Saturday 14 September 2013

საქართველოს ისტორიული შანსი



საქართველოს ისტორიაში ბევრი ეპოქა ხასიათდებოდა დინამიურობით. ალბათ, საქართგელოს უახლესი ისტორია ერთადეთი გამორჩეული ეპოქაა, როდესაც საქართველო ისტორიულ გზაგასაყართან დადგა. გზაგასაყართან სადაც ახალი საქართველო უნდა დაიბადოს. 90 -იანი წლების დასაწყისიდან, მას შემდეგ რაც დამოუკიდებლობა გამოვაცხადეთ, შეიქმნა უდიდესი პრობლემები, როგორც ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ეკონომიკური და პოლიტიკური თვალსაზრისით. თავად ეს 20 წლიანი ეპოქა ხასიათდება ძალიან თავისებური ნიშნებით, რომლებიც ერთმანეთს არ ჰგავს. მაინც რა იყო მთავარი პრობლემა, არსი ამ სიძნელეების? აი ამაზე მინდა დავწერო.
ძალიან კარგად მახსოვს, 80-იანი წლების ბოლოს და 90-იანი დასაწყისში საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნის ინტენსივობა, გამართული აქციები, მსჯელობები, შემდეგ ჩატარებული არჩევნები და ის სიხარული, რომელიც ხალხის არჩევანმა მოიტანა 1990წ. 28 ოქტომბერს. ეს ყველაფერი იყო ემოციის დონეზე. თუმცა საბჭოთა კავშირში გაზრდილებს, უამრავი თემა ყურმოკრულიც კი არ გვქონდა. დახშული ინფორმაციის ფონზე, ჩვენთვის უცნობი იყო, რა ხდებოდა ფარდის მიღმა დასავლურ სამყაროში. რა იყო მათ პოლიტიკური დისკურსი. რა იყო ახლად გამოცხადებული ახალი მსოფლიო წესრიგი, რას გულისხმობდა და სად იყო ჩვენი ადგილი ამ წესრიგში. არ ვიცოდით საქართველოს გეოპოლიტიკური დანიშნულება. მიუხედავად იმისა, რომ გვსურდა რუსეთის იმპერიიდან გამოსვლა, ვერ ვაცნობიერებდით რუსეთის გეოპოლიტიკურ დანიშნულებას, ვერ ვაცნობიერებდით იმ სიძნელეებს, რომელიც გვექნებოდა ამ გზაზე, როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ მიმართულებებზე. ყველაფერ ამაზე გვქონდა ძალიან ინფანტილური დამოკიდებულება.
ჩვენ არ ვიცოდით დასავლური აზროვნების სტილი და მათი კულტურის ენა.  ენა, რომელზეც საუბრობდა დასავლეთი. ეს იყო დემოკრატიის ენა, სადაც ჩამალული იყო ის მთელი საიდუმლოებები, რომლის შესწავლაც მოგვიწევდა, თუ ჩვენ მოვინდომებდით დასავლეთის თანამეგობრობაში მოხვედრას. ჩვენში იმპერიული ენა და დასავლური ენა ერთმანეთში აირია. ვერ ვმიჯნავდით რა იყო იმპერია და რა იყო დასავლეთი. ჩვენ დასავლეთს ვარქმევდით იმ სახელებს, რაც დამკვიდრებული იყო საბჭოთა კავშირში. მიუხედავად იმისა, რომ საოცარი სიხარული იყო დამოუკიდებლობის გამოცხადება, ჩვენთვის აბსოლუტურად ბუნდოვანი იყო გზა, თუ როგორ უნდა ეცხოვრა დამოუკიდებელ საქართველოს. რა იყო მისი მომავალი. რას გულისხმობდა დამოუკიდებლობის აღდგენა. ჩვენ აღვადგინეთ დამოუკიდებლობა იურიდიულად და წინ დავიდევით უზარმაზარი ლექსიკონი, რომელიც უნდა შეგვესწავლა, რომ დასავლეთის ენა გაგვეგო.
ჩვენ ძალიან გაგვიჭირდა ამ ყველაფრის დაძლევა. დამოუკიდებლობის აღდგენისთანავე ჩვენ გამოუსწორებელი შეცდომები დავუშვით. ჩვენ ვერ ავიღეთ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, რომ გავეთავისებინა ეს დამოუკიდებლობა, რომელიც ინდივიდების დამოუკიდებელ არჩევანზე გადიოდა. ჩვენ არც ვეცადეთ, რომ გადაგვეშალა ის ლექსიკონი, რომელიც წინ გვედო. ჩვენ დასავლური ენის გასაღებს იმპერიის კვაზი დემოკრატიის შეთითხნილ ნაჯღაბნში ვეძებდით. ვეძებდით იმას, რაც არ იყო იქ. ხოლო გვეზარებოდა იმის სწავლა, რაც წინ გვედო. ჩვენ, ჩვენი დამოუკიდებლობის თერთმეტი წლის მანძილზე ავირჩიეთ ზუსტად სახელმწიფოს ის მოდელი, რომელიც დამოუკიდებლობის აღდგენამდე გვქონდა, ფსევდო სახელმწიფოებრივი წარმონაქნი, რომელსაც დამოუკიდებლობის არაფერი ეცხო.
ჩვენ დავკარგეთ ძვირფასი თერთმეტი წელი, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო იმის გარანტია, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობა ეხლა სულ სხვა სიმაღლეზე ყოფილიყო, როგორც უსაფრთხოების გარანტიებით, ასევე გეოპოლიტიკური მნიშვნელოვანებით. ჩვენ დრო გავაცდინეთ, ჩვენ ძალიან ვიზარმაცეთ, რაც გახდა საფუძველი იმისი, რომ ასე ცხოვრება აღარ შეიძლებოდა. ეს არ იყო გაცნობიერებული არჩევანი, ეს იყო ლოგიკა. სწორედ ამიტომ მოხდა ის, რომ მოვაწყვეთ რევოლუცია. ამჯერად მშვიდობიანი, განსხვავებით წინა სახელმწიფო გადატრიალებისაგან. ამ რევოლუციამ, მისმა საერთაშორისო მხარდაჭერამ, ჩვენ გაგვხადა იძულებული, რომ გადაგვეშალა ის ლექსიკონი, რომლის გადაშლაც არ ვიკადრეთ წინა წლებში, ხოლო ჩვენი რევოლუცია იმ გზის დასაწყისი იყო, რომელიც ბალტიისპირეთის სახელმწიფოებმა გაიარეს 90-იანი წლებიდან 2004 წლამდე და დაასრულეს ნატოში შესვლით. ჩვენ ეს გზა თავიდან უნდა გავევლო. უბრალოდ მათ ისწავლეს დასავლეთის ენა და მოიშორეს ის ლექსიკონი, რომელიც ჩვენ არც გადავშალეთ. ამ სახელმწიფოებმა ჩვენთან ერთად გამოაცხადეს დამოუკიდებლობა, მაგრამ ჩვენზე ადრე მიხვდნენ როგორ უნდა ეცხოვრათ დამოუკიდებელ სახელმწიფოში. რა იყო მათი სახელმწიფოებრიობის საფუძველი, ჩვენზე ადრე ისწავლეს დასავლური ენა და მოერგნენ მის დისკურსს.
ჩვენ დავბრუნდით თერთმეტი წლით უკან და დავიწყეთ ახალი ენის სწავლა. მიუხედავად ამისა, მიუხედავად სახელმწიფოებრივი მშენებლობის ქირურგიული მეთოდებისა, ადამიანებისთვის ეს ყოველივე მაინც უცხო იყო. ეს არი იყო და არ ჰგავდა იმ 11 წელს, რომელიც ჩვენს მეხსიერებაში დაკონსერვდა, როგორც მოდელი საბჭოთა საქართველოსი თავისი იდენტური ლიდერით. ეს სხვა იყო და ცოტა უცხოც გახდა. არ ჰგავდა მას. ინგრეოდა ეს ძველი იდენტობა საბჭოთა სახელმწიფოსთან ერთად და უფრო მეტად მიმდინარეობდა ახალ სახელმწიფოსთან გაუცხოების პროცესი. ამ პროცესმა თავისი სიტყვა თქვა რევოლუციიდან 4 წელიწადში. ჩვენ ვიხილეთ საშინელი პროტესტი ახალი სახელმწიფოს მისამართით. თითქოს პარადოქსია, მაგრამ არა ეს რევოლუცია ხომ არჩევანი არ ყოფილა. ეს იყო ლოგიკა. ეს ლოგიკა იყო ბუნდოვანი, გაუგებარი და უცხო. ასევე უცხო იყო სახელმწიფოებრიობის რეალიზების გზები და მეთოდები. გამოგონებული ევრო ატლანტიკური არჩევანი და ევროკავშირთან ინტეგრაცია. ეს ახალი დამოუკიდბეელი სახელმწიფოს იდენტობად კი არ იქნა გაგებული, არამედ ახალ მითად, რომელიც დაუჯერებლად სჩანდა.

ჩვენ გვიწევდა ლექსიკონის დახმარება და ახალი დასავლური ენის სწავლა, რომელიც ჰგავდა ურჩ მოსწავლის მისამართით გაკვეთილების მუდმივ ჩიჩინს, რომელიც თავად სულაც არაა მოტივირებული ისწავლოს ახალი რამ. მას მუდმივად აძალებენ და მუდმივად ბეზრდება ეს ყოველივე. მას არ უნდა ახალის სწავლა.  ასე დაემართა ახალ ქართულ სახელმწიფოს, ჩვენ მოგვბეზრდა მისი სწავლა, მის ენაში გარკვევა. ჩვენთვის უცხოა ის მომავალი, რომელიც არ ჰგავს წარსულს, რომელიც არის ორიენტირებული სხვა ენაზე, საუბრობს სხვა ენაზე, რომელიც არ გვესმის, რომლის შესწავლაც არ გვინდა, ვინაიდან არ ჰგავს ჩვენს ცოდნას, არ ემთხვევა ჩვენს მენტალობას.
ეს მშვენივრად იცის მტერმა, რომელიც სწორედ ამ სუსტ წერტილში ურტყამს. ამზადებს ომს და იცის, რომ ეს ომი გააჩენს "სტოკჰოლმის სინდრომს", რომ მის მიერ წარმოებული ომი ეს არის ის ენა, რომელ ენაზეც საუბრობს საბჭოთა საქართველოს მოქალაქე. ესაა ენა -"ჩვენ რუსეთს როგორ მოვერევით, როგორ გავაკეთეთ ეს, რა შეუგნებლები ვართ, ომი ხომ ჩვენ დავიწყეთ". ამ დროს ახალი არაფერი ხდება. არც ოკუპაციაა ახალი, არც რუსეთი მიერ წარმოებული ომი საქართველოს წინააღმდეგ. ყველაფერი კარგად დავიწყებული ძველია. უბრალოდ კარგად გვიცნობენ, იცნობენ ჩვენს სიზარმაცეს, იცნობენ ჩვენს დამოკიდებულებებს რუსეთის მიმართ, იცნობენ ჩვენს კომპლექსებსაც რუსეთის მიმართ. ამიტომ ჩვენი ახალი ენის შესწავლის პროცესს სწორედ ამ ძველი ენით ანაცვლებენ. შესაბამისად ყველაფერი დგება თავდაყირა. საქართველო მოქცეულია სქილასა და ქარიბდას შორის, ახალ ენასა და ძველი ენის ნოსტალგიას შორის, რომელზე ლაპარაკს უნდა გადავჩვეოდით თითქოს.
რევოლუციური ხელისუფლების მთელი მცდელობა, საქართველოს სინამდვილეში შემოიტანოს ახალი ენა, ახალი დასავლური დისკურსი, რომლის გამოგონებას და დარწმუნებას დასავლეთის სახელმწიფოებისთვის ტოტალური ენერგია დასჭირდა ერთმა ომმა დააყენა უდიდესი რისკის ქვეშ. იმ რისკის, რომელიც გამოყენებულ იქნა ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე. რევოლუციის შემდეგ ჩვენ დავდექით იმ რეალობის წინაშე, რასაც ქართული სახელმწიფოს განხორციელება რეალიზაცია ჰქვია. ჩვენ 1991წ. 9 აპრილის შემდეგ, ეს გავაკეთეთ პირველად და ეს იყო ის ანბანი, რომელზეც ქართული სახელმწიფო იწერება, ახალ გეოპოლიტიკურ წესრიგში, თავისი ადგილით, თავისი დანიშნულებით და მიმართებებით. სამწუხაროდ ეს უცხო ენა აღმოჩნდა ქართველებისთვის. ჩვენ ვერ შევძელით ამ ენაზე გამოცდის ჩაბარება. ჩვენ ჩავატარეთ ახალი არჩევნები, ხმა მივეცით ახალ პოლიტიკურ ძალას და ჩავთვალეთ, რომ შეგვიძლია დავდგათ საბჭოთა დიქტატორ იოსებ სტალინის ძეგლები მასიურად.
ამ ძეგლების დადგმა არის სწორედ ის გაუცხოება და პროტესტი ახალი ენის მიმართ, რომლის სწავლაც რევოლუციამ დაიწყო ჩვენში. ამ ძეგლების დადგმა არის ის ფსევდო იდენტობა, რომელსაც ქართული საზოგადოება აკეთებს წარსულთან, სადაც არ არსებობდა ქართული სახელმწიფო, მაგრამ არსებოდა სხვისი ძლიერი სახელმწიფო, რომლის ნაწილიც ვიყავით ჩვენ. ამ ფსევდო იდენტობის ხაზგასმით, ქართული საზოგადოება ახდენს ახალი ქართული სახელმწიფოს იგნორირებას, ნიველირებას და უარის თქმას დასავლურ დისკურსზე. ეს არის ქართულ სახელმწიფოსთან, მის მომავალთან ძალადობა, უკან დაბრუნების მცდელობა, რომელიც გამოწვეულია სწორედ ყალბი ილუზიური იდენტობით. ჩვე ვერ შევძელით ჯერჯერობით ვფოკუსირდეთ ქართულ სახელმწიფოზე, რომელიც თავისი გეოპოლიტიკური დანიშნულებით სწორედ ამ სხვისი სახელმწიფოს კონკურენტია და სინამდვილეში ის ომიც, 2008წ. სწორედ ამის გამო მოხდა. თუმცა მტერმა რაც გათვალა სწორედ ის გამოუვიდა, მან გააჩინა უზარმაზარი ეჭვი, შეუძლია თუ არა ქართულ სახელმწიფოს საერთოდ დამოუკიდებელი არსებობა. როგორია დამოუკიდებელი საქართველო? ომში დამარცხებული, ტერიტორიებ წართმეული. აი ეს სურათ-ხატი შეიქმნა ქართულ ცნობიერებაში, მაშინ როდესაც სტალინის დროს ერთიანი და ძლიერი სახელმწიფოს შემადგენელი იყო. ამიტომ აღორძინდა ფსევდო იდენტობა სტალინის სახით, რომელიც გამალებულ ძეგლების აღდგენაშია გამოხატული. ჩვენ ვდგამთ საქართველოში ფსევდო მამის ფალიკურ სიმბოლოებს, რომელიც სინამდვილეში ჩვენი იდენტობა კი არა, ჩვენი მტრის მიმართ დაჩოქების სიმბოლო იქნება.

ირაკლი მარგველაშვილი

საქართველოს ისტორიული შანსი და მიხეილ სააკაშვილის ფენომენი




ეს არის პირველი მცდელობა დავწეროთ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის, როგორ პოლიტიკოსის, როგორც სახელმწიფო მოღვაწის შესახებ. მასზე კიდევ ძალიან ბევრი დაიწერება, რომელიც გასცდება ასავალ დასავალის დონეს, ვინაიდან საქართველო მის ნაკვალევზე სულ სხვა სახელმწიფოდ ჩამოყალიბდება ძალიან მალე, და ჩვენი მეხსიერებაც ეყოფა ამას.
