Sunday 27 April 2014

საქართველოს ახალი მთავრობა და კლიშე - „9 წელი“


2013წ. 20 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა ახალი პრემიერ-მინისტრი, თავისი სამთავრობო გუნდით დაამტკიცა. საზოგადოებამ იხილა 2 დღე, როდესაც ახალ მთავრობას შეხვედრები ჰქონდა პარლამენტის უმცირესობის და უმრავლესობის წევრებთან. ბოლო შემაჯამებელი სიტყვით პარლამენტის წინაშე წარსდგა პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი. უნდა ითქვას, რომ უმცირესობის მხრიდან ბატონი ზურაბ ჯაფარიძე საპირწონე სიტყვით წარსდგა პარლამენტის წინაშე. სწორედ ეს ორი სიტყვა იყო კულმინაცია მთავრობის დამტკიცების მთელს პროცესში. არ ვიცი ვის რა მოეჩვენა, მაგრამ ჩემთვის ბატონი პრემიერი ვერ გამოიყურებოდა დამაჯერებლად. ამას მოწმობდა მისი ნერვიული ჟერსტიკულაციები, ასევე მომარჯვებული სლოგანი „9 წელი“. ასევე ხშირი დაუსაბუთებელი ბრალდებები უმცირესობის მხრიდან, ნეოფაშიტებისა და ტერორისტების ძახილი. ვერ იქნება დამაჯერებელი პრემიერ-მინისტრი, როდესაც მას ჰკითხავენ მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე და ის მოიშველიებს „9 წელი“. ვერ იქნება პრემიერ-მინისტრი დამაჯერებელი, როდესაც ჰკითხავენ თუ რატომ გაირღვა ბიუჯეტი, რაა ამის მიზეზი და ის იტყვის რომ არსებობდა „9 წელი“ და ამ 9 წელში ელიტური კორუფცია, რომლის ერთი ფაქტიც კი ვერ დაადასტურა ახალმა ხელისუფლებამ. ასევე ვერ იქნება პრემიერ-მინისტრი მისაღები დასავლეთისთვის, როდესაც ის გაღიზიანებული შეკითხვებიდან პირდაპირ მუქარაზე გადადის.
აი ამის საპირწონე იყო სწორედ ბატონი ზურაბ ჯაფარიძის გამოსვლა პარლამენტში, რომელიც არ გასცილებია კორექტულობის, კოლეგიალურობის და პროფესიონალიზმის ფარგლებს. არ ვარ ამ შემთხვევაში მიკერძოებული, მაგრამ ნამდვილად ისეთი აბსურდები ისმოდა მთელი 2 დღის განმავლობაში პარლამენტში ახალი მთავრობის წევრებისაგან, რომ ნამდვილად სჭირდებოდა ამ ყველაფერს დამაჯერებელი პასუხი, წინააღმდეგ შემთხვევაში საზოგადოება ნამდვილად დარჩებოდა გაურკვევლობაში, ეს რა ჯანდაბა გვჭირსო. არ შეიძლება აბსურდი არ ეწოდოს იმას, რომ თურმე ბიუჯეტის შემოსულობების ნაწილში გარღვევაა, მაგრამ ხარჯვით ნაწილში არა. კი დაიგემა ბიუჯეტი 6% ზრდაზე, მაგრამ მთავრობის წევრები აღიარებენ, რომ 2 % -ზე მეტი ვერ იქნება. ამ დროს ფაქტია, რომ ახალი ხელისუფლება ცეცხლს ეთამაშება. ეს სახელმწიფოა და 5 მილიონი ადამიანის ბედი. უზარმაზარი გამოწვევებია ქვეყნის წინაშე და ასეთი მიდგომები, რაც მათ ჰქონდათ ამ ერთი წლის განმავლობაში ამ გამოწვევებს ნამდვილად ვერ უპასუხებს.
 ეკონომიკა არის ის თემა, სადაც ხელისუფლება ძალიან ყურადღებით უნდა იყოს. მითუმეტეს, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა ახალი პრემიერის არჩევიდან მეორე დღეს, გამოსამშვიდობებელი წერილი გამოუგზავნა სრულიად საქართველოს, სადაც აღნიშნა, რომ საქართველოში არანაირი ბიზნესი არ აქვს და არც მომავალში აპირებს რამის გაკეთებას, თუმცა რამდენიმე ხნის უკან მთელი კოალიცია თავგამოდებით აანონსებდა კაიმანის კუნძულებზე დაარსებული 10 მილიარდიანი ფონდის შესახებ, რომელიც ინსვესტირებას განახორციელებდა საქართველოს ეკონომიკაში, რაც როგორც ეტყობა ბლეფია და ბატონი ბიძინა იმიტომაა პატივსაცემი პიროვნება, რომ სრულიად გარკვევით, გულწრფელად გვითხრა, არ ვაპირებ საქართველოში ფულის ჩადებას და ბიზნესის წარმოებასო. შესაბამისად არც ახალ ბიუჯეტში ასახულა მსგავსი რამ. შესაძლოა ითქვას, რომ გამოსაფხიზლებელი გამოსვლა ჰქონდა ბატონ ზურაბ ჯაფარიძეს, რომელმაც ვფიქრობ გადაფარა სლოგანი „9 წელი“ და ხელისუფლება, რომელიც მას იქ უსმენდა ნამდვილად დაფიქრდებოდა, რომ ასეთ პოლიტიკურ რეჟიმში, როდესაც საქართველოში საპარლამენტო მოდელია, მთავრობის კონტროლი გაასმაგებული იქნება და პარლამენტის უმცირესობა ძალიან ხშირად გამოიყენებს სამთავრობო საათებსაც, სადაც ნამდვილი განკითხვის დღე მოელის მთავრობის ეკონომიკურ გუნდს და თავად პრემიერ-მინისტრს. მეორედ ვეღარ იმუშავებს სლოგანი „9 წელი“ მიუხედავად იმისა, რომ დიდია სურვილი „რიტორიკა შეიცვალოს“ ოპოზიციამ.
კოალიციის თავი ყულფშია, რომელიც იმ შემთხვევაში თუ საქართველოში ეკონომიკა რეცესიაში წავა მხოლოდ ამ თავს მოეჭირება ის ყულფიც. უკვე ვერცერთი სლოგანი ვეღარ იმუშავებს, ვერც ცოცხები და ვერც „9 წელი“.
რატომ მოვიყვანეთ ეს ორი გამოსვლა ერთმანეთის საპირწონედ? სწორედ იმიტომ, რომ დღეს საქართველოში უკვე განხორციელდა ხელისუფლების სათავეში მოსვლა მოკლე გზით (ცოცხებით). საზოგადოებამაც დაუშვა ეს ყველაფერი, ვინაიდან საკმაოდ დამღლელი აღმოჩნდა ის სახელისუფლებო წნეხი, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეფორმების სახით განახორციელა საქართველოში 2004 წლიდან. ეს რეფორმები დამღლელი ჯერ კიდევ 2007 წლის ნოემბერში აღმოჩნდა და იმის შემდეგ მთელი 4 წელი კვლავ გაგრძელდა. ფაქტია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“  ხელისუფლებაში ყოფნამ, შექმნა ერთგვარი სტანდარტი, თამასა, რომელიც გამოიხატებოდა  ქვეყნის განვითარების და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკმაოდ მაღალ ტემპში.
საქართველოს სახელმწიფო სულ სხვა დისკურსში იქნა გადასროლილი. შესაბამისად გეოპოლიტიკური გამოწვევებიც საკმაოდ მაღალია, იმდენად მაღალი, რომ შესაძლოა ბევრ ხელისუფლებას შეეშნდეს კიდევაც. ამიტომ „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი ოპოზიცონერება სახარბიელო არცერთი ხელისუფლებისთვის არაა. ეს არ არის კომფორტი, მითუმეტეს საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში. ამიტომ პრემიერ-მინისტრის მიერ ოპოზიციისათვის შეთავაზებული კლიშე-„9 წელი“ გაზაფხულზე ვეღარ იმუშავებს, ვინაიდან საქართველოს მოსახლეობა ამ კლიშეს მუდმივად ვეღარ მიიღებს, რადგან სწორედ მაღალი თამასა მოსთხოვს ხელისუფლებას უფრო აქტიურობას, სამუშაო ადგილების შექმნას, დასაქმების პრობლემების გადაწყვეტას, მაშინ როდესაც ბიუჯეტში ძალიან სერიოზული გარღვევაა და არც ახალი ბიუჯეტია ისე დაგეგმილი, რომ რამეს გამოსწორება მოხდეს მომავალში. ამიტომ წინ ძალიან საშიში ჯერ 6 თვე და შემდეგ ერთი წელია, რაც სერიოზული გამოცდა იქნება ახალი მთავრობისათვის.
იმ შემთხვევაში თუ ეკონომიკაში რეცესია დაიწყო, ამ მთავრობის მომავალი ბეწვზე ჰკიდია და ამას ერთი წელი არ დასჭირდებება. მითუმეტეს უნდა გაითვალისწინოს ახალმა ხელისუფლებამ, რომ უმცირესობაში ძალიან სერიოზული გამოცდილი ძალა ჰყავს და უკვე თავად ერთი წელია იყენებს კლიშეს-„9 წელი“.
ასევე ძალიან საყურადღებო იყო 17 ნოემბერს ახალი პრეზიდენტის ბატონი გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაცია, სადაც მან საკმაოდ მკაფიოდ დაასახელა პრიორიტეტები, რომელიც ასევე გაიმეორა პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა, რომ საქართველოს მომავალი არის ევროატლანტიკური არჩევანი. მათ აღნიშნეს, რომ  ხელშეუხებელია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და მიზანია დეოკუპაცია. ეს არის ის გზავნილები, რომლებიც სწორედ უდიდესი გამოწვევების წინაშე აყენებს ახალ ხელისუფლებას. უკვე 1 წელია, საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობის დალაგების რეჟიმშია. აღსდგა ეკონომიკური კავშირებიც. საქართველოს ღვინო რუსულ ბაზარზე გამოჩნდა. ასევე ციტრუსის ექსპორტსაც აპირებენ. უნდა ითქვას, რომ დასახელებული საგარეო პრიორიტეტების შემთხვევაში, ამ კავშირებს დიდი რისკები ელით. რამდენჯერმე გაჟღერდა მთავრობის წევრებისგან, რომ თურმე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი იყო პრობლემა რუსულ ქართულ ურთიერთობებში. ეს იმდენად სასაცილო ხედვა იყო, რომ შესაძლოა ითქვას არათუ გარე პრ-ისთვის, შიდა პრ-ისთვისაც არ გამოდგებოდა. როგორც რუსეთის საგარეო მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა განაცხადა, რუსეთი ყურადღებით სწავლობს და აკვირდება საქართველოს ახალი ხელისუფლების ნაბიჯებს. თუ საქართველოს ხელისუფლებას, პრეზიდენტს და პრემიერ-მინისტრს ჰგონიათ, რომ ისინი ევროატლანტიკური კურსით წაიყვანენ საქართველოს და პარალელურად დაალაგებენ ურთიერთობებს რუსეთთან ძალიან ცდებიან. რუსეთის „კეთილი ნება“ საქართველოს პროდუქცია შეუშვას მის ბაზარზე, ნაკარნახევია იმ ნაბიჯების მოსინჯვით, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს საქართველოს ხელისუფლება. რუსეთი აუცილებლად დაიცავს საკუთარ გეოპოლიტიკურ მიზნებს, რომელიც არაფრით ემთხვევა საქართველოს გეოპოლიტიკურ მისწრაფებებს გახდეს ნატოს და ევროკავშირის წევრი. ამიტომ რუსული ბაზარი საქართველოსთვის  არ არის სტაბილური ეკონომიკური პარტნიორობა, არამედ ეს არის პოლიტიკური ბაზარი, რომელიც საქართველოს მიერ ევროიტეგრაციის პარალელურად დაიხურება და საქართველოს თავიდან მოუწევს 2006წ. ემბარგოს გამეორება. ეს კიდევ ერთი დარტყმა იქნება ქართულ ეკონომიკაზე, რომლის მომავალიც ძალიან ბუნდოვნად გამოიყურება. ყველა ამ თემას იმიტომ მოვუყარეთ თავი, რომ დაგვენახა რაოდენ დიდია ახალი მთავრობის გამოწვევები, და რაოდენ აბსურდულია ამასთან შედარებით კლიშე - „9 წელი“, რომლით ფონს გასვლა სალტო- მალაყის ეფექტს ჰგავს მხოლოდ. თუ ახალი მთავრობა ფრთხილად არ იქნა და ვერ აიცილა თავიდან ის საფრთხეები, რომელსაც მას უქადის მძიმე ეკონომიკური ფონი და ძლიერი საგარეო გამოწვევები, მისი მომავალი ძალიან მყიფე იქნება. შეიძლება სიტუაცია ისე დამძიმდეს, რომ თოკი ნასკვთან არა 4 წლის შემდეგ, არამედ 1 წლის შემდეგ მივიდეს. ფაქტი კი ერთი დადგება, არავინ მოინდომებს კოალიციიდან ახალ ხელისუფლებას გაჰყვეს საფლავში და ყველა საკუთარი თავი გადარჩენისთვის იზრუნებს. ამიტომ არც ახალი გარიგებები და კოალიციებია უცხო საპარლამენტო მოდელის რესპუბლიკისათვის, მითუმეტეს, როდესაც ქვეყნის განვითარების თამასა გავლებულია. დარწმუნებული ვარ, ქუთაისიდან თბილისში დაძრული ახალი პრემიერ-მინისტრი გულში სიხარულს განიცდიდა, რომ ფონს კლიშემ-„9 წელი“ გაიყვანა.

ირაკლი მარგველაშვილი

რუსეთის და საქართველოს პრეზიდენტების შეხვედრა პერსპექტივაში


რუსეთის პრეზიდენტმა ვლ. პუტინმა ქართველი ჟურნალისტის შეკითხვაზე შეხვედებოდა თუ არა საქართველოს პრეზიდენტს, თანხმობა განაცხადა. აღნიშნულ მესიჯს საქართველოს ხელისუფლებაში გამოხმაურება მოჰყვა. საქართველოს პრეზიდენტმა გ. მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ის ამ საკითხზე იფიქრებდა გუნდთან ერთად. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ი. ღარიბაშვილმა კი სრულიად „მიუპატიჟებლად“ განაცხადა, რომ ის უკვე მზად არის შეხვდეს ვლ. პუტინს. თუ არ მოვაქცევთ ყურადღებას იმას, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება ყოველგვარ კონტექსტიდან ამოვარდნილია, სავარაუდოდ საქართველოს ხელისუფლებაში შეთანხმდებიან, თუ ვინ უნდა შეხვდეს ვლ. პუტინს.
 რატომ გახდა პუტინისთვის საინტერესო საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა? რა იმპულსის მატარებელია მისგან გამომდინარე მესიჯი და რატომ მომწიფდა მსგავსი შეხვედრის აუცილებლობა? ეჭვგარეშეა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ და შესაბამისმა ინსტიტუტებმა ძალიან კარგად შეისწავლეს საქართველოს ახალი ხელისუფლების პოლიტიკური ხედვა, მათი სუსტი და ძლიერი მხარეები. შესაბამისად ჩათვალეს, რომ საკითხი დამუშავებულია, შესწავლილია და არსებობს უკვე იმის შესაძლებლობა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ საბოლოოდ განაცხადოს თავისი ბურუსით მოცული პოლიტიკური ხედვა. საქართველოს ხელისუფლებას ძალიან ჯიუტად აქვს დაჩემებული რამდენიმე პოსტულატი საგარეო პოლიტიკურ მიმართულებებში. გავიხსენოთ ზოგიერთი მათგანი.
1.      საქართველო არ უნდა იყოს დაპირისპირების საგანი დასავლეთსა და რუსეთს შორის;
2.      2008წ. ომი მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო და ის წამოეგო რუსეთის პროვოკაციებს;
3.      საქართველომ უნდა გაწევრიანდეს ნატოსა და ევროკავშირში და პარალელურად დაალაგოს ურთიერთობები რუსეთთან;
4.      საქართველომ უნდა დაარწმუნოს რუსეთი, რომ მისი ევროინტეგრაციის პროცესი საშიში არ არის მისთვის;
უნდა ავღნიშნოთ, რომ საქართველოს ხელისუფლებისათვის აღარ იყო პრიორიტეტი „არაღიარების პოლიტიკა“, რაც ყოფილმა პრემიერ მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა წინა ხელისუფლების შეცდომად მონათლა და საგარეო პოლიტიკური მიმართულებების პრიორიტეტთა ნუსხიდან ამოიღო.  ეს არის ის პოლიტიკური გზავნილები, რაც საქართველოს ხელისუფლებამ გააჟღერა თავისი საგარეო პოლიტიკური მიმართულებებით. სავარაუდოდ რუსეთის ხელისუფლებამაც სწორედ ამ მიმართულებებით იმუშავა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა არ გაამახვილა ყურადღება რუსეთის აგრესიულ პოლიტიკაზე საქართველოს მიმართ.  მას საერთოდ არ უსაუბრია ოკუპაციის სიმძიმეზე. ასევე მის მიერ არასწორი აქცენტები იქნა დასმული უკრაინის საკითხთან მიმართებაში, რომ მასზე უნდა მოილაპარაკონ ევროკავშირმა და რუსეთმა. მისი გამოსვლა უნდა შეფასდეს როგორც სუსტი გამოსვლა.
 მიუნხენის კონფერენციაზე ნათლად გამოჩნდა, რომ ქართული პოლიტიკის შერბილდა რუსეთის მიმართ. ეს შერბილებული პოლიტიკა სცდება საქართველოს ხელისუფლების მიერ გაჟღერებული აგრესიული რიტორიკის შერბილების ფარგლებს და ერთგვარი ინფანტილიზმის და ასევე გამოუცდელობის ნიშანს ატარებს, რაც საბოლოო ჯამში აზარალებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.
            სავარაუდოდ რუსეთმა ეს იგრძნო და ამიტომ მის მიერ წამოვიდა სწორედ ინიციატივა, რომ ვლ. პუტინი მზადაა შეხვდეს საქართველოს პრეზიდენტს. რუსეთის მხრიდან ეს იქნება სწორედ უკვე უშუალოდ შესწავლა და შემოწმება საქართველოს უმაღლესი ხელისუფლების შესაძლებლობების და უნარების. ასევე ნიადაგის მოსინჯვა საქართველოს ხელისუფლების მიმართ, თუ რაზეა საქართველო წამსვლელი ევრაზიული კავშირის ფარგლებში. ვფიქრობთ რუსეთის ინტერესი ამჯერად სწორედ ეს არის.
უნდა ვაღიაროთ, საქართველოს ხელისუფლებას ჯიუტად არ სჯერავს, რომ რუსეთის აგრესიული პოლიტიკა საქართველოს მიმართ, ეს მისი იმპერიული გამოვლინება და გეოპოლიტიკური მიზნები კი არ არის, არამედ უბრალოდ მას ასე გამოსდის პოლიტიკა.
უნდა ითქვას, რომ შოკის მოგვრელია საქართველოს სამოქალაქო თანასწორობის სახელმწიფო მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განცხადებები ამ საკითხებზე, რომელიც საერთოდ ამოვარდნილია იმ კონტექსტიდან, რაც რუსულ ქართული გეოპოლიტიკური მიმართულებების დაპირისპირება ჰქვია. მაგალითად ზაქარეიშვილის განცხადებით:
1.      2008წ. როდესაც რეინტეგრაციის სამინისტრო დაარქვეს მის სამინისტროს, სწორედ ამიტომ მოხდა 2008წ. აგვისტოს ომი.
2.      რუსეთი პრაგმატული ქვეყანაა და ალბათ მიხვდება, რომ მისთვის მომგებიანია, რომ მისი მეზობელი საქართველო იყოს ნატოსა და ევროკავშირის წევრი.
3.      თურმე საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია რუსეთს არ უნდოდა, და ის მხოლოდ იმიტომ გააკეთა, რომ საქართველომ დაუშვა შეცდომები.
4.      პარადოქსალური განცხადება ამ ყველაფრის შემდეგ: აფხაზეთისა და ოსეთის აღიარებით რუსეთმა ბოლო კარტი გაითამაშა და ამით სრულიად დაკარგა კონტროლი კავკასიაზე.

პაატა ზაქარეიშვილის ეს განცხადებები მაგალითად იმიტომ მოვიყვანეთ, რომ პრაქტიკულად საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი პირების განცხადებები თითქმის ანალოგიურია და თუ საქართველოს ხელისუფლება ამ სტრატეგიით ფიქრობს წარდგომას რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების წინაშე ვფიქრობ ისინი ძალიან გაწბილებულები დაბრუნებიან.
 აუცილებლად უნდა გავიხსენოთ ყოფილი პრეზიდენტის დიმიტრი მედვედევის  განცხადება 2011წ. ნოემბერში, რომელიც მან 58-ე არმიასთან შეხვედრისას გააკეთა.
Отказ России защищать Южную Осетию мог привести к расширению НАТО, заявил президент. "Если бы в 2008 году мы дрогнули, была бы уже другая геополитическая раскладка, и целый ряд стран, которые пытались искусственно затащить в Североатлантический альянс, скорее всего были бы там", - подчеркнул он, добавив, что появление военного блока у южных границ России вызвало бы "определенные неудобства".
Медведев: если бы не война с Грузией, в НАТО приняли бы несколько стран, вопреки позиции России“. როდესაც რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლები ხაზს უსვამენ, რომ ეს აგვისტოს ომი იყო საქართველოს ნატოში გაწევრიანების საწინააღმდეგოდ მიმართული. რა ლოგიკიდან გამოდის საქართველოს ხელისუფლება, რომ ამ ყველაფერს ამ კონტექსტში არ განიხილავს სრულიად გაუგებარია.

დიმიტრი მედვედევის განცხადება იმის დასტურია თუ რა გეოპოლიტიკური მიზნები აქვს რუსეთის ფედერაციას. ამის შემდეგ გაუგებარია რას ეფუძნება საქართველოს ხელისუფლებას ოპტიმიზმი რა განცხადებებსაც ისინი რუსეთის მისამართით აკეთებენ. გაუგებარია რა კონტექსტს ეფუძნება ის, რომ რუსეთი დასთანხმდება საქართველოს ევროინტეგრაციას? მაშინ როდესაც უკრაინაში მისი პოზიცია ძალიან ნათელია და პრაქტიკულად უკრაინის სახელმწიფო ფართო სამოქალაქო დაპირისპირების წინაშე დააყენეს. ასევე ცნობილია, რომ რუსეთი სამხედრო ძალას აძლიერებს ევროკავშირისი საზღვრებთან კალინინგრადში და ბელორუსიაში. ხოლო რუსეთის მთავარ უსაფრთხოების კონცეფციაში ნატო მის საზღვრებთან აღიქმება როგორც არასასურველი სამხედრო ბლოკი.

