Tuesday, 30 June 2009

იქნებ ამიწონოთ ჩემი კუთვნილი თავისუფლება?!

ისტორია მომავალია


არსებობს ტექსტები, რომელსაც სვენებით უნდა წაკითხვა. მთავარი არ არის ამ შემთხვევაში ტექსტის გრამატიკა, ან ტექსტში გრამატიკა, არამედ მთავარია გრამატიკა ცნობიერებაში. სწორედ ასეთი ტექსტია ეს ტექსტიც. მიუხედავად მრავალი მცდელობისა, მრავალი აქტიურობისა ჩვენი საზოგადოება დღეს რაღაც მიჯნაზე იმყოფება. ვამბობთ, მიჯნას და ვგულისხმობთ ეპოქალურ გარდატეხას ჩვენს აზროვნებაში, ჩვენს მენტალიტეტში.
მოდით განვიხილოთ, ის შეთავაზებები, რომელსაც ამ ჟანრში სთავაზობენ საქართველოს დღევანდელი ისტორიული პერსონაჟები. ძალიან გაკვირვებული ვარ, რომ ეს შეთავაზება ძირითადად პოლიტიკური კუთხით ხდება. რატომღაც ყველაზე დიდი დატვირთვა პოლიტიკოსებს და პოლიტიკის კეთებაზე მოდის და პრაქტიკულად ამოვარდნილია ამ ჟანრიდან კულტურა, რომელიც ამ პროცესის, ამ მიჯნის მთავარი გადამლახავი უნდა იყოს. არანაირი დატვირთვა კულტურაზე არ მოდის ამ პროცესში, არადა მენტალობის ცვლილებაში სწორედ კულტურაა მთავარი წარმმართველი ძალა.
რაც შეეხება პოლიტიკას, სახელმწიფოს, სამართალს, ამ ისტიტუტებს არა აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ შეცვალოს და დააფუძნოს ახალი მენტალობა. კულტურის გარეშე ამ ყველაფრის კეთება წყლის ნაყვას ჰგავს. მავანს ჰგონია, რომ სახელმწიფო სტრუქტურების ცვლილება, ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის დაცვა, რაც კონსტიტუციაში ცვლილებებს გულისხმობს, ე.წ. სამართლებრივი სახელმწიფო, დამოუკიდებელი მედია, დამოუკიდებელი სასამართლო და ასე შემდეგ უამრავი დამოუკიდებელი ინსტიტუტის შექმნა საკმარისია, რომ ამ ყველა პრობლემას, რომელიც ჩვენს მენტალიტეტშია უშველის.
მაშინ, როდესაც ამ ყველაფრის გაკეთება დაახლოებით, შენობის საძირკვლიდან შენებას კი არ ნიშნავს, არამედ ყველაზე მაღალი სართულიდან შენობის შენების დაწყებას. მარტივი მაგალითი შეგვიძლია მოვიტანოთ.
რა არის ”საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი”? ეს არის თავისუფლება? ეს არის თავისუფალი საქართველო იმთავითვე? ჩვენ გამოვაცხადეთ დამოუკიდებლობის აქტი, მაგრამ ამან თავისუფლება ვერ მოგვიტანა, რატომ? განა ამაზე დავფიქრდით? ვერ დავფიქრდებით, ვინაიდან ვეძებთ თავისუფლებას მატერიალურ განსხეულებაში, სადღაც ხელშესახებზე, ვეძებთ თავისუფლებას მედიას სივრცეში, სახელმწიფო ინსტიტუტებში, მათ შორის ხელისუფლების შტოების ბალანსში, სასამართლოს შენობებში, სხვაგან, გარდა საკუთარი თავისა. მიბოძეთ ჩემი წილი თავისუფლება ერთი ორი კილოგრამი. დაახლოებით ასეთი დამოკიდებულებაა თავისუფლების მიმართ.
ჩვენთვის თავისუფლება იმალება ’სხვაგან”, ჩვენ გვაქვს ამ ”სხვაგან” ყველაფრის ძებნის მოთხოვნილება და არა ”აქ”, შიგნით საკუთარ თავში, სადაც მთავარი პრობლემაა და ნამდვილად იოლია, მარტივია ამის ”სხვაგან” ძებნა, სხვაგან პრობლემების დანახვა, ვიდრე აქ შიგნით.
გამუდმებით გვთავაზობენ პოლიტიკოსები თავისუფლებას, მიტინგებზე, სახელმწიფო სტრუქტურებში, შენობებში, სასამართლოებში, მაგრამ განა მათ შეუძლიათ შეგვთავაზონ თავისუფლება ზოგადად, იქ, სადაც სინამდვილეში ის არის? შიგნით, ჩვენში აღმოჩენილი თავისუფლება. თავისუფლება არ არის დეკლარაცია, არ არის მატერიალური, ის მენტალობაშია და სწორედ ამ მენტალობაში უნდა აღმოჩნდეს, უნდა იქნეს მიგნებული.
თავისუფლებას ვეძებთ ”სხვაგან” მათ შორის ისტორიაში, სხვადასხვა ეპოქებში. ამ დროს დავბოდიალობთ ჟამთააღმწერლურ ტექსტებში და წარსულში. ეს არის მკვდარი ტექსტები, მკვდარი ფაქტები, ვინაიდან ჯერ არავის დაუწერია ის ტექსტი, რომელიც ამ ტექსტებს გააცოცხლებდა გამოცდილებებში. ისინი ისეთივე მკვდარია, რომორც მათი შემქნელები და მხოლოდ ფაქტების გროვაა. ამ დროს ისტორია არაა წარსული, ის მომავალია, გაცოცხლებული მომავალი გამოცდილებაში, რომელსაც ერი იყენებს მომავლის შესაქმნელად.
იყენებს ისტორიულ გამოცდილებას და ქმნის მომავალ ისტორიას. ამის ნათელი მაგალითია ილია ჭავჭავაძის სენტენცია, ”აწმყო შობილი წარსულისაგან, არის მშობელი მომავალისა”. რა არის ამ სენტენციის მთავარი საზრისი, სწორედ, ის, რომ წარსული უნდა გაცოცხლდეს მომავლისთვის და მხოლოდ ერთი შესაძლებლობა გააჩნია ამას, ეს არის იმ გამოცდილებების გაცნობიერება, რომელიც დატოვა ამ წარსულმა. ჩვენ ვაპელირებთ ილია ჭავჭავაძით, ვაპელირებთ მისი სენტენციებით, მაგრამ არ ვაკეთებთ ამ სენტენციების რეალიზებას, უბრალოდ იმიტომ რომ ჩვენი წილი ერთი ორი კილოგრამი თავისუფლება სახლში ვერ წავიღეთ, არავინ არ აგვიწონა, რაღაც მითურ სასწორზე.
ნიცშეს აქლემის არ იყოს, ეს ისტორია, ეს ჟამთააღმწერლობა და ფაქტების გროვა, მოკიდებული გვაქვს ზურზე და დავატარებთ თაობიდან თაობაში, დავატარებთ ეპოქიდან ეპოქაში, გარდა ამისა ვქმნით ზეციურ და მისტიურ საქართველოებს და ამ ყველაფერთან ერთად დავატარებთ ამასაც, თუმცა არავინ იცის ამ ყველაფრის საჭიროება. არავის ესმის, რატომაა საჭირო ამ ტექსტის ტარება მომავალში. ჩვენ გვსურს თავისუფლება, მაგრამ განვასახიერებთ მონობის სცენებს, ვქმნით კულტებს, ვქმნით ისტორიის ფეტიშიზმს და არ ვფიქრობთ, რომ ეს საჭირო არ არის, აბსოლუტურად ზედმეტია და სწორედ ეს არის ის ერთი ორი კილოგრამი თავისუფლება, რომელსაც ვწონით ჩვენსავე მითიურ სასწორზე, რომელიც ჩვენ თავად შევქმენით, რიტუალში და ეს რიტუალი ვაქციეთ ჩვენი არსებობის ძირითად საზრისად.
მაშინ, როდესაც ეს რიტუალი მხოლოდ მუზეუმში უნდა არსებობდეს, მუზეუმის გარეთ, რჩება ისტორიული გამოცდილება მენტალობაში, რომელიც აყალიბებს ჩვენს მომავალს, ქმნის ჩვენს მომავლისეულ ისტორიას.
