Monday 28 January 2013


კავკასიის გეოპოლიტიკის გაგებისა და მნიშვნელობისათვის

            ამ წერილის მიზანია ფართო საზოგადოებისათვის გასაგები გახდეს კავკასიაში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთის მიერ წარმოებული პოლიტიკის შესახებ, იმ გეოპოლიტიკური სტრატეგიების შესახებ, რომელიც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩამოყალიბდა, ასევე განვიხილავთ იმ საფრთხეებს, რომელიც ექმნება ამიერკავკასიის ქვეყნების (საქართველო, აზერბაიჯანი და სომხეთი) სუვერენიტეტს, იმ შემთხვევაში თუ რუსეთი თავის ინტერესებს სრულად განახორციელებს ამ რეგიონში. ამ პოლიტიკის წარმოებისას დიდი სიფრთხილეა საჭირო, ვინაიდან როგორც ჩვენი დამოუკიდებლობის გამოცდილებამ აჩვენა, რუსეთი გაცილებით მომზადებული აღმოჩნდა პოლიტიკის წარმოების ყველა პარამეტრში, ვიდრე ეს გამოუცდელი რესპუბლიკები. შესაბამისად რუსეთმა შეძლო კავკასიაში შეეჩერებინა საკუთარი ინტერესების გატარების ნიშნულები, ხოლო ამიერკავკასიის რესპუბლიკებს ძვირად დაუჯდათ ეს გამოუცდელობა და კიდევ დიდი სირთულეების გადალახვა სჭირდებათ.
            ჯერ კიდევ მეფის რუსეთში არსებობდა ის ინსტიტუტები, რომელებიც მუშაობდნენ რუსეთის იმპერიის გაფართოებასა და შენარჩუნებაზე. შემდეგ ეს ესტაფეტა  მოდერნიზებულმა საბჭოთა კავშირმა გადაიბარა. შეიქმნა თანამედროვე გეოსტრატეგიული ინსტიტუტები, რომელთა მთავარი დანიშნულება სახელმწიფო საიდუმლო სამსახურებთან და სახელმწიფო მანქანასთან ერთად იყო იმპერიის შენარჩუნება და მისი გაძლიერება-გაფართოება. ვფიქრობ საკითხის უკეთ გაშლისათვის მცირე ისტორიული ექსკურსი იქნება საჭირო.
            90-იან წლებში საბჭოთა კავშირი მძიმე გეოპოლიტიკურ ბრძოლაში დასავლეთთან იძულებული გახდა დაეთმო პოზიციები. 1991წ. 12 დეკემბერს საბჭოთა კავშირის დაშლა ოფიციალურად გაფორმდა. ეს დიდი გეოპოლიტიკური გამოწვევა იყო, ვინაიდან რუსეთმა თავისი გეოპოლიტიკური ინტერესები დათმო, როგორც აღმოსავლეთ ევროპაში, ასევე საბჭოთა კავშირის იურიდიულ სივრცეში. დამოუკიდებლობა მოიპოვა საბჭოთა კავშირის 15 რესპუბლიკამ.