 გაუგებარია საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება რუსეთის სახელმწიფოს გეოპოლიტიკის მიმართ. მათი აღქმით რუსეთის სახელმწიფოს გეოპოლიტიკური კონცეფცია ეფუძნება პიროვნულ სიმპათია ანტიპათიებს. ვთქვათ, მიხეილ სააკაშვილის პერსონა არ მოსწონდა ვლადიმერ პუტინს, მაგრამ მას მოეწონება ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ნატოში შეყვანილი საქართველო. ეს ინფანტილური მიდგომა საკითხისადმი ძალიან არადამაჯერებელს ხდის საქართველოს ხელისუფლების პოზიციებს. ამიტომ ვფიქრობთ ცუდი არ იქნება გამოცდილების მიღება.
საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან ეს იქნება ქართული საზოგადოებისათვისაც ძალიან მნიშვნელოვანი. ხელისუფლებაც და შესაბამისად საზოგადოებაც გაერკვევა საბოლოოდ იმ თეზისების მართებულობაში რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ და რასაც ხელისუფლება ერთგვარი რიხით გვეუბნება, რომ შესაძლებელია საქართველოს ევროინტეგრაცია მოეწონოს რუსეთის ხელისუფლებას,  თუმცა ვერასოდეს მოიყვანეს ის არგუმენტი რაც ამ თეზისს დამაჯერებლობის ეფექტს მიანიჭებს. 
ამ შეხვედრას ექნება ძალიან დიდ მნიშვნელობა და ხელისუფლებაც საბოლოდ ჩამოყალიბდება და დაიხვეწება საკუთარ პოლიტიკურ მიმართულებებში. ასევე გამოჩნდება ისიც, თუ რას აპირებს რუსეთი საქართველოს მისამართით. ამ ეტაპზე საქართველოს ხელისუფლებას სჯერა, რომ რუსეთი მიესალმება საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობას და ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერას. ვფიქრობთ ასეთი მოლოდინის გაჩენა სახიფათოა და საკითხში გარკვეული პოლიტიკოსებისთვის ნათელია, რომ ხელისუფლება ერთგვარი ინფანტილური მიდგომით გამოირჩევა რუსეთის მიმართ. ეს სჩანს ხელისუფლების მიერ 2008წ. აგვისტოს ომის შეფასებებში, ასევე იმაში, რომ ისინი კარგად ვერ აცნობირებრენ ვერც რუსეთის გეოპოლიტიკურ მიმართულებებს და ვერც გლობალურ გეოპოლიტიკურ განლაგებას ვერც აცნობიერებენ იმას, თუ რას ნიშნავს რუსეთისათვის პოსტსაბჭოთა სივრცე და ამ გადასახედიდან  საქართველოს ნატოში და ევროროკავშირში ინტეგრაცია.
ვფიქრობთ, რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ საქართველოს ხელისუფლება უფრო ნათლად დაინახავს იმ გეოპოლიტიკურ რეალობას, რაც დგას საქართველოს წინაშე. იმ გამოწვევებსაც თუ რა შეიძლება მოხდეს, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებამდე. ასევე უფრო რეალურად შეხედავენ რუსეთის რეაქციას ევროკავშირსა და ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივასთან დაკავშირებით. ეს შეხვედრა საქართველოს ხელისუფლებას შეძენს იმ გამოცდილებას, რომ  ისინი სავარაუდოდ უფრო მკაფიოდ ჩამოყალიბდებიან რუსეთთან დაკავშირებით და ვფიქრობ საკუთარ მიდგომებსაც გადახედავენ.

ირაკლი მარგველაშვილი



საქართველოს ისტორიული შანსი



საქართველოს ისტორიაში ბევრი ეპოქა ხასიათდებოდა დინამიურობით. ალბათ, საქართგელოს უახლესი ისტორია ერთადეთი გამორჩეული ეპოქაა, როდესაც საქართველო ისტორიულ გზაგასაყართან დადგა. გზაგასაყართან სადაც ახალი საქართველო უნდა დაიბადოს. 90 -იანი წლების დასაწყისიდან, მას შემდეგ რაც დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ, შეიქმნა უდიდესი პრობლემები, როგორც ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით. თავად ეს 20 წლიანი ეპოქა ხასიათდება ძალიან თავისებური ნიშნებით, რომლებიც ერთმანეთს არ ჰგავს. მაინც რა იყო მთავარი პრობლემა, არსი ამ სიძნელეების? აი ამაზე მინდა დავწერო.
ძალიან კარგად მახსოვს, 80-იანი წლების ბოლოს და 90-იანი დასაწყისში საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნის ინტენსივობა, გამართული აქციები, მსჯელობები, შემდეგ ჩატარებული არჩევნები და ის სიხარული, რომელიც ხალხის არჩევანმა მოიტანა 1990წ. 28 ოქტომბერს. ეს ყველაფერი იყო ემოციის დონეზე. თუმცა საბჭოთა კავშირში გაზრდილებს, უამრავი თემა ყურმოკრულიც კი არ გვქონდა. დახშული ინფორმაციის ფონზე, ჩვენთვის უცნობი იყო, რა ხდებოდა ფარდის მიღმა დასავლურ სამყაროში. რა იყო მათ პოლიტიკური დისკურსი. რა იყო ახლად გამოცხადებული ახალი მსოფლიო წესრიგი, რას გულისხმობდა და სად იყო ჩვენი ადგილი ამ წესრიგში. არ ვიცოდით საქართველოს გეოპოლიტიკური დანიშნულება. მიუხედავად იმისა, რომ გვსურდა რუსეთის იმპერიიდან გამოსვლა, ვერ ვაცნობიერებდით რუსეთის გეოპოლიტიკურ დანიშნულებას, ვერ ვაცნობიერებდით იმ სიძნელეებს, რომელიც გვექნებოდა ამ გზაზე, როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ მიმართულებებზე. ყველაფერ ამაზე გვქონდა ძალიან ინფანტილური დამოკიდებულება.
ჩვენ არ ვიცოდით დასავლური აზროვნების სტილი და მათი კულტურის ენა.  ენა, რომელზეც საუბრობდა დასავლეთი. ეს იყო დემოკრატიის ენა, სადაც ჩამალული იყო ის მთელი საიდუმლოებები, რომლის შესწავლაც მოგვიწევდა, თუ ჩვენ მოვინდომებდით დასავლეთის თანამეგობრობაში მოხვედრას. ჩვენში იმპერიული ენა და დასავლური ენა ერთმანეთში აირია. ვერ ვმიჯნავდით რა იყო იმპერია და რა იყო დასავლეთი. ჩვენ დასავლეთს ვარქმევდით იმ სახელებს, რაც დამკვიდრებული იყო საბჭოთა კავშირში. მიუხედავად იმისა, რომ საოცარი სიხარული იყო დამოუკიდებლობის გამოცხადება, ჩვენთვის აბსოლუტურად ბუნდოვანი იყო გზა, თუ როგორ უნდა ეცხოვრა დამოუკიდებელ საქართველოს. რა იყო მისი მომავალი. რას გულისხმობდა დამოუკიდებლობის აღდგენა. ჩვენ აღვადგინეთ დამოუკიდებლობა იურიდიულად და წინ დავიდევით უზარმაზარი ლექსიკონი, რომელიც უნდა შეგვესწავლა, რომ დასავლეთის ენა გაგვეგო.
ჩვენ ძალიან გაგვიჭირდა ამ ყველაფრის დაძლევა. დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე ჩვენ გამოუსწორებელი შეცდომები დავუშვით. ჩვენ ვერ ავიღეთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, რომ გავეთავისებინა ეს დამოუკიდებლობა, რომელიც ინდივიდების დამოუკიდებელ არჩევანზე გადიოდა. ჩვენ არც ვეცადეთ, რომ გადაგვეშალა ის ლექსიკონი, რომელიც წინ გვედო. ჩვენ დასავლური ენის გასაღებს იმპერიის კვაზი დემოკრატიის შეთითხნილ ნაჯღაბნში ვეძებდით. ვეძებდით იმას, რაც არ იყო იქ. ხოლო გვეზარებოდა იმის სწავლა, რაც წინ გვედო. ჩვენ, ჩვენი დამოუკიდებლობის თერთმეტი წლის მანძილზე ავირჩიეთ ზუსტად სახელმწიფოს ის მოდელი, რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენამდე გვქონდა, ფსევდო სახელმწიფოებრივი წარმონაქნი, რომელსაც დამოუკიდებლობის არაფერი ეცხო.
ჩვენ დავკარგეთ ძვირფასი თერთმეტი წელი, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო იმის გარანტია, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობა ეხლა სულ სხვა სიმაღლეზე ყოფილიყო, როგორც უსაფრთხოების გარანტიებით, ასევე გეოპოლიტიკური მნიშვნელოვანებით. ჩვენ დრო გავაცდინეთ, ჩვენ ძალიან ვიზარმაცეთ, რაც გახდა საფუძველი იმისი, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლებოდა. ეს არ იყო გაცნობიერებული არჩევანი, ეს იყო ლოგიკა. სწორედ ამიტომ მოხდა ის, რომ მოვაწყვეთ რევოლუცია. ამჯერად მშვიდობიანი, განსხვავებით წინა სახელმწიფო გადატრიალებისაგან. ამ რევოლუციამ, მისმა საერთაშორისო მხარდაჭერამ, ჩვენ გაგვხადა იძულებული, რომ გადაგვეშალა ის ლექსიკონი, რომლის გადაშლაც არ ვიკადრეთ წინა წლებში, ხოლო ჩვენი რევოლუცია იმ გზის დასაწყისი იყო, რომელიც ბალტიისპირეთის სახელმწიფოებმა გაიარეს 90-იანი წლებიდან 2004 წლამდე და დაასრულეს ნატოში შესვლით. ჩვენ ეს გზა თავიდან უნდა გავევლო. უბრალოდ მათ ისწავლეს დასავლეთის ენა და მოიშორეს ის ლექსიკონი, რომელიც ჩვენ არც გადავშალეთ. ამ სახელმწიფოებმა ჩვენთან ერთად გამოაცხადეს დამოუკიდებლობა, მაგრამ ჩვენზე ადრე მიხვდნენ როგორ უნდა ეცხოვრათ დამოუკიდებელ სახელმწიფოში. რა იყო მათი სახელმწიფოებრიობის საფუძველი, ჩვენზე ადრე ისწავლეს დასავლური ენა და მოერგნენ მის დისკურსს.
ჩვენ დავბრუნდით თერთმეტი წლით უკან და დავიწყეთ ახალი ენის სწავლა. მიუხედავად ამისა, მიუხედავად სახელმწიფოებრივი მშენებლობის ქირურგიული მეთოდებისა, ადამიანებისთვის ეს ყოველივე მაინც უცხო იყო. ეს არი იყო და არ ჰგავდა იმ 11 წელს, რომელიც ჩვენს მეხსიერებაში დაკონსერვდა, როგორც მოდელი საბჭოთა საქართველოსი თავისი იდენტური ლიდერით. ეს სხვა იყო და ცოტა უცხოც გახდა. არ ჰგავდა მას. ინგრეოდა ეს ძველი იდენტობა საბჭოთა სახელმწიფოსთან ერთად და უფრო მეტად მიმდინარეობდა ახალ სახელმწიფოსთან გაუცხოების პროცესი. ამ პროცესმა თავისი სიტყვა თქვა რევოლუციიდან 4 წელიწადში. ჩვენ ვიხილეთ საშინელი პროტესტი ახალი სახელმწიფოს მისამართით. თითქოს პარადოქსია, მაგრამ არა ეს რევოლუცია ხომ არჩევანი არ ყოფილა. ეს იყო ლოგიკა. ეს ლოგიკა იყო ბუნდოვანი, გაუგებარი და უცხო. ასევე უცხო იყო სახელმწიფოებრიობის რეალიზების გზები და მეთოდები. გამოგონებული ევრო ატლანტიკური არჩევანი და ევროკავშირთან ინტეგრაცია. ეს ახალი დამოუკიდბეელი სახელმწიფოს იდენტობად კი არ იქნა გაგებული, არამედ ახალ მითად, რომელიც დაუჯერებლად სჩანდა.

ჩვენ გვიწევდა ლექსიკონის დახმარება და ახალი დასავლური ენის სწავლა, რომელიც ჰგავდა ურჩ მოსწავლის მისამართით გაკვეთილების მუდმივ ჩიჩინს, რომელიც თავად სულაც არაა მოტივირებული ისწავლოს ახალი რამ. მას მუდმივად აძალებენ და მუდმივად ბეზრდება ეს ყოველივე. მას არ უნდა ახალის სწავლა.  ასე დაემართა ახალ ქართულ სახელმწიფოს, ჩვენ მოგვბეზრდა მისი სწავლა, მის ენაში გარკვევა. ჩვენთვის უცხოა ის მომავალი, რომელიც არ ჰგავს წარსულს, რომელიც არის ორიენტირებული სხვა ენაზე, საუბრობს სხვა ენაზე, რომელიც არ გვესმის, რომლის შესწავლაც არ გვინდა, ვინაიდან არ ჰგავს ჩვენს ცოდნას, არ ემთხვევა ჩვენს მენტალობას.
ეს მშვენივრად იცის მტერმა, რომელიც სწორედ ამ სუსტ წერტილში ურტყამს. ამზადებს ომს და იცის, რომ ეს ომი გააჩენს "სტოკჰოლმის სინდრომს", რომ მის მიერ წარმოებული ომი ეს არის ის ენა, რომელ ენაზეც საუბრობს საბჭოთა საქართველოს მოქალაქე. ესაა ენა -"ჩვენ რუსეთს როგორ მოვერევით, როგორ გავაკეთეთ ეს, რა შეუგნებლები ვართ, ომი ხომ ჩვენ დავიწყეთ". ამ დროს ახალი არაფერი ხდება. არც ოკუპაციაა ახალი, არც რუსეთი მიერ წარმოებული ომი საქართველოს წინააღმდეგ. ყველაფერი კარგად დავიწყებული ძველია. უბრალოდ კარგად გვიცნობენ, იცნობენ ჩვენს სიზარმაცეს, იცნობენ ჩვენს დამოკიდებულებებს რუსეთის მიმართ, იცნობენ ჩვენს კომპლექსებსაც რუსეთის მიმართ. ამიტომ ჩვენი ახალი ენის შესწავლის პროცესს სწორედ ამ ძველი ენით ანაცვლებენ. შესაბამისად ყველაფერი დგება თავდაყირა. საქართველო მოქცეულია სქილასა და ქარიბდას შორის, ახალ ენასა და ძველი ენის ნოსტალგიას შორის, რომელზე ლაპარაკს უნდა გადავჩვეოდით თითქოს.
რევოლუციური ხელისუფლების მთელი მცდელობა, საქართველოს სინამდვილეში შემოიტანოს ახალი ენა, ახალი დასავლური დისკურსი, რომლის გამოგონებას და დარწმუნებას დასავლეთის სახელმწიფოებისთვის ტოტალური ენერგია დასჭირდა ერთმა ომმა დააყენა უდიდესი რისკის ქვეშ. იმ რისკის, რომელიც გამოყენებულ იქნა ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე. რევოლუციის შემდეგ ჩვენ დავდექით იმ რეალობის წინაშე, რასაც ქართული სახელმწიფოს განხორციელება რეალიზაცია ჰქვია. ჩვენ 1991წ. 9 აპრილის შემდეგ, ეს გავაკეთეთ პირველად და ეს იყო ის ანბანი, რომელზეც ქართული სახელმწიფო იწერება, ახალ გეოპოლიტიკურ წესრიგში, თავისი ადგილით, თავისი დანიშნულებით და მიმართებებით. სამწუხაროდ ეს უცხო ენა აღმოჩნდა ქართველებისთვის. ჩვენ ვერ შევძელით ამ ენაზე გამოცდის ჩაბარება. ჩვენ ჩავატარეთ ახალი არჩევნები, ხმა მივეცით ახალ პოლიტიკურ ძალას და ჩავთვალეთ, რომ შეგვიძლია დავდგათ საბჭოთა დიქტატორ იოსებ სტალინის ძეგლები მასიურად.
ამ ძეგლების დადგმა არის სწორედ ის გაუცხოება და პროტესტი ახალი ენის მიმართ, რომლის სწავლაც რევოლუციამ დაიწყო ჩვენში. ამ ძეგლების დადგმა არის ის ფსევდო იდენტობა, რომელსაც ქართული საზოგადოება აკეთებს წარსულთან, სადაც არ არსებობდა ქართული სახელმწიფო, მაგრამ არსებოდა სხვისი ძლიერი სახელმწიფო, რომლის ნაწილიც ვიყავით ჩვენ. ამ ფსევდო იდენტობის ხაზგასმით, ქართული საზოგადოება ახდენს ახალი ქართული სახელმწიფოს იგნორირებას, ნიველირებას და უარის თქმას დასავლურ დისკურსზე. ეს არის ქართულ სახელმწიფოსთან, მის მომავალთან ძალადობა, უკან დაბრუნების მცდელობა, რომელიც გამოწვეულია სწორედ ყალბი ილუზიური იდენტობით. ჩვე ვერ შევძელით ჯერჯერობით ვფოკუსირდეთ ქართულ სახელმწიფოზე, რომელიც თავისი გეოპოლიტიკური დანიშნულებით სწორედ ამ სხვისი სახელმწიფოს კონკურენტია და სინამდვილეში ის ომიც, 2008წ. სწორედ ამის გამო მოხდა. თუმცა მტერმა რაც გათვალა სწორედ ის გამოუვიდა, მან გააჩინა უზარმაზარი ეჭვი, შეუძლია თუ არა ქართულ სახელმწიფოს საერთოდ დამოუკიდებელი არსებობა. როგორია დამოუკიდებელი საქართველო? ომში დამარცხებული, ტერიტორიებ წართმეული. აი ეს სურათ-ხატი შეიქმნა ქართულ ცნობიერებაში, მაშინ როდესაც სტალინის დროს ერთიანი და ძლიერი სახელმწიფოს შემადგენელი იყო. ამიტომ აღორძინდა ფსევდო იდენტობა სტალინის სახით, რომელიც გამალებულ ძეგლების აღდგენაშია გამოხატული. ჩვენ ვდგამთ საქართველოში ფსევდო მამის ფალიკურ სიმბოლოებს, რომელიც სინამდვილეში ჩვენი იდენტობა კი არა, ჩვენი მტრის მიმართ დაჩოქების სიმბოლო იქნება.

ირაკლი მარგველაშვილი

საქართველო ევრომაიდნის თუ კოლაბორაციონიზმის საფრთხესთან?!


უკრაინაში განხორციელებული ქმედებით რუსეთი პრაქტიკულად  ახერხებს მსოფლიო საერთაშორისო პოლიტიკის და სამართლის გადაფასებას, იმ საერთაშორისო სამართლის, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბდა. რუსეთი ცდილობს მსოფლიო დააბრუნოს მე-18 საუკუნეში და საბოლოოდ უარი თქვას იმ წესრიგზე, რასაც საზღვრების ურღვეობა ჰქვია. საქართველო უკვე დადგა ამის წინაშე 2008წ. აგვისტოში და რუსეთმა მოახერხა საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია. დღეს სიტუაცია ძალიან გამწვავებულია. რუსეთმა შეიერთა უკრაინის ტერიტორია ყირიმის ნახევარკუნძული და ეხლა ცდილობს მთლიანად უკრაინის სახელმწიფოებრიობის შეწყვეტას და განადგურებას. ევრაზიის კავშირი, რომლის შექმნა დაანონსებულია 2015წ. რუსეთისთვის წარმოადგენს ნებისმიერ ფასად გადასალახ ბარიერებს, წინააღმდეგ შემთხვევაში პირადად ვლ. პუტინისთვის პოლიტიკური კარიერა უდიდეს საფრთეს მოამზადებს და წავა არა აღმავლობისკენ არამედ დასასრულისკენ. პუტინი დღეს არის სიტუაციაში, როდესაც უკანდახევა მისი პოლიტიკის კოლაფსის ტოლია. პუტინისთვის ევრაზიის კავშირის სრულყოფისათვის მხოლოდ უკრაინა არ არის საკმარისი. მას მოჰყვება მოლდოვა, ბელარუსიის აღმოსავლეთის რეგიონები საქართველო, აზერბაიჯანი და შესაძლოა ბალტიისპირეთის სახელმწიფოები.
საინტერესოა ამ გამოწვევების ფონზე რა ხდება საქართველოს საშინაო პოლიტიკაში. როგორ ხედავს მთავრობა ამ ყველაფერს და როგორ ემზადება მის გადასაწყვეტად. საქართველოს ხელისუფლებაში საფრთხეს აცნობიერებენ და შეიძლება დავასახელოთ ალექსი პეტრიაშვილის განცხადება, რომელმაც განაცხადა, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის მოახლოებასთან ერთად იზრდება რუსული ანექსიის საფრთხე. მსგავსი განცხადება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა, რომ ნატოს გარეშე საქართველომ შესაძლოა შეწყვიტოს კვლავ არსებობა, როგორც ეს მოხდა 1921წ. თუმცა ამით არ ამოიწურება საქართველოს მთავრობის წევრების განცხადებები. მაგალითად შსს მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე აცხადებს, რომ რუსეთიდან არანაირი საფრთხეს არ ველოდებით,  შსს მინისტერი უფრო შორსაც მიდის და აცხადებს, რომ თურმე საქართველოში მზადდება ევრომაიდანის მსგავსი გამოსვლები ნაციონალური მოძრაობის მიერ, რომლებიც უკვე ამზადებენ თურმე ზონდერ ჯგუფებს და ასევე იმარაგებენ საბურავებს აქციებისთვის. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ამ განცხადების პასუხად ცრემლებამდე ფიცს დებს, რომ არავის გამოუვა საქართველოში არეულობა და დესტაბილიზაცია. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ფანჯიკიძე, პოზიტივებს ხედავს რუსეთ საქართველოს ურთიერთობებში, რომელიც თურმე ჟენევის შეხვედრებისას კარასინის საუბარმა შეუქმნა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თბილისში უკვე ღიად დაიწყო პრორუსული აქციები, რომელთა მონაწილეები მხარს უჭერენ ევრაზიის კავშირში საქართველოს გაწევრიანებას. მსგავსი კოლაბორაციონიზმის გამოვლინებას ხელისუფლება ხვდება აბსოლუტურად მშვიდად და შსს მინისტრი განცხადებასაც კი არ აკეთებს თუ საიდან ხდება ამ ორგანიზაციების დაფინანსება, რატომ უხდის მტრული სახელმწიფოს იდეოლოგი ალ. დუგინი ამ ორგანიზაციის მეთაურ ჭყოიძეს მადლობას ამ აქციებისთვის.
