Tuesday 30 June 2009

იქნებ ამიწონოთ ჩემი კუთვნილი თავისუფლება?!

ისტორია მომავალია


არსებობს ტექსტები, რომელსაც სვენებით უნდა წაკითხვა. მთავარი არ არის ამ შემთხვევაში ტექსტის გრამატიკა, ან ტექსტში გრამატიკა, არამედ მთავარია გრამატიკა ცნობიერებაში. სწორედ ასეთი ტექსტია ეს ტექსტიც. მიუხედავად მრავალი მცდელობისა, მრავალი აქტიურობისა ჩვენი საზოგადოება დღეს რაღაც მიჯნაზე იმყოფება. ვამბობთ, მიჯნას და ვგულისხმობთ ეპოქალურ გარდატეხას ჩვენს აზროვნებაში, ჩვენს მენტალიტეტში.
მოდით განვიხილოთ, ის შეთავაზებები, რომელსაც ამ ჟანრში სთავაზობენ საქართველოს დღევანდელი ისტორიული პერსონაჟები. ძალიან გაკვირვებული ვარ, რომ ეს შეთავაზება ძირითადად პოლიტიკური კუთხით ხდება. რატომღაც ყველაზე დიდი დატვირთვა პოლიტიკოსებს და პოლიტიკის კეთებაზე მოდის და პრაქტიკულად ამოვარდნილია ამ ჟანრიდან კულტურა, რომელიც ამ პროცესის, ამ მიჯნის მთავარი გადამლახავი უნდა იყოს. არანაირი დატვირთვა კულტურაზე არ მოდის ამ პროცესში, არადა მენტალობის ცვლილებაში სწორედ კულტურაა მთავარი წარმმართველი ძალა.
რაც შეეხება პოლიტიკას, სახელმწიფოს, სამართალს, ამ ისტიტუტებს არა აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ შეცვალოს და დააფუძნოს ახალი მენტალობა. კულტურის გარეშე ამ ყველაფრის კეთება წყლის ნაყვას ჰგავს. მავანს ჰგონია, რომ სახელმწიფო სტრუქტურების ცვლილება, ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის დაცვა, რაც კონსტიტუციაში ცვლილებებს გულისხმობს, ე.წ. სამართლებრივი სახელმწიფო, დამოუკიდებელი მედია, დამოუკიდებელი სასამართლო და ასე შემდეგ უამრავი დამოუკიდებელი ინსტიტუტის შექმნა საკმარისია, რომ ამ ყველა პრობლემას, რომელიც ჩვენს მენტალიტეტშია უშველის.
მაშინ, როდესაც ამ ყველაფრის გაკეთება დაახლოებით, შენობის საძირკვლიდან შენებას კი არ ნიშნავს, არამედ ყველაზე მაღალი სართულიდან შენობის შენების დაწყებას. მარტივი მაგალითი შეგვიძლია მოვიტანოთ.
რა არის ”საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი”? ეს არის თავისუფლება? ეს არის თავისუფალი საქართველო იმთავითვე? ჩვენ გამოვაცხადეთ დამოუკიდებლობის აქტი, მაგრამ ამან თავისუფლება ვერ მოგვიტანა, რატომ? განა ამაზე დავფიქრდით? ვერ დავფიქრდებით, ვინაიდან ვეძებთ თავისუფლებას მატერიალურ განსხეულებაში, სადღაც ხელშესახებზე, ვეძებთ თავისუფლებას მედიას სივრცეში, სახელმწიფო ინსტიტუტებში, მათ შორის ხელისუფლების შტოების ბალანსში, სასამართლოს შენობებში, სხვაგან, გარდა საკუთარი თავისა. მიბოძეთ ჩემი წილი თავისუფლება ერთი ორი კილოგრამი. დაახლოებით ასეთი დამოკიდებულებაა თავისუფლების მიმართ.
ჩვენთვის თავისუფლება იმალება ’სხვაგან”, ჩვენ გვაქვს ამ ”სხვაგან” ყველაფრის ძებნის მოთხოვნილება და არა ”აქ”, შიგნით საკუთარ თავში, სადაც მთავარი პრობლემაა და ნამდვილად იოლია, მარტივია ამის ”სხვაგან” ძებნა, სხვაგან პრობლემების დანახვა, ვიდრე აქ შიგნით.
გამუდმებით გვთავაზობენ პოლიტიკოსები თავისუფლებას, მიტინგებზე, სახელმწიფო სტრუქტურებში, შენობებში, სასამართლოებში, მაგრამ განა მათ შეუძლიათ შეგვთავაზონ თავისუფლება ზოგადად, იქ, სადაც სინამდვილეში ის არის? შიგნით, ჩვენში აღმოჩენილი თავისუფლება. თავისუფლება არ არის დეკლარაცია, არ არის მატერიალური, ის მენტალობაშია და სწორედ ამ მენტალობაში უნდა აღმოჩნდეს, უნდა იქნეს მიგნებული.
თავისუფლებას ვეძებთ ”სხვაგან” მათ შორის ისტორიაში, სხვადასხვა ეპოქებში. ამ დროს დავბოდიალობთ ჟამთააღმწერლურ ტექსტებში და წარსულში. ეს არის მკვდარი ტექსტები, მკვდარი ფაქტები, ვინაიდან ჯერ არავის დაუწერია ის ტექსტი, რომელიც ამ ტექსტებს გააცოცხლებდა გამოცდილებებში. ისინი ისეთივე მკვდარია, რომორც მათი შემქნელები და მხოლოდ ფაქტების გროვაა. ამ დროს ისტორია არაა წარსული, ის მომავალია, გაცოცხლებული მომავალი გამოცდილებაში, რომელსაც ერი იყენებს მომავლის შესაქმნელად.
იყენებს ისტორიულ გამოცდილებას და ქმნის მომავალ ისტორიას. ამის ნათელი მაგალითია ილია ჭავჭავაძის სენტენცია, ”აწმყო შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა”. რა არის ამ სენტენციის მთავარი საზრისი, სწორედ, ის, რომ წარსული უნდა გაცოცხლდეს მომავლისთვის და მხოლოდ ერთი შესაძლებლობა გააჩნია ამას, ეს არის იმ გამოცდილებების გაცნობიერება, რომელიც დატოვა ამ წარსულმა. ჩვენ ვაპელირებთ ილია ჭავჭავაძით, ვაპელირებთ მისი სენტენციებით, მაგრამ არ ვაკეთებთ ამ სენტენციების რეალიზებას, უბრალოდ იმიტომ რომ ჩვენი წილი ერთი ორი კილოგრამი თავისუფლება სახლში ვერ წავიღეთ, არავინ არ აგვიწონა, რაღაც მითურ სასწორზე.
ნიცშეს აქლემის არ იყოს, ეს ისტორია, ეს ჟამთააღმწერლობა და ფაქტების გროვა, მოკიდებული გვაქვს ზურზე და დავატარებთ თაობიდან თაობაში, დავატარებთ ეპოქიდან ეპოქაში, გარდა ამისა ვქმნით ზეციურ და მისტიურ საქართველოებს და ამ ყველაფერთან ერთად დავატარებთ ამასაც, თუმცა არავინ იცის ამ ყველაფრის საჭიროება. არავის ესმის, რატომაა საჭირო ამ ტექსტის ტარება მომავალში. ჩვენ გვსურს თავისუფლება, მაგრამ განვასახიერებთ მონობის სცენებს, ვქმნით კულტებს, ვქმნით ისტორიის ფეტიშიზმს და არ ვფიქრობთ, რომ ეს საჭირო არ არის, აბსოლუტურად ზედმეტია და სწორედ ეს არის ის ერთი ორი კილოგრამი თავისუფლება, რომელსაც ვწონით ჩვენსავე მითიურ სასწორზე, რომელიც ჩვენ თავად შევქმენით, რიტუალში და ეს რიტუალი ვაქციეთ ჩვენი არსებობის ძირითად საზრისად.
მაშინ, როდესაც ეს რიტუალი მხოლოდ მუზეუმში უნდა არსებობდეს, მუზეუმის გარეთ, რჩება ისტორიული გამოცდილება მენტალობაში, რომელიც აყალიბებს ჩვენს მომავალს, ქმნის ჩვენს მომავლისეულ ისტორიას.
არაერთხელ მიმართავს ისტორიული პარალელების, ისტორიული ხთომილებების გამოცდილებისკენ და ვცდილობ ლოგიკაში, ანალიზში შევქმნა ერთგვარი ფორმულები, რომელიც ამ ისტორიულმა გამოცდილებამ დაგვიტოვა. ”ყველაფერი მეორდება მარად იგივეში”, მ. ჰაიდეგერის ეს ფრაზა არ გულისხმობს რაიმე მოვლენების და ფაქტების ასლურ ბუნებას, ეს ისტორიიის მომავალია, რომელიც ისტორიულ გამოცდილებებში ვლინდება. არ შეიძლება მარაბდის ომის (1625წ.) განმეორება მისი ისტორიაში კოპირება. მაგრამ არსებობს სხვა ომი, სხვა მოვლენა, რომელიც იგივეა, მტერი, რომელსაც მხოლოდ სახელი შეიძლება შეეცვალოს ისტორიაში, ხოლო მტრის მიერ განხორციელებული პროცესი იმის მსგავსი იქნება, რაც მიხდა ისტორიულ ფაქტებში, ისტორიულ ჟამთააღმწერლობაში.
რატომ ვფიქრობთ, რომ თავისუფლება ”სხვისია”, სხვა არის ამ თავისუფლებაზე ხელმომწერი, რატომ ვფიქრობთ, რომ ვინც ხელი მოაქერა 1991წ. დამოუკიდებლობის აქტს იმათია ეს თავისუფლება, იმათი, ვინაიდან ქაღალდზე, სადაც ეს ტექსტი ეწერა ხელი მოაწერა. რატომ არ გვინდა გავიგოთ, რომ ამ აქტს ხელი მთელმა საქართველომ, თითოეულმა მათგანმა მოაწერა. რატომ ვეძებთ აქტზე ხელმომწერებს და არ ვეძებთ ამ აქტში გაცხადებულ თავისუფლებას ჩვენს მენტალობაში, ან რატომ არ ვანვითარებთ ამ თავისუფლებას ჩვენს მენტალობაში. განა ჩვენ არ მოვაწერეთ ყველამ ხელი ამ თავისუფლების აქტს?განა ჩვენ არ ავირჩიეთ ის ხალხი, ვისაც ამ აქტზე ხელმოწერის უფლება მივეცით? ეს ჩვენ არ ვიყავით, განა შეიძლება გაიყოს ჩვენი და აქტზე ხელმომწერების თავისუფლება? არადა ვყოფთ, მაშინ როდესაც ამერიკის დამუკიდებლობის დეკლარაცია, რომელიც თომას ჯეფერსონმა შექმნა, შიგნით დაწერა, რომ ამ დეკლარაციას იღებს ამერიკელი ხალხი, რომელიც არ არსებობდა მაშინ, არ არსებობდა ისტორია, გამოცდილება ამერიკელი ხალხის, მაგრამ არსებობდა აქტის შემდგენელის, ხელმომწერების და იმ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების მენტალური თავსებადობა. მენტალური თავსებადობა დროსა და სივრცეში, რომელსაც მხოლოდ ერთი რამ აერთიანებდა, თავისუფლება, მენტალობაში, თავისუფლება აღმოჩენილი ამ მენტალობაში და შემდეგ ამას მოჰყვა 1787წ. კონსტიტუცია, შემდეგ ამას მოჰყვა დამფუძნებელი მამების განმარტებები ამ კონსტიტუციაზე, რომელიც ამერიკული ერთიანი თავისუფლების მენტალობის ბრწყინვალე ნიმუშია და ეს ყველაფერი ცარიელ ადგილას, ისტორიული გამოცდილების გარეშე.
ჩვენ ვერ შევძელით ამ მენტალობაში განმტკიცება, თავისუფლების მენტალობის დამკვიდრება და ამის ძებნას ზეციურ, მისტიურ საქართველოში და ჟამთააღმწერლურ ქრონიკებში ვაგრძელებთ. ვქმნით ილუზიებს ამ ყველაფერზე. ვქმნით ფეტიშიზმს მე-11-12 საუკუნის ისტორიაზე, დავით აღმაშენებლზე, თამარ მეფეზე და ათას ისტორიულ პერსონაჟზე. უბრალოდ ის ვერ გაგვირკვევია, რომ ეს ადამიანები, ეს პერსონაჟები არიან მკვდრები, არა არიან ცოცხლები და მათი ფეტიშიზმი ვერ მოგვცემს იმის საშუალებას ჩვენი თავისუფლება გავაცოცხლოთ. ჩვენ უნდა შევძლოთ, განვთავისუფლდეთ ამ ყველაფრისგან, მოვიშოროთ ეს ისტორია და დავტოვოთ მხოლოდ ზოგადი, შევიცნოთ ჩვენი მტერი, რომელიც ყველა ეპოქაში ერთია, განვსაზღვროთ ჩვენი თავისუფლების პრიორიტეტები, რომელიც ყველა ეპოქაში ერთია, განვსაზღვროთ ამ თავისუფლების აღმოჩენის ამ თავისუფლებისთვის ბრძოლის მექანიზმები, რომელიც ისტორიულ გამოცდილებაში ერთია და ერთი იქნება დღესაც და 100 წლის შემდეგაც. რაც არ იცვლება არასოდეს, ვინაიდან ”ყველაფერი მეორდება მარად იგივეში”, არა ფაქტების სახით, არამედ ზოგადი ტექსტის სახით.
გავაცნიობიეროთ, ის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელს აწერს არა ადამიანების ჯგუფი, არამედ მთელი ერი, მთელი საქართველო, თითოეული ჩვენგანი და მინიშვნელობა არა აქვს იმას, დაბადებულნი ვიყავით თუ არა ამ დროს, ამ აქტის შედგენის დროს. ეს ჩვენი ხელმოწერაა თავისუფლებაზე, ქვეყნის თავისუფლებაზე, რომელსაც ქმნიან თავისუფლალი ადამიანები, რომლებმაც იციან, ვინ არის მისი მტერი და ვინ არის მისი მოყვარე. უნდა შევძლოთ დავამთავროთ ისტორიის ჟამთააღმწერლური ნაწილი ჩვენს ცნობიერში. უნდა შევწყვიტოთ ისტორიის ბნელ ქრონიკებში ბოდიალი. უნდა დავამარცხოთ ჩვენს თავში ზეციური და მისტიური საქართველო, რომელიც მხოლოდ ტვირთია, რომელიც მხოლოდ ქიმერაა, რომელიც ჩვენს თავისუფლებას გვაძებნინებს სხვაგან, სხვებთან, სადაც ის არ არის. ჩვენ უნდა ავირჩიოთ, ყოფნასა და ფლობას შორის, უნდა ავირჩიოთ, ყოფნა თავისუფლებაში, ვინაიდან თავისუფლების ფლობა არ შეიძლება. ზოგადად უნდა ავირჩიოთ ყოფნა, ყოფნა თავისუფლებაში, ყოფნა სივრცეში, რომელიც ორიენტირებულია მომავალზე და ისტორია მივიღოთ როგორც გამოცდილება, როგორც მომავალი და არა წარსული ისტორიულობა. ადამიანი, მომავლისეული არსებაა და მისი ისტორიაც მომავლისეულია.
უნდა ვძლიოთ ისტორიის შიშს. ამ შიშში შეუძლებელია თავისუფალი ადამიანის არსებობა. წარსულის შიში ილუზიაა. ილუზიაა ამ შიში ცხოვრება, სწორედ ასე შეიძლება ცარიელს სივრცეში, ყოველგვარი ისტორიული ფაქტების ფეტიშიზმის გარეშე შევქმნათ თავისუფალი ქვეყანა. უნდა გავითავისოთ და შევიგრძნოთ ის სიტკბო, რომელზეც მენტალურად უნდა მოვახერხოთ დაფიქსირება და იმ ხელმოწერის სიტკბოც შევიგრძნოთ, რომელიც ”საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე” გავაკეთეთ ყველამ ერთად.



30.06.2009წ.

Thursday 25 June 2009

საქართველო რუსეთის კონფლიქტი და ევროპის უსაფრთხოება

კავკასიის საკითხი, ყოველდღიურად უფრო მნიშვნელოვანი ხდება მსოფლიო გეოპოლიტიკის მომავალი განვითარების თვალსაზრისით. ზაფხულის დადგომასთან ერთად სიტუაცია კიდევ უფრო მწვავდება. თანდათან ხდება რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის ინტერნაციონალიზაცია და ზაფხულის დადგომასთან ერთად ეს საკითხები უფრო მწვავე ხასიათს იღებს. სერიოზული ექსპერტები, როგორც დასავლეთიდან, ასევე რუსეთიდან ხედავენ აშკარა საფრთხეს საქართველო-რუსეთის კონფლიქტის განახლების და კავკასიური გეოპოლიტიკური ბრძოლის შეუქცევადობის შესახებ. ხშირია მოწოდებები ევროპის და ამერიკის მთავრობებისადმი, რომ დაიცვან საქართველო რუსული აგრესიისაგან. ძალიან საინტერესოა ამ თვალსაზრისით სამხედრო ექსპერის ზბიგნევ ბაზურაკის სტატია, რომელიც მოკლედ, მაგრამ საკმაოდ საინტერესო მესიჯებს გვაძლევს ჩამოყალიბებული გეოპოლიტიკის ანალიზის თვალსაზრისით.
გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ დღეს საქართველო არის ერთერთი ცენტრალური ადგილი ევრაზიული გეოპოლიტიკის მომავლისათვის. იმ შემთხვევაში, თუ ამერიკას სურს ევრაზიაში გეოპოლიტიკური წესრიგის დამყარება.

აღნიშნულ წესრიგს რუსეთი ეწინააღმდეგება, ვინაიდან ამ გეოპოლიტიკურ წესრიგში, რუსეთი არ მოიაზრება როგორც წამყვან თვითმპყრობელობად. მან შესაძლოა შეინარჩუნოს რეგიონალური თვითმპყრობელობის სტატუსი უკეთეს შემთხვევაში.
რაში გამოიხატება რუსული მცდელობები ამ მიმართულებებით.
1. 2008წ. აგვისტოს ომის შედეგების ლეგალიზაცია.
2. 2008წ. აგვისტოს ომის დასრულება 2009წ. ზაფხულში მისი ყველა გეოპოლიტიკური ნიშნით.
3. საქართველოს სრული ანექსია, რომლითაც ის შეძლებს თავისი პრაქტიკულად ამ გეოპოლიტიკურ თამაშში სერიოზული წარმატების მიღწევას.
4. ამერიკული მანასის ბაზის დახურვის მცდელობა.
5. ირანის საკითხით მანიპულირება.
6. ავღანეთის საკითხით მანიპულირება.


ვფიქრობ არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ დღევანდელი მსოფლიო გეოპოლტიკის მთავარი მამოძრავებელი არის ენერგომატარებლების საგზაო დერეფნების კონტროლი.
საქართველო წარმოადგენს რა უსერიოზულეს კვანძს ამ თვალსაზრისით, საქართველოს ანექსიით, რუსეთი 2/3-ით შეასრულებს თავის მოთხოვნას, პოსტსაბჭოთა კავშირის სივრცეზე სრული კონტროლის დამყარების მიმართულებით. ამის შემდეგ განხორციელდება აზერბაიჯანის ანექსია და ასევე პოსტსაბჭოთა შუაააზის ანექსია, ასევე უკრაინის და ბელორუსიის ანექსია. არ გამოირიცხება უკრაინასთან კონფლიქტი ყირიმის ნახევარკუნძულის დასაპყრობად. შავი ზღვა ისევ გახდება რუსული ზღვა, და ის შეძლებს სერიოზული კონტროლის დამყარებას აღმოსავლეთ ევროპაზე შავი ზღვის მეშვეობით.


ამ თვალსაზრისით საქართველოს სერიოზული საფრთხე ემუქრება რუსეთის მხრიდან, ვინაიდან დღეს რუსული პოლიტიკის მთავარ პრიორიტეტს, სწორედ საქართველოში და კავკასიაში კონტროლის აღდგენა და აქ დასავლეთის და ნატოს საბოლოოდ დამარცხებას ემსახურება. ამიტომ 2008წ. 24 ივნისს ილარიონოვის პრესკონფერენციისას გამოთქმული მოსაზრებები შეიძლება ითქვას ძალიან რეალურია, იმ პოლიტიკის გათვალისწინებით, რასაც რუსეთი ეწევა კავკასიაში და იმ მიზნებისათვის, რის მიღწევასაც ის ცდილობს.
აქვე საინტერესოა გავითვალისწინოთ ის პრევენციები, რომლებიც კეთდება დასავლეთის მხრიდან რუსული აგრესიის წინააღმდეგ.

მოხდა რამდენიმე საინტერესო ფაქტი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ სრულ სურათს ვერ ვხედავთ.

1. ბელორუსიის საკითხი, ვგულისხმობთ კონფლიქტის დასაწყისს რუსეთთან, რაც როგორ განვითარდება საბოლოოდ არ ვიცით, ვფიქრობ დასავლეთი ამ შანსს არ გაუშვებს და წილის ბოლოსთვის საკმაოდ სერიოზულ დაპირისპირებას მივიღებთ.
2. მანასის ბაზის საკითხს, სადაც ყირგიზეთმა უარი თქვა ამერიკული ბაზის გაუქმებაზე, რასაც რუსეთის საკმაოდ მწვავე რეაქცია მოჰყვება.
3. ირანის საკითხი, სადაც საკმაოდ სერიოზული პოროცესები მიმდინარეობს და ეხლა მთავარი შეიძლება არ იყოს აჰმად ნეჯადის მთავრობის დამხობა, არამედ ძალიან სერიოზული დასავლეთიდან მხარდაჭერილი ოპოზიციური მუხტის არსებობა, გარკვეულ ეტაპამდე.
4. ბელორუსიის და უკრაინის სახით რუსული გაზის გატარების კვანძების დასავლეთის გავლენის ქვეშ შესაძლო მოქცევა, რითაც რუსეთს შეუმცირდება გაზით მანიპულირების ბერკეტები ევროპისადმი.
5. ნოდსტრიმის პროექტისადმი სკანდინავიის და ბალტიისპირეთის რესპუბლიკების წინააღდეგობა. სავარაუდოდ ის დაკონსერვდება, მინიმუმ ნაბუკოს პროექტის გასვლამდე.
6. სამხრეთის ნაკადზე პრაქტიკულად უარის თქმა, რაც რუსეთს სერიოზული ალტერნატივის გარეშე აყენებს.
7. ობამას განცხადება აპრილის ტურნეში, რომ ის არ ივაჭრებს საქართველოთი, რომელიც ალბათ დადასტურდება მოსკოვში მედვედევ ობამას შეხვედრაზეც.
8. ბაიდენის ვიზიტი უკრაინასა და საქართველოში ობამა-მედვედევის შეხვედრის შემდეგ. ვინაიდან ობამა მედვედევის შეხვედრის შემდეგც ომის საფრთხე ძალიან გაიზრდება.

ჩამოთვლილ პრევენციებში შეიძლება ითქვას ნამდვილად ვერ ვხედავთ 100%-იან გარანტიას, რომ რუსეთი თავისი გეოპოლიტიკური მიზნებისათვის უკან დაიხევს, მაგრამ გარკვეული ნიშნები იმისი, რომ რუსეთმა შესაძლოა უკან დაიხიოს არის. გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ნიშნები ძალიან თვალსაჩინოა, ხოლო მოკლევადიან პერსპექტივაში უფრო ირიბად ჩანს ბევრი რამ და სწორედ ისეთ შეხვედრებზე უნდა დაფიქსირდეს ეს პრევენცია, როგორიც არის მაგალითად მედვედევ-ობამას შეხვედრა, ან სხვა საერთაშორისო შეხვედრები, რომელიც გაიმართება უახლოეს ხანებში. დიდი რვიანის თუ სხვა.


გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ თანამედროვე გეოპოლტიკური პროცესები, არ ახდენს გავლენას მხოლოდ საქართველოზე. არამედ ის გავლენას ახდენს ევროპის უსაფრთხოებაზე. ვგულისხმობთ შემდეგს. რუსეთის მიერ კავკასიის კონტროლი, პრაქტიკულად რუსეთს მისცემს საშუალებას მთლიანად მოახდინოს დასავლეთის, ენერგეტიკული კონტროლი და ხელში ჩაიგდოს ყველა ის მექანიზმი, რაც ამ კონტროლს უზრუნველყოფს. პრაქტიკულად რუსეთი მოახდენს დასავლეთის ენერგო მომარაგების 70-80%მდე კონტროლს რაც დროში იქნება იმის გარანტი, რომ პოსტ საბჭოთა კავშირის სივრცის კონტროლით, რუსეთი მომავალში შეძლებს არამარტო აღმოსავლეთ ევროპის, არამედ დასავლეთ ევროპის გაკონტროლებას და არ გამოირიცხება სამხედრო ექსპანსია აღმოსავლეთ ევროპაშიც. დღეს თითქოს რუსეთის მაქსიმუმ მოთხოვნას წარმოადგენს პოსტ საბჭოთა კავშირის სივრცის კონტროლი, მაგრამ თავად იმპერიის კლასიკური ბუნებიდან გამომდინარე, მოსალოდნელია მისი ექსპანსია ისევ აღმოსავლეთ ევროპაში და კვლავ საკითხის დაყენება საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრეობის სრულ უზრუნველყოფაზე. აქედან გამომდინარე, რუსეთის დღეს შეკავება კავკასიაში, იქნება იმის გარანტი, რომ ევროპას ეს საფრთხე მომავალში არ დაემუქრება. ამდენად საქართველოს საკითხი ჯდება საერთაშორისო დასავლური გეოპოლტიკის არეალში იმდენად, რამდენადაც ეს საფრთხეები დროში ევროპისთვის ძალიან ნიშანდობლივი და ახლობელი გახდება.

ამდენად არის მნიშვნელოვანი ევროპისთვის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაც, ვინაიდან რუსეთის ამ ანკლავებში დატოვება, ზოგად გეოპოლტიკურ საფრთხეს ვერ მოსპობს და ვერ გაანეიტრალებს. ამ საფრთხის გასანეიტრალებლად რუსეთი უნდა გავიდეს საქართველოდან სრულად, რათა მოხდეს მისი, როგორც საფრთხის განეიტრალება, რაზედაც ზემოთ ვსაუბრობდით. ჩემთვის აბსოლუტურად ცხადი ხდება მედვედევის იმ ფრაზის კონტექსტი, როდესაც 2008წ. სექტემბერში, საქართველოს მან უწოდა, რუსეთისათვის, ”სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ტერიტორია”. თუ ამ კონტექსტად მივიღებთ, იმ საფრთხეებს რაზედაც ვისაუბრეთ, თუ რა დაუდგება რუსეთს კავკასიის დაკარგვით, ვფიქრობ ნათელი გახდება ამ ფრაზის მაშტაბურობა რუსული გეოპოლიტიკის მიზნების თვალსაზრისით.
ძნელია ითქვას, რუსეთისთვის, რამდენად საკმარისი იქნება დასავლეთის მიერ განხორციელებული პრევენციები, რომელიც შეაჩერებს რუსეთის მიზნებს, ამავე დროს რუსეთის მიერ დათმობა კავკასიის, პრაქტიკულად ასრულებს რუსულ გეოპოლტიკას და არანაკლები რესურსი, რაც რუსეთმა ამ მიმართულებებში დახარჯა წყალში გადაყრილი ხდება.
ამდენად საქართველოს უსაფრთხოება ჩემის აზრით პირდაპირპროპორციულადაა დამოკიდებული დროში ევროპის უსაფრთხოებასთან. საქართველოს უსაფრთხოება გამორიცხულია მიღწეულ იქნეს მანამდე, სანამ რუსეთი ჩვენი ტერიტორიებიდან არ გავა, ნებისმიერ დროს არის მოსალოდნნელი რუსეთის მხრიდან სამხედრო ანექსია. ვფიქრობ დღეს რუსეთისათვის მართლაც დგას დილემა, როგორ მოახდინოს საქართველოს ანექსია, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ის ამას ვერ შეძლებს ძალიან ბევრი ფაქტორის გამო, რომელიც პირდაპირ არ არის დაკავშირებული ჩვენს საკითხთან, მაგრამ ირიბად ისე ახლოს დგას, რომ ამ საკითხებში გაუთვალისწინებლობა არ ეგების.

გაგრძელება იქნება.

25.06.2009

Wednesday 17 June 2009

რუსეთთან ომის დაწყების და არდაწყების ნიშნები

ბევრი ინფორმაცია ვრცელდებ დაიწყება თუ არა ომი საქართველოში და დაიწყებს თუ არა მას რუსეთი. რამდენად სჭირდება დღეს რუსეთს ომი და არის თუ არა ეს საფრთხე.

ვფიქრობ, რომ საფრთხე მართლაც ძალიან რეალურია, მიუხედავად იმისა, როომ რუსეთ თავად გააჩნია ამ ომის შედეგად რიგი საფრთხეებისა, კერძოდ;

1. მთელი კავკასიის ჩართვა ომში.

2. ეკონომიკური კრიზისი რუსეტში და მისი კიდევ უფრო გაღრმავება.

3. ომის შემთხვევაში დასავლეთის სერიოზული ზეწოლა რუსეთზე, უფრო ძლიერი, ვიდრე ეს აგვისტოში მოხდა.

4.ამ ზეწოლით დასავლეთის მიერ რუსეთზე სერიოზული ზეგავლენის მოხდენა და ენერგომატარებლების ალტერნატიული წყაროების უფრო თამამდ და იოლად გაყვანა.

ასევე საინტერესოა, ზემოთჩამოთვლილი საფრთხეების შეფასება, იმ ჭრილში, თუ რა შედეგები დაუდგება რუსეთს, თუ ის ვერ მოახერხებს კავკასიაზე და შავ ზღვაზე სრულ კონტროლს ან ვერ შეინარჩუნებს.

1. გეოპოლიტიკურად წამგებიან პოზიციაში ყოფნა და მიმდინარე გეოპოლიტიკური მიზნების საფრთხის ქვეშ დაყენება.

2. ნორდსტრიმზე სერიოზული წინააღმდეგობა სკანდინავიის და პრიბალტიკის ქვეყნების მხრიდან.

3. გაზის დივერსიფიკაციის ნაბუკოს პროექტი- სერიოზული ალტერნატივა.

4. ნაბუკოს პროექტის რეალიზაციის შემთხვევაში შუააზიის გაზმარაგებზე სერიოზული კონტროლის დაკარგვა, რაც ამჯერად რუსეთის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი წყაროა ევროპის გაზმომარაგების და მონოპოლიის საკითხში.

ეს არის იმ საფრთხეების და ამ საფრთხეების რისკების შემცველი მეტნაკლებად არასრული სია, რომლის გამოც უნდა შევაფასოთ ომის დაწყების და არდაწყების ნიშნები. ჩემი შეფასებით ის საფრთხეები, რაც შეიძლება მოყვეს რუსეთის მიერ საქართველოსთან ომს დაახლოებით პროცენტულად ასე გამოისახება 80% ომის დაწყება, 20% ომის დაწყებისგან თავის შეკავება.



რუსეთი, არ მოერიდება კავკასიაში შესაძლო ფეთქებადსაშიშ სიტუაციას, მითუმეტეს, რომ კავკასიაში დღეს არ არის ის სიტუაცია, რომ იყოს 100% იანი გარანტია, ცეცხლის ალში მთლიანი კავკასიის გახვევის. იმ რესპუბლიკებში, სადაც ფეთქბადსაშიში სიტუაციაა, ესაა დაღესტანი, ინგუშეთი და იჩკერიის ძველი მებრძოლები, რომლებიც შემორჩნენ, არ არსებობს ერთიანი სტრატეგიული დაპირისპირება რუსეთთან, ერთიანი ლიდერით და ერთიანი ფრონტით. ჩრდილო კავკასიის ცენტრალური რესპუბლიკა ჩეჩნეთი უშუალოდ პუტინის მიერ კონტროლდება. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან რთული ვითარებაა სამივე ამ რესპუბლიკაში, ვფიქრობ იმ იდეისთვის ბრძოლა, რა იდეითაც შესაძლოა საქართველო ჩაერთოს ამ ომში ამ რესპუბლიკებში არ არსებობს, არც იდეოლოგიური და არც სხვა მიმართულებით. თუმცა არ არის გამორიცხული 2 რესპუბლიკაში, დაღესტანში და ინგუშეთში სერიოზული სამხედრო დაპირისპირებები დაიწყოს.

ერთიანი ფრონტი, ერთიანი ლიდერი, მაგალითად ისეთი, როგორიც იყო ჯოხარ დუდაევი, დღეს არ არსებობს. ამიტომ რუსეთის მიერ მათი ძლევა უფრო იოლია, დღეს, ვიდრე ეს 90 იან წლებში იყო.

ეკონომიკური კრიზისი რუსეთისათვის დღეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. ასევე მოსალოდნელია ამ კრიზისის კიდევ უფრო გაძლიერება, მიუხედავად იმისა, რომ შიდა პრ-ისთვის ომს დადებითი შედეგები შეიძლება მოჰყვეს. თუმცა შესაძლოა სწორედ ეს იქცეს იმ ქვად, რომელიც რუსეთს სერიოზულ ზიანს მიაყენებს, იმ შემთხვევაში, თუ დასავლეთიდან ის მიიღებს სერიოზულ ზეწოლას და მოუწევს ისევ შუა გზაში გაჩერება, ძალიან ცუდი შედეგებით. რის შემდეგაც ერთადერთი ნაბიჯი, რაც შეიძლება რუსეთმა გადადგას, არის უკან გადადგმული ნაბიჯი. შესაბამისად ის მიიღებს დასავლეთიდან სერიოზულ ზეწოლას და მოუწევს უკანდახევა არამარტო საქართველოსთან დაკავშირებით, არამედ ენერგომატარებლების გზაზეც.

აგვისტოს ომის რიტორიკამ რუსეთისთვის დღევანდლამდე ძლივს მოაღწია. ბოლო აკორდი, რომ რუსეთს თავის ქმედებაზე საუბარი აღარ შეუძლია და მხოლოდ თავხედობა და თავგასულობა შემორჩა ეს, გაეროში მისი ვეტო იყო. ვეტო, ანუ წერტილი, რომელიც რუსეთმა თავისთავს დაუსვა და თავის დიპლომატიას, და მოემზადა ახალი რიტორიკისთვის. რათქმაუნდა ეს დროში განგრძობადი საკითხია, მაგრამ დროში ის მასზე ცუდად აისახება.

ერთადერთი საშუალება, რაზედაც რუსეთმა შესაძლოა გააკეთოს გათვლა არის ბლიცკრიკი საქართველოში. რისი საშუალებაც მას ვფიქრობ არა აქვს. მაქსიმალური ვადა ბლიცკრიკის უნდა იყოს 1 კვირა დედაქალაქის აღების ჩათვლით. ალბათ ყველა გეგმა ამას გაითვალისწინებს და საომარი ვითარების დაწყების შემთხვევაში შემოტევა განხორციელდება დაახლოებით 5 მიმართულებით.

წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთი დგება უდიდესი რისკების წინაშე გეოპოლიტიკური მიზნების თვალსაზრისით. რაც ჩამოვთვალეთ.

ისევ გაეროს ვეტოს ირაციონალურ მომენტს ვუღრმავდები. ეს რუსული დიპლომატიის რიტორიკული წერტილია. ვინაიდან ყველაზე მაღალი ტრიბუნა დღეს გაეროა. გაეროში ვეტოს გამოყენება , რაც 2009წ. 16 ივნისს რუსეთმა გააკეთა არის სწორედ იმის ნიშანი, რომ ის აპირებს ბოლომდე ბრძოლას და ნებისმიერი რისკის ფასად ეცდება თავისი გეოპოლტიკური მიზნების განხორციელებას. თუნდაც ამისთვის დასჭირდეს ხელახალი ომი, მაგრამ ბოლო ომი. ანუ ის ემზადება ბოლო ომისთვის საქართველოში. როდესაც ვამბობ ბოლო ომს, ვგულისხმობ შემდეგს. ერთადერთი გამოსავალი ამ ომში გამარჯვებაა. რუსეთი გათვლის მხოლოდ გამარჯვებაზე, ვინაიდან ამ ომში სრულად გეგმების შეუსრულებლობა, რაც რუსეთს აქვს, ანუ კავკასიის ენერგოდერეფნის ხელში ჩაგდება და ფაქტობრივი კონტროლი, გამოიწვებს მის მარცხს. ვინაიდან არის საშიშროება, რომ მოხდება ნატოს ექსპანსია კავკასიაში, თუნდაც ნაბუკოს და სხვა პროექტების დაცვის თვალსაზრისით, რაც რუსეთის სრულად გამარჯვების შემთხვევაში გამოირიცხება. ამიტომ რუსეთი ემზადება ბოლო ომისთვის. კავკასიის ხეობებში განთავსებული რუსული ბატალიონები ჩრდილოკავკასიის ომში ჩართვის შემთხვევაში ბუფერის როლს შეასრულებს.

ამიტომ ომის მზადებამ შესაძლოა საკმაო ხანს, აგვისტოს შუარიცხვებამდეც გასტანოს და უზუსტესად დაიგეგმოს ყველა დეტალი. ეს არის რუსეთისთვის დანის პირზე გასვლა. ის ან საბოლოოდ დამკვიდრდება კავკასიაში, ან საბოლოოდ წავა. მე ვფიქრობ, რომ გეროს ვეტოს შემდეგ, საერთაშორისო პრევენცირება ძალიან გართულდება ამ ომის თავიდან ასაცილებლად. რუსეთმა ვფიქრობ გადაწყვიტა საბოლოოდ თქვას რომ კავკასია მას ეკუთვნის.

ყველაზე მეტად, რამაც დამანახა რუსეთის ომისთვის მზადება და შეიძლება ითქვას გადაწყვეტილების მიღება, ეს გაეროში ვეტოა. შეიძლება ეს საკმაოდ ირაციონალური იყოს, მაგრამ რატომღაც ამ შემთხვევაში ირაციონალურს ვამჯობინებ, მიუხედავად იმისა, რომ არის სხვა გარეგანი ბევრი ნიშანიც. იგივე წრთვნები "კავკაზ 2009", ჩვენს საზღვრებთან მოახლოება, კონფლიქტური რეგიონების იარაღით გავსება და ... საფრთხე მართლაც დიდია, მაგრამ ამას თავის დრამატულობას ისიც მატებს, რომ ეს ბოლო ომი უნდა იყოს რუსეთისთვის კავკასიაში და სწორედ ამაზე გათვლიან.

Tuesday 16 June 2009

გაერო, რუსეთის ვეტო და საქართველო

განვიხილოთ, რუსეთის ვეტო, გაეროს უშიშროების საბჭოზე, საქართველოში გაეროს მისიის (აფხაზეთში) შეწყვეტასთან დაკავშირებით.

ვფიქრობ, რომ ამ საკითხს აქვს რამდენიმე მინიშვნელობა. განვსაზღვროთ უარყოფით და დადებითი მომენტები შექმნილ პოლიტიკურ სიტუაციაში. უარყოფით მომენტად შეიძლება მივიჩნიოთ შემდეგი. გალის რაიონში მცხოვრები ქართველების უსაფრთხოების საკითხი და იქ ჩატარებული მონიტორინგი. ვფიქრობ ეს ერთადერთი რამაა, რაზედაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა იქონიოს. თუმცა თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ დაახლოებით 2500 კაცია მოკლული 1993წ დან დღემდე ამ მისიის აფხაზეთში განთავსებიდან დღემდე, ხოლო ამ გენოციდს თითქმის არავითარი რეაგირება არ მოუხდენია კონფლიქტის მოგვარების და უფრო აქტიური ჩარევის საკითხში აფხაზეთში, არამგონია ეს ყველაფერი ეფექტური მისიის განხორციელბად ჩაითვალოს. შესაბამისად მისი დატვირთვა უფრო პოლიტიკური იყო, ვიდრე კონფლიქტის მოწესრიგებისკენ გადადგმული ნაბიჯი. შარშან 2008წ. აგვისტოში, აფხაზეთის მხრიდან რუსების მიერ სამეგრელოს დროებითი ოკუპაციის შემდეგაც, გაერომ ვერცერთი რეზოლუცია ვერ მიიღო, რითაც დაგმობდა აღნიშნულ ქმედებას. პრაქტიკულად დღეს არ გვაქვს არცერთი რეზოლუცია 2008წ, აგვისტოდან დღემდე გაეროს მიერ მიღებული, რომელიც ამ ომს შეაფასებდა.

ასევე არავითარი რეაგირება ან ზეწოლა არ განხორციელებულა რუსეთზე, როგორც სამშვიდობო მისიაზე, 2008წ. აპრილში პუტინის 19 აპრილის განკარგულების მიღების შემდეგ იქ სამხედრო ინფრასტრუქტურის განვითარების საკითხზე და გაერო ვერც აქ აღმოჩნდა ეფექტური. რეალური შედეგები, ამ მისიას არ მოჰყოლია და მხოლოდ პოლიტიკურ მნიშვნელობაზე შეგვიძლია საუბარი.

რუსეთის მიერ გუშინ განხორციელებული ვეტო სწორედ პოლიტიკური დატვირთვას ემსახურებოდა. ანუ რუსეთის მცდელობა მოახდინოს აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოში სტატუს კვოს განსაზღვრა, მხოლოდ აქეთ მიმართული ნაბიჯია. ვფიქრობ საკმაოდ არაეფექტური და ეს დროში მისთვის სასურველ შედეგებს ვერ გამოიღებს. შეიძლება ითქვას გაეროში ეს ვეტოს უფლება უფრო იმის კომპენსაციაა, რაც რუსეთმა განიცადა ევროსაბჭოს იანვრის და აპრილის რეზოლუციების დროს განცდილ დიპლომატიურ მარცხზე, სადაც რუსეთისთვის ძალიან არასასურველი რეზოლუციები იქნა მიღებული. გარკვეულ წილად, ეს რუსულ შიდა პრ-საც ემსახურება და არა საერთაშორისო ასპარეზზე რაიმე დიდ დიპლომატიურ გამარჯვებას. ანუ შიდა პრ-ისთვის ეს პუტინ-მედვედევის დიპლომატიურ "გამარჯვებად" ჩაითვლება, ხოლო ის საკითხი, რომ რუსეთმა მოახდინოს არსებული სტატუს კვოს დაკანონება ვერ მოხერხდება.
მოდით განვიხილოთ თუ რატომ არის ეს ასე?
2008 წლის 12 აგვისტოს სარკოზი მედვედევის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რუსეთს შესრულებული არა აქვს. სწორედ ეს შეთანხმება გახდა მიზეზი იმისა, რომ რუსეთმა, ცნო ეს რესპუბლიკები, ვინაიდან იყო ბევრი საფრთხე ამ ომის შემდეგ, რის წინაშეც რუსეთი დადგებოდა. კერძოდ ეს იყო სამშვიდობო მისიების დასასრული ცხინვალსა და აფხაზეთში. ამიტომ აუცილებელი იყო, მას შეექმნა ალტერნატიული იურიდიული ბაზა, რომელიც უზრუნველყოფდა მისი მიერ ოკუპაციის დაკანონების მცდელობას და ამ კვაზი სახელმწიფოებთან შექმნიდა სამართლებრივ ბაზას, სადაც მოახდენდა საკუთარი ამბიციების შესრულებას, ანუ ამ ტერიტორიებზე დარჩენას. სწორედ ამას ემსახურებოდა აფხაზეთის და ცხინვალის ცნობა.
ასეც მოხდა, მიხედავად იმისა, რომ ეს ნაბიჯი, არც რუსეთისთვის იყო ძალიან კომფორტული.

მის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ხელმოწერა, რომელიც იძულებითი ნაბიჯი იყო გარკვეულწილად ვერ შექმნიდა რუსეთისთვის სასურველ სიტუაციას. ამიტომ მან ალტერნატიული იურიდიული ურთიერთობები დაამყარა ამ კვაზი სახელმწიფოებთან. რუსეთი ცდილობს დაამყაროს სტატუს კვო ამ ალტერნატიული იურისპრუდენციის შექმნით, ეს ვეტოც გარკვეულწილად ამისკენ გადადგმული ნაბიჯია, (უფრო შიდა პრ) თუმცა ამის მიღწევა, იმ ვითარებაში რაც შეიქმნა, ანუ რუსეთის ეს ალტერნატუიული იურიდიული ქმედებები პარატიკულად არავინ არ ცნო ამის მიღწევა დღესდღეობით შეუძლებელია.

შექმნილ ვითარებაში აუცილებელია ურთიერთობების გაძლიერება ევროკავშირთან. პოლიტიკური მნიშვნელობით გაეროში რუსეთის ვეტო, საქართველოს საგარეო პოლიტიკის ევროკავშირის მიმართულების გაძლიერებით, ასევე ამერიკასთან 2009წ. იანვარში გაფორმებული ქარტიის პრაქტიკული განხორციელებით უნდა განეიტრალდეს და ვფიქრობ ეს საკითხები გაცილებით მეტ პრევენციულ ზომებს უზრუნველყოფს მოჭარბებული რუსული აგრესიის ფონზე, ვიდრე გაეროს მისიის ვადის გაგრძელება.

გაეროში რუსეთის ვეტომ, კიდევ უფრო მაღალ ხარისხში უნდა აიყვანოს რუსეთის საქართველოს მიმართულებით განხორციელებული პოლიტიკასთან მსოფლიო თანამეგობრობის და განსაკუთრებით, ამერიკა-ევროპის ამ პოლიტიკისადმი დაპირისპირება.

რუსეთის აგრესიის მთავარი პრევენცია, არის რუსეთისა და დანარჩენი მსოფლიოს დაპირისპირება საქართველოს საკითხზე. ვფიქრობ მიბმულია ამ ყველაფერთან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც ქარტიის პრაქტიკული რეალიზაციის საკითხებზე იქნება საუბარი და შეხვედრის ძირითადი ნაწილი სწორედ ამას დაეთმობა. რა გადაწყვეტილებას მიიღებს ამერიკის ადმინისტრაცია ამ მიმართულებით ამას უახლოეს მომავალში ვიხილავთ.
გარდა ამისა ალბათ, გაძლიერდება ნაბუკოს პროექტის მხარდაჭერა და რამდენიმე კვირის წინ ძალიან მნიშვნელოვანი იყო ნატოს ოფიციალური განცხადება ნაბუკოს პროექტის უსაფრთხოების საკითხების თავის თავზე აღების შესახებ, რაც არამგონია რუსეთის პოლიტ ისტებლიშმენტისათვის სასიამოვნო ინფორმაცია იყოს. მიუხედავად იმისა, რომ ეს ზრდის რუსეთის აგრესიას ჩვენი მიმართულებით, ის ასეთი საერთაშორისო პრევენცირების ხარჯზე უნდა დაბალანსდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს ძალიან გაუჭირდება რუსეთთან გამკლავება.

შეიძლება ითქვას გაეროში რუსული ვეტო ჩვენს მიმართ, კიდევ უფრო ზრდის დაპირისპირებას დასავლეთსა და რუსეთს შორის, რაც ჩვენი უსაფრთხოების პრევენცირების ხარისხს უფრო მაღლა სწევს და კიდევ ერთხელ ისტორიულ გამოცდილებაში გამოჯეკილი ფორმულის მოწმენი ვხდებით, რაც ჩვენს ტერიტორიაზე პრეტენდენტების ბრძოლას გულისხმობს.

გაგრძელება იქნება.

16.06.09 წ.