Sunday 22 March 2009

1991-2009 პარალელური მოვლენები

ვფიქრობ საინტერესოა გავავლოთ პარალელები დღევანდელ შიდა პოლიტიკურ დაპირისპირებასა და 18 წლის წინ განხორციელებულ სამოქალაქო დაპირისპირებას შორის. თუ მოვლენების განვითარებას კარგად დავაკვირდებით ძალიან შესამჩნევ მსგავსებას აღმოვაჩენთ რამდენიმე საკითხში და შეიძლება ითქვას საერთო ჯამში ერთ სცენარს მივიღებთ. შეიძლება მოვლენები დავყოთ რამდენიმე ჯგუფად და ქვეჯგუფად, რომელიც ამ მსგავსებას ხელშესახებს გახდის.


1. მოთხოვნა. პრეზიდენტის გადადგომა. პარალელი პრეზიდენტის გადადგომა.
მოთხოვნის საფუძვლები: დემოკრატიის ნაკლებობა, გამსახურდია შევარდნაძის ალიანსი, ანუ ირიბად გამსახურდიას დადანაშაულება რუსეთთან კავშირში. ქართული ვაჟკაცობის შებღალვა. იგულისხმება მოსკოვის პუტჩის დროს გამსახურდიას მიერ გვარდიის დაქვემდებარება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, რაც გამოწვეული იყო იმით, რომ საბჭოთა რესპუბლიკებს ეკრძალებდათ (სსრკ-ს კონსტიტუციით, მისი სამართლებრივი სივრცის ნაწილი ვიყავით 1991წ. აგვისტოში მიუხედავად გამოცხადებული დამოუკიდებლობისა) საჯარისო შენაერთების ყოლა და პუტჩის გაგრძელების შემთხვევაში პირდაპირი სამხედრო დარტყმის ქვეშ აღმოჩნდებოდა საქართველოს გვარდია, ხოლო რუსული ბაზები ყოველ ფეხის ნაბიჯზე იყო საქართველოში განთავსებული. ამან გამოიწვია თითიდან გამოწოვილი მითი, რომ თურმე შეურაცხყვეს ქართული ვაჟკაცობა და იურიდიული მანევრი, რომელიც სწორი იყო აბსოლუტურად, გახდა რკონში და მერე თბილისის ზღვაზე მათი გახიზვნის საბაბი. პარალელები: “სააკაშვილი რუსეთის კაცია”, “ომში 2 დღეში დავმარცხდით”, შეიბღალა ქართული ვაჟკაცობა. მნიშვნელობა არ ენიჭება იმ ნაწილს ქმედებებისა, რომ ეს ყველაფერი შეიძლება ორივე შემთხვევაში ქვეყნის გადარჩენას და უშუალოდ მოსახლეობის დაცვის იდეას ემსახურებოდა.


2. შიდა დაპირისპირება 1991წ. 2 სექტემბრის მიტინგის დარბევის შემდეგ თვისობრივად ახალ რეგისტში ავიდა. როგორც გაირკვა ეს ყველაფერი ძალიან კარგად მოფიქრებული პროვოკაცია იყო ეროვნულ დემოკრატიული პარტიის მიერ მოწყობილი და პროვოკაციის ავტორი გელა ლანჩავა შემდეგ ქ. თბილისის კომენდანტი იყო. პარალელი- სერიოზულად დაგეგმილი და განხორციელებული პრ-აქცია 2007წ. ნოემბერში, სადაც ხელსუფლებამ საკმაოდ უხეში პროვოკაციით მოახდინა დაპირისპირების ესკალაცია. თუმცა ინფორმაციული წყაროების უქონლობის გამო მხოლოდ ვარაუდების გამოთქმა შეიძლება, რამდენად იყო ეს აქციები გარედან ისნსპირირებული პირდაპირ თუ ირიბად. თუმცა კარგად ჩანდა 1991წ. და 2003წ. რევოლუციის ნიშნები და რევანშისტული ქმედება.


3. ძალიან საინტერესოა იდეოლოგიური საკითხებისადმი ერთგულება. 1991წ. საც და დღესაც ძალიან აქტუალურია საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე გადასვლის მოთხოვნა. თავისთავად საპარლამენტო მოდელი ცუდს არაფერს გულისხმობს, მაგრამ იმ ქვეყნებში, სადაც ეს მოდელი მუშაობს იდეოლოგიურ საფუძვლად ნამდვილად არ უდევს ის, რომ საპრეზიდენტო მოდელი დემოკრატიული ქვეყნის განვითარებას როგორმე ხელს უშლის. რაც შეეხება პარალელებს. 1991წ. საპარლამენტო რესპუბლიკაზე გადასვლის მოთხოვნები იყო. თიუთქოს დემოკრატიის განხორციელებას ხელს უშლიდა პრეზიდენტის დიდი უფლებამოსილება. 1992წ. პუტჩის შემდეგ 1992წ. შემოდგომაზე 11 ოქტომბერს არჩევნების შედეგად მივიღეთ რაღაც ჰიბრიდული სახელმწიფოებრივი მოდელი, რომლის მსგავსი ვფიქრობ მსოფლიოში არ არსებობდა. კერძოდ პირაპირი არჩევნების გზით, არჩეულ იქნა პარლამენტის თავმჯდომარე (ე. შევარდნაძე) უკონკურენტოდ, სხვა კანდიდატი არ არსებობდა, ხოლო არჩეულმა პარლამენტმა შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარე აირჩია სახელმწიფოს მეთაურად, რომელსაც არანაკლები უფლებამოსილება ჰქონდა ვიდრე პრეზიდენტ გამსახურდიას, რომელიც ხელისუფლების უზურპაციაში დაადანაშაულეს. სხვათა შორის იმ დროს სწორედ დღევანდელი დემოკრატიის პორპოსტები რესპუბლიკური პარტია, ქარტია 91 და კიდევ სხვები ითხოვდნენ საპარლამენტო მოდელს. თუმცა რა ჰიბრიდი შემოგვთავაზეს 1992წ. 11 ოქტომბერს ამაზე საუბარიც არ ღირს. ხოლო 1995წ. ახალ კონსტიტუციაში, სხვათა შორის რესპუბლიკური პარტიის დიდი მონაწილეობით მიიღეს კონსტიტუცია, რომლის თანახმადაც საქართველო ჩამოყალიბდა კლასიკურ საპრეზიდენტო რესპუბლიკად. საკითხავია რას ითხოვდნენ 1991წ. და რა გააკეთეს 1995წ. ან რას ითხოვენ 2008-2009 წლებში. მაშინდელი და დღევანმდელი მოთხოვნები ძალიან ჰგავს ერთმანეთს, თუ პირდაპირი ასლი არ არის.


4. ასევე ნიშანდობლივია ის მსგავსება, რომ რუსეთთან საკმაოდ დაპირისპირებული გამსახურდია აღმოჩნდა ოპოზიციურ ჩიხში. რუსეთი მაშინაც ფარულად და არა ასე აშკარად, როგორც ეს ეხლა ხდება მხარს უჭერდა პრეზიდენტის დამხობას, მიიღო მისი დამხობის პროცესში ფაქტიური და ირიბი მონაწილეობა. გამსახურდიას დამხობის გეგმა შემუშავებულ იქნა ბურბულისის ჯგუფის მიერ, ისევე როგორც აბულფაზ ელჩიბეის, ცოტა მოგვიანებით აზერბაიჯანში. ამ ოპერაციაში ფაქტიური მონაწილეობა მიიღო კავკასიის სამხედრო ოლქმა, სეფიან ბეპაევის უშუალო მხარდაჭერით. ცნობილია, რომ სიგუა კიტოვანის შტაბიც ზაკვოს შენობაში იყო განთავსებუილ;ი სასტუმრო თბილისის დაწვის შემდეგ. ვფიქრობ, რუსეთის დღევანდელი მზაობა, რომ სააკაშვილი გადადგეს არაერთხელ დაფიქსირდა თავად რუსეთის უმაღლესი პირების მიერ, პრეზიდენტის ჩათვლით. რატომღაც საეჭვოდ ემთხვევა ქართული და რუსული მოთხოვნები, როგორც მაშინ ასევე ეხლაც. ვიცი ამას რომ ვწერ, იქნება დიდი კივილ-წივილი, მაგრამ ვიდრე ამას გააკეთებდეს მავანი, კარგად დაფიქრდეს და ყურადღებით წაიკითხოს ჩემი შეკითხვა: რატომ ემთხვევა ეს მოთხოვნები დროში და სივრცეში ერთმანეთს. რითია განსხვავებული ეს მოთხოვნები ერთმანეთისგან? არის თუ არა მასში ერთი მიზანი, მითუმეტეს, რომ მოთხოვნების შესრულების შემდეგ შედეგი ერთი დადგება. ან ძალიან მაინტერესებს თუ სააკაშვილს არა აქვს უფლება იყოს პრეზიდენტი ომის წაგების შემდეგ, ის ლაჩარია, იდიოტია და პროვოკაციაზე წამოაგო ქვეყანა, მაშინ რუსეთის და ქართული ოპოზიციის მოთხოვნები რატომ არის ერთიდაიგივე? იმისათვის, რომ ამ შეკითხვების პასუხი მივიღო და გიპასუხოთ, მასზე ჩემი პასუხი გაცემულია უკვე და შეგიძლიათ იხილოთ აქ.
http://joaoscorner.blogspot.com/2009/02/blog-post_14.html

http://joaoscorner.blogspot.com/2009/02/blog-post_14.html

http://joaoscorner.blogspot.com/2009/02/blog-post_18.html

5. ძალიან საინტერესოა განვიხილოთ პრეზიდენტის გადაყენების სქემა და ნიშნები. რა ნიშნები გვქონდა 1991წ. რა ნიშნები არის დღეს 2009წ. მარტში. ზოგადად რა სწირდება ხელისუფლების კონსტიტუციის გარეშე ცვლილებას.

ა) შიდა სამოქალაქო დაპირისპირება
ბ) ხელისუფლების ვერტიკალის გახლეჩვა
გ) საგარეო მხარდაჭერა (ჩარევა).

განვიხილოთ ცალცალკე. ა) ვარიანტი ჯერჯერობით სახეზე არ გავაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ვხედავთ ნიშნებს, რომელიც ოპოზიციურ პროპაგანდაში გამოიხატება მხოლოდ, და მაქსიმალურად მიდის ამ დაპირისპირების წარმოქმნის რეალურობასთან მიახლოების მცდელობა.

ბ) ვარიანტი სახეზე არ გვაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციურ პროპაგანდაში ჩნდება სტატიები ჯარში უკმაყოფილების შესახებ. ჯერჯერობით შავნაბადაზე და რკონში მათ გადაადგილებას ვერ ვხედავთ.

გ) ვარიანტი დასავლეთის მიმართ არ გვაქვს. დაინგრა ჩვენს საბჭოთა ცნობიერებაში, ან უნდა დანგრეულიყო ის ხატი, რომელიც თურმე ამერიკაში ახალი პრეზიდენტების გამოჩეკვის პროცედურას გულისხმობს. თუ არ დაინგრა, მით უარესი. ბრაზას ჩამოსვლაზე ჩვენს მიერ გაიხსნა თემა და ასევე განხილულ იქნა ის დისკურსი, რომელიც ამ ჩამოსვლამ შემოგვთავაზა.



რაც შეეხება რუსულ საგარეო მხარდაჭერას, ეს გარკვეულწილად თანაგრძნობის სახით ჯერჯერობით ჩანს. ამის დასტურია ლავროვის გამოსვლა.

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/....html&hd_line=1

სერგეი ლავროვი - იმედი მაქვს, საქართველოს ეყოლება პირველი პირი, რომელიც მეზობლების პატივისცემას შეძლებს



იმედი მაქვს, საქართველოს ეყოლება პირველი პირი, რომელიც შეძლებს, პატივი სცეს საკუთარ ერს მეზობლებს და მოახერხებს ურთიერთობის გამოსწორებას, - ქართული ტელეკომპანიების ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ბრიუსელში მიმდინარე კონფერენციაზე განაცხადა.