            ტყუილად არ გვიხსენებია გეოსტრატეგიული დანიშნულების ინსტიტუტები. სწორედ ამ ინსტიტუტებში იყო დამუშავებული ის გეგმები, რომლითაც რუსეთის ფედერაციის პოლიტიკა განისაზღვრა პოსტსაბჭოთა სივრცის მიმართ. დაიწყო რუსეთის გეოპოლიტიკური გავლენის შენარჩუნების ღონისძიებები. სხვათა შორის უნდა ავღნიშნო, რომ მაგალითად  საქართველოში  და არ ვფიქრობ, რომ სხვა რესპუბლიკებშიც ასე არ არის, საკმაოდ გულუბრყვილოდ უყურებენ რუსეთის სპეცსამსახურების მუშაობის საკითხს. შეიქმნა მითი, რომ რუსეთი ბუაა და მეტი არაფერი. მაშინ, როდესაც საქართველოს 20 წლიანი სისხლიანი კონფლიქტები აქვს გამოცდილებაში, ასევე ოკუპაცია, ხოლო კავკასიის სხვა რესპუბლიკები (სომხეთი და აზერბაიჯანი) კიდევ ერთმანეთთან საომარ სიტუაციაში იმყოფებიან. საქართველოში დღესაც გაკვირვებით საუბრობენ რუსეთის სპეცსამსახურების ჯაშუშებზე, თითქოს ისინი არ არსებობდნენ, თითქოს რუსეთის ინტერესები ყურადღება გასამახვილებელიც აღარაა.  ეს ქმნის საერთო განწყობას  და ფონს იმისთვის, რომ მოდუნდეს და შესუსტდეს ყურადღება ამ მიმართლებით, ხოლო იმპერია თავი საქმეს აკეთებს.
            90-იანი წლებიდან ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე ყველაზე სისხლიანი ეპოქა  სწორედ კავკასიაში დადგა. აქ გაღვივდა 3 ხელოვნურად შექმნილი კონფლიქტი: ცხინვალის რეგიონში, აფხაზეთში და მთიან ყარაბაღში და ერთიც თავად რუსეთის ფედერაციის შიგნით, ჩრდილოეთ კავკასიაში, რომელიც ჯერაც არ დასრულებულა. ალბათ საინტერესოა ამ კონფლიქტების განხილვა რუსეთის გეოსტრატეგიული ინტერესების გათვალისწინების კონტექსტში.
            საქართველოში 1922 წელს სამი ავტონომიური წარმონაქმნი შეიქმნა. სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა და აჭარის ავტონომია. ამ ავტონომიური წარმონაქმნებით შეხვდა საქართველო საბჭოთა კავშირის დაშლას. ასევე ასეთი ავტონომიური წარმონაქმნით, (მთიანი ყარაბაღის ავტონომიური რესპუბლიკა) შეხვდა აზერბაიჯანი საბჭოთა კავშირის დაშლას.
            რუსეთმა ისარგებლა ამ ავტონომიურ რესპუბლიკებში მისი სპეცსამსახურების რეზიდენტურის არსებობით და 1988 წლიდან დაიწყო კონფლიქტის გაღვივება 1991წ. გაჩაღდა აზერბაიჯან სომხეთის კონფლიქტი, რომელიც 3 წლიან ომში გამოიხატა.
            ბრძოლა ყარაბაღისთვის ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში დაიწყო, რომელიც მაშინ აზერბაიჯანის გამარჯვებით და მასზე კონტროლის დაწესებით დასრულდა. 1921 წელს რუსეთმა კავკასიის სამივე სახელმწიფო: სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკა, აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა, და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა დაიპყრო. საბჭოთა კავშირის შექმნის შემდეგ, ყარაბაღი სომხეთის სსრ-ს გადაეცა, რასაც დიდი საპროტესტო მოძრაობა მოჰყვა აზერბაიჯანში. ხოლო ერევანში ისევ საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული აჯანყება მიმდინარეობდა. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, 1921 წელს მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანს გადაეცა. ხოლო 1923 წელს, იგი მთიანი ყარაბაღის ავტონომიური რეგიონად გადაიქცა და აზერბაიჯანის სსრ-ში შევიდა. 90-იანი წლების სამხედრო დაპირისპირების შედეგად, სომხეთის რესპუბლიკამ მოახერხა მთლიანი ყარაბახის ტერიტორიების დაკავება. დღესაც სომხეთი აზერბაიჯანთან იმყოფება საომარ მდგომარეობაში. ასევე სომხეთს არა აქვს დიპლომატიური ურთიერთობები თურქეთთან, რომელსაც სთხოვს მე-20 საუკუნის დასწყისში მომხდარი სომხური მოსახლეობის გენოციდის აღიარებას. სომხეთი დღეს არის რუსეთის სტრატეგიული პარტნიორი, სამხედრო ბლოკ ოდკბს წევრი.
