საქართველოს დამოუკიდებლობის
მოპოვების შემდგომ ქართული პოლიტიკა სხვადასხვაგარად მიმდინარეობდა. პრაქტიკულად არცერთმა
მომავალმა ხელისუფლებამ და ასეთი სულ ოთხი (გამსახურდიას, შევარდნაძის სააკაშვილის
და ივანიშვილის) იყო, შემდგომი ხელისუფლების პოლიტიკა არ გააგრძელა და მემკვიდრეობად
არ აღიარა. ამ ოთხი ხელისუფლებიდან ორი (გამსახურდია და სააკაშვილი) რუსეთის წინააღმდეგ
მკაცრ პოზიციას არჩევდა, თუმცა მათი პოლიტიკა აბსოლუტურად განსხვავებული იყო სგარეო
მიმართებებთან დაკავშირებით. შემდგომი ორი (შევარდნაძე, ივანიშვილი) რუსეთთან
"ურთიერთობების დალაგების" მომხრენი იყვნენ. აქედან ერთმა (შევარდნაძე) პრაქტიკულად
სრული ფიასკო განიცადა და ქვეყნის სამართლებრივ პოლიტიკური მდგომარეობა კატასტროფამდე
მიიყვანა. რაც შეეხება ივანიშვილს, მან ეხლა დაიწყო, თუმცა სავარაუდოდ შევარდნაძის
გზაზე დადგომას აპირებს, რისი იმედით ცოტა ბუნდოვანია. ამის გარკვევას შევეცდებით.
სწორედ ამიტომ დავარქვით ჩვენს წერილს, "პოლიტიკური ინფანტილიზმი თუ დანაშაული?!"
1991წ. ოქტომბერში საქართველოს უზენაესმა საბჭომ (მაშინდელმა
პარლამენტმა) საქართველოში დისლოცირებულ საბჭოთა კავშირის ჯარებს მიანიჭა ოკუპანტის
სტატუსი. ხოლო ქონება, რომელიც გააჩნდა ამ ჯარებს გამოცხადდა საქართველოს რესპუბლიკის
საკუთრებად, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს, როგორც საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში
მყოფ რესპუბლიკას თავისი წვლილი ჰქონდა შეტანილი იმ ქონების შექმნაში, რომელიც საქართველოში
დისლოცირებულ საბჭოთა არმიას გააჩნდა.
ეს ოკუპანტის
სტატუსი იყო იმ სამართლებრივი პოლიტიკის შედეგი, რომელიც წარმოებულ იქნა საქართველოში
1991წ. კერძოდ, 1991წ. 31 მარტს საქართველოში ჩატარდა რეფერენდუმი შეკითხვით:
"გსურთ თუ არა, სქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა 1918წ. 26 მაისის დამოუკიდებლობის
აქტის საფუძველზე". აღნიშნულ შეკითხვას მოსახლეობის 98% დადებითად უპასუხა. სწორედ
ამ რეფერენდუმის შედეგებით და შემდეგ 1991წ. 9 აპრილის დამოუკიდებლობის არა გამოცხადებით,
არამედ აღდგენით საქართველომ იურიდიული კავშირი აღადგინა 1918 წ. 26 მაისის დამოუკიდებლობის
აქტთან. შესაბამისად 1921წ. საბჭოთა რუსეთის ოკუპაცია იურიდიულად იქნა აღიარებული.
გამომდინარე აქედან 1991წ. ოქტომბერში საბჭოთა ჯარებისათვის ოკუპანტის სტატუსის მინიჭება
იყო აბსოლუტურად ლოგიკური, სამართლიანი და პოლიტიკურად გამართული აქტი. მითუმეტეს დასაშლელად
გამზადებულ საბჭოთა კავშირის დროს, რომლის სამართალ მემკვიდრე გახდა რუსეთის ფედერაცია,
ხოლო საქართველოში დისლოცირებული საბჭოთა ჯარები რუსეთის ფედერაციის ჯარები.
1992წ. 6 იანვარს,
როდესაც სამხედრო საბჭომ (ჯ. იოსელიანი, თ. კიტოვანი, თ. სიგუა) დაამხო ზვიად გამსახურდიას
ხელისუფლება, მეორე დღესვე ეს სტატუსი მოეხსნა რუსეთის ფედერაციის ჯარებს. რამაც გადამწყვეტი
როლი შეასრულა საქართველოში შემდეგ დატრიალებულ მოვლენებში, რომელსაც ჩვენი ტერიტორიების
20% ოკუპაცია მოჰყვა. ოკუპანტის სტატუსის მოხსნა რუსეთის ფედერაციის ჯარებისათვის საქართველოს
მხრიდან იყო ინფანტილური პოლიტიკის წარმოება, თუ რატომ ეს დრომაც გვიჩვენა და მკითხველსაც
თანდათან გავახსენებთ, რა მოიტანა საქართველოში ასეთმა ინფანტილური პოლიტიკის წარმოებამ.
ისმება შეკითხვა,
რატომ იყო ლოგიკური, სამართლიანი და პოლიტიკურად გამართული აქტი 1991წ. ოქტომბერში
სსრკ ჯარებისათვის მინიჭებული ოკუპანტის სტატუსი? რომელიც ძალაში დარჩებოდა საბჭოთა
კავშირის დაშლის შემდეგ და რუსეთის ფედერაციას არანაირი იურიდიულ-სამართლებრივი საფუძველი
აღარ ექნებოდა საქართველოში გაეჩერებინა სამხედრო ბაზები, რომლებმა ლომის წილი შეიტანეს
საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაში. მაგალითად, როდესაც აფხაზეთში მიმდინარეობდა
საომარი მოქმედებები 1992-1993 წლებში, სადაც რუსეთის ფედრაცია პრაქტიკულად პირდაპირ
ერეოდა საომარ მოქმედებებში, რუსეთის ფედერაციის კავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების
მთავარი შტაბი თბილისის ცენტრში მდებარეობდა და იქედან ხდებოდა მთელი სამხედრო ოპერაციის
ხელმძღვანელობა. აქვე იყო მთელი სამხედრო დაზვერვის სრული შემადგენლობაც. არის თუ არა
ინფანტილური პოლიტიკის წარმოება, როდესაც მტრის მთავარი შტაბი მდებარეობს შენი დედაქალაქის
ცენტრში? ვფიქრობ 2 აზრი არ არსებობს, რომ ეს არის პოლიტიკური ინფანტილიზმი.
აფხაზეთში
1992-1993 წლებში წარმოებულ საომარ მოქმედებებში, რუსეთის შუამავლობით გაფორმებული
ცეცხლის შეწყვეტის ყველა შეთანხმება დაირღვა და საბოლოოდ საქართველომ დაჰკარგა იურიდიული
გავლენა აფხაზეთზე, მოხდა იქედან 300 000 ადამიანის გამოდევნა, ქართველთა ეთნოწმენდა.
ამის სანაცვლოდ 1994წ. აგვისტოში საქართველომ რუსეთის ფედერაცია, რომელმაც პრაქტიკულად
მოახდინა სეპარატიზმის გაღვივება, შემდეგ ამ ტერიტორიების ფაქტობრივი ოკუპაცია სამშვიდობო
ძალების სტატუსი მმიიღო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. აი ეს არის პოლიტიკური ინფანტილიზმის შედეგი.
ინფანტილურად ნაწარმოებმა პოლიტიკამ, რომლის
პირველი გამოვლინება იყო რუსეთის ფედერაციის ჯარებისთვის ოკუპანტის სტატუსის მოხსნა,
მოიტანა კიდევ უფრო ინფანტილური შედეგები და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის რღვევა.
ეს ინფანტილური პოლიტიკა გაგრძელდა 2003 წლამდე. საქართველომ რუსეთთან ე.წ. დალაგების
და ბალანსის პოლიტიკით ვერანაირ შედეგს ვერ მიაღწია, ვერ პოლიტიკური და ვერ იურიდიული თვალსაზრისით. უნდა ითქვას, რომ 1992
წლიდან 2003 წლამდე საქართველოს ნაწარმოები პოლიტიკას ვერაფერს დაარქმევ თუ არა პოლიტიკურ
ინფანტილიზმს.
პარადოქსალურია, როდესაც რუსეთის ფედერაცია
ჩვენს ტერიტორიაზე მის მიერ შექმნილ პრობლემების გადაწყვეტას ჩვენ გვავალებს და ჩვენც
ვცდილობთ ამ პრობლემების მოგვარებას. ვარქმევთ მას სახელს - რუსეთთან "ურთიერთობის
დალაგება", ვალაგებთ იმას რაც თავად რუსეთმა აურია, იმის იმედით, რომ ვერასოდეს
დაგველაგებინა და დავრჩენილიყავით მისი გავლენის სფეროში. როდესაც ასეთ პოლიტიკაშ რუსეთს
მიჰყვები შენივე ნებით და უარს არ ამბობ ამ ყველაფერზე აი ესაა პოლიტიკური ინფანტილიზმი.
ჩვენს მიერ ზემოთ მოყვანილი მაგალითები
ის მცირე ნაწილია მთლიანი გამოცდილებისა, რომელიც საქართველოს გააჩნია რუსეთთან "ურთიერთობების
დალაგების" კუთხით. დღეს ახალი ხელისუფლება პრემიერ მინისტრ ივანიშვილის მეთაურობით
ისევ თავიდან იწყებს რუსეთთან ე.წ. ურთიერთობების დალაგებას და თავიდან იწყება ახალი
პოლიტიკური ინფანტილიზმი. ნაცვლად იმისა, რომ გაგრძელდეს წინა ხელისუფლების მემკვიდრეობა
და მოხდეს რუსეთის შევიწროვება საერთაშორისო თანამეგობრობის მაქსიმალური ჩართულობით
საქართველოს პრობლემებში, ოკუპირებული ტერიტორიების პოლიტიკასთან დაკავშირებით. ნაცვლად
ამისა, იდგმება პოლიტიკურად ინფანტილური ნაბიჯები, მაგალითად, პოლიტიკური ინფანტილიზმია:
1.
როდესაც გინდა ოკუპაციის შესახებ კანონში ცვლილებების
განხორციელება, რათა ოკუპირებული საზღვრის გადმოლახვა არ იყოს სისხლის სამართლის დანაშაული.
2.
როდესაც საუბრობ, რომ გსურს განიხილო აფხაზეთის და ცხინვალის
რეგიონის, როგორც მხარეების მონაწილეობის საკითხი
ჟენევის პროცესში და საერთოდ ოკუპაციის თემაში.
3.
როდესაც საუბრობ, რომ ცეცხლის განუახლებლობაზე უნდა გააფორმო ხელშეკრულება აფხაზეთთან და ცხინვალის
რეგიონთან, მაშინ როდესაც ოკუპანტი არის რუსეთის ფედერაცია.
4.
როდესაც იწყებ პირდაპირ მოლაპარაკებების რუსეთის ფედერაციასთან
(აბაშიძე-კარასინი), რაც დროში გამოჩნდება, რომ არის პოლიტიკური ინფანტილიზმი.
5.
როდესაც არ ითვალისწინებ ევროკავშირის რეკომენდაციებს
და ამით საფრთხეს უქმნი ისედაც მყიფე - ქვეყნის საგარეო უსაფრთხოებას.
6.
როდესაც ფიქრობ, რომ რუსეთის ბაზარზე უნდა მიებას საქართველოს
ეკონომიკა. დიდი ალბათობით რუსეთი ამას პოლიტიკურად გამოიყენებს როგორც 2006წ. დააწესა
ემბარგო.
7.
როდესაც საქართველოს რეინტეგრაციის მინისტრისათვის აფზაზეთში
ჩატარებული წრთვნები პრობლემა არაა და ეს რუსეთის შიდა საქმედ მიაჩნია.
8.
როდესაც გსურს აფხაზეთის რკინიგზის მონაკვეთის გახსნა.
9.
როდესაც მოგყავს სომხეთის სახელმწიფოს მაგალითი, რომ
თურმე რუსეთთანაც და დასავლეთთანაც კარგი ურთიერთობა აქვს.
10. როდესაც
შედიხარ პოლიტიკურ კონფლიქტში დასავლეთთან და ფიქრობ, რომ სძლიე მათ "წინააღმდეგობას".
ამ დროს დასავლეთი საქართველოს მთავარი მეკავშირეა სწორედ ოკუპაციის წინააღმდეგ ფრონტის
გაშლაში მთელს მსოფლიოში.
11. როდესაც
ფიქრობ, რომ ომი საქართველომ დაიწყო.
12. როდესაც
საქართველოს იუსტიციის მინისტრი აცხადებს, რომ თავიდან უნდა გამოიძიოს 2008წ. ომის
საკითხები. შესაძლოა ჰააგის ტრიბუნალი ჩაებას საქმეში და გულისხმობს საქართველოს ყოფილ
ხელისუფლებას, პრეზიდენტს, რომელიც შესაძლოა გადასცეს ჰააგის ტრიბუნალს.
13. როდესაც
ქვეყნის მთავარი ომბუდსმენი აცხადებს, რომ საქართველოში ტერორისტებს ამზადებდნენ და
შემდეგ უშვებდნენ რუსეთის ფედერაციაში.
მიგვაჩნია,
რომ ზემოთ ჩამოთვლილი თემები არის პოლიტიკური ინფანტილიზმის გამოვლინება, ვინაიდან
ამ ყველაფერს საქართველოსთვის არაფერი სასიკეთო არ მოჰყვება. ვგულისხმობთ შემდეგს,
რომ საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს იდენტობის ჩამოყალიბებისათვის არცერთი
ეს თემა არ იმუშავებს. ეს თემები ყველა იმუშავებს საქართველოს საწინააღმდეგოდ, ვინაიდან
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი თემა ეკუთვნის რუსეთის ფედერაციას და მხოლოდ რუსეთის იმპერიის
იდენტობას და მათ მიერ 2008წ. ომის შემდეგ გაცხადებულ ე.წ. "ახალი რეალობის"
დაფუძნებას ემსახურება, რომლის ინტეგრაციასაც რუსეთის ფედერაცია ცდილობს მსოფლიო თანამეგობრობაში.
იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ხელისუფლება ამ თემებს რეალობაში განახორციელებს, ამით
ქართული სახელმწიფო, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტი თავის იდენტობას დაკარგავს. ის
ვერ განახორციელებს გეოპოლიტიკურ ჩართულობას მსოფლიო თანამეგობრობაში და რუსეთის ინტერესების
სფეროში აღმოჩნდება.
როდესაც
ვსაუბრობთ პოლიტიკურ ინფანტილიზმზე ამ საკითხს სხვადასხვა კუთხიდან უნდა შევხედოთ.
ერთი, იმ რეალობის გათვალისწინება, რაც საქართველოს აქვს რუსეთთან მიმართებაში, როგორც
ოკუპანტ ქვეყანასთან, რომლის ინტერესებში არ შედის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა,
მარტივი მიზეზის გამო, ოკუპირებული აქვს ჩვენი ტერიტორიები. ამ შემთხვევაში ნებისმიერი
პოლიტიკური ინფანტილიზმი უკვე პოლიტიკურ დანაშაულად მოგვევლინება. რამდენად აქვს ჩვენს
პოლიტიკოსებს პოლიტიკური ინფანტილიზმის ფუფუნება ეს საკითხავია.
მეორე
თვალსაზრისით ყველა იმ საკითხების რეალობაში განხორციელება, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ
თუ ეს მოხდება შეგნებულად ეს სცდება პოლიტიკური ინფანტილიზმის საზღვრებს და ძალიან
დიდ დანაშაულში გადადის, ვინაიდან უკვე ქართული სახელმწიფოებრიობის საკითხი დადგება
საფრთხის ქვეშ. ძალიან მარტივია გადავხედოთ სულ რაღაც 10 წლის წინანდელ ჩვენს პოლიტიკას, რომ მივხვდეთ, რა მოგვიტანა რუსეთთან
ასეთი ინფანტილური პოლიტიკის წარმოებამ. ვფიქრობ სასიკეთო არაფერი. იმის მაგივრად,
რომ მაქსიმალურად მოვახდინოთ ჩვენს მოკავშირეებთან მჭიდრო ურთიერთობა რუსული ოკუპაციის
წინააღმდეგ, ვიწყებთ უკვე განვლილი და არამარტო 10 წლის წინ, არამედ რამდენჯერმე განვლილი
გატკეპნილი გზით სიარულს თავიდან. ამის შედეგები ნანახი გვაქვს.
ახალი
ხელისუფლება ვალდებულია ძალიან კარგად დაფიქრდეს და დაუფიქრდეს თითოეულ საკითხს, რომელიც
რუსეთის მიმართულებით შეიძლება გადაიდგას. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ანსამბლი "ერისიონის"
მოსკოვში გასტროლები, ან აგუტინ-ვარუმის თბილისში გასტროლები რაიმე პოლიტიკას შეცვლის
რუსეთ საქართველოს მიმართებაში, ის პოლიტიკური ინფანტილიზმის მსხვერპლია. რეინტეგრაციის
მინისტრის (პ. ზაქარეიშვილის) განცხადებები, რომ მას არ აინტერესებს რუსეთი და მხოლოდ
აფხაზებს და ოსებს დაელაპარაკება ეს დიდი პოლიტიკური ინფანტილიზმია. ჩვენს მდგომარეობაში
მყოფი ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან საკითხებზე მსგავს მიდგომას ძალიან სავალალო შედეგები
მოჰყვება და ეს საბოლოო ჯამში ნამდვილად ვერ აღიქმება როგორც პოლიტიკური ინფანტილიზმი.
ის პოლიტიკურ დანაშაულში აუცილებლად გადავა. საქართველოს ხელისუფლებას არა აქვს ფუფუნება
საკითხებს ასე მარტივად მიუდგეს, ვინაიდან კარგად უნდა გაცნობიერდეს რუსეთის გეოპოლიტიკური
ინტერესები კავკასიაში, ჩვენსა და რუსეთს შორის უკანასკნელი 20 წლიანი ურთიერთობები
და მაშინ აღარ დარჩება ადგილი იფიქრო, რომ შესაძლებელია რუსეთთან "ურთიერთობების
დალაგება" ისე, რომ საქართველოს ინტერესები: ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და
დასავლეთში (ნატოში და ევროკავშირში) ინტეგრაცია წარმატებით შედგეს.
საქართველომ უნდა მოახდინოს ამ თემების (ევროკავშირში და ნატოში ინტეგრაცია,
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პოლიტიკის წარმოება და რუსეთთან ურთიერთობების მოგვარება)
დეკონსტრუქცია, ხოლო შემდეგ ამ საკითხებს მიუდგეს იმ თავისებურებებით, რაც მათ ახლავს,
რომ არ მოხდეს ამ თემების პოლიტიკური ეროზია, როგორც ეს მოხდა შევარდნაძის მიერ
1992წ. 24 ივნისს დაგომისში და 1994წ. აგვისტოში მოსკოვში ხელმოწერილ ხელშეკრულებების
დროს, რომლის საფუძველზედაც რუსეთი, გახდა სამშვიდობო მედიატორი მის მიერვე ინსპირირებულ
კონფლიქტებში და პრაქტიკულად ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე. მაშინ საქართველომ
წააგო როგორც იურიდიულ-სამართლებრივი ნაწილი რუსეთთან ასევე პოლიტიკური ნაწილი, ხოლო
ამის შეცვლას საქართველოსთვის 2008წ. აგვისტოში დამანგრეველი შედეგები მოჰყვა. ეს გამოცდილება
აუცილებლად გასათვალისწინებელია და ერთ შეხედვით პოლიტიკური ინფანტილიზმი შეგნებულ
პოლიტიკურ დანაშაულად არ მოგვევლინოს. ამისათვის საზოგადოების სიფხიზლე უმნიშვნელოვანესია
ირაკლი მარგველაშვილი