ამ განცხადებაზერ ძალიან უხეირო იყო ერთერთი ოპოზიციური ლიდერის განცხადება, კერძოდ ირაკლი ალასანიასი, რომელმაც გარკვეულ წილად უხერხულობაში მყოფმა განაცხადა, რომ ეს გამოსვლა არაფრით არ უკავშირდება 9 აპრილის საპროტესტო გამოსვლებს და განცალკევებულია თურმე ამ მოვლენებიდან. ნუ ლავროვს რომ რაღაცეები ესიზმრება ეს კიდევ ცალკე თემაა. თუ საპროტესტო გამოსვლები არ იქნება და მშვიდობა იქნება საქართველოში ხელისუფლება როგორ უნდა შეიცვალოს რასაც ელოდება რუსეთის მთავრობა არ ვიცი. სახუმარო კითხვა ალასანიასთვბის ასე გამოიყურება, არც ირიბად არ იგულისხმა ეს საპროტესტო ტალღა ლავროვმა?

აქედან ნათლად ჩანს, როგორი სურვილია რუსული პოლიტიკიდან ქართული საპროტესტო გამოსვლების განცალკევება, მაგრამ ეს უფრო და უფრო რთუდება, იმის გამო, რომ ერთის მხრივ, ოპოზიციურ პრ-ში დამკვიდრებული ლოზუნგი "ჩავშალოთ სააკაშვილ პუტინის ბინძური ალიანსი", აშკარად არ წყალობს პუტინის საჯარო გამოსვლა, სადაც ის ერთი ყვერით კი არა ორი ყვერით დაკიდებას უპირებს სააკაშვილს. ჩვენი ოპოები რას აპირებენ? რაშია განცალკევება ამ პოლიტიკების? ისინი ცდილობენ რომ ყვერებით კი არ დაკიდონ სააკაშვილი, როგორც ეს პუტინს უნდა, არამედ კისრით, განა პატარა განსხვავებაა? ან სხვა რამით. ...

ძალიან საინტერესო იყო ბოლო ხანებში კონტრდაზვერვის შეფის ბეჟუაშვილის გამოსვლა პარლამენტში და რუსეთის ღია აგრესიაზე, როგორც საჯარო, ასევე ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ხელისუფლების დამხობის მცდელობაზე მინიშნება და ამ ყველაფერზე ირაკლი ალასანიას განცხადება და მყისიერი რეაქცია. თქვით, გაამხილეთ ვინაა ეს რუსული ლობიზმით დაინტერესებული მხარე ოპოზიციაში.

ეს არის საკვანძო განცხადება. ვფიქრობ, ერთადერთია ჯერჯერობით ოპოზიციური სპექტრიდან. ძალიან მაგონებს ეს ყოველივე კარლ იუნგის სიტყვიერი ტესტების მეთოდიკას, რომელიც თავისთავად იქნა გამოყენებული. ამ შემთხვევაში პაციენტი არის ირაკლი ალასანია. რომელსაც კომპლექსი აუმუშავდა, როდესაც ამ რუსულ თემაზე მესიჯები გაისმა. ჯერ ხომ მხოლოდ მესიჯები ისმის. მესიჯებზე კომპლექსის გამოხატვა, ანუ რეაქციის მოხდენას მე პირადად კარგ ტონად ვერ ჩავთვლი. დაფრთხა და კომპლექსი ამუშავდათქო ასე მგონია. რავიცი შესაძლოა ვცდები, მაგრამ საუბარი როდესაც მეთოდიკებზეა (ედგარ პოეზეა გალაკტიონი) აქ შეცდომები ნაკლებად იპარება ხოლმე, მითუმეტეს თუ კარგად იცნობს ვინმე კარლ იუნგს, სწორედ ამ მეთოდიკაზე დაყრდნობით იქნა აღმოჩენილი კოლექტიური ქვეცნობიერი.

ლავროვმა ისე ჩააკუკა ოპოზიციურ კარნავალში, რომ შეიძლება ითქვას ენის გრამატიკაა არაა საკმარისი, ოპოზიციური და რუსული თამაშის განცალკევების. დიდი მცდელობები და წვალებებია ამ ყველაფერში ჩართული, მაგრამ როდესაც გრამატიკა არაა საკმარისი, ამის განცალკევება შეუძლებელია. იგნორიც არ გამოდის, და აქ კიდევ მახეებია დისკურსული ერთიანობის.

"ბოლოს ვიტყვი, რომ ამ რუსული თამაშის სუბიექტი არის თავად ეს თამაში, ის თამაშობს თავად ამ თამაშს, ხოლო ჩვენ მასში შანსი არ გვაქვს. ჩვენ ვართ ობიექტები ამ თამაშის. ამ თამაშს ყავს მაყურებელთა დარბაზები, რომელთა გარეშე თავად ეს თამაში არ შედგებოდა. ჩვენი მიზანი უნდა იყოს ამ თამაშის რევიზია და მისი გაგება, გახსნა. დღეს ვფიქრობ, რომ მაინც ამ თამაშს ვთამაშობთ. ჩვენ კვლავ მივისწრაფით უკვე ამ თამაშში შესრულებული როლების კიდევ ერთხელ განმეორებისაკენ. აი ასე დაძრწის ავანსცენაზე ჰამლეტის მამის აჩრდილი, იგივე სსრკ, კიდევ ერთ გამოვლინებაში."

