Wednesday 8 July 2009

იქნებ ამიწონოთ ჩემი კუთვნილი თავისუფლება

(ნაწილი მეორე)

ფრთხილად მკითხველო! ეს ტექსტიც სვენებით საჭიროებს წაკითხვას, ვინაიდან ეს მეორე ნაწილია ჩვენი წერილის ”იქნებ ამიწონოთ ჩემი კუთვნილი თავისუფლება”. ამ ტექსტის გრამატიკა, ბუნდოვანია, ვინაიდან ის თქვენი გრამატიკაა, აღმოჩენილი გრამატიკა, რომელიც შექმენით იმ მეტაენაში, რომელმაც თავისუფლების არჩევანის პასუხისმგებლობა დაგაკისრათ და დაგატეხათ თავზე, საიდანაც გაქცევას ცდილობდით, თუმცა თქვენ შეცდით. რატომ? ქვემოთ იხილეთ.

ვისაუბროთ თავისუფლებაზე, როგორც ენის არჩევანის გრამატოლოგიაზე, სადაც მნიშვნელოვანი კოდირებებია, არაცნობიერი ინფორმაციაა და ეს ინფორმაცია ჩვენთვის მოწოდებულია, როგორც ეგზისტენციალური ინფორმაცია ერის სიცოცხლიუნარიანობის და თავისუფლების შესანარჩუნებლად. მთავარი ამ გრამატოლოგიაში არის ის, რომ ეს შენახულია, ეს ნატარებია და ჩვენამდე მოსულია ასეთი ინფორმაციის სახით, რომელიც სხვადასხვა გამოვლინებებში გვხდება. ამ ინფორმაციის მოწოდებამ, ამ გრამატოლოგიამ თავისთავად შექმნა თანამედროვე კრიზისი ჩვენს მენტალობაში. მეტაენაში შენახული ინფორმაცია რთულია, ძნელია და მისი გაგება გარკვეულ წინააღმდეგობებს იწვევს, ვინაიდან ინფორმაციამ ჩვენს ცნობიერში არაცნობიერიდან ამოაღწია.

შეიძლება ამ პროცესისთვის განვიხილოთ სხვადასხვა ეგზისტენციალური დრო, რომელიც ჩვენს ისტორიაში დამდგარა. საინტერესო ამ მხრივ არის მეოცე საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლები, ვინაიდან აქ მთავარი თავისუფლების არჩევანი და პასუხისმგებლობა ავიღეთ 1991წ. 31 მარტს.

ამ თავისუფლების არჩევანმა და პასუხისმგებლობამ ბევრი წინააღმდეგობა გამოიწვია, უამრავი იგავი გაააქტიურა და გარკვეული გრამატოლოგიური პრობლემებიც შეგვიქმნა არაცნობიერ არჩევანსა და გაკეთებული არჩევანის, მიღებული გადაწყვეტილების მართებულობის კუთხით. სწორედ ამ არჩევანის შემდეგ დავიწყეთ იმაზე ფიქრი, რამდენად მართებულად იყო ეს არჩევანი გაკეთებული.

საქართველოს თავისი ისტორიის მანძილზე არასოდეს არ ჰქონია ისეთი საყოველთაო არჩევანის გაკეთების პრაქტიკა, როგორიც 1991წ. 31 მარტს გაკეთდა. სწორედ ამ დღეს მოხდა არჩევანის გაკეთება თავისუფლებასა და მონობას შორის. ეს საყოველთაო არჩევანი იყო. მანამდე და მათ შორის 1918წ. 26 მაისსაც ეს არჩევანი ასეთი საყოველთაო არ იყო. შესაბამისად პასუხისმგებლობას სწორედ იმ ხალხს აკისრებდნენ ვინც მოცემულ სიუჟეტურ დროში ამ თავისუფლების არჩევანის სათავეებთან აღმოჩნდებოდა. მიუხედავად იმისა, ესენი მეფეები იყვნენ, თუ 1918წ. ხელისუფლება. მცირეოდენი სიმშვიდე ისადგურებდა ამ პასუხისმგებლობასთან მიმართებაში და მიუხედავად იმისა, რომ ეს პასუხისმგებლობა გავაჩნდა მაინც შესაძლებელი ხდებოდა პირადი პასუხისმგებლობის მომენტი მიჩქმალული ყოფილიყო და არაცნობიერში ღრმად გადასროლილი.

აბსოლუტურად საწინააღმდეგო რამ მოხდა 1991წ. 31 მარტს, საერთო სახალხო რეფერენდუმი კითხვით ”გსურთ თუ არა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა 1918წ. 26 მაისის აქტის საფუძველზე”.

შეიძლება ითქვას ამ საკითხზე არჩევანის გამოხატვა 2 ჯერ მოგვიწია 1990წ. 28 ოქტომბერს, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ჩაიბარა ზვიად გამსახურდიას ბლოკმა ”მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო”, რომლის პროგრამის ძირითადი დებულება სწორედ დამოუკიდებლობის მიღწევა იყო. როგორც ზემოთ ვთქვი 1991წ. 31’ მარტის რეფერენდუმი, უკვე კონკრეტული პირადი პასუხისმგებლობის აღება იყო და პირადი არჩევანი. ამის შემდეგ ჩვენ ამ თავისუფლების უსაფრთხოებასაც მივეცით ხმა 2008წ. 5 იანვარს, ნატოში შესვლაზე თანხმობა განვაცხადეთ.

ჩვენთვის საინტერესო ამ შემთხვევაში არ არის ამ ფაქტების იურიდიული ასპექტები, არამედ მენტალური არჩევანია. შეიძლება ითქვას, დროში ეს გამოჩნდა, როგორც თავისუფლების გაუცნობიერებელი არჩევანი. ეს იყო დაფარული კოდირებული არჩევანი თავისუფლებაზე, რომელმაც რამდენიმე თვეში სამოქალაქო ომამდე მიგვიყვანა. ყველა ის ფაქტი, რაც ამ ომს წინ უძღოდა, ჩემის აზრით მხოლოდ შექმნილი პროტესტის გარეგნული ფასადი იყო, ხოლო ძირითადი პროტესტი, სწორედ იმ პასუხისმგებლობამ გამოიწვია, რა არჩევანიც 1991წ. 31 მარტს ქართველმა ერმა გააკეთა.

ყველა ადამიანმა, ვინც მონაწილება მიიღო ამ რეფერენდუმში აიღო პირადი პასუხისმგებლობა ამ თავისუფლებაზე. სწორედ ამ პასუხისმგებლობის აღებამ დააფრთხო და შეაშინა, ვინაიდან შეიქმნა განცდა, რომ ის თავად გახდა გადაწყვეტილების მიმღები და თითოეული ადამიანი, ვინც ეს არჩევანი გააკეთა დადგა იმ საფრთხის წინაშე, რაც ამ თავისუფლებას რუსეთის იმპერიიდან დაემუქრა. ამ საფრთხის წინაშე დამდგარი პიროვნება, იძულებული გახდა როგორმე მოეცილებინა ის ადამიანი, ვინც ამ არჩევანის შეთავაზება გააკეთა. ეძებნა ისეთი ადამიანი, რომელიც მის პასუხისმგებლობას თავად აიღებდა თავის თავზე. მოიძებნა კიდევაც, ჯაბა იოსელიანი, თენგიზ კიტოვანი, თენგიზ სიგუა, ედუარდ შევარდნაძე და საბჭოთა ელიტა. სწორება მათზე გაკეთდა.

რეფერენდუმის მონაწილე ცდილობდა ილუზორული ფარის შექმნას ამ პასუხისმგებობაზე, ამ შიშზე და ძრწოლაზე იმპერიის მიმართ. ძალიან საინტერესოა ზოგადი ფრაზის ჩამოყალიბება, რომელიც 1991წ. 22 დეკემბერის შემდეგ გაჩნდა. ეს ისტორიული თარიღი არის პასუხისმგებლობის მოცილების მცდელობის და რუსეთის იმპერიის რღვევის თარიღი, რომლის შემდეგაც ყველა რესპუბლიკამ სსრკ-ს შემადგენლობაში მიიღო დამოუკიდებლობა. მაშინ გაჩნდა ასეთი ფრაზა: რატომ არ შეიძლებოდა ჩვენც მათსავეთ მიგვეღო დამოუკიდებლობა, ერთ მშვენიერ დღეს გაგვეღვიძებინა თავისუფალ სახელმწიფოში. ვფიქრობ საინტერესო დისკურსია. ეს მოსაზრება-ფრაზა ნათლად გამოხატავს იმ პასუხისმგებლობიდან გაქცევას, რომელიც 1991წ. 31 მარტს რეფერენდუმში მონაწილეობით აიღო მასში მონაწილე ადამიანებმა. მთელი შემდეგი პერიოდი 1991წ. 22 დეკემბრიდან ჩვენს მენტალობაში სწორედ ამ პასუხისმგებლობიდან გაქცევის მცდელობაა და ეს გაცევა შეიძლება დავყოთ ეტაპებად.

1. პასუხისმგებლობის თავიდან აცილების აქტიური ფაზა, რომელსაც სამოქალაქო ომი მივუძღვენით.
2. სამოქალაქო ომის შემდეგ შევარდნაძის კომუნისტური დისკურსის (1991წ. 31 მარტის რეფერენდუმის პასუხისმგებლობაზე) ჩანაცვლება და მცირედი სიმშვიდე.
3. 2003წ. ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ ამ პასუხისმგებლობისკენ მიბრუნება, მხოლოდ იმ პირობით, რომ ეს პასუხისმგებლობა აღებული 1991წ. 31 მარტს, ერთ პიროვნებას, არჩეულ პრეზიდენტს ეკუთვნის.

პირველი ეტაპი 1991წ. 22 დეკემბრიდან 1993წ. 31 მარტამდე გაგრძელდა და ის დაგვირგვინდა ამ არჩევანის შემთავაზებელი პრეზიდენტის (ზ. გამსახურდიას) სასიკვდილო აქტით, რომელზეც კათარზისიც არ გვიგვრძვნია. ეს იყო ჩვენი აღებული პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლების იძულებითი აქტი.

ჩემთვის დღესავეთ ნათელია, 1991წ. რეფერენდუმზე აღებულ პასუხისმგებლობის შიში, იმდენად ძლიერი იყო, რომ ავირჩევდით ნებისმიერ პიროვნებას, ვინც შემოგვთავაზებდა ამ არჩევანის შემთავაზებელი ადამიანის მოშორებას და ამ პასუხისმგებლობისგან ხსნას. ის მეტაენა, რომელიც ამ არჩევანის სახით შემოგვთავაზა ზ. გამსახურდიამ იმდენად გაუგებარი და გრამატოლოგიურად იმდენად ბუნდოვანი და საშიში აღმოჩნდა, რომ მზად ვიყავით ყველაფერზე წავსულიყავით, ეშმაკსაც კი შევკროდით, ოღონდ ეს ყველაფერი თავიდან აგვეცილებინა. არჩევანიც შესაბამისი იყო. ჯაბა იოსელიანი, თენგიზ კიტოვანი, თენგიზ სიგუა, ედუარდ შევარდნაძე და საბჭოთა ელიტა მთელი საბჭოთა დისკურსი, მთელი საბჭოთა მენტალობა წარსდგა ჩვენს წინ და ჩვენ ეს მივიღეთ, ვინაიდან მათ ილუზორულად გადავაბარეთ ეს პასუხისმგებლობა, რომელიც ავიღეთ 1991წ. 31 მარტს.

გადავაბარეთ, თავიდან ავიცილეთ ამ არჩევანის მიერ გამოწვეული პასუხისმგებლობა. ეს რომ ასე იყო, ბევრი ფაქტი ადასტურებს ამას. 1991წ. სამოქალაქო ომის საწყისი 1991წ, 2 სექტემბერს ”დემოკრატიული ღირებულებების” შელახვა გახდა, ე.წ. ”მიტინგის დარბევა”, ხოლო სამოქალაქო ომის შემდეგ მსგავსი ფაქტი არაერთხელ, ათეულობით დაფიქსირდა, თუმცა ამაზე პროტესტი აღარ ყოფილა, ვინაიდან ამ სამოქალაქო ომის მთავარი ბაზისი, სწორედ პასუხისმგებლობისგან გაქცევა იყო და არა დემოკრატიული ღირებულებების დარღვევა. ეს იყო ავანტიურისტების (იოსელიანი, კიტოვანი სიგუა, შევარდნაძე, საბჭოთა ელიტა) მიერ ილუზორული შეთავაზება აღებული პასუხისმგებლობის გადაბარებაზე, რაზედაც თანხმობა განვაცხადეთ. ამის ქვეტექსტი, ამ ყველაფრის კონტექსტი იყო შემდეგი ფრაზა: რატომ არ შეიძლებოდა ჩვენც მათსავეთ (სხვა საბჭოთა რესპუბლიკებივით) მიგვეღო დამოუკიდებლობა? ერთ მშვენიერ დღეს გაგვეღვიძებინა თავისუფალ სახელმწიფოში? რაში გჭირდებოდა ეს აქტიურობა და ზედმეტი მოთხოვნები. ამ ”გადაბარების” შემდეგ სრულიად დაგვავიწყდა ის ღირებულებები, რის გამოც თბილისი დავწვით.

ასე დადგა თავისუფლების არჩევანის პასუხისმგებლობისგან ”განთავისუფლებული” ადამიანებისათვის ილუზორული სიმშვიდის ხანა 1993წ. 31 დეკემბრიდან 2003წ. 23 ნოემბრამდე. შემდეგ სხვა ფაზაში გადავედით. ეს ზურგზე მოკიდებული პასუხისმგებლობა გადავაბარეთ ერთ კაცს, დღევანდელ პრეზიდენტს. სწორედ მას ავკიდეთ ეს პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენს მიერ იქნა აღებული 1991წ. 31 მარტს.

ამ თავისუფლების არჩევანზე ხელმოწერის შიში კვლავ ძლიერია. პასუხისმგებელი იმპერიის წინაშე, ჩვენს წინაშე, ჩვენი მომავლის წინაშე ერთი კაცია, რომელმაც დაიწყო ამ თავისუფლების არჩევანში ქმედება და კვლავ ”მოგვატყუა”. კვლავ გავაკეთეთ არჩევანი და ეს არჩევანი უკევე დასავლეთისკენ მისწრაფებაა, ნატოში შესვლაა, რაც ქვეყნის უსაფრთხოების და მშვიდად ცხოვრების გარანტია უნდა გახდეს. ჩვენ ამაზეც ავიღეთ პასუხისმგებლობა 2008წ. 5 იანვარს პლებისიტზე, სადაც დასავლურ კურსს, ნატოში შესვლას მივეცით ხმა, მაგრამ იმპერიის მიერ ამაზე საშინელმა აგრესიულმა რეაქციამ ისევ დაგვაფრთხო. ისევ ვცდილობთ გავექცეთ პასუხისმგებლობას. იმპერიის რეაქცია უმწვავესი იყო. ომი დაგვიწყეს 2008წ. აგვისტოში. ტერიტორიები დაიპყრეს და მაშინვე გავიხსენეთ 2003წ. ჩვენს მიერ აღებული პასუხისმგებლობის ერთ კაცზე გადაბარების მენტალური არჩევანი. ეხლა ყველაფერი მისი (პრეზიდენტის) ბრალია. არ დაიცვა ბალანსი დასავლეთსა და რუსეთს შორის, ვერ აგვაცილა ომი. მერე რა, რომ ჩვენ ნატოში შესვლას ხმა მივეცით, მერე რა, რომ დასავლური კურსი ავირჩიეთ და რუსეთი სწორედ ნატოს გაფართოებას ეწინააღმდეგება და ამაზე საშინელი აგრესია აქვს? 2003წ. ხომ მან აიღო ჩვენი წილი პასუხისმგებლობაც. ეს ხომ მას გადავაბარეთ. აი დისკურსი, რომელიც მოქმედებს, რომელშიც გვინდა კვლავ გამოვშუშდეთ, ისევე როგორც გამოვშუშდით 1993წ. 31 მარტიდან 2003წ. 23 ნოემბრამდე კომუნისტურ- პარტოკრატიულ-ნომენკლატურულ დისკურსში.

რუსეთის მიერ ტერიტორიების დაპყრობა მისი (პრეზიდენტის) ბრალია და არა რუსეთის. მაშინ, როდესაც მეორე ფაზაში, 1993წ. სიმშვიდეში ამ პასუხისმგებლობის ”გადაბარების”, მისგან ”განთავისუფლების” ილუზიაში მყოფებმა ჯაბა იოსელიანს, თენგიზ კიტოვანს, თენგიზ სიგუას, ედუარდ შევარდნაძეს და საბჭოთა ელიტას არ მოვთხოვეთ პასუხი აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაკარგვაზე. ვინაიდან ჩვენ პასუხისმგებლობა ”აღარ გვქონდა”, მიუხედავად იმისა, რომ იმაზე 10 ჯერ მეტი ტერიტორიები დაიპყრეს რუსებმა, ვიდრე ეს მოხდა 2008წ. აგვისტოში.

