Thursday, 17 October 2013

საქართველოს ხელისუფლება, რუსული ოკუპაცია და სოჭის ოლიმპიადა



ვაკვირდები დღევანდელ სიტუაციას, რომელიც შექმნიალია ქვეყანაში და სულ უფრო მიჩნდება იმის განცდა, რომ საქართველოში შეიქმნა მითი, "რუსეთთან ცუდი რიტორიკის", "რუსეთთან პროვოკაციაზე წამოგების" შესახებ. განსაკუთრებით ეს მითი გაძიერდა 2008წ. აგვისტოს ომის შემდეგ, როდესაც ძალიან მძლავრად გაისმა მაშინდელ ქართულ ოპოზიციაში, რომ თურმე ურთიერთობა რუსეთთან საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების რიტორიკის და პროვოკაციაზე წამოგების შემდეგ დაიძაბა და აქ არაფერ შუაშ იყო თავად რუსეთის სახელმწიფო ინტერესები, ან იმპერიული მიმართებები. მთავარი იყო შექმნილიყო მითი. სხვათა შორის კარგად გავიხსენოთ როგორ ძლიერდებოდა ეს მითი, როდესაც მოხდა სოფელ პერევის ინციდენტი, როდესაც საქართველოს პატრიარქმა პერევი "დაიბრუნა" და პრეზიდენტის რიტორიკის შემდეგ რუსები კიდევ შემოვიდნენ სოფელ პერევში. ეს მითები ჟამიდან ჟამზე კიდევ ძლიერდებოდა.
სწორედ ეს მითი გახდა იმის მიზეზი, რომ ჯერ კიდევ 2012წ. 1 ოქტომბრის არჩევნების დროს ბლოკი "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პროგრამაში და გამოსვლებში იმატა ამ მითის დაჯერების მოტივებმა. რაც გამოიხატა შემდეგ თეზაში: "სააკაშვილმა რიტორიკით გააფუჭა რუსეთთან ურთიერთობა", ჩვენ "დავალაგებთ რუსეთთან ურთიერთობას." რუსეთთან ურთიერთობის დალაგების ლოზუნგში ხიბლი იყო. თუმცა ისიც ფაქტი ხდებოდა, რომ რუსეთის სახელმწიფო და გეოპოლიტიკური ინტერესებისათვის, ქართული რიტორიკა არ იყო ის მოტივი, რომ მათ ამ რიტორიკაზე აეგოთ თავიანთი პოლიტიკა. ეს დროში რომ გამოჩნდებოდა და ამის წინაშე დაგდებოდა ახალი ხელისუფლება სოლომონ ბრძენის ჭკუა ამას არ სჭირდებოდა.
ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ახალმა ხელისუფლებამ შეცვალა რიტორიკა რუსეთთან მიმართებაში. დაიწყო მუშაობა რათა აღედგინათ რუსული ბაზარი. დაინიშნა სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობაში ბატონი ზურაბ აბაშიძე. დაიწყეს მოქმედება მითში. მითში, რომლის შინაარსი საერთოდ არ ითვალისწინებდა რუსეთის იმ გეოსტრატეგიულ ინტერესებს, რაც რეალურად რუსეთის დამოკიდებულებას საქართველოსთან განსაზღვრავდა, რომელიც იმ დონეზეც კი მნიშვნელობანი იყო პუტინისთვის, რომ 2008წ. ომი გადააწყვეტინა საქართველოსთან, რომლისთვისაც 2007წ. სამხედრო გეგმა დაამტკიცა. 2008წ. ომის საკითხს ახალმა ხელისუფლებამ სწრაფად მოუარა და დააბრალა ის საქართველოს წინა ხელისუფლებას. ამით ფიქრობდა, რომ მოიპოვებდა რუსეთის კეთილგანწყობას. სავარაუდოდ გათვლა იყო იმაზე, რომ თუ ამას იზამდნენ რუსეთთან რიტორიკა შეიცვლებოდა და ამით რაიმე საკითხს მოაგვარებდნენ. ამ დროს აბსოლუტურად არ წარმოედგინათ, რომ რუსეთისათვის მთავარი იყო საკუთარი მიზნები და არა, საქართველოს რომელიმე ხელისუფლება.
 ახალი ხელისუფლება ვერ ხვდებოდა, რომ ის რეალურად არ უყურებდა რუსეთთან ურთიერთობას, არამედ თავისავე გამოგონებული მითის მსხვერპლი გახდებოდა სულ მალე. 2013 წლის ზაფხულში რუსეთმა დაიწყო ე.წ. სასაზღვრო სადემარკაციო სამუშაოები და მავთულხლართები გაავლო, მანამდე არასაოკუპაციო ზოლში მდებარე ტერიტორიებზე, სოფლებში დიცსა და დვანში. ის რომ ხელისუფლება საკუთარ მითში ცხოვრობდა და რეალობას მოწყდა, ამის დასტურია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბატონ ბიძინა ივანიშვილის განცხადება 2013წ. სექტემბერში, რომ "საოკუპაციო ზოლის გადმოწევა მის ანალიზში არ ჯდება", რომ "ეს არ მოდის რუსეთის უმაღლესი ხელისუფლებიდან და არის ქვედა დონის გადაწყვეტილება", რასაც მოჰყვა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგორი კარასინის განცხადება, რომ ეს ყველაფერი არის რუსეთის უმაღლესი ხელისუფლების გადაწყვეტილება.
ფაქტია, რომ საქართველოს პრემიერი ისევ მითში უყურებს რუსეთთან ურთიერთობას, თავისი ანალიზის იმედადაა და არა იმ გამოცდილების, რომელიც საქართველოს მრავლად დაუგროვდა ამ 20 წლის განმავლობაში, რომ არაფერი ვთქვათ 200 წლოვან ურთიერთობაზე. პრემიერი და ზოგადად მისი მთავრობა, რომ მითის მსხვერპლნი ხდებიან ეს კიდევ ერთი განცხადებიდან სჩანს: "მავთულხლართების საქმე ოლიმპიადას უკავშირდება. რუსეთი ცდილობს, ოლიმპიადა როგორმე მშვიდ გარემოში ჩაატაროს და ჩვენც ყველანაირად შევუწყობთ ხელს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სოჭის ოლიმპიადამ კარგად ჩაიაროს და ჩვენც მივიღებთ მონაწილეობას", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
"მე ვფიქრობ, რომ სანამ ოლიმპიადა არ დასრულდება, კარგად ვერ გავერკვევით ჩვენს დამოკიდებულებებში ჩვენს ყველაზე დიდ მეზობელთან. ჩვენ მაქსიმალურ მოთმენას ვამჟღავნებთ და ამასთანვე, პრინციპულად მივუთითებთ და ხმას ვიმაღლებთ იმ დარღვევებზე, რაც კონფლიქტურ ტერიტორიებზე ხდება". ესეც პრემიერის განცხადებაა და ესეც სწორედ იმას მიუთითებს, რომ სწორედ მითიდან ვერ გამოდის საქართველოს პრემიერ-მინისტრი და კიდევ ჰგონია, რომ რუსეთის ეს ქმედებები, მხოლოდ რიტორიკის ბრალია და არა მათი გეოსტრატეგიული ინტერესების.
რეალურად ამ მანევრებით რუსეთი ძალიან აშკარად ახდენს საქართველოზე ზეწოლას, რათა როგორმე შეაჩეროს ვილნიუსის სამიტზე დაგეგმილი პროცესი. ის გამოიყენებს იმ ბერკეტებსაც, რაც გენადი ონიშჩენკოს ხელშია და ნოემბერში სავარაუდოდ ღვინო არ მოეწონებათ, როგორც არ მოეწონათ მოლდოვას ღვინოები, უკრაინის ხორც პროდუქტები და ლიტვის რძის პროდუქტები.
რიტორიკა შეიცვალა, რუსეთმა ღვინოც დაუშვა თავის ბაზარზე, მაგრამ უკვე როგორც კი საზოგადოების პროტესტმა იმატა დვანსა და დიცში რუსეთის მთავარ სანიტარს გენადი ონიშჩენკოს აღარ მოეწონა 28 სახეობის ქართული ღვინო და აკრძალა მისი რუსეთში შეტანა. სავარაუდოდ თუ კიდევ გაძლიერდება ეს პროტესტი ღვინის რაოდენობასაც მიემატება, რომლებიც არ დააკმაყოფილებს იმ ხარისხს, რაც რუსეთის "სტანდარტებს შეესაბამება". მიუხედავად ამისა, საქართველოს ხელისუფლება მყარად მისდევს თავის გეზს რათა შეცვალოს რიტორიკა რუსეთთან, მაგალითად ევროინტეგრაციის მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი აცხადებს: "საქართველო არ წამოეგება რუსეთის პროვოკაციებს, რომლის მიზანიცაა შეაფერხოს რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება".
აქ ლოგიკის პოვნა ძალიან რთულია, ვინაიდან რუსეთი თუ აწყობს პროვოკაციებს ჩვენ ვისთან ვალაგებთ და ვაკეთებთ ურთიერთობების ნორმალიზებას? ისევ რუსეთთან, რომელიც პროვოკაციებს იმიტომ აწყობს, რომ ეს ურთიერთობის ნომალიზება არ უნდა? აბსოლუტურად გაუგებარია რუსეთთან ურთიერთობების დალაგების ლოგიკა, მაშინ როდესაც რუსეთს ეს არ უნდა და ქმნის პრობლემებს პროვოკაციების სახით. ესეც კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ მითი გრძელდება.
მითის კიდევ ერთი დასტურია საქართველოს ხელისუფლების დამოკიდებულება სოჭის ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღების საკითხზე, მაშინ როდესაც აშკარაა, რომ რუსეთი ამ მიმართულებით ძალიან ღირსების შემლახავ ქმედებებს ეწევა საქართველოს მისამართით. ოლიმპიადა ხომ მსოფლიოს მშვიდობის და ქვეყნების ღირსების მთავარი თამაშებია, სადაც უნდა წარმოჩინდეს ღირსეულად ნებისმიერი ქვეყანა. რუსეთის მიერ ცხინვალის ომის გმირის მთავარ მეჩირაღდნედ დასახელება სწორედ ის ფაქტია, რომ რუსეთი უღირსად ექცევა ქართულ სახელმწიფოს. პაატა ზაქარეიშვილის აზრით, "რუსეთის დაინტერესებულია, რათა საქართველო არ ჩაერთოს ოლიმპიადაში და ამაში ჩვენ მას ხელი არ უნდა შევუწყოთ." "არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება დადგეს სიტუაცია, რომ მოგვიწიოს თქმა, რომ არ მივდივართ, მაგრამ არა - 14 000 კაციდან ერთი მეჩირაღდნის გამო. ეს არ არის ის არგუმენტი, რის გამოც ჩვენ ოლიმპიადას ბოიკოტს უნდა ვუცხადებდეთ," "14 000 კაციდან ყველა რომ ყოფილიყო რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე და ყველას რომ ჩირაღდანი აეღო, ეს იქნებოდა გამოწვევა და მხოლოდ მაშინ შეიძლებოდა ეს სერიოზული საკითხი ყოფილიყო". რუსეთს არ უნდა, გაშიშვლდეს, რომ მთავარი პრობლემა საქართველო კი არა, სააკაშვილი იყო. სააკაშვილმა გამოიწვია, იგივე შპიონების დაჭერით და ამ სპექტაკლის დადგმით. ამაზე მეტი მტკიცება, რომ ეს ყველაფერი მითია არამგონია საჭირო იყოს და სასაცილო ისაა, რომ საქართველოს რეინტეგრაციის მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ამჯერად ცდილობს, ამ მითში თავად რუსეთის მხარეც დააჯეროს. ვფიქრობ კომენტარიც ზედმეტია.
რა ლოგიკას ემსახურება ხელისუფლების ეს განცხადებები, როდესაც  რუსეთი ქმნის პრობლემას და ჩვენ რატომღაც ვცდილობთ მის მაგივრად ამ პრობლემის მოგვარებას, რატომ? რუსეთი რისთვის გვიქმნის პრობლემას, რომ ჩვენ ვაგვაროთ? რას გავს ეს საქციელი? ეს საქციელი არის სწორედ მითში ყოფნა, რომლიდან გამოსვლაც, მათ ჩააყენებს ძალიან რეალური და სასტიკი რუსული ლოგიკის და ინტერესების წინაშე. რაც სავარაუდოდ არ უნდათ. ფაქტია, რომ არფერ შუაშია რიტორიკა, არაფერ შუაშია ის, რომ ვიღაც ცუდად საუბრობდა და მკაცრად. არც ისაა შუაში, რომ საქართველოს ხელისუფლება შეიცვალა, რომელიც ტკბილად ესაუბრება რუსეთს. მთავარია რუსული მკაცრი ლოგიკა, რომ ან ცნობთ ახალ რუსულ გეოპოლიტიკურ რეალობას და საქართველოს ამ რეალობაში, ან მიიღებთ იმას, რასაც იღებდა წინა ხელისუფლება. ესაა მკაცრი ზეწოლა, რათა მოახდინონ საქართველოს ინტეგრაციის ვექტორის შეცვლა დასავლეთიდან ჩრდილოეთისკენ.
გაცილებით მწვავე იქნება ეს ლოგიკა და ზეწოლა, როდესაც ახალ ხელისუფლებას მოუწევს იმ რეალობის პირისპირ შეხვედრა, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიებს, ე.წ. ქვეყნებს რუსეთი შეიყვანს ევრაზიულ კავშირში, რათა კიდევ ერთხელ გაუსვას ხაზი, რომ ეს არის ახალი რეალობა, რომ ეს ქვეყნები არის დამოუკიდებელი სახელმწიფოები. ასევე არავითარ შემთხვევაში არ მოერიდება რუსეთი, რომ რაიმე ფორმით ეს ანკლავები წარმოადგენოს სოჭის ოლიმპიადაზეც. მაშნ სად რჩემა ადგილი იმ მითისთვის, რაშიც ხელისუფლება მყოფობს?
საქართველოს ხელისუფლება დროზე უნდა მოეგოს გონს და მიხვდეს, რომ არ არის საქმე რიტორიკაში, არ არის საქმე პირად ურთიერთობებში, არამედ მათ საქმე აქვთ ძალიან რეალურ და მძლავრ იმპერიულ ამბიციასთან, რომელსაც რბილი რიტორიკა ვერ შეცვლის. კარგად უნდა გაცნობიერდეს, რომ ყველა თემა, რომელსაც რუსეთი ათამაშებს საქართველოს და მსოფლიო თანამეგობრობის წინაშე, ოკუპაცია, საოკუპაციო ზოლის გადმოწევა, ასევე მეჩირაღდნის დანიშვნა გამოყენებულ იქნება მხოლოდ იმისთვის რომ მსოფლიო თანამეგობრობას ახალი რეალობის შესახებ აუწყონ.
ეს არის პოლიტიკური ჟესტების ენა, რომელსაც რუსეთი კარგად ფლობს და ამ ჟესტებით ისინი მუდმივად აუწყებენ მსოფლიოს თავის ინტერესებს. ამ ყველაფერს უნდა დაუპირისპირდეს, არა ის, რომ რიტორიკა შევარბილოთ, არამედ ის, რომ ეს ყველა ჟესტი იქნას განეიტრალებული და დაცული იყოს ქართული სახელმწიფოს ღირსება. არც ისაა ტრაგედია თუ არ წარვსდგებით სოჭის ოლიმპიადაზე იმ ქვეყანაში, რომელიც ასეთი ბინძური ხერხებიც, ცინიკურად ცდილობს მსოფლიოს ანახოს რა უღირსი სახელმწიფოა საქართველო. ერთი რამე უნდა ვიცოდეთ, მსოფლიოში პატივს სცემენ ღირსეულ სახელმწიფოებს და არა უღის ქვეყნებს. პატივს ცემენ თავისუფალ არჩევანს, თავისუფლებისთვის ბრძოლას და არა თავდახრას. ამიტომ, სოჭის ოლიმპიადაზე ჩვენი წასვლა იგივე მითში დარჩენას მოასწავებს. რაც უფრო მალე გააცნობიერებს საქართველოს ხელისუფლება, რომ რიტორიკის შერბილება ეს არ ნიშნავს იმას, რომ რუსეთი რამენაირად გადახედავს თავის პოლიტიკას უკეთესი იქნება. ამიტომ უნდა მოხდეს მითიდან გამოსვლა და იმ რეალობის წინაშე დადგომა, რომ რუსეთს აქვს ამბიციები, მიზნები, როგორადაც არ უნდა ესაუბრო მას. მის მიზანს შენი მიზანი უნდა დაუპირისპირო, სხვა შემთხვევაში, მოგვიწევს მარცხის აღიარება, რაც რუსეთს ყველაზე მეტად სურს.
"მთავარია დაძაბულობა მოიხსნა ორ ქვეყანას შორის" - ზურაბ აბაშიძე როგორ?
ირაკლი მარგველაშვილი