http://joaoscorner.blogspot.com/2009/02/blog-post_18.html

Wednesday 11 March 2009

საქართველო, როგორც გეოპოლიტიკური მოთამაშე

დღეს ბევრი მითქმა მოთქმაა იმის შესახებ, რომ დასავლეთმა გაგვყიდა, ამერიკამ შეგვეშვა.... თავად ამ ფრაზების მიღმა იმალება ის, რაც თავად ამ ფრაზებს ენობრივ დატვირთვას უკარგავს. ამ ენის დისკურსი ფეთქდება. რას ვგულისხმობთ ამ ფრაზაში. გარკვეულწილად ქვეცნობიერეის დონეზე მაინც არის შეთვისებული ის მოვლენა, რომ საქართველო დღეს მსოფლიოში ერთერთი გეოპოლიტიკური მოთამაშეა. ასეთად იქცა და ეს არის რეალობა. თუმცა ამის დაჯერება თავად ქართველებს უძნელდებათ. რატომ? საინტერესო კითხვაა და მასზე პასუხი აუცილებლად გასაცემია. ამიტომ შევეცდებით ამ შეკითხვას გავცეთ პასუხი. დავიწყოთ.
როგორ შეიძლება გახდეს სახელმწიფო იგივე მსოფლიო სუბიექტი გეოპოლიტიკური მოთამაშე?
1. უნდა მოახერხო, რომ მოიპოვო გავლენა სხვა სახელმწიფოებზე.
2. უნდა გახდე დიდი სახელმწიფოების მოკავშირე და გააძლიერო შენი არსებობით მათი ინტერესი და გაზარდო შენი მნიშვნელოვანება ანუ გახდე გეოპოლიტიკური მოთამაშე.
3. შესაბამისი გეოგრაფიულ პარალელში ყოფნა, რომელიც იქსელება გეოპოლიტიკური რუკით.
ვფიქრობ ბოლო ორ პუნქტს საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა აკმაყოფილებს. რაშიც ვგულისხმობთ შემდეგს, რომ ამ ქვეყნის მიმართ ინტერესი დიდია. დღეს რომ ეს ასეა მემგონი ამაზე კამათი არ ღირს. ასევე, ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა ამის საშუალებას იძლევა, რომ დაინტერესება ჩვენი სახით ჰქონდეთ.
თავად გეოპოლიტიკური მოთამაშის სტატუსი არის ის დაზღვევა, რამაც საქართველოს, როგორც გეოპოლიტიკური მოთამაშის დაცვა მოახერხა აგვისტოს რუსეთ- საქართველოს ომის დროს. როგორადაც არ უნდა შევხედოთ მოვლენებს ვერსად გავექცევით ამ გეოპოლიტიკური მოთამაშის სტატუსს. მოვიყვანოთ მაგალითი, რომელიც აბსოლუტურად განასხვავებს ჩვენს მდგომარეობას, როდესაც გვაქვს ეს სტატუსი და როდესაც არა გვქონდა ეს სტატუსი.
1992წ., როდესაც საქართველოს ომი ჰქონდა რუსულ-აფხაზურ კავშირთან, ის არ წარმოადგენდა გეოპოლიტიკურ მოთამაშეს. მას არ ჰქონდა ეს სტატუსი. შესაბამისად ამ ომით, საქართველო დარჩა რუსული ცინიკური გეოპოლიტიკის გავლენის ქვეშ. ცინიკური იმდენად, რამდენადაც ისიც ვერ შევძელით, რუსულ ცინიზმს დავპირისპირებოდით, იმით მაინც, რომ მათი სამშვიდობო ძალები არ შეგვეყვანა კონფლიქტის ზონებში. აფხაზების ე.წ. ”გამარჯვება” 1992-93წწ ომში რუსული დახმარებით იყო განპირობებული და ირიბად ვებრძოდით რუსეთის სამხედრო მანქანას, რომელმაც გადამწყვეტი როლი შეასრულა ამ ომში და შემდეგ თავხედურად, ცინიკურად მოახდინა ჩვენთვის თავსმოხვევა თავისი ”სამშვიდობო” მანდატის, რამაც მას მისცა საშუალება სული მოეთქვა და კავკასიაში მომავალი, საბოლოო დაბრუნებისათვის შეექმნა მყარი ნიადაგი.
დღეს კავკასიაში რუსეთის დაბრუნების ბოლო ფაზაში ვიმყოფებით. ანუ გადამწყვეტი ნაბიჯები გასაკეთებელია მისი მხრიდან, რომ საბოლოოდ კავკასია დაუბრუნოს თავის გეოპოლიტიკურ ორბიტას. ამ შემთხვევაში რუსეთი უზრუნველყოფს თავის შემდგომ ნაბიჯებს:
1. განმტკიცებას პოსტ საბჭოთა სივრცეში
2. განმტკიცებას ვარშავის ბლოკში.
რა უპირისპირდება ამ რუსულ გეგმას? საქართველო და აზერბაიჯანი კავკასიაში, ხოლო უკრაინა აღმოსავლეთ ევროპაში, რომელთა უკან დგას ამერიკა და ევროკავშირი. ასევე ნიშანდობლივია, რომ რუსეთის სისუსტის დროს 1990-2002წწ. დასავლეთმა მოახდინა აღნიშნულ სივრცეებზე თავისი ინტერესების ლობირება, რაც გამოიხატება ენერგო რესურსების გარკვეული ნაწილის ათვისებაში კასპიის რეგიონიდან (შახდენიზი, ბაქო, თბილისი, ჯეიხანის ნავთობსადენი) და მომავალი ენერგო რესურსების ინვესტირების პროგრამის დაგეგმვა, იგულისხმება ”ნაბუკოს” პროექტი, რომელიც მოიცავს არამარტო კავკასიას, არამედ ცენტრალურ პოსტსაბჭოთა აზიას. დღევანდელ ევრაზიულ გეოპოლიტიურ რუკაზე მონიშნულია სამი აუცილებელი წერტილი, რომლის დაკავებაც უზრუნველყოფს გეოპოლიტიკურ წარმატებას დასავლეთისთვის (ამერიკა, ევროკავშირი). მნიშვნელოვანია სამი მიმართულება, უკრაინა, კავკასია და ავღანეთი. ეს სამივე წერტილი უზრუნველყოფს, რუსეთის, როგორც გეოპოლიტიკური ერთეულის შესუსტებას და შესაბამისად დროში მის დაშლას, ვინაიდან რუსეთი, როგორც სახელმწიფო, გეოპოლიტიკური რუკის გარეშე განწირულია დასაშლელად. შესაბამისად უნდა ვივარაუდოთ, რომ ევრაზიაში ბოლო ათწლეულში განვითარებული ამერიკული გეოპოლიტიკა სწორედ რუსეთის დაშლას უზრუნველყოფს, ვინაიდან ის აცლის რუსეთს გეოპოლიტიკური განვითარების საყრდენს, რომელიც აუცილებლად გამოიწვევს მის იმ დონეზე შესუსტებას, რომ მისი პოლიტიკური არაეფექტური სტრუქტურის მქონე ქვეყანა ვერ შეძლებს შეინარჩუნოს ტერიტორიული მთლიანობა. ამაში ვგულისხმობთ შემდეგს:
რუსული პოლიტიკური სტრუქტურა აგებულია სხვა ქვეყნების ექსპანსიაზე. ის არ არის აგებული ისეთი სტრუქტურით, რომ შეძლოს თავისუფლად არსებობა ჩვეულებრივ კონკურენტულ გარემოში. შესაბამისად, თუ მას გამოეცლება ექსპანსიური გავლენა, მისი პოლიტიკური სტრუქტურა ემხობა. რუსეთმა მისი არსებობის განმავლობაში ვერ შეძლო ქცეულიყო ერთ სახელმწიფოებრივ მთლიანობად, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ცარიზმის რუსეთი და შემდეგ საბჭოთა კავშირი ცდილობდა ეროვნული თვითმყოფადობის ასიმილირებას. შემთხვევითი არ არის 1978წ. 14 აპრილის თბილისში გამოსვლების მთავარი იდეა. ესეც სწორედ ჩვენს ასიმილირებას გამოიწვევდა დროში, ანუ ეს ბოლო მცდელობა იყო რუსეთის მხრიდან. სწორედ ეს არის მათი აქილევსის ქუსლი. რუსეთი ვერ უზრუნველყოფს თავის ტერიტორიულ მთლიანობას ექსპანსიური პოლიტიკის გარეშე. დღეს ამერიკის მხრიდან სწორედ ამ აქილევსის ქუსლზე მიდის დარტყმის მიყენება, რომელიც რუსეთის, როგორც სახელმწიფოს არსებობის საფუძველი და არსია. თუ რუსეთს გამოეცალა ეს საყრდენი, ის აუცილებლად დაიშლება. ის გეოპოლიტიკის გარეშე არსებობას ვერ შეძლებს, როგორც ერთიანი სახელმწიფო. ეს რუსეთმა იცის. სხვათა შორის ამას ამოიკითხავთ დუგინის ნაშრომებში. დაკარგავს რუსეთი უკრაინას და კავკასიას, რასაც მიჰყვება ცენტრალკური პოსტსაბჭოთა აზიაც და რუსეთი როგორც იმპერია კი არა, როგორც სახელმწიფო დადგება დაშლის პირას. სწორედ ამიტომ არის რუსეთის მხრიდან ესეთი მწვავე რეაქციები საქართველოს და უკრაინის მისამართით. მათ იციან, რომ ამ გეოპოლიტიკური სუბიექტების გარეშე მისი, როგორც სახელმწიფოს არსებობა დგას კითხვის ნიშნის ქვეშ.
ძალიან საინტერესოა საქართველოს ნაბიჯები ამ გეოპოლიტიკურ განლაგებაში. შეიძლება ითქვას, რომ სამკუთხედი (უკრაინა, კავკასია ავღანეთი), რომელიც ზემოთ ვახსენეთ, არის მთავარი წერტილები ამ გეოპოლიტიკურ თამაში. რაც შეეხება კავკასიას, ის არის მეორე ბალკანეთი, რომლის საბჭოთა სტრუქტურის დაშლა დასავლეთმა დაასრულა 1998წ. სერბეთის ომით და პრაქტიკულად მოახდინა რუსეთის ბალკანეთიდან გაძევება, რომელიც რუსეთის ხელში წარმოადგენდა ხანჯალს ევროპის გულში. დღეს კავკასიაა მეორე ბალკანეთი. ალბათ ლოგიკურია, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დასავლეთმა დაიწყო ვარშავის ბლოკის ათვისება, რომელიც კავკასიაზე მნიშვნელოვანი იყო ევროპის ელემენტარული უსაფრთხოებისათვის. სერბეთის დამარცხება იყო ბოლო წერტილი ამ გეოპოლიტიკურ განლაგებაში. ეხლა ჯერი დადგა კავკასიაზე და უკრაინაზე, ანუ უშუალოდ პოსტსაბჭოთა სფეროზე. აქ რუსეთი იქნება დაუნდობელი, რატომ? ამაზე ზემოთ ვისაუბრეთ. ვერ გამოვრიცხავთ საქართველოს ახალ სამხედრო ანექსიის მცდელობას რუსეთის მხრიდან, ვინაიდან საქართველო საფრთხეს უქმნის რუსეთის სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას. ძალიან ნიშანდობლივია დიმიტრი მედვედევის მიერ აგვისტოს ომის შემდეგ გაჟღერებული ტერმინი საქართველოს მისამართით: საქართველო რუსეთისათვის არის ”პრიორიტეტულად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ტერიტორია”. ეს ტერმინი შემთხვევით არ გაჟღერებულა. რაც შეეხება საქასრთველოს, ჩვენ მოვახერხეთ, რომ გავმხდარიყავით გეოპოლიტიკური თამაშის ნაწილი. სხვა შემთხვევაში ჩვენი ხსნა შეუძლებელი იყო. ჯერ კიდევ ბევრი რამ დგას კითხვის ნიშნის ქვეშ. გეოპოლიტიკურ მოთამაშედ ქცევა უზრუნველყო, ჩვენმა დაუზარელმა მცდელობამ ევროსტრუქტურებში და ჩრდილო ატლანტიკურ ალიანში