ვინ არის მიხეილ სააკაშვილი? ეს რომ გავიგოთ, აუცილებელი უკან დავიწიოთ, საქართველოს ისტორიის ბნელ ხვეულებში, დავიწყოთ მოგზაურობა, ვიდრე არ მივადგებით ეპოქას, როდესაც სახელმწიფომ შეძლო განეხორციელებინა თავისი ფუნქცია. ასეთად ორი ეპოქა წარმოჩინდება. დავით აღმაშენებლის მეფობიდან ლაშა გიორგის მეფობამდე და შემდეგ გიორგი ბრწყინვალეს ეპოქა. ამ დროს შეძლო საქართველომ, როგორც სახელმწიფომ და იარსება. ამის შემდეგ საქართველო სახელმწიფოდ სწორედ მიხეილ სააკაშვილის დროს შედგა, როდესაც მან დაიწყო გეოპოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობა, იმკვიდრებდა თავის ადგილს და ამ გეოპოლიტიკიური ადგილისთვის მოუხდა უდიდეს რუსეთის იმპერიასთან ბრძოლა. სწორედ 2008წ. ომი არის საქართველოს როგორც სახელმწიფოს შექმნის სიმბოლო. ამ ომმა გამოაჩინა, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკა, ქართული სახელმწიფოს შექმნის თაობაზე იყო წარმატებული, ვინაიდან ის გახდა კონკურენციის საგანი.
რას ნიშნავს ქართული სახელმწიფო? რა ჩანაფიქრი ჰქონდა მიხეილ სააკაშვილს, როდესაც 2004წ. ჩაიბარა ყოვლად წარუმატებელი ქვეყანა. ალბათ წარმოუდგენელი იყო საქართველოს როგორც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ასევე ევროკავშირის გაფართოების ფარგლებში მოქცეულიყო კანდიდატ სახელმწიფოდ შეხედვა იმ გადასახედიდან. თუ ვინმეს ჰგონია რომ ჩანაფიქრი, საქართველო გამხდარიყო გეოპოლიტიკური ბრუნვის ნაწილი ეს მხოლოდ ჩვენს სურვილზე იყო დამოკიდებული და მარტივად მოხდებოდა ძალიან ცდება. ჯერ კიდევ მე-18 საუკუნის ბოლოს ჰქონდა რუსეთის იმპერიას გაცნობიერებული საქართველოს მნიშვნელოვანება როგორც ევროპა აზიის დამაკავშირებელი ლოჯისტიკურ ქვეყანაზე.  ამიტომ არასოდეს მოგვცა საშუალება, რომ სახელმწიფოდ შევმდგარიყავით, ვინაიდან თავად დაკარგავდა უმნიშვნელოვანეს გეოპოლიტიკურ ფუნქციას, სამხრეთ ევრაზიის კორიდორის თვალსაზრისით.
ის, რომ ქართვლების დიდ ნაწილს დღემდე არ ესმით ამ სახელმწიფოს ფუნქციონალური მნიშვნელობა და ვერ გაურკვევიათ რა დაიწყო საქართველოში 2004წ, სულაც არ აკნინებს ამ საკითხის მნიშვნელობას. პოლიტიკოსის უდიდეს გაბედულებად უნდა ჩაითვალოს 2003 წელს არსებულ მდგომარეობიდან საქართველო 2008 წლის აპრილში ნატოს მეპის მიღების კანდიდატად ექცია. სწორედ ესაა უდიდესი გაბედულება, რომელიც მიუთითებს პოლიტიკოსის უნარზე, მიიღოს ყველა გამოწვევა, რომელიც ამ ნაბიჯებს მოჰყვება. გამოწვევა კიდევ მსუბუქი სიტყვაა, როდესაც შენ დაპირისპირებაში შედიხარ ისეთ გიგანტთან, როგორიცაა რუსეთის ფედერაციაა.
