Tuesday 22 June 2010

განმარტებები საქართველოს გეოპოლიტიკურ სტრატეგიაზე

ნაწილი მეორე

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდე, რომელიც ოფიციალურად 1991წ. 12 დეკემბერს განხორციელდა, რუსეთი გახდა საბჭოთა იმპერიის სამართალმემკვიდრე. შესაბამისად მან ჩაიბარა ის სამსახურები და სახელმწიფოებრივი ინსტიტუტები, რომელიც იმპერიას 70 წელი ემსახურებოდა და ინარჩუნებდა მას. ახალი იმპერიის პირველი შეტევა სწორედ საქართველოზე განხორციელდა. 1991წ. 22 დეკემბერს დაიწყო სახელმწიფო გადატრიალება. როგორც წინა წერილში ავღნიშნეთ, საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ განსაკუთრებული საფრთხე შეუქმნა იმპერიის არსებობას. რამდენიმე ღონისძიება, რომელიც მაშინდელმა ხელისუფლებამ გაატარა განსაკუთრებით საშიში იყო კრემლისთვის.
1. ჩრდილო კავკასიაში, კერძოდ ჩეჩნეთში მოახდინა ჯოხარ დუდაევის მხარდაჭერა და ხელისუფლებაში მოსვლა.
2. აფხაზეთში მოახდინა სიტუაციის კონტროლი და არჩევნების ჩატარება.
3. საბჭოთა ჯარებს 1991წ. მიანიჭა საოკუპაციო სტატუსი, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აბსოლუტურად კარგავდა დამოუკიდებელი საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის ლეგიტიმაციას, რაზედაც პირველ წერილში ვისაუბრეთ.
აღნიშნული ქმედებები მართლაც სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა იმპერიის არსებობას. განსაკუთრებუილი დაძაბულობა საბჭოთა იმპერიაში სწორედ კავკასიაში იყო. მაშინდელი მსოფლიო გეოპოლიტიკური კონიუნქტურის გამო, ბალტიისპირეთის ქვეყნები საბჭოთა კავშირიდან მისი იურიდიულად დაშლის გაფორმებამდე გავიდნენ. 1991წ. აგვისტო-სექტემბერში მსოფლიო წამყვანმა ქვეყნებმა დაიწყეს ამ 3 რესპუბლიკის ლატვია, ლიტვა, ესტონეთის იურიდიული ცნობა. საქართველო ამ ფაზაში არ მოჰყვა. ეს მაშინდელი მსოფლიო ლიდერების გადაწყვეტილება იყო, რამაც საქართველოში რუსეთს მისცა საშუალება გაეაქტიურებინა მეხუთე კოლონა და მოემზადებინა სახელმწიფო გადატრიალება. პრაქტიკულად მაშინდელმა მსოფლიო ლიდერებმა რუსეთს მწვანე შუქი აუნთეს კავკასიაში და კერძოდ საქართველოში, რომ განეხორციელებინა თავისი მზაკვრული და იმპერიული გეგმები, მოეხდინა ქვეყნის სრულ ანარქიაში ჩაგდება და შესაბამისი გარანტიების შექმნა, მომავალში მთელი ქვეყნის მის გავლენის სფეროში მოსაქცევად.
რუსეთმა ეს მოახერხა. მოახდინა საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება და 3 წლის განმავლობაში ქვეყანა ომის ქარცეცხლში გაახვია. ქვეყანაში პრაქტიკულად მოიშალა ყველა კომუნიკაცია, მოხდა ბანდიტური რაზმების თარეში, გაიძარცვა და განადგურდა მოსახლეობა. მოეწყო ეგზეკუციები სამეგრელოში. ხოლო ამ ყველაფრის გვირგვინი იყო ომი აფხაზეთში მაშინ, როდესაც ერთი წლის წინ საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ მოახერხა აფხაზეთის საქართველოს კონსტიტუციურ სივრცეში შენარჩუნება ყოველგვარი ომის გარეშე და იქ არჩევნების ჩატარება. ეს ქმედება სრულიად ცინიკურად იქნა დაწუნებული პუტჩისტური ხელისუფლების მიერ და კანონს აპარტეიდული ეწოდა, თითქოს ამ კანონმა მოახდინა საომარი მოქმედებების გააქტიურება და სრულიად უაზრო პოლიტიკის წარმოება აფხაზეთში.
რა იყო ეს ყველაფერი რუსეთისთვის. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთი ფინანსურად და ეკონომიკურად იმდენად დაძაბუნებული იყო, რომ საკმაოდ დიდი საფრთხე იყო იმპერიის დაშლის. შესაბამისად რუსეთმა მოიკრიბა იმისი ძალები, რომ მოეხდინა კავკასიაში, რომელიც ყველაზე ფეთქებად რეგიონს წარმოადგენდა სიტუაციის თავის სასარგებლოდ დალაგება და თუნდაც ამ სიტუაციიების საბოლოოდ მომავალში გადადება საბოლოო დასაკუთრებისთვის და თავის გავლენაში მოსაქცევად.
ამიტომ ყველაზე სარგებლიანი რუსეთისთვის იყო რეგიონალური კონფლიქტების წარმოება, რომლის სასათბურე პირობები საბჭოთა იმპერიამ სწორედ საქართველოში შექმნა. სამი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის სახით. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქში კონფლიქტური სიტუაციის შექმნა ჯერ კიდევ 1989წ. დაიწყო. „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მეოცე მოწვევის სახალხო დეპუტატთა საბჭოს XII საგანგებო სესიამ მიიღო გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთის სტატუსის ამაღლების შესახებ“, 1989 წლის 10 ნოემბერს.
ეს იყო პირველი პროვოკაციული ქმედება, რომელითაც დაიწყო სეპარატისტული მოძრაობა ცხინვალის რეგიონში. ეს მოძრაობა გაგრძელდა და 1990წ. 20 სექტემბერს მირეს გადაწყვეტილება „სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის მეოცე მოწვევის სახალხო დეპუტატთა მეთოთხმეტე სესიაზე სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საბჭოთა დემოკრატიულ რესპუბლიკად გარდაქმნის შესახებ.“ ანალოგიური კონფლიქტური სიტუაციები შეიქმნა აფხაზეთში. პირველი დაპირისპირება 1989წ. 16-17 ივნისს მოხდა. სადაც 19 ადამიანი დაიღუპა. 1991წ. ზაფხულში საარჩევნო კანონის მიღების შემდეგ აფხაზეთის უზენაესი საბჭო, რომელსაც არ ჰქონდა საშუალება მიეღო ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილება უამრავ იურიდიულ პროვოკაციებს აწყობდა სიტუაციის დასაძაბად, მაგრამ საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების მიერ სწრაფად ხდებოდა რეაგირება ამ პროვოკაციებზე და ავტომატურ რეჟიმში უქმდებოდა ყველა ასეთი გადაწყვეტილება.
თუმცა ამ ყველაფრით რუსეთის იმპერიის ზოგადი ტენდენციის შემჩნევა, რომ მოეხდინა საქართველოში ტერიტორიული პრობლემების შექმნა აშკარა იყო. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეს გეზი რუსეთის ახალმა იმპერიამ გააგრძელა. 1992წ. 24 ივნისს რუსეთმა შეძლო, საქართველოში უმძიმესი ვითარების ფონზე მოეხდინა საქართველოსთვის თავს მოეხვია საკუთარი სამშვიდობო ძალების შემოყვანა ცხივალის რეგიონში და აღნიშნული კონფლიქტის გაყინვა წლების განმავლობაში. ანალოგიური სიტუაცია შექმნა აფხაზეთში. 1993წ. 27 სექტემბერს ყველა შეთანხმების დარღვევის ფონზე მოახდინა სოხუმის აღება და ქართული მოსახლების ეთნიკური წმენდა აფხაზეთიდან. 1994წ. აგვისტოში საქართველოს, აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის გაფორმდა შეთანხმება, სადაც რუსეთის სამშვიდობო ძალები სნგ-ს მანდატით აფხაზეთში განთავსდა. ამ ყველაფრით რუსეთმა დროში შეძლო საკუთარი გართულებული შიდა პრობლემების ფონზე მოეხდინა კავკასიაში სიტუაციის სტაბილიზება თავის სასარგებლოდ და საბოლოოდ საკითხს გადაწყვეტილების მისაღებად დროის მოგება, როდესაც ამის საშუალება მიეცემოდა.
1. რუსეთმა სამშვიდობოები განათავსა აფხაზეთსა და სამაჩაბლოში.
2. მოახდინა ამ ტერიტორიებზე სამხედრო ძალების კონცენტრაცია და აფხაზეთიდან ქართველების ეთნოწმენდა, რომ იქ არ მომხდარიყო რაიმე შიდა პრობლემის ესკალაცია საქართველოს ხელისუფლების მიერ.
3. მოახდინა საქართველოს შეყვანა სნგ-ში.