თუ გავაანალიზებთ საქართველოს საშინაო პოლიტიკას და იმ მოზაიკას, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ, ფაქტია, რომ საქართველოს ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებიც ძალიან მწვავედ აღიქვამენ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეს. ასევე აცნობიერებენ იმ გამოწვევებს, რომლის წინაშედაც საქართველო დადგება ძალიან მალე. რაც შეეხება სხვა პოლიტიკოსებს, ვფიქრობთ მათი შიდაკარული ინტრიგები მიმართულია კვლავ ოპოზიციის დისკრედიტაციისაკენ და არ ვფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი არ არის კავშირში უფრო დიდ გეგმასთან. საქართველოს ხელისუფლებას ჰყავს ოპოზიცია, რომელიც ნამდვილად არის ჩრდილო ატლანტიკური და ევროკავშირთან მჭიდრო ინტეგრაციის სულისჩამდგმელი, ხელისუფლებაში ყოფნისას და ეხლა ოპოზიციაში ყოფნისას  ამ გეზის უპირობო დამცველი. საინტერესოა მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადება რუსთავი 2-თან ინტერვიუში, რომ ის, როგორც ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, სრულად იაზრებს მომდინარე საფრთხეებს და საკუთარი პარტიის წევრებს მოუწოდებს არ გაიმართოს არანაირი აქცია საქართველოში, რათა ქვეყანაში შენარჩუნდეს სიმშვიდე და არ მიეცეს რუსეთს საშუალება მოაწყოს რაიმე სახის პროვოკაცია. ამის ფონზე შსს მინისტრის განცხადება ფაქტების და რაიმე დამამტკიცებელი საბუთის გარეშე, რომ თურმე ხელისუფლების შეცვლისთვის და ევრომაიდანის მოწყობისთვის მიმდინარეობს მზადება ვფიქრობთ აბსოლუტურად დაუჯერებელია. 
რატომღაც ამ მცირე დროში ერთმანეთს ემთხვევა პრორუსული ორგანიზაციებს გააქტიურება და ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ მიმართული შსს მინისტრის განცხადება, ხოლო ამაზე პრემიერ მინისტრის მუქარა, რომ არავის მისცემენ საშუალებას დესტაბილიზაციის მოწყობის საშუალებას. ეს განცხადებები ვფიქრობთ არამარტო გადაჭარბებულია, არამედ კონტექსტიდან ამოვარდნილიცაა და შეიცავს ისეთ საფრთხეებს, რომელიც შესაძლოა გამოვლინდეს როგორც პოლიტიკური ანგარიშსწორება ნაციონალური მოძრაობის წევრებზე მაშინ, როდესაც ბევრი მაგალითი დაგროვდა უკვე პროკურატურის მიერ ადამიანებზე ზეწოლის შესახებ.
უცილებლად უნდა ავღნიშნო, რომ ადრეც მომხდარა ისეთი განცხადებების გაკეთება რომელიც კონტექსტიდან იყო ამოვარდნილი და მას მოჰყვა მხოლოდ საზოგადოებრივი აჟიოტაჟი. ამ შემთხვევებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი რამდენჯერმე ჩავარდა უხერხულ სიტუაციაში, რომელიც თავად არ უგრძვნია, მაგრამ მახვილი თვალისთვის ადვილი შესამჩნევი იყო. ეს მოხდა მაგალითად, ვანო მერაბიშვილის ცხიდან გამოყვანის შემთხვევაში, როდესაც ეს ფაქტი პრემიერმა დაუკავშირა ზურამ ჟვანიას დაცვის უფროსის ხარშილაძის დაკავებას, რომელიც სხვა საქმეზე იყო დაკავებული და  წამოცდა, რომ ვანო მერაბიშვილს შეეშინდა ზურაბ ჟვანიას საქმეზე ჩვენება არ მოეცა ხარშილაძესო. ასეთი უხერხული სიტუაცია იყო, როდესაც ვიდეო პორტალ იუთუბზე ჰაკინ ფაშას სახელით აიტვირთა გარდაცვლილი ჟვანიას და გარდაცვლილი იუსიპოვის ფოტოები და მეორე დღეს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე კომენტარი გააკეთა ამ ყოველივეზე, რომ თურმე სურათებიდანაც კი სჩანს, რომ სიკვდილის მიზეზი სხვაა და არა ოფიციალური ვერსია. ბოლო შემთხვევაშიც შსს მინისტრის განცხადებაზე ნაციონალური მოძრაობის ევრომეიდანის მოწყობასთან დაკავშირებით და საბურავების ყიდვასთან დაკავშირებით, პრემიერი კატეგორიული იყო, რომ დესტაბილიზაციას არავის მოაწყობინებენ. ყველა ამ მაგალითიდან რჩება შთაბეჭდილება, რომ პრემიერ-მინისტრი კი არ გეგმავს მსგავს ქმედებებს, არამედ სხვა, მესამე პირი, მაგრამ პრემიერი თავისი გულწრფელობიდან გამოდინარე ვერ ახერხებს იმის დამალვას, რომ ყველა ეს ქმედებები წინასწარ არის დაგეგმილი. მისი განცხადებებიც და ქმედებებიც შავ ნაჭერზე ჭრელი საკერებლის დაკერებას ჰგავს.
თუ ბოლო განცხადებას მივუბრუნდებით, უნდა ავღნიშნოთ, რომ ევრომეიდანის თემა კიევში ეს იყო შედეგი უკრაინის პრეზიდენტის უპასუხისმგებლობისა, რომელმაც ქვეყანა მიიყვანა კატასტროფამდე და სინამდვილეში რუსული ოკუპაცია და ანექსია მოამზადა. სწორედ ამიტომ დადგა უკრაინელი ხალხი ევრომაიდანზე და დაიცვა საკუთარი ევროპული მომავალი. იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ხელისუფლება საქართველოს ევროპული და ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის ერთგული იქნება და მას დაიცავს, არ ვფიქრობთ, რომ მას საქართველოში ევრომაიდანის შინაარსის აქციები ემუქრებოდეს. ამიტომ მინდა ვუთხრა იმას,  ვინც საქართველოში ევრომაიდანის სამზადისის განცხადება მოიფიქრა, რომ ევრომაიდანი ეს არის ევროინტეგრაციის დაცვა და ქართველი ხალხი ამას აუცილებლად დაიცავს, საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად.
საქართველო დგას ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე. ასეთ შემთხვევაში, ნებისმიერი ქვეყანა ცდილობს შეკავშირებას, ერთ აზრზე დგომას და საგარეო საფრთხეების გამკლავებას. შსს მინისტრის განცხადებების შემდეგ წამოსული იაფფასიანი დისკრედიტაციული ტალღა ნაციონალური მოძრაობის მიმართ არის მხოლოდ იმის მცდელობა, რომ საზოგადოება გაიხლიჩოს. აქვე ჩნდება ერთი საფრთხეც. რატომ აანონსებს შსს მინისტრი ევრომაიდანის მსგავს აქციას. რის პრევენციას ემსახურება ეს ყოველივე? თუ მივყვებით ლოგიკას და გამოვიყენებთ ევრომაიდანის შინაარსს, ევრომაიდანის პრევენცირებიდან იკითხება საქართველოს ხელისუფლების მიერ უკრაინის პრეზიდენტის ქმედების გამეორების შანსი, რომელმაც ასოცირების ხელისმოწერამდე 10 დღით ადრე უარი თქვა ხელშეკრულებაზე ხელმოწერაზე, რასაც მოჰყვა აქციები. ხომ არ აპირებს საქართველოს ხელისუფლება იგივეს განმეორებას და ამ განცხადებით ხომ არ აკეთებს რაიმე პრევენციას? თუ ეს ასე არ არის მაშინ რა აზრი აქვს ამ განცხადების გაკეთებას? ეს ლეგიტიმური შეკითხვები პასუხს ნამდვილად ითხოვს.
საინტერესოა ასევე საქართველოს ხელისუფლება რატომ არ აკეთებს ან გაცხადებას, ან რატომ არ აქვთ რეაქცია აშკარა კოლაბორაციონიზმზე, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს ბოლო ხანებია. ეს არ არის დემოკრატიის ფარგლებში ჩატარებული აქციები. ეს არის ჩვენი მტრული ქვეყნის მომხრეთა მოძრაობა, რომელსაც ქვეყნის ტერიტორიები აქვს ოკუპირებული და დღეს მთელი მსოფლიოს წინაშე ანგრევს იმ მონაპოვარს რასაც ქვეყნების დამოუკიდებლობა ჰქვია. ვფიქრობთ ევრომაიდანის „პრევენცირებას“ სჯობია კოლაბორაციონიზმის თემა კარგად დამუშავდეს საქართველოს ხელისუფლებაში. თუ ეს ხელისუფლება პროდასავლურია როგორც აცხადებს, მისი პირველი მტერი სწორედ კოლაბორაციონიზმია და არა პროდასავლური ძალები საქართველოს პოლიტიკურ სივრცეში.

ირაკლი მარგველაშვილი






საქართველო, ევროკავშირი და იმპერიის თავზე მიბჯენილი რუსული რულეტკის იარაღი



ვილნიუსის სამიტზე საქართველომ გააფორმა პარაფირება. არის ეს მონიშვნა იმისი, რომ საქართველო კვლავ ადგას ევროინტეგრაციის გზას. უდუდესია რუსეთის ზეწოლა პოსტსაბჭოთა ქვეყნების მიმართ, რათა როგორმე ჩაშალონ ევროინტეგრაციის პროცესი. ვილნიუსის სამიტის დაწყებამდე საინტერესო მოვლენები წინა კვირაში უკრაინაში განვითარდა. სამიტამდე 10 დღით ადრე უკრაინის მთავრობამ უარი განაცხადა ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებაზე ევროკავშირთან და მიუთითა, რომ მასზე ზეწოლას რუსეთი ანხორციელებდა. აღნიშნულმა ძალიან დიდი საპროტესტო მოძრაობა გამოიწვია უკრაინაში. დარჩა შთაბეჭდილება, რომ უკრაინის ხელისუფლება და რუსეთის ფედერაცია ერთი თამაშის ორ ვარიანტს თამაშობდნენ. რამ გამოიწვია ეს ეჭვი? სწორედ იმან, რომ სამიტამდე 10 დღით ადრე მოახდინა უკრაინის ხელისუფლებამ იმის გაცხადება, რომ ხელშეკრულებას ხელს ვერ მოაწერდა. თითქოს რუსეთის რისკები უკრაინის ეკონომიკას არ გააჩნდა 2-3 თვის წინ. ასეთ შევიწროებულ ვადებში ხელმოწერაზე უარის თქმამ ერთის მხრივ ევროკავშირში გამოიწვია სრული გაუგებრობა, რადგან ყველა დეტალი შეთანხმებული იყო უკრაინის ხელისუფლებასთან და მეორეს მხრივ რუსეთს მოუტანა ძალიან სერიოზული პოლიტიკური გამარჯვება, რაც ძალიან სახიფათოა და გადამდებია სხვა ქვეყნებთან მიმართებაში და მითუმეტეს საქართველოს მიმართულებით.
რუსეთისათვის უმნიშვნელოვანესია როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს მიმართულება. ეს ორი ქვეყანა რუსეთი მთავარი გეოპოლიტიკური მოძრაობის ცენტრებია, რომელთა კონტროლი რუსეთის გეოპოლიტიკის გამარჯვებას მოასწავებს მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეზე. ეჭვი არავის ეპარებოდა იმაში, რომ რუსეთი აამუშავებდა თავის ბერკეტებს უკრაინის მიმართულებით. ერთი ფაქტია, რომ რუსეთი იოლად ვერ გატეხავს უკრაინის მოსახლეობის ნებას, რასაც მიმდინარე აქციებზე უკრაინის საპროტესტო მოძრაობა ანხორციელებს. რუსეთი ხელშეკრულების პარაფირებიდან მის ხელმოწერამდე განახორციელებს ზეწოლას საქართველოზე, რომელთანაც მას დიდი ბერკეტები არ გააჩნია.
რატომ არ გააჩNია რუსეთს საქართველოზე დიდი ბერკეტები? ამის ანალიზი წარსულში უნდა ვეძებოთ. საქართველოს ევროინტეგრაციის დაჩქარებული პროცესი, რომელიც  წინა ხელისუფლებამ განახორციელა იყო ის მოძრაობა, რომელმაც რუსეთის ეკონომიკურ, სამართლებრივ, პოლიტიკური ბერკეტები პრაქტიკულად ნულამდე დაიყვანა. რუსეთმა გამოიყენა ყველა ბერკეტი საქართველოს წინააღმდეგ, რაც მას შეეძლო გამოეყენებინა. რუსული გავლენის ველი მთლიან იქნა საქართველოში გასუფთავებული. უნდა ავღნიშნოთ, რომ რუსეთის მიერ 90-იან წლებში გამხორციელებული სამართლებრივ პოლიტიკური ქსოვილი 2008წ. აგვისტოს ომის შემდეგ პრაქტიკულად სრულიად დაირღვა. საქართველოს პოლიტიკურ წრეებში ძალიან ზერელედ აფასებენ იმ პროცესებს, რაც 2008წ. აგვისტოს ომის შემდეგ დადგა საქართველო რუსეთის ურთიერთობაში. 2008წ. ომი ეს იყო ის ბოლო ტყვია, რომელიც რუსეთმა გაისროლა საქართველოს მიმართულებით. თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს ტყვია ნამდვილად ვერ გამოდგა შედეგიანი.
რუსეთის მიერ 90-იან წლებში შექმნილი წარმატებული იურისპრუდენცია, როდესაც რუსეთი ფაქტობრივად ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საერთაშორისო სამშვიდობო მანდატით იყო წარმოდგენილი, სწორედ 2008წ. ომის შემდეგ დასრულდა და სრულიად შეტრიალდა მის წინააღმდეგ. რუსეთი გახდა აგრესორი და ოკუპანტი ქვეყანა და მან ვერანაირი მხარდაჭერა ვერ მოიპოვა მსოფლიოში. არაღიარების პოლიტიკამ სრულიად გააკოტრა რუსეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართულებით და მას არაფერი დარჩა ხელშესახები, გარდა უაზრო დუდუნისა, რომ უნდა ცნოთ ახალი რეალობა, რაც ყოველნაირ ლოგიკას და საერთაშორისო სამართალს სცილდება.  
რუსეთი მის მიერ 90-იან წლებში განხორციელებულ სამართლებრივ-პოლიტიკური სიტუაციები სრულიად ბლოკავდა საქართველოს ევროატლანტიკურ მიმართულებას იმ თვალსაზრისითაც, რომ რუსეთის, როგორც სამშვიდობო ძალების ყოფნა საქართველოს ტერიტორიაზე ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ საქართველოს გააჩნდა ორი ეთნოკონფლიქტური ზონა. ე.წ. „სამშვიდობო პროცესის“ დასრულება იყო უმნიშვნელოვანესი, რომ ყველაფერს დარქმეოდა თავისი სახელი. საქართველოს ევროინტეგრაციაა სწორედ ის გასაღებიც, რომელმაც უნდა მოერგოს კავკასიაში ახალი გეოპოლიტიკური რეალობის შექმნას, რასაც ასე უფრთხის რუსეთის ფედერაცია, ვინაიდან იცის, რომ კავკასიაში საქართველოს პოზიციას ექნება პირდაპირი გავლენა მთელს კავკასიაზე, როგორც ამიერკავკასიაში, ასევე დროში ჩრდილოკავკასიის მასშტაბითაც. ეს არის რუსეთის უმთავრესი საფრთხეც. ოკუპაცია, რომელიც დაერქვა რუსეთის ქმედებებს, პრაქტიკულად რუსეთს აყენებს განიარაღებულ მდგომარეობაში. ერთადერთი ბერკეტი რაც გააჩნია რუსეთს საქართველოსთან მიმართებაში ეს არის სამხედრო აგრესიის გზა, რომელსაც ვფიქრობთ ის ვერ გამოიყენებს.
საქართველომ ბევრი გაიღო იმისათვის, რომ რუსეთს დღეს არ ჰქონოდა ხელშესახები ბერკეტები საქართველოს დასაბრკოლებლად ევროინტეგრაციის გზაზე. არ იქნება კარგი საქციელი, რომ ეს წარმატებები არ აღინიშნოს და დღეს თუ რეინტეგრაციის მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ თურმე რუსეთს დაცლილი აქვს ყველა ტყვია აბოიმში, ეს არაა მისი დამსახურება. ეს არის იმ დიდი გამოწვევების წინაშე ძალიან პრინციპული პოზიცის დამსახურება, რომელიც საქართველოს ჰქონდა რუსეთის მიმართულებით და ამაში მოიაზრება 2008წ. აგვისტოს ომიც, რომელიც ძალიან მტკივნეული იყო საქართველოსთვის, მაგრამ მისი დაბრალება საქართველოს ხელისუფლებისთვის, არის იმ ჭრილობებში მარილის ჩაყრა, რომელიც რუსეთის მიერ არის მიყენებული საქართველოსთვის.
 დიახ, დღესაც დგას სამხედრო ბერკეტის გამოყენების საფრთხე და ეს საფრთხე უფრო გაიზრდება, რაც უფრო მოახლოვდება უშუალოდ ხელშეკრულებაზე ხელმოწერის თარიღი. დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებდა, რომ თურმე ეკონომიკური ემბარგო შესაძლოა გამოიყენოს რუსეთმა, მაგრამ მანამდე, სანამ საქართველო არ დადგა ამ გამოწვევის წინაშე ყოფილი პრემიერი ივანიშვილი და მისი გუნდი ერთხმაში აცხადებდნენ, რომ თურმე 2006წ. ემბარგო საქართველოს პრეზიდენტმა გამოიწვია, თავისი გაცხადებებით. თითქოს უცხოა რუსეთის ფედერაციის მიერ სხვადასხვა ქვეყნებისათვის საკუთარი ბაზრის პოლიტიკური ზეწოლის იარაღად გამოყენება.
რეინტეგრაციის მინისტრი ზაქარეიშვილი ისე შორს წავიდა, რომ რუსეთ- საქართველოს პრობლემა თურმე სულ მიხეილ სააკაშვილის ბრალი ყოფილა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ენას ძვალი არა აქვს და დღევანდელი გაცხადებაც, რომელიც ზემოთ ვახსენეთ, ესეც ამ პარადიგმაში ჯდება.
სინამდვილე კი სულ სხვაგანაა. საქართველოს და რუსეთს შორის დაპირისპირება ეს არის სწორედ გეოპოლიტიკური დაპირისპირება ამ ორ სახელმწიფოს შორის. ეს არის ის პარადიგმა, სადაც რუსეთი და საქართველო ერთად ვერ იარსებებენ. აქ არ არსებობს ის წერტილი, რომელიც უნდა იქნას გადაკვეთილი ერთად. ეს მხოლოდ უკანდახევას გულისხმობს რუსეთის მხრიდან, ვინაიდან საქართველოს არ დარჩა არანაირი რესურსი, რომ უკან დაიხიოს. ამიტომ როგორც ტყუილი აღმოჩნდა ხელისუფლების მტკიცება, რომ თურმე წინა ხელისუფლების ბრალია რუსეთთან დაძაბულობა, ასევე სრული ტყუილი აღმოჩნდება ისიც, რომ არსებობს ის ოქროს შუალედი, სადაც შესაძლებელია საქართველოს ევროინტეგრაცია და რუსეთთან ურთიერთობების დალაგება. ეს ოქროს შუალედი არ არსებობს. ისიც ტყუილია, რომ საქართველო არ უნდა იყოს თურმე დასავლეთსა და რუსეთთან დაპირისპირების ობიექტი. ეს არის სწორედ ბუნებრივი და გეოპოლიტიკური მოცემულობა ჩვენი ორიენტირისა და რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესებისა, რომელიც დროსა და სივრცეში არის ერთმანეთს აცდენილი. სულ რამდენიმე თვეში ეს ხელისუფლება დადგება იმ ფაქტის წინაშე, რომ რუსეთთან დაძაბული ურთიერთობა ეს ბუნებრივი მოცემულობაა პოლიტიკური რეალობების ერთიან ველში.
ნამდვილად არ გააჩია დღეს რუსეთს ქმედითი ეკონომიკურ, პოლიტიკური ბერკეტები, რითაც გვაიძულებს უარი ვთქვათ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე, თუმცა არავინ დაუშვას ისიც, რომ რუსეთი არ ეცდება სამხედრო პროვოკაციის მოწყობას. თუ კარგად გავაანალიზებთ, რა შესაძლებლობებს დაკარგავს რუსეთი კავკასიაში გეოპოლიტიკური რეალობის შეცვლის შემთხვევაში, შეიძლება გავთვალოთ, უღირს თუ არა რუსეთს საქართველოსთან ახალი სამხედრო დაძაბულობა. ამიტომ საქართველოს ხელისუფლებას, იმის მაგივრად, რომ ხელი შეუშალოს ხელოვნურად ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას, რაც გამოიხატება ოპოზიციის დევნაში და სასაცილო სასამართლო პროცესების მოწყობაში, სადაც განსასჯელებს მადლობას უხდიან პროკურატურის მიერ მოწვეული მოწმეები, სჯობია დაჰყვეს დასავლეთი რეკომენდაციებს და განაახლოს საქართველოს რეფორმირების და ეკონომიკური აღმავლობის პროცესი. სწორედ ამისკენ მოუწოდებს დღეს დასავლეთი საქართველოს. ჩვენზეა დამოკიდებული შევძლებთ თუ არა ამ პროცესების დაჩქარებას და შესაბამისად რუსული საფრთხის სწრაფად განეიტრალებასაც. ამის ნათელი დადასტურება იყო პოლონეთის საგარეო მინისტრის რადოსლავ სიკორსკის განცხადება საქართველოს მისამართით.  თქვენ უკვე გქონდათ წინა ხელისუფლების წინააღმდეგ თქვენი კავკასიური ვენდეტა, მაგრამ კმარა. სჯობს, რეფორმები განაგრძოთ. იმ შემთხვევაში, თუ საქართველო შეასრულებს ევროპელი პარტნიორების რჩევებს, რუსეთს მოუწევს რუსული რულეტიკის თამაში მთელს კავკასიაში, რომელიც ერთხელ აუცილებლად დასცემს იმ ტყვიას, რომელიც მხოლოდ იმპერიას გამოუყვანს წირვას.