რა თქმა უნდა საქართველო ვერ გახდებოდა სრულად რუსეთის გეოპოლიტიკური კონკურენტი, მაგრამ ფედერაციის სამხრეთ ნაწილში საქართველოს აქტიურობამ რუსეთს შეუქმნა რისკები თავისი, როგორ გეოპოლიტიკური გავლენის მიმართულებით, ასევე შეუქმნა რისკები ცენტრალური აზიის სატრანსპორტო დერეფნის და ენერგო მატარებლების ჩანაცვლების კუთხითაც, რაც გახდა სწორედ საქართველო რუსეთის გეოპოლიტიკური დაპირისპირების საგანიც. საქართველოს მიერ ევრაზიის სამხრეთ ნაწილში რეგიონალური გეოპოლიტიკური ადგილის დაკავება, რუსეთს უქმნიდა საფრთხეს, როგორც თავის ჩრდილოკავკასიურ რესპუბლიკებზე, ასევე პოსტსაბჭოთა ცენტრალურ აზიაზე, რათა ჩაითვალა, რომ თუ საქართველო გახდებოდა ნატოს წევრი და განახორციელებდა თავის გეოპოლიტიკას, ეს გამოიწვევდა ჯაჭვურ რეაქციას პოსტსაბჭოთა შუა აზიაზე და მათ დამოუკიდებლობაც ამაღლდებოდა, ვინაიდან ისინი მოინდომებდნენ თავიანთი ენერგო რესურსების სწორედ კასპიის მხრიდან გატარებას დასავლეთის მიმართულებით, რაც გამოიწვევდა მათ ეკონომიკურ დამოუკიდებლობას და მალე პოლიტიკურ დამოუკიდებლობასაც. სწორედ ეს გახდა რუსეთის გააფთრების მიზეზიც. ისინი კარგად ხედავდნენ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ ნაბიჯებს, რომელიც მოიაზრებდა რუსეთისათვის სამხრეთში გეოპოლიტიკურ შეზღუდვას და მათი გავლენის შესუსტებას. იმ შემთხვევაში თუ რუსეთი დაუშვებდა საქართველოს ნატოში შეშვებას, ეს პროცესები ელვის უსწრაფესად დაიძრებოდა და მთელი 90-იანი წლების დაღვრილი სისხლი, დარჩებოდა ფუჭად. რუსეთის ქმედებები იგივე საქართველოს ტერიტორიებთან მიმართებაში იქცეოდა დიდ აბსურდად. ეს უკევ დაკარგავდა პოლიტიკური ვაჭრობის ფასსაც.
 ის რომ ქართვლებს არასოდეს დაუხედავთ საქართველოს გეოპოლიტიკური რუკისათვის და ეს მიხეილ სააკაშვილმა შეძლო, სწორედ ეს გახდა გაუგებრობის მიზეზიც, თუ რა სურდა მას. ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთის იმპერია, რომელიც მთელს ევრაზიის კონტინენტზე ანხორციელებდა თავის გეოპოლიტიკურ ფუნქციას, გამორჩენოდა მხედველობიდან საქართველოს ნაბიჯები, რომლებიც ნამდვილად იქცა რუსეთის სამხრეთ ნაწილის რისკის ფაქტორი. პრაქტიკულად საქართველოს აქტიურობა და თავისი გეოპოლიტიკური მნიშვნელოვანების გამოყენება აქცევდა რისკის ქვეშ დიდი ევრაზიული კავშირის იდეასაც, ვინაიდან ერთიან საბაჟო სივრცეში ვეღარ მოიაზრებოდა პოსტსაბჭოთა შუა აზია და ამიერკავკასია, რომლებიც შეძლებდნენ საკუთარი ენერგო დერეფნისა და სატრანსპორტო დერეფნის განხორციელებას. ლოჯისტიკის ცენტრით საქართველო. ახალი პორტით ლაზიკაში, რაც იქცეოდა საქართველოს ისეთი უსაფრთხოების გარანტიად, რომ თავიდან ბეწვის ჩამოვარდნის უფლებას არ მისცემდნენ არავის ნატოს წევრი სახელმწიფოები.
ამიტომ დადგა რუსეთისათვის დღის წესრიგში შეეჩერებინათ მიხეილ სააკაშვილი, რომელზეც არანაირი ზეწოლა არ მოქმედება. არც ეკონომიკური ბერკეტები, არც ემბარგო, ვარც ხალხის გამოყრა რუსეთიდან და არც გაზის მილების აფეთქება. საჭირო გახდა მისი შეჩერება სამხედრო ძალით, ვინაიდან თუ რუსეთი გაუშვებდა ამ დროს, მას უკვე საომარი მხოლოდ საქართველოსთან კი არა, არამედ მთელს პოსტსაბჭოთა შუა აზიასთან ექნებოდა, რაც უბრალოდ მის ძალებს აღემატებოდა და ამ შემთხვევაში მისი მარცხი გარდაუვალი იყო.