გაწევრიანებისკენ გზაზე. ამ ყველაფერმა უზრუნველყო ჩვენი ქცევა გეოპოლიტიკურ მოთამაშედ, რომელმაც უზრუნველყო აგვისტოში საქართველოს დაცვა, სხვა შემთხვევაში ვიყავით განწირული, ისევე როგორც 1921წ. და 1992წ. აფხაზეთის ტრაგედიაზე, რომელიც 1992-93 წლებში დატრიალდა დამსოფლიოს არც უგრძვნია, არადა შეიძლება ითქვას, რომ ეს არანაკლები ტრაგედია იყო, ვიდრე სერბების მიერ კოსოვოს სამხედრო ოპერაცია, მიუხედავად იმისა, რომ შინაარსობრივად სრულიად განსხვავებული მოვლენები იყო. ანუ რადიკალურად განსხვავევბული თავისი შენაარსით. საქართველო დღეს არის თავისი თვითგადარჩენის ისტორიულ ფორმულაში, ის არის გეოპოლიტიკური მოთამაშე დღევანდელ ევრაზიის გეოპოლიტიკურ სივრცეში. ამიტომ სრულიად გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ მას ისეთივე მნიშვნელობა აქვს გეოპოლიტიკურ თამაშში, როგორც უკრაინას და როგორც ავღანეთს, ან თუნდაც ერაყს.
მიუხედავად, იმისა, რომ გარკვეულ წილად არსებობს თითქოსდა იმედგაცრუბა, ვფიქრობ ყველაფერი არის ძალიან ლოგიკური. დღეს ფაქტია, რომ ამერიკის პოლიტიკური ისტაბლიშმენტი აკეთებს ტაქტიკურ გადანაცვლებებს თავის პოლიტიკაში, თუმცა გენერალური ხაზი შენარჩუნებულია. სამკუთხედის გეოპოლიტიკა არსებობს და იქედან გადახვევა არ ხდება. მცირე განმარტებების და დიპლომატიური ლაბირინთების ამოხსნას თუ შევეცდებით მივიღებთ შემდეგ სურათს.
ბოლო ხანებში ძალიან მნიშვნელოვანი რაც მოხდა იყო მიუნხენის კონფერენცია., სადაც ამერიკის ვიცეპრეზიდენტმა, ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ ამერიკა საქართველოთი და უკრაინით არ ივაჭრებს. შემდეგ ქ-ნ კლინტონის მოხსენება ნატოს არაგეგმიურ სამიტზე, რომელმაც ასევე ერთგვარი ნიჰილიზმი გამოიწვია. ამ დროს, კლინტონმა მთელს თავის გამოსვლაში აპელირება გააკეთა ჯო ბაიდენის მიუნხენის კონფერენციაზე გამოსვლის აქცენტებზე. რომელმაც საქართველოს სრული მხარდაჭერა დადფასტურა. ნიჰილიზმის საფუძველი გახდა ნატო რუსეთის კომისიის მუშაობის განახლება. ჩვენ ვისაუბრეთ რუსული სახელმწიფოს საშიშროებაზე, თუ ის დაკარგავს გეოპოლიტიკურ საყრდენებს უკრაინას და კავკასიას, ის დადგება დაშლის საფრთხის წინაშე. შესაბამისად მისი აგრესიის განმეორების ალბათობა, რომ ეს საკითხები ძალისმიერი მეთოდებით გადაწყვიტოს ძალიან მაღალია.სწორედ ამის პრევენციაა ნატო რუსეთის კომისიის მუშაობის აღდგენა და არა გაგვყიდეს, გავცვალეს, გადაგვცვალესი. გარდა ამისა, რუსეთს ითანხმებენ ატომური იარაღის შემცირების ხელშეკრულებაზე, რომლითაც ვფიქრობ რუსეთის თავდაცვისუნარიანობა უფრო შემცირდება, ვიდრე ამერიკის.
რუსეთის ახალი საფრთხის შესახებ იციან ამერიკაში და ევროკავშირში, მაგრამ ეს არ იციან საქართველოში, ვინაიდან გულარხეინად უყურებენ თბილისიდან 40 კმ-ში რუსულ ტანკებს. შესაბამისად არც იმის უნარი აქვთ, რომ გაისუსონ და უარი თქვან სახელმწიფოს რყევაზე, მაგრამ არასწორი აქცენტების და ამ არასწორ აქცენტებზე დამყარებული პრ-ტექნოლოგიის მეშვეობით ცდილობენ მოახდინონ სახელმწიფოს რყევა. არასწორი აქცენტი არის რუსეთზე მეტად საქართველოს დადანაშაულება აგვისტოს ომში, თუ ვინმეს ამაზე შეკითხვა გაუჩნდება ვურჩევ ტექსტის კითხვა დაიწყოს თავიდან. ბოლო დროინდელი მიუნხენის კონფერენცია და ნატოს სამიტი მიუთითებს ჩვენზე, როგორც გეოპოლიტიკურ მოთამაშეზე.
ნებისმიერ შემთხვევაში აფეთქდება იმ ენის დისკურსი, რომელიც ჩათვლის, რომ გაგვყიდეს, გვანაცვალეს....., რომელიც არ დაიჯერებს, რომ საქართველო დღეს ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოთამაშეა ამერიკის მხარეს. თავად ეს ფრაზები, გავყიდეს, გვანაცვალეს.... აფეთქებს დისკურსს, რომ საქართველო არ არის გეოპოლიტიური მოთამაშე. თუ ის არ არის ასეთი მოთამაშე, მაშინ როგორ გავყიდეს, როგორ გვანაცვალეს? როგორ ხდება მაშინ ეს ყველაფერი? ეს არის შეკითხვა, რომელზეც პასუხი არის ერთმნიშვნელოვანი, რომ საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური მოთამაშეა. სხვა დანარჩენი არის ჭრელი საკერებელი ერთფეროვან ქსოვილზე, მათ შორის ქართველების გულარხეინობა და ქვეყნის შერყევის სამზადისი და მიზეზებიც, რისთვისაც ამ რყევას აპირებენ.

ირაკლი მარგველაშვილი

11.03.2009წ.

Tuesday 10 March 2009

პრეზიდენტის ახალი როლი და ახალი ენა

"ახალი 7 დღე " # 20 3 - 9 ივნისი, 2005 წელი იმედი მაქვს კი არა და დარწმუნებულიც კი ვარ, რომ ჩვენს საზოგადოებაში, სადაც, ყველაფრის მიუხედავად, არსებობს სიბნელის განათ(ლ)ების დაუძლეველი სურვილი, არავის სჭირდება იმის შეხსენება, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ენა ზოგადად და კერძოდ ჩვენნაირი პატარა ქვეყნისათვის. სამწუხაროდ, ჩვენში არსებული უცნაური ტრადიცია მითოსურ პლანში გადავიტანოთ ერის ყოველგვარი საუნჯე და ავკრძალოთ მასთან ყოველგვარი მიახლოვება, ენასაც ეხება. განა დღეს არსებობს სხვა უფრო დიდი ღირებულება, ქართულ ენაზე მეტად გაღმერთებული და ამავე დროს უფრო მიგდებული და შეგინებული? მაგრამ "ვეფხისტყაოსნის", "შუშანიკისა" და "დედა ენის" ავტორებისაგან განსხვავებით ენა ცოცხალია, მას სამზითვო სკივრში ვერ შეინახავ, ვერც მის მიმართ უტილიტარულ მიდგომაში დაგადანაშაულებენ, მოკლედ, მის განვითარებას ვერავინ შეაჩერებს. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ძეგლის დადგმას არ შეიძლება დავიწყება მოყვეს. ძნელი სათქმელია, დამთავრდა თუ არა ის ავადსახსენებელი გარდამავალი პერიოდი პოლიტიკასა და ეკონომიკასთან მიმართებაში, ენის თვალსაზრისით იგი მხოლოდ ახლა იწყება _ საზოგადოებისათვის შემაცბუნებელი და ხანდახან გაუგებარიც კია ის ენა, რომელზეც მას ესაუბრებიან ხელისუფლებაც და მისი ოპოზიციაც და ისიც, რომელზეც ეს უკანასკნელნი ერთმანეთს ესაუბრებიან. ამ შემთხვევაში ორმაგ აზრს იძენს ის ასოციაცია, რომელსაც ზემოთაღწერილი სიტუაცია ბადებს _ ეს არის როლან ბარტის პატარა ესსე "ენათა ომი", სადაც იგი საუბრობს ერთიდაიმავე ენობრივ სისტემაში არსებული აზროვნებისა და წარმოსახვის ერთმანეთისაგან განსხვავებულ მანერაზე, სადაც უმარტივესი შეტყობინების დონეზეც კი ხდება ენის (დისკურსის) აფეთქება, დანაწევრება, დაყოფა. აი, სწორედ აქ ერთვება საზოგადოება თავისი სოციო-ეკონომიკური და ნევროტული სტრუქტურებით და ენისაგან ბრძოლის ველს ქმნის. ამ ვითარებაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ქვეყნის პირველი პირის, კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის უპირველესი ინსტრუმენტის _ ენის პრობლემა, ვინაიდან მას ენაშიც, ისევე, როგორც თავისი მოღვაწეობის სხვა სფეროებში, უწევს არჩევანის გაკეთება: ან გააგრძელოს წინამორბედის ხაზი, ან მოახდინოს გარღვევა. საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტის შემთხვევაში პირველი გამორიცხულია, ხოლო მეორე დაკავშირებულია წინამორბედისაგან არა უბრალოდ სტილისტური, კლასობრივი ანდა პარტიული ნიშნით გამიჯვნასთან, არამედ დისკურსის ერთი სისტემიდან მეორე სისტემაში გადასვლასთან. ბარტი ნაკლებ ყურადღებას ამახვილებს ენის სტილისტურ დონეებზე, რომელთA შორის ყოველთვის არსებობს მჭიდრო კავშირი. არც ჩვენ ვაპირებთ მსჯელობის ამ კუთხით განვრცობას. საკმარისია გავიხსენოთ ბერნარდ შოუს "პიგმალიონი", სადაც ოსტატურად არის აღწერილი კლასებსა და მათ ენებს შორის და თვითონ ენის სტილისტური დონეების შიგნით არსებული ურთიერთობები. ბარტი უფრო მარტივ დაყოფას გვთავაზობს. დისკურსის იმ სისტემას, რომელსაც შეიძლება ყოფილი პრეზიდენტის, ბატონი შევარდნაძის ენა მივაკუთვნოთ, ბარტი უწოდებს აკრატიკულ ენას, რომლისთვისაც დამახასიათებელი დანაწევრების ენერგია განპირობებულია მისი სისტემატიურობით. დისკურსულ სისტემებს შორის არსებობს ძალაზე დაფუძნებული ურთიერთობები. რას წარმოადგენს ძლიერი სისტემა? ეს არის ენობრივი სისტემა, რომელსაც შეუძლია იარსებოს ნებისმიერ პირობებში და მაშინაც კი, თუკი ის, ვინც ამ ენას რეალურად ატარებს სრული არარაობაა, შეინარჩუნოს თავისი ენერგია. მარქსისტული, ფსიქოანალიტიკური ან ქრისტიანული დისკურსის სისტემურ ძალას ვერაფერს აკლებს ერთი ბრიყვი მარქსისტი, ფსიქოანალიტიკოსი ან ქრისტიანი. შესაბამისად, პრეზიდენტი სააკაშვილი, რომლის წინაშე რევოლუციის მეორე დღიდანვე ბევრ სხვა საშურ პრობლემასთან ერთად დადგა როლისა და ენის საკითხი, უარს ამბობს ყოფილი პრეზიდენტის მარქსისტულ დისკურსზე და ირჩევს ენკრატიკულ ენას, რომელსაც ბარტი განმარტავს, როგორც მოუხელთებელს, არაზუსტს, "ბუნებრივთან" მიახლოვებულს, მასკულტურის (პრესის, რადიოს, ტელევიზიის), გარკვეული გაგებით ყოფით, მოარული აზრების ენას. ეს არჩევანი განპირობებულია არა მხოლოდ ყოფილი პრეზიდენტის ენისაგან გამიჯვნის, არამედ ოპოზიციასთან დიალოგის წარმოების მიზნითაც, რადგან ოპოზიციის ენაც ენკრატიკულია, იგი უხვად შეიცავს (გამონაკლისს არ ვგულისხმობ) არა მარტო ყოფით და მოარულ აზრებს, არამედ შეკაზმულია ორღობის ცხარე ფრაზებითA და საკმაოდ უხამსი სარჩულის მქონე ევფემიზმებით. რეალური მოტივაციის არარსებობის გამო (ყოველ შემთხვევაში, შთაბეჭდილება ასეთია, მათი გამოსვლები შოუს ემსგავსება და შეუიარაღებელი თვალით ჩანს "ბუნებრივი", ხალხისათვის გასაგები ენის საშუალებით პუბლიკის "აყვანის" მცდელობები, მაშინ, როდესაც პრეზიდენტ სააკაშვილის გამოსვლებში ენკრატიკული დისკურსი მოგვაგონებს ჭყეტელა ფერის საკერებელს, რომელიც, რა თქმა უნდა, უფრო დიდ ყურადღებას იქცევს, ვიდრე დანარჩენი სიტყვა, რომელიც, პრინციპში, ერთ მთლიან ჩარჩოში ზის, არის საკმაოდ მწყობრი, ლოგიკური, მკაცრად გააზრებული და მიზანდასახული, მკვეთრად და სწორად დასმული აქცენტებით. უპირველეს ყოვლისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იგი იურისტია. მეორე და არანაკლებ საგულისხმოა ის, რომ მის ცნობიერებაში იურისპრუდენცია და პოლიტიკური მეცნიერების სხვა დარგები არსებობენ სწორედ იმ ენაზე, რომელიც ამ თვალსაზრისით, და არა მარტო ამ თვალსაზრისით, ჯერ კიდევ მაგნა კარტას დროიდან იხვეწება. ვფიქრობთ, ყველასათვის დღესავით ნათელია, რომ პოსტსაბჭოთA ქვეყნებისათვისაც კი უკვე დადგა დრო, როცა ინგლისური ენის მცოდნე პრეზიდენტი ფუფუნება აღარ არის. ამ არგუმენტით უბრალოდ იმის თქმას ვცდილობთ, რომ ინგლისური არის თითქმის იდეალური ენა არა მარტო როგორც მსოფლიოში უპირველესი ლინგვა ფრანკა, არამედ ბევრი სხვა ღირსების გამო, რაც მას გააჩნია. სხვა რომ არაფერი იყოს, მისთვის დამახასიათებელი მაღალი დისციპლინა განაპირობებს ისეთი დონის კორექტულობას, რომ ადამიანი, რომელიც ფლობს მის სინტაქსსა და მორფოლოგიას უნივერსიტეტის და, მით უმეტეს, იურისპრუდენციის დონეზე, არ შეიძლება დაადანაშაულო სიტყვით გამოსვლის კულტურის უქონლობაში (ისევე, როგორც არ შეიძლება იმავეში დაადანაშაულო ბატონი ლევან ბერძენიშვილი, რომლის ენა ყოველთვის გამოირჩევა შესაშური დისციპლინით). იმედი გვაქვს, კიდევ ერთ არგუმენტად გამოდგება ჩვენს მიერ ზემოთ ნახსენები ახალი პრეზიდენტის ახალი როლი, რომელიც, ჩვენი აზრით, განუყოფელია ენისაგან, რადგან წარმოუდგენელია, ახალი როლი ძველი ენით (არავინ ასხამს ახალ ღვინოს ძველ ტიკებში). უშუალოდ ვარდების რევოლუციის შემდეგ განხორციელებულმა სოციოლოგიურმა კვლევამ ცხადყო, რომ გამოკითხულთა უმეტესობას პრეზიდენტში სურს დაინახოს მამა, პატრონი და არა მეგობარი, როგორც მათ მაშინ პრეზიდენტი სააკაშვილი სთავაზობდა (მე ვიქნები ყველა თქვენგანის მეგობარი). თუმცა მას შემდეგ გავიდა წელიწადი და რამდენიმე თვე და სიტყვას "ჭაღარა" (ჭაღარა კაცი), რომლითაც იგი თავის წინამორბედს იხსენიებდა ქვეტექსტით ჭაღარა+მამა, ბოროტი (სასტიკი)+კაცი=ბოროტი (სასტიკი) მამა საკუთარ თავთან მიმართებაში გამოიყენებს: "თუმცა მეც ვჭაღარავდები"... მაგრამ ეს აღიქმება არა როგორც პარალელი წინამორბედთან, არამედ როგორც გზავნილის მიღების დასტური იმ საზოგადოებისაგან, რომელიც ჯერ არ არის მზად ჰყავდეს, პრეზიდენტი მეგობარი. "ისინი ჩვენი შვილები არიან", ამბობს იგი ერთ-ერთ თავის გამოსვლაში ჯარისკაცებზე. როგორც ჩანს, მას უფრო უწევს, ვიდრე სურს, მამის როლი, მაგრამ აშკარად არ სურს გახდეს ჭაღარა კაცი, რომლის ძალა ოდენ მარქსისტული დისკურსის სისტემურ ძალაში მდგომარეობდა იმ ლოგიკით, რომლითაც ქრისტიანული დისკურსის სისტემური ძალის მფლობელი მოძღვარი წარმოადგენს ოდენ მოწმეს უფლის წინაშე. ამგვარად, ბატონი მ. სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში უკვე მოხდა მისი, როგორც მეგობრის როლის უარყოფა საზოგადოების მიერ. ახლა ის ეძებს გზებს, რათა მოირგოს მამის, მაგრამ არა მკაცრი (აქ აღარ დგას ჭაღარა კაცი), არამედ მეგობრული მამის როლი, რომელსაც ძლიერი და კარგი მეგობრები ჰყავს თავისი წინამორბედის ჩექმებიანი მეგობრებისაგან განსხვავებით. რაც შეეხება ბატონი სააკაშვილის ენას, ალბათ ჯობს, ყურადღება გავამახვილოთ ძირითად ფერზე და არა საკერებელზე და იმედი ვიქონიოთ, რომ იგი შეძლებს საბოლოოდ ააფეთქოს თავისი წინამორბედის ენის სისტემა ჩვენს ცნობიერებაში. მიუხედავად იმისა, რომ, ზოგადად, აფეთქება შოკს იწვევს, პოსტსაბჭოთა სივრცეში უკვე არსებობს შოკის, ამ უარყოფითი კონოტაციის მქონე სიტყვის დადებითი შედეგების გამოცდილება. ირაკლი მარგველაშვილი (c) გაზეთი " ახალი 7 დღე " (c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი 200