            1989 წლიდან დაიწყო კონფლიქტების ინსპირირება საქართველოშიც, როგორც აფხაზეთში ასევე ე.წ. სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში. ამ კონფლიქტებს მოჰყვა სისხლიანი დაპირისპირებები, 1992წ. 24 ივნისს რუსეთმა მოახერხა და საქართველოსთან გააფორმა დაგომისის სამშვიდობო ფორმატის ხელშეკრულება, რითაც მოახდინა ამ ტერიტორიების რუსეთის ფაქტობრივი ანექსიის ქვეშ დატოვება თითქოს სამშვიდობო მანდატით. 1993წ. 27 სექტემბერს აფხაზებმა რუსების დახმარებით მოახდინეს ქართველების ეთნოწმენდა აფხაზეთის ტერიტორიიდან. 1994წ. აგვისტოში რუსეთმა ასევე გააფორმა საქართველოსთან სამშვიდობო მანდატის ხელშეკრულება რითაც ფაქტობრივი ანექსია მოახდინა აფხაზეთის ტერიტორიის. მთელი ეს ისტორია დასრულადა იმით, რომ 2008წ. აგვისტოში რუსეთმა საქართველოსთან ომით მოახდინა ამ ტერიტორიების სრული ოკუპაცია, ცნო რა ისინი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად.
ამ მცირე ისტორიული ექსკურსის შემდეგ ალბათ საინტერესოა რა გეოპოლიტიკური განლაგება მიიღო რუსეთმა ამიერკავკასიაში და ზოგადად რა გეოპოლიტიკურ განლაგებასთან გვაქვს საქმე.
            რუსეთის ამ სისხლიანი კონფლიქტების საპირწონედ საქართველომ და აზერბაიჯანმა სტრატეგიული პარტნიორობით 90-იანი წლების ბოლოს დაიწყეს დიდი ეკონომიკური ტრანსნაციონალური პროექტების განხორციელება, რომელიც გულისხმობდა ენერგომატარებლების აშენებას და ევროკავშირის ქვეყნებისთვის ნავთობის და გაზის მიწოდებას. 2004 წლიდან საქართველომ დაიწყო მჭიდო ინტეგრაციული პროცესი დასავლოეთთან რაც გამოიხატა მკაცრად განსაზღვრულ საგერეო კურსით, რომელიც გულისხმობდა რუსეთის გავლენიდან გამოსვლას და საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში სრულყოფილ ინტეგრაციას.
             ამ პროცესში საქართველომ მოახდინა რუსეთისგან ენერგო დამოუკიდებლობის მოპოვება აზერბაიჯანის დახმარებით. რითაც რუსეთს აღარ მიეცა საშუალება საქართველოზე ჰქონოდა შანტაჟის ბერკეტი, თუმცა 2006წ. რუსეთმა საქართველოს ეკონომიკური ემბარგო დაუწესა და შეწყვიტა საქართველოში ნაწარმოები საქონლის ექსპორტი. მიუხედავად ამისა, საქართველომ თავის სგარეო კურსს (ჩრდილო ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია) არ გადაუხვია. რა თქმა უნდა ამ პროცესებში ჩართული იყო აზერბაიჯანიც, რომლის შედარებით პასიური გეოპოლიტიკური ინტერესები ჩანაცვლებულია ეკონომიკური ინტერესით, რათა მოახდინოს თავისი ენერგო რესურსების ექსპორტი დასავლეთის ბაზარზე, ხოლო საქართველოს ამ პროექტებში აქვს სერიოზული ტრანზიტული როლი. შეიძლება ითქვას, რომ გეოპოლიტიკური თვალსაზრისით საქართველო-აზერბაიჯანის-თურქეთის ალიანსი კავკასიაში ქმნის რუსეთის გეოპოლიტიკური ინტერესის საპირწონე სივრცეს. კერძოდ, საქართველოს პოლიტიკური ინტეგრაციით ევროატლანტიკურ სივრცეში ქართულ-აზერბაიჯანულ-თურქულ ალიანსს ექმნება საკმაოდ საინტერესო და დაცული სივრცე მოახდინოს სამხრეთის ტრანზიტული დერეფნის შექმნა, ჩინეთიდან ევროპამდე, დიდი აბრეშუმის გზის შემადგენლობაში, რომლის უზრუნველყოფა მოხდება ერთის მხრივ ენერგომატარებლებით, მეორეს მხრივ სარკინიგზო მაგისტრალით (ბაქო, ახალქალაქი ყარსის მაგისტრალი) და მესამეს ხრივ საზღვაო ინფრასტრუქტურით, ბათუმი, ფოთი და ლაზიკის პორტების სახით საქართველოში.
