Wednesday, 13 May 2009

საქართველოს გეოპოლიტიკური მომავალი

საქართველოში შიდა პოლიტიკური დაძაბულობა პიკს აღწევს. პრაქტიკულად პროგნოზირება ყველაზე უმადურ საქმედ იქცა. ეს შიდა პოლიტიკას ეხება, სადაც აბსოლუტურად გაურკვეველია, ორიენტაციები, მიმართებები საგარეო პოლიტიკის მიმართ, რომელიც უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენთვის სავალალოდ ნამდვილად არ ვითარდება. მხოლოდ წინა კვირის მოვლენებიც საკმარისია, რომ ამაზე ვისაუბროთ. ვინაიდან გრძელვადიან პერსპექტივაში მოქმედი მოვლენებია. ვგულისხმობთ ნაბუკოს პროექტის რეალიზაციას და ამერიკაში ლავროვის ვიზიტს. ორივე შემთხვევაში საქართველოს ინტერესების თანხვედრა ამ მოვლენებისადმი თვალშისაცემია.
მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ ბევრი ვისაუბრეთ ამ ყველაფერზე, ჩვენს ადრინდელ წერილებში, საბოლოო ტექსტი ჩვენი ისტორიული ფუნქციის შესახებ არ არსებობს. გაურკვეველია და დეტალურად არ განხილულა. ამიტომ გადავწყვიტეთ ამაზე ვისაუბროთ.
სად გადის ის ძირითადი ხაზი, რომელიც ჩვენი ისტორიული ლოგიკის საუკუნეებთან თანხვედრას შემოგვთავაზებს? როგორ ხდება ამ ყველაფრის ისტორიულ ლოგიკაში მოხვედრა? აი ეს არის კითხვები, რომელიც გააზრებულ უნდა იქნას, რამეთუ მოხდეს იმ კურსის პოპულარიზაცია, რომელსაც დღევანდელი საქართველო ადგას. ვინ და რატომ უშლის ხელს ამ ყველაფრის გაკეთებას. ან რატომ ხდება ამ ყველაფერზე ხელისშეშალა და ნებისმიერი მეთოდებით მის წინააღმდეგ ბრძოლა? ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობთ მხოლოდ საგარეო პოლიტიკურ მტერს - რუსეთს. ვგულისხმობთ საშინაო პოლიტიკურ დაპირისპირებას, რომელიც იმდენად თანმზდევი პროცესია ამ ხელის შეშლის, რომ არ შეიძლება არ აღინიშნოს.
მცირე ისტორიულ ექსკურში რომ შევიდეთ ასეთი სურათი წარმოგვიდგება. 1801წ. ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებით, პრაქტიკულად ჩვენი ისტორიული ფუნქციაც დასრულდა. არ გამქრალა, ისტორიის რაღაც ეტაპზე დასრულდა. ამ ისტორიული ფუნქციის გაცოცხლების პირველი შანსი 117 წლის შემდეგ 1918წ. 26 მაისს გაჩნდა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ დამოუკიდებელი საქართველოს (1918-21წწ) მაშინდელ ხელისუფლებას, არათუ გაცნობიერებული არ ჰქონდა ეს ისტორიული ფუნქცია, მასზე ნაფიქრიც კი არ ჰქონდა, რაც გამოიხატა მის ნაბიჯებში. 1920წ. 7 მაისის ხელშეკლრულება რუსეთთან, რითაც პრაქტიკულად უარი ეთქვა ევროპას (ინგლისი) მომხდარიყო საქართველოს დაახლოება მასთან, რომელიც აბსოლუტურად არ ითვალისწიონებდა საქართველოს, როგორც ნეიტრალური ქვეყნის სტატუსს და მეორე შიდა პოლიტიკური დაპირისპირება, რომელიც გარე ძალასთან (რუსეთი) მჭიდრო კავშირში იმყოფებოდა, რამაც პრაქტიკულად მოახდინა 1921წ. 25 თებერვალს საქართველოს ისტორიული ფუნქციის აღდგენის მცდელობის დასამარება.
მეორე შანსი, გაჩნდა 1990წ. 28 ოქტომბერს, როდფესაც ეროვნული ძალები მოვიდნენ ხელისუფლებაში და ამ შემთხვევაში მივიღეთ, გარკვეულწილად საერთაშორისო შეთანხმების (1989წ. მალტის შეთანხმება) მიერ გაწნული სილა ახალგაზრდა სახელმწიფოზე და ისევ შიდა დაპირისპირება, რომელიც სავალალაო შედეგებით დასრულდა, თუმცა ბოლომდე, ისე როგორც ეს 1921წ. მოხდა არ დასრულებულა. უბრალოდ დროში გადაიდო ამ ისტორიული ფუნქციის შესრულება ან/და მასზე ზრუნვა. 2004 წლიდან პრაქტიკულად საქართველომ დაიბრუნა დასავლეთის მხარდაჭერა და დაიწყო მუშაობა, ჩვენი ისტორიული ფუნქციის გეოპოლიტიკური სუბიექტის ჩამოსაყალიბებლად. რასაც ისევ მოჰყვა საგარეო პოლიტიკური მტრის, რუსეთის გააქტიურება, რისი კულმინაციაც 2008წ, აგვისტო იყო. ისტორიულად ამის ფონად ისევ იქცა შიდა პოლიტიკური დაპირისპირება. რომელიც საერთო ინტერესს სერიოზული რისკის ქვეშ აყენებს. თუ გავითვალისწიონებთ იმ გარემოებებს, რომ შიდაპოლიტიკური პროცესები გაუცხადებელი ტექსტით მიმდინარეობს. გაურკვეველია, რა ბედი ეწვევა ჩვენს საერთაშორისო პოლიტიკურ მოთამაშის სტატუსს, რომლის მოპოვებაც არცთუ ისე იოლი იყო და ამ ყველაფერმა უკიდურესი დაპირისპირება გამოიწვია რუსეთის იმპერიასთან. მოხდა ღია დაპირისპირება და სრულმაშტაბიანი ომი 2008წ. აგვისტოში, რამაც რუსეთის მიერ საქართველოს ორი რეგიონის აფხაზეთის და ცხინვალის სრულმაშტაბიანი ანექსია გამოიწვია.
აუცილებელია ეს საკითხები განვიხილოთ გეოპოლიტიკურ ჭრილში, ვინაიდან უკვე ნათლად შეიძლება დავინახოთ დაპირისპირება ჩვენს გეოპოლიტიკურ ინტერესებსა და რუსეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებს შორის. ჩემი აზრით, საქართველოს განაცხადი, რომ მას სურს საერთაშორისო გეოპოლიტიკურ მოთამაშედ იქცეს, ეს პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის რუსეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებთან. ამის დასადასტურებლად შეიძლება მოვიყვანოთ რუსეთის პოლიტიკური ისტებლიშმენტის ღია განცხადებები. პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი: ”საქართველო რუსეთისთვის წარმოადგენს სასიცოცხლოდ აუცილებელ ტერიტორიას.” პრემიერ მინისტრი პუტინი: ”ნებისმიერ ფასად არ დავუშვებთ საქართველოს შესვლას ჩრდილოატლანტიკურ ალიანში”. პრემიერ მინისტრი ვლადიმერ პუტინი: ”ის, რაც რუსეთმა ვერ გააკეთა საქართველოში აგვისტოში, ამას გააკეთებს ქართველი ხალხი.” საგარეო მინისტრი ლავროვი: ”რუსეთი არ დაუშვებს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას”. ასევე სხვა მნიშვნელოვანი პოლიტიკოსების განცხადებები და ქმედებები.
ჩემი აზრით აბსოლუტურად გარკვევითაა ნათქვამი, რომ რუსეთი არდაუშვებს საქართველოსთვის საერთაშორისო გეოპოლიტიკური მოთამაშის სტატუსის შექმნას. სწორედ ეს იყო ამოსავალი წერტილი 2008წ. აგვისტოს ომის. ეს გრძელდება. საინტერესოა ვლადიმერ პუტინის განცხადება, რომ რაც ვერ შეძლეს აგვისტოში იმას გააკეთებს ქართველი ხალხი. ძნელი სათქმელია, რამდენად შინაარსობრივი თანხვედრაა დღევანდელ შიდაპოლიტიკურ პროცესებსა და პუტინის ამ განცხადებას შორის, მაგრამ ოპოზიციური პარტიების მიერ ტექსტის დაფარვა, რაც ჩვენს გეოპოლიტიკურ თამაში წესების ჩამოყალიბებას ეხება, სერიოზულ ეჭვებს თუმცა ამ თემაზე არ შევჩერდებით და არ განვავითარებთ.
შეიძლება ითქვას იმ საკითხების განხილვისათვის, რომელსაც დღეს შევეხებით, საკმაოდ შესაფერი ტერმინია ჰერმენევტიკული გეოპოლიტიკური თამაში, ვინაიდან ეს გეოპოლიტიკური მიმართულებები დღეს არ დაწყებულა. ის მთელი საქართველოს ისტორიის მანძილზე მიმდინარეობდა. იყო პერიოდები, როდესაც ეს პროცესი ჩერდებოდა და პირიქით, იყო პერიოდები როდესაც აქტიურდებოდა. მიმდინარეობდა მხოლოდ პროცესი. ამ ჰერმენევტიკული თამაშის წესების დაცვა ყოველთვის გვიწევდა. ამ წესების დაცვის გარეშე ვერაფერსაც ვერ შევძლებდით. აქ შეცდომების დაშვება და წინააღმდეგობის გაწევას აზრი არ აქვს. ეს თამაში სრულიადაც არ გულისხმობს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. ის არ არის ადამიანის მიერ დაგეგმილი, არამედ ეს თამაში შეიძლება ითქვას ყოფიერებიდან ჩვენსკენ და ჩვენგან ყოფიერებისაკენ მიმართული ინფორმაციის გაცვლაა. ამ ინფორმაციის გაცვლაში ხდება ამ თამაშის წესების დამუშავება და ზუსტად მისი დაცვა. ამიტომ არის ეს თამაში ჰერმენევტიკული თამაში, სადაც არ არსებობს პოლიტიკური სუბიექტები, დომინანტები პოლიტიკურ პროცესებზე და ზესახელმწიფოების ამბიციები. ამ თამაშში ყველა ობიექტია, თავად თამაშის გარდა, რომელიც თავად შემოგვთავაზებს მოქმედების წესებს და მოვლენების შეფასების კრიტერიუმებს. მიუხედავად იმისა, რომ საკითხი საკმაოდ ტევადია და შეიძლება ბევრი პარალელების გავლება, ჩვენი სურვილია ის განვიხილოთ საქართველოს უკანასკნელი თოთხმეტი წლის მოვლენების ფონზე. ამ შემთხვევაში აუცილებლად მიგვაჩნია საკითხი დავყოთ რამდენიმე ნაწილად.
ჩვენს წინაშეა ქართული ჰერმენევტიკული გეოპოლიტიკური თამაშის ფენომენი, სადაც თითოეული პოლიტიკური ფიგურა ასრულებს თავის როლს და გადის ჰერმენევტიკული ლოგიკიდან, ისე, რომ ეს ლოგიკა რჩება და მუშაობს.
პირველი საკითხი რომელიც განხილულ უნდა იყოს ეს არის 90-იანი წლების დასაწყისი, სადაც ძალიან ცვალებად და თითქმის ბუნდოვან ისტორიულ ლოგიკასთან გვაქვს საქმე, რომლის გარკვევა შესაძლებელია მხოლოდ დღეს. მანამდე ეს საკითხი იყო საკამათო და ბურუსით მოცული. აღნიშნული პერიოდი გამოირჩევა ძალიან მზარდი და ფეთქებადი მოვლენებით. რჩება შთაბეჭდილება, რომ რაღაც უნდა მოვასწროთ. რაღაც გვეჩქარება, მაგრამ არსებობს პატარა, მცირერიცხოვანი ერების განვითარების დინამიკა, სადაც არ შეიძლება აჩქარება.
მიუხედავად მოვლენების ასეთი განვითარებისა, საფუძველი ეყრება გეოპოლიტიკურ ჰერმენევტიკას, რომელიც საქართველოს მთელი ისტორიის მანძილზე თანაბრად და მწყობრად ყალიბდებოდა. ეს არის ჩვენი ტრადიცია. ამ ტრადიციის არ გათვალისწინება არ შეიძლება, რამეთუ ქართული და ზოგადად კავკასიური გეოპოლიტიკური სივრცით მთელი ჩვენი არსებობის მანძილზე სულ მცირე ორი გეოპოლიტიკური ამბიციის სახელმწიფო უპირისპირდებოდა ერთმანეთს. მთელი ისტორიის მანძილზე საქართველო იძულებული იყო გაეთვალისწინებინა ეს ამბიციები. უკეთეს შემთხვევაში შეეჯახებინა ეს ამბიციები, ან განთავისუფლებულიყო ამ ამბიციებისაგან. გამონაკლისი არც დღეს არის. დღეს სახეზეა ორი გეოპოლიტიკური ამბიცია რუსეთი და დასავლეთის დემოკრატიული სამყარო. ჩვენი ვექტორი დასავლეთისაკენ არის მიმართული.
მიუხედავად იმისა, რომ სახეზე გვაქვს აჩქარება, ქართულ ჰერმენევტულ გეოპოლიტიკის მეშვეობით ხორციელდება, არა მხოლოდ საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკური კურსი, არამედ ყალიბდება ზოგადად კავკასიური საგარეო პოლიტიკური კურსი. აბსოლიტურად ლოგიკურია ის გარემოება, რომ სხვა სახელმწიფოს ამიერკავკასიაში ამის დაწყების და მითუმეტეს განხორციელების საშუალება არა აქვს. თითქოს ბუნდოვანია ეს პოლიტიკური კურსი, მაგრამ იგი არის ლოგიკური, რამეთუ უნდა შეიქმნას საქართველოს ჰერმენევტული გეოპოლიტიკა, აღსდგეს ჩვენი ისტორიული მისსია, რომელიც არ არსებობს კავკასიის გარეშე, ანუ საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნას აზრი არა აქვს ჩვენი ისტორიული ზურგის _ კავკასიის გარეშე.
რატომ გახდა ეს ასეთი აუცილებელი, რომელიც პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას მიერ გაცხადდა, თუმცა ამ ყველაფრის კონტექსტი ძალიან ბუნდოვანი გახდა მაშინდელი ქართული საზოგადოების მიერ. არცაა გასაკვირი, ვინაიდან დღესაც კი გაუგებარია ბევრი რამ და ვერც ისეთი პოლიტიკური ძალა ვერ ჩამოყალიბდა, რომლის ორიენტირიც ეს იქნება. ამ ისტორიულ ჰერმენევტიკული თამაშის გაგრძელება.
შეიძლება ითქვას, რომ 90 იანი წლების წყვეტის შემდეგ დაიწყო ქართული ჰერმენევტული გეოპოლიტიკის განხორციელების მეორე ეტაპი. აუცილებელია შენელდეს ქართველთა აჩქარება. ისტორიული თამაშის ველზე უნდა შეიცვალოს ფიგურათა განლაგება. აუცილებელია გავცეთ ხარკი (ეს ჩვენი ისტორიული ბედისწერაა): მთელი აფხაზეთის ტერიტორია, ქართველთა დაპირისპირების “ინსპირირება”, ქართველთა ეთნიკური წმენდა აფხაზეთის და სამაჩაბლოს ტერიტორიაზე სამასიათასი ლტოლვილით, რუსეთის მიერ ამ ტერიტორიების ცნობა, აგვისტოს 2008წ. ომი. საბოლოო ჯამში რუსეთისათვის წარმატების ილუზიის შექმნა, რაზეც დღესაც აღტაცებულნი არიან. თუმცა არაცნობიერად ეს აღტაცება ვფიქრობ მაინცდამაინც სახარბიელოდ არ გამოიყურება.
დარწმუნებული ვარ შესაძლებლობები ნაკლები აქვთ. უბრალოდ ერთ მცირე მაგალითს მოვიტანთ: რუსეთის საკონსტიტუციო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც შეუძლებლად მიიჩნია ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის რუსეთის ფედერაციაში შესვლა. აქვე მინდა ერთი ფრაზაც გავიხსენო, რომელიც რუსეთის მიმართულებით იქნა ნათქვამი აფხაზეთის ტერიტორიის ოკუპაციის შემდეგ: ~რუსეთს ბუმერანგივით დაუბრუნდება აფხაზეთის შედეგები~. ეს იყო აბსოლუტურად იმ ბურუსითმოცული ქართული ჰერმენევტიკული გეოპოლიტიკური ~წერილის~ დადასტურება, რომელიც თანდათან ცხადდება, რომელსაც საბოლოოდ ფარდა აეხდება, ხოლო მისი წაკითხვა ბევრს გაუჭირდება.
დღევანდელი სიტუაცია, რომლის უახლესი ეტაპის ათვლის წერტილად 2008წ. აგვისტოს ომს მივიჩნევთ, პრაქტიკულად 90-იან წლების დასაწყისში შეწყვეტილი ჰერმენევტული გეოპოლიტიკის გაცხადებად უნდა მივიჩნიოთ. ვფიქრობ ბევრისთვის დღესაც ბუსუსითაა მოცული ის მომავალი, რაც შეიძლება ამ ყველაფერმა მოიტანოს. თუ განვიხლავთ ამ ტექსტებს, რომელიც გაცხადდა, მაგრამ მაინც ბურუსითაა მოცული. სურათი შემდეგია: რომელსაც რუკების სახით გთავაზობთ. ეს პირველი რუკაა, რომელიც ჩვენს დღევანდელ იურიდიულ და პოლიტიკურ მდგომარეობას გამოსახავს.

რუკა #1


მთავარი სირთულეები ქართული ჰერმენევტული გეოპოლიტიკის პირველ აჩქარებულ და მეორე დაკონსერვების ეტაპზე იყო ნიადაგის მომზადება უკვე გადამწყვეტი ბრძოლისათვის. ამის ეტაპი სწორედ 2008წ. აგვისტოს ომის შემდეგ დაიწყო. ვფიქრობ გადამწყვეტ ფაზაში გადავედით. მიუხედავად ამისა არ უნდა შევიქმნათ ილუზია, რომ ყველაფერი მარტივად გადაწყდება. ალბათ, ეს ბოლო ეტაპი ყველაზე რთული და წინააღმდეგობებით სავსე იქნება.
შეიძლება ითქვას, რომ პირველი და მეორე ეტაპი მეტნაკლებად ნორმალურად დასრულდა. რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, რომელიც თავის ლოგიკურ შედეგებს ელოდება. კვლავ გრძელდება ჰერმენევტიკული თამაში. შეიქმნა ამ თამაშში სუბიექტის ილუზია. თამამად მიითვისა ეს როლი ჩვენმა მოწინააღმდეგემ (რუსეთმა). მიზანიც ეს იყო. მისთვის ამ თამაშში დანარჩენი ყველა მონაწილე ობიექტია და თვლის, რომ მისი ფუნქცია მნიშვნელოვანია. აქ უკვე მარცხის შესაძლებლობა იზრდება და გარკვეულ ეტაპზე პიკს მიაღწევს, რამეთუ ასეთი დამოკიდებულება ისტორიულ_ჰერმენევტული თამაშის შემთხვევაში გარდაუალია. რუსეთი ხომ თვლიდა და თვლის, რომ თავად არის სუბიექტი ამ თამაშის. აქვე იმალება მოულოდნელობა, რომელიც თავზე დაატყდება რუსეთს. პირველი შოკი 2008წ. აგვისტოს ომის რეაქცია იყო მსოფლიო თანამეგობრობის მხრიდან. შესაბამისად მას გაექცა ის მოვლენები, რომელზეც გაცილებით უკეთესად უნდა დაფიქრებულიყო. ამას ხელი შეუწყო იმ გარემოებებმა, რომ დროში, ჩვენი ნაბიჯები, გადადგმული საქართველოს გეოპოლტიკურ მოთამაშის ქცევის საკითხში გაცილებით სწრაფი და შედეგიანი აღმოჩნდა, ვიდრე ამას ელოდნენ. განცვიფრებაც სახეზეა. რუსეთი დროში ჩამორჩა. სწორედ ამაზე იყო გათვლილი ჩვენი გეოპოლტიკური აქტიურობა. ის, რომ რუსეთი ჩამორჩა მოვლენებს, ამაზე სწორედ აგვისტოს 2008წ. ომიც მიუთითებს. მათ, მოუწიათ ხელოვნურად მოვლენებზე დაწევა და ამის ერთადერთი საშუალება ომი იყო, რომელიც შედეგიანად ვერ ჩაითვლება. ეს მხოლოდ ძირითად პროცესების დროში ბარიერის შექმნას უფრო ჰგავს, ვიდრე რაიმე რეალური შედეგზე, დროში გრძლად გათვლილ მოქმედებას. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ეს შეძლო, მან ვერ შეძლო პროცესის გაჩერება. ქართული გეოპოლიტიკური თამაში აქტიურ (მესამე) ფაზაში გადავიდა, რომლის შეჩერებაც უკვე რუსეთს, ისევ ხელოვნური გზით თუ შეუძლია, რომლის ალბათობაც არსებობს, თუმცა შესაძლებლობები სურვილებს ნამდვილად ვერ უსწორდება და აშკარად ჩამორჩება მას.
ჩვენი გეოპოლტიკური თამაშის მთავარი ასპექტი, და ასე ვთქვათ ტყუილი, პოლიტიკურ პროცესებში არის მტრის გამარჯვების ილუზიისათვის ხელისშეწყობა, რაც წარმატებით განხორციელდა. თუმცა ეს პროცესი დღესაც მიმდინარეობს. ვერავინ შეძლებს ამ ჰერმენევტიკული თამაშის შეცვლას. ის აუცილებლად თავისი მიმართულებით წავა. რაც შეეხება მასში მონაწილე მხარეებს, ის, ვინც დაუპირისპირდება მის ლოგიკას შესაბამისად ამ თამაშის პროცესის გაგრძელებას შეუწყობს ხელს. რუსეთმა დაარღვია ჰერმენევტიკული თამაშის სტრუქტურა მასში მონაწილე ობიექტების მიერ. შესაბამისად სახეზეა მარცხის პრობლემა, რომელსაც ეს პროცესი აუცილებლად შესთავაზებს რუსეთს. შესაბამისად იზრდება მარცხის ალბათობა და ნებისმიერი განძრევა ჭაობში უფრო მეტი ჩაფლობის საშუალებას იძლევა.
როგორც ზემოთ ვახსენეთ, საქართველოში დაიწყო ჰერმენევტიკული გეოპოლიტიკური თამაშის მესამე ეტაპი, რომელიც საკმაოდ გაწონასწორებული და სწორი მიმართულებით მიმდინარეობს. ამის გარანტია არის ის, რომ ჩვენი მხრიდან არ მომხდარა ამ თამაშის წესების დარღვევა. გამოცდილება ძალიან დიდია. მთელი ისტორია.
შეიძლება ითქვას, რომ გამოიკვეთა პირველი კონტურები, თუ როგორ უნდა განვითარდეს და საბოლოოდ დასრულდეს ეს გეოპოლტიკური თამაში, რომელიც ითვალისწინებს ჩვენს იმპერიისგან განთავისუფლებას.
მესამე ეტაპის მთავარი საკითხებია, იმ ალბათობის განეიტრალება, რაც რუსეთის ხელმეორე აგრესიის შესაძლებლობას უშვებს. სწორედ ამიტომ ფრონტის ხაზი უნდა გადავიდეს სხვა ტერიტორიაზე, ანუ რუსეთ საქართველოს კონფლიქტი გახდეს იმ ზოგადი გეოპოლიტიკური პროცესის მონაწილე, რომელიც აგვისტოს 2008წ. ომმა მსოფლიო გეოპოლიტიკის ზედაპირზე ამოიტანა და გააცხადა. შესაბამისად ეს იქნება საქართველოს ფიზიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა-პრევენცია. ვფიქრობ ჩვენი გეოპოლიტიკური აქტიურობის მესამე ეტაპი, ყველაზე რთული პროცესი იქნება ამ გზაზე. რთულიც და გადამწყვეტიც. გამარჯვების შემთხვევაში შთამბეჭდავი შედეგებით. საერთოდ ცნობილია, რომ მცირე დეტალებს საკმაოდ დიდიდ ინფორმაციის გადმოცემა შეუძლიათ. მაგალითად ძალიან თვალშისაცემი იყო უკანასკნელ პრაღის სამიტზე, სადაც ნაბუკოს გაზსადენის პროექტის განხორციელების დეკლარაციაზე პოსტსაბჭოთა აზიური სახელმწიფოების, უზბეკეთის, თურქმენეთის და ყაზახეთის წარმომადგენლების მიერ უარის თქმა ხელმოწერაზე. მიუხედავად იმისა, რომ სკეპტიკოსების თვალში ეს ცუდად გამოჩნდა, აქ ხაზი გაესვა იმას, რომ საქართველოს გეოპოლიტიკურ მდგომარეობა აბსოლუტურად განმსაზღვრელია ამ ქვეყნების მომავლის. პირდაპირ გადაუჭარბებლად უნდა ითქვას, რომ მათი დამოუკიდებლობა, რუსული გეოპოლიტიკის გავლენისგან მიბმულია საქართვერლოს დამოუკიდებლობაზე და მის გეოპოლტიკურ მდგომარეობაზე. თვალსაჩინოებისათვის იხილეთ შემდეგი რუკა, რომელიც საქართველოს გეოპოლიტიკურ მომავალს კარგად გამოხატავს.

რუკა #2




ყველა პროექტი, ნაბუკო იქნება ეს, თუ საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაცია (ნატოში შესვლა, ევროკავშირში შესვლა...) სწორედ ამ გეოპოლტიკას ემსახურება. საქართველო პრაქტიკულად ხდება იმ გეოპოლტიკური ტერიტორიის ცენტრი, რომელიც მოიცავს კავკასიის რეგიონს, კასპიის ზღვის რეგიონს და შუააზიის პოსტსაბჭოთა ტერიტორიას. ვფიქრობ ძნელი მისახვედრი არ უნდა იყოს რუსეთის რეაქციები ამ ყველაფრის განხორციელების გამო. არც აგვისტოს ომი არ უნდა იყოს გასაკვირი ამ ფონზე. საინტერესო იქნება ავხსნათ ამ ყველაფრის მიზეზები.
უნდა აღინიშნოს, რომ რუსული გეოპოლიტიკა ვითარდება და მიმდინარეობს 2 მიმართულებით.
1. სამხედრო პოლიტიკური გეოპოლიტიკა, რომელიც მოიცავს შავი ზღვის აუზს მასში შედის უკრაინა, საქართველო, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე გავლენა, შავი ზღვის მეშვეობით.
2. შუააზიიის ენერგო რესურსებით გეოპოლიტკუირი ზეგავლენის მოპოვება ევროკავშირზე
ორივე შემთხვევაში, რუსეთის ამ მიზნებს ეწინააღმდეგება საქართველოს ფაქტორი. ვინაიდან პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის რუსეთი გეოპოლიტიკურ ინტერესებთან. როგორც შავი ზღვის აუზში და კავკასიაში, ასევე შუააზიის პოსტსაბჭოთა სივრცეზე. პრაქტიკულად საქართველოს ამ გეოპოლტიკურ ფრონტზე წარმატების შემთხვევაში რუსეთის გეოპოლიტიკა განიცდის გამოუსწორებელ მარცხს. სწორედ ამის პრევენცირებაა რუსეთის მხრიდან აგვისტოს ომი და ასევე შემდგომი აგრესიული ნაბიჯები. უნდა ითქვას, რომ რუსეთმა ამ გეოპოლტიკურ ომში ამოწურა თავისი დიპლომატიური რესურსი. ამაში ვგულისხმობთ, იმას, რომ პრაქტიკულად რუსეთის მიერ გაცხადებულ გეოპოლიტკურ ამბიციებს აბსოლუტური წინააღმდეგობა შეხვდა მსოფლიოს თანამეგობრობის მიერ. შესაბამისად მას დარჩა მხოლოდ სამხედრო რესურსი, რომ ეს გეოპოლიტიკა აწარმოოს, რომელიც ვეღარ გამოირჩევა იმ სიძლიერით, რომ შეძლოს ამ პროცესების შეჩერება.
საქართველოზე განხორციელებული სამხედრო ანექსია აბსოლუტურად არ არის საკმარისი ამ პროცესების შესაჩერებლად. ამაში აგვისტოს ომის შემდგომმა პროცესებმა ნათლად დაგვარწმუნა. საოცრად უარყოფითი რეაქცია რუსეთის ამ ქმედებებზე, რომელიც აგვისტოს ომის დროს და მის შემდეგ გამოიხატა, რასაც მოჰყვა შემდეგი ნაბიჯები საქართველოსთან მიმართებაში: კერძოდ, აშშ საქართველოს ქარტია, ნატო საქართველოს კომისია, (რომელიც ვფიქრობ საკმარისი იქნება უახლოეს რამდენიმე წელში საქართველოს ნატოში გასაწევრიანებლად), რუსული დიპლომატიის მარცხი ევროკავშირის, ნატოს, ევროსაბჭოს დიპლომატიურ ველზე.
ჩვენი ზემოთდასახელებული რუსული გეოპოლიტიკური მიზნები, განიცდის სერიოზულ ზეწოლას. მისი დიპლომატიის განიარაღების პროცესი სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. ის პრაქტიკულად ვეღარ ჯდება იმ ახალი მსოფლიო წესრიგის დისკურში, რომელიც 1990 წლის შემდეგ დაიწყო მსოფლიოში. ნებისმიერ შემთხვევაში ამ დისკურსიდან ამოვარდნა, რაც რუსეთმა განიცადა იწვევს მარცხს. ვინაიდან რუსეთს არ შესწევს ძალა, ჩასვას საკუთარი გეოპოლტიკური მიზნები ახალ მსოფლი წესრიგის დისკურსში, ხოლო ამ ახალი წესრიგის არქიტექტორებს შესწევთ იმის ძალა, რომ არ ჩასვან რუსული გეოპოლიტიკის ამბიციები ახალი მსოფლიო წესრიგის სტრუქტურაში.ყოველ შემთხვევაში, თუ ჩემი ტონი ამ საკითხში კატეგორიულია, ამის საბაბს დღევანდელი სიტუაცია იძლევა, სადაც არ ხდება რუსეთის გეოპოლტიკურ მიზნებზე მსოფლიო თანამეგობრობის აზრის თანხვედრა.
რაც შეეხება საქართველოს, მისი გეოპოლტიკური მიზნები, სრულიად ჯდება ახალ მსოფლიო წესრიგის სტრუქტურაში, რაც ვფიქრობ ამ 18 წლის მანძილზე, რაც საქართველომ დამოუკიდებლობის დეკლარაცია გამოაცხადა, ყველაზე დიდი წარმატებაა. სწორედ ეს არის იმის გარანტია, რომ რუსეთის გეოპოლტიკა, არამარტო აქ განიცდის მარცხს, კავკასიაში, არამედ შუა აზიაშიც და სწორედ ეს პროცესები გააქტიურდა ახალი გაზსადენის და ევროპის გაზმომარაგების დივერსიფიკაციის აქტიური მხარდაჭერით ევროკავშირის მიერ.
შორს ვართ იმ აზრისაგან, რომ ეს ყოველივე იოლად მისაღწევი და მარტივად გასაკეთებელი იქნება. რუსეთს გააჩნია გარკვეული ბერკეტები ამ პროცესის ხელოვნურად შეჩერების კუთხით, მაგრამ ფაქტია დღეს, რომ აგვისტოს ომმა მოახერხა პროცესების ზემოთ ამოტანა, ღია პრეტენზიების დაფიქსირება და არაფრით არ ჯდება საქართველოს ტერიტორიების ანექსია, რუსეთის მიერ ტერიტორიების გაფართოების მცდელობაში, ვინაიდან ყოველგვარ აზრს გარგავს ეს ტერიტორიები რუსეთისთვის, იმ შემთხვევაში თუ მისი გეოპოლიტიკური მიზნები ვერ განხორციელდება. დღეს ფაქტია, რომ რუსეთ- საქართველოს ფრონტის ხაზი, რომელიც რუსეთს უნდოდა დაეტოვებინა საქართველოს ტერიტორიაზე, ის სცდება ამ ტერიტორიას. სწორედ ამიტომ ითხოვს რუსეთი, რომ საქართველოში დამყარდეს აგვისტოს ომის შემდგომი სტატუს-კვო, რაშიც პრაქტიკულად ვერავითარ წარმატებას ვერ მიაღწევს. ეს ფრონტის ხაზი უკვე აღარ გადის საქართველოს ტერიტორიაზე, არამედ ის გადატანილია იმ საზღვარზე, სადაც გადის რუსეთისა და მსოფლიო თანამეგობრობის გეოპოლიტიკის საზღვარი და სწორედ ამ საზღვრის დაფიქსირება მოხდა აგვისტოში, ღიად აშკარად და ყოველგვარი მიკიბ მოკიბვის გარეშე. აი ეს არის ის მიზეზები, რომელიც აგვისტოს ომს, მის შემდეგ გაცხადებულ გეოპოლტიკურ ინტერესებს და იმ პროცესებს შეეხება, რომელსაც რუსეთის გეოპოლტიკა ამ მიმართულებით დასასრულისკენ მიჰყავს. ამ ყველაფრის დასასრულის შემდეგ საქართველოში ყველა პოლიტიკური პროცესი პოლიტიკური თამაშის წესებით წარიმართება და არა ამორფული პოლიტკური პროცესებით. ხოლო ჩვენი გეოპოლტიკური საზღვარი მოიცავს როგორც კავკასიას, ასევე პოსტსაბჭოთა შუააზიურ ტერიტორიებს.

13.05.09წ.

1 comment:

joao said...

გთხოვთ დატოვოთ ინფორმაცია
joao