Wednesday 21 April 2010

ირაკლი ალასანიას ინტერვიუ გაზეთ „რეზონანსში“ – დიპლომატიური დისკურსი თუ დრამატული გაუგებრობა

რამდენიმე დღის წინ გაზეთ „რეზონანსში“ გამოქვეყნდა „ალიანსის“ ერთერთი ლიდერის ირაკლი ალასანიას ინტერვიუ - “საქართველოსა და რუსეთს შორის უნდა გაჩნდეს საერთო თანხმობის საგნები და საერთო თანხმობის ინტერესი”. უკვე თავად სათაური, რომელიც ძირითადი ტექსტიდან არის გამოტანილი, უამრავ წინააღმდეგობას შეიცავს. ეს წინააღმდეგობები ძირითადად ამჟამინდელი რუსულ-ქართული ურთიერთობების კონტექსტიდან მომდინარეობს, რაც ამ წინადადებასთან აბსოლუტურად შეუთავსებელია. თავად ფრაზა საკმაოდ მომხიბვლელია და შეიძლება მავანმა იფიქროს, ეს რა კარგი რამ არის, როგორ შეიძლება ამას არ დაეთანხმო, და ბოლოს, ეს რა დახვეწილი ფრაზააო და ასე შემდეგ, მაგრამ თუ რუსულ-ქართულ ურთიერთობებს დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე განვიხილავთ, ეს ერთი შეხედვით მწყობრი და ლამაზი სენტენცია, უფრო სწორად, მისი საზრისი შეუბრალებლად აორთქლდება. უპირველეს ყოვლისა, შევეცადოთ გავარკვიოთ რუსეთის პოზიცია საქართველოსთან მიმართებაში.

1. 2008წ. 26 აგვისტოდან (ოკუპირებული რეგიონების აღიარების თარიღი) რუსეთი დაჟინებით ცდილობს ამ იდეის ინტერვენციას მსოფლიო თანამეგობრობის წინაშე.
2. რუსეთი საქართველოს აღიქვამს სტრატეგიულ მოწინააღმდეგედ კავკასიის რეგიონში, რასაც ყველა მის ხელთ არსებული საშუალებით ადასტურებს;
3. რუსეთი საქართველოს აღიქვამს თავის გავლენის სფეროდ და არ აღიარებს მის ინტერესებს რეგიონში.
4. დაწყებული 1991 წლიდან დღემდე რუსეთი საქართველოსთან არანაირ პარტნიორულ ურთიერთობების ჩამოყალიბებას არ ცდილობს;
5. იმ კონტექსტში, თუ საერთოდ არსებობს რუსეთი-საქართელოს დიალოგის შესაძლებლობა, რუსეთი ცდილობს საქართველოს შესთავაზოს დიალოგი სუფთა ფურცლიდან, ანუ 2008წ. აგვისტოდან, თან იმ პირობით, რომ ამ დიალოგის ბიძგი უნდა იყოს შექმნილი სტატუს კვოს აღიარება საქართველოს მხარის მიერ;
6. რუსეთისათვის პრეზიდენტ მედვედევის განმარტებით საქართველო არის „სასიცოცოხლოდ მნიშვნელოვანი ტერიტორია“ _ სწორედ ტერიტორია და არა ქვეყანა ან საერთაშორისო სუბიექტი.
7. რუსეთი ცდილობს აღადგინოს თავისი გავლენა ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეზე და ამას მიზანმიმართულად ახორციელებს. არცერთი ნიშანი იმისა, რომ რუსეთისთვის ამ გეგმას რაიმე ალტერნატივა გააჩნია, არ არსებობს. (ვლ. პუტინი „საბჭოთა კავშირის დაშლა იყო მე-20 საუკუნის გეოპოლიტიკური კატასტროფა“)
8. რუსეთი ღიად აცხადებს, რომ საქართველოს ნატოში შესვლას ნებისმიერი ხერხით შეეწინააღმდეგება (სერგეი ლავროვი. 2008წ. აპრილი)

ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ კონტექსტის, რომელსაც მოიცავს რუსული დისკურსი საქართველოსთან მიმართებაში. საინტერესოა ამ კონტექსტის ფონზე რას ნიშნავს ირაკლი ალასანიას განცხადება იმის შესახებ, რომ “საქართველოსა და რუსეთს შორის უნდა გაჩნდეს საერთო თანხმობის საგნები და საერთო თანხმობის ინტერესი”. ამ ფონზე სად მდებარეობს საერთო თანხმობის საგნები და საერთო თანხმობის ინტერესის ადგილი? ან რა საერთო ინტერესს და თანხმობას გულისხმობს ბ-ნი ალასანია? პასუხი დანარჩენ ტექსტშიც არ არის. ვერც იქნება, ვინაიდან საუბარია არაფერზე. განვაგრძოთ.

ირაკლი ალასანია თავის ინტერვიუში აცხადებს: “აღსანიშნავია ის, რომ მსოფლიო უსაფრთხოებაში განსაკუთრებული როლი უკავია რუსეთის ფედერაციას. საქართველოს, როგორც ქვეყანას, რომელიც ესწრაფვის გახდეს ევროპული სახლის წევრი, სხვა გამოსავალი არ აქვს, გარდა იმისა, რომ თავის საგარეო-პოლიტიკურ კურსში ეს რეალობა გაითვალისწინოს.”

საკმაოდ საინტერესოა, როგორ მოიაზრებს ბ-ნი ალასანია ზემოთმოყვანილს იმ მწარე რეალობის ფონზე, რომელიც დღეს ამ ორ ქვეყანას შორის არსებობს და რომელიც ჩვენ ზემოთ შევეცადეთ ჩამოგვეყალიბებინა? გასაგებია, რომ რუსეთს მსოფლიო უსაფრთხოებაში განსაკუთრებული როლი უკავია, მაგრამ რუსეთის უსაფრთხოება მსოფლიო უსაფრთხოების კონტექსტში ეფუძნება ერთ პრინციპს: შექმნას საკუთარი ტერიტორიული უსაფრთხოების ბუფერული ზონა სწორედ ყოფილი საბჭოთა კავშირის საზღვრებში არსებული სახელმწიფოების ხარჯზე და მათი გავლენის სფეროდ მსოფლიო თანამეგობრობის აღიარების ხარჯზე. ეს რეალობა აბსოლუტურ წინააღმდეგობაშია საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებთან, კერძოდ მის მისწრაფებებს შექმნას ეროვნული უსაფრთხოების გარანტიები ნატოში ინტეგრაციის გზით. ამ გადასახედიდან ბ-ნი ალასანიას ლოგიკა რუსეთთან საერთო ინტერესებსა და საგნებთან დაკავშირებით გაუგებარია.

ბატონი ალასანია არაფერს ამბობს იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება მოხდეს ამ ინტერესების თანხვედრა დროსა და სივრცეში. ავუყვეთ მონიშნულ აბზაცს ქვემოდან ზემოთ და საინტერესო სურათს მივიღებთ.

თუ ბ-ნ ალასანიას მნიშვნელოვნად მიაჩნია:

1. „ საქართველომ დაიწყოს ფიქრი ნორმალური ურთიერთობის დამყარებისთვის რუსეთის ფედერაციასთან”.
2. „როგორ შევქმნით რეგიონული უსაფრთხოების ისეთ მექანიზმებს, რომელიც საქართველოს თავისი ეროვნული ინტერესების დაცვაში ხელს შეუწყობს...“
3. „ საქართველოს სხვა გამოსავალი არ აქვს, გარდა იმისა, რომ თავის საგარეო-პოლიტიკურ კურსში ეს რეალობა გაითვალისწინოს.“
4. “ მსოფლიო უსაფრთხოებაში განსაკუთრებული როლი უკავია რუსეთის ფედერაციას.“

მაშინ როგორ აპირებს მოახერხოს ეს: „საქართველოს, როგორც ქვეყანას, რომელიც ესწრაფვის გახდეს ევროპული სახლის წევრი“.

როგორ ვხდებით ევროპული სახლის წევრები? რა შემთხვევაში და რა კონტექსტში თანხმდება რუსეთი საქართველო გახდეს ევროპული სახლის წევრი? თუ სხვა გამოსავალი არ გვაქვს გარდა იმისა, რომ ვაღიაროთ რუსეთის როლი და გავითვალისწინოთ ეს ჩვენს საგარეო კურსში? როგორ მოდის კორელაციაში ეს ყოველივეს საქართველოს ევროპულ სახლში ინტეგრაციასთან? თუ უნდა ვაღიაროთ რუსეთის განსაკუთრებული როლი მსოფლიო უსაფრთხოების კონტექსტში, როგორ შევქმნათ რეგიონალური უსაფრთხოების მექანიზმები ან როგორ დავამყაროთ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობა? მთელს ამ ფრაზაში საინტერესოა ლოგიკა რუსული იმპერიული კონტექსტის გათვალისწინებით მაშინ, როდესაც რუსეთი დღეს თავისი უსაფრთხოების კონცეფციიდან გამომდინარე:

1. ცდილობს შექმნას ბუფერული ზონა სსრკ-ს საზღვრებში, რომელიც მისი ტერიტორიის უსაფრთხოების დაცვაში მოიაზრება.
2. რუსეთი წინააღმდეგია ნატოს გაფართოების აღმოსავლეთისკენ.
3. რუსეთისათვის საქართველო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ტერიტორიაა, რასაც მოწმობს ოკუპირებული ტერიტორიები.

რა ლოგიკას ეფუძნება ბ-ნი ალასანიას საუბარი? სად არის ამ ყველაფერში ლოგიკა? რას გვთავაზობს? რუსული უსაფრთხოების სისტემაში ჩართვას? რუსეთის ტერიტორიულ უსაფრთხოებასთან, რომელიც გულისხმობს სსრკს საზღვრების აღდგენას და შემდეგ მის ლეგიტიმაციას მსოფლიო თანამეგობრობის მიერ? სად მიდის ამ შემთხვევაში საქართველოს რეგიონალური უსაფრთხოება ან როგორ ვხდებით ევროპული სახლის წევრები, რაც გულისხმობს როგორც ევროკავშირში, ასევე ნატოში ინტეგრაციას? ამ შეუსაბამობებიდან გამომდინარე, რა უნდა ვიფიქროთ, რისკენ მოგვიწოდებს ბ-ნი ალასანია? უკვე დასაწყისშივე წარმოიშვა უამრავი შეკითხვა, მაგრამ ვეჭვობ, ამ თემის შემდგომი გაშლა მათზე პასუხების ნაცვლად კიდევ უფრო მეტ წინააღმდეგობებს წარმოაჩენს.

ჩიხი ნამდვილია

ბატონი ალასანია ამბობს: “მიუხედავად დღეს შექმნილი ურთულესი ვითარებისა, რომელიც ერთი შეხედვით ჩიხურად გამოიყურება, მიმაჩნია, რომ არსებობს რესურსი, რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის დაიწყოს პოლიტიკური დიალოგი, რომელიც რეალურად დაიწყებს გზების ძიებას, როგორ გამოვიდეთ შექმნილი კრიზისული ვითარებიდან.”

დავუშვათ, სწორია მოსაზრება, რომ სიტუაცია რუსეთთან ჩიხურია მხოლოდ ერთი შეხედვით. ჩვენ მიერ ზემოთჩამოთვლილი რუსული დისკურსის და მისი გეოპოლიტიკური მისწრაფებების ფონზე ბუნებრივად ჩნდება შეკითხვა: რა საფუძველს ეყრდნობა ეს განცხადება? ხომ არ შეიცავს იგი დაფარულ აზრს, რომ საქართველოს დღევანდელმა საგარეო გეოპოლიტიკურმა კურსმა ქვეყანა ჩიხში შეიყვანა და მათი ხედვა, ვინც რუსეთთან ურთიერთობის იმ დოქტრინებს არ ეთანხმება, რომლებსაც აქ ბ-ნი ალასანია წარმოგვიდგენს, ვერ ამჩნევს, რომ ეს ჩიხი, ასე ვთქვათ, მცდარი გონების ჩიხია და მხოლოდ ერთეული, ფართო პოლიტიკური თვალსაწიერის ადამიანები ხედავენ ამ „ცრუ“ ჩიხიდან გამოსავალს? დავუშვათ, რომ ეს ასეა. სინამდვილეში ამ ურთიერთობების აღდგენის რა რესურსი არსებობს? ჩვენს მიერ ზემოთ გაშიფრული მოსაზრებებია რესურსი, რომ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობები დავამყაროთ? თუ ის „სუფთა ფურცელია“ რესურსი, რომელსაც რუსეთი დიალოგის დაწყების ათვლის წერტილად მიიჩნევს ჩვენს ურთიერთობებში? სად, რომელ მერიდიანზე ემთხვევა საქართველოს და რუსეთის უსაფრთხოების სტრატეგია ერთმანეთს? ვფიქრობ არსად და არანაირი შეხების წერტილები ამ სტრატეგიებს არა აქვს. მაშ რაზე ვსაუბრობთ, ისევ არაფერზე? რას ემსახურება ეს საუბარი, რა მინიშნებებია იქ, კონკრეტული რუსული იმპერიული კონტექსტიდან გამომდინარე? განვაგრძოთ.

დავუშვათ, ასევე სწორია მოსაზრება, რომელსაც ბატონი ალასანია მოცემულ ინტერვიუში გამოთქვამს: „დავიწყოთ აფხაზ და ოს ხალხთან ურთიერთობა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მისაღწევად, ამისთვის კი აუცილებელია რუსეთთანაც ნორმალური ურთიერთობების გზით სიარული“. იმ ვითარებაში, რომელიც დღეს არსებობს (სხვა რომ არაფერი რუსეთმა ოკუპირებული ტერიტორიები სამხედრო ბაზად აქცია), სად და როგორ დავიწყოთ დიალოგი ოს და აფხაზ ხალხთან? პრაქტიკულად როგორ უნდა განხორციელდეს იგი? ესაა საუბარი არაფერზე და არაფერი კონკრეტული. ამ შემთხვევაში ეს არ არის წმინდა ტექსტუალური ბუნდოვანება, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ჭეშმარიტების პროფანაცია- ძვირად თუ მოიძებნება ქართველი, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნების საჭიროებას უარჰყოფს. არც ისეთი ქართველის პოვნაა ადვილი, რომელსაც ამ საქმეში რუსეთის როლის მნიშვნელობა არა აქვს შეგნებული. ყოველივე ამის გათვალისწინებით, თანხმობის ნიშნად თავსაც დაუქნევს ამ ფრაზის მთქმელს, მაგრამ ამ „ყველანი ერთ აზრზე ვართ-ს“ იქით საქმე არ მიდის და არც წავა, ვინაიდან არსებობს რუსული გეოპოლიტიკური კონტექსტი, რაზედაც ზემოთ ვისაუბრეთ, რომლისკენ ცნობიერი სწრაფვა საკუთარი ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებზე უარის თქმას ნიშნავს. მივყვეთ და ლოგიკურ დასასრულამდე უნდა მივიდეთ:

„ფრთხილი ოპტიმიზმი“ ??

“მივიჩნევ, რომ დღეს მთავარ თემებად შეიძლება წამოვწიოთ წინ სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული ურთიერთობების აღდგენა რუსეთთან და პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის სურვილიც და ჩვენ ყველაზე წინ ჩვენი ეროვნული ინტერესები უნდა დავაყენოთ. თავიდანვე გითხარით, რომ ფრთხილი ოპტიმიზმი გამიჩინა ჩემმა შეხვედრამ მიუნხენის კონფერენციაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან.

„ქართველი ხალხი მზადაა რუსეთთან ურთიერთობისათვის და მიესალმება მას“. ბატონ ალასანიას არ დაუსახელებია რამდენი პროცენტია მზად ამისთვის, სამაგიეროდ ბატონმა ნოღაიდელმა დაასახელა. ამ ფონზე ბატონები ნოღაიდელი და ალასანია რუსეთთან ურთიერთობების აღდგენის შემკვეთად ქართველ ხალხს ასახელებენ. ამ ურთიერთობების აღდგენის საჭიროებაზე საუბრისას, არც ერთის მსჯელობაში არ ჩანს, რას გულისხმობენ კონკრეტულად. ზოგადად კი - რაც გენებოთ, ის კი არადა, ალასანიას და ლავროვს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების „მოწესრიგების“ რიგითობაც შეუდგენია. როგორც ინტერვიუდან ჩანს, ბატონი ალსანია მისულა დასკვნამდე, რომ „საქართველოს სხვა გამოსავალი არ აქვს, გარდა იმისა, რომ თავის საგარეო-პოლიტიკურ კურსში ეს (რუსული გეოპოლიტიკური ინტერესების) რეალობა გაითვალისწინოს.“ ვფიქრობ, საინტერესო საუბარი ყოფილა ბატონ ალასანიასა და ბატონ ლავროვს შორის. ისეთი საინტერესო, რომ ბ-ნ ალასანიას გამოუტანია დასკვნა, რომ თურმე საქართველომ რეგიონალური უსაფრთხოების გარანტიები რუსეთთან ერთად უნდა შექმნას, მეტიც, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ იმ რუსეთის ინტერესები ამ საკითხში, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები, ჩატარებული აქვს ნახევარი მილიონი ადამიანის ეთნოწმენდა... სხვა საკითხებიც უნდა ყოფილიყო ამ შეხვედრაზე განხილული, მაგალითად, ამ ურთიერთობების აღდგენის ხელისშემშლელი პირობები. ამაზეც საუბრობს ბატონი ალასანია, როდესაც საქართველოს იზოლაციას ახსენებს, თუმცა ამ საკითხს სხვა დროს შევეხებით.

რაც შეეხება „ფრთხილ ოპტიმიზმს“. მთელი ამ ინტერვიუდან ფრთხილი ოპტიმიზმის საფუძველი ვერ შევამჩნიე. რატომღაც არ მაგონდება რუსეთის მიერ იმაზე საუბარი ან განცხადება, რომ რუსეთი რაიმე გზით უარს ამბობდეს თავის სტრატეგიულ ინტერესებზე კავკასიაში, ან რაიმე დათმობას აპირებდეს, არც იმის შესახებ გაუკეტებია მინიშნება, რომ შესაძლოა საქართველოსთან ურთიერთობების რაკურსში ამ უკანასკნელის სტრატეგიული უსაფრთხოების ინტერესები გაითვალისწინოს. არც ლავროვი-ალასანიას სავარაუდო საუბრიდან ჩანს მსგავსი მინიშნება. მაშ რა დასკვნები გამოიტანა აქედან ბატონმა ალასანიამ?

1. რომ რუსეთი ბირთვული სახელმწიფოა?
2. რომ „ საქართველოს სხვა გამოსავალი არ აქვს, გარდა იმისა, რომ თავის საგარეო-პოლიტიკურ კურსში ეს რეალობა გაითვალისწინოს?“
3. რომ “მსოფლიო უსაფრთხოებაში განსაკუთრებული როლი უკავია რუსეთის ფედერაციას?“
4. თუ ის, რომ „მთავარ თემებად შეიძლება წამოვწიოთ წინ სავაჭრო-ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული ურთიერთობების აღდგენა რუსეთთან და პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის სურვილიც და ჩვენ ყველაზე წინ ჩვენი ეროვნული ინტერესები უნდა დავაყენოთ.

რა აძლევს ბ-ნ ალასანიას თუნდაც ფრთხილი, მაგრამ ოპტიმიზმის საფუძველს მაშინ, როდესაც მთელს ამ მსჯელობაში ერთი სიტყვაც არ არის ნათქვამი იმის შესახებ, რომ რუსეთი აპირებს რაიმე ფორმით გაითვალისწინოს საქართველოს სტრატეგიული უსაფრთხოების ინტერესები? რბილად რომ ვთქვათ, საქმე გვაქვს გაუგებრობასთან. ვფიქრობ საინტერესოა ინტერვიუს შემდეგი ნაწილი:

“საქართველო უნდა იქცეს საერთო თანხმობის და არა დაპირისპირების მიზეზად რუსეთსა და დასავლეთს შორის. ეს უნდა იყოს ჩვენი საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტი და მე უკიდურესი სიფრთხილისკენ მოვუწოდებ შს მინისტრსაც და საქართველოს პრეზიდენტსაც, როცა საუბრობენ ჩრდილოეთ კავკასიაში არსებულ საფრთხეებზე. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენს ინტერესებში შედის სტაბილური ჩრდილოეთი კავკასია. გამწვავების შემთხვევაში საქართველოც დიდი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება.”

ფაქტია, რომ დასავლეთი და რუსეთი თანხმდებიან იმაზე, რომ ვერ თანხმდებიან საქართველოს საკითხზე. ეს არის დასავლეთის და რუსეთის ამჟამინდელი ურთიერთობის საჯილდაო ქვაც და კონტექსტიც. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში უკან მხოლოდ ერთმა მხარემ უნდა დაიხიოს და ეს არის რუსეთი, ვინაიდან 2008წ. 7 აგვისტომდე არსებულ მდგომარეობაში დაბრუნების ვალდებულება რუსეთს აკისრია. რაც შეეხება ჩრდილო კავკასიას, ჩვენი მხრიდან იქ პრობლემა არ არის და ეს თავად ბატონი ალასანიას დამსახურებაცაა (მხედველობაში მაქვს მისი მონაწილეობა პანკისის ხეობის ანტიტერორისტულ ოპერაციაში), მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ზემოთმოყვანილი პასაჟი საკმაოდ საშიშ განცხადებას შეიცავს, რომელშიც იგი საქართელოს ხელისუფლებას ჩრდილო კავკასიის მიმართ ფრთხილი დამოკიდებულებებისაკენ მოუწოდებს. როგორც ცნობილია, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა პატრუშევმა მოსკოვში მომხდარ ტერორისტულ აქტებში საქართველოს კვალი არ გამორიცხა.

ვინ ვინ და ბატონმა ალასანიამ მშვენივრად იცის, რა ხდება პანკისში და წინა წლებში რგფორი არაპოპულარული, მაგრამ აუცილებელი ნაბიჯები გადადგა საქართველომ რუსეთისკენ. ამიტომ სიფრთხილე სწორედ რომ ამგვარი განცხადებების გაკეთების დროს გვმართებს, ვინაიდან რუსეთი, როგორც წესი, ასეთი განცხადებების სათავისოდ გამოყენების შესაძლებლობას ხელიდან არ უშვებს. რუსული საინფორმაციო მანქანა სრულიად მოურიდებლად მოახდენს ხოლმე მისი საკუთარი სურვილისამებრ ინტერპრეტირებას, რაც არაერთხელ გაუკეთებია.მიუნხენიდან ჩამოსვლის შემდეგ ბატონმა ალასანიამ რადიო „პალიტრაში“ გააკეთა განცხადება, რომ რუსეთს მხოლოდ დასავლელი პარტნიორების თანდასწრებით და მათთან ერთად უნდა ვესაუბროთ. ახლა კი, ამ ინტერვიუდან ირკვევა, რომ თურმე ჯერ რუსებთან უნდა დავალაგოთ ურთიერთობა, ხოლო შემდეგ დასავლელ პარტნიორებთან ერთად დავძლევთ წინააღმდეგობას. საინტერესოა, რამ გამოიწვია პრიორიტეტების ასეთი გადაჯგუფება. მოვიყვანოთ ციტატა მისი ინტერვიუდან:
“ბუნებრივია, ამასაც სჭირდება რუსეთის ფედერაციასთან ნორმალური ურთიერთობების აღდგენა და მათი წვლილის შეტანა საქართველოში მშვიდობისა და ოკუპირებული ტერიტორიებზე ქართველი მოსახლეობის უფლების აღდგენის კუთხით.”

ვფიქრობ, საკმარისზე მეტი არგუმენტია იმისათვის, რომ დავწმუნდეთ _ ბატონი ალასანიას მთავარი პრიორიტეტი რუსეთთან ურთიერთობების აღდგენაა, თუმცა როგორ, რა ფორმით, რის ხარჯზე, გაურკვეველია. ასევე ბუნდოვანია, როგორ გაუმჯობესდება ჩვენი იმიჯი მსოფლიოში რუსეთთან ურთიერთობების ალასანიასეული აღდგენით.

უნდა აღინიშნოს, რომ მთლიანად ინტერვიუ არის დიპლომატიური ენის პაროდირება, რომლითაც ბატონი ალასანია ცდილობს საკითხში გაურკვეველ მკითხველს რუსეთთან ჰარმონიული ურთიერთობების ბრჭყვიალა ქაღალდში შეფუთული საქართველოს მომავალი შესთავაზოს. ადამიანები ხშირად იჯერებენ იმას, რის იმიჯსაც იქმნიან/უქმნიან, პოლიტიკაში კი ამგვარი თამაში რბილად რომ ვთქვათ, საფრთხეს მოკლებული არ არის.

ირაკლი მარგველაშვილი

17.04.10წ.