ირაკლი მარგველაშვილი

რუსეთი და უკრაინა




ვილნიუსის სამიტზე უკრაინის ხელისუფლებამ უარი განაცხადა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებაზე, რაცა უკრაინის მოსახლეობამ უდიდესი პროტესტით უპასუხა. იმთავითვე გაჩნდა ეჭვი, რომ 2013წ. 21 ნოემბერს პრეზიდენტ იანუკოვიჩის მიერ ოფიციალურად უარის თქმა ხელშეკრულების გაფორმებაზე იყო გეგმის ნაწილი, რომელიც რუსეთთან ერთად იქნა შემუშავებული. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე თვის წინ რუსეთმა აკრძალა უკრაინის ხორცპროდუქტების შეტანა რუსეთში და გამოაჩინა ზეწოლის ბერკეტები, იანუკოვიჩის ეს განცხადება მაინც გეგმის ნაწილად სჩანს რათა სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე თქმული უარი ხელშეკრულების ხელმოწერაზე სწორედ იმას ემსახურებოდა, რომ არ მომხდარიყო ამ უარის გადახედვა და ვერც სამოქალაქო საზოგადოებას მოესწრო რამე სერიოზული ზეწოლა უკრაინის ხელისუფლებაზე.
 ეს რომ გეგმის ნაწილი იყო მოწმობს ისიც, რომ უკრაინის რადამ არ დააკმაყოფილა და მხარი არ დაუჭირა ნიკალაი აზაროვის მთავრობის გადაყენებას, რომელიც იყო უშუალოდ ამ ხელშეკრულების ჩაშლის მთავარი ინიციატორი, რა თქმა უნდა იანუკოვიჩთან ერთად. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი პირდაპირ განაცხადა, რომ საერთოდ აღარ განიხილება ევროკავშირთან ხელშეკრულების ხელმოწერაო. ეს ნიშნავს იმას რომ უკრაინის პარლამენტი და მთავრობა ერთნაირად წინააღმდეგია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების, რაც ასევე პუტინის გეგმაა.
თუ თავიდანვე გადავხედავთ უკრაინის ხელისუფლების პოზიციებს, პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე განაცხადა უარი ნატოში ინტეგრაციის პროცესის გაგრძელებაზე, ხოლო ევროკავშირში გაერთიანებაზე მას უარი არ უთქვამს. თუმცა როგორც დღევანდელი გადმოსახედიდან სჩანს ეს იყო ერთგვარი სვლა, რომლის მიზანიც სწორედ 2013წ. 21 ნოემბერს გამოჩნდა, როდესაც უკრაინის პრეზიდენტმა უარი განაცხადა ევროკავშირთან ხელშეკრულების ხელმოწერაზე.
ეს ნაბიჯები, რა თქმა უნდა ჩაითვალა რუსეთის გამარჯვებად. რუსეთი პრეზიდენტი აგრძელებს ტურნეებს პოსტსაბჭოთა სივრცეში. ის იმყოფებოდა სომხეთში, რათა 2015 წლამდე შეძლოს ე.წ. „ევრაზიული კავშირის“ შექმნა. იმპერიული ფობია კვლავ ძალას იკრებს და მისი მარცხი არ იქნება უმტკივნეულო ყველა იმ ქვეყნისთვის, ვინც მონიშნული ჰყავს  ვლადიმერ პუტინს თავის გეგმაში. დასავლეთის პასიური პოზიცია და განსაკუთრებით ამერიკის შეერთებული შტატების, რუსეთს აძლევს საშუალებას უფრო აქტიური იყო და უფრო აქტიურად აშანტაჟოს მის გარშემო მყოფი ქვეყნები, რათა შეასრულონ მისი მოთხოვნები.
რა არის უკრაინის საკითხი რუსეთისთვის? პრაქტიკულად უკრაინა არის ერთერთი  გეოპოლიტიკური გასაღები რუსეთისთვის, რომლის დაკარგვაც სრულიად ჩაშლის რუსეთის გეოპოლიტკურ მიზნებს, იმ ყველაფერს, რაც ასე რუდუნებით აგროვა პოლიტიკურ დივიდენდებად. უნდა ითქვას, რომ რუსეთს არ აქვს კარგი პოზიციები, არამარტო უკრაინის მიმართულებით, ვინაიდან სახალხო პროტესტი ძალინ ძლიერია უკრაინაში. მიუხედავად იმისა, რომ იანუკოვიჩი იმთავითვე პრორუსულ ძალად მოიაზრებოდა, ის ვერ ქმნის იმ ამინდს, რომ უკრაინა დაითანხმოს ამ სტრატეგიულ არჩევანზე შევიდეს „ევრაზიულ კავშირში“. რუსეთის პოზიციები ასევე პრობლემატურია კავკასიაში. პრაქტიკულად საქართველოზეა დამოკიდებული მთელი ამ რეგიონის ბედი. საქართველომ უკვე გააფორმა პარაფირება ევროკავშირთან და შესაბამისად რუსეთს არც დიდი ზეწოლის ბერკეტები დარჩა საქართველოზე. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა „რუსეთმა 2008წ. წააგო“. მან წააგო არამარტო საქართველოში, როგორც სჩანს მან წააგო უკრაინაშიც, ვინაიდან ეს არაა ის თემა, რომელიც შეიძლება მხოლოდ ძალადობით მოახვიო თავს სახელმწიფოს. მითუმეტეს, რომ 2013წ.  10 დეკემბერს იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ მარტში ის ხელს მოაწერს ევროკავშირთან ხელშეკრულებას გარკვეული პირობების გათვალისწინებით. ვფიქრობთ ესეც რუსეთთან შეთანხმებული გეგმის ნაწილია, ისევე როგორც პირველ შემთხვევაში. კონკრეტულად:
1.      იანუკოვიჩს სურს როგორმე ჩააქროს სახალხო პროტესტი, რომლის მთავარი მთხოვნა უკვე მისი გადადგომაა და ამ პროტესტს ასევე აქვს დიდი საერთაშორისო მხარდაჭერა.
2.      დასავლეთის რამდენიმე თანამდებობის პირმა, გერმანიის და პოლონეთის პრეზიდენტებმა, ასევე ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტმა ბოიკოტი გამოუცხადეს რუსეთის ოლიმპიურ თამაშებს რაც შესაძლოა დომინოს პრინციპით გავრცელდეს მთელს დასავლეთზე და რუსეთი 1980 წლის მსგავსი ოლიმპიადის ჩატარებასაც კი ვერ შეძლებს, რაც იქნება პუტინის პოლიტიკის კატასტროფა.
3.      დასავლეთმა რუსეთის ენერგეტიკის სამინისტროს მიმართა წერილით და მოითხოვა სამხრეთის ნაკადის ენერგომატარებლების პროექტის შეჩერება, რომელიც უდიდესი დარტყმა იქნება ასევე რუსეთზე, სადაც 25 მილიარდამდე ინვესტიცია ხორციელდება.
4.      არის ნიშნები, რომ დასავლეთის მიერ მოხდეს არა მხოლოდ უკრაინის იზოლირება (ოლიმპიადა, „სამხრეთის ნაკადი“), არამედ ამ კონტექსტში მოიაზრება რუსეთი.
ამიტომ, ამ ზემოთმოყვანილი ნიშნების გათვალისწინებით იანუკოვიჩის მიერ მარტში გაჟღერებული ხელმოწერა გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში შეიცავს იმ რისკებს, რომ ის მეორედაც მოიმიზეზებს პირობების შეუსრულებლობას და აუცილებლად უარს იტყვის ხელშეკრულების ხელმოწერაზე. რუსეთის მიერ უკრაინის გატეხვა მოასწავებს ახალი იმპერიის შექმნას, რომელიც უკვე დიდ საფრთხეს წარმოადგენს დასავლეთის უსაფრთხოებისთვის.
პარალელები რომ გავაკეთოთ, ის რაც ხდება დღეს უკრაინაში, ეს საქართველოში 2008წ. მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთმა მაშინ რუსეთს არ მისცა საშუალება მოეხდინა ე.წ. „ახალი რეალობის“ იმპლემენტაცია, დასავლეთმა ბოლომდე არ მოახდინა რუსეთზე ზეწოლა და 2008წ. ევროკავშირის გადაწყვეტილებების შერბილებამ პრაქტიკულად უკრაინაში უდიდესი საფრთხე შექმნა დღეს. დასავლეთმა 2008წ. აგვისტოს ომის შედეგები რუსეთს დროში შეუმსუბუქა და მიუხედავად იმისა, რომ მხარს უჭერდა არაღიარების პოლიტიკას და ასევე აღიარებდა რუსეთს ოკუპანტად არავითარი სანქციები მის წინააღმდეგ არ გამოიყენა. ეს აიხსნა პრაგმატული პოლიტიკით. თუმცა პუტინი გაცილებით პრაგმატული აღმოჩნდა და დღეს დასავლეთს შეექმნა უდიდესი პრობლემა. უკრაინის თემის მოგვარებით პუტინი პრაქტიკულად შეძლებს სრულად საპირწონე გახდეს დასავლეთისთვის და უკვე სერიოზულ შეტევაზე გადავიდეს. ვფიქრობთ დასავლეთის პოლიტიკოსები აცნობიერებენ ამ საშიშროებას. დასავლეთს რომ რუსეთისთვის 2008წ. ომის შედგების გამო მკაცრი სანქციები მოეწყო დღეს რუსეთი ვერ შეძლებდა ამხელა პრობლემის შექმნას. აქ რუსეთს აშკარად დაეხმარა აშშ ხელისუფლებაში ბარაკ ობამას საკმაოდ პასიური პოზიციები საგარეო მიმართულებით.
 ე.წ. „გადატვირთვის პოლიტიკა“ პუტინმა, როგორც დღევანდელი გადასახედიდან სჩანს მწვანე შუქად აღიქვა და ამერიკის პასიურობის ხარჯზე საკმაოდ ამბიციური გეგმის განხორციელებას შეუდგა, რომელიც ძალიან რთულ პოლიტიკურ ამინდს შექმნის მომავალში. უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკის მონაწილეობა უკრაინის მოვლენებში არასაკმარისად აღიქმება, ამიტომ პუტინს ეს უფრო მეტად აძლევს კარტბლანშს. მაგალითად, ვიქტორია ნულანდის ვიზიტი უკრაინაში პუტინისთვის ვერ იქნება ის დონე, რომლითაც ის საკითხის სიმძიმეს იგრძნობს, მითუმეტეს, რომ ყოველღამით უკრაინის სპეცდანიშნულების ძალები ოპოზიციის შევიწროებას განაგრძობენ და ეს ვიზიტები  საკმარისი არ არის იმისთვის, რომ იანუკოვიჩმა რა თქმა უნდა პუტინთან სინქრონიზაციაში მყოფმა ეს ვერ გაბედოს. გუშინ ქეთრინ ეშთონის ვიზიტმა სულადაც არ დაახევინა უკან იანუკოვიჩს, რომ მაიდანის „გაწმენდის“ მცდელობა კვლავ წამოეწყო. მიუხედავად იმისა, რომ ჯო ბაიდენმა ინაუკოვიჩს მოუწოდა სატელეფონო საუბარში არ მოეხდინა ძალის გამოყენება, ეს მაინც საკმარისი არ არის იანუკოვიჩისთვის. მიუხედავად ამისა, იანუკოვიჩი უკან არ იხევს რაც გულისხმობს იმას, რომ ის მარტო არაა, მას ზურგს უმაგრებს ვლადიმერ პუტინი და მთელი ეს ვითომდა ხელმოწერის გადადება და ხელის არ მოწერა ხელშეკრულებაზე არის სწორედ იმ გეგმის ნაწილი, რომელიც გულისხმობს დროის მოგებას, რათა პუტინმაც ჩაატაროს ოლიმპიადა მშვიდად, შემდეგ იანუკოვიჩმა მოახდინოს სიტუაციის განმუხტვა და ისევ ხელის არმოწერა ხელშეკრულებაზე, როგორც ეს 2013წ. 21 ნოემბერს გააკეთა.

ამიტომ უკრაინის საკითხის გადაწყვეტა ვფიქრობთ უნდა მოხდეს სწორედ დღეს, სწორედ ამ ძალისხმევით, უკანდახევის გარეშე. სხვა შემთხვევაში პუტინი ოლიმპიადასაც ჩაატარებს და არც უკრაინა მოაწერს ხელს ასოცირების ხელშეკრულებას. ეს როგორც უკრაინის ოპოზიციამ, ასევე დასავლეთმაც კარგად უნდა გააცნობიეროს. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც 2008წ. აგვისტოს ომის დროს დასავლეთმა ბოლომდე არ მიიყვანა რუსეთზე ზეწოლა და დღეს უკრაინის სახით მიიღო უდიდესი პრობლემა. ასევე უკრაინის გატეხვით დასავლეთი მიიღებს ახალ რუსეთის მოდერნიზებულ იმპერიას. უკრაინის უკან მთელი თავისუფალი სამყაროა, უკრაინის დაცვით შესაძლებელია დასრულდეს რუსული იმპერიის ყოველგვარი მოდერნიზაციის ჩანაფიქრიც კი. როგორც ბატონმა მიხეილ სააკაშვილმა თქვა, „რუსეთის იმპერია მაიდანზე უნდა დაეცეს.“