4. მოახდინა სომხეთისა დაზერბაიჯანს შორის ტერიტორიული კონფლიქტი ყარაბახში და ამით საკმაო დრო მოიგო საკითხის მომავალში გადადების კუთხით.
სამხრეთ კავკასიაში საკუთარი ინტერესების გამყარების შემდეგ, რუსეთმა დაიწყო ჩრდილო კავკასიაში კერძოდ ჩეჩნეთზე, რომელმაც 1991წ. დამოუკიდებლობა გამოაცხადა, სამხედრო ოპერაციისთვის მზადება. ჩეჩნეთის პირველი ომი 1994-1996 წლებში მიმდინარეობდა. 1996წ. რუსეთის ფედერაციასა და ჩეჩნეთის რესპუბლიკას შორის გაფორმდა ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება და ჩეჩნეთის რესპუბლიკა ფაქტობრივად დამოუკიდებელი გახდა. რუსეთმა შესაძლოა ითქვას ვერ დაძლია ჩეჩნეთის წინააღმდეგობა ამ წლებში. საკითხი ამ შემთხვევაშიც მომავალში გადასაწყვეტად გადაიდო. რუსეთის ფინანსური და ეკონომიკური მდგომარეობა საკმაოდ ცუდი იყო. ამიტომ დროის მოგებას მისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მთავარი იყო ის, რომ რუსეთმა მოახერხა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის რღვევა. რუსეთმა მოახერხა საქართველოსა და ჩრდილო კავკასიაში არსებული წინააღმდეგობის კავშირის გაწყვეტა. პრაქტიკულად მოახერხა ამ რეგიონის საკუთარი გავლენის სფეროში დატოვება. მაშინ, როდესაც საქართველოს ეროვნული ხელისუფლება ცდილობდა იმპერიის წინააღმდეგ ფრონტი გაეშალა მთელს კავკასიაში. საქართველოში სამხედრო გადატრიალების შემდეგ, საქართველომ პრაქტიკულად რუსეთს ყველა სტრატეგიული ინტერესი დაუთმო.
საქართველოს პირველი პრეზიდენტის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს მომავალი ორიენტირებული იყო მთელს კავკასიაში რუსეთის წინააღმდეგობის ფრონტის გაშლაზე. ამის შედეგად მოხდებოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის უკეთესი დაცვა, ფრონტის ხაზის საქართველოდან გადატანა, თავად იმპერიის ტერიტორიაზე, რომელსაც რუსეთი ვერ გაუძლებდა, როგორც ეს 1994-1996წწ. რუსეთ- ჩეჩნეთის ომის დროს მოხდა. თუ ამ მოძრაობაში ჩერთვებოდა ჩრდილოკავკასიის სხვა რესპუბლიკებიც, რუსეთი ომსაც ვერ შეძლებდა კავკასიაში. ეს შესაძლებელი იყო იმ შემთხვევაში, თუ საქართველო მოახერხებდა სტაბილიზაციას და განვითარებას და პარალელურად სერიოზულ კავშირებს დაამყარებდა ჩრდილოკავკასიის წინააღმდეგობის მოძრაობებთან. რუსეთმა სწორედ ამას შეუშალა ხელი და დაწყებული 1991წ. 22 დეკემბრიდან პირვერიგში საქართველოზე მიიტანა მთავარი იერიში. დაქუცმაცებულ, სისხლში ნაბანავებ ქვეყანას არანაირი რესურსი არ დაუტოვა საკუთარი პოლიტიკის წარმოების.
