Saturday, 7 May 2011

გაზაფხულის აქციები და საქართველოს სახელმწიფო

საქართველოში ტრადიცია ჩამოყალიბდა, რომ ოპოზიციური პარტიები გაზაფხულზე აქციებს აანონსებენ და რევოლუციით იმუქრებიან. ტექსტები, გამონათქვამები და ლოგიკა არაფრით განსხვავდება წინა წლების დაანონსებული რევოლუციებისგან. გამოვალთ და დავამთავრებთ, მოვდივართ, უმოკლეს ვადაში დავამთავრებთ... მინდა ვისაუბრო იმ საკითხზე, თუ რატომ ვერ მოხდება ეს ყოველივე. რატომაა ეს ფრაზები ცარიელი და არაფრისმთქმელი.
რევოლუციურ სიტუაციას რამენიმე მნიშვნელოვანი და აუცილებელი ნიშანი აქვს, რომ ის წარმატებით გასნხორციელდეს.
1. ხალხის კრიტიკული მასის უკმაყოფილება
2. ხელისუფლების შიგნით განხეთქილება
3. ძალოვან სტრუქტურებში განხეთქილება და მიმხრობა
4. საგარეო მხარდაჭერა
ვისაუბროთ თითოეულ მათგანზე.
1. ხალხში უკმაყოფილება არის, თუმცა არა კრიტიკული მასის უკმაყოფილება. ბევრი მიზეზია, რის გამოც ადამიანი უარს იტყვის მონაწილეობა მიიღოს სახელმწიფო გადატრიალებაში. უმთავრესი ამ მიზეზთაგანი არის ძალიან ცუდი გამოცდილება 1991-1992წწ. ბევრი ვალდებულებები, ფინანსური ინსტიტუტების მიმართ, და მისი გასტუმრება დამოკიდებულია შემოსავლებზე, რომელიც არეულობის ნიადაგზე შესაძლოა აღარ იყოს, ხოლო საბანკო ვალდებულებები არ მოითმენს მის გაუსტუმრებლობას. გზავნილი, რომელიც მათ გაანთავისუფლებს ამ ვალდებულებისგან ტყუილი და ბლეფია. ეს ყველამ იცის. ასევე არის კრიმინალის ზრდის შიში, რომელიც მსგავს სიტუაციებს ახლავს თან. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ 1991-1992წ. გადატრიალების ერთერთი მთავარი მოტივაცია ქონების პირველადი დაგროვება იყო, რაც დღეს არ არსებობს. დღეს მთავარი მოტივაცია ამ ქონების შენარჩუნება და განვითარებაა. მიუხედავად იმისა, რომ ხალხში უკმაყოფილებაა, ეს არ არის ის კრიტიკული მასა, რომელიც მსგავსი რევოლუციისთვის საკმარისია. ასევე ამაში მოიაზრება ისიც რომ მიუხედავად ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოებისა, დღევანდელ ოპოზიციურ პოლიტიკურ ველზე ძნელია დაინახო ისეთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც რაიმე მომავლის პერსპექტივებზე აქვს გათვლილი თავისი მოღვაწეობა. ასევე დიდა ოპოზიციის მიმართ უნდობლობა მათ მიერ წინა მარცხებისა გამო. კიდევ არის ბევრი მიზეზი რის გამოც ეს გამოსვლა არ განხორციელდება.
2. ხელისუფლების შიგნით განხეთქილება, ერთერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია რევოლუციისათვის. ეს ნიშანი დღეს საქართველოს პოლიტიკურ ველზე არ არსებობს. ხელისუფლება მონოლითურია და მისი გახლეჩა მოკლე დროში წარმოუდგენელია. დროის პერსპექტივაში შესაძლოა მოხდეს ხელისუფლების გახლეჩა, მაგრამ ეს მოხდება ორგანიზებულად და კონტროლირებულად. სხვათა შორის უნდა აღინიშნოს, რომ ხელისუფლებამ წინასწარ მოახდინა სახელმწიფო საბოტაჟის შეუძლებლობის პრევენცირება და დღეს მას ეს საფრთხე არ ემუქრება. ასევე შეიძლება საუბარი მმართველი პარტიის სტრუქტურაზე, რომელიც ისეა მოწყობილი, რომ არ იძლევა საშუალებას დაიყოს ფრაქციებად. 2 ასეთი მცდელობა ერთი ოქრუაშვილის და მეორე ბურჯანაძის კრახით დასრულდა. ორივე გაძევებულ იქნენ პარტიიდან. ამიტომ თავად მმართველი პარტიის გახლეჩის შესაძლებლობა ნულის ტოლია.
3. რა თქმა უნდა არ არსებობს ძალოვანი სტრუქტურების გახლეჩის შესაძლებლობაც. სახელმწიფოს ყველა ზომა აქვს მიღებული, რომ ეს არ დაუშვას. შესაბამისად რევოლუციის უმნიშვნელოვანესი ბერკეტი, არ არსებობს. ეს ფაქტორიც გამორიცხულია. ასევე მაქსიმალურად გაკონტროლებულია იარაღის არალეგალურად შემოტანის გზები. თვითნაკეთი მოლოტოვის კოქტეილების იმედზე ბარეორი დაიღუპავს თავს.
4. რაც შეეხება საგარეო მხარდაჭერას, პოლიტიკური პარტიები ცდილობენ ეს მოიპოვონ რუსეთის მხრიდან. არაერთი მათი მივლინება იქნა დაგეგმილი მოსკოვში. არაერთი საზღვარგარეთული შეხვედრა მოხდა რუსე ფსბ-ს რეზიდენტებთან, თუმცა რუსეთის დახმარება შესაძლოა შემოიფარგლოს რევოლუციამდე ფულით და დაფინანსებით, რითაც მოეწყობა მხარდაჭერილი ოპო პარტიის სტრუქტურული ერთეულები მთელ საქართველოში, ხოლო რევოლუციის შემდეგ საგარეო მხარდაჭერით. რაც შეეხება რუსეთის პირდაპირ ინტერვენციას ე.წ. რევოლუციონერების მხარდასაჭერად ნაკლებ სავარაუდოა, ვინაიდან დასავლეთი აქ მსგავს რევოლუციას არ დაუჭერს მხარს, ხოლო რუსეთს არ აქვს იმის შესაძლებლობა, რომ მოახდინოს პირდაპირი ინტერვენცია. ეს მან 2008წ. ვერ შეძლო და შანსიც გაუშვა.
დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ დაანონსებული რევოლუციები არის მარგინალური ჯგუფების კიდევ ერთი გაფართხალება. მათი ყველაზე დიდი მიღწევა 2009წ. იყო. ამის შემდეგ სულ დაღმართია. ჩემი აზრით საქართველოს ევოლუციურ განვითარებას დღეს ალტერნატივა არა აქვს.
ირაკლი მარგველაშვილი
07.05.2011წ.