ირაკლი მარგველაშვილი

პოლიტიკური ანგარიშწორება და პროკურატურის კრიზისი


საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს წინა ხელისუფლების წარმომადგენლები ისე დააპტიმროს, რომ ამ პროცესმა პოლიტიკური დევნის  სახე არ მიიღოს. დასავლეთიდან მიღებული მესიჯები, რომელიც ამ პოლიტიკის მიმართულებით გამოითქვა არ ტოვებს იმის შთაბეჭდილებას, რომ ეს არ არის პოლიტიკური დევნა. მაგალითად ჯეიმს აპატურაის განცხადება: განცდაც კი არ უნდა დარჩეს, რომ  ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, არის ის სიგნალი, რომელიც არ გულისხმობს მხოლოდ პოლიტიკური ანგარიშსწორების აკრძალვას, არამედ გულისხმობს იმას, რომ ეს პოლიტიკა არაა 21 საუკუნის პოლიტიკა, ეს ენა არაა ის პოლიტიკური ენა, რომელზედაც უნდა ისაუბროს საქართველოს ხელისუფლებამ.
 უნდა ავღნიშნოთ, რომ დღევანდელი ხელისუფლება გარკვეულწილად აცდენილია დროს და წარმოადგენს 90-იანი წლებში განხორციელებული პოლიტიკის გაგრძელებას, ხოლო ამ ხელისუფლებაში შემავალი პოლიტიკური სუბიექტები წარმოადგენენ 90-იანი წლების ხელისუფლების და ხელმოცარული ყოფილი ოპოზიციური ძალების პერვერზიულ ნაზავს, რომელთაც საერთოდ არ ესმით რას ნიშნავს საქართველოს დასავლეთში ინტეგრაცია, რას ნიშნავს დასავლურ გეოპოლიტიკურ ჩართულობაში და ბრუნვაში სახელმწიფოს ყოფნა. ასევე არ ესმით იმ გამოწვევების, რომელიც საქართველოს აქვს ამ წლების განმავლობაში, ქვეყნის საგარეო უსაფრთხოების სისტემის თვალსაზრისით.  
მაგალითად ის, რაც მოხდა ბატონი ვანო მერაბიშვილის ციხიდან გაყვანასთან დაკავშირებით, არის სწორედ იმის დადასტურება რაც ზემოთ ვქვით. ხელისუფლება ვერ გებულობს დასავლეთის მესიჯებს. ვანო მერაბიშვილი, რომელიც ამ ხელისუფლების მთავარი პატიმარია გამოიყვანეს ციხიდან „მისაკაჩავებლად“. ეს ნამდვილად ნიშნავდა იმას, რომ ხელისუფლებას და პროკურატურას არ აქვს რესურსი, იმუშაონ ზღვარზე, რომელიც  ჯეიმზ აპატურაიმ თქვა - განცდაც არ დარჩეს იმისი, რომ პოლიტიკური დევნა არ ხორციელდება. ამის განცდაც დარჩა და ირიბად ხელისუფლებამ აღიარა მერაბიშვილის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედების სინამდვილე - მთავარ პროკურორი ოთარ ფარცხალაძე თანამდებობიდან გადადგა, რაც მოასწავებდა სწორედ ხელისუფლების პოლიტიკურ პასუხისმგებლობის აღებას ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებაზე. აქაც მათ „ნაციონალური მოძრაობა“ დაეხმარა სახის შენარჩუნებაში. ოთარ ფარცხალაძეს გაუხსენეს კრიმინალური წარსული გერმანიაში. ხელისუფლებამ ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ განხორციელებული ქმედებით შეაბიჯა დანაღმულ ველზე და მარტივად რომ ვთქვათ აფეთქდა. აფეთქდა სწორედ იმიტომ, რომ მათი სურვილები და რესურსები ერთმანეთს არ ემთხვევა, ხოლო პოლიტიკური დევნის შეფუთვა დიდ რესურსებს მოითხოვს.
საქართველოს ყველა საინფორმაციო საშუალებებით, თოქშოუებით, უმაღლესი თანამდებობის პირების განცხადებებით, თითქმის ყოველდღე ანონსდება ახალ ახალი სისხლის სამართლის საქმეები. ასევე არ ივიწყებენ ძველ, წლების მანძილზე მუსირებულ საქმეებს და არის უდიდესი მოლოდინი, რომ ნათელი მოეფინება ყველაფერს და გაიხსნება: მაგალითად - ზურაბ ჟვანიას საქმე, გაიხსნება თავიდან გირგვლიანის საქმე, ასევე რიგშია ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმე, 2008წ. ომის გამოძიების საქმე, დავით კეზერაშვილის საქმე  და ა.შ. უნდა ვთქვათ, რომ ხელისუფლების მიერ  ამ საქმეების პოლიტიკურ კონტექსტში მოხსენიებამ პროკურატურა შეიყვანა კრიზისში. ხელისუფლების დაკვეთას ვერ პასუხობს პროკურატურა. წინა მთავარმა პროკურორმა თანამდებობა 1 წლის მუშაობის შემდეგ დატოვა. ოთარ ფარცხალაძემ, სულ რამდენიმე კვირა გაძლო, ხოლო ახალი მთავარი პროკურoს მოძიებას თითქმის სამი კვირა დასჭირდა და იქ 34 წლის გიორგი ბადაშვილი დაინიშნა. ეს აშკარად მიუთითებს, რომ ხელისუფლების სურვილებსა და პროკურატურის შესაძლებლობებს შორის არის აცდენა დროსა და სივრცეში. ასევე ვანო მერაბიშვილის წინააღმდეგ მიმართულმა უკანონო ქმედებებმა დაადასტურა, რომ პროკურატურა კრიზისშია. პროკურატურა ვერ ახერხებს მტკიცებულებათა შეგროვებას და დანაშაულის დამტკიცებას, შესაბამისად ისინი მიმართავენ სხვადასხვა მეთოდებს, როგორიც ვანო მერაბიშივილის წინააღმდეგ გამოიყენეს.
 ხელისუფლება ცდილობს როგორმე აცდეს პოლიტიკური დევნის იარლიყი, ვფიქრობთ ეს შეუძლებელია. შეუძლებელია, ვინაიდან მართლაც ხორციელდება პოლიტიკურ დევნა და ადამიანები ციხეში დაპატიმრებული არიან წინასწარი პატიმრობით. პროკურატურა როგორც კი ხვდება, რომ წააგებს საქმეს სასამართლოში, ხდება ახალი ბრალის წარდგენა, რომელიც შეაქვთ სასამართლოში და პირს დანაშაულს უმძიმებენ რათა კიდევ მიეცეთ საშუალება გამოიყენონ წინასწარი პატიმრობის აღმკვეთი ღონისძიება და ეს პოლიტიკური პირები ჰყავდეთ პატიმრობაში. ამ შემთხვევაში ასეთი პატიმრობა წინასწარ აღმკვეთ ღონისძებას კი არ წარმოადგენს, არამედ მეთოდს, რომ სასამართლოზე გამართლებული პიროვნება როგორმე გარეთ არ გამოვიდეს. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ამას ვერავინ შენიშნავს და ეს არ წარმოადგენს პოლიტიკურ ანგარიშწორებას ძალიან ცდება. ხელისუფლება ამ თემებით ვერ შეფუთავს თავის პოლიტიკურ მიზანს გაანადგუროს მთავარი ოპოზიციური ძალა. ასევე თვალშისაცემია ისიც, რომ ეს არის პოლიტიკური დაკვეთა ხელისუფლების მხრიდან.
ძალიან რთულია მოხვიდე მთავარ პროკურორად, შემოგაჩეჩონ ზურაბ ჟვანიას საქმე და გითხრან რომ ამ საქმეზე უნდა დადგეს განაჩენი, როდესაც ცხადზე უცხადესია, რომ  ეს საქმე მუზეუმის ექსპონატად შესაძლოა გამოდგეს მისი შენაარსიდან გამომდინარე.  ასევე ძნელია უპასუხო პრემიერის განცხადებას საქმით, რომ დავით კეზერაშვილი თურმე საერთაშორისო უკანონო იარაღით ვაჭრობაშია ეჭვმიტანილი სხვადასხვა ქვეყნებში, ხოლო მისი ფრანგი ადვოკატები ამბობენ, რომ ის დაკავებულია მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების მოთხოვნით, რომლებმაც საფრანგეთის სასამართლოში ვერ წარადგინეს სათანადო მტკიცებულებები და დამატებით მოსთხოვეს მტკიცებულებების წარმოდგენა. საიდან მოიტანოს პროკურატურამ კეზერაშვილის საერთაშორისო უკანონო იარაღის ვაჭრობაში მონაწილეობის შესახებ მტკიცებულებები? ხელისუფლება ვერ აცნობიერებს, რომ მის პოლიტიკურ განცხადებების დასამტკიცებლად პროკურატურას მყარი მტკიცებულებები სჭირდება, რომელსაც სასამართლო გაითვალისწინებს, თორემ პროკურატურამ 2 საქმე პირწმინდად წააგო ხელისუფლების მიერ „მონსტრად“ წოდებულ ბაჩო ახალაიასთანაც კი. სწორედ ამიტომ იმყოფება პროკურატურა კრიზისში და მთელი ამ 16 თვის განმავლობაში, რამდენიმე, ერთ ხელზე ჩამოსათვლელი საქმე იქნა სასამართლოში წარდგენილი, საიდანაც ორში ხელისუფლებამ სრული მარცხი მიიღო და დიდი ალბათობით, რამდენიმე საქმეში კიდევ მარცხს იგემებს.
შექმნილია უამრავი მოლოდინი სხვადასხვა საქმეების მისამართით. ხელისუფლება ვერც იაზრებს, რომ ეს მოლოდინები არის წორედ ის დანაღმული ველი, რომელიც აუცილებლად ამოქმედდება. აქვე ერთი რამ არის საინტერესო. არ ვფიქრობთ, რომ ვერ ხდებიან ბევრი გახმაურებული საქმის უპერსპექტივობას. მაშ რა ხდება, რატომ არ ახდენენ  ამ საქმეებზე უარის თქმას? ვფიქრობთ, იმიტომ რომ ხელისუფლების ინტერესებში ამ საქმეების გახსნა კი არ შედის, არამედ მათზე საუბარი, კლიშეში „9 წელი“. შექმნილია ერთგვარი მუზეუმის სივრცე, სადაც ეს საქმეები გამოდებულია ვიტრინებში და ყოველ საღამოს, ან ყოველ დღე ხელისუფლების სხვადასხვა წარმომადგენლები, უმაღლესი ხელისუფლების ჩათვლით სტუმრობენ ამ მუზეუმში დამთვალიერებლებს, ნახეთ 9 წლის განმავლობაში რა მოხდა. აჩვენებენ საქმეებს, რომელებიც წარმოადგენს მხოლოდ პოლიტიკური რიტორიკის თემას და არა იურიდიულად პერსპექტიულ საქმეებს, რომლებიც ე.წ. „სამართლიანობის აღდგენის“ სათაურის ქვეშ ვერასოდეს გაიხსნება, იმიტომ რომ უბრალოდ მათზე არ არსებობს მტკიცებულებები, არის ვინმეს ფანტაზიის ნაყოფი ან სათანადოდ გამოძიებულია.
ხელისუფლება ვერ ამჩნევს, რომ ამ შიდა პრ-ტექნოლოგიით, რომელსაც საზოგადოების გარკვეული ნაწილი ჯერ კიდევ ექვემდებარება ქმნის უდიდეს საფრთხეს ქვეყნისთვის. ქვეყნის უსაფრთხოების სიტემისთვის. სამწუხაროდ დასავლეთში არათუ განცდა, არამედ ზუსტად იციან, რომ ეს არის კავკასიური ვედენტის მეორე ფაზა. პირველი კი 90-იან წლებში ჩავატარეთ, რომელიც საქართველოს პირველი პრეზიდენტის სიკვდილით დაგვირგვინდა. იმის შემდეგ საქართველოს დიდხანს არავინ მოხედა. ამიტომ საფრთხე იმისი, რომ დღესაც ხელისუფლების ეს დროში აცდენილი პოლიტიკა ფატალურ შედეგებს დააყენებს ქვეყნისათვის საკმაოდ მაღალი რისკის მატარებელია. უკვე შესამჩნევია, რომ საქართველოს ეკონომიკა განიცდის რეცესიულ პროცესებს. ქვეყანაში პრაქტიკულად არანაირი ინვესტიცია არ შემოდის. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს დასავლეთში არ იწვევენ და არ სურთ შეხვედრა. როგორც პირველი არხის ეთერით ბატონმა პაატა დავითაიამ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტს 2 წლის განმავლობაში ევროსაბჭოს ანსამბლეაზე არ მოუსმენენ სწორედ ამ პოლიტიკური პროცესების გამო. ხოლო საქართველოს პრემიერ-მინისტერი საჯაროდ აცხადებს, რომ „ვანო მერაბშვილი კარგად ზის და კიდევ იჯდება“. ასევე მას 2 საათიან პრესკონფერენციაზე პროკურატურის საქმეებზე მეტი სასაუბრო მოსახლეობასთან არ აქვს და ვინ საუბრობდა პროკურორი თუ პრემიერ-მინისტრი ძნელი გასარჩევი იყო.
ამ გადასახედიდან ხელისუფლების პოლიტიკა ვერ ტოვებს იმის განცდას, რომ მთელი ეს სისხლის სამართლის პროცესები დაცლილია პოლიტიკური ინტერესისგან. მითუმეტეს, როდესაც ხელისუფლების ყველა წარმომადგენლის პოლიტიკური რიტორიკის 90% სწორედ ამ პროკურატურის საქმიანობას ეძღვენება. ამის შემდეგ ვის უნდა დაუმტკიცოს ხელისუფლებამ, რომ ისინი არ არიან დაინტერესებული და არ ერევიან პროკურატურის საქმიანობაში? თავად პრემიერ-მინისტრმა დაანონსა ჯერ კიდევ პროკურატურის მიერ განუცხადებელი საქმეები, რომელსაც თურმე ნათელი მალე მოეფინება.
რატომაა საშიში ასეთი პოლიტიკა? მარტივად რომ ვთქვათ, საქართველო არ წარმოადგენს ნატოს და ევროკავშირის წევრ ქვეყანას. შესაბამისად მისი საგარეო პოლიტიკური სტაბილურობა, მხოლოდ საქართველოს დასავლურ დისკურსში ჩართულობაშია შესაძლებელი. რაც უფრო დავცილდებით ამ დისკურსს, მით უფრო მოწყვლადი ხდება ჩვენი საგარეო უსაფრთხოება. დღეს ნამდვილად დგას საქართველო დიდი რისკის ქვეშ, მითუმეტეს როგორი მდგომარეობაა უკრაინაში. ფაქტი ისაა, რომ რუსეთის მიერ გაცხადებული გეოპოლიტიკური ამბიციების მთავარი სამიზნე სწორედ საქართველო და უკრაინაა. საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული პოლიტიკა კი ეს არ არის დასავლური დისკურსი. ეს არ არის იმ დროის შესაფერისი, რომელშიც საქართველო იმყოფება. ამიტომ ჩვენი უსაფრთხოების რისკები იზრდება. დასავლეთი არ მიიღებს ამ ვედენტას, ვერც ხელისუფლება შესთავაზებს მათ განსხვავებულ მეთოდს რაც ფარცხალაძემ ჩაიდინა, ვინაიდან არ არსებობს რესურსი იმისი,  რაც ხელისუფლებას გაცხადებული აქვს პროკურატურამ ეს პოლიტიკური კონიუნქტურის გათვალისწინებით შეასრულოს. სოჭის ოლიმპიადის შემდეგ, რუსეთის მიერ საქართველოზე ზეწოლა გაძლიერდება შესაბამისად ჩვენი მხარდამჭერი  მხოლოდ დასაველეთია. ამიტომ ხელისუფლება დროზე უნდა მოეგოს გონს, რათა მოახდინოს თავისი პოლიტიკის გადახედვა რომ არ წავაწყდეთ დასავლეთის მხიდან ყრუ კედელს რომელსაც უკვე არაფრის გაგონება არ მოუნდება.
ირაკლი მარგველაშვილი