            რუსეთის მიერ კავკასიაში წარმოებული ოც წლიანი პოლიტიკა მიმართული იყო იმისკენ, რომ მოეხდინა კავკასიის რესპუბლიკების გათიშვა, რათა როგორმე შეეჩერებინა ამ რესპუბლიკების საკმაოდ საინტერესო გეოპოლიტიკური აქტივობა და გაეხადა ეს აქტივობა მყიფე. მან ეს შეძლო სომხეთის მიმართულებით. პრაქტიკულად სომხეთი ამოაგდო კავკასიის ერთიანი გეოპოლიტიკის სისტემიდან და მოაქცია საკუთარი გეოპოლიტიკის მოქმედების არიალში. ასევე სომხეთს ამყოფებს საომარ მდგომარეობაში აზერბაიჯანთან, ხოლო საქართველოს მიმართულებით მან მოახდინა ტერიტორიების ოკუპაცია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში და იქ განათავსა საკუთარი სამხედრო ბაზები, რომლებიც საჭირო დროს გამოყენებულ უნდა იქნეს სამხედრო ექსპანსიისთვის საქართველოში. მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით მან ვერ შეძლო საქართველოს მიმართულებით საკუთარი ინტერესების სრულად განხორციელება.
            დღეს რუსეთის ამოცანაა, მოახდინოს საქართველო-აზერბაიჯან-თურქეთის ეკონომიკური ალიანსის დაშლა, მის ერთერთ წევრზე ზეგავლენის მოხდენის გზით, რითაც ის მოახდენს სამხრეთული დერეფნის პროექტის შეჩერებას. ამ ალიანსიდან ერთი რგოლის გათიშვა საკმარისია, რომ რუსეთმა შეძლოს სამხრეთული სატრანსპორტო დერეფნის რგოლის ჩანაცვლება და საკუთარი გეოსტრატეგიულ ინტერესებზე დაქვემდებარება. ამ თვალსაზრისით, საქართველოს ნატოში ინტეგრაცია ახდენს ამ პროექტის განხორციელებიის შეუქცევადობას და მის დაცულობას. შესაძლოა ძნელი გასაგებია ბევრისთვის, მაგრამ საქართველოს სურვილი გახდეს დასავლეთის სამყაროს სრულუფლებიანი წვერი გულისხმობს დასავლეთთან როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ ინტეგრაციას და ეს სამხრეთული სატრანსპორტო დერეფანი სწორედ ამის უზრუნველყოფას წარმოადგენს. სწორედ ამისთვისაა საჭირო საქართველოს ეკონომიკური მოდერნიზაცია, ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა, ლოჯისტიკური ცენტრების შექმნა და აშენება, რომელშიც მოიაზრებოდა ლაზიკის პროექტი, ასევე სხვა პროექტები. მხოლოდ ასე შეიძლება გახდეს საქართველო დასავლეთთან სრულყოფილად ინტეგრირებული. წინააღმდეგ შემთხვევაში მყიფე ხდება თავად საქართველოს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი და მას ექმნება სწორედ დიდი საფრთხე.
            დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ დღეს კავკასიაში ორი გეოპოლიტიკური ინტერესია დაპირისპირებაში. ესაა რუსეთის ინტერესი და საქართველო-აზერბაიჯან-თურქეთის ალიანსის გეოპოლიტიკური ინტერესი. რუსეთი თავისი ინტერესების უზრუნველსაყოფად იყენებს სომხეთის სახელმწიფოს, რომლითაც პრაქტიკულად მოახერხა კავკასიური გეოპოლიტიკური სისტემის გახლეჩვა, თუმცა ვფიქრობთ დროებით. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ამოგდება ამ ალიანსიდან შესაძლებელია რუსეთის ინტერესებთან საქართველოს თანხვედრის შემთხვევაში, რაც პრაქტიკულად მოახდენს საქართველოს გეოპოლიტიკის ცვლილებას დასავლეთის მიმართულებით. იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთ-საქართველოს გეოპოლიტიკური პოზიციების მთავარი პრობლემატური საკითხი არის სწორედ საქართველოს ჩართულობა სამხრეთული დერეფნის მშენებლობაში და საქართველოს ინტეგრაციაში ნატოსთან, რუსეთისთვის მისაღები იქნება საქართველოს საგარეო პოლიტიკური პოზიციის ცვლილება მაგალითად სომხეთის საგარეო გეოპოლიტიკური ვექტორის მსგავსად. ამიტომ საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის ხარისხთან მიმართებაში ვერ გამოდგება სომხეთის სახელმწიფოს მაგალითი, რომ სომხეთს კარგი ურთიერთობა აქვს ნატოსთანაც და რუსეთანაც და საქართველოსთვის ასეთი ურთიერთობა შესაძლოა მისაღები იყოს. ეს არის ძალიან სახიფათო განცხადება, რაც საქართველოს პრემიერ მინისტრმა ერევანში ვიზიტისას გააკეთა. ასევე სახიფათოა ის განცხადება, რომელიც ტრანსკავკასიური რკინიგზის გახსნას ეხება აფხაზეთის მიმართულებით, რომელიც მოემსახურება ასევე საქართველოს ამოგდებას იმ გეოპოლიტიკური სივრციდან, რომელიშიც ის არის აზერბაიჯანთან და თურქეთთან ერთად ეკონომიკური თვალსაზრისით.  საქართველოს საგარეო ვექტორის ასე განხილვა, ნამდვილად ნიშნავს ჩვენი საგარეო კურსის 180 გრადუსით ჩრდილოეთისკენ შებრუნებას. ეს ნიშნავს საქართველოს ჩამოცილებას აზერბაიჯან-თურქეთის ეკონომიკური ალიანსისგან, რაც ვფიქრობთ გამოიწვევს რუსეთის გეოპოლიტიკის საბოლოო დამკვიდრებას კავკასიაში, მაშინ, როდესაც დღეს არის დიდი შანსი, კავკასიამ მოახდინოს საკუთარი გეოპოლიტიკური ინტერესების რეალიზაცია, როგორც პოლიტიკური ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით რისი რესურსიც ნამდვილად ძალიან დიდია.
იმ შემთხვევაში, თუ საქართველო მოახდენს სომხეთის მსგავსად ურთიერთობების "დარეგულირებას" რუსეთთან და ნატოსთან, ეს აუცილებლად მოხდება ჩვენი სუვერენიტეტის შეზღუდვის ხარჯზე რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ, ვინაიდან საქართველოს დამოუკიდებლობის განხორციელება-რეალიზება, გულისმხმობს საქართველოს გეოპოლტიკურ აქტივობას და ჩართულობას სწორედ ევროატლანტიკური სივრცის მიმართულებით.