Friday, 20 November 2009

”რატომ ვიყავით, რატომ ვართ და რატომ ვიქნებით მონები” (ბადრი შარვაძე)

ერძღვენა იმათ, ვისთვისაც, მონობა და თავისუფლება იურიდიული კატეგორია ჰგონიათ.

სწორედ იმათ ეძღვნება, ვინც, ფიქრობს, რომ თავისუფლება მას უნდა მისცენ, ის თავისუფლება იმსახურებს, ვისაც თურმე შეუზღუდეს თავისუფლება და მიანიჭეს იურიდიული მონობა.
როგორც მ ებანოიძე იტყოდა: ყველაფერი უკვე განვლილია, ანუ გაკეთებულია. მხოლოდ გადათამაშება ხდება ყველაფრის. ყველა სიუჟეტი შექმნილია, სულ 33 სიუჟეტია და ყველა დანარჩენი ამ 33 სიუჟეტის გადათამაშებაა. რა დარჩა? მხოლოდ სიცილი და გართობა, ვინაიდან ჩვენ გავიარეთ მოდერნიზმის ეპოქა, რომელმაც ყველაფერი სიცარიელემდე, დუმილამდე, თეთრ ფურცლამდე მიიყვანა. წერაც უკვე ავტომატური გახდა. რა დარჩა ამ სიძველეებიდან? ტრადიცია, თხრობა, კლასიკა. განა ბეთხოვენმა იცოდა რომ კლასიკას ქმნიდა?
სად დავტოვეთ ჩვენი თავისუფლება? უკან დაგვრჩა? მაგრამ სად, რაში იყო ის, ჩვენს პირად პასუხისმგებლობაში? სახელმწიფოში? სამართალში? სად გვქონდა შენახული, რომელ ამ ძველ განჯინაში? ვინ დაგვპირდა თავისუფლებას? რომელიმე დეკლარაცია? რომელიც იურიდიული ტექსტია? რა არის ჩვენი თავისუფლება, სად გადის, ტრიბუნაზე გამოცხადებით გვსურს თავისუფლება მივიღოთ? სად არის ეს თავისუფლება რომელსაც დავეძებთ, რომელსაც ვითხოვთ, რომელსაც ვიკუთვნებთ? ვინმეს შეუძლია მაჩვენოს ეს თავისუფლება? კი შეუძლია, ეს არის საერთაშორისო ნორმატიული აქტი ადამიანის თავისუფლებათა დეკლარაცია. სადაც ყველაზე მეტად არის დამალული ადამიანის თავისუფლება. ვინ არის ამ აქტის ავტორი? არავინ იცის, ვინაიდან ავტორის სიკვდილის ეპოქაა დამდგარი.
მხოლოდ დეკლარაცია შემოგვრჩა, დეკრალირებული თავისუფლება და ტკივილი, რომელიც არასრულყოფილი ადამიანის შეჯახებამ გამოიწვია არასრულყოფილ სამყაროსთან, დადგა ეპოქა ”უკანასკნელი ადამინის”, რომელიც ვერ ღებულობს სამყაროს ისეთს, როგორიც არის. ამიტომ ის ყველას სთხოვს თავისუფლებას, მას ამოძრავებს შურისძიების გრძნობა, ვინაიდან არ მისცეს თავისუფლება. ის საუბრობს რელიგიაზე, კულტურაზე, პოლიტიკაზე, ეკონომიკაზე, მხატვრობაზე, მუსიკაზე და ამ ყველაფერში ეძებს თავისუფლებას. ითხოვს თავისუფლებას და რომ ვერ პოულობს, რომ ვერ ახდენს ამ ყველაფერთან იდენტობას იბოღმება, ბრაზდება, სხვას აბრალებს და გარბის თავისუფლებიდან. ის ვერ ახდენს ენასთან იდენტობას, სადაც თავისუფლება შემორჩენილა, ვინაიდან შინაგან კომუნიკაციაში საკუთარ თავთან თავისუფლების ნაფლეთებიღა შემორჩა.დანაწევრებული, რამეთუ შთანთქა ეს ყველაფერი მოდერნულმა სამყარომ.
რას ირჩევს ეს თავისუფლებიდან გაქცეული ”პატარა ადამიანი”? ”სიკეთეს”, ”სიყვარულს” რისი საფუძველიც გაბოროტებაა, ვინაიდან ვერ მიაკვლია თავისუფლების მიმნიჭებელ ავტორს. ის ამ ყველაფერში ჩქმალავს ძალაუფლების ნებას და იყენებს მას სხვებზე ზრუნვის საბაბად. სხვებისთვის თავისუფლების მინიჭების საბაბად, მაშინ როდესაც თავად გაურბის თავისუფლებას, ან გაექცა თავისუფლება. გაურბის, ვინაიდან ვერ იპოვა ავტორი, რომელიც მიანიჭებდა თავისუფლებას, ამიტომ ცდილობს, თავად გახდეს თავისუფლების ავტორი, რომელიც თავისუფლებას, კეთილდღეობას მიანიჭებს სხვებს, იქადაგებს ერთობას, ძმობას, თანასწორობას ის კი გამორჩა, რომ ავტორის სიკვდილის ეპოქაში ცხოვრობს, ”უკანასკნელი ადამიანის” ეპოქაში ცხოვრობს, სადაც ავტორები აღარ არიან, სადაც აღარც ავტორიტეტებისთვის შემორჩა ადგილი.
”პატარა ადამიანის” მიერ იქმნება თავისუფლების ტექსტი, რომელიც ილუზიაა და გაქცევაა თავისუფლებიდან. ვინაიდან ეს ტექსტი ნორმატივია, ხოლო თავისუფლება იმთავითვე ყველა ნორმატივს კლავს. ვერ ეგუება. რელიგია, რიტუალი, მუზეუმი, სადაც კი შეიძლება შემორჩენილი იყოს თავისუფლების ნაკვალევი, მხოლოდ ნორმატივშია შესაძლებელი შეთავაზებული იყოს, ვინაიდან ნორმატიზირებულ სამყაროში მხოლოდ დეკლარირებული თავისუფლება შეიძლება არსებობდეს, რომელიც ”გაძლევს უფლებას” იყო თავისუფალი, თუმცა ვერ გეტყვის მართებულია თუ არა თავისუფლებაზე წერა, მართებულია თუ არა თავისუფლების ტექსტი, ვინ შეიძლება მოაწეროს ხელი ამ ტექსტზე, ვინ არის ის მითიური ავტორი, რომელიც ამ ტექსტს ქმნის. ეს ავტორი არ არსებობს, ეს ავტორი მკვდარია. ტექსტზე ხელს ”პატარა ადამიანი” მოაწერს დაუფიქრებლად. თუმცა ის საკუთარი სიკვდილათაც ვერ მოკვდება, ვერ მიიღებს რილკეს შეთავაზებას: ”ინებეთ ბატონო საკუთარი სიკვდილი”.
ძალაუფლება ჩაბუდებულია ყველგან, ყველა ნორმატივში, ხოლო თავისუფლება თავად ნორმატივია დღევანდელ სამყაროში, რომელმაც მოდერნიზმი გაიარა და ყველა ავტორის სიკვდილის ეპოქა მოიტანა. ძალაუფლება იქმნება თავისუფლების დეკლარაციის შექმნით და მის დაწერას ყველა ცდილობს. შესაბამისად მას ისინიც ქმნიან, ვინც ძალაუფლებას ”ფლობს” და ვინც ძალაუფლებას ”არ ფლობს”. ეს ერთი მედლის ორი მხარეა. თავისუფლების მინიჭება, თავისუფლების ძიება, თავისუფლების მოთხოვნა, თავისუფლების მიკუთვნება ეს თავისუფლების სპეკულაციაა, როდესაც ცდილობ, თავისუფლება წაიღო სახლში, ან გაატანო სხვას, სწორედ მაშინ გარბიხარ თავისუფლებიდან.
