დაუთმოს”.
ანუ ყველაფერი მოსულა, მთავარია კარგად შეიფუთოს და ათვისებული იქნას ის რესურსი, რომელიც რუსეთს საქართველოში აქვს. ეს მოიცავს 2 მომენტს და აპირისპირებს ერთმანეთან სწორედ რესურსის ათვისებისთვის.
1. მაგ. ნოღაიდელი, ხისტი პრორუსული ძალა, უნდა მოხდეს მისი დისკრედიტაცია, ვინაიდან რუსებმა იციან, რომ ამის რესურსი ძალიან ცოტაა და პრაქტიკულად შეუძლებელია მისი რეაბილიტაცია.
2. ვთქვათ, ალასანია, რომელმაც უნდა აითვისოს სააკაშვილისადმი მტრულად განწყობილი ძალების და საზოგადოების რესურსი, და გახდეს კასტინგში გამარჯვებული. პრაქტიკულად ის აკმაყოფლებს რუსული კასტინგის ყველა მოთხოვნას, რომელიც დუგინმა ამ ინტერვიუში ჩამოაყალიბა.
საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება ალ. დუგინის 2010წ. 25 თებერვლის ინტერვიუ და საქართველოდან გახმოვანებული მესიჯები ერთმანეთს. ვფიქრობ ამ მესიჯებს შორის ქვეტექსტული კავშირის მოძებნა რთული არ უნდა იყოს. იმდენად პასუხგაცემულია დუგინის მესიჯები, რომ შემთხვევითი თანხვედრა ამ მოსაზრებებში ნამდვილად არ მიმაჩნია ლოგიკურად.
უკვე იწყება პროქართული ძალის ჩამოყალიბება. ყველა ცდილობს გახდეს ასეთი ძალა. ერთადერთი სივრცე, რომელიც ხელისუფლებამ დატოვა ქართული შიდა პოლიტიკისთვის არის ჩრდილოური სივრცე. სხვა სივრცე არ არსებობს. თუ ამ ფრაზას დავუკვირდებით სავარაუდო მოვლენების განვითარების ორიენტირებიც სჩანს. ვისი თამაშია ეს, ვინაა ამ თამაშის სუბიექტი? ვფიქრობ ძნელი გამოსაცნობი არ არის, რომ ამ თამაშის სუბიექტი რუსეთია, ხოლო მისი მიერ შეთავაზებულ როლზე თანხმობის მესიჯებიც გამოთქმულია.
ირაკლი მარგველაშვილი
22.04.10.