აქ საუბარი არ გვაქვს იურიდიულ, პოლიტიკურ ან სხვა სახის ქმედებაზე და კონკრეტულ ფაქტებზე, ან ვინმეს გამართლება არ გამართლებაზე, აქ საუბარი ჩვენზეა, ჩვენს პასუხისმგებლობაზეა, ჩვენს წილი თავისუფლების არჩევანზეა, იმ არჩევნაზე, რომლისგანაც გაქცევას ასე საშინლად ვცდილობთ და მთელი ეტაპები გავიარეთ ამ პასუხისმგებლობისგან თავისდასაღწევად.

ერთს კი ვიტყვი. 1993წ. 27 სექტემბრის სოხუმის დაცემის შემდეგ (ჩვენს მიერ არჩეულმა ავანტიურისტებმა) შემოგვთავაზეს ბანერი ”აფხაზეთი ჩვენი ტკივილია”, ”სამაჩაბლო ჩვენი ტკივილია”. ჩვენს დავკმაყოფილდით, იყოს ტკივილი, სადღაც. მთავარი ხომ ისაა, რომ ფიზიკურად ამ ტკივილს ვერ ვგრძნობთ, ფიზიკურად არ გვტკივა. რა მოხდა 2008წ. აგვისტოში, რატომ ავყვირდით? რატომ დავაბრალეთ ერთ კაცს ყველაფერი? იმიტომ ხომ არა, რომ ეს ბანერი ჩვენს გულში შევიდა და ის გვეტკინა ფიზიკურად? თუ ისევ გაგვახსენდა და მივუბრუნდით ჩვენს წილ თავისუფლების პასუხისმგებლობას? იმიტომ ხომ არა, რომ ისევ დადგა ვებერთელა იმპერიიის წინაშე მარტოდმარტო ჩვენი წილი თავისუფლებაზე აღებული პასუხისმგებლობა?

დიახ, მეგობრებო. დამთავრდა ბანერის დრო, ეს ტკივილი ფიზიკურია უკვე. 1991წ. 31 მარტს გაკეთებული არჩევანის პასუხისმგებლობა ისევ ჩვენი გახდა. ის სხვას ვერ გადავაბარეთ, ის ჩვენია, მას ვერ ამოვჩეხავთ დამოუკიდებლობის აქტიდან, რომელიც მენტალური ხელმოწერით გავაკეთეთ. ჩვენ მარტოდმარტო, ჩვენი წილი პასუხისმგებლობით ვდგავართ უბოროტესი იმპერიის წინაშე და ვითხოვთ ჩვენს წილ თავისუფლებას, რომელზეც პასუხისმგებლობა ავიღეთ. აი ამიტომ ვკივივართ, აი ამიტომ ვაწყობთ აქციებს, ისევ ვცდილობთ ამ არჩევანისგან გაქცევას. ეს ჩვენს შეგნით ხდება. ეს არაცნობიერში ხდება, რომელიც უამრავ ფაქტებს იფარებს წინ და იმით აპელირებს. ილუზიაში ვართ. ჩვენ უკვე მივიღეთ ის პასუხისმგებლობა და მას ვერავის მივსცემთ. ის ჩვენს შვილებს და შვილიშვილებს გადაეცემა. ეს მემკვიდრეობითი პასუხისმგებლობაა. ვერ გავიქცევით. ეს არჩევანი ”ქართლის ცხოვრების” ტექსტის ნაწილია, რომელშიც თითოეული ჩვენგანი შევედით ჩვენი პასუხისმგებლობით, ჩვენი არჩევანით თავისუფლებისადმი, ჩვენი არჩევანით დასავლეთთან ინტეგრირებისათვის. ეს უკვე ისტორიაა და იქედან ვერაფერს ამოვჩეხავთ. იქ ჩვენი, ჩვენი თაობის, ჩვენი ეპოქის გენიალური ხელმოწერა დაფიქსირდა. ამის ამოშლა ვერ მოხერხდება, ამიტომ ტყუილად ვცდილობთ, ტყუილად ვფართხალებთ. ვერ გავიქცევით, ვინაიდან ჯერ არ მოხდარა ისტორიიდან რაიმე ტექსტი ამოშლილიყოს. დიახ, ბატონებო! თქვენ აგიწონეს თქვენი კუთვნილი თავისუფლება. შეცდით?!


8.07.09წ.