რა არის ქრისტიანული რელიგია და მასში რელიგიურობა ეს თავისუფლებაა თუ მონობა? თავისუფალი არჩევანი, ხომ შენია, შენი საკუთრებაა ქრისტიანობაში, ის ხომ ამბობს: ან, ან, მაშ სამსჯავრო რა არის? სად არის თავისუფლება აქ. სადაა შეჩურთული თავისუფლება, რომელ წახნაგში უნდა ვეძებოთ? ვერცერთში, ვინაიდან შენი თავისუფლება რელიგიაში ღვთის მონობაა, ხოლო დანარჩენი, შენი მოგონილი თავისუფლება, რომელიც შეიძლება სახლში წაიღო, ან სხვას გაატანო.
ვინ აიღებს ამაზე პასუხისმგებლობას, ვინაა ის ”გმირი”, რომელსაც შეუძლია ეს თავისუფლება მომანიჭოს? ეს ”პატარა ადამიანია”, რომელიც დროს ჩამორჩა და არ იცის, რომ ”უკანასკნელი ადამიანის” ეპოქა მოდერნიზმის ეპოქაში დადგა, ხოლო პოსტმოდერნიზმმა ავტორიც მოკლა, ხოლო ის, მაინც ჯიუტად ცდილობს გახდეს თავისუფლების მინიჭების ავტორი, შექმნას თავისუფლებათა დეკლარაცია, და შემომათავაზოს ნორმატივი, რომელიც ამ თავისუფლებაში დამამკვიდრებს და სახლში გამატანს, თავისუფლებას როგორც ერთ კილო კარაქს ”გასტრონომიდან”, რომელიც გახვეულია ქაღალდში, რომელზეც წერია, პრესის, სიტყვის, მედიის, სასამართლოს, და კიდევ ათასი სხვა თავისუფლება.
ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ვერ გავხდები თავისუფალი, მაგრამ ყველას მოკრძალებულად ბოდიშს მოვუხდი, ვინც შემომთავაზებს, რომ თავისუფლება მის ”გასტრონომში” შევიძინო. მე არ მჭირდება ეს ”გასტრონომიული” თავისუფლება. ვინც მიიღებს შეთავაზებას, ვინც გაიხვევს ”თავისუფლების ავტორის” ”გასტრონომში” შეძენილ თავისუფლებას მასზე გამეცინება და ღმერთებს შევთხოვ, მომანიჭონ ბოლო გაცინების უფლება.
ჩვენ გავიარეთ, მოდერნიზმის ეპოქა, ხოლო პოსტმოდერნიზმი ეს ყველა იერარქიის უარყოფაა, ავტორის სიკვდილის ეპოქაა, აქ ინტერპრეტირება შეუძლებელია, აქ ყველაფერს თავისი სახელი ჰქვია, მათ შორის თავისუფლებასაც, რომელიც ვეღარ ჩაჯდება ნორმატივში, რომელიც აღარაა დეკლარაცია, რომელმაც დაანგრია საზღვრები, იდეოლოგია, ავტორიტეტი, ავტორი, იდეალი, მსოფლმხედველობა და მათ ერთ სიბრტყეზე მოქცევას, ვერანაირი დეკლარაცია ვეღარ შეძლებს, ვეღარანაირი ავტორი ვეღარ დაწერს თავისუფლების ტექსტებს, ვეღარ მიანიჭებს თავისუფლებას ვერავის და ვერ გაატანს სახლში ან წაიღებს საკუთარ სახლში. ყველა ”გასტრონომი”, რომელიც თავისუფლებას ყიდდა გაკოტრებულია.
სანამ ვფიქრობთ, რომ ეს ”გასტრონომები” შეიძლება კიდევ ამუშავდეს, მაშ ნუღარ დავსვამთ შეკითხვას:”რატომ ვიყავით, რატომ ვართ და რატომ ვიქნებით მონები?”
ირაკლი მარგველაშვილი 2.11.2009წ.