უბრალოდ მეცოდება ის ქართული საზოგადოების ნაწილი, რომელიც დღემდე თვლის, რომ 2008წ. ომი ეს იყო საქართველოს დაწყებული, ხოლო რუსეთმა მიიღო ის, რაც მათ უნდოდათ, აფხაზეთი და ცხინვალი. ან სააკაშვილმა ჩააბარა მათ ეს ტერიტორიები. ეს არის სიბრიყვისა და ინფანტილიზმის კლასიკური გამოვლინება. ასევე ქართული საზოგადოების ინფანტილიზმზე და მთელი ამ პროცესის ვერგაგებაზე მიუთითებს ის გარემოება, რომ ბუქარესტის ნატოს სამიტის გაკეთებული ჩანაწერი  "საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი", გახდა ხუმრობის სააგანი, "მაპზე მეტი მივიღეთ". რაც შეეხება ამ ჩანაწერის შინაარსს, ეს ნიშნავდა და ადასტურებდა, რომ საქართველო როგორც სახელმწიფო აღიარებული ხდება მსოფლიო გეოპოლიტიკური ბრუნვისთვის. საქართველო აღიარებულია გეოპოლიტიკურ მნიშვნელოვანების განმხორციელებელ სახელმწიფოდ. ის, რაც ქართველებისთვის ხუმრობა გახდა, რუსეთისათვის სასწრაფოდ ომის მზადებად და საქართველოს შეჩერების თემა გახდა, რაც რამდენიმე თვეში ომად მოგვევლინა. აქაც სჩანს ქართული საზოგადოების დიდი ნაწილის პოლიტიკური უმწიფარობა.
რაც შეეხება თავად ომს, ეს იყო იმის დასტური, რომ რუსეთი ომობდა საქართველოს შესაჩერებლად, არ გამხდარიყო საქართველოს ნატოს წევრი და არ გაემყარებინა თავისი გეოპოლიტიკური მდგომარეობა. რაც აღნიშნა კიდევაც რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა 2011წ. ნოემბერში."Если бы в 2008 году мы дрогнули, была бы уже другая геополитическая раскладка, и целый ряд стран, которые пытались искусственно затащить в Североатлантический альянс, скорее всего были бы там", - подчеркнул он, добавив, что появление военного блока у южных границ России вызвало бы "определенные неудобства". აი ამ სხვა გეოპოლიტიკის შემოქმედი არის მიხეილ სააკაშვილი.
გარდა ამისა, სწორედ ამ ომით დასრულდა ის საშინელი იურიდიული ეპოქა საქართველოში, როდესაც რუსეთი მოიაზრებოდა სამშვიდობო ძალებად თავისავე ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ჩვენი ტერიტორიული პრობლემები გახდა საერთაშორისო თემა, აღიარებულ იქნა როგორც ოკუპაცია. რუსეთს მიენიჭა საოკუპაციო სტატუსი. ხოლო საქართველომ მიიღო სამართლებრივი გარანტიები ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების კუთხით, მაშინ როდესაც არსებობდა კოსოვოს მაგალითი. ასევე საქართველოს გზა გაეხნა დასავლეთთან ინტეგრაციისკენ, ოკუპირებული ტერიტორიებით და არა შიდა ეთნოკონფლიქტებით, რაც ძალიან სერიოზული მიღწევა იყო იმ მდგომარეობიდან, რაც ომამდე არსებობდა.
ეს ე.წ. ეთნოკონფლიქტები სქართველოს ტერიტორიაზე რუსეთს მხოლოდ საქართველოზე ბერკეტებად სჭირდებოდა, რაზედაც ჯერ კიდევ 90-იან წლებში იზრუნა, მაშინ, როდესაც ქართვლებს თავები ჰქონდათ გაცხელებული და წარმოდგენა არ ჰქონდათ რას აკეთებდა რუსეთი. რუსეთი მაშინ უზრუნველყოფდა იმას, რომ დაებლოკა საქართველოს ნებისმიერი მცდელობა გასულიყო მისი გავლენის ზონიდან და გამხდარიყო გეოპოლიტიკური ბრუნვის ნაწილი და განეხორციელებინა თავისი ფუნქცია ერთიან გეოპოლიტიკურ ბრუნვაში. რუსეთი მაშინ ბლოკავდა საქართველოს ნაბიჯებს რაც მიხეილ სააკშვილმა გადადგა მოგვიანებით, ხოლო საქართველოს წარმოდგენა არ ჰქონდა ამ ყველაფერზე. სწორედ ამიტომაც გახდა უცხო მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკა ბევრი ქართველისთვის, ხოლო მიხეილ საკაშვილი იყო ის ერთადერთი პოლიტიკოსი საქართველოში, რომელიც ზუსტად პასუხობდა დასავლურ დისკურსს, რამაც მას შეაძლებინა აერიდებინა ქავეყნისათვის ის ახალი ანექსია, რასაც რუსეთი 2008წ. გეგმავდა. გეგმავდა იმისათვის, რომ შეეჩერებინა საქართველო, რომლითაც ის უზრუნველყოფდა მომავალში დაებლოკა ცენტრალური აზიის და ამიერკავკასიის გეოპოლიტიკური და ეკონომიკური აქტივობა. რაც პრაქტიკულად საბოლოოდ ჩაასვენებდა თეორიულ შანსსაც კი რუსეთის იმპერიის აღდგენის თაობაზე.
რა თქმა უნდა ამ პროცესში საქართველოსთან მარტო არ იყო. ჩვენთან ერთად მოქმედებენ აზერბაიჯანი და თურქეთი. ეს უკანასკნელი კი არის მთელი ამ პროცესის მამოძრავებელი ძალა და მთავარი სახელმწიფო. სწორედ ეს სტრატეგიული პარტნიორობა რუსეთმა გადაწყვიტა დაეშალა 2008წ. ომით. ძალიან ბევრი ომი და დაპირისპირება გვინახავს მთელი ამ 20 წლის მანძილზე, მაგრამ არცერთ ომს არ გამოუწვევია იმხელა გეოპოლიტიკური რეზონანსი როგორც 2008წ. ომს. მცირე ომმა, რომელმაც შეძრა მსოფლიო გეოპოლიტიკა და დააყენა დიდი საფრთხე, არამარტო საქართველოს უსაფრთხოების, არამედ ევროპის უსაფრთხოების ნაწილშიც. სწორედ ამის შემდეგ მოხდა გააქტიურება ევროპის ანტისარაკეტო ფარის გაკეთების, ამის შემდეგ დადგა ენერგო დივერსიფიცირების საკითხების განხორციელება და დასავლეთმა იგრძნო, რომ საკმაოდ ფრთხილად უნდა იყოს რუსეთთან მიმართებაში.
პოლიტიკოსი, რომელიც ამხელა რყევებს გამოიწვევს და დარჩება დისკურსში, არ ამოვარდება იქედან და უფრო მეტად დაახლოებს ქვეყანას მსოფლიო თანამეგობრობასთან, ის ნამდვილად არის ძლიერი პოლიტიკოსი. მე ვფიქრობ, არ არსებობს ისეთი თემა, რომელიც გადაფარავს მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს როგორც გეოპოლტიკური სუბიექტის ჩამოყალიბების თემას. ვფიქრობ ეს არის საუკუნეების განმავლობაში პირველად გადადგმული  ნაბიჯები ამ მიმართულებით და ასევე ერთერთი უდიდესი შანსი მოვახდინოთ ამის რეალიზება.
ჩვენი ბედისწერა ქართულ სახელმწიფოსთან ძნელი, მაგრამ იძულებითი იდენტობის ჩამოყალიბებაა. ჩვენ უნდა დავანგრიოთ ყველა ფსევდო მამის ფალიკური ძეგლი ჩვენს თავში, თუ გვინდა რომ შევქმნათ ქართული სახელმწიფო, რომლის არსებობაც მხოლოდ მის რეალიზებაშია შესაძლებელი. მუდმივ შრომასა და ბრძოლაში, რომელიც არასოდეს დასრულდება. აქ სიტყვა დაღლა არ არსებობს. ვისვენებთ მხოლოდ იმპერიის შემადგენლობაში.


ირაკლი მარგველაშვილი