რუსეთის სტრატეგიული გადაწყვეტილება 90-იან წლებში სწორედ საქართველოს დაშლა იყო, ვინაიდან ერთიანი საქართველო, რუსეთს პრაქტიკულად ისეთ სერიოზულ ფრონტს (ვგულისხმობთ პოლიტიკურ ფრონტს) გაუხსნიდა მთელს კავკასიაში, რომ იმ პერიოდის რუსეთს არანაირი რესურსი არ გააჩნდა ამ ყველაფერს შეწინააღმდეგებოდა. რუსეთმა შეასრულა მთავარი მიზანი, მოახდინა კავკასიის ერთიანი ფრონტის გახლეჩა, დანაწევრება და შემდეგ თითოეულ დაცალკავებულ ფრონტზე საკუთარი კონტროლის აღდგენა. ასე მოხდა 1999წ. როდესაც ჩეჩნეთში პუტინმა ახალი ომი წამოიწყო და პრაქტიკულად იქ რამზან კადიროვის გაპრეზიდენტებით საკითხი გარკვეულწილად მოაგვარა და გადაწყვიტა. სწორედ ამის შემდეგ რუსეთმა უკვე დაიწყო საკუთარი გეოპოლიტკური გავლენის აღდგენა მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეზე. ერთიანი კავკასიური ფრონტის დაშლით, რაც რუსეთმა განახორციელა 90-იან წლებში, მას საშუალება მისცა რთული სიტუაციიდან გამოსვლის შემდეგ კვლავ დაეწყო საკუთარი იმპერიული მიზნების განხორციელება. ჩრდილო კავკასიაში სიტუაციის მეტნაკლებად დარეგულირებით, ვგულისხმობთ არასახელმწიფოებრივ წინააღმდეგობას, რომლის მსგავსი იყო ჯოჰარ დუდაევის ჩეჩნეთი. რუსეთმა დაიწყო საქართველოს, რომელმაც მოახდინა ტრანსეროვნული ენერგო პროექტებით საკუთარი გეოპოლიტიკური სივრცის შექმნა და დასავლურ სტრუქტურებში, კერძოდ ნატოში ინეგრაციის პროცესი მის საწინააღმდეგოდ საკმაოდ გაბედული ნაბიჯების გადადგმა. რუსეთმა შეძლო სრული ფრონტის გადმოტანა საქართველოს ტერიტორიაზე, რასაც 2008წ, აგვისტოს ომი მოჰყვა.
რუსეთის ეს ქმედებები გამოწვეული იყო სწორედ 90-იან წლებში განხორციელებული ქმედებებით, კავკასიის ერთიანი ფრონტის დაშლით, დანაწევრებით და საქართველოსთვის იმ სერიოზული ზურგის მოსპობით, რასაც კავკასია ჰქვია, რომელიც ისტორიულად ჩვენს ზურგს წარმოადგენდა. მათ მიერ 90-იან წლებში განხორციელებულმა ქმედებებმა საქართველოში რუსეთს საშუალება მისცა, ეფიქრა კავკასიის კვლავ დამორჩილებაზე. საქართველოში სამხედრო გადატრიალების, შემდეგ ტერიტორიული კონფლიქტების წარმოებით, საკუთარი სამხედრო ნაწილების ჩაყენებით ამ კონფლიქტურ რეგიონებში რუსეთმა მოიგო დრო, რომელიც საბოლოოდ ერთიანი კავკასიური პოლიტიკის დასარღვევად გამოიყენა და შექმნა საკუთარი გეოპოლიტიკური გავლენის გაფართოების ბაზისი. მარტო დარჩენილი საქართველო, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ დასავლური კურსი აირჩია, კვლავ გახდა რუსეთის აგრესიის მსხვერპლი, რაც იყო შედეგი იმისი, რომ საქართველომ უმძიმესი შეცდომები დაუშვა ამ 20 წლის განმავლობაში. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ელემენტარულად არ იქნა მოაზრებული, თუ როგორ უნდა ეცხოვრა დამოუკიდებელ საქართველოს. როგორ უნდა ებრძოლა იმპერიის წინააღმდეგ. შესაბამისად რუსეთმა მოეხდინა საქართველოს მარტო დატოვება, რამაც ეხლა 15 წლის შემდეგ უმძიმეს მდგომარეობაში ჩაგვაგდო და პრაქტიკულად მარტონი აღმოვჩნდით უკვე გაძლიერებული და ამოსუნთქული იმპერიის წინაშე. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბრძოლა უნდა შევწყვიტოთ, ან იმპერიამ დაგვამარცხა საბოლოოდ. პირიქით დღეს გვიწევს 10 ჯერ მეტი ძალისხმევა, რომელიც არ დაგვჭირდებოდა თავიდან ფატალური შეცდომები რომ არ დაგვეშვა. თუმცა ერთი რამეა, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ის შეცდომები, რომელიც 90-ან წლებში დავუშვით გამოვასწოროთ და შევქმნათ ზურგი, რომელიც იმპერიას უსერიოზულეს პრობლემებს შეუქმნის. ეს დღეს გაცილებით რთულია, ვიდრე 90-იან წლებში საკმაოდ სუსტი იმპერიის დროს იყო შესაძლებელი, თუმცა შესაძლებელია. ამიტომ თუ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ საქართველო წარმოადგენდეს გეოპოლიტიკურ ერთეულს, აუცილებლად გვესაჭიროება იმ შეცდომების აღმოფხვრა, რომელიც დავუშვით. საკითხი საკმაოდ დიდია და ბევრიც შეიძლება დაიწეროს, ამიტომ აღნიშნულ საკითხებზე ჩვენი წერილები მომავალშიც გაგრძელდება.

20.06.10

ირაკლი მარგველაშვილი