არაერთხელ მიმართავს ისტორიული პარალელების, ისტორიული ხთომილებების გამოცდილებისკენ და ვცდილობ ლოგიკაში, ანალიზში შევქმნა ერთგვარი ფორმულები, რომელიც ამ ისტორიულმა გამოცდილებამ დაგვიტოვა. ”ყველაფერი მეორდება მარად იგივეში”, მ. ჰაიდეგერის ეს ფრაზა არ გულისხმობს რაიმე მოვლენების და ფაქტების ასლურ ბუნებას, ეს ისტორიიის მომავალია, რომელიც ისტორიულ გამოცდილებებში ვლინდება. არ შეიძლება მარაბდის ომის (1625წ.) განმეორება მისი ისტორიაში კოპირება. მაგრამ არსებობს სხვა ომი, სხვა მოვლენა, რომელიც იგივეა, მტერი, რომელსაც მხოლოდ სახელი შეიძლება შეეცვალოს ისტორიაში, ხოლო მტრის მიერ განხორციელებული პროცესი იმის მსგავსი იქნება, რაც მიხდა ისტორიულ ფაქტებში, ისტორიულ ჟამთააღმწერლობაში.
რატომ ვფიქრობთ, რომ თავისუფლება ”სხვისია”, სხვა არის ამ თავისუფლებაზე ხელმომწერი, რატომ ვფიქრობთ, რომ ვინც ხელი მოაქერა 1991წ. დამოუკიდებლობის აქტს იმათია ეს თავისუფლება, იმათი, ვინაიდან ქაღალდზე, სადაც ეს ტექსტი ეწერა ხელი მოაწერა. რატომ არ გვინდა გავიგოთ, რომ ამ აქტს ხელი მთელმა საქართველომ, თითოეულმა მათგანმა მოაწერა. რატომ ვეძებთ აქტზე ხელმომწერებს და არ ვეძებთ ამ აქტში გაცხადებულ თავისუფლებას ჩვენს მენტალობაში, ან რატომ არ ვანვითარებთ ამ თავისუფლებას ჩვენს მენტალობაში. განა ჩვენ არ მოვაწერეთ ყველამ ხელი ამ თავისუფლების აქტს?განა ჩვენ არ ავირჩიეთ ის ხალხი, ვისაც ამ აქტზე ხელმოწერის უფლება მივეცით? ეს ჩვენ არ ვიყავით, განა შეიძლება გაიყოს ჩვენი და აქტზე ხელმომწერების თავისუფლება? არადა ვყოფთ, მაშინ როდესაც ამერიკის დამუკიდებლობის დეკლარაცია, რომელიც თომას ჯეფერსონმა შექმნა, შიგნით დაწერა, რომ ამ დეკლარაციას იღებს ამერიკელი ხალხი, რომელიც არ არსებობდა მაშინ, არ არსებობდა ისტორია, გამოცდილება ამერიკელი ხალხის, მაგრამ არსებობდა აქტის შემდგენელის, ხელმომწერების და იმ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანების მენტალური თავსებადობა. მენტალური თავსებადობა დროსა და სივრცეში, რომელსაც მხოლოდ ერთი რამ აერთიანებდა, თავისუფლება, მენტალობაში, თავისუფლება აღმოჩენილი ამ მენტალობაში და შემდეგ ამას მოჰყვა 1787წ. კონსტიტუცია, შემდეგ ამას მოჰყვა დამფუძნებელი მამების განმარტებები ამ კონსტიტუციაზე, რომელიც ამერიკული ერთიანი თავისუფლების მენტალობის ბრწყინვალე ნიმუშია და ეს ყველაფერი ცარიელ ადგილას, ისტორიული გამოცდილების გარეშე.
ჩვენ ვერ შევძელით ამ მენტალობაში განმტკიცება, თავისუფლების მენტალობის დამკვიდრება და ამის ძებნას ზეციურ, მისტიურ საქართველოში და ჟამთააღმწერლურ ქრონიკებში ვაგრძელებთ. ვქმნით ილუზიებს ამ ყველაფერზე. ვქმნით ფეტიშიზმს მე-11-12 საუკუნის ისტორიაზე, დავით აღმაშენებლზე, თამარ მეფეზე და ათას ისტორიულ პერსონაჟზე. უბრალოდ ის ვერ გაგვირკვევია, რომ ეს ადამიანები, ეს პერსონაჟები არიან მკვდრები, არა არიან ცოცხლები და მათი ფეტიშიზმი ვერ მოგვცემს იმის საშუალებას ჩვენი თავისუფლება გავაცოცხლოთ. ჩვენ უნდა შევძლოთ, განვთავისუფლდეთ ამ ყველაფრისგან, მოვიშოროთ ეს ისტორია და დავტოვოთ მხოლოდ ზოგადი, შევიცნოთ ჩვენი მტერი, რომელიც ყველა ეპოქაში ერთია, განვსაზღვროთ ჩვენი თავისუფლების პრიორიტეტები, რომელიც ყველა ეპოქაში ერთია, განვსაზღვროთ ამ თავისუფლების აღმოჩენის ამ თავისუფლებისთვის ბრძოლის მექანიზმები, რომელიც ისტორიულ გამოცდილებაში ერთია და ერთი იქნება დღესაც და 100 წლის შემდეგაც. რაც არ იცვლება არასოდეს, ვინაიდან ”ყველაფერი მეორდება მარად იგივეში”, არა ფაქტების სახით, არამედ ზოგადი ტექსტის სახით.
გავაცნიობიეროთ, ის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ხელს აწერს არა ადამიანების ჯგუფი, არამედ მთელი ერი, მთელი საქართველო, თითოეული ჩვენგანი და მინიშვნელობა არა აქვს იმას, დაბადებულნი ვიყავით თუ არა ამ დროს, ამ აქტის შედგენის დროს. ეს ჩვენი ხელმოწერაა თავისუფლებაზე, ქვეყნის თავისუფლებაზე, რომელსაც ქმნიან თავისუფლალი ადამიანები, რომლებმაც იციან, ვინ არის მისი მტერი და ვინ არის მისი მოყვარე. უნდა შევძლოთ დავამთავროთ ისტორიის ჟამთააღმწერლური ნაწილი ჩვენს ცნობიერში. უნდა შევწყვიტოთ ისტორიის ბნელ ქრონიკებში ბოდიალი. უნდა დავამარცხოთ ჩვენს თავში ზეციური და მისტიური საქართველო, რომელიც მხოლოდ ტვირთია, რომელიც მხოლოდ ქიმერაა, რომელიც ჩვენს თავისუფლებას გვაძებნინებს სხვაგან, სხვებთან, სადაც ის არ არის. ჩვენ უნდა ავირჩიოთ, ყოფნასა და ფლობას შორის, უნდა ავირჩიოთ, ყოფნა თავისუფლებაში, ვინაიდან თავისუფლების ფლობა არ შეიძლება. ზოგადად უნდა ავირჩიოთ ყოფნა, ყოფნა თავისუფლებაში, ყოფნა სივრცეში, რომელიც ორიენტირებულია მომავალზე და ისტორია მივიღოთ როგორც გამოცდილება, როგორც მომავალი და არა წარსული ისტორიულობა. ადამიანი, მომავლისეული არსებაა და მისი ისტორიაც მომავლისეულია.
უნდა ვძლიოთ ისტორიის შიშს. ამ შიშში შეუძლებელია თავისუფალი ადამიანის არსებობა. წარსულის შიში ილუზიაა. ილუზიაა ამ შიში ცხოვრება, სწორედ ასე შეიძლება ცარიელს სივრცეში, ყოველგვარი ისტორიული ფაქტების ფეტიშიზმის გარეშე შევქმნათ თავისუფალი ქვეყანა. უნდა გავითავისოთ და შევიგრძნოთ ის სიტკბო, რომელზეც მენტალურად უნდა მოვახერხოთ დაფიქსირება და იმ ხელმოწერის სიტკბოც შევიგრძნოთ, რომელიც ”საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე” გავაკეთეთ ყველამ ერთად.



30.06.2009წ.