Tuesday, 10 March 2009
პრეზიდენტის ახალი როლი და ახალი ენა
"ახალი 7 დღე "
# 20
3 - 9 ივნისი, 2005 წელი
იმედი მაქვს კი არა და დარწმუნებულიც კი ვარ, რომ ჩვენს საზოგადოებაში, სადაც, ყველაფრის მიუხედავად, არსებობს სიბნელის განათ(ლ)ების დაუძლეველი სურვილი, არავის სჭირდება იმის შეხსენება, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ენა ზოგადად და კერძოდ ჩვენნაირი პატარა ქვეყნისათვის.
სამწუხაროდ, ჩვენში არსებული უცნაური ტრადიცია მითოსურ პლანში გადავიტანოთ ერის ყოველგვარი საუნჯე და ავკრძალოთ მასთან ყოველგვარი მიახლოვება, ენასაც ეხება. განა დღეს არსებობს სხვა უფრო დიდი ღირებულება, ქართულ ენაზე მეტად გაღმერთებული და ამავე დროს უფრო მიგდებული და შეგინებული? მაგრამ "ვეფხისტყაოსნის", "შუშანიკისა" და "დედა ენის" ავტორებისაგან განსხვავებით ენა ცოცხალია, მას სამზითვო სკივრში ვერ შეინახავ, ვერც მის მიმართ უტილიტარულ მიდგომაში დაგადანაშაულებენ, მოკლედ, მის განვითარებას ვერავინ შეაჩერებს. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც ძეგლის დადგმას არ შეიძლება დავიწყება მოყვეს. ძნელი სათქმელია, დამთავრდა თუ არა ის ავადსახსენებელი გარდამავალი პერიოდი პოლიტიკასა და ეკონომიკასთან მიმართებაში, ენის თვალსაზრისით იგი მხოლოდ ახლა იწყება _ საზოგადოებისათვის შემაცბუნებელი და ხანდახან გაუგებარიც კია ის ენა, რომელზეც მას ესაუბრებიან ხელისუფლებაც და მისი ოპოზიციაც და ისიც, რომელზეც ეს უკანასკნელნი ერთმანეთს ესაუბრებიან. ამ შემთხვევაში ორმაგ აზრს იძენს ის ასოციაცია, რომელსაც ზემოთაღწერილი სიტუაცია ბადებს _ ეს არის როლან ბარტის პატარა ესსე "ენათა ომი", სადაც იგი საუბრობს ერთიდაიმავე ენობრივ სისტემაში არსებული აზროვნებისა და წარმოსახვის ერთმანეთისაგან განსხვავებულ მანერაზე, სადაც უმარტივესი შეტყობინების დონეზეც კი ხდება ენის (დისკურსის) აფეთქება, დანაწევრება, დაყოფა. აი, სწორედ აქ ერთვება საზოგადოება თავისი სოციო-ეკონომიკური და ნევროტული სტრუქტურებით და ენისაგან ბრძოლის ველს ქმნის. ამ ვითარებაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ქვეყნის პირველი პირის, კერძოდ, საქართველოს პრეზიდენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის უპირველესი ინსტრუმენტის _ ენის პრობლემა, ვინაიდან მას ენაშიც, ისევე, როგორც თავისი მოღვაწეობის სხვა სფეროებში, უწევს არჩევანის გაკეთება: ან გააგრძელოს წინამორბედის ხაზი, ან მოახდინოს გარღვევა. საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტის შემთხვევაში პირველი გამორიცხულია, ხოლო მეორე დაკავშირებულია წინამორბედისაგან არა უბრალოდ სტილისტური, კლასობრივი ანდა პარტიული ნიშნით გამიჯვნასთან, არამედ დისკურსის ერთი სისტემიდან მეორე სისტემაში გადასვლასთან. ბარტი ნაკლებ ყურადღებას ამახვილებს ენის სტილისტურ დონეებზე, რომელთA შორის ყოველთვის არსებობს მჭიდრო კავშირი. არც ჩვენ ვაპირებთ მსჯელობის ამ კუთხით განვრცობას.
საკმარისია გავიხსენოთ ბერნარდ შოუს "პიგმალიონი", სადაც ოსტატურად არის აღწერილი კლასებსა და მათ ენებს შორის და თვითონ ენის სტილისტური დონეების შიგნით არსებული ურთიერთობები. ბარტი უფრო მარტივ დაყოფას გვთავაზობს. დისკურსის იმ სისტემას, რომელსაც შეიძლება ყოფილი პრეზიდენტის, ბატონი შევარდნაძის ენა მივაკუთვნოთ, ბარტი უწოდებს აკრატიკულ ენას, რომლისთვისაც დამახასიათებელი დანაწევრების ენერგია განპირობებულია მისი სისტემატიურობით. დისკურსულ სისტემებს შორის არსებობს ძალაზე დაფუძნებული ურთიერთობები. რას წარმოადგენს ძლიერი სისტემა? ეს არის ენობრივი სისტემა, რომელსაც შეუძლია იარსებოს ნებისმიერ პირობებში და მაშინაც კი, თუკი ის, ვინც ამ ენას რეალურად ატარებს სრული არარაობაა, შეინარჩუნოს თავისი ენერგია. მარქსისტული, ფსიქოანალიტიკური ან ქრისტიანული დისკურსის სისტემურ ძალას ვერაფერს აკლებს ერთი ბრიყვი მარქსისტი, ფსიქოანალიტიკოსი ან ქრისტიანი. შესაბამისად, პრეზიდენტი სააკაშვილი, რომლის წინაშე რევოლუციის მეორე დღიდანვე ბევრ სხვა საშურ პრობლემასთან ერთად დადგა როლისა და ენის საკითხი, უარს ამბობს ყოფილი პრეზიდენტის მარქსისტულ დისკურსზე და ირჩევს ენკრატიკულ ენას, რომელსაც ბარტი განმარტავს, როგორც მოუხელთებელს, არაზუსტს, "ბუნებრივთან" მიახლოვებულს, მასკულტურის (პრესის, რადიოს, ტელევიზიის), გარკვეული გაგებით ყოფით, მოარული აზრების ენას. ეს არჩევანი განპირობებულია არა მხოლოდ ყოფილი პრეზიდენტის ენისაგან გამიჯვნის, არამედ ოპოზიციასთან დიალოგის წარმოების მიზნითაც, რადგან ოპოზიციის ენაც ენკრატიკულია, იგი უხვად შეიცავს (გამონაკლისს არ ვგულისხმობ) არა მარტო ყოფით და მოარულ აზრებს, არამედ შეკაზმულია ორღობის ცხარე ფრაზებითA და საკმაოდ უხამსი სარჩულის მქონე ევფემიზმებით. რეალური მოტივაციის არარსებობის გამო (ყოველ შემთხვევაში, შთაბეჭდილება ასეთია, მათი გამოსვლები შოუს ემსგავსება და შეუიარაღებელი თვალით ჩანს "ბუნებრივი", ხალხისათვის გასაგები ენის საშუალებით პუბლიკის "აყვანის" მცდელობები, მაშინ, როდესაც პრეზიდენტ სააკაშვილის გამოსვლებში ენკრატიკული დისკურსი მოგვაგონებს ჭყეტელა ფერის საკერებელს, რომელიც, რა თქმა უნდა, უფრო დიდ ყურადღებას იქცევს, ვიდრე დანარჩენი სიტყვა, რომელიც, პრინციპში, ერთ მთლიან ჩარჩოში ზის, არის საკმაოდ მწყობრი, ლოგიკური, მკაცრად გააზრებული და მიზანდასახული, მკვეთრად და სწორად დასმული აქცენტებით. უპირველეს ყოვლისა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იგი იურისტია. მეორე და არანაკლებ საგულისხმოა ის, რომ მის ცნობიერებაში იურისპრუდენცია და პოლიტიკური მეცნიერების სხვა დარგები არსებობენ სწორედ იმ ენაზე, რომელიც ამ თვალსაზრისით, და არა მარტო ამ თვალსაზრისით, ჯერ კიდევ მაგნა კარტას დროიდან იხვეწება. ვფიქრობთ, ყველასათვის დღესავით ნათელია, რომ პოსტსაბჭოთA ქვეყნებისათვისაც კი უკვე დადგა დრო, როცა ინგლისური ენის მცოდნე პრეზიდენტი ფუფუნება აღარ არის. ამ არგუმენტით უბრალოდ იმის თქმას ვცდილობთ, რომ ინგლისური არის თითქმის იდეალური ენა არა მარტო როგორც მსოფლიოში უპირველესი ლინგვა ფრანკა, არამედ ბევრი სხვა ღირსების გამო, რაც მას გააჩნია. სხვა რომ არაფერი იყოს, მისთვის დამახასიათებელი მაღალი დისციპლინა განაპირობებს ისეთი დონის კორექტულობას, რომ ადამიანი, რომელიც ფლობს მის სინტაქსსა და მორფოლოგიას უნივერსიტეტის და, მით უმეტეს, იურისპრუდენციის დონეზე, არ შეიძლება დაადანაშაულო სიტყვით გამოსვლის კულტურის უქონლობაში (ისევე, როგორც არ შეიძლება იმავეში დაადანაშაულო ბატონი ლევან ბერძენიშვილი, რომლის ენა ყოველთვის გამოირჩევა შესაშური დისციპლინით). იმედი გვაქვს, კიდევ ერთ არგუმენტად გამოდგება ჩვენს მიერ ზემოთ ნახსენები ახალი პრეზიდენტის ახალი როლი, რომელიც, ჩვენი აზრით, განუყოფელია ენისაგან, რადგან წარმოუდგენელია, ახალი როლი ძველი ენით (არავინ ასხამს ახალ ღვინოს ძველ ტიკებში). უშუალოდ ვარდების რევოლუციის შემდეგ განხორციელებულმა სოციოლოგიურმა კვლევამ ცხადყო, რომ გამოკითხულთა უმეტესობას პრეზიდენტში სურს დაინახოს მამა, პატრონი და არა მეგობარი, როგორც მათ მაშინ პრეზიდენტი სააკაშვილი სთავაზობდა (მე ვიქნები ყველა თქვენგანის მეგობარი). თუმცა მას შემდეგ გავიდა წელიწადი და რამდენიმე თვე და სიტყვას "ჭაღარა" (ჭაღარა კაცი), რომლითაც იგი თავის წინამორბედს იხსენიებდა ქვეტექსტით ჭაღარა+მამა, ბოროტი (სასტიკი)+კაცი=ბოროტი (სასტიკი) მამა საკუთარ თავთან მიმართებაში გამოიყენებს: "თუმცა მეც ვჭაღარავდები"... მაგრამ ეს აღიქმება არა როგორც პარალელი წინამორბედთან, არამედ როგორც გზავნილის მიღების დასტური იმ საზოგადოებისაგან, რომელიც ჯერ არ არის მზად ჰყავდეს, პრეზიდენტი მეგობარი. "ისინი ჩვენი შვილები არიან", ამბობს იგი ერთ-ერთ თავის გამოსვლაში ჯარისკაცებზე. როგორც ჩანს, მას უფრო უწევს, ვიდრე სურს, მამის როლი, მაგრამ აშკარად არ სურს გახდეს ჭაღარა კაცი, რომლის ძალა ოდენ მარქსისტული დისკურსის სისტემურ ძალაში მდგომარეობდა იმ ლოგიკით, რომლითაც ქრისტიანული დისკურსის სისტემური ძალის მფლობელი მოძღვარი წარმოადგენს ოდენ მოწმეს უფლის წინაშე.
ამგვარად, ბატონი მ. სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში უკვე მოხდა მისი, როგორც მეგობრის როლის უარყოფა საზოგადოების მიერ. ახლა ის ეძებს გზებს, რათა მოირგოს მამის, მაგრამ არა მკაცრი (აქ აღარ დგას ჭაღარა კაცი), არამედ მეგობრული მამის როლი, რომელსაც ძლიერი და კარგი მეგობრები ჰყავს თავისი წინამორბედის ჩექმებიანი მეგობრებისაგან განსხვავებით. რაც შეეხება ბატონი სააკაშვილის ენას, ალბათ ჯობს, ყურადღება გავამახვილოთ ძირითად ფერზე და არა საკერებელზე და იმედი ვიქონიოთ, რომ იგი შეძლებს საბოლოოდ ააფეთქოს თავისი წინამორბედის ენის სისტემა ჩვენს ცნობიერებაში. მიუხედავად იმისა, რომ, ზოგადად, აფეთქება შოკს იწვევს, პოსტსაბჭოთა სივრცეში უკვე არსებობს შოკის, ამ უარყოფითი კონოტაციის მქონე სიტყვის დადებითი შედეგების გამოცდილება.
ირაკლი მარგველაშვილი
(c) გაზეთი " ახალი 7 დღე "
(c) ქართული პრესის კომპიუტერული არქივი
200
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment