ლექციიდან "სამყაროს ევოლუცია, ანუ კაცობრიობის სულიერი ბიოგრაფია"
ადამიანის მიღწევები მეცნიერებაში, ხელოვნებაში და, საერთოდ, ყოველგვარი მიღწევა კაცობრიობისა, შედეგია ადამიანის გონების მოღვაწეობისა, მაგრამ გონების გარდა ადამიანს აქვს უნარი, რომელიც ამ გონებაზე მაღლა დგას და ეს უნარი არის, კერძოდ, ნათელხილვის ანუ ინტუიციის უნარი. გონების მოღვაწეობას ემყარება მეცნიერული შემეცნება გარემო სამყაროსი, ფილოსოფიური შემეცნება, ხოლო რელიგია ემყარება გამოცხადებას. გამოცხადება არის ადამიანის სულის უნარი, რომელიც გონებაზე მაღლა დგას. იგი უცხადებს ადამიანს ისეთ სამყაროს, რომელსაც გონება ვერ სწვდება. გონება სწვდება მხოლოდ მატერიალურ სამყაროს დროისა და სივრცის ფარგლებში მოცემულს, ამ სამგანზომილებიან სამყაროს, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. გონება იაზრებს და ქმნის კატეგორიებს ამ სამყაროს შესამეცნებლად და მხოლოდ თავისი კრიტერიუმებით უდგება მას, ხოლო გამოცხადებით მიღებული ცოდნა გონების მიერ ყოველთვის ვერ შეიმეცნება და ვერ გაანალიზდება, იმიტომ რომ ეს უფრო მაღალი უნარია ადამიანში და ის უცხადებს უფრო მაღალ სამყაროს, ვიდრე გონებით შიძლება შემეცნება. კერძოდ, იგი გვიცხადებს ღვთის სამყაროს, თვითონ ღმერთს და რაც ღმერთთან არის დაკავშირებული, ე.ი. ღმერთი ადამიანს გონებით ვერ ეძლება, რადგან ის გონება, რომელიც მას აქვს, მხოლოდ და მხოლოდ ხილული სამყაროს შემეცნებისათვის არის მომზადებული. ადამიანის გონებრივი უნარი ვერ სწვდება უფრო მეტს-მრავალგანზომილებიან აბსოლუტურ სამყაროს. დიდმა გერმანელმა ფილოსოფოსმა, კანტმა დაამტკიცა, რომ გონებით შეიმეცნება მხოლოდ ის სამყარო, რომელიც მოცემულია ჩვენთვის, როგორც ხილული სინამდვილე, ხოლო ღვთის სამყაროს, კანტისავე გამოთქმით, გონება ვერ სწვდება და ვერც ასაბუთებს. მხოლოდ გონებისმიერი მტკიცებებით ღვთის არსებობის დასაბუთება შეუძლებელია. გონებით შეიძლება დაამტკიცო ღვთის არსებობა და ასევე, გონებით შეიძლება უარყო ღვთის არსებობა ე.ი. გონება ერთმანეთის გამომრიცხავ მონაცემებს იძლევა ღმერთის შესახებ. იგი თანაბრად ამტკიცებს და უარყოფს კიდეც ღვთის არსებობას. ხოლო რაც შეეხება გამოცხადებას, გამოცხადებით ხდება მიღება ცოდნისა, ან ინფორმაციისა ღვთის შესახებ, ღვთაებრივი სამყაროს შესახებ, რომელიც ამ ემპირიულ სამყაროზე მაღლა დგას. აი, ამ ემპირიულ სამყაროზე მაღლა მდგომი არსება, რომელსაც ფილოსოფია უწოდებს აბსოლუტს, ხოლო რელიგია-ღმერთს, ვერაფრით ვერ გაიაზრება ჩვენს მიერ, ჩვენი ინტელექტის მიერ, გონების მიერ. ამის გამო რელიგიის წყარო და დასაყრდენი არის გამოცხადება, ე.ი. ადამიანის სულიერი სამყარო და ღმერთი. ღმერთი თავის გამოცხადებას აძლევს ადამიანს არა გონებაში, არამედ მის ნათელმხილველურ უნარში, ე.ი. ღმერთი ადამიანს ეძლევა, როგორც გამოცხადება და არა როგორც ლოგიკური და ფილოსოფიური სისტემა.
გამოცხადებაზე დაყრდნობილია მისტიკა, თეოსოფია, ხოლო თეოლოგია დაყრდნობილია გონებისმიერ უნარზე. თეოლოგია არის ისეთი მეცნიერება, რომელიც აზროვნებით ცდილობს ღვთის არსებობის დასაბუთებას. თეოლოგია ორგვარია-რაციონალური, ე.ი. დოგმატური და ირაციონალური თეოლოგია, ანუ მისტიკური თეოლოგია. დოგმატიკოსი თეოლოგი ღვთის არსებობას გონებისმიერი მსჯელობით, ლოგიკით ასაბუთებს, ხოლო მისტიკოსი არის ადამიანი, რომელიც ღვთის არსებობას ნათელხილვით ჭვრეტს. ეს ორი მიმდინარეობა ყოველთვის იყო წყარო ჭეშმარიტი რელიგიისა, თეოლოგიისა. ეს იმას ნიშნავს, რომ რელიგიაში გონების მომენტი არ არის გამორიცხული, ე.ი. რელიგია გონებას მოკლებული რამ კი არ არის, უბრალოდ, გონებას რელიგიაში არა აქვს პრიორიტეტი, ის უპირატესობას, მთავარ როლს გამოცხადებას ანიჭებს, ხოლო გონება არის მაკონტროლებელი ყოველივე ამისა, რასაც იძლევა გამოცხადება.
ყოველი დიდი რელიგიის ფუძემდებლები რელიგიურ ჭეშმარიტებებს ჭვრეტდნენ გამოცხადებით, ისინი გონებისმიერი მსჯელობებით (ტვინის ჭყლეტით) კი არ მიდიოდნენ ღვთის არსებობის უდავობამდე, არამედ გამოცხადებით, ნათელხილვით ჭვრეტდნენ ღმერთს.
* * *
... მამა შეუმეცნებელი საწყისია ყველაფრისა. ძე არის იგივე მამა ყოფიერებაში, ქმედებაში, ხოლო სულიწმინდა არის ის, რაც აძლევს ყოფიერებას სიწმინდეს, რაც განწმენდს ყოფიერებას და აძლევს სიბრძნეს, თრგუნავს და ამარცხებს ყოველგვარ უარყოფითს. აი, ეს არის ქრისტიანული სამება. ფაქტობრივად, აქაც ერთი და იგივე ღმერთია, რომელიც სამ სხვა და სხვა ასპექტში გვევლინება: მამის, ძის და სულიწმინდის ასპექტში. ამას ჰქვია ღმერთი სამი ჰიპოსტასი. სამება არ ნიშნავს რიცხობრივად სამობას, სამ სხვა და სხვა საგანს, არამედ ნიშნავს გვამოვნებას, ანუ თვისობრივად სამს, ე.ი. ღმერთი რიცხობრივად კი არ არის სამი, არამედ თვისობრივად არის სამი , სამგვარია მისი გამოვლინება, თორემ არსებით ის ერთია (უნდა განვასხვავოთ არითმეტიკული სამება და რელიგიური სამება).
ახლა ვნახოთ, თუ როგორ არის ქრისტიანულ ღვთისმეტყველებაში მოცემული სამების არსი. მაქსიმე აღმსაარებელი არის ის ღვთისმეტყველი, რომელმაც ჩამოაყალიბა მართლმადიდებლური აღმსარებლობა, ანუ სარწმუნოებრივი კრედო, ჩამოაყალიბა ძირითადი დებულებები და მოგვცა, როგორც თეოლოგიური სისტემა. მას აქვს სამების ასეთი განსაზღვრება: "მწამს ერთი ღმერთი, მამა უშობელი, ერთი ძე და სიტყვა ღმრთისა მამისაგან შობილი და ერთი სულიწმინდა, მამისაგან გამომავალი". მამა უშობელი ნიშნავს, რომ მამა არის ისეთი საწყისი, რომელსაც თავად საწყისი არა აქვს. ძე არის ისეთი საწყისი, რომელსაც საწყისად მამა აქვს, მაგრამ ეს გარეგნულად, ფიგურალურად, არსით კი არა, არამედ ჩვენი ჩემეცნებისათვის გასაგებად. ღმერთი შემოქმედებაში არის ძე, მამის მიერ დაბადებული ჩვენთვის, ამ გაგების ის არის შობილი და არა ქმნილი. ქმნილი ჰქვია არარაობისაგან შექმნილს. რადგან ძე მუდამ არსებობდა, ღმერთი მუდამ არსებობდა, ამიტომ ის არის მამისაგან შობილი. "...სამგვამოვნება გაყოფილი რიცხვით, გვამოვნების თვითებით და განუყოფელი ღვთაებით..."-თეოლოგიური ტერმინოლოგია ზოგჯერ ისეთია, რომ გარეგნულად ლოგიკას ეწინააღმდეგება, რადგან როგორც უკვე ვთქვით, ლოგიკა ამქვეყნიურ, მიწიერ სამყაროზე გვესაუბრება, ხოლო თეოლოგია გვესაუბრება ღვთაებრივ სამყაროზე, რომელზედაც საუბარი რთულია ჩვენი ლოგიკური კატეგორიებით. ამიტომ, ლოგიკა ირღვევა და ერთმანეთის გამომრიცხავი, ერთმანეთის საწინააღმდეგო ცნებებით ხდება ამის გადმოცემა. "... სამება, ღვთის სამპიროვნება, განიყოფებიან განუყოფლად და შეიერთებიან შეურევნელად. ამადაც ვიტყვით ღვთაების ერთარსებას, ერთბუნებას და სამგვამოვნებას, რამეთუ სამთავეს საერთო აქვს ღვთაება და საღმრთო ბუნება. თითოეულის თვითება შეუცვალებელია, მამისა მამობა უშობელი, ძისა ძეობა შობილი და სულიწმინდისა გამოსვლა. ვინაიდან არც მამა შეიცვალება ძედ, ანუ სულად, არც ძე-მამად, ანუ სულად, არც სულიწმინდა მამად, ანუ ძედ. ღმრთად ვაღიარებ თვითეულს". მართალია, ძე შობილია მამისაგან, მაგრამ ძე ნაკლები კი არ არის მამაზე, ერთი და იგივეა, ღვთაება ერთი და იგივეა, დონე ერთი და იგივეა. ე.ი. თქმა იმისა, რომ მამა უფრო დიდია, ძე უფრო პატარა, არ შეიძლება. იყვნენ ერეტიკოსები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ მამა უფრო დიდია, ძე უფრო პატარა და დაქვემდებარებულია მამაზე, სულიწმინდა კი-უმნიშვნელო ღმერთი. ამაზე იყო დავა და მთელი რიგი სექტები გამოეყვო მართლმადიდებლობას. ერთ-ერთი ასეთი სექტა იყო რუსების სექტა "დუხობორები"-სულიწმინდასთან მებრძოლები. მათი აზრით, სულიწმინდა არ იყო ღმერთი. ამის შესახებ ბასილი დიდმა დაწერა სპეციალური ტრაქტატი, სადაც ამტკიცებს, რომ სულიწმინდა ისეთივე ღმერთია, როგორიც მამა და ძე. სულიწმინდის ღვთაების უარმყოფელებს არ ესმოდათ, თუ როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო სამი თანაბარი, ერთმანეთისაგან არაფრით გამორჩეული, თან გარჩეული. ადამიანური ლოგიკა ამას ვერ აცნობიერებდა, სექტები ხშირად იმიტომ წარმოიშვნენ, რომ ლოგიკით ვერ აცნობირებდნენ გამოცხადების ჭეშმარიტებებს, რომელიც უფრო მაღლა დგას ლოგიკაზე, გონებაზე. უნდოდათ ყველაფრის რაციონალიზირება, გონებით გადმოცემა. ამის გააზრებას რომ ვერ ახერხებდნენ, მაშინ ქმნიდნენ თავიანთ რელიგიურ სისტემებს და უპირისპირდებოდნენ ჭეშმარიტ მართლმადიდებლობას და გამოცხადებას.
ე.ი. სრული ღმერთია მამა, სრული ღმერთია ძე და სრული ღმერთია სულიწმინდა. "არამედ არა სამი ღმერთი, რამეთუ ერთია ღმერთი და ერთია ღვთაება სამი თანაარსი გვამით", არსით ერთი, მაგრამ გვამებით, ან გვარებით სხვა და სხვა. ამაზე ამბობს რუსთაველი პროლოგში: "ვთქვა მიჯნურობა პირველი და ტომი გვართა ზენათა". აქ ლაპარაკია ზენა გვარებზე. ყველაზე ზენა გვარი არის სწორედ ეს სამი გვარი, რუსულად "ვიდ", ლათინურად" გენუს". "... ესენი არც ბუნებით განიყოფებიან, არც ადგილით, რამეთუ სადაც არის მამა, იქვეა ძეც და სულიწმინდაც, სადაც არის ძე, იქვეა მამაც და სულიწმინდაც და სადაც არის სულიწმინდა, იქვეა მამაც და ძეც..." ეს არის მთავარი. "...თაყვანს ვცემ სამებას ერთარსებით და ერთარსებას სამებით. ერთარსებას სამგვამოვანს, სამებას ერთარსებას, თანადაუსაბამოს, თანასწორს ძლიერებით და პატივით..."-აქ თანადაუსაბამო ნიშნავს იმას, რომ თითოეული მათგანი არის დაუსაბამო, შეუქმნელი, უსაწყისო. ე.ი. არ შეიძლება ითქვას, რომ იყო დრო, როდესაც ძე არ იყო, ან იყო დრო, როდესაც სულიწმინდა არ იყო. ძე ყოველთვის იყო, მამა თავისთავად, სულიწმინდაც ყოველთვის იყო. ამას ნიშნავს თითოეულის დაუსაბამობა იმიტომ, რომ თანაარსნი არიან-"... გაღიარებ ერთღვთაებას წმინდისა სამებისა, ერთარსებას, ერთბუნებას, ერთძალას, ერთხელმწიფებას, ერთუფლებიანობას, ერთმეუფებას, დაუსრულებელს დაუსაბამოისას, დაუბადებელს, გარეშემოუწერელს, მიუგონებელს...". გარეშემოუწერელი ნიშნავს უსაზღვროს, საზღვარდაუდებელს. მოუგონებელი ნიშნავს გონებით მიუწვდომელს. შემდეგ მაქსიმე აღმსაარებელი ამბობს-"...ცისა და ქვეყნისა და ზღვისა და ყოველთა ხილულთა და უხილავთა არაარსისაგან არსად მიმყვანებელსა, შემოქმედსა და დამბადებელსა, რომელმაც დაბადა თავდაპირველად ზეცისა ძალნი და მხედრობანი ბევრეულნი აურაცხელნი. სიტყვითა დაბადა და სულითა წმინდითა სრულ ჰქმნა..."-ყველა სხვა რელიგიაში, გარდა ქრისტიანობისა, ღმერთი, აბსოლუტი კი არ ბადებს, კი არ ქმნის არარაობისაგან, არამედ უკვე არსებულს აძლევს სახეს. ასეთი არის პლატონის ღმერთი, ნეოპლატონიკოსების ღმერთი, ყელა ნებისმიერი რელიგიის ღმერთი. ძველ ბერძნულ რელიგიებში უკვე არსებული ქაოსის მომწესრიგებელნი არიან ღმერთები: კრონოსი, ზევსი და სხვ. ხოლო რაც შეეხება ბიბლიასა და ქრისტიანობას, აქ უკვე არარაობიდან, არაარსიდან არსად ბადებს ღმერთი ყველაფერს და მათ შორის პირველად ბადებს ზეციურ მხედრობას, ანგელოზთა, მთავარანგელოზთა და საერთოდ, ზეციურ იერარქიებს, შემდეგ-ხილულ სამყაროს.
ზვიად გამსახურდია -„ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი“ (I ნაწილი)
1.ფილოლოგიური პრობლემები
უკანასკნელ წლებში მრავალი მოსაზრება გამოითქვა ძველი ქართული თეოსოფიური მწერლობის ძეგლის „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი„-ს შესახებ. მკვლევარნი სხვადასხვა თვალსაზრისით განიხილავენ ძეგლს, მაგრამ აშკარაა, რომ ისინი სიძნელეთა წინაშე დგანან. მრავალი საკითხი, ძეგლთან დაკავშირებული, კვლავაც ბუნდოვანია და გაურკვეველი. არც ჩვენ გვაქვს პრეტენზია ძეგლთან დაკავშირებული ყველა საჭირბოროტო საკითხისათვის შუქის მოფენისა. ჩვენი მიზანია მხოლოდ და მხოლოდ აზრის გამოთქმა ზოგიერთ პრობლემაზე.
დავიწყოთ იმით, რომ თვით ტრადიციული წაკითხვა ძეგლის ტექსტისა გვაყენებს დიდი სიძნელის წინაშე. გავიხსენოთ პირველივე წინადადება: „დამარხულ არს ენაი ქართული დღედმდე მეორედ მოსლვისა მისისა, საწამებლად, რაითა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა“. ამ სიტყვებს და, კერძოდ, სიტყვა „ენას“ იგებენ მხოლოდ და მხოლოდ თანამედროვე მნიშვნელობით. სინამდვილეში საკმრისია ღრმად ჩავუკვირდეთ წინადადების შინაარსს და ნათელი გახდება ამგვარი ინტარპრეტაციის ცალმხრივობა, ვინაიდან „ენა“ ძველ ქართულში, ისევე როგორც სხვა ძველ ენებში, მხოლოდ ენას კი არ ნიშნავდა, არამედ ხალხს, ეროვნებას, მოდგმას. ასე მაგალითად, იოანეს „აპოკალიპსის“-ის ტექსტში:
„შემდგომად ვიხილე და აჰა ერი ფრიადი, რომლისა აღრიცხვად ვერავინ შემძლებელ იყო, ყოველთაგან წარმართთა და ტომთა და ერთა და ენათა, მდგომარენი წინაშე კრავისა“ (გამოცხ. 7. 9). აქ ბერძნულ ტექსტში „ენას“ შეესაბამება „გლოსსა“.
ვგონებ სადავო არ უნდა იყოს, რომ აქ ცოცხალ ადამიანთა კრებულზეა საუბარი, რომელნიც არიან „ყოველთაგან ენათა და ტომთა“, ე. ი. ყველა ხალხების, ყველა ეროვნების წარმომადგენლებზე. ასევეა „გამოცხადების“ მეთოთხმეტე თავშიც: „ანგელოსსა აქუნდა სახარებაი ხარებაი ხარებად მკვიდრთა ქუეყანისათა და ყოველსა ერსა ზედა და ტომთა და ენათა“ (14. 7). ვგონებ ნათელია, რომ ანგელოსი, ვერაფერს ახარებდა „ენას“ (გინდ სალიტერატუროს, გინდ სასაუბროს), ვინაიდან ენა ცოცხალი არსება არ არის.
ცოცხალი არსებანი არიან ადამიანები, რომელნიც ამ ენათა, ანუ ეროვნებათა წარმოათდგენლები არიან და მათ ახარებდა ანგელოსი. ასევე იხმარება ეს „ენა“ ძველ აღთქმაშიც: „ესე ძენი სემისნი – ენათა შინა მათთა, სოფელთა შინა მათთა, და ნათესავთა შინა მათთა“ (დაბად. 10.31 დან. 3,4-7, 5.19, 29-31). სხვათა შორის, ბიბლიის მცხეთურ ხელნაწერში აქ „ენის“ ადგილზე ნახმარია „ტომი“. „ენის“ მსგავსი მნიშვნელობით ხმარებას ვხვდებით „ქართლის ცხოვრებაშიც“: „სკვითნი, ხაზარნი, აბაშნი, არაბნი, მიდნი, ელამიტელნი და შუამდინარელნი და ყოველნი ენანი და ნათესავნი“ (ქ.ც.ტ. II, 1959, გვ. 562). ს. ყაუხჩიშვილის მიერ ამ ტომისათვის დართულ ლექსიკონშიც ორგვარი განმარტებაა „ენისა“: 1) ენა – („ენა“) „ენა ვერ მიძრავს“. 2) ენა – (ტომი, ნათესავი) – „ყოველნი ენანი და ნათესავნი“. „ყოველმან ენამან მხოლოსა ღმერთსა თაყუანის გცეს“ და ა. შ.
ამრიგად, იოანე-ზოსიმეს „ქებაი“ ეხება არა მხოლოდ ქართულ ენას, როგორც ასეთს, არამედ ქართველ ერს, ქართულ ეთნოსს, მის კულტურულ ისტორიულ მისსიას, როგორც ეს ესმოდათ საქართველოს ეზოტერულ-ქრისტიანულ წრეებში (რომელნიც ეკლესიისაგან განცალკევებით როდი არსებობდნენ).
ახლა განვიხილოთ, თუ რას ნიშნავს „საწამებლად, რაითა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა“. ზოგი მკვლევარი აქაც თანამედროვე მნიშვნელობით იგებს სიტყვას „საწამებლად“, როგორც „წამებას“, „ტანჯვას“. სინამდვილეში „საწამებლად“ აქ ძველი ქართული მნიშვნელობით არის ნახმარი, ისევე როგორც სახარებაში: „და სწამა იოანე და თქუა“ (იოანე, 1,32). ე.ი. „დაამოწმა“, „სვიდეტელსტვოვალ“.
თუ ჩვენ „ენას“ ვიგულისხმებთ მხოლოდ მისი თანამედროვე მნიშვნელობით, მაშინ გამოდის აბსურდი, თითქოს ენამ, როგორც ასეთმა, უნდა სწამოს ქრისტესათვის. ენა თავისთავად ვერავისთვის ვერაფერს სწამებს, ვინაიდან იგი არ არის ცოცხალი არსება, პიროვნება. სიტყვა „საწამებლად“, „სწამა“ და მისგან ნაწარმოები სხვა სიტყვები საღვთო წერილშიც და ქრისტიანულ ლიტერატურაშიც მუდამ იხმარებიან ადამიანთან, პიროვნებასთან ან ადამიანთა ჯგუფთან (თუნდაც ერთან) დაკავშირებით.
შემდეგი და კიდევ უფრო დიდი გაუგებრობა იბადება იმ შემთხვევაში, თუ „ენას“ მხოლოდ და მხოლოდ დღევანდელი მნიშვნელობით წარმოვიდგენთ, როგორც მამხილებელს სხვა ენებისას: „რაითა ყოველთა ენათა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა“. ე.ი. გამოდის, რომ ქართული ენა არა მხოლოდ სწამებს ქრისტესათვის, არამედ ამხელს სხვა ენებს, ვინაიდან სხვა ენები ცოდვილნი არიან, ქართული ენა კი უცოდველია და ამხელს მათ. რაში უნდა გამოიხატებოდეს ენის ცოდვიანობა თუ უცოდველობა? ვით შეუძლია ენას, განყენებულ გაგებას, იმოქმედოს ისე, რომ სცოდოს ან არ სცოდოს, ამხილოს ვინმე ცოდვაში ან არ ამხილოს? „მხილება“ აქ „გამხელას“ რომ ნიშნავდეს, როგორც ზოგიერთ ავტორს მიაჩნია, მაშინ იქნებოდა „უმხილოს“, როგორც ამას ვხვდებით მოციქულთა საქმეში: „ესე უმხილა ვინმე სავლეს“–სხვა ვარიანტია „ეუწყა სავლეს“ (იხ. ი. აბულაძის ლექსიკონი).
„მხილება“ იოანე-ზოსიმესთან ნახმარია სახარებისეული მნიშვნელობით: „რომელმან თქვენთაგანმან მამხილოს მე ცოდვისათვის?“ ეუბნება ქრისტე ფარისევლებს. ენა შესაძლოა მეტნაკლები ადექვატურობით გადმოსცემდეს გარკვეულ ცნებებს, გარკვეულ სულიერ გაგებებს, მეტნაკლებად ღვთაებრივ–სულიერი იყოს ან მეტნაკლებად მდიდარი, მაგრამ მისი „ცოდვიანობა“ ან „მამხილებლობა“ გაუგებარია. შეუძლებელია იოანე–ზოსიმეს ასეთი ამბები არ სცოდნოდა.
ეს ორივე წინ;ააღმდეგობა მოიხსნება, თუ სიტყვა „ენას“ გავიგებთ ისე, როგორც იგი იხმარებოდა იმ ეპოქაში, როდესაც შეიქმნა სახარებები და აპოკალიპსისი, ან როდესაც აღმოცენდა ქრისტიანობა და ჰაგიოგრაფიული და ჰიმნოგრაფიული ლიტერატურა. საკმარისია დაშვება ყოველივე ამისა, რომ ყოველგვარი წინააღმდეგობა მოიხსნება ძეგლის პირველივე წინადადების გაგებაში. ამასთან ისიც უნდა აღინიშნოს, რომ იოანე-ზოსიმე ქართულ ეროვნებას არ იგულისხმებდა ქართული ენის გარეშე, ვინაიდან ქართული ენისა და ქართული კულტურის გარეშე მხოლოდ ერის მიღწევას მეორედ მოსვლამდე არ ექნებოდა არავითარი მნიშვნელობა. ასე რომ, ეს წინადადება დღევანდელ ქართულ ენაზე შემდეგნაირად უნდა გადმოითარგმნოს: „ქართული ეროვნება და მისი ენა (ქართველი ერი) შენარჩუნებულ იქნება მისი (ქრისტეს) მეორედ მოსვლის დღედმდე, რათა მან სწამოს (ქრისტესთვის), რათა ყოველი ერი ღმერთმა ამხილოს ამ ერის მეშვეობით“.
ახლა უკვე გასაგები ხდება ყოველივე: ერთი ერი, შესაძლოა იყოს უფრო მეტად ცოდვილი, მეორე – ნაკლებად, ერთი ერი შესაძლოა უფრო ახლოს იდგეს ღმერთთან, მეორე – ნაკლებად. მამხილებელიც შესაძლოა იყოს ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი, ან ერი და არამც და არამც მხოლოდ მისი ენა.
გარდა ამისა, ნუთუ შესაძლებელია, რომ მეათე საუკუნის (ან თუნდაც უფრო ადრინდელ) ქართველ მწიგნობარს, თავისი ეპოქისათვის განათლებულ ადამიანს არ სცოდნოდა ელემენტარული ჭეშმარიტება, რომ არა მხოლოდ ქართული, არამედ ყველა ენა, ყველა დამწერლობა შენარჩუნებულ იქნება („დამარხულ იქნება“) ქვეყნის დასასრულამდე, ე. ი. ქრისტეს მეორედ მოსვლამდე? რა აღმოჩენა, რა წინასწარმეტყველება უნდა ყოფილიყო ეს ფაქტი, რომელსაც იგი ესოდენ საზეიმოდ ამცნობს თავის თანამემამულეებს? განა არ იქნება ასევე შენარჩუნებული ძველბერძნული, ლათინური ან რომელიც გნებავთ ის მკვდარი ენა, რომელსაც გააჩნია დამწერლობა? რა სიბრძნე უნდა ყოფილიყო ამის აღნიშვნაში?
რაც შეეხება ერს, ეროვნებას, აქ სხვაგვარად უნდა ყოფილიყო საქმე. ენა შეიძლება დარჩეს, ერი კი განადგურდეს. ქრისტიანული ესქატოლოგიის მიხედვით მომავლის კატაკლიზმების დროს ზოგი ერი დაიღუპება, აღიგვება პირისაგან მიწისა, ზოგი კი გადარჩება. აი, აქ კი საჭირო იყო პროფეტული ოპტიმიზმი, რომელსაც ამჟღავნებს იოანე-ზოსიმე, როდესაც ამხნევებს თავის თანამემამულეებს: ქართველი ერი გადარჩება, იარსებებსო მეორედ მოსვლამდე. იოანე-ზოსიმე ამ შემთხვევაში ვერ იხმარდა ტერმინ „ეროვნებას“, ვინაიდან ეს ტერმინი იმ ეპოქაში ჯერაც არ არსებობდა, იგი უფრო გვიანდელი ხანის პროდუქტია. ამიტომ იხმარა მან „ენა“, რომელიც მის ეპოქაში ნიშნავდა „ერს“, „ეროვნებას“, „მოდგმას“.
იოანეს აპოკალიპსისში ჩვენ ვხედავთ, რომ ყოველი ერი, ყოველი ქვეყანა როდი მიაღწევს უფლის მეორედ მოსვლამდე. მაგალითად, ღვთის რისხვის მეშვიდე ლანკნის დანთხევისას (გამოცხ. 16, 17), რომელიც მეორედ მოსვლასა და მკვდართა აღდგომაზე გაცილებით ადრე ხდება, აღწერილია ბაბილონისა და სხვა წარმართთა და ენათა (ერთა) განადგურება. ბაბილონი იქ სიმბოლურ-კრებითი სახეა ყველა იმპერიისა, რომელზედაც შეგვიძლია ვთქვათ აპოკალიპსისისა და „ქებაი“ გაგებით, რომ ეს „ენა“ არ არის დამარხულ დღემდე მეორედ მოსვლისა მისისა: „დაეცა ბაბილონი დიდი და იქმნა სამკვიდრებელ ეშმაკთა და საყოფელ ყოვლისავე სულისა არაწმიდისა და საყოფელ ყოვლისა მფრინველისა არაწმიდისა და მოძულებულისა“ (გამოცხ. 18. 2). ეს ყოველივე კი მოხდა მეორედ მოსვლაზე ადრე.
ასე რომ, იოანე-ზოსიმე წინასწარმეტყველებს: ქართველი ეროვნება, ქართული მოდგმა მიაღწევს მეორედ მოსვლამდე. მხოლოდ ენის მიღწევას კი არ დასჭირდებოდა არავითარი წინასწარმეტყველება.
აპოკალიპსისის ფინალში ჩვენ ვხედავთ, რომ ერები, ანუ ენანი ორად არიან განყოფილნი. ერთნი არიან ვითარცა წყალნი, რომელზედაც დგას ბაბილონი, ე. ი. წარმოადგენენ ბაბილონის იმპერიის დასაყრდენს: „წყალნი იგი რომელ იხილენ, ერნი არიან და წარმართნი და ენანი“ (გამოცხ. 17. 15). ისინი დაინთქმიან ქვესკნელში ბაბილონთან ერთად. ხოლო მეორენი იშვებენ ცათა შინა, კრავის ქორწილზე:
„შემდგომად მესმა, ვითარცა ხმაი დიდი ერისა მრავლისაი ცათა შინა, რომელნი იტყოდეს: ალელუია, მაცხოვრებაი და ძალი და დიდებაი ღმრთისა ჩუენისაი“ (გამოცხ. 19. 1). ვინ არის ამ დროს იგი, ვინც სწამებს იესოსათვის? ამის პასუხად ანგელოზი ეუბნება იოანეს: „და დავვარდი წინაშე ფერხთა მისთა თაყვანისცემად მისა, და მრქუა მე: „იხილე ნუ, შენ თანა მონაი ვარ მე და ძმათა შენთა, რომელთა აქუს წამებაი იესოისი; ღმერთსა თაყუანის ეც, რამეთუ წამებაი იესოსი არს სული იგი წინასწარმეტყველებისაი“ (გამოცხ. 19. 10).
ესე იგი, ისინი, ვინც სწამებენ იესოსათვის, არიან ძმანი იოანე მოციქულისა, რომელიც სწამებს აგრეთვე მათთან ერთად და მათაც აქვთ სული წინასწარმეტყველებისაი, ანუ სულიწმიდა. აი, როგორ ჭვრეტს იოანე-ზოსიმე ქართული მოდგმის მომავალს, რომელიც „დამარხულ არს საწამებლად მისა“: მას ექნება სული წინასწარმეტყველებისაი, სულიწმიდა, ისევე როგორც იოანეს და მის ძმებს, ანუ მართალთ, რომელნიც იშვებენ კრავის ქორწილზე ღვთის სასუფეველში ისრაელის 12 მუხლის რჩეულებთან ერთად. თუმც ეჭვგარეშეა, რომ იოანე-ზოსიმე ამგვარ ქართველებში ჭეშმარიტ ქრისტიან ქართველებს გულისხმობს, რომელთაც უნდა „სწამონ“ ქრისტესათვის. მხოლოდ ასეთნი შეიძლება გაუთანაბრდნენ აპოკალიპსურ „ძმებს“ იოანესას. იოანეს ეს ძმები, ამავე დროს, მამხილებელნი არიან ყველა ენათა და წარმართთა, რასაც აპოკალიპსისში სიმბოლური ზეციური თეთრტაიჭოსანი მხედრის სახით ვხედავთ:
„და ვიხილენ ცანი განხუმულნი და აჰა ცხენი სპეტაკი და მჯდომარესა მას ზედა ეწოდებოდა სარწმუნოი და ჭეშმარიტი და სიმართლით სჯის და იბრძვის. და თუალნი მისნი იყვნეს, ვითარცა ალი ცეცხლისაი, და თავსა ზედა მისსა გვირგვინნი მრავალნი, რომელთა ზედა წერილ იყო სახელები და სახელი წერილი, რომელი არავინ უწყის, გარნა მან თავადმან. და ემოსა სამოსელი შეღებული სისხლითა და წოდებულ არს სახელი მისი: სიტყუაი ღმრთისაი და მხედრობანი ცათანი შეუდგეს მას, მსხდომარენი ცხენთა ზედა სპეტაკთა, შემოსილნი ბისონითა სპეტაკითა და ბრწყინვალითა და პირისა მისისაგან გამოვიდოდა მახვილი ორპირი აღლესული, რაითა მით მოსრნეს წარმართნი და იგი ჰმწყსიდეს მათ კუერთხითა რკინისაითა“ (გამოცხ. 19. 11–15).
„ორპირი მახვილი აღლესული“ არის სიმბოლურად „მახვილი მხილებისა“, საღმრთო მხილება კაცობრიობის ცოდვათა, „რკინის კვერთხით მწყემსვა“ კი არის გასამართლება ცოდვილ წარმართთა (კვერთხი სიმართლის სიმბოლოა). აი, რომელ ესქატოლოგიურ სახეს უკავშირდება იოანე-ზოსიმესეული გაგება ქართული მოდგმის, ქართული ეთნოსის მომავალი მამხილებელი მისსიისა!
თეთრ ცხენზე მჯდარი ზეციური მხედარი არის არხისტრატეგოსი ზეციური მხედრობისა, მთავარანგელოზი მიქაელ, ძალი ღვთისა, ანუ პირი ღვთისა, აგრეთვე, პროფეტული განჭვრეტა მიქაელის მიწიერი რაინდის, წმინდა გიორგის მსახურებისა, რომელსაც უკავშირებს იოანე-ზოსიმე ქართველ ერს, როგორც ჭეშმარიტი ქართველი ქრისტიან-გეორგიანი. საქართველოს სახეს იგი სჭვრეტს ზეციურ ძლევამოსილ მხედარში, რომელიც ასრულებს საღვთო მისსიას წარმართთა ერთა და ენათა მხილებისას და მათი მწყემსვისას რკინის კვერთხით, ანუ გასამართლებისას. აი, სიტყვა „მხილების“ ნამდვილი მნიშვნელობა (აპოკალიპსური მამხილებელი სულიწმიდაა და მისი თეთრტაიჭოსანი რაინდი).
ახლა გადავიდეთ შემდეგ წინადადებაზე: „და ესე ენაი მძინარე არს დღესამომდე და სახარებასა შინა ამა ენასა ლაზარე ჰქვიან“.
ზემოა უკვე დავინახეთ იდუმალი კავშირი ქართული ენისა, ანუ ეროვნებისა იოანე მოციქულთან, რომელსაც მეორედ მოსვლისას აქვს „წამებაი ქრისტესი“, ისევე როგორც ქართულ ენას (ეროვნებას). ახლა კი ვხედავთ, რომ ქართული ენა იდენტიფიცირებულია ლაზარესთან, რომელიც ქრისტემ აღადგინა მკვდრეთით. ლაზარესთან, რომელიც ქრისტემ აღადგინა მკვდრეთით. ლაზარე კი, ზოგი თეოლოგის თვალსაზრისით, არის იგივე იოანე მოციქული. ახალ დროში არა მხოლოდ თეოსოფოსებმა, არამედ სახარების ტექსტის მკვლევარმა ფილოლოგებმაც მიაქციეს ყურადღება იმ გარემოებას, რომ როდესაც იოანეს სახარებაში საუბარია იოანე მოციქულზე, როგორც მაცხოვრის საყვარელ მოწაფეზე, ნახმარია ზმნა „ფილეო“, სულიერი სიყვარული, იგივე ზმნა ნახმარია აგრეთვე მხოლოდ და მხოლოდ ლაზარესთან დაკავშირებით (იოანე 11. 3), რაც სიყვარულის გარდა, სახარებისეული გაგებით, ნიშნავს უმაღლეს სულიერ მეგობრობასაც (იხ. ფ. ვ. ფარრარ, იესო ქრისტეს ცხოვრება, ლონდონი, 1880, ინგ. ენაზე), ვინაიდან ცნობილია, რომ სახარება განასხვავებს სიყვარულის სამ სახეობას: ეროსს, აგაპეს და ფილიას.
სხვა მოწაფეებთან დაკავშირებით სიტყვა „ფილეო“ არ იხმარება. სხვა შემთხვევაში და სხვა მოწაფეებზე ნახმარია ზმნა „ეგაპა“, ნაწარმოები „აგაპედან“. ამ იდენტიფიკაციის საკითხებზე აღვნიშნავთ მხოლოდ, რომ ამ შემთხვევაში ორი პიროვნების გაიგივება როდია მთავარი, არამედ ის, რომ იოანე მახარობელს თავის სახარებაში ქრისტესეული (და არა იოანესეული) ნათლისღების, ანუ ინიციაციის პარადიგმად მოჰყავს ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება. ლაზარესთან ქართული ენის იდენტიფიკაციის შემდეგ ხომ იოანე-ზოსიმეც ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქართული ენა არის „მისთანავე (ქრისტესთანვე) დაფლული სიკვდილითა ნათლისღებისა მისისაითა“, ე. ი. ღებულობს ქრისტესეულ ნათლისღებას.
რას ნიშნავს ქრისტეს ნათლისღება და რით განსხვავდება იგი იოანესეული ნათლისღებისაგან (წყლით ნათლისღებისაგან)? ამაზე პასუხს გვაძლევს თავად იოანე ნათლისმცემელი, რომელიც მასთან მოსულ ხალხს ეუბნება: „მე უკვე ნათელგცემ თქუენ წყლითა სინანულად; ხოლო რომელი შემდგომად ჩემსა მოვალს, უძლიერს ჩემსა არს, რომლისა ვერ შემძლებელ ვარ ხამლთა მისთა ტვირთვად. მან ნათელ-გცეს თქუენ სულითა წმიდითა და ცეცხლითა“ (მათე 3. 4). ამაზე პასუხს გვაძლევს აგრეთვე თავად მაცხოვარი, როდესაც იგი, უკვე იოანესაგან ნათელღებული, ეუბნება თავის მოწაფეებს: „ხოლო ნათლისღებაი მაქუს ნათლის ღებად და ვითარ შეურვებულ ვარ, ვიდრემდე აღესრულოს!“ (ლუკა 12. 50) ე. ი. იოანეს ნათლისღების გარდა სხვა ნათლისღება უნდა გაიაროს ჯერ თავად იესო ქრისტემ.
ამ ნათლისღებაში იგულისხმება ჯვარცმა, სიკვდილი და დაფლვა იესო ქრისტესი, რომელსაც მოსდევს გარდაუვალი აღდგომა. ამავე ნათლისღების წინასახეა ლაზარეს მკვდრეთით აღდგინება. იგივე ნათლისღებაზე ესაუბრება იესო ქრისტე იაკობს და იოანეს, რომელნიც მოვიდნენ მასთან და სთხოვეს ნება მიეცა მათთვის, რათა ერთი მის მარჯვნივ დამჯდარიყო, ხოლო მეორე მარცხნივ. იესომ ჰკითხა მათ: „არა იცით, რასა ითხოვთ. ძალგიცა სასუმელისა, რომელსაც მე შევსვამ, შესუმად, და მათლისღებისა, რომელსა მე ნათელვიღებ, ნათლის ღებად?“ (მარკ. 10. 38) მოციქულნი ეუბნებიან ქრისტეს, რომ მათ ძალუძთ ეს ყოველივე.
ამას მოსდევს პროფეტული სიტყვები, რომელნიც ცხადყოფენ, რომ ეს ორი მოციქული მართლაც მიიღებს მომავალში ქრისტესეულ ნათლისღებას: „სასუმელი სამე, რომელსა მე ვსუამ, ჰსუათ, და ნათლისღებაი რომელი მე ნათელ ვიღო, ნათელ იღოთ“ (მარკ. 10. 39). ეს სიტყვები გამართლდა ლაზარეს მკვდრეთით აღდგომაზე, რომელმაც მიიღო ქრისტესეული ნათლისღება სიკვდილითა და აღდგომით, აგრეთვე სულიწმიდის მომადლებით. ასევე განმარტავს ამ ნათლისღების არსს პავლე მოციქული: „ ანუ არა უწყოითა, რამეთუ რომელთა-ესე ნათელ-ვიღეთ ქრისტე იესოს მიერ, სიკვდილისა მისისა მიმართ ნათელ-ვიღეთ? და თანა-დავეფლენით მას ნათლის ღებითა მით სიკუდილსა მისსა, რაითა ვითარცა იგი აღდგა ქრისტე მკვდრეთით დიდებითა მამისაითა, ეგრეცა ჩვენ განახლებითა ცხოვრებისაითა ვიდოდით.
რამეთუ უკუეთუ თანანერგ ვიქმნენით მსგავსებასა მას სიკვდილისა მისისასა ეგრეთცა აღდგომასა მას მისსა ვიყვნეთ“ (რომ. 6.3-5). აი, ამგვარი ქრისტესეული მათლისღება პირველად განხორციელდა ლაზარეზე, რომელიც მოკვდა და აღდგა, ე. ი. ლაზარე პირველი მოინათლა სულიწმიდითა და ცეცხლით, ანუ ქრისტესეული ნათლისღებით. მაგრამ მის სნეულებაზე ხომ მაცხოვარი თავიდანვე ამბობს, რომ ეს არ არის ნამდვილი, სასიკვდინე სნეულება: „სნეულებაი ესე არა არს სასიკვდინე, არამედ დიდებისათვის ღმრთისა, რაითა იდიდოს ძე ღმრთისა მისგან“ (იოანე 11.4). ძე ღმრთისა იდიდა იოანე მოციქულისაგან, მისი სახარებითა და აპოკალიპსისით. ქრისტესეულ ნათლისღებას ქართული ენა ღებულობს, რათა მომავალში აღასრულოს ქრისტეს მისსია. რაში მდგომარეობს ეს მისსია? გავიხსენოთ, თუ ვით ახასიათებს თავის მისსიას იესო-ქრისტე პილატეს სამსჯავროს წინაშე:
„ამისთვის შობილ ვარ და ამისთვის მოვივლინე სოფლად, რაითა ვწამო ჭეშმარიტი. ყოველი რომელი ჭეშმარიტებისაგან იყოს, ისმინოს ხმისა ჩემისაი“ (იოანე 18.37). ხოლო ქართულ ენაზე იოანე-ზოსიმესეულ ძეგლში ნათქვამია: „დამარხულ არს ენაი ქართული დღედმდე მეორედ მოსლვისა მისისა, საწამებლად“. რის საწამებლად? ცხადია, ჭეშმარიტების საწამებლად. ქართულმა ენამ, ქართულმა მოდგმამ უნდა სწამოს ჭეშმარიტი, ისევე როგორც იესო ქრისტემ. მან უნდა ადიდოს ქრისტე, ისევე როგორც იოანე-ლაზარემ. ასე სწამს იოანე-ზოსიმეს.
იოანე-ზოსიმეს ოთხი დღის მკვდარი ლაზარე მიჩნია ქართული ენის სიმბოლოდ, რომელიც არს „შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაითა, მდაბალი და დაწუნებული“. თანაც იგი იქვე იმოწმებს დავით წმიდა წინასწარმეტყველს, რომელიც ამბობს: „წელი ათასი ვითარცა ერთი დღე“. „ოთხი ათასის“ შესახებ ჩვენ დაწვრილებით ვისაუბრებთ ქვემოთ, ახლა კი ვნახოთ, რას გულისხმობს ავტორი, როდესაც ამბობს:
„და ახალმან ნინო მოაქცია და ჰელენე დედოფალმან, ესე არიან ორნი დანი ვითარცა მარიამ და მართაი“.
წარმოვიდგინოთ კვლავ, რომ სიტყვა „ენა“ ძეგლში ნახმარია მარტოოდენ მისი დღევანდელი მნიშვნელობით. გამოდის, რომ ქართული ენა მოაქცია ნინოს გარდა ჰელენე დედოფამაც. დავუშვათ, რომ წმ. ნინო საქართველოში მოსვლის შემდეგ დაეუფლა ქართულ ენას, როგორც წარმოშობით მოსხი კაპადოკიელი და ქრისტიანული გაგებებით გაამდიდრა იგი, რითაც „მოაქცია“, მაგრამ აბა ჰელენე დედოფალი როგორ მოაქცევდა ქართულ ენას? ან ნუთუ ქართული ენა ნინოს მიერ ქართლის მონათვლისთანავე წარმართული ენიდან ქრისტიანულ ენად იქცეოდა უმალვე? ნინოს ხომ არ შეუქმნია რაიმე ნაწარმოებები ქართულ ენაზე? ან რა გარსხვავებაა წარმართულ ენასა და ქრისტიანულ ენას შორის? მაგრამ საქმეც ის გახლავთ, რომ აქ კვლავ საქმე ეხება ერის, ეროვნების მოქცევას. მარტოდენ „ენის მოქცევა“ აშკარად ნაძალადევი წარმოდგენაა, ერის მოქცევა კი ბუნებრივია. ჰელენე დედოფლის წვლილიც გასაგებია: მან ხელი შეუწყო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას რომში, რის შედეგადაც მომზადდა ნიადაგი საქართველოს გაქრისტიანებისათვისაც, გარდა ამისა, ჰელენე დედოფლის ზრუნვა ქართლის მოქცევისათვის და ნინოსთან მეგობრობა ისტორიული ფაქტია.
რატომ არის ნინო მარიამი, ხოლო ჰელენე მართა? ამასთან დაკავშირებით გავიხსენოთ მარიამთან და მართასთან დაკავშირებული ეპიზოდი ლუკას სახარებიდან: „და თავადი შევიდა დაბასა რომელსამე და იყო ვინმე მუნ დედაკაცი, რომლისაი სახელი მართა და შეიყვანა თავადი სახიდ თვისა და იყო დაი მისი რომელსა ერქუა მარიამ, რომელი დაჯდა ფერხთა თანა იესოისთა და ისმენდა სიტყვათა მისთა. ხოლო მართა მიმოდაზრუნვიდა მრავლისა მსახურებისათვის, ზედა მიადგა და ჰრქუა:
უფალო, არა იღუწი, რამეთუ დამან ჩემმან მარტოი დამიტევა მე მსახურებად? არქუ მას, რაითა შემეწეოდის მე. მიუგო იესო და ჰრქუა მას: მართა! ჰზრუნავ და შფოთ ხარ მრავლისათვის; აქა ერთისა არს სახმარ. ხოლო მარიამ კეთილი ნაწილი გამოირჩია, რომელი არასადა მიეღოს მისგან“ (ლუკა 10. 38-42). მარიამი, რომელიც ნიადაგ მაცხოვარს უსმენდა და საოჯახო საქმეს არ აკეთებდა, არის სიმბოლო სულის შინაგანი მედიტაციური აქტივობისა, მარადის ღვთის ჭვრეტისა, მისტიკისა, ხოლო მართა, რომელიც ნიადაგ საოჯახო საქმეს აკეთებს, სიმბოლოა სულის გარეგანი აქტივობისა სოციალური ყოფისა და ქველმოქმედების სფეროში.
ერთი მისტიური ჭვრეტის გზაა, მეორე სოციალური განვითარებისა, სახელმწიფოებრივი მოღვაწეობისა და პოზიტიური თეოლოგიის ამ ორ გზას შორის პრიორიტეტს თავად მაცხოვარი ანიჭებს პირველს, ე. ი. მარიამს. ამის გამო ნინო, მისტიკოსი ქალი, ნათელმხილველი, მარადის მლოცველი და მმარხველი და მით სულიწმიდის მადლის მომპოვებელი, შედარებულია მარიამთან, ხოლო ჰელენე დედოფალი, იმპერატრისსა რომისა, სოციალურ სფეროში მოღვაწე, შედარებულია მართასთან. ამით ავტორი მიგვანიშნებს აგრეთვე იმ ორი იმპულსის თავისებურებაზე, რომელიც შემოვიდა საქართველოში მათი მეშვეობით. ერთთან დაკავშირებულია ღვთის მისტიური ჭვრეტა, მიტიური თეოლოგია, მეორესთან – ქველმოქმედება და სამართლიანობა სოციალურ სფეროში, აგრეთვე ოფიციალური დოგმატური თეოლოგია, რომელიც წარმოადგენდა სახელმწიფო იდეოლოგიას. ამითვეა განმარტებული იმ ორი მოდგმის მისსიის თავისებურება, რომლის წარმომადგენლებიც არიან ნინო და ჰელენე დედოფალი.
რას ნიშნავს გამოთქმა „ახალმან ნინო“? გულისხმობს თუ არა ეს გამოთქმა რომელიღაც სხვა, უფრო გვიანდელ ნინოს? არამც და არამც. საქმე ის არის, რომ სიტყვა „ახალი“ ძველ ქართულში ნიშნავს რიგით პირველსაც. ასე მაგალითად, ბიბლიაში ახალი, „ახალთაი“ ეწოდება ებრაელთა პირველ თვეს, ნისანს: „დღეს გამოხუალთ თქუენ თუესა ახალსა“ (გამოსვლ. 13. 4). „თთუესა შინა ახალთასა გამოხვედ ეგვიპტით“ G 11. შჯ. 16. 1. „ახალკვირიაკე“, „ახალკვირა“ ნიშნავს აღდგომის შემდეგ პირველ კვირას: „მოვიდეს კაცხსა… დღესა ახალკვირიაკესა“ A – 484. ე. ი. „ახალ ნინოში“ იგულისხმება თავდაპირველი ნინო, წმიდა ნინო, საქართველოს განმანათლებელი. ეს გამოთქმა ნინოსთან დაკავშირებით იხმარება იმის გამო, რათა იგი არ დავუკავშიროთ სხვა, შემდეგდროინდელ პიროვნებებს ამ სახელის მატარებელთ. გარდა ამისა, ნინო მეათე საუკუნისათვისაც ახალია, ვინაიდან ახალი სჯულის შემომტანია.
თუ ჩვენ კვლავაც იმ თვალსაზრისზე დავრჩებით, რომ ძეგლში სიტყვა „ენა“ ნახმარია მხოლოდ მისი პირველადი მნიშვნელობით, მაშინ სავსებით ზედმეტად მოგვეჩვენება შემდეგი ფრაზაც: „და მეგობრობაი ამისთვის თქვა, ვითარმედ „ყოველივე საიდუმლო ამას ენასა შინა დამარხულ არს„. ვინ თქუა „მეგობრობაი“ ან რისთვის თქვა? („ამისათვის“). ვის ეხება ეს სიტყვა „მეგობრობაი?“ კონტექსტიდან ირკვევა, რომ იგი ეხება როგორც ლაზარეს, ასევე ქართულ ენას. მაგრამ განა ენა შეიძლება იყოს ვინმეს მეგობარი? ეს წინააღმდეგობაც მოიხსნება, თუ „ენას“ მისი ნამდვილი მნიშვნელობით გავიგებთ. ე. ი. ქართული მოდგმა, ქართველი ერი არის მეგობარი ქრისტესი, ისევე როგორც ლაზარე, ისევე როგორც იოანე, რომლის შესახებაც ნათქვამია სახარებაში, რომ იგი უყვარდა იესოს „ფილიას“ გაგებით, რაც სხვა მოციქულებზე არ არის ნათქვამი, თუმც მათაც მეგობრები ეწოდებათ (ლუკა 12. 4). აი, რა იგულისხმება გამონათქვამში „და მეგობრობაი ამისთვის თქუა“.